ძებნის რეზულტატი:
სუს-ი: ხელისუფლების დამხობის მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხილვა მიმდინარეობდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ძალები ხელისუფლების დამხობის გეგმას ამზადებს, რაზეც სუს-ი გამოძიებას აწარმოებს. აღნიშნულ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც მტკიცებულების სახით ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს. სუს-ის განცხადებით ჩანაწერი კანონიერი ნებართვის ფარგლებშია მოპოვებული. „სუსის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს - მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშაულებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებას. მსგავს ქმედებებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მსჯავდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით, სუსმა დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობა პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებულნი გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში “, - აცხადებენ სუს-ში.
ISFED-ი: მეორე ტურის წინაასარჩევნო პერიოდში კვლავ ბუნდოვანი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის
ISFED-მა არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. “სამართლიანი არჩევნების” დასკვნით, პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურის წინაასარჩევნო პერიოდში კვლავ ბუნდოვანი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. „საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის დანერგვა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიების ნაწილში, ხმების დათვლის ვიდეოფიქსაცია არჩევნების პირველ ტურზე ხარვეზებით წარიმართა. კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ ატვირთულა 3200-დან 300-ზე მეტი საარჩევნო უბნის ხმის დათვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამასთან, ვიდეოჩანაწერების ნაწილი ხარვეზებითა იყო გადაღებული და ვერ უზრუნველყოფდა ხმების დათვლის პროცესის სრულყოფილად ასახვას. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინოს პირველი ტურის გამოცდილება და აღმოფხვრას ხსენებული ხარვეზები მეორე ტურისთვის“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პოლარიზება კიდევ უფრო გაღრმავდა მეორე ტურის წინ, რაც გამოიწვია მესამე პრეზიდენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლამ და, შედეგად, მისმა დაპატიმრებამ. „პირველი ტურის წინ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამქრალი იყო დისკუსია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით. კამპანია, ფაქტობრივად, საარჩევნო პროგრამების გაცნობის ნაცვლად, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებაში, ნეგატიურ გზავნილებსა და ოპონენტის დისკრედიტაციაში ვლინდებოდა. მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში შედარებით მეტად გაკეთდა აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინსტერსებზე. პრობლემურია მმართველი პარტიის პოზიცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევებში ოპოზიციის შესაძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, ოპოზიციოინერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციონერ მერს ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს. მსგავსი განცხადებები, ერთი მხრივ, უგულებელყოფს დეცენტრლიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და მის კომპეტენციაში ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპებს, მეორე მხრივ, შეიცავს შერჩევითი მიდგომის ნიშნებს, რომ მერის არჩევნებში არასახელისუფლო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისი მუნციპალიტეტის მხარდაჭერას სათანადოდ არ უზრუნველყოფს; უარყოფითად უნდა შეფასდეს საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა სააგიტაციო მასალის განთავსება/გავრცელებასთან დაკავშირებით. ინიციატივა, ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებსაც, რამაც ნორმის აღსრულების პროცესში შესაძლოა თვითნებური ინტერპრეტაციის და პოლიტიკური მიზნით გამოყენების რისკი შექმნას. გაუგებარია რა იგულისხმება “უარყოფითი დამოკიდებულების“ შექმნაში და რა ნორმატიული შინაარსი შეიძლება იყოს ამ ტერმინში. ამგვარ რეგულაციას “მსუსხავი ეფექტი” ექნება გამოხატვისა და მედიის საქმიანობის თავისუფლებაზე; საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა მუნიციპალური არჩევნებისთვის, პარტიის მიერ, სიის ყოველ სამეულში ერთი კაცის ჩასმის ვალდებულება. სასამართლომ ძალაში დატოვა კვოტირების მექანიზმი ქალთა სასარგებლოდ და ქალი კანდიდატის არარსებობსისას მანდატის გაუქმების წესი, რადგან ეს გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ მომავალში პოლიტიკურმა პარტიებმა ფორმალურად შეიყვანონ პარტიულ სიაში ქალი კანდიდატები, ხოლო შემდეგ, მანდატზე უარის თქმით, გვერდი აუარონ კვოტირებას. სასამართლომ მხარი დაუჭირა მის მიერვე უკვე დადგენილ სტანდარტს, რაც კვოტირების, როგორც ქალთა პოლტიკაში მონაწილეობის გაზრდის მექანიზმის კონსტიტუციურობაში მდგომარეობს და აღნიშნა, რომ ხელოვნური უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმის შექმნა მიმართული უნდა იყოს ქალთა მიმართ არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაძლევისკენ; მეორე ტურის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში კვლავ დაფიქსირდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების, სოციალური ქსელით აგიტაციისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს იმ 20 მუნიციპალიტეტში დააკვირვება, სადაც იმართება მერის მეორე ტური. ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს 8 მუნიციპალიტეტზე, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) და 3 თვითმმართველ თემზე (ზუგდიდი, ოზურგეთი და თელავი). ორგანიზაცია თბილისის უბნების მესამედს, ხოლო დანარჩენ ჩამოთვლილ 7 მუნიციპალიტეტებში - უბნების ნახევარს დაფარავს. „ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 27 მობილური ჯგუფისგან და 544 საუბნო და 29 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან შედგება. „სამართლიანი არჩევნები“ 100 დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში იმოქმედებს მონაცემთა გადამოწმებისა (23 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (10 იურისტი). ორგანიზაციის მონიტორები არჩევნების დღის პროცესებს სრულად, საარჩევნო უბნების გახსნიდან ხმის დათვლის პროცესის დასრულებამდე დააკვირდებიან. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება და ქვეყნდება საარჩევნო დღის განცხადებების სახით, გამოვლენილ დარღვევებს კი შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა. „სამართლიანი არჩევნები“ მეორე ტურის დღის განმავლობაში 3-ჯერ წარმოგიდგენთ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. პრეზენტაციები გაიმართება შემდეგ საათებში: 11:00, 16:00 და 22:00“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. არჩევნების მეორე ტური ხვალ იმართება.
25-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში 23,227,322 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში 23,227,322 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 71% - 16,585,660 ლარი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე” მოდიოდა, მეორე იყო პარტია „ლელო საქართველოსთვის” 2,330,556 ლარით, ხოლო მესამე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2,212,912 ლარით. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში 3 მლნ ლარამდე გაიღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ. „არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამ კვირაში ერთხელ წარუდგინოს ფინანსურ ანგარიში დადგენილი ფორმით. 2 აგვისტოდან საარჩევნო სუბიექტებმა უკვე 3 სამკვირიანი ფინანსური ანგარიში გაუგზავნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რითაც 2 აგვისტო - 2 ოქტომბრის პერიოდში მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები წარადგინეს. გამონაკლისია პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებები, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მათი მიღებიდან 5 დღის ვადაში აწვდიან. შემდეგ აუდიტის სამსახური ამ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე ათავსებს. აქედან გამომდინარე, პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია მათი ფინანსური დეკლარაციების ნახვის გარეშეც არის შესაძლებელი. 28 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილული და გაანალიზებული იყო საარჩევნო სუბიექტების მიერ დეკლარირებული შემოსავლები, ხარჯები და სხვა მომიჯნავე საკითხები. საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება წლის ბოლოს იგეგმება, თუმცა, ვინაიდან 30 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტურები იმართება, არჩევნების წინ საზოგადოებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს პარტიების ფინანსების შესახებ განახლებული ინფორმაცია. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებები საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. მძიმე სოციალური ფონის გამო, რომელსაც პანდემიის ფაქტორიც დაემატა, პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ დიდი რაოდენობის შემოწირულების გაღების ფაქტები საზოგადოებაში ყოველთვის აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს იმის შესახებ, თუ ვინ დგას რეალურად ამ ფინანსური ტრანზაქციის უკან და საქმე ხომ არ გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 25 ქართულ პოლიტიკურ პარტიას აქვს რაიმე სახის შემოწირულება მიღებული. კერძოდ, ამ პარტიებმა ჯამში 23,227,322 ლარის ოდენობის შემოწირულება მოიზიდეს, რომლის 71% - 16,585,660 ლარი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე” მოდის, მეორე ადგილზეა პარტია „ლელო საქართველოსთვის” 2,330,556 ლარით, ხოლო მესამეზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2,212,912 ლარით”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პოლიტიკური კორუფციის განსაკუთრებით მაღალი რისკები, ბუნებრივია, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებებს უფრო ახლავს თან, ვინაიდან სწორედ ხელისუფლებას აქვს იმის ბერკეტი, რომ გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ გაურიგდეს პოტენციურ შემომწირველს. „სწორედ ამიტომ კვლევისას განსაკუთრებული აქცენტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” შემომწირველებზე გაკეთდა. კერძოდ, შევხედეთ, თუ რამდენი მათგანი იყო იმ ბიზნეს კომპანიებთან დაკავშირებული, რომლებსაც მიმდინარე წელს გარკვეული სარგებელი აქვთ მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს (1 იანვარი - 25 ოქტომბერი) ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში 3 მლნ ლარამდე გაიღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ. აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2", რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს. ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110,000 ლარი შესწირეს. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს „არალი”, რომელმაც 2021 წელს 20.6 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილის კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მსხვილი კონტრაქტების მიღებასა და ამ პროცესში კორუფციული რისკების არსებობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც საუბრობდა. ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო”, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” წლის განმავლობაში ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში გაერთიანებული პირები თითქმის ყოველ წელს სოლიდურ თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და ეს, როგორც წესი, ძალიან მოკლე დროში 1-2 დღის შუალედით ხდება ხოლმე. სხვა წლების მსგავსად, ასევე, დიდ ყურადღებას იქცევს შპს „არსაკიძე-2000”, კომპანია, რომელმაც 2021 წელს დაახლოებით 4 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები ამავე დროს დაკავშირებული არიან შპს „ლილო-მოლთან” - მსხვილ ბიზნესჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური დონორები არიან და ისინიც, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების მსგავსად, მოკლე დროის შუალედში სწირავენ ხოლმე ფულს მმართველ პარტიას. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 10 ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორს შორის მოხვდა, არის შპს „იბოლია”. რომელმაც „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” 20,000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის, მისი მფლობელის, პარლამენტის ყოფილი წევრის, იოსებ მაკრახიძის და მისი ოჯახის წევრების კომპანიების მიერ საეჭვო გარემოებებში ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ასევე არაერთხელ უსაუბრია“, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში. რაც შეეხება მმართველი პარტიის შემომწირველების ან მათი კომპანიების მიერ მიღებულ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, აღსანიშნავია სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო", რომელმაც წლის განმავლობაში 3.2 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი მიიღო, ხოლო მისმა დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ მმართველ პარტიას 55,000 ლარი შესწირა. „უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი ერთ, 2.5 მლნ ღირებულების კონტრაქტზე მოდიოდა, რომელიც კომპანიას სსიპ-მა „ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ” „კორონავირუსის” ეპიდემიის მართვის ღონისძიებების ფარგლებში გაუფორმა. კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღო შპს „ნიუ ტიფლის” იყო, რომელიც უკვე ნახსენებ შპს „არსაკიძე - 2000”-სა და შპს „ლილო-მოლთან” დაკავშირებული ბიზნესჯგუფთან არის დაკავშირებული“, - ნათქვამია კვლევაში.
უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო უწყებას, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რადას უკვე აქვთ შემუშავებული ტექსტი მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად
უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსანდრ კოვალჩუკმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინის რადას უკვე აქვთ შემუშავებული ტექსტი სააკაშვილის გამოთხოვის შესახებ. მისივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. „ჩვენ რამდენიმე დღე ვგეგმავდით შესვლას და ძალიან კარგია, რომ შეხვედრა საბოლოოდ შედგა. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მას ძალიან ცოტა ძალა შერჩა. ამასთან, აქვს შინაგანი ძალა, რაც მას ბრძოლის გაგრძელების საშუალებას აძლევს. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რა ელოდება მას, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მას არ აძლევენ ტელეფონით საუბრის უფლებას, რაც მას წესით უნდა ჰქონდეს. ციხეში პატიმრებისთვის ტელეფონით საუბარი შეიძლება, მისთვის კი არა. ციხეში პატიმრებს სეირნობის უფლება აქვთ, მას კი არა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ის ვნახეთ. ვნახეთ, არის ის, რომ ყველაფერი ცუდადაა. მას სჭირდება ზედამხედველობა და ნორმალურ საავადმყოფოში ყოფნა. რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს უკრაინაში. ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინის რადას უკვე აქვთ შემუშავებული ტექსტი სააკაშვილის გამოთხოვის შესახებ. თქვენ მას მალე იხილავთ”, - აღნიშნავს ალექსანდრ კოვალჩუკი ქართულ მედიასთან საუბრისას. ამავე თემაზე: საგარეო უწყება უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაცემის საკითხს განმარტავს
ბაიდენმა რომის პაპს როგორც „მშვიდობისთვის მებრძოლს“ სპეციალური მონეტა გადასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს ვატიკანში შეხვედრა გამართეს. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ შეხვედრა 90 წუთს გაგრძელდა. შეხვედრაზე საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას რომის პაპმა უთხრა, გაეგრძელებინა ზიარება ზოგიერთი კონსერვატორი ამერიკელი ეპისკოპოსის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ადმინისტრაციის მხრიდან აბორტების უფლების მხადაჭერის გამო. ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს აბორტის უფლებას, რაც კათოლიკური ეკლესიის პოზიციას ეწინააღმდეგება. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად რომში გუშინ გვიან ღამით ჩაფრინდა. თეთრი სახლის ცნობით, განსახილველ საკითხებში იყო COVID19 და კლიმატის ცვლილება, თუმცა შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რომის პაპთან საუბრისას ბევრი თემა განიხილა. CNN-ი იტყობინება, რომ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ კადრებში ჩანს, მხარეები ერთმანეთს თბილად შეხვდნენ, საჩუქრებიც გაცვალეს და ერთმანეთს გააცნეს დელეგაციები. ბაიდენმა რომის პაპს გადასცა სპეციალური მონეტა, დელავერის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის გამოსახულებით, სადაც მისი ვაჟი, ბო (გარდაცვლილი) მსახურობდა. „ვიცი, რომ ჩემს შვილს ამ საჩუქრის გადმოცემის სურვილი ექნებოდა , - უთხრა ბაიდენმა რომის პაპს. ბაიდენმა მადლობის ნიშნად გაიხსენა, რომ 2015 წელს რომის პაპი პირადად ჩავიდა ვაშინგტონში ბო ბაიდენის გარდაცვალების შემდეგ. ბაიდენმა განმარტა, რომ მონეტებს „მეომრები და ლიდერები“ იმსახურებენ, აშშ-ის პრეზიდენტმა აქვე დაამატა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი მეომარი მშვიდობისთვის, ვინც კი ოდესმე შეხვედრია, სწორედ რომის პაპია“. ამერიკული მედია წერს, რომ ბაიდენის შეხვედრას დღეს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ქვეყნისთვის მეორე კათოლიკე პრეზიდენტისთვის, რომელიც თითქმის ყოველ კვირას ესწრება მესას, პირჯვარს იწერს თავის გამოსვლების დროს და აქვს პაპის ფოტო ოვალურ კაბინეტში მისი მეუღლისა და შვილიშვილების ფოტოებთან ერთად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბაიდენი ეწვია ვატიკანს 2016 წლის შემდეგ, 2015 წელს მას შვილი სიმსივნით გარდაეცვალა. ვიზიტის მიზანი სამედიცინო კონფერენციაზე დასწრება და იმ ავადმყოფობის მიზეზის სამკურნალო საშუალებების შემუშავება იყო, რითაც ბო ბაიდენი გარდაიცვალა. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი დიდი ოცეული სამიტზე დასასწრებად რომში ჩაფრინდა
უსაფრთხოების პაქტის გარშემო დაძაბულობის შემდეგ, აშშ-ის და საფრანგეთის ლიდერები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს რომში გამართული შეხვედრისას განუცხადა, რომ აშშ-მ უხერხულობა იგრძნო უსაფრთხოების პაქტის გამო, რომლის გამოც საფრანგეთმა მილიარდობით თანხა დაკარგა. საუბარია 2016 წელზე, როცა ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ავსტრალიის ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა. კონტრაქტის ღირებულება, რომელიც აშშ-ის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მიერ თავდაცვის ალიანსის გაფორმების შემდეგ ჩაიშალა, 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა. იმ პერიოდში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უსაფრთხოების პაქტს უწოდა „ზურგში დარტყმა“ და საფრანგეთმა დროებით გაიწვია აშშ-ისა და ავსტრალიის ელჩები. დღეს ლიდერები პირველად შეხვდნენ ამ შეთანხმების გაფორმების შედეგად წარმოქმნილი უხერხულობის შემდეგ. მაკრონმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია „მომავლისკენ ხედვა“. „ღვთის წინაშე, გულწრფელად გითხრათ, მე ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ საფრანგეთს დიდი ხნით ადრე აცნობეს, რომ შეთანხმება არ სრულდებოდა“, - დაამატა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი, ღირებული პარტნიორია. საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ იმედი აქვს, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება. „ერთობლივად დავამყარეთ ორმხრივი პარტნიორობა იარაღის ექსპორტის, ბირთვული და განახლებადი ენერგიების, კოსმოსისა და ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროებში. გვსურს, გაღრმავებული თანამშრომლობა გვქონდეს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე დღეს გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 28 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე თავისუფალია. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „უკანონოდ დაკავებულთა უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა. აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, - აცხადებს სუს-ი.
ჩინეთი ტაჯიკეთში სამხედრო ბაზას ააშენებს
ტაჯიკეთის პარლამენტმა ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის დაფინანსებით ახალი სამხედრო ბაზა აშენდება. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ბაზა მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში განთავსდება. ავღანეთის საზღვართან ბაზის განთავსების მიზანს ტაჯიკეთი მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებითა და დროული რეაგირებით ხსნის. ახალი ბაზის კონტროლს მთლიანად ჩინეთი უზრუნველყოფს. სანაცვლოდ, ტაჯიკეთი ჩინეთისგან სამხედრო დახმარებას ელის.
იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე: თუ საჭირო გახდა, ვერტმფრენს გამოვიყენებთ
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ვერტმრენით გადაიყვანენ გლდანის ციხეში. ამით იუსტიციის მინისტრი საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „მსჯავრდებულ სააკაშვილის გლდანის მე-8 დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, გარკვეული დესტრუქციული ქმედებები იგეგმება“. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „სრული მზადყოფნაა ნებისმიერი სცენარისთვის“, „სუსის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად, საუბარია შესაძლო მძიმე დანაშაულზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისთვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, - აღნიშნა ბრეგაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოპონენტები ბოლო დღეებში მიმართავენ ამორალურ მანიპულაციას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. „დღეს ის განცხადებებიც ვიხილეთ, თითქოს ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული პატიმრის სიცოცხლე და თუკი ვინმე „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ მისცემს ხმას, ის პატიმრის მკვლელობის თანამონაწილეა. ესაა ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ტყუილი, ამორალური საქციელი და ამომრჩეველზე პირდაპირ ძალადობა. ეს ძალადობა ძალიან მალე დასრულდება. ეს დასრულდება ხვალ და ბუნებრივია ამ ქვეყანაში არასოდეს მიეცემა გასაქანი მსგავსი ტიპის ქმედებებს და ზოგადად, მოსახლეობის შეურაცხყოფას. მსგავსი მანიპულაციები მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაა“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი მის გუშინდელ განცხადებაზე: უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „თვითმკვლელობის ნაცვლად, შიმშილობის თქმა სურდა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი და რეანიმობილი. „ყველა დაკავებულის, პატიმრის უფლებაა შიმშილობის უფლება. მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს, პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. „ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, ვიზრუნოთ პატიმარ სააკაშვილის და ბუნებრივია, ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე. იგი ვერ იქნება გამონაკლისი. რაც შეეხება ჩემს ნათქვამს, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, გუშინ მე ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიციაზე კანონმდებლობაში. ამაზე მქონდა საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შესაძლოა, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. რა თქმა უნდა, ყველა დაკავებულის, პატიმრის უფლებაა შიმშილობის უფლება. მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს, პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში. ამავე თემაზე: პრემიერი სააკაშვილის შიმშილობაზე: კანონის თანახმად, ადამიანს თავის მოკვლის უფლება აქვს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სუს-ის ბრიფინგზე: რაც ითქვა, იმას ყოველდღე ვწერ Facebook-ზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო წერედიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს დაბარებული იყო გამოკითხვაზე, თუმცა არ მივიდა. ბესო წერედიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სუს-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერები არ უნახავს, თუმცა არჩევნების შესაძლო გაყალბებისა და ქუჩის აქციების შესახებ ხშირად საუბრობს. „ამ ჩანაწერებისთვის არ მისმენია, ამიტომ ვერ დავადასტურებ ავთენტურობას, მაგრამ ის, რაც თქვენ მითხარით, ის, რომ „ოცნება“ გეგმავს არჩევნების გაყალბებას და გააყალბებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ყველაზე საოცარი ის არის, რომ რასაც ახლა მეუბნებით, რომ ბრიფინგზე განაცხადეს, მე ამას ყოველდღე ვწერ ფეისბუქგვერდზე. ის რომ, მათ სადღაც ჩანაწერები გააკეთეს, ეს იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში გვისმენენ. ისეთი საზიზღარი მეთოდებით გააყალბებენ არჩევნებს, რომ იმ 70 ათას კაცს, რომელიც იდგა თავისუფლების მოედანზე, მოუწევს არჩევანის დასაცავად გამოსვლა. ამაზე შეიძლება, ყოფილიყო საუბარი. დღეს ვიღაც გამომძიებელმა დამირეკა სუს-იდან და მითხრა, რომ დაბარებული ვიყავი. მე ვარ კომისიის წევრი საბურთალოზე, ხვალ გადამწყვეტი არჩევნებია ამ ქვეყნისათვის და ვუთხარი, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შეიძლება, მივცე ჩვენება“, - განაცხადა ბესო წერედიანმა. ამავე თემაზე: სუს-ი: ხელისუფლების დამხობის მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხილვა მიმდინარეობდა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი. ყველა თვითმმართველ ქალაქში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები უპირისპირდებიან: თბილისში – კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია („ნაციონალური მოძრაობა“); რუსთავში – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) და დავით კირკიტაძე („ნაციონალური მოძრაობა“); ქუთაისში – იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“) და ხატია დეკანოიძე („ნაციონალური მოძრაობა“); ფოთში – ბექა ვაჭარაძე („ქართული ოცნება“) და გიგი უგულავა („ნაციონალური მოძრაობა“); ბათუმში – არჩილ ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) და გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა“); ხუთი თვითმმართველი ქალაქის გარდა, მოქალაქეები დღეს მერებს ირჩევენ 15 მუნიციპალიტეტში – თელავი, თიანეთი, ქარელი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური. ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება იმ ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის უწევს, რომლებმაც პირველ ტურში გამარჯვებისთვის 50% +1 ხმის მიღება ვერ შეძლეს.
ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი დააფიქსირა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი დააფიქსირა. ივანიშვილი მთაწმინდაზე, საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა. ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა. ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.
ცესკოს სპიკერი: საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია
„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად", - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები უკვე ჩატარდა. „საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები, 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად", - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
მეორე ტურისთვის რეგისტრირებულ 2 088 722 ამომრჩეველს დღეს, 1830 საარჩევნო უბანი და 29 სპეციალური უბანი მოემსახურება
ცესკო-ს ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი და 29 სპეციალური უბანი, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მოემსახურება. მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 088 722. დღეს, 30 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. თქვენ ირჩევთ მერებს ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს. ორი ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება და ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით მისცემენ. ამასთან, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, მეორე ტურზეც განხორციელდება ბიულეტენების დათვლის აუდიო-ვიდეო გადაღება ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, საერთო ჯამში – 1 750 უბანზე. კალანდარიშვილის თქმითვე, ასევე გადაღებული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული საარჩევნო უბნების მონაცემების გადათვლის პროცესიც. ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია გაუგრძელდა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და მედიას. 30 ოქტომბრის არჩევნებს გაზრდილი რაოდენობით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები. რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 5 309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 35 198 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; ასევე 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი.
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს ცუდად გახდეს
"სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს „გახდეს ცუდად“. აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში, რაღაც ემოციები აღძრას", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილი იმიტირებულად შიმშილობს. „რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, გვაქვს ინფორმაცია, რომ მაინც და მაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს „გახდეს ცუდად“. აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში, რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4610 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4610 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2624 ადამიანი. ამასთან, გუშინ საქართველოში 55 815 ტესტი ჩატარდა. "Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 815 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 603 კვლევა ანტიგენის ტესტით და 24 212 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID19-ით ინფიცირების 4 610 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 715 865-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის - 8.96% ხოლო 7 დღის - 8.82%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 624 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 655 129-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 003 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა - 154, იმერეთი - 871, ქვემო ქართლი - 324, შიდა ქართლი - 324, გურია - 118, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 316, კახეთი - 577, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47. ➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 707 საიდანაც: 6 377 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 407, აჭარაში - 522, იმერეთში - 1 345. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 593 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 583, აჭარაში - 132, იმერეთში - 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პაციენტი, მათგან თბილისში - 175, აჭარაში - 42, იმერეთში - 31. 1 086 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 188 - აჭარაში. 43 244 პაციენტი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 5. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 29 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 404 ადამიანი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
კარლ ჰარცელილ: დღეს ეს არის მომენტი ქართველი ხალხისთვის, რომ შექმნას პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღეს დილით თბილისის #1საარჩევნო უბანზე მივიდა. ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ამ დროისთვის მისი პირველი გაჩერება იყო. ელჩმა ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მათ მშვიდ გარემოში ექნებათ ხმის მიცემის შესაძლებლობა „ეს საარჩევნო უბანი არის ჩემი პირველი გაჩერება, სადაც მე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას დავაკვირდები. ეს არის არჩევნების ბოლო რაუნდი და 2021 წლის საარჩევნო ციკლის დასასრული. დღეს არის არჩევნების დღე და ეს არ არის მომენტი ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, როდესაც უნდა ვისაუბროთ პოლიტიკაზე, არამედ ეს არის მომენტი ქართველი ხალხისთვის, რომ შექმნას პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, მე ვიმედოვნებ და მოვუწოდებ რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველს, გამოვიდნენ და თავიანთი ხმა გააგონონ, რადგან, როგორც ვიცით, არჩევნები არ განისაზღვრება უმრავლესობის სურვილით, ის განისაზღვრება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც გადაწყვეტენ გამოსვლას და ხმის მიცემას. ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, რომ ამომრჩევლებს დღეს თავისი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა მშვიდობიან გარემოში ექნებათ და ვისურვებდი, რომ მედიას ასევე მიეცემა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს განხორციელება თანასწორ და მშვიდობიან გარემოში. მინდა მადლობა გადავუხადო არჩევნებზე მომუშავე ადამიანებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს მუშაობა და გააგრძელებენ ამას გვიანობამდე. მე ვუსურვებ მათ გამბედაობას, გამძლეობასა და ჯანმრთელობას, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
კელი დეგნანი: კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიმართ უზრუნველოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „შეწუხებული ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ამ პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით როგორც აქ, ასევე ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მე არ ვარ ევროპული სამართლის ექსპერტი, თუმცა კვლავ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ის უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის ინტერესი რა თქმა უნდა არის, რომ მისი მოქალაქე იყოს დაცული. ჩვენი მხრიდან, კვლავ იქნება მოწოდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ სამედიცინო სფეროს პროფესიონალი წარმომადგენლები და განახორციელონ მისი მონიტორინგი“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტი: დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდება
"დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში, დასრულდება, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შემდეგ განაცხადა. ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. „მე მგონი, საჭიროა, თქვენც და ჩვენც, ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე, სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში, დასრულდება, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.