ძებნის რეზულტატი:

წელს “მწვანე ბარათების” გათამაშებაში საქართველოდან სულ 112,464 განაცხადი შეივსო

მიმდინარე წელს “მწვანე ბარათების” გათამაშებაში საქართველოდან სულ 112,464 განაცხადი შეივსო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. "მწვანე ბარათების" გათამაშებას საქართველოში ყველაზე მეტი გამარჯვებული 2021 ფისკალური წლის გათამაშებისას ჰყავდა, რაც 1,899 გამარჯვებულს შეადგენდა. წლების მიხედვით, შევსებული აპლიკაციების და გამარჯვებულთა რაოდენობები: 2014 - 46,451 2015 - 53,395 2016 - 73,989 2017 - 99,351 2018 - 122,109 2019 - 130,322 2020 - 141,693 2021 - 112,464

ამერიკელი სენატორი: რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოსა და უკრაინაში, ასევე შავი ზღის რეგიონში NATO-ს მოკავშირეებს აზიანებს

"თურქეთმა უნდა გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის საძაგელი საქციელი არ შეესაბამება NATO-ს ინტერესებს", - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა მით რომნიმ სოციალურ ქსელ twitter-ში დაწერა. „რუსეთის ქმედებები შავი ზღვის რეგიონში, უკრაინასა და საქართველოში შეჭრიდან დაწყებული და ცრუ დეზინფორმაციის გავრცელებით დამთავრებული, აზიანებს ჩვენს NATO-ელ მოკავშირეებს. თურქეთმა უნდა გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის საძაგელი საქციელი არ შეესაბამება NATO-ს ინტერესებს“, – წერს მით რომნი. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების საკითხი, ასევე რუსეთის მოქმედებები რეგიონში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენებზე განიხილებოდა. გლაზგოში გაეროს კლიმატის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეჯეფ ტაიფ ერდოღანს შეხვდება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დიდი ალბათობით გაიმართება, თუმცა დადასტურებულად ამის თქმა მას არ შეუძლია. ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს თურქეთიდან ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“ ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია

მიხეილ სააკაშვილმა ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა და მედიკამენტოზურ ჩარევაზე უარი განაცხადა

მიხეილ სააკაშვილმა ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა. რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ისევ წყვეტს მედიკამენტების მიღებას და უარს ამბობს მისთვის შექმნილ კონსილიუმის წევრებთან კომუნიკაციაზე. მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს დღეს გააცნო. "როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების.. სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია, დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს", - წერია სააკაშვილის მიმართვაში. რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თითქმის ერთი თვეა შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი: გასაყიდი უნდა გაიყიდოს

გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა აკაკი გვიანიძემ, ბათუმის საკრებულოში განაცხადა, რითაც გიორი გახარიას გუნდის წევრის, ირაკლი თავდგირიძის პარტიიდან წასვლას გამოეხმაურა. როგორც გვიანიძემ აღნიშნა, მისი პარტია არც „ქართულ ოცნებასთან“, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნას არ აპირებს. „ჩვენი პარტია გაერთიანებულია მხოლოდ ღირებულებების გარშემო, ამიტომ გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება. პოზიციებს არ ვიცვლით და ვაპირებთ ბრძოლას ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის და რაც მთავარია, არც „ოცნებასთან“, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას, ეს არის გამორიცხული, რადგან ორივე პარტია ერთმანეთს დაემსგავსა, ორივე სწორედ იმ მეთოდებით შეინარჩუნოს და მოიპოვოს უმრავლესობა და ძალაუფლება, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. ვრჩებით ჩვენი იდეალების ერთგული და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს ბათუმის მუნიციპალიტეტში უმრავლესობის მოპოვება“, - განაცხადა გვიანიძემ.

ოპოზიციური პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი: ბათუმში "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა ვერ შექმნა

ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი წვალების მიუხედავად უმრავლესობა ვერ შექმნა. ამას მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა არ ჰყოფნის, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე განაცხადა, რითაც პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ირაკლი თავდგირიძის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა უნდა დასრულდეს. „რამდენიმე დღის წინ ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, რომელიც აკონტროლებს სუსს და პროკურატურას, მან პირდაპირ დაგვიანონსა, რომ ბრძოლას იწყებდა შანტაჟით, დაშინებითა და მოსყიდვით, რათა „ქართულ ოცნებას" შეექმნა უმრავლესობა, თუმცა ამ წვალების მიუხედავად მათ ეს ვერ მოახერხეს. მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა არ ჰყოფნის. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა უნდა დასრულდეს, სიძულვილის პარალელურად პოლიტიკაში შანტაჟი და მოსყიდვა უნდა დასრულდეს 30 ოქტომბერს, საბოლოოდ დამარცხდება „ქართული ოცნება“, - აცხადებს გიორგი კირთაძე.

პრეზიდენტი ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა წინასაარჩევნო პროცესები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციასა და მის დაძლევაზე. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია ქვეყნისათვის პრობლემად რჩება, პრეზიდენტი პირველივე დღიდან ყველანაირ ძალისხმევას იყენებს მისი შემცირების მიმართულებით და არჩევნების შემდგომაც ეს მისი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ მწვავე პოლარიზაციის გამო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ოკუპაცია, პანდემია და ვაქცინაცია, რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები ყურადღების მიღმა რჩება და არჩევნების შემდეგ ქვეყანამ აქტიურად უნდა განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარების დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, რომელიც გამოიხატება ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაციაზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობაში ასევე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაში. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ყველა დონეზე აქტუალურად განიხილებოდეს.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 4 023-მა ადამიანმა გაიკეთა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 4 023-მა ადამიანმა გაიკეთა. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე დღეა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სხვადსხვა რეგიონში ვაქცინაციის მარათონს მართავენ. აცრის მოძრავი კაბინეტი სოფლებში მოსახლეობასთან მიდის და ვაქცინაციის აუცილებლობაში არწმუნებს. ერთ თვეზე მეტია აცრის მაქსიმალური მაჩვენებელი 6000-ს არ სცდება. დღემდე საქართველოში ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 033 040 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.4 %. სრულად ვაქცინირებულია 935 726 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.8%. ბოლო 24 საათში, COVID 19-ით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 763, საიდანაც: 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან მძიმე პაციენტია 1 581 ადამიანი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 333 პაციენტი, 1 059 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 41 374 პაციენტი კი სახლში მკურნალობს.

„მთვარი არხის“ დირექტორი: კვლევით ორგანიზაცია IPSOS-ს საარბიტრაჟო წესით ვუჩივლებთ

„მთვარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია კვლევით ორგანიზაცია IPSOS-ს საარბიტრაჟო წესით უჩივლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის, ეგზიტპოლს არ ჩაატარებინებს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც გვარამია აღნიშნავს, IPSOS-სს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია, მათი თანხმობის გარეშე. „კომპანია IPSOS-ის მიერ მოწოდებული ზუგდიდის ნედლი ციფრები დამატებითი შეწონვის, (ჩვენთან ცნობილია, როგორც ალოკაცია) გარეშე არის შემდეგი:ანზორ მელია: 52.3%მამუკა წოწერია: 43.3%უარი პასუხზე/არ ვიცი: 4.4%. ნარჩენი 4.4%ის გადანაწილება იმგვარად რომ 49/51 მივიღოთ ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ, იმედია, მარტივად გასაგებია, რომ აბსურდია. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ მთავარმა არხმა გადაწყვიტა შედეგების გაყალბება, ჩნდება კითხვა: ჩვენი მიკერძოებული მიდგომა გავრცელდა მხოლოდ ქალაქ ზუგდიდზე, სადაც კონსენსუსია ქართულ საზოგადოებაში, რომ ოპოზიციური კანდიდატი ყველაზე დიდი უპირატესობით იგებს? სადაც სულ 2% დააკლდა ოპოზიციის კანდიდატს პირველ ტურში მოსაგებად და ყველაზე დიდი სხვაობა იყო ნაცმოძრაობის კანდიდატსა და ქართული ოცნების კანდიდატს შორის? და, ამის პარალელურად, მინიმალური სხვაობები (ცდომილების ფარგლებში) ხელუხლებელი დავტოვეთ ყველა სხვა ქალაქში და განსაკუთრებით, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, თბილისში -3%ით უკან დავტოვეთ ოპოზიციის კანდიდატი? ასეც რომ ყოფილიყო, იფსოსს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია, ჩვენი თანხმობის გარეშე. თუ თვლის, რომ ან შეგვეშალა, ან გავაყალბეთ მონაცემი, წინასწარ უნდა შედგეს კომუნიკაცია ამ საკითხზე დაზუსტების მიზნით, რასაც ადგილი არ ქონია. თუ ეჭვს შეიტანდა ჩვენს კეთილსინდისიერებაში, პარტნიორ კომპანიას შეეძლო მხოლოდ დაუყოვნებლივ გაეწყვიტა კონტრაქტი", - წერს გვარამია. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ „მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელიც კომპანია IPSOS-მა მოამზადა, მანიპულირებულია.

ფოთში, ქალებს შორის დაპირისპირების შედეგად, კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე დაიჭრა

ფოთში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ინციდენტს წინ უძღოდა ქალებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. დაზარალებული სუპერმარკეტ "იოლის" თანამშრომელია. დაზარალებულს ჭრილობები გატეხილი მინის ბოთლისგან აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილს კრიმინალისტები იკვლევენ. პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების ბრალდებით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ის ცნობით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს – 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი: არ მაქვს სურვილი, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიგლოვოთ

"არ მაქვს სურვილი, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიგლოვოთ. სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არა, არაჩვეულებრივი პატიმარია", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მხარეებს შორის შერიგება რომ მოხდეს, პირველ რიგში, ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს. "საუბარი, რომ ჩვეულებრივი პატიმარია, ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ ხომ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი არაჩვეულებრივი პატიმარია. ჩვენი საზოგადოება უკვე მერამდენედაა დაპირისპირებული და პოლარიზებული. გვესმის, მეც მოვისმინე, საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უცნაურია, იმიტომ, რომ შერიგება რომ მოხდეს, პირველ რიგში, ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს. არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შეთხვევები, როცა შიმშილობა კი არა თვითმკვლელობაც კი პირიქით ეთვლება ადამიანს, არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ჩვენ ამ თემას ვერ განვსჯით, რადგან პოლიტიკოსებისთვის ეს არის ინსტრუმენტი, მისი არჩევანია", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

ცესკო არჩევნების მეორე ტურის სამზადისის დეტალებს აქვეყნებს

ცესკო-ს ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი და 29 სპეციალური უბანი, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მოემსახურება. მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 088 722. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. „ხვალ, 30 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. თქვენ ირჩევთ მერებს ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს. ამიტომ დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული ხართ იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც იმართება მეორე ტური, მინდა მოგიწოდოთ, რომ ხვალ დილის 08:00 საათიდან იაქტიუროთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და განახორციელოთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. მეორე ტურისთვის თქვენთვის გახსნილია 1 830 საარჩევნო უბანი; ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი რვა უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი შეადგენს 2 088 722-ს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა. ამასთან, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამომრჩეველს ყველა საარჩევნო უბნებზე დახვდება განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები, რომლებიც წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. „შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. 2 ოქტომბერს რემოდელირებული კაბინები მხოლოდ თბილისში იყო გამოყენებული, რის შემდეგაც ცესკო-მ ახალი დიზაინის კაბინების ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა. ცესკო-ს თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ორი ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება და ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით მისცემენ. ამასთან, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, მეორე ტურზეც განხორციელდება ბიულეტენების დათვლის აუდიო-ვიდეო გადაღება ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, საერთო ჯამში – 1 750 უბანზე. კალანდარიშვილის თქმითვე, ასევე გადაღებული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული საარჩევნო უბნების მონაცემების გადათვლის პროცესიც. ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია გაუგრძელდა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და მედიას. კალანდარიშვილის თქმით, 30 ოქტომბრის არჩევნებს გაზრდილი რაოდენობით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები. „რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 5 309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 35 198 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; ასევე 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი“, – განაცხადა კალანდაროშვილმა. ცესკო-ს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მიმართა. „ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა დონის საარჩევნო კომისიას საჯაროდ მივმართავ კიდევ ერთხელ, არ დაიშურონ ძალისხმევა და კვლავაც მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიულ დონეზე ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური, რადგან კარგად ჩატარებული არჩევნები, სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს და იმუშავებს კენჭისყრის დღესაც, რომ თქვენ არჩევანის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა გქონდეთ. მივმართავ დამკვირვებლებს, ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესი და არჩევნების დღე. ვთხოვო მედიას, მაქსიმალურად ფართოდ, დეტალურად, მიუკერძოებლად გააშუქონ არჩევნების პროცესი და მიაწოდონ მოსახლეობას სრული და ობიექტური ინფორმაცია არჩევნების შესახებ. ასევე მინდა, პოლიტიკური პარტიების წევრებს მოვუწოდო, ჩვენთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, საუბნო კომისიების წევრებთან ერთად, ხელი შეუწყონ მშვიდ და საქმიან გარემოს არჩევნებზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა. მისივე თქმით, 30 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს დახვდება კოვიდუსაფრთხო გარემო. „კვლავაც დაცული იქნება ყველა კოვიდრეგულაცია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე

ჯანდაცვის სამინისტრო: ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა და 415 კლასი გადავიდა

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა და 415 კლასი გადავიდა, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელიც შემცირდა. კერძოდ, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. “მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მათი 69,6%. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 142 მასწავლებელი", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

თბილისში 6 ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ თბილისში მდგრადობისა და წინააღმდეგობის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, უკრაინის, შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ჯორჯიის არმიის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. „კონფერენციამ თითოეულ წარმომადგენელს საშუალება მისცა, წარმოეჩინა, თუ როგორ ატარებს მათი ქვეყანა წინააღმდეგობისა და მდგრადობის ოპერაციებს და როგორ მოქმედებს ეს ძალისხმევა მათ ეროვნულ თავდაცვასა და ძალების სტრუქტურაზე“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

რომის პაპი: უნდა გავიაზროთ, რომ სამყაროს სჭირდება თითოეული ჩვენგანის მიერ პასუხისმგებლობის გაზიარება

რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტზე, გლაზგოში, არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ეფექტური რეაგირების მექანიზმებზე ისაუბრონ და კონკრეტული საიმედო ნაბიჯები შესთავაზონ მომავალ თაობებს. რომის პაპმა BBC-სთან ისაუბრა კრიზისებზე, მათ შორის Covid19-ის პანდემიაზე, კლიმატის ცვლილებასა და ეკონომიკურ სირთულეებზე და მოუწოდა მსოფლიოს, უპასუხოს ამ გამოწვევებს ხედვითა და რადიკალური გადაწყვეტილებებით, რათა ფუჭად არ დაიკარგის დრო. „უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი სამყაროსთვის საჭიროა პასუხისმგებლობის გაზიარება. სადაც არ უნდა ვიყოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვიქნებით, ყველას შეგვიძლია ჩვენი წილი როლი შევასრულოთ კლიმატის ცვლილებების საფრთხის მიმართ კოლექტიური რეაგირების დროს და თავიდან ავიცილოთ ჩვენი საერთო სახლისთვის დიდი ზიანის მიყენება“, - განაცხადა რომის პაპმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ოცეული სამიტზე დასასწრებად რომში დღეს ჩავიდა.

ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სიის ჩამონათვალს 4 ქვეყანა დაუმატა

ევროკავშირის საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სიის ჩამონათვალს, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნაა რეკომენდებული არგენტინა, კოლუმბია, ნამიბია და პერუ დაუმატა. ამასთან, ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება: არგენტინა, კოლუმბია, პერუ, ნამიბია, ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, იორდანია, ქუვეითი, ახალი ზელანდია, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპით. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს მიერ სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა ყოველ ორ კვირაში ხდება.

ჯანმომ მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, COVID19-ის პანდემიის დასრულების $23 მილიარდიანი გეგმა დააფინანსონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქოე ყვეყნების ლიდერებს მიმართა, დააფინანსონ 23,4 მილიარდი დოლარის ოდენობის გეგმა, რომლის მიხედვით, კოვიდვაქცინები, კოვიდტესტები და მედიკამენტები ღარიბ ქვეყნებს მომდევნო 12 თვის განმავლობაში მიეწოდებათ. ამის შესახებ France24 წერს. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ 20-კაციან ჯგუფს, რომლის ლიდერები რომში შაბათ-კვირას იკრიბებიან, აქვთ პოლიტიკური და ფინანსური ძალა, რომელიც საჭიროა პანდემიის დასასრულებლად გეგმის დაფინანსებით, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ხუთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე. ჯანმოს მეცნიერის ცნობით, COVAX-მა, 140-ზე მეტ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყანებს, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია, დაახელობით 400 მლნ დოზა კოვიდვაქცინა მიაწოდა. მისივე თქმით, 82 ქვეყანა სავარაუდოდ ვერ მიაღწევს სამიზნე - 40%-ს, თუმცა თუ ვაქცინებით მომარაგება დაიწყება, მოსახლეობის ამ რაოდენობის აცრა შესაძლებელია. შეგახსენებთ, აშშ-ში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Merck-მა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა სალიცენზიო შეთანხმებს შესახებ, რათა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა კოროვირუსის სამკურნალო წამალ „მოლნუპირავირზე“.

რუსთავის ციხეში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინელი დეპუტატები შევიდნენ

რუსთავის ციხეში, საქართველოს ექსპრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინელი დეპუტატები შევიდნენ. როგორც რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე უკრაინელმა დეპუტატმა ალექსანდრ კოვალჩუკმა განაცხადა, უკრაინა თავის მოქალაქეებს მსოფლიოს არცერთ წერტილში არ ტოვებს, უკრაინა ყველაფერს სააკაშვილის კიევი უვნებლად დასაბრუნებლად. მისი თქმით, უკრაიანსა და ქათულ მხარეს შორის, ამ თემაზე მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ მოლაპარაკების დეტალები არ საჯაროვდება „ყველა ძალიან ვდარდობთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიცოცხლის გამო. ყველას კარგად გვესმის, რომ შიმშილობის 30 დღე ძალიან დიდი ვადაა და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მე ჩემს კოლეგა იულიასთან ერთად სამი დღე გავატარე მოლაპარაკებების, მიმართვების, ზარების, შეხვედრების პროცესში როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ყველა დონეზე და მადლობა ღმერთს, ჩვენი ხმა შეისმინეს და ჩამოვედით, რომ გვენახა მიხეილი და მხარი დაგვეჭირა მისთვის, რათა გვენახა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს საფრთხე არსებობს, თუმცა ჩვენ გვინდა, ვნახოთ, რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა. რაც მთავარია, გვინდა გადავცეთ მას უზარმაზარი პოზიტიური ენერგია, რომელიც არის უკრაინაში, რომელიც აქვს უკრაინელებს, რომლებიც პატივს სცემენ იმას, რაც მან საქართველოში გააკეთა. ახსოვთ ყველა რეფორმა, რომელიც მან საქართველოში გაატარა. ამისთვის ჩვენ მას პატივს ვცემთ უკრაინაში და ვმუშაობთ ერთად, ვწერთ კანონებს, ვატარებთ რეფორმებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთელი ეს ისტორია დიდი შოკი იყო, მათ შორის ის, რომ ჩვენ ამდენ ხანს არ გვიშვებდნენ, თუმცა მადლობა ღმერთს, ახლა გვიშვებენ. დანარჩენთან დაკავშირებით კომენტარს გავაკეთებთ გამოსვლისას. მთავარი, რასაც ვეტყვით, არის ის, რომ მან იცოდეს, უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი დარდობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მას სწრაფად დაბრუნებას უსურვებენ“, – განაცხადა ალექსანდრ კოვალჩუკმა. ქართულ მედიასთან კომენტარი რადას კიდევ ერთმა დეპუტატმა იულია კლიმენკომაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმის გამო ჩამოვიდნენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ნორმალურ პირობებში იმყოფება. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უკრაინაში ბევრი საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება. „ჩვენი პოზიცია ერთნაირია, მიუხედავად იმისა, რომ მე წარმოვადგენ ოპოზიციას ჩემს ქვეყანაში, თუმცა მადლობა ღმერთს, ციხეში არ ვზივარ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ. გვსურს, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიულ ქვეყნად, სადაც ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც აქვთ უფლება, ისაუბრონ, იარონ არჩევნებზე და წარმოადგინონ თავისი პოზიციები. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, პირველ ყოვლისა, ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ნორმალურ მდგომარეობაში, ნორმალურ პირობებში. ვითხოვთ, რომ ის უკრაინას გადასცენ, რადგან ის არის უკრაინის მოქალაქე. ამ საკითხის განხილვას აქ არ ვგეგმავთ. ეს არის დიპლომატებს შორის განსახილველი საკითხი. ჩვენ აქ მოვედით, რათა დავრწმუნდეთ, რომ მიხეილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის კრიტიკულ მდგომარეობაში, რადგან უკრაინაში ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სხვაგვარია. ჩვენთან ბევრი საგანგაშო ამბავი ვრცელდება, რომ მას არ უკეთებენ გადასხმებს, რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამიტომ ჩვენ ჩამოვედით, რათა მას მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. მას აქვს სერიოზული ქრონიკული დაავადება და რამდენადაც მესმის, სამედიცინო კონსილიუმი ახლა წყვეტს, სად და როგორ უნდა იმყოფებოდეს ის. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგან შემხვედრი ნაბიჯი და გადაიყვანონ ის საავადმყოფოში, სადაც არის ყოველგვარი აღჭურვილობა“, – განაცხადა იულია კლიმენკომ. რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თითქმის ერთი თვეა შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილმა დღეს მედიკამენტოზურ ჩარევაზე უარი განაცხადა და კონსილიუმთან ურთიერთობა შეწყვიტა.

საგარეო უწყება უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაცემის საკითხს განმარტავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოლაპარაკებები არც ახლა მიმდინარეობს და ეს თემა არც მანამდე განხილულა. უკრაინის რადას დეპუტატმა იულია კლიმენკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილმა დღეს მედიკამენტოზურ ჩარევაზე უარი განაცხადა და კონსილიუმთან ურთიერთობა შეწყვიტა.

სექტემბერში ბენზინი 44%-ით გაძვირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

სექტემბრის თვეში, ბენზინი 44%-ით გაძვირდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის სექტემბრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, გაზრდილია დიზელიც ფასიც და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 37%-ით გაძვირდა. ბენზინის და დიზელის ფასების ზრდის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა. ფასების ზრდის მთავარ ფაქტორად ნავთობის გაძვირება სახელდება. "მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლის სექტემბერთან შედარებით ბენზინი - 44.0 პროცენტით, ხოლო დიზელი 37.0 პროცენტით გაძვირდა, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პპ-ს გაუტოლდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 9.2 პროცენტით გაძვირდა (0.7 პპ წვლილი ინფლაციაში), ხოლო სიგარეტის გაძვირების წვლილმა ინფლაციაში 0.2 პპ შეადგინა", - წერია სებ-ის ანგარიშში. მიმდინარე წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა. წლის განმავლობაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 15.9%-ით, საცხოვრებელის, წყლის, ელ.ენერგიის, აირის ჯგუფში 11.8%-იანი მატებაა, ჯანდაცვა ჯამში 9.2 პროცენტით გაძვირდა, სატრანსპორტო სექტორში კი ფასები 20.3%-ით გაიზარდა. 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა 12,3%-ს მიაღწია

5 ივლისის საქმეზე დაკავებული შვიდივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული შვიდივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. როგორც ცნობილია, ადვოკატები ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ბრალდებულ პირებს ტელეკომპანიების "იმედის", "რუსთავი2-ის, "ფორმულას", "მთავარი არხის", გამოცემების - "ტაბულასა" და "რადიო თავისუფლების" წარმომადგენლებზე ძალადობას ედავებიან. ამასთან, შვიდივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.