ძებნის რეზულტატი:

Bloomberg-ი: 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს

Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, ყველაზე მეტი ადამიანი კი ჩინეთშია ვაქცინირებული. სრულად ვაქცინირებულია, ორი დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67 %, აშშ-ში კი მოსახლეობის 57,8 %, ჩინეთში - 76.3 %-ზე მეტი. როგორც Bloomberg-ი იუწყება, მსოფლიოს მასშტაბით, დღეში 28.2 მილიონი ადამიანი იცრება, სხვადასხვა ვაქცინით. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის მხოლოდ 45.5 %-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი. ჩინეთში გამოყენებული Covid ვაქვინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.25 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 591 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 419 მილიონი.

ცესკოს თავმჯდომარე: საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა. საჩივრებიდან 121 დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტების მიერ. „საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ჩვენ დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებით უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საჩივრებს განიხილავს 4 დღის ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში კიდევ დამატებით არის ორი კალენდარული დღე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა. მისივე განმარტებით, არჩევნების გამჭვირვალეობის ხარისხის ასამაღლებლად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 150 უბანი გადაითვლება. „მინდა შეგახსენოთ, ასევე, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში, 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება, რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. აღნიშნული გადათვლების შესახებ ჩვენ, ასევე, უახლოეს მომავალში გაცნობებთ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ,“- განაცხადა კალანდარიშვილმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მიუხედავად მცირედი ხარვეზებისა, არჩევნების მეორე ტური შედგა „საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც,თუმცა, საერთო ჯამში, არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩევლებს დახვდათ კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, მცირედი ხნით, შეფერხდა კენჟისყრის პროცესი. რამდენიმე უბანზე, კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია. არჩევნების მეორე ტური შედგა. მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღეს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა. მისი თქმით, თბილისის ყველა უბნის მონაცემი ერთის გარდა დათვლილია, რომლის მიზეზიც ტექნიკური ხარვეზია. როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ერთ უბანზე დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზი რამდენიმე წუთში გამოსწორდება. ამასთან, კალანდარიშვილმა თბილისის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებიც შესახებაც ისაუბრა. „მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც იაქტიურა და გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ რამდენიმე უბანზე მცირე ხნით შეფერხდა პროცესი კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც არჩევნები შედეგზე გავლენა არ ჰქონია. თბილისის 769 უბნიდან მხოლოდ ერთი უბნის შედეგი არ არის ატვირთული, ამ შემთხვევაშიც ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს საქმე და რამდენიმე წუთში ეს ხარვეზი გამოსწორებული იქნება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 99, 87 პროცენტია დათვლილი, საიდანაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ მიიღო 44, 39 პროცენტი, ხოლო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, კახა კალაძემ 55,60 პროცენტი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, გიგანტი კომპანიები 15%-ით დაიბეგრებიან

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, გიგანტი კომპანიები 15%-ით დაიბეგრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა რომში გამართლ სამიტზე მიიღეს. სამიტს ესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. როგორც სამიტის მონაწილეები განმარტავენ, დიდი 20-ეულის მიერ დამტკიცებული შეთანხმება უზრუნველყოფს ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა გადაიხადონ მეტი გადასახადები და არ გაექცნენ მათ ოფშორებში გადასვლით. აღნიშნული საგადასახადო ინოვაცია, აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული.შეთანხმება, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის შევა ძალაში. აშშ-ის ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის განცხადებით, დიდი ოცეულის ახალი შეთანხმება ისტორიული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის. მისი პოზიციით, შეთანხმების შედეგად ისარგებლებს ამერიკული ბიზნესი და ზოგადად რიგითი მუშაკები, თუმცა ამერიკულ მეგაკომპანიებს მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (ОЭСР) შეფასებით, ახალი საგადასახადო ვალდებულებით, ტრანსნაციონალური კორპორაციებისგან გადახდილი გადასახადის რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი იქნება. ოქტომბერში 136 ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას გლობალური კორპორაციების მინიმალური დაბეგვრის შესახებ, მათ შორის ისეთი ინტერნეტ-გიგანტების, როგორიცაა Google, Amazon-ი, Facebook-ი, Microsoft-ი და Apple. მათთვის აღნიშნული შეთანხმებით რთული იქნება გადასახადებისგან თავის არიდება ისეთი ოფისების გახსნით, რომლებიც წესდების თანახმად მცირე თანხებით იბეგრებიან. დიდი ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა,რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.

კახა კალაძე გამარჯვების შემდეგ: მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას

"ამ არჩევნებით, მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამაში დასაკარგი დრო" – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მას სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ დააასრულებს ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას. „პირველ რიგში, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩემს თანამებრძოლს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო პროცესში და დაუღალავად იშრომა იმისთვის, რომ არა მხოლოდ მე, ან ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, არამედ სამართლიანობას, მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას გაემარჯვა. რა თქმა უნდა, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. მინდა მივმართო ჩემს თბილისელებს – ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს ასეა, ასე იყო და რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება. ამ არჩევნებით, მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამაში დასაკარგი დრო.“, – განაცხადა კალაძემ. კახა კალაძის თქმით, მისი გუნდი ახალი მიზნებით წარდგება საზოგადოების წინაშე. „ჩვენ, ახალი ენერგიით და ახალი, მომავალზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მიზნებით და მიდგომებით წარვდგებით საზოგადოების წინაშე და ახალი ენერგიით შევუდგებით ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას. ამ მიზნების მისაღწევად კი, ჩვენ თითოეული თქვენგანის თანადგომა, ენერგია და გამოცდილება გვჭირდება. ჩვენ, ყველა თბილისელი, საქართველოს ყველა მოქალაქე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის უკეთესი მომავლის საშენებლად. მე ამ საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის გვერდში დგომის იმედი მაქვს, რადგან ერთად შეუძლებელს შევძლებთ. ჩვენ თუ ერთად ვიდგებით, ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, მწვანე, ჯანსაღი, კეთილდღეობითა და სიცოცხლით სავსე, მე ამას ვპირდები თბილისელებს. ჩვენ, ჩვენი ერთიანობით, შეგვიძლია შევქმნათ გაერთიანებული და ერთიანი საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბედნიერად და ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრებენ. ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას ყოველგვარი მტრობის გამორიცხვით, ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით შევძლებთ. ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ არა ერთმანეთზე, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

ოპოზიციური კოალიცია დღეს, რუსთაველის გამზირზე მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობს

ოპოზიციური კოალიცია დღეს, რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობს. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა. "არავინ არ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას. ვაპირებთ მშვიდობიან ბრძოლას. იმისთვის რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს საღამოს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტულ გეგმაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება. გელოდებით ყველას მეგობრობა. ბრძოლა გუშინ არა თუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო",- ნიკა მელია. თვითმაღთველობის მეორე ტურში 20 თვითმმართველი თემიდან და ქალაქიდან ოპოზიციამ მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. საარჩევნო ოლქების ნაწილში, ოპოზიციის და ხელისუფლების კანდიდატებს ხმებს შორის მინიმალური სხვაობა ფიქსირდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა: ვინაიდან კანდიდატების ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, დაფიქსირებულ დარღვევებს შესაძლოა გავლენა მოეხდინა შედეგებზე

"ვინაიდან ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე", - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ანგარიშშია აღნიშნული. TI განცხადებით, შესაძლოა, საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით 250-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ჩვენ მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში მთლიანობაში 23 საჩივარი დაწერეს. არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. ასევე, ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლის არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვის ფაქტები. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. პრობლემური იყო მიკერძოებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი არაერთი დარღვევა, რასაც ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კომისიებიც უწყობდნენ ხელს. კენჭისყრის შედეგების დათვლისა და შეჯამების ეტაპზე ტენდენციის სახე ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების დედნების შედგენის პროცესის ხელოვნურად დაყოვნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოქმების პროექტების წინასწარ შეთანხმების პრაქტიკას. გარდა ამისა, არაერთ უბანზე დაფიქსირდა კომისიების მიერ ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების არასწორედ განაწილების ფაქტები. ცესკომ არჩევნების შედეგების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესული ოქმების გასაჯაროების პარალელურად დაიწყო, რაც პირველი ტურის დროს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა. კონკრეტული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი: ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბნებს გარეთ დღის მეორე ნახევარში იმატა საარჩევნო უბნებსა და უბნებს გარეთ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებმა, რაზეც ინფორმაციას გვაწვდიდნენ როგორც ჩვენი დამკვირვებლები, ისე აქტიურად შუქდებოდა მედიის მიერ. პოლიტიკური პარტიების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს თბილისში #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #84 უბანზე, #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #40 უბანზე და #6 სამგორის სარჩევნო ოლქის #62 უბანზე, ასევე #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 უბნის გარეთ ჰქონდა ადგილი. ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის შემთხვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვისაც” გაავრცელა განცხადება. მაგალითად: #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა. #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ძალადობის შემთხვევის შესახებ ვიდეომასალა გაავრცელა „ტვ მონიტორინგმა“, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ფიზიკურად უსწორდება ამ მედიასაშუალების ჟურნალისტს. #64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის #1 უბნიდან „გურია ნიუსის” ჟურნალისტი უკანონოდ გამოაძევეს იმ მიზეზით, რომ ის საკუთარი ტელეფონით ვიდეო გადაღებას აწარმოებდა. დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა კენჭისყრის დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებს, რიგ შემთხვევებში კომისიის წევრები მათდამი აგრესიითაც გამოირჩეოდნენ. მაგალითად: #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ჩვენს დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე. #64 სენაკის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე შედეგების შეჯამებისას ჩვენს დამკვირვებელს გარკვეული დროის განმავლობაში არ უშვებდნენ კენჭისყრის შენობაში. სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა. #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #22 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სავარაუდოდ არასწორად გაბათილებული ბიულეტენის ფოტოგადაღების საშუალება არ მისცეს. საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მიერ საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვას. კერძოდ, დამკვირვებლები ნაკადის მომწესრიგებლის ან რეგისტრატორის გვერდით იდგნენ, ყველა ამომრჩევლის ვინაობით ინტერესდებოდნენ და ინფორმაციას დისტანციურად გადასცემდნენ. ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა #19 თიანეთის და #79 ბათუმის საარჩევნო ოლქებში. გარდა ამისა, #79 ბათუმის, #17 თელავის და #20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა. მოსული ამომრჩევლის უბნის შიგნით აღრიცხვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ასეთი ქმედება ამომრჩევლის ნების კონტროლად არის აღქმული და უარყოფითად იყო შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები ისევე როგორც პირველი ტურის დროს, ტენდენციას წარმოადგენდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ კანონდარღვევებში მონაწილეობა. მაგალითად: #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის უბნებზე ტენდენციის სახე ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების „კავშირი მწვანე დედამიწის” (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 2066 დამკვირვებელი) და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 1590 დამკვირვებელი) რამდენიმე დამკვირვებლის ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად ყოფნას, რაც კანონით არ არის დაშვებული. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ზედმეტ დამკვირვებელს უბნიდან უშვებდა. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში #15 უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, „კავშირი მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი თინათინ კაკაჩია აპირებდა უბანზე ფულის დარიგებას. ამ ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი უბნის შიგნით და გარეთ. ფიგურანტები პოლიციაში გადაიყვანეს გამოსაკითხად. #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 467 დამკვირვებელი) დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას. #58 და # 104 უბნებზე „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ და „კავშირის მწვანე დედამიწას" დამკვირვებლები იდგნენ რეგისტრატორთან და აფიქსირებდნენ მოსულ ამომრჩეველთა ვინაობას, რომელსაც ტელეფონით გადასცემდნენ გაურკვეველ პირს. შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესის დაყოვნება ფოთის, გლდანის, საბურთალოს, რუსთავის, ზუგდიდისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქების უბნებზე კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესი გაიწელა. კომისიამ მხოლოდ ოქმის ასლი შეავსო, საოლქო საარჩევნო კომისიას გაუგზავნა და ორიგინალის შევსებისგან თავს იკავებდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, რომ შემაჯამებელი ოქმების შევსებამდე, მონაცემები საოლქო კომისიებისთვის ეჩვენებინათ. მსგავს პრაქტიკას არ ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი და საუბნო კომისიების კომპეტენციაში არაგონივრულ ჩარევად შეიძლება მივიჩნიოთ. ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების დახარისხების დროს არსებული პრობლემები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხშირად იყო დავა ბიულეტენის გაბათილება/არგაბათილების საკითხზე. ხშირ შემთხვევაში კამათი მიმდინარეობდა ისეთი ბიულეტენების გაბათილებაზე, სადაც აშკარად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება. მაგალითად, #66 ხობის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე და #5 ისნის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე რამდენიმე ბათილი და ნამდვილი ბიულეტენი არასწორად მიაკუთვნეს შესაბამისი კატეგორიის ბიულეტენებს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვება კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევას. კერძოდ: #69 ჩხოროწყუს ოლქის #15 უბანზე, 10-ზე მეტი ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე. რეკომენდაციები სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი;საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეადგინონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, ამ პროცესში არაგონივრული ჩარევის თაობაზე;ცესკომ უფრო ცხადი ინსტრუქცია და რეკომენდაცია მისცეს საუბნო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენების ბათილად ცნობის საფუძვლების თაობაზე;საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლების აღნუსხვისა და პერსონალური მონაცემების არამართლზომიერი დამუშავებისგან თავი უნდა შეიკავონ. ასევე, კომისიის თავმჯდომარეებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის და საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოყენებული მსგავსი პრაქტიკის დროულად აღმოსაფხვრელად;საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციისა და სამუშაო ეთიკის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე", - აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ანგარიშში. გუშინ, 30 ოქტომბერს, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ხმები ასე განაწილდა: თბილისი: ნიკა მელია 44,39%; კახა კალაძე 55,60%; დათვლილია ხმების 100%ქუთაისი: ხატია დეკანოიძე - 48.35%; იოსებ ხახალეიშვილი - 51.64%; დათვლილია ხმების 100%ბათუმი: არჩილ ჩიქოვანი - 51.018% ; გიორგი კირთაძე - 48.982%; დათვლილია ხმების 100ზუგდიდი: ანზორ მელია - 48.36%; მამუკა წოწერია - 51.63%; დათვლილია ხმების 100% რუსთავი: დავით კირკიტაძე - 46.28%, ნინო ლაცაბიძე - 53.71%, დათვლილია ხმების 100%ფოთი: გიგი უგულავა - 42.65%, ბექა ვაჭარაძე - 57.35%; დათვლილია ხმების 100%.

ISFED: არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე

"არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი და 22 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნები ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა. კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობის და მარკირების შემოწმების დარღვევების ფაქტები. ასევე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფასა და ზეწოლის ფაქტებს. რაც შეეხება ხმის დათვლისა და შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია, თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები. არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ დროისთვის “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი და 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში“,-განაცხადა დოლიძემ. "სამართლიანი არჩევნები" ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალს აქვეყნებს. გარე დაკვირვების მიგნებები (08:00-20:00) „სამართლიანი არჩევნები“ 8 მუნიციპალიტეტის შემთხვევითად შერჩეული 100 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრსაც დააკვირდა. ორგანიზაციამ უბნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია 100-ვე დამკვირვებლისგან მიიღო. შედეგების მიხედვით: 34 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. აქედან, 15 უბანზე შეინიშნებოდა შეკრება მხოლოდ 100 მეტრამდე პერიმეტრში, 11 უბანზე შეკრება მხოლოდ 100 მეტრის გარეთ ხდებოდა, ხოლო 8 უბანზე შეკრება პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა; 11 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა; ზეწოლისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა 8 უბანზე;სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა დაფიქსირდა 4 უბნის გარეთ, მათ შორის 2 თბილისში და 2 ბათუმში; 2 უბნის შემთხვევაში გამოვლინდა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტი; 10 უბანზე შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება-ტრანსპორტირება ხმის მისაცემად; 5 უბანზე შეინიშნებოდა კომისიის წევრების საეჭვო კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან. უბნის მოწყობის, კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესის სტატისტიკა „სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის მოწყობის, კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესის შესახებ ინფორმაცია 542 დამკვირვებლისგან მიიღო. შედეგების თანახმად: ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე შესვლის უფლება ყველგან შეუზღუდავად მიეცათ; 502 საარჩევნო უბანი კენჭისყრის დასაწყებად 08:00 სთ-ზე, ხოლო 40 საარჩევნო უბანი 08:00-08:20 შუალედში იყო მზად; 540 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესის შესაბამისად გადანაწილდა; წილისყრის პროცედურის დარღვევები თბილისის და ბათუმის საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა; ყველა უბანზე საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა და პაკეტების მთლიანობა, სადაც კომისიის ბეჭდები იყო განთავსებული, დაცული იყო; 541 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას ყოველთვის სათანადო დოკუმენტაციით აძლევდნენ; 534 საარჩევნო უბანზე მარკირება ყოველთვის კანონით დადგენილი წესისამებრ მოწმდებოდა; მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევის შემთხვევები თბილისის (4), ბათუმის (1); რუსთავის (1); ზუგდიდის (1) და ფოთის (1) საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა; 538 საარჩევნო უბანზე მარკირება ყოველთვის სათანადოდ კეთდებოდა; მარკირების გაკეთების პროცედურის დარღვევის შემთხვევები თბილისის (2), ბათუმის (1) და ზუგდიდის (1) საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა; 536 საარჩევნო უბანზე ბიულეტენები სათანადოდ, ხელმოწერითა და ბეჭდით, მოწმდებოდა; ბიულეტენების დამოწმების წესის დარღვევის შემთხვევები თბილისის (2), ბათუმის (2) და ზუგდიდის (2) საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა; 534 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები თბილისის (2), ბათუმის (2) და ზუგდიდის (4) საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა; 23 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა (2) ან/და სიტყვიერი დაპირისპირების (21) ფაქტები; აქედან, 8 შემთხვევა თბილისის, 5 რუსთავის, 4 ზუგდიდის, 2 ქუთაისის, 2 ბათუმის და თითო შემთხვევა ფოთისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში გამოვლინდა; 10 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისათვის დაკვირვების უფლების შეზღუდვის და მათზე ზეწოლა/მუქარის შემთხვევები, მათ შორის ზუგდიდის (5), ფოთის (2), ქუთაისის (1), თბილისის (1) და თელავის (1) საარჩევნო ოლქებში; 7 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში ხდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა, მათ შორის ბათუმის (4), რუსთავის (1), ზუგდიდის (1) და თელავის (1) საარჩევნო ოლქებში; 16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო სიებთან და გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის თბილისის (6), ზუგდიდის (3), ქუთაისის (2), ფოთის (2), ბათუმის (1), ოზურგეთისა (1) და თელავის (1) საარჩევნო ოლქებში; 541 საარჩევნო უბანზე წილისყრა მთვლელების შესარჩევად კანონით დადგენილი წესით ჩატარდა; ბიულეტენების დათვლის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა ყველა საარჩევნო უბანზე; 540 უბანზე საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დაილუქა. საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევები „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ხმის დათვლის პროცესის დროს გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ერეოდა კომისიის საქმიანობაში. დამკვირვებლის მითითების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენელმა დამკვირვებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; #66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკანონოდ შეზღუდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უფლება. კერძოდ, დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ჩანაწერთა წიგნი დაულუქავი იყო და მითხოვა დოკუმენტის ნახვა. პასუხად, თავმჯდომარემ დოკუმენტი დამალა და დამკვირვებლის მიმართ გამოავლინა აგრესია. ბათილი ბიულეტენები #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცედურის დროს დაფიქსირდა 8 ბიულეტენი, რომელთაგან არც ერთს არ აქვს რეგისტრატორის ხელმოწერა. რვავე ბიულეტენზე ხმა ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ იყო მიცემული; #17 თელავის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა რამდენიმე ბიულეტენი დაამოწმა ბეჭდით, მაგრამ არ დაამოწმა ხელმოწერით, რის გამოც ბიულეტენები გაბათილდა. აღნიშნულ ბიულეტენებში ხმა დაფიქსირებული იყო ოპოზიციური სასარგებლოდ; #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით 20 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული ხელმოწერით ან ბეჭდით. კომისიამ არ მოახდინა დამრღვევი რეგისტრატორების იდენტიფიცირება. ბიულეტენებზე, უმრავლეს შემთხვევაში ხმა ოპოზიციური პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ იყო მიცემული; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში გამოვლინდა ბიულეტენების არასათანადოდ შევსების 15 შემთხვევა. კერძოდ, ბიულეტინთა ნაწილზე არ ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა, ნაწილზე კი - რეგისტრაციის ბეჭედი. შედეგად ყველა ეს ბიულეტენი გაბათილდა, თუმცა რეგისტრატორებს აღნიშნულის თაობაზე ახსნა-განმარტება არ დაუწერიათ. რეაგირება არ მომხდარა ასევე კომისიის თავმჯდომარის მხრიდან; #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ბიულეტენები ბეჭდითა ან/და ხელმოწერით არ დაამოწმა, რის გამოც 4 ბიულეტენი გაბათილდა; #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არ დაამოწმა 2 ბიულეტენი, რის გამოც ბიულეტენები გაბათილდა; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბნის კომისიამ ბათილად მიიჩნია ისეთი ბიულეტენები, რომლებშიც ამომრჩევლის ნება რეალურად იკვეთებოდა. მაგალითად, გადახაზული იყო ერთი კანდიდატი და შემოხაზული - მეორე. ამ მიზეზით გაბათილდა დაახლოებით 10 ბიულეტენი; #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #39 საუბნო საარჩევნო კომისიამ მერის არჩევნების 6 და მაჟორიტარული არჩევნების 6 ბიულეტენი მიიჩნია ბათილად, იმის მიუხედავად, რომ ამომრჩევლის ნება იკვეთებოდა. ბიულეტენების ჩაყრა #5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე, ყუთის ზედამხედველმა ზედმეტად მოათავსა სპეციალური კონვერტები ყუთში. ამ ფაქტს უბანზე მოყვა არეულობა და შეფერხდა საარჩევნო პროცესი. ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ ხმის მიცემის საშუალება. Მმოგვიანებით, უბანზე არსებული დაპირისპირების გამო, თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. უბანზე იყო პრაქტიკულად სრულიად უმართავი სიტუაცია და შეხლა-შემოხლა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ადგილზე დაწერა საჩივარი. დამკვირვებელმა თვითონ დაინახა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, თუმცა ხმის დათვლის დროს ე.წ „ბალანსი“ შედგა, რაც იწვევს ეჭვს, რომ ბიულეტენების ჩაყრასთან ერთად, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან ხელმოწერების გაყალბებას. ფიზიკური დაპირისპირება #67 საარჩევნო ოლქის #90 უბანზე დათვლის შედეგად გამოვლინდა დისბალანსი 1 ხმის მეტობით, რაზეც რეგისტრატორმა დაწერა ახსნა-განმარტება. ოპოზიციამ გამოხატა უნდობლობა შედეგების მიმართ, რასაც მოყვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი კომისიის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა #60 საარჩევნო ოლქის ოზურგეთის #37 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს არ მისცა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი, რადგან მისი განმარტებით ქსეროქსის აპარატი არ მუშაობდა. დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში #5 ისნის საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე, გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 3-ით მეტია ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე; #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე, გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. საგულისხმოა, რომ ხმების დათვლისას, ერთი კონვერტიდან ამოვიდა ერთი და იგივე სახეობის ორი ბიულეტენი. დაულუქავი დოკუმენტაცია #69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #3 და #10 საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული ჩანაწერთა წიგნები არ იყო დალუქული; #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნიდან შემოსული ჩანაწერთა წიგნი არ იყო დალუქული. ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #53 საარჩევნო უბანზე, სამაგიდო სიაში, ერთ-ერთ რეგისტრატორის ხელმოწერის გასწვრივ ამომრჩევლის ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიუხედევად იმისა, რომ ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა, მონაცემი მაინც აისახა ხელმოწერების საერთო რაოდენობაში; #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში მყოფი 11 ამომრჩევლიდან ყველამ მიიღო მონაწილეობა როგორც მერის, ასევე - საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში, მაშინ, როდესაც 4 მათგანს არ ჰქონდა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. აგიტაცია საარჩევნო უბანზე #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახში განთავსებული იყო „ქართული ოცნების“ დროშა, რაზეც თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.

ერაყში აშშ-ის საელჩოსთან ახლოს სამი რაკეტა ჩამოვარდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის სიახლოვეს, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს, სამი ერთეული რაკეტა ჩამოვარდა. დაბომბვა ერაყში მიმდივნარე არჩევნების პარალელურად მოხდა. ერაყის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩამოვარდნილი რაკეტები საბჭოთა წარმოებისაა. ბომბები ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ საავადმყოფოსთან, ბანკთან და ამ რაიონის წყლის მართვის განყოფილებასთან ახლოს დაეცა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე უჯიკე ბიძია მაგას, უჯიკე მიყვარს უცხოური პრესის გადათვალიერება, ყოველთვის მიყვარდა, თითო ვადაგასულ გაზეთს რომ ძლივს იპოვიდი რომელიმე ბიბლიოთეკაში, მაშინაც... დღეს ინტერნეტმა ყველა ბარიერი მოხსნა - იკითხე რაც გინდა, რამდენიც გინდა...უცხოური ტელემედიის პროდუქტის ყურება ხომ მიყვარს და მიყვარს, განსაკუთრებით დოკუმენტური ფილმებისა და ადამიანთა ცხოვრების ამსახველი სიუჟეტების. ცნობილი საერთაშორისო მედია კომპანიები მართლაც რომ საოცარ დოკუმენტალისტიკას გვთავაზობენ, ფილმებს ადამიანებზე და ადამიანებისთვის - პრობლემების ახსნა და გამოსავალზე ფიქრი; ფაქტების დაბალანსებული წარმოჩენა და ფაქტების მონაცემებზე დაყრდნობა; პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ რიგითი ადამიანების თანამშრომლობა უკეთესი მომავლისთვის; ურთიერთკრიტიკა და ურთიერთპატივისცემა...ცუდი ჩვევაა უცხოურ მედიაზე მიჩვევა - ქართული მედია პროდუქტი სრულიად უფერულდება... ცუდი ჩვევაა უცხოურ მედიაზე მიჩვევა - სურვილი გიჩნდება შენც იმ სამყაროს ნაწილი გახდე... სულ მეფიქრება, ის სამყარო ქმნის იმ მედიას თუ ის მედია იმ სამყაროს...რასაკვირველია, პოლიტიკური ვნებათაღელვა ნამდვილ დემოკრატიულ საზოგადოებებსაც ახასიათებს, უფრო სწორად, ნამდვილი პოლიტიკური ვნებათაღელვა სწორედ ნამდვილ დემოკრატიულ საზოგადოებებს ახასიათებს... იქ სიტყვიერ დუელში ერკინებიან კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ერთმანეთს - იქ მსჯელობენ მომავალ პროექტებზე მონაცემებსა და კვლევებზე დაყრდნობით, იქ მსჯელობენ პოლიტიკური პროგრამების დეტალებზე და ამ პროგრამების იმპლემენტაციის სირთულეებსა თუ შედეგებზე... იქაც უყვართ და სძულთ, იქაც იგებენ და აგებენ, იმიტომ, რომ იქაც ადამიანები ცხოვრობენ... და ეს ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ გამარჯვებას საკუთარი მარცხის შემდეგ, ეს ადამიანები ერთობლივად მართავენ ქვეყანას პირადი მარცხისა თუ გამარჯვების მიუხედავად...სულ ერთი შემთხვევა მახსენდება ქართული რეალობიდან, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებულმა კანდიდატმა მეორე დღესვე მიულოცა გამარჯვება ოპონენტს და ამ ჟესტისთვის ის ყველამ გალანძღა, მტერმაც და მოყვარემაც - გარიგებული ყოფილაო, სპექტაკლი ყოფილაო, სუსტი ყოფილაო, პოლიტიკის არაფერი გაეგებაო, პოლიტიკა ბინძური საქმეაო, კაცი კაცისთვის მგელიაო... იქ სადღაც შორს, ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, ქალები რომლებიც ძლევამოსილ ქვეყნებს მართავდნენ და მთელ კონტინენტზე გავლენას ახდენდნენ, საკუთარი ნებით წავიდნენ პოლიტიკის მწვერვალებიდან და მიულოცეს კონკურენტებს... იქ სადღაც შორს, ცხრა მთას იქით და ოკეანეებს გადაღმა, კაცები რომლებიც ძლევამოსილ ქვეყნებს მართავდნენ და მთელ მსოფლიოზე გავლენას ახდენდნენ, ერთმანეთთან მეგობრობენ მიუხედავად მარცხისა თუ პარტიული დაპირისპირებისა, ფეხბურთის მატჩებზე ერთად მიდიან მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები...იქ სადღაც შორს, ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით თუ ოკეანეებს გადაღმა, ალბათ არ იციან რომ კაცი კაცისთვის მგელია, ალბათ პოლიტიკის არაფერი გაეგებათ, ალბათ გარიგებულები არიან და პოლიტიკურ სპექტაკლებს დგამენ... ალბათ ისინი სუსტები არიან... *** სულ მეფიქრება, რა ქმნის თანამშრომლობის ჩვევას და საზოგადოებრივ ეთიკას? რა ქმნის საარჩევნო თუ პოსტ-საარჩევნო კულტურას? ზემოდან მოდის იმპულსები თუ ქვემოდან მოდის დაკვეთა? კვერცხის და ქათმის დილემის არ იყოს, პოლიტიკურმა ელიტამ უნდა ასწავლოს საზოგადოებას საკუთარი მაგალითით თუ პირიქით, საზოგადოებამ აღზარდოს პოლიტიკური ელიტა... როგორც ერთი გმირი ამბობს, უჯიკე ბიძია მაგას, უჯიკეო - ვინ ვის უნდა უჯიკოს ამ მოჯადოებული წრის დასარღვევად, სადაც სიძულვილი სიძულვილს შობს, სადაც ზიზღი თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის, სადაც თანამშრომლობის შეუძლებლობა პროფესიონალიზმს კლავს, სადაც არაპროფესიონალიზმი მომავალს აუფერულებს, სადაც კაცი კაცისთვის მგელია, პოლიტიკა ბინძური საქმეა და ოპონენტთან თანამშრომლობა პოლიტიკური სისუსტე... *** ერთ ცხრა ზღვას იქეთა ამბავზე მინდა მოგიყვეთ ახალგაზრდობის წლებიდან. სამუშაო გარემოში მენტორი მყავდა - მაღალი, ჯმუხი, ჟღალი პროფესორი, რომლის ბიოგრაფიული მონაცემების წაკითხვის შემდეგ მივხვდი რატომ ჰქონდა ესეთი გადაღლილი სახე... როდესაც მენტორს პროფესიული რჩევისთვის მივადექი, თავი აარიდა პასუხს და მხოლოდ ის მირჩია, ინფორმაცია სად მომეძიებინა. ცოტათი გამიკვირდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ იქ, იმ გარემოში, სხვის აზრებზე ზეგავლენის მცდელობა მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა და ჩემდა უნებურად, ეთიკის დარღვევას ვთხოვდი ადამიანს... ისიც ვიფიქრე, რა დანიშნულება აქვს მენტორის ყოლას, თუ მისგან ვერაფერს ვისწავლი თქო...ჩემი ჟღალი მენტორი დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ემოციურობით არ გამოირჩეოდა - გარშემო მყოფებთან მუდმივად დისტანციურ, კოლეგიალურ ურთიერთობებს ინარჩუნებდა. ერთ დღესაც, დეპარტამენტში შეხვედრის ჩასატარებლად მოვიდა სხვა მაღალი, შავგვრემანი პროფესორი. ჩემმა ჟღალმა მენტორმა განსაკუთრებული ემოციით მიიღო სტუმარი, გადაეხვია, გადაკოცნა, მსჯელობდნენ რაღაც საკითხებზე და ბავშვური ხალისით იცინოდნენ ხუმრობებზე. ჩავთვალე, რომ ძველი მეგობრები იყვნენ და გაეხარდათ ერთმანეთის დანახვა. ახალგაზრდა კოლეგამ, რომელიც კულტურული თარჯიმნის როლს მიწევდა ხოლმე ჩემთვის დამაბნეველი კულტურული ღირებულებების საზოგადოებაში, ამიხსნა, რომ ეს ორნი მთელი კარიერული ცხოვრების მანძილზე ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ - სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ, სამეცნიერო სფეროში კი კრიტიკულ სტატიებს უძღვნიდნენ ერთმანეთს... ეს ორი კაცი ბავშვობის მეგობრებივით ხალისობდნენ ერთად, იმიტომ რომ ორივემ კარგად იცოდა საკუთარი თავის ფასი, მეტოქეობის ფასი და მეტოქესთან თანამშრომლობის ფასი... იმ დღეს მივხვდი, რომ მენტორისგან ბევრ რამეს ვისწავლიდი...

აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ

აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული ქვეყნების ლიდერებმა მოლაპარაკებები დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართეს. როგორც ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ირანის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯის გადადმის შემთხვევაში, კვლავ შესაძლებელია ურთიერთგაგების სწრაფი მიღწევა. "ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ, ირანმა ვერასდროს შექმნას ან შეიძინოს ბირთვული იარაღი. მოლაპარაკებების მთავარი ამოცანა სახიფათო ესკალაციის თავიდან არიდებაა", - ნათქვამია აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში. ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაღერიმ 27 ოქტომბერს განაცხადა. მანამდე ამ განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩის ენრიკე მორას ვიზიტი და ირანის ოფიციალური წარმომადგენლის ვიზიტი ბრიუსელში. „სერიოზული და კონსტრუქციული საუბარი მქონდა ევროკავშირის წარმომადგენელთან, ენრიკე მორასთან. წარმატებული მოლაპარაკების საფუძვლებზე ვისაუბრეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნოემბრის ბოლომდე მოლაპარაკებები დაიწყება. ზუსტი თარიღი მომავალ კვირას გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ბირთვული შეთანმხმების საკითხზე მოლაპარაკების გასაგრძელებლად ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას ითხოვს.

სირია ისრაელს დედაქალაქის დაბომბვაში ადანაშაულებს

სირია ისრაელს დედაქალაქის დაბომბვაში ადანაშაულებს. სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნების მიმართულებით ისრაელმა რაკეტები ისროლა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ისრაელის სამიზნე ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ მოკავშირე დაჯგუფების იარაღის საწყობები გახდა. მათი განცხადებით, სარაკეტო შეტევის შედეგად ორი სირიელი ჯარისკაცი დაშავდა და რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. ისრაელს სირიის ბრალდებაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მათი ქვეყანა, სირიაში ირანის პოზიციების გაძლიერებას არ დაუშვებს.

საქართველოს პრემიერი გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში გაიმართება. მთავრობის მეთაური გაერთიანებულ სამეფოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით პირველ ნოემბერს მიმართავს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია: მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი

"მწვავე უთანასწორობამ და ხელისუფლებაში ყოფნის არასამთავრობო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი", - ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა. იონსონის განმარტებით, კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო. კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც აშკარად უზღუდავდა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამოწვეულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. „კამპანია კონკურენტული იყო და მთელს ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ იყო ჩივილი დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ. კენჭისყრის და დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს, მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე პირთა ჯგუფები სავარაუდოდ, გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ, იყო შეშფოთების საგანი. მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება, მაგრამ ამავდროულად ეს ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.

ეუთო/ოდირი: პრემიერის განცხადება წაგებული მუნიციპალიტეტების იზოლაციაში მოქცევის შესახებ, ამომრჩევლის დაშინების მცდელობად შეფასდა

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციის მიერ მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი იზოლაციაში აღმოჩნდებოდა ეს შეფასდა, როგორც ოპოზიციის ამომრჩევლების დაშინების მცდელობა. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დროს შეინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში. „აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით, ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით. კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მათ შორის დაპირისპირებებს პარტიის ოფისებს გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს. არჩევნების მეორე ტურის დროს მედიაგარემო კვლავ პოლარიზებული იყო.კერძო მფლობელობაში არსებული მაუწყებლები მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს, უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას", - განაცხადა იონსონმა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდა კამპანიას, კერძო ტელევიზიების მხრიდან კი, აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი. „ოდირის მისიამ მედიის მონიტორინგი დაიწყო 4 სექტემბერს, შვიდი ქართველი მონიტორით, რომლებიც მუშაობდნენ კვირაში ექვსი დღის განმავლობაში მისიის ოფისებში არსებული აღჭურვილობის გამოყენებით. მეორე ტურის დროს მედიაგარემო კვლავ პოლარიზებული იყო. კერძო მფლობელობაში არსებული ეროვნული მაუწყებლები ან მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს ან უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას, ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას. მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლები, პირველი არხი და აჭარა ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდნენ კამპანიას, კერძო ტელევიზიების მხრიდან აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი, რაც აშკარად იყო მიმხრობა ერთი ან მეორე პოზიციისადმი. გაშუქება ძირითადად გამოიხატებოდა ურთიერთშეტევაში და ურთიერთბრალდებებში პარტიებსა და კანდიდატებს შორის. ნაკლებად შუქდებოდა ზოგადად პოლიტიკის საკითხები ან ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას. ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ორგანიზებას მეორე ტურში, მაგრამ ასეთი დებატები არ შემდგარა, რადგან მონაწილეებს ამის სურვილი არ გამოუვლენიათ“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა პრესკონფერენციაზე. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც 30 ოქტომბერს მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო. მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ. 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9% შეადგინ ცესკოს შემაჯამებელი მონაცემები: როგორ გადანაწილდა ხმები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია: მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი

ირაკლი კობახიძე: ეს იყო პირველი არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ

„ჩვენთვის ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ. ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ სწორედ ეს შევძელით“, - მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. "არჩევნებს წინ უძღოდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, ექვსთვიანი ხელოვნური კრიზისი, ორი დამნაშავის გათავისუფლება. ამ მოვლენებმა, ბუნებრივია, არჩევნების წინ, დამატებითი სირთულეები შეგვიქმნა. თუმცა, სათანადოდ გააზრებული ნაბიჯებით, ჩვენ ამ სირთულეების დაძლევაც წარმატებით შევძელით", - აცხადებს კობახიძე. მისი თქმით, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია. "რაც ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ამგვარი პრეტენზიები ჩვენს მიმართ ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს „ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსწონს. მომდევნო წლების განმავლობაში, გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მმართველობა საქართველოში მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს“.​ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც მმართველმა გუნდმა გააუმჯობესა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი; მისი განცხადებით, პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. კობახიძის თქმით, რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია წარმატებით: „ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43-პროცენტიან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ. მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში. ჩვენ, პრაქტიკულად, გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც გასული ერთი წლის მანძილზე გამოვიარეთ“. 20 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, წალენჯიხის გარდა, ყველა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიგეს, ზოგიერთ ქალაქში ძალიან მცირე სხვაობით. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენს.

ჯო ბაიდენმა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რომში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ. ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს NATO-ს ალიანსისა და სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოხატეს კმაყოფილება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გადადგმული ორმხრივი ნაბიჯების გამო. რამდენიმე დღის წინ ორივე ქვეყნის წარმომადგენლობამ ერდოღანის და ბაიდენის გლაზგოში, კლიმატის სამიტის ფარგლებში შეხვედრა დაანონსა. 27 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უახლოეს მომავალში გლაზგოში ოფიციალურად შეხვდება. თურქეთის პირველი აცხადებდა, რომ დღის წესრიგის მთავარი საკითხი F-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენის საკითხი იქნებაოდა. ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს თურქეთიდან ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“ თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია

ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია: არჩევნებზე ბევრი საჩივარი ძალადობას ეხებოდა

"„მეორე ტურში, ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, ხელისუფლების არასათანადო გამოყენებასთან, წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა ინესე ვაიდერემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბევრი საჩივარი ძალადობას ეხებოდა. "არჩევნების დღეს, ჩემი ჩათვლით, ვაკვირდებოდით თბილისს, აქ არ იყო დიდი დარღვევა, ერთი ორი გართულების გარდა. ყოველთვის არ იყო მოცულობითი საარჩევნო უბნები, ადგილი არ იყო, რომ კოვიდრეგულაციები დაცული ყოფილიყო. გულწრფელად იმედი მაქვს, ეს კოვიდვითარება არ მოახდენს გავლენას თანამშრომლებზე და იქ მონაწილე პირებზე, დისტანცირება მართლაც აუცილებელია. ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში არეულობები დააფიქსირა საარჩევნო უბნების მახლობლად. ჩვენ ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას. ასევე მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ვერ გადმოვიდნენ, რის გამოც ფაქტობრივად აღეკვეთათ არჩევნის განხორციელების უფლება. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს უნდა იყოს შეუქცევადი, ეს უკან არ უნდა შებრუნდეს. ამავე დროს, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება თქვენ ქვეყანაში ნამდვილად ისარგებლებდა, თუ პოლარიზაცია შემცირდებოდა. კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა ამ გაყოფას და უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისადმი და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისადმი“, - განაცხადა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. 30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, წალენჯიხის გარდა, ყველა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიგეს, ზოგიერთ ქალაქში კი ძალიან მცირე სხვაობით. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენს. ჯამში პირველ და მეორე ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან 63 ხელისუფლებამ მოიგო.

გერმანიის ელჩი არჩევნებზე: რესურსების მიმართულებით არ არის ბალანსი, იყო კონკრეტული ინციდენტები, ზეწოლა ამომრჩეველზე

"თავად არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო კონკრეტული ინციდენტები, ზეწოლა ამომრჩეველზე", - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. "რაც შეეხება სისუსტეებს, ის მოიცავს ძლიერ პოლარიზაციას, რომელიც არ პასუხობს კარგ დემოკრატიულ სულისკვეთებას, დამკვირვებლებმა თავის ანგარიშში ასახეს რამდენიმე მაგალითი - არ არის ბალანსი რესურსების მიმართულებით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. - ეს არის გარკვეულწილად კულტურის ნაწილი, რომელიც არსებობს საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ამის დაძლევა მოხდება. მე ვხედავ გარკვეულ პროგრესს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. მისი თქმით, აუცილებელია, სისუსტეებს მიექცეს ყურადღება, ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. „საერთაშორისო დამკვირვებლებმა წარადგინეს შეფასებები საქართველოს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება. მათ დაინახეს ბევრი კარგი გაუმჯობესება. დამკვირვებლებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს ბევრ სისუსტეს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. აუცილებელია, ამ სისუსტეებს მიექცეს ყურადღება და ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. არჩევნების შედეგების მიღება და დემოკრატიულ პროცესში მუშაობა ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა. მსურს, მივულოცო ყველას, ვინც მერად აირჩიეს, ვინც საკრებულოში აირჩიეს. ვუსურვებ მათ წარმატებას საქმიანობაში, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მუნიციპალიტეტთან იმუშაოს აქტიურად და ნდობით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა. 30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, წალენჯიხის გარდა, ყველა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიგეს, ზოგიერთ ქალაქში კი ძალიან მცირე სხვაობით. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენს. ჯამში პირველ და მეორე ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან 63 ხელისუფლებამ მოიგო. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია: არჩევნებზე ბევრი საჩივარი ძალადობას ეხებოდა ეუთო/ოდირი: პრემიერის განცხადება წაგებული მუნიციპალიტეტების იზოლაციაში მოქცევის შესახებ, ამომრჩევლის დაშინების მცდელობად შეფასდა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია: მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი

გიგა ბოკერია: ოპოზიციის ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" მცდარად მიმაჩნია, ბრძოლას ჭირდება თანმიმდევრულობა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით,ოპოზიციის ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" მცდარად მიაჩნია. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბოკერიამ აღნიშნა, რეჟიმის არასაარჩევნო გზით ცვლილებას საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური მეთოდების აღმოფხვრას. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი საუბრობს, ბოკერია ეთანხმება აზრს, რომ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას კომპლექსური მიდგომა, მათ შორის საპროტესტო აქციები სჭირდება. "ასეთ ვითარებაში, ასეთი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაგრამ აქვე მინდა, წინასწარ საზოგადოებამაც და ჩვენმა პარტნიორებმაც კონსულტაციებამდე იცოდნენ, რომ ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" ჩვენ მცდარად მიგვაჩნია. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ისეთი სახიფათო ავტორიტარული რეჟიმების, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოებისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას", - აცხადებს გიგა ბოკერია. მისი თქმით, ის მივა დღევანდელ აქციაზე, რომელიც ოპოზიციურმა კოალიციამ დააანონსა. "ნურავინ, ნურავის ნუ მოვატყუებთ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციური კოალიცია დღეს, რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობს. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა. "არავინ არ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას. ვაპირებთ მშვიდობიან ბრძოლას. იმისთვის რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს საღამოს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტულ გეგმაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება. გელოდებით ყველას მეგობრობა. ბრძოლა გუშინ არა თუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო",- ნიკა მელია. თვითმმართველობის მეორე ტურში 20 თვითმმართველი თემიდან და ქალაქიდან ოპოზიციამ მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. საარჩევნო ოლქების ნაწილში, ოპოზიციის და ხელისუფლების კანდიდატებს ხმებს შორის მინიმალური სხვაობა ფიქსირდება.

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოში გიორგი გოგინაშვილი და პაატა სილაგაძე აირჩია

დღეს, 31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასდიოდათ, თუმცა, როგორც ფორმულას იუსტიციის საბჭოში უთხრეს, თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. პაატა სილაგაძეს ხმა 257-მა მოსამართლემ მისცა, გიორგი გოგინაშვილს - 253-მა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი არჩეულ კანდიდატებს ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრად მიიჩენევენ, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.