ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

„ფაიზერის“ ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის 10-მიკროგრამიანი დოზა დაუშვა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა მომავალ კვირაში იგეგმება. „ფაიზერის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათი წარმოების ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში 90,7-პროცენტიან ეფექტურობას იძლევა. როგორც ცნობილია, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ვაქცინების მიწოდებას შაბათიდან დაიწყებენ და ის აშშ-ში მცხოვრები 28 მილიონი შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

კელი დეგნანის თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობით უნდა დაინტერესდნენ სამედიცინო სფეროს პროფესიონალი წარმომადგენლები და განახორციელონ მისი მონიტორინგი

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობით დაინტერესდნენ სამედიცინო სფეროს პროფესიონალი წარმომადგენლები და განახორციელონ მისი მონიტორინგი. ელჩს ჟურნალისტებმა ამ კომენტარის დაზუსტება სთხოვეს და გლდანის ციხეში შესაძლო გადაყვანაზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა: „მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი და როგორ მე მესმის, სასჯელაღსრულების სისტემაში მხოლოდ ერთი საავადმყოფო არსებობს, მაგრამ მე, ასევე, ინფორმირებული ვარ სახალხო დამცველის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ამ დაწესებულებას არ აქვს გარკვეული სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება სააკაშვილს სჭირდებოდეს. საბოლოო განმსაზღვრელი უნდა იყოს მომსახურება, რომელიც ნებისმიერი სახის პაციენტს სჭირდება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიონალების მიერ სამართლიანად და მიუკერძოებლად, რადგან საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ადამიანი იღებდეს ისეთ ზრუნვას, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი“ , - განაცხადა კელი დეგნანმა.

საუდის არაბეთში ლიბანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს

საუდის არაბეთმა ლიბანის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებბ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, საუდის არაბეთში ლიბანის ელჩი დაიბარეს და ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს. ცნობისთვის, საუდის არაბეთმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ლიბანის ინფორმაციის მინისტრის ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები თავს იცავენ, ხოლო ომს იემენში უსარგებლოს უწოდებს. გარდა ამისა, მან იემენის კონფლიქტში საუდის არაბეთის ჩართვას აგრესია უწოდა.

კელი დეგნანი: ვიმედოვნებ, მოსახლეობა მოვა არჩევნებზე, რათა ლიდერების ანგარიშვალდებულება უზრუნველყონ. ეს არის დემოკრატიის არსი

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რუსთავში დააკვირდა ხმის მიცემის პროცესს პირველ და ოცდამეთვრამეტე საარჩევნო უბნებზე, სადაც მოქალაქეებს, საარჩევნო უბანზე მომუშავეებსა და მოხალისეებს ესაუბრა. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ. „სასიამოვნო იყო რუსთავში საქართველოს მოქალაქეების ხილვა, რომლებიც თავიანთ პატრიოტულ მოვალეობას მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ასრულებენ. ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიისადმი ერთგულება ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო დამკვირვებლის სტატუსით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეები გამოდიან და ხმას აძლევენ, რომ ანგარიშვალდებული გახადონ თავიანთი ლიდერები. ამ დროს მოსახლეობას სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ლიდერებმა იციან მათი პრიორიტეტების შესახებ; იქნება ეს სამუშაო ადგილები, გზები, წყალი თუ ჯანდაცვა. ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეების ხმა ისმის. მოხარული ვარ, რომ ვიზიტისას ვნახე ძალიან მშვიდი გარემო, კარგად ორგანიზებული საარჩევნო სივრცეები. კარგად მომზადებულნი არიან კოვიდთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ ხმის მიცემა იყოს უსაფრთხო. ასე რომ, ვიმედოვნებ, მოსახლეობა გამოვა და მისცემს ხმას, რომ მათი ხმა გაისმას და ლიდერები გახადონ ანგარიშვალდებული. ეს არის დემოკრატიის არსი და საქართველოს მოსახლეობა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ხმის მიცემას ასე სერიოზულად უდგებიან“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

პრემიერ-მინისტრი: მიხეილ სააკაშვილმა განცხადებიდან 1 საათში გააგრძელა მკურნალობა, მიიღო ვიტამინები და დანამატები

"მიხეილ სააკაშვილმა განცხადებიდან 1 საათში გააგრძელა მკურნალობა, მიიღო ვიტამინები და დანამატები. მინდა მივმართო მის მხარდამჭერებს, სააკაშვილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. “პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას სრული კომფორტი აქვს შექმნილი ციხეში და რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ მას 24-საათიანი მომსახურება გაეწიოს, მედიკამენტების, ვიტამინების და სხვადასხვა საშუალებების მიწოდების მიზნით. ჩვენთვის ბევრი რამ არის ცნობილი არ და ვსაუბრობთ საჯაროდ. სააკაშვილმა განცხადებიდან 1 საათში გააგრძელა მკურნალობა, მიიღო ვიტამინები და დანამატები. მინდა მივმართო მის მხარდამჭერებს, სააკაშვილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კარლ ჰარცელი: მზარდი პოლარიზაცია და მწვავე რიტორიკა პრობლემაა საქართველოს წინსვლისთვის არჩევნების დასრულების შემდეგაც

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელ მწუხარებას გამოხატავს მზარდი პოლარიზაციისა და მწვავე რიტორიკის გამო, რომელიც იყო, მათ შორის, მეორე ტურის დროს. ელჩი მიიჩნევს, რომ ეს სამწუხაროა არამხოლოდ თავად არჩევნებისთვის, არამედ პრობლემაა საქართველოს წინსვლისთვის არჩევნების დასრულების შემდეგ. კარლ ჰარცელის თქმით, წინსვლა არის ის, რაც საქართველოს სჭირდება და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა, რათა გაიდოს ხიდები და შეიქმნას ნდობა მხარეებს შორის, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულება არჩევნების მეორე ტური. „ევროკავშირი მუშაობს მრავალი წლის განმავლობაში, რათა საქართველოს დაეხმაროს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში, მათ შორის, ეხმარებოდა ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურ დახმარებას, რათა შეგვექმნა მაქსიმალურად მტკიცე საარჩევნო პროცესი. მე ჩემს საბოლოო შეფასებას მას შემდეგ დავაფიქსირებ, რაც ამას ოდირისა და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები გააკეთებენ, მაგრამ აქვე მინდა მწუხარება გამოვხატო მზარდი პოლარიზაციისა და მწვავე რიტორიკის გამო, რომელიც იყო, მათ შორის, მეორე ტურის დროს. ეს სამწუხაროა არამხოლოდ თავად არჩევნებისთვის, არამედ პრობლემაა საქართველოს წინსვლისთვის არჩევნების დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება არჩევნები. წინსვლა არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, ასე რომ, ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი, რათა აშენდეს ხიდები და ნდობა მხარეებს შორის, რათა წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდეს. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ, რომ ეუთო/ოდირის მისია კვლავ გრძელდება საქართველოში, რათა დააკვირდეს არჩევნებს და ასევე, გვყავს ახალი დელეგაცია ევროპარლამენტიდან, რომელმაც უკვე ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა გასული დღეების განმავლობაში და ახლა ისინი თავის საქმიანობას ახორციელებენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჩვენ ველით მათ შეფასებას ხვალ საღამოს, რის შემდეგაც მე შევკრებ ჩემს კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რათა გავაჟღეროთ ამ არჩევნების ჩვენი შეფასება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ნიკა მელია: ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს

მმართველ გუნდს ხელისუფლების დათმობის შიში აქვს, „თუმცა ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. „ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ. ასე მუშაობს დემოკრატია. მესმის, რომ მათ ხელისუფლების დათმობის შიშები აქვთ, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილისში ეს ყველაფერი თბილისიდან იწყება. თბილისში გამარჯვების შემდეგ შევქმნით პრეცედენტს, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა ერთადერთი სწორი ფორმაა მმართველობის, რომელიც ცენტრალურ დონეზე იქნება გადატანილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18%-ს შეადგენს

12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18%-ს შეადგენს, რაც ჯამში 358 782 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობით, ისევ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6%-ს. ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია - 13.2%. რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობა 16.5%-ს შეადგენს, რაც 164 929 ამომრჩეველია.

კახა კალაძე: შემოვხაზე #41, მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას

თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“კახა კალაძე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. „მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას და იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა ქალაქში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე, #41, რათა დედაქალაქში დაწყებული აღმშენებლობა გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას. უნდა გაგრძელდეს რეფორმები. მინდა მოვუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, იაქტიურონ. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ იმ კარგი საქმეების დასრულება, რომელიც ერთად დავიწყეთ. გამარჯვების ძალიან დიდი იმედი მაქვს. კარგად ხედავთ მეორე მხარეს რა დგას და რა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზუგდიდის #20 უბანთან დაპირისპირების დროს ხუთი პირი დააკავეს

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაციის წევრსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა წოწერიაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავა. მათ შორის არიან "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ერთი და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ოთხი პირი. დაკავებულებს შორის არიან გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ ზუგდიდელებს სეპარატისტები უწოდა. მუმლაძე ამას უარყოფს. მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრი, ნიკა ნარსია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრიდა კენჭს, დაკავებამდე ამბობდა, რომ მათ წარმომადგენელ ბექა პაპაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა "მწვანე ალტერნატივა - მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი ჯონი ციმინტია. ნარსია ამბობდა, რომ უბანთან სიებით ხელში მოქალაქეები შეამჩნიეს, ამ საკითხით დაინტერესებამ კი ციმინტია გააღიზიანა. ადგილზე რჩებიან პოლიციის წარმომადგენლები. წყარო რადიო თავისუფლება

პრემიერი უკრაინელ ჟურნალისტს: გირჩევთ, სწორი კითხვების დასმაში ივარჯიშოთ

"გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში მეტი ივარჯიშოთ", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც სააკაშვილის სიცოცხლის ფატალურად დასრულებას ეხებოდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არ არის. „პირველ რიგში, გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში მეტი ივარჯიშოთ. მეორე, პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო არის ყველა პატიმრის დახმარებაზე პასუხისმგებელი და სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული და არ იქნება პრივილეგირებული. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და მას პატივი უნდა სცეს ყველა ჩვენგანმა, ყველა ადამიანმა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მოლდოვის მთავრობამ და რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის მიწოდებაზე კონტრაქტი ხუთი წლით გაახანგრძლივეს

რუსულმა „გაზპრომმა“ და მოლდოვის მთავრობამ განაცხადეს, რომ მათ ხელი მოაწერეს ახალ ხუთწლიან კონტრაქტს რუსული გაზის მიწოდებაზე. იუწყება Reuters-ი. მოლაპარაკებები დასრულდა მას შემდეგ, რაც წინა კონტრაქტს ვადა ამოეწურა სექტემბრის ბოლოს და ევროკავშირმა რუსეთი ამ თემის როგორც ზეწოლის ბერკეტად გამოყენებაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი მთავარი სახკითხი იყო მოლდოვის ვალი წინა გაზის მიწოდებისთვის, რომელიც რუსეთმა დაახლოებით 709 მილიონ დოლარად შეაფასა. „მოლდოვის მთავრობა და გაზპრომი შეთანხმდნენ ვალის აუდიტზე და გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე“, - ნათქვამია მოლდოვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში Facebook-ის გვერდზე. „გაზპრომმა“ და „მოლდოვაგაზმა“ გაახანგრძლივეს ხელშეკრულება რუსული გაზის მიწოდებაზე ხუთი წლით, 2021 წლის პირველი ნოემბრიდან ორმხრივად, მომგებიანი პირობებით. ახალი კონტრაქტის ფასის ფორმულა მოლდოვურმა მხარემ შემოგვთავაზა“, - აღნიშნულია გაზპრომის განცხადებაში. შეგახსენებთ, მოლდოვამ ენერგოკრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შემდეგაც პოლონეთიდან ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტენდერით შეისყიდა. „განხორციელდა საცდელი შესყიდვა ალტერნატიული წყაროებიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობის შესამოწმებლად და ბუნებრივი გაზის მიწოდების სისტემაში დაბალი წნევის დასაბალანსებლად“, - ნათქვამი იყო მთავრობის განცხადებაში. მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო და რუსულ „გაზპრომთან“ ახალი ენერგეტიკული გარიგების არარსებობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერი აცხადებდა, რომ მოლდოვა ცდილობს, დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან, ვიდრე შეძლებენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მისაღებ ფასზე. „ჩვენ გვსურს, ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას მოლდოვის მოსახლეობისთვის კარგი პირობებით“, - განაცხადა სპინუმ. კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.

გიორგი გახარია: არც ერთს ხმას არ მივცემ

"​ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის ერთი. რა თქმა უნდა, მე არც ერთს ხმას არ მივცემ", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მისვლისას განაცხადა. გახარიას თქმით, ეს არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი იყო. "სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც თავისუფალი არ იყო, არც სამართლიანი იყო. ეს იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები. საერთოდ, ჩვენ ყველა თუ არ დავფიქრდით პირველ რიგში, ფულის როლზე, არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ შეიძლება არჩევნებმა აზრი დაკარგოს", - განაცხადა გახარიამ.

ცესკოს სპიკერი: არჩევნებზე სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება

ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ცალკეული პროცედურული დარღვევები ფიქსირდება, თუმცა, სერიოზულ დარღვევას ადგილი არ აქვს. ამასთან, იოსელიანის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიაში კოვიდინფიცირებული ადამიანები არ მუშაობენ. "დაზუსტებული ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიაში კოვიდინფიცირებული ადამიანები არ მუშაობენ. ამასთან, ნათია იოსელიანმა კენჭისყრის პროცესიც შეაფასა და აღნიშნა, რომ არის ცალკეული პროცედურული დარღვევები, თუმცა, სერიოზულ დარღვევას ადგილი არ აქვს", - განაცხადა სპიკერმა.

შსს: რუსთავის N12-ე დაწესებულების გარე ტერიტორიაზე პოლიციის დანაყოფები უსაფრთხოების მიზნით დგანან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. შს სამინისტროს ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის N12-ე დაწესებულების გარე ტერიტორიაზე პოლიციის დანაყოფები უსაფრთხოების მიზნით დგანან.

რასა იუკნევიჩიენე: ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის

ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოს პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ამის შესახებ ევროდეპუტატმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა. „ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რადგან ჩვენს საზღვრებთან პოლიტიკური ვითარება არ არის სტაბილური. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ყველა ქვეყანა განიცდის პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევეა ჩემი ქვეყანა, ლიეტუვაც. მაგრამ საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია: ევროპული ტიპის სტაბილური პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები შეძლებენ ერთმანეთთან საუბარსა და კომპრომისის პოვნას, ძალიან დიდი დრო სჭირდება. პოლიტიკური პარტიები ზედმეტად არიან დაკავშირებულნი პიროვნებებთან და მათ კონფლიქტებთან, იმის ნაცვლად, რომ იყვნენ ორიენტირებულნი გარკვეულ საკითხებზე. ასე რომ, არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ატარებენ მმართველი პარტიები (ვგულისხმობ ყველგან, იქნება ეს უკრაინაში, ბელარუსში, რუსეთსა თუ საქართველოში და სხვა ქვეყნებში) არჩევნებს. ახერხებენ თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავშეკავებას, როგორ ექცევიან ოპოზიციას და მოქმედებენ თუ არა დემოკრატიულად. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ყველა ქვეყნისთვის და ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რაც ხდება“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

შსს: უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფად მობილური ჯგუფებია შექმნილი

"უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის შესაბამისი მობილური ჯგუფებია შექმნილი", - ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის შესაბამისი მობილური ჯგუფები. დღეს, ისევე, როგორც არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. დეტალურად გაგაცნობთ არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპისთვის, პოლიციის მიერ დაფიქსირებული ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ: ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ზუგდიდში, უკვე დასახელებულ საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავა. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია “მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით; გარდა ამისა, ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 10-მდე შემთხვევაზე. მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დააფიქსიროთ აღნიშნული კანონდარღვევა და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ პოლიციას. ასევე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით კონფრონტაციაში შესვლისგან და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩევნების მეორე ტურის დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ. პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე“, - განაცხადა ქეთევან კოვზიაშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი: მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ ძალებს, რომლებიც ქვეყანას არეულობით ემუქრებიან, არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების მცირეოდენი შანსიც კი არ დავუტოვოთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა იმ ძალებს, რომლებიც ქვეყანას არეულობით ემუქრებიან, არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების მცირეოდენი შანსიც კი არ დარჩეთ“. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, 20 მუნიციპალიტეტისთვის, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური.12 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში მეორე ტურის აქტივობამ პირველი ტურის აქტივობასაც კი გადააჭარბა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. მადლობა ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის.თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა იმ ძალებს, რომლებიც ქვეყანას არეულობით ემუქრებიან, არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების მცირეოდენი შანსიც კი არ დავუტოვოთ. დღეს ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს არეულობის მუქარასა და მშვიდობას შორის. ჩვენს ქვეყანას და ხალხს ჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. დარწმუნებული ვართ, მოქალაქეები ოცივე მუნიციპალიტეტში, სწორედ ამ არჩევანს გააკეთებენ.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. თითოეული ხმა გადამწყვეტია, თითოეული ხმა განსაზღვრავს ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე.

კელი დეგნანი: საქართველოს დასავლურ გზას სწორედ ქართველი ხალხი განსაზღვრავს

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შეუძლია, შეერთებული შტატების, როგორც პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და, რომ საქართველოს დასავლურ გზას სწორედ ქართველი ხალხი განსაზღვრავს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, როდესაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. „სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის დაცვაში სასიცოცხლო როლს თამაშობს. დღეს ელჩი დეგნანი არჩევნების სადამკვირვებლო ძალისხმევაზე სასაუბროდ ISFED-ისა და PMMG-ის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მან პირველ ტურში განაცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შეუძლია, შეერთებული შტატების, როგორც პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და, რომ საქართველოს დასავლურ გზას სწორედ ქართველი ხალხი განსაზღვრავს“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

გიორგი მარგველაშვილი: ხმა მივეცი თბილისში კორუფციის დასრულებას

"ხმა მივეცი ოპოზიციურ ცვლილებებს, თბილისში კორუფციის დასრულებას", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხმა თბილისში ძარცვისა და კორუფციის დასრულებას მისცა. „მე მივეცი ხმა ჩემს უბნელს. მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია, ძარცვა და ადამიანის ქონებისა და ღირსების მიტაცება“,- განაცხადა მარგველაშვილმა.