ძებნის რეზულტატი:
თინა ხიდაშელი: ყოველთვის მრავალფეროვნებას უნდა მივცეთ ხმა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან „ტვპირველთან“ ისაუბრა დღევანდელი კენჭისყრის მნიშვნელობაზე. „აქ არის ერთადერთი ამბავი, რომელიც განასხვავებს საარჩევნო სუბიექტებს. ერთი პოლიტიკური ძალა გვეუბნება, რომ მხოლოდ ის უნდა იყოს და საერთოდ არანაირ სხვა ვერსიაზე ფიქრსაც არ უშვებს, მეორე პოლიტიკურმა ძალამ თქვა, რომ მას შეუძლია, დაინახოს მრავალფეროვნება. საკითხი ამაშია, ვენდობით თუ არა მის ამ ნათქვამს იმ გამოცდილებით, რომელიც გვაქვს. კი, ძალიან რთულია, რომ ვენდოთ, თუმცა, როცა ასეთია არჩევანი, რომ ერთი საერთოდ არაფერს არ გთავაზობს და მეორე ვერსიად მაინც განიხილავს მრავალფეროვნებას. მრავალფეროვნებას ყოველთვის უნდა მივცეთ ხმა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ივანიშვილის მიერ საარჩევნო უბანზე დაცვის თანხლებით შესვლის ფაქტზე საია-მ საჩივარი დაწერა
დაარღვია თუ არა კანონი ბიძინა ივანიშვილის დაცვამ, როდესაც ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს შეუძღვა საარჩევნო უბანზე, ამ საკითხით საია დაინტერესდა და შესაბამისი საჩივარიც დაწერა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ეს კანონდარღვევაა. „მთაწმინდის მეოთხე უბანზე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა ხმის მისაცემად და ამ დროს უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ კი, მისი დაცვის წევრები. უბნის კომისიის თავმჯდომარეს ეს პირები არ უნდა შეეშვა უბანზე, თუმცა ისინი დაუშვეს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ საჩივარი დავწერეთ”, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე რამდენიმე წელია, დაცვის თანხლებით შედის, თუმცა „ამ საკითხის აღმოსაფხვრელად რაიმე ქმედება არ გვინახავს”. განმარტება გაკეთდა ცესკოში. პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ საკითხზე მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ საარჩევნო უბანზე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან უბანზე. „მოვიძიეთ ინფორმაცია, საჩივარი შესულია. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს ამასთან დაკავშირებით. თუ ის ჩათვლის, რომ დაირღვა უბანზე შესვლის წესი, ბუნებრივია, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცესკო: 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა
15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ამომრჩევლის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა კი მცხეთა-მთიანეთშია 26,9%. თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 30,8%-ს შეადგენს, რაც ჯამში 308 856 ამომრჩეველია.
პატრიარქი: დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ
"დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი არჩევანის დააფიქსირების შემდეგ განაცხადა. ილია მეორემ გადასატანი ყუთით ისარგებლა და ხმა საპატრიარქოს რეზიდენციაში მისცა. „დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს საქართველო. იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა“, - განაცხადა ილია მეორემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N12 დაწესებულებასთან განსაკუთრებული მობილიზება არ არის
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N12 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზებაა და ხდება სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა", - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კადრები, რომელიც გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა. „ინფორმაციისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე. გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული მობილიზება N12 დაწესებულების მიმდებარედ არ ხდება”, - აღნიშნავენ უწყებაში. ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული.
კელი დეგნანი: იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველო მეტ ყურადღებას დაუთმობს პანდემიის კონტროლს. 10 000 გარდაცვლილი დიდი ტრაგედიაა
ამერიკის ელჩმა საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. კელი დეგნანმა ტრაგედია უწოდა იმ ფაქტს, რომ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. „პირველ რიგში დავიწყებ სამწუხარო ამბით, რომელიც ახლახან შევიტყვე. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა, ეს დიდი ტრაგედიაა, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებმაც თავისი ახლობლები და საყვარელი ადამიანები დაკარგეს ამ ძალიან საშიში დაავადების გამო. იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, მეტი ყურადღება გადაიტანოს პანდემიის კონტროლსა და ვითარების გაუმჯობესებაზე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. საქართველოში დღეს კორონავირუსის 4610 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ჯამში გარდაცვლილთა რიცხვმა კი 10 003 შეადგინა.
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან. შესაბამისად, მისი თქმით, „საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს“. „აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს. საარჩევნო უბნების დახურვამდე რჩება 4 საათი. შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე საქართველოში აღარ ჩატარდება არავითარი არჩევნები. ყველა ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე და რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსი, რათა თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში პოლარიზაციის, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებაში. ნაცმოძრაობისა და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ნე ეცდებიან დაატრიალონ ქარიშხალი ჭიქაში, აქტივისტებს მისცენ მუშაობის, ხოლო ამომრჩეველს არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების საშუალება. საბოლოო გამარჯვებამდე რჩება 4 საათი. მოდით არჩევნებზე და 8 საათზე ერთად ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძე: საერთო ჯამში, მეორე ტური მშვიდ ვითარებაში იმართება
"ამ დროისთვის 20-ვე ოლქში, სადაც მეორე ტური იმართება საერთო ჯამში, მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ზოგიერთ ქალაქში სიტუაციის დაძაბვის მცდელობა შეინიშნება. "ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მხრიდან მოდის. ამიტომ მოვუწოდებ მათ მისცენ მოქალაქეებს საშუალება მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და აქვე განვმარტავ, როგორც მათთვის, ისე ყველა მედიასაშუალებისთვის, პირველ რიგში კი საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანებისთვის: საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს, მათ შრის პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები. მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის უფლება კანონიერი იქონიოთ ეს სიები და ის 100 მეტრიანი რადიუსი, რაც არის იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა კალაძემ.
კელი დეგნანი: გვაქვს ინფორმაცია მედიაზე, დამკვირვებლებზე თავდასხმების, ასევე მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ
ამერიკის ელჩმა საარჩევნო პროცესზე მედიასთან მორიგი კომენტარი გააკეთა. საელჩო დამკვირვებლებისგან სხვადასხვა ცნობას იღებს. „მე, სადაც ვიყავი, რუსთავსა და კრწანისში, საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული და სიტუაცია - მშვიდი. თუმცა ჩვენ გვყავს საელჩოს 26 გუნდი საქართველოს მასშტაბით და ისინი ძალიან განსხვავებულ მოვლენებს ხედავენ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში. გვაქვს ინფორმაცია მედიაზე, საარჩევნო დამკვირვებლებზე თავდასხმების განხორციელების შესახებ, რომლებსაც არ ეძლევათ უბნებზე შესვლის საშუალება, ასევე ფიზიკური დაპირისპირების შესახებ სხვადასხვა მხარეს შორის. უბრალოდ მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს უსაფრთხო გარემოში ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეთ. ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ, როგორ მუშაობს გასულ ზაფხულში მიღებული საარჩევნო რეფორმები. ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება, მაშ შორის გადათვლის სისტემა, რაც მნიშველოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და ქვეყანამ შეძლოს წინსვლა. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის შეთანხმება მოხდა. ეს იყო ძალიან წარმატებული მაგალითი იმისა, რომ ლიდერები, ძალიან განსხვავებული პარტიებიდან გამოდიან ერთად, იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს უკეთესი საარჩევნო პროცესისთვის და შეაქვთ წვლილი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში. ყველა არჩევნები არის ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობა, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას ვიხილავთ დღეს და ხვალ“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. ამასთან, საარჩევნო პროცესში ელჩის მონაწილეობაზე ტექსტი გაავრცელა ამერიკის საელჩომაც. მისი მიხედვით, მიუხედავად გამარჯვებულთა ვინაობისა, როდესაც ლიდერები ირჩევენ ინკლუზიურ მართვას, ამით მთელი ქვეყანა იმარჯვებს. „დღეს ელჩი დეგნანი საელჩოს 26 ჯგუფთან ერთად აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცესს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში. ამ არჩევნების შემდგომი პერიოდი საქართველოსთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გააძლიეროს თავისი დემოკრატიული ინსტიტუტები: შედეგების შეჯამების გამჭვირვალე პროცესის, საჩივრების აქტიური და სამართლიანი მართვისა და მოქალაქეებისა და ჟურნალისტებისთვის მშვიდი, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით. მიუხედავად გამარჯვებულთა ვინაობისა, როდესაც ლიდერები ირჩევენ ინკლუზიურ მართვას, ამით მთელი ქვეყანა იმარჯვებს“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
სუს-ის უფროსი: საინტერესო პროცესები გველოდება
"წინ აუცილებლად გვექნება საინტერესო ფაქტები, გველოდება საინტერესო პროცესები. სქემა რომ არ გაშიფრულიყო, შესაძლოა, დღეს საქართველოში უფრო დაძაბული პროცესები მიგვეღო", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის სქემაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მომავალში საზოგადოებას საინტერესო ფაქტები და პროცესები ელოდება. „ეს ეპიზოდიც, სავარაუდოდ, შევა დიდ სქემაში, რასაც ქვეყანაში არსეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა ჰქვია. წინ აუცილებლად გვექნება საინტერესო ფაქტები, გველოდება საინტერესო პროცესები და ამას გაიგებთ იმის შესაბამისად, რა ინტენსივობითაც გაგრძელდება გამოძიება და რა ინტენსივობითაც მოხერხდება ამ საქმეებში გამავალი პირების გამოკითხვა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
17:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საკუთარი არჩევანი 825 129 ამომრჩეველმა დააფიქსირა
17:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საკუთარი არჩევანი 825 129 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 39,5%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში - 52,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მცხეთა მთიანეთში - 33,9%. რაც შეეხება დედაქალაქს, 17:00 საათისათვის ხმა 387 771-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 38,7%-ია.
კახა კალაძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ნიკა მელია აცხადებს, რომ კოალიციური გუნდი იგებს
ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მსხვილ ქალაქს აგებს. ნიკა მელიამ მედიასთან განაცხადა, რომ თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი, რადგან ხელისუფლება მანიპულაციებს მიმართავს. „ეს არის ისტორილი დღე, ვიგებთ თბილისს, კოალიციური გუნდი იგებს თბილისს და არამარტო დედაქალაქს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ მმართველი გუნდი საკუთარ აქტივზე ზეწოლას ახდენს, „ჩაიდინონ დანაშაული“, ამიტომ აპირებს ხმების დაცვას. ამის პარალელურად, ბრიფინგს მართავდა მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძე. „არჩევნების დასრულებამდე ორი საათი რჩება, ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიფიქსირებიათ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, არ დაიზაროთ მიდით საარჩევნო უბნებზე და შეიტანეთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების გამარჯვებაში;მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და საბოლოოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციაზე, ზიზღსა და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი; მიდით არჩევნებზე, რათა ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს მშვიდობამ და კარი გავუხსნათ ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის რწმენაზე ორიენტირებულ პოლიტიკას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რატი ბრეგაძე: ყველა სცენარისთვის მზად ვართ
"მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანაში ხელს შეგვიშლის. ყველა სცენარისთვის მზად ვართ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ მათ ხელი შეუშალონ. „ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, სადაც საუბარია იმაზე, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენთვის პატიმრის გადაყვანის ხელშეშლა საკმაოდ დიდი ძალებით. მათ გასაგონად ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ხაზგასმით და მკაფიოდ, თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ბუნებრივია, ის კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 97 საჩივარი შევიდა
ამ ეტაპზე კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 97 საჩივარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საჩივრების უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. „მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი. კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში", - განაცხადა იოსელიანმა.
ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ
თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას მოქალაქემ ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ხელი დაარტყა. აღნიშნული ფაქტის გამო, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ცნობისთვის, ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მოქალაქემ ზურგის არეში ხელი დაარტყა. ფაქტს ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ოცივე მუნიციპალიტეტში იგებს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ოცივე მუნიციპალიტეტში იგებს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საჭიროა ამ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ამისთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, საჭიროა სიმშვიდე საარჩევნო უბნებზე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ რეაგირებისგან. ეს არის ძალიან მნიშველოვანი: პროვოკატორებს არ უნდა მივცეთ საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანის საშუალება. ასევე ყველას მოვუწოდებთ, რომ საარჩევნო კომისიებს მისცენ მშვიდად მუშაობის საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანამდე, მამუკა მდინარაძემ მოუწოდა ამომრჩეველს, მაქსიმალურად იაქტიურონ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ორ ოლქშიც „გამოირიცხება რისკები“ ოპოზიციის მოგების. „არცერთ შემთხვევაში, ამ ორი საათის განმავლობაში წამგებიან მდგომარეობაში ჩვენს კანდიდატებს არ დავასახელებ. ორი მუნიციპალიტეტია ასეთი და ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობა მართებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ამავე თემაზე: კახა კალაძე მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ნიკა მელია აცხადებს, რომ კოალიციური გუნდი იგებს ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან
ამ დროისთვის გამოძიება დაწყებულია სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის გამოძიება დაწყებულია სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ღონისძიებებს და მოქმედებებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან. მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა ფაქტზე, რის შესახებაც პერიოდულად გაწვდით ინფორმაციას, ასევე, სამინისტრო მჭიდრო კოორდინაციაშია საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. დავიწყებთ თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მომხდარი ბოლო ინციდენტის შესახებ ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მშვიდ გარემოში გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი. კერძოდ: ქარელის N2 საარჩევნო უბანში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია "მონიტორინგის“ ჟურნალისტს. მომხდარ ფაქტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და კენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. პოლიციის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულია 1972 წელს დაბადებული გ.კ.; ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ფოთში, N12-ე საარჩევნო უბანში, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ატრიბუტი, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნდა. ჟურნალისტის გადმოცემით, აღნიშნული დაპირისპირებისას მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს; სენაკის რაიონულ სამმართველოში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე. კანდიდატის განმარტებით, მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს; აჭარის პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გონიოში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანიების - "მთავარისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა ტელეკომპანია "ფორმულას" კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის გაგრძელდება ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვები; ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო თბილისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. გამოძიებით დგინდება, რომ სკვერში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი. მოქალაქის განმარტებით, მას აგიტატორის კუთვნილი სიები ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც რამდენიმე ახალგაზრდამ აღნიშნულ მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს; ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში, N40 საარჩევნო უბანში ძალადობის ფაქტის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლების შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. დამკვირვებლების გადმოცემით, საარჩევნო უბნის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი მკვიდრის კუთვნილ ავტოფარეხში მსხდომი პირების ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ, რა დროსაც დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთი დამკვირვებლის განმარტებით, მან დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანებები და დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. დამკვირვებლები ამ ეტაპზე უარს აცხადებენ პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გამოცხადებაზე. ძალადობის შესაძლო ფაქტებზე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ სისხლის სამართლის ორ საქმეზე გრძელდება გამოძიება. ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს; სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით; გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ზუგდიდსა და რუსთავში, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 6 პირი დააკავა. აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით. ზუგდიდში ადმინისტრაციული საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით მიმდინარეობს, ხოლო რუსთავში - ამავე კოდექსის 173-ე მუხლით. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამრღვევის ჩამდენი პირები არიან როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ამასთანავე, საარჩევნო კანონმდებლობის, კერძოდ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 18 შემთხვევაზე. იქ, სადაც გამოიკვეთა კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციის მიერ მიეცათ გაფრთხილება. აღნიშნულის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები. გამოვლენილ ინციდენტებზე ტარდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, - განაცხადა კოვზიაშვილმა.
ორი ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, ხმები, 4 ქალაქის მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი: კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ - 57,2%; ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ - 42.8% რუსთავი: ნინო ლაცაბიძე - „ქართული ოცნება“ - 53,8%; დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 46,2%. ქუთაისი: იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნება“ - 51,9%; ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 48,1%. ბათუმი: არჩილ ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ - 50,8%; გიორგი კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 49,2 %. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი - თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი. დღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? - "მთავარი არხის" დაკვეთით, კომპანია "ანოვას" მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: თბილისი ნიკა მელია - 51%, კახა კალაძე - 49% ზუგდიდი ანზორ მელია - 53%, მამუკა წოწერია - 47% ბათუმი გიორგი კირთაძე - 51% არჩილ ჩიქოვანი - 49% რუსთავი დავით კირკიტაძე - 53% ნინო ლაცაბიძე - 47% ქუთაისი ხატია დეკანოიძე - 53% იოსებ ხახალეიშვილი - 47% ცნობისთვის, იმედის გამოკითხვაში ზუგდიდის მონაცემი არ არის ასახული. ეგზიტპოლი ჩატარდა "მთავარი არხის" დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია "ანოვამ". შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია. ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტური შეაჯამეს
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობას ადამიანის უფლებათა ცენტრი ქუთაისის, თელავის და რუსთავის საარჩევნო უბნებზე 9 დამკვირვებლით დააკვირდა. ორგანიზაციის მობილურმა ჯგუფებმა არჩევნებზე ამ სამი ქალაქის მაქსიმალურად ყველა საარჩევნო უბანი მოიცვეს. მონიტორინგი განხორციელდა თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში განთავსებულ ოთხ საარჩევნო უბანზე. ცენტრის შეფასებით, სამივე ქალაქში კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში წარიმართა. დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ არსებითი ხასიათის დარღვევები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე. საარჩევნო უბნებზე მობილიზებული იყო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა. „განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები, რომელთა მითითებით, მყისიერად აღმოიფხვრებოდა ტექნიკური ხარვეზები. კენჭისყრის დღის ბოლო საათებში ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ვითარება შედარებით დაიძაბა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 1 საჩივარი დაწერეს და 4 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. 1 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაშიც დარეგისტრირდა. ამ დროისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესს აკვირდებიან. ისინი უბნებზე შემაჯამებელი ოქმების გაფორმებამდე დარჩებიან. ადამიანის უფლებათა ცენტრი, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მივლინებული დამკვირვებლების გარდა, ინფორმაციას იღებს მედიასაშუალებებიდან. შემაშფოთებელია ზოგიერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული ძალადობრივი ინციდენტები და დაპირისპირება, რა დროსაც შეურაცხყოფა მიაყენეს არჩევნებზე აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებასაც. თბილისში, ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან ხელი დაარტყეს თბილისის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს, ნიკა მელიას. აუცილებელია, შსს-მ დროულად მოახდინოს რეაგირება მსგავს ფაქტებზე და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა ძალადობაში და ჟურნალისტებს ხელს უშლიდა საქმიანობაში. შემაშფოთებელია ქალაქ თბილისის მოქმედი მერისა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადება, რითაც მან მმართველი პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს მოუწოდა გაეგრძელებინათ სიებით ხელში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველთა აღრიცხვა. კერძოდ, კახა კალაძემ განაცხადა: „საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს, მათ შორის - პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას.კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები. მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის უფლება, კანონიერად იქონიოთ ეს სიები და ის 100-მეტრიანი რადიუსი, რაც არის, იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების აღრიცხვა კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მიღმა ტერიტორიაზეც პრობლემურია. მსგავსი მოქმედებები წარმოადგენს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე კონტროლს და ხელს უშლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგისას, კენჭისყრის დღეს (როგორც პირველ, ასევე მეორე ტურზე) დაფიქსირდა ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები როგორც კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე, ასევე 100 მეტრის მიღმა ტერიტორიაზე. ნაცვლად იმისა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პარტიის წარმომადგენლებისთვის მოეთხოვა, შეეწყვიტათ ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის საწინააღმდეგო მოქმედებები, მან - ქალაქ თბილისის მოქმედმა მერმა და ამავდროულად, მერობის კანდიდატმა, კენჭისყრის მიმდინარეობისას თავისი განცხადებით მსგავსი მოქმედებები წაახალისა“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციაში.
ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ისნის 62-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ისნის 62-ე საარჩევნო უბანში, სადაც შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი - ნიკანორ მელია მხარდამჭერებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები. საარჩევნო უბანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. შსს: ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.