ძებნის რეზულტატი:
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ძალიან პოზიტიური სიგნალები მოვიდა სომხეთიდან
"ძალიან პოზიტიური სიგნალები მოვიდა სომხეთიდან" - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ჩავუშოღლუს განმარტებით, სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე, თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს. "თურქეთის პრეზიდენტის აზერბაიჯანში ბოლო ვიზიტისას, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხიც განვიხილეთ“, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი: თუ სომხეთი აზერბაიჯანთან გულწრფელ ნებას გამოიჩენს, თურქეთს ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ ექნება აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფნის გზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს
კელი დეგნანი კოვიდვითარების ფონზე ხალხმრავალ შეკრებებს სარისკოდ მიიჩნევს
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო ხალხმრავალი შეკრებების თემას, როდესაც მედიამ ჰკითხა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციაზე. ელჩი კოვიდპანდემიის პირობებში, მაშინ, როცა საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელია, სარისკოდ მიიჩნევს. „უნდა ვთქვა, რომ ახლა ცოტა სარისკოა ნებისმიერი პარტიის მიერ დიდი შეკრებების გამართვა, როცა საქართველოში ნამდვილად დიდია Covid-ის შემთხვევების რაოდენობა. როგორც ჩანს, ეს არ არის კარგი დრო ხალხის დიდი ჯგუფების შეკრებისთვის. როდესაც საუბარია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებაზე, აქ საკვანძო სიტყვაა - "მშვიდობიანად". ძალიან მალე, ხანგრძლივი და ძალიან საკამათო არჩევნებია. ჩვენ უბრალოდ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს - გთოხვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველა პოლიტიკური ლიდერის მხრიდან, სიმშვიდისკენ მოწოდება იყო ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ მხარდამჭერები საშუალებას მისცემენ ამომრჩევლებს, შაბათს ხმა მშვიდონიან გარემოში დააფიქსირონ. ეს არის ის, რისი იმედიც გვაქვს“, - აცხადებს კელი დეგნანი.
WhatsApp 1-ელი ნოემბრიდან ძველი თაობის სმარტფონებში მუშაობას შეწყვეტს
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეტყობინებების აპლიკაცია WhatsApp 1-ლი ნოემბრიდან ძველი თაობის სმარტფონებში მუშაობას შეწყვეტს. ონლაინ გამოცემა Metro-ს ცნობით, კომპანია facebook-ის საკუთრებაში არსებული აპლიკაცია 43-მდე სხვადასხვა სმარტფონის მოდელზე ვეღარ იმუშავებს. მიზეზი გახდა ის, რომ აპლიკაცია მოთხოვნებს ცვლის Android და iOS ოპერაციული სისტემებისთვის. როგორც WhatsApp-ის წარმომადგენლობა აცხადებს, მათი აპლიკაციის მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ ტელეფონები Android OS 4.1 ვერსიით ან iPhone ოპერაციული სისტემებით iOS 10 და უფრო ახალი. საუბარია სულ 43 მოდელზე, როგორიცაა Apple-ის, Samsung-ის, LG-ის, ZTE-ის, Huawei-ის, Sony-ის, Alcatel-ის, Lenovo-სა და სხვა მოდელებზე.
აშშ-მ ბავშვების ვაქცინაციისთვის Pfizer-ის ვაქცინის 50 მილიონზე მეტი დოზა შეიძინა
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობამ ბავშვების ვაქცინაციისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 50 მილიონზე მეტი დოზა შეიძინა. აშშ-ს მთავრობამ ვაქცინის დამატებითი დოზები მას შემდეგ შეიძინა, რაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა. თუცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაცია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მიიღებს. COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომლის დამტკიცება კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს და ინფექციას სახლში მართავს ჩინეთი 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას აანონსებს
კომპანია Facebook-მა სახელი შეიცვალა
Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი სახელი წარმოადგინა. ახალი სახელწოდება Meta კორპორაციის მისწრაფებების და მიზნის გამოხატულებააა, შექმნას ვირტუალური მსოფლიო - ე.წ. მეტასამყარო. სახელის ცვლილება თავად სოცქსელს, ასევე, კომპანიის სხვა პლატფორმებს instargam-ს და Whatsapp-ს არ ეხებათ. სიტყვა Meta მოდის ბერძნული პრეფიქსიდან და წინდებულ Meta-დან, რაც ნიშნავს “შემდეგ“ ან „მიღმა“. ინგლისურ სიტყვებთან შერწყმისას, Meta ხშირად ნიშნავს „ცვლილებას“ ან ალტერაციას.
Euronews: ევროპაში გაზი გაიაფდა მას შემდეგ, რაც პუტინმა ევროპის გაზის საცავებში ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის განკარგულება გასცა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ევროპის გაზის საცავებში ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის შესახებ გაცემული განკარგულების შემდეგ, ევროპაში გაზი გაიაფდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "გაზპრომს" დაავალა ევროპაში რუსეთის მიწისქვეშა საცავების გაზით შევსება 8 ნოემბრიდან დაიწყოს. პუტინის განმკარგულებით, „გაზპრომმა“ უნდა დაიწყოს გეგმური მუშაობა ევროპულ საცავებში გაზის მოცულობის გასაზრდელად, კერძოდ, ავსტრიასა და გერმანიაში. „გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დაასრულებთ რუსეთში მიწისქვეშა საცავების გაზით შევსებას, გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით, რვა ნოემბრისთვის ან რვა ნოემბრიდან დაიწყოთ შეუფერხებელი და გეგმური სამუშაოები ევროპაში თქვენს მიწისქვეშა საცავებში – ავსტრიასა და გერმანიაში. ეს მოგვცემს კონტრაქტით გათვალისწინებული თქვენი ვალდებულებების საიმედოდ, სტაბილურად, რითმულად შესრულების, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ევროპელი პარტნიორების გაზით მომარაგების შესაძლებლობას. ამას გარდა, უდავოდ, შექმნის ზოგადად უფრო ხელსაყრელ სიტუაციას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ცივი ზამთრის მოლოდინში ევროპაში გაზის მიწოდებაზე მოთხოვნის გაზრდამ, "გაზპრომისგან" კი გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდების პროცესის შეფერხებამ, ევროპაში გაზზე ფასების ზრდა გამოიწია. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაშიც დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. როგორც ბორელი განმარტავს, რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. "ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აცხადებს ბორელი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე კვირის წინ უარყო ევროკავშირის ლიდერების ბრალდება, რომ კრემლი თავის ენერგობერკეტებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას. რუსეთმა ენერგოკრიზისი შექმნა მოლდოვაშიც. რის გამოც მოლდოვა იძულებული გახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. 27 ოქტომბერს Financial Times-მა გამოაქვეყნა სატია და სადაც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს რომ „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა. Financial Times-ის ცნობით, ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოსაგვარებლად კრემლი მოლდოვასგან ითხოვს, უარი თქვას ევროკაშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაზე და მის ნაცვლად ხელი მოაწეროს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ, გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ბუნებრივი აირის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი "გაზპრომს" იყენებს, როგორც მოლდოვის ერთადერთი მიმწოდებლის პოზიციას, რათა ზეწოლა მოახდინოს კიშინიოვის მთავრობაზე, რომელმაც პირობა დადო, რომ მოსკოვის ორბიტიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს. „გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ამ დროისათვის "გაზპრომის" მიმართ მოლდოვის ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს. ამასთან კუპრიანოვმა აღნიშნა, რომ „თუ გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და შესაბამისად, ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას. მას შემდეგ, რაც ევროპულ ბაზარზე გაზის კრიზისი დაიწყო, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, ევროპელი ლიდერები ევროპის ელექტრომომარაგების ალტერნატიული გზების დაჩქარებაზე ალაპარაკდნენ. ჟოზეფ ბორელი: „გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს „გაზპრომი“ მოლდოვას ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობს ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს
ჯო ბაიდენი დიდი ოცეული სამიტზე დასასწრებად რომში ჩაფრინდა
მერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ოცეული სამიტზე დასასწრებად რომში გაემგზავრა. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი რომში შეხვედრას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ხოლო გლაზგოში დაგეგმილ კლიმატის თემისადმი მიძღვნილ სამიტზე თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ისაუბრებს. გავრცელებული ცნობით, ბაიდენისა და მაკრონის მოლაპარაკებები 29 ოქტომებრს საღამოს რომში მდებარე საფრანგეთის საელჩოში გაიმართება. რაც შეეხება ბაიდენის და ერდოღანის შეხვედრას, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დიდი ალბათობით გაიმართება, თუმცა დადასტურებულად ამის თქმა მას არ შეუძლია. მისივე თქმით, ბაიდენი რომში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრაში, სადაც ირანის „ბირთვული შეთანხმების“ საკითხს განიხილავენ. ბაიდენი ასევე ისაუბრებს მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდით გამოწვეულ კრიზისზე. ის ამ საკითხზე ენერგორესურების მომხმარებელი ქვეყნების მეთაურებს გაესაუბრება.
ჯო ბაიდენი რეჯეფ ტაიფ ერდოღანს სავარაუდოდ გლაზგოში შეხვდება
ჯო ბაიდენი რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სავარაუდოდ, გლაზგოში შეხვდება. შეხვედრა კლიმატის თემაზე მიძღვნილი სამიტის ფარგლებში მოხდება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დიდი ალბათობით გაიმართება, თუმცა დადასტურებულად ამის თქმა მას არ შეუძლია. ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს თურქეთიდან ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“ თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია
მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას worldometers-ი აქვეყნებს. მათივე ცნობით, COVID 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.99 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 223 მილიონს აჭარბებს. ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.1 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
საფრანგეთის ელჩი დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს სურთ, საფრანგეთის ელჩს გაესაუბრონ. დიპლომატის დაბარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც საფრანგეთმა ბრიტანული თევზმჭერი გემი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. „მე დავავალე მინისტრს ევროპასთან ურთიერთობების საკითხებში, ვენდი მორტონს, რომ მოლაპარაკებისთვის გამოიძახოს საფრანგეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, რადგან განმარტოს გაერთიანებული სამეფოსა და არხის კუნძულების წინააღმდეგ იმედგამაცრუებელი და არაპროპორციული მუქარის შესახებ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა. ამასთან, საფრანგეთში ამტკიცებენ, რომ ლონდონმა ფრანგი მეთევზეების ნახევარს თევზჭერის უფლება არ მისცა და ლიცენზია გაუუქმა. ამის გამო პარიზი ლონდონს „ბრექსიტის გარიგების“ დარღვევაში ადანაშაულებს. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ფრანგ მეთევზეებს უნდა ჰქონოდათ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ ისინი ლონდონისგან ლიცენზიას მიიღებდნენ.
პრემიერი სააკაშვილის შიმშილობაზე: კანონის თანახმად, ადამიანს თავის მოკვლის უფლება აქვს
"კანონის თანახმად, ადამიანს თავის მოკვლის უფლება აქვს" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ჟურნალისტისკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “იმედი LIVE”-ის წამყვანმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა. “არ ვიცი რით შეიძლება დასრულდეს… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. საჭიროების შემთხვევაში ექიმები სააკაშვილს დაეხმარებიან და გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად, პენიტენციური სამსახურის მიერ. ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს. გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 28 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადაიყვანენ "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად შეძლებს საავადმყოფოსთან 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას ხელისუფლებას მუდმივ ქაოსთან გამკლავება მოუწევს. "ასეთი ქაოსის დრო, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თითქმის ერთი თვეა შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.
ვატიკანმა ჯო ბაიდენის და რომის პაპის შეხვედრის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია გააუქმა
ვატიკანმა რომის პაპის, ფრანცისკეს და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია გააუქმა. მათი შეხვედრა დღეს, 29 ოქტომბერს შედგება. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად რომში გუშინ გვიან ღამით ჩაფრინდა. ვიზიტის ფარგლებში ის ხვდება რომის პაპს, იტალიის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. პირდაპირ ეთერში უნდა გადაცემულიყო პაპის რეზიდენციის მთავარ დარბაზში ბაიდენის ოფიციალურად მიღების ცერემონია და ბიბლიოთეკაში მისი და პაპის პირისპირ საუბრის დასაწყისი. თუმცა ვატიკანის გადაწყვეტილებით, გაუქმდა არა მხოლდო პირდაპირი ტრანსლაცია შეხვედრის დასაწყისის და დასრულების გადასაღებად ვატიკანში მედიის წარმომადგენლებიც არ შეუშვეს, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე. მედია რედაქტირებულ ვიდეოჩანაწერს ვატიკანის პრესსამსახურისგან მიიღებს. ვატიკანის პრესმდივანმა მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ნორმალური პროცედურაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედებს რომის პაპთან სხვადასხვა სახელმწიფოს და მთავრობათა მეთაურების შეხვედრების დროს. ამასთან, ბრუნიმ არ განმარტა, რატომ შეცვალა ვატიკანმა მის მიერვე დაანონსებული პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის გეგმა. ვატიკანი წლების განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემდა უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურების ვიზიტების ოფიციალურ ნაწილს.
საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი
საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4327 პაციენტი. ამასთან, გუშინ საქართველოში 48 513 ტესტი ჩატარდა. "დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 513 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 627 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17% ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 513 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 303 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 210 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 3 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-ით პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 711 255-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.94% ხოლო 7 დღის - 8.87%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა, აჭარა - 161, იმერეთი - 753, ქვემო ქართლი - 325, შიდა ქართლი - 290, გურია - 115, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 271, კახეთი - 427, მცხეთა-მთიანეთი - 78, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 34. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 763 საიდანაც: 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 392, აჭარაში - 518, იმერეთში - 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 581 ადამიანია, მათ შორის, თბილისში - 575, აჭარაში - 132, იმერეთში - 495. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 333 პაციენტი, მათგან თბილისში - 175, აჭარაში - 41, იმერეთში - 31. 1 059 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 656 - თბილისში, 182 - აჭარაში. 41 374 პაციენტი კი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებშია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 28 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 826 ადამიანი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
HBO-ს სერიალში კრემლის დაკვეთით მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს როლს, ბენედიქტ კამბერბაჩი შეასრულებს
HBO-ს სერიალში კრემლის დაკვეთით მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს როლს, ბენედიქტ კამბერბაჩი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს. ბენედიქტი კამბერბეჩი მთავარი პერსონაჟის შემსრულებლის გარდა, სერიალის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. სერიალს წიგნის The Terminal Spy-ს მიხედვით იღებენ, სადაც მოთხრობილია რუსეთის უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმიანობისა და 2006 წელს, ინგლისში, რადიოაქტიული ნივთიერება პოლონიუმ-210-ით მოწამვლის შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობისთვის. შესაბამისი პრესრელიზი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა. „სასამართლომ დაადგინა, ლიტვინენკოს მოწამვლისას, ბატონი ლუგვოი და ბატონი კოვტუნი მოქმედებდნენ როგორც რუსეთის სახელმწიფოს აგენტები“, - ამბობს ევროპული სასამართლო. 1998 წელს, ალექსანდრ ლიტვინენკომ საჯაროდ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობა შეუკვეთეს. ალექსანდრ ლიტვინენკო „ეფესბეს“ ყოფილი აგენტია, რომელმაც 2000 წელს შეაფარა ლონდონს თავი. ის ლონდონის სუში ბარში 2006 წელს მოწამლეს. ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ლიტვინენკო პირველია, ვინც პოლონიუმ-210-ის შედეგად გარდაიცვალა. ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ანდრეი ლუგავოიმ და დიმიტრი კოვტუნმა პუტინის ბრძანებით მოწამლეს.
გიორგი გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა
გიორგი გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში თავად წერს. „ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან, "ლელოს" ჩათვლით ნებისმიერი სახით თანამშრომლობა. ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში,“ - წერს ფეისბუქგვერდზე ირაკლი თავდგირიძე. ამასთან, ირაკლი თავდგირიძე აქცენტს აკეთებს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია. „მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს ირაკლი თავდგირიძე. ცნობისთვის, პროპორციული წესით ბათუმის საკრებულოში ოთხი პარტიის წარმომადგენლები შევლენ. ესენია „ქართული ოცნება“, „გაერთიანებული ოპოზიცია“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო“. 35 წევრიან ბათუმის საკრებულოში ოპოზიურ პარტიებს 19 წევრი ეყოლება, აქედან 15 დეპუტატი გართიანებულ ოპოზიციას "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის, 3 გიორგი გახარიას პარტიას 1 კი ლელოს. „ქართულ ოცნებას“ 16 დეპუტატი ეყოლება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიკავებს გახარიას გუნდი საკრებულოში.
პოლონეთი ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული $1,2 მილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებს
პოლონეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პოლონეთი ევროკავშირის მართლსაჯულების მიერ დაწესებული ყოველდღიური მილიონის გადახდას არ აპირებს. "პოლონეთის მთავრობა უსამართლობის წინაშე ქედს ვერ მოიხრის. პოლონეთი ერთ ზლოტსაც ვერ გადაიხდის და არც უნდა გადაიხადოს", – განაცხადა პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა, ზბიგნევ ზიობრომ პრესკონფერენციაზე. ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ჯარიმის დაკისრების მიზეზი, პოლონეთში განხორციელებული სასამართლო რეფორმა გახდა.პოლონეთის მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას მოსამართლეებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება მიანიჭა. ბრიუსელი უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ პოლონეთის მემარჯვენე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული ხელშეკრულებების ნაწილი ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია. აღნიშნული საკითხი ევროკავშირის სამიტზეც განიხილეს და კოალიციის წევრმა სახელმწიფოებმა პოლონეთი გააკრიტიკეს. ”თქვენ არ შეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდოთ ევროკავშირის მთელი ფული, მაგრამ უარი თქვათ ევროკავშირის ღირებულებებზე”, - თქვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ და პოლონეთი გააფრთხილა, არ მოეპყროს ევროკავშირს, როგორც ”სალაროს მანქანას”. ბევრი პოლონელი მოსამართლე მმართველი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეფორმას მოსამართლეებზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავს. ევროპული სასამართლოს განცხადებით, პოლონეთისთის ჯარიმის დაკისრება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული და გამოუსწორებელი ზიანი ევროკავშირის სამართლებრივ წესრიგსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ეს კავშირი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობაზე. სადისციპლინო პალატის გაუქმება ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ივლისშიც მოსთხოვა, თუმცა მოსამართლეების სადისციპლინო პალატა კვლავ განაგრძობს მუშაობას, რის გამოც ევროკომისიამ პოლონეთზე ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. ევროკომისიის განცხადებით, პოლონეთის მმართველი პარტიის ქმედებები ძირს უთხრიან სასამართლოს დამოუკიდებლობას ქვეყანაში.
სამართალდამცველებმა ბორჯომში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული კ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1981 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კ.ს.-მ თავის მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ თ.გ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ვკითხულბთ ინფორმაციაში.
საქსტატი: 2021 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.3%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3 პროცენტია. შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები,ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში. საქსტატი: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა საარსებო მინიმუმი 216 ლარი გახდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 32 ლარით მეტია ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში სექტემბრის თვეში ყველაზე მაღალი - 12.3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა
ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის ელექტრონული კოვიდ სერტიფიკატები აღიარა
ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის ელექტრონული კოვიდ სერტიფიკატები აღიარა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ევროკავშირის ელექტრონული სისტემის ნაწილია. "ამიერიდან ამ ქვეყნის წარმომადგენლებს მოგზაურობისას შეეძლებათ სერტიფიკატების წარდგენა. სერტიფიკატი ისეთ მონაცემებს აჩვენებს, როგორიცაა ვაქცინაციის სტატუსი, ნეგატიური ტესტის პასუხი ან/და უახლოეს წარსულში ვირუსისგან გამოჯანმრთელება. მანამდე, 16 სექტემბერს ევროკავშირმა აღიარა სხვა ქვეყნების კოვიდ სერტიფიკატები: ალბანეთი; ფარერის კუნძულები; ისრაელი; მოროკო; ჩრდილოეთი მაკედონია; პანამა; თურქეთი და უკრაინა. რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC] რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოც შეუერთდება აღნიშნული ქვეყნების რიცხვს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
2021 წელს გაცემული 7 425 სამშენებლო ნებართვიდან, ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 425 სამშენებლო ნებართვა. 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე საქსტატის ცნობით, ნებართვების აღნიშნული სტატისტიკა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 პროცენტით მეტია. სამშენებლო ფართობის სტატისტიკა კი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36,9 პროცენტით მეტი. როგორც საქსტატში განმარტავენ, ნებართვების 73,7 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,0 პროცენტი თბილისზე, 9,3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 8,5 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი თბილისზე, 12.7 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 11,1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე. საქსტატის ინფორმაციით, სულ, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიიღეს 1 155.4 ათასი კვ.მ ფართობის 1708 ობიექტი.