ძებნის რეზულტატი:

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში: თუ ინფიცირების შემთხვევები კიდევ გაიზრდება საველე ჰოსპიტლების საჭიროება გაჩნდება, ამ ეტაპზე საჭირო არაა

„ამ დროისთვის საველე ჰოსპიტლები საჭირო არ არის, მაგრამ ციფრები კიდევ თუ მოიმატებს, ნამდვილად იქნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დევი ტაბიძემ მედიასთან განაცხადა. ექსპერტის თქმით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოა და დასძენს რომ ამას ხელი შეუწყო ხალხმრავალმა შეკრებებმა. „10 000 და 50 000 ადამიანის შეკრება არის ინფიცირების პროვოცირების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,ვითარება სტაბილური იყო, ახლა ისევ გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა და კიდევ გაიზრდება. პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რეალურად, ამან ხელი შეუწყო. ეს უკვე უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ პაციენტები და სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიმძიმდება სიტუაცია. პაციენტების მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ამიტომ რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა დგება, რადგან პაციენტები უფრო მეტად მძიმე სტატუსით ხასიათდებიან. ექიმებსაც აქვთ ადამიანური რესურსის გარკვეული ზღვარი, დღეს კიდევ ამ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა დევი ტაბიძემ. მისი თქმით, ვაქცინაციის ასეთი ტემპით ქვეყანა ვერ მიაღწევს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზანს. „მომართვიანობა ძალიან დაბალია, ჩემი პირადი მოსაზრებით, შეიძლება ითქვას, ამას დავარქვა ნულოვანი ზღვარი, რადგან რაოდენობა, რომელიც არის, არანაირ შედეგს არ გამოიღებს, სრულ აცდენაშია ვაქცინაციის იმ გეგმასთან, რომელიც გამოაქვეყნა საკოორდინაციო და ვაქცინაციის საბჭომ. ამას ყველა ადასტურებს. რაოდენობრივად რომ წავიკითხავთ ციფრს, ვითომ თვალში ხვდება, რომ მაღალია, მაგრამ იქ არის ორჯერადი, ერთჯერადი აცრა. ასევე არის რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ბუსტერთან დაკავშირებით გამოთქვამენ სურვილს. თუ ვაქცინაცია არ ჩატარდა და არ მოხდა დაგეგმილი რეგულაციების კონტროლი, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს. დღეს მოსახლეობას ემუქრება კორონავირუსისგან გენოციდი, კორონა გენოციდი, ეს მე ვახსენე ზუსტად ერთი წლის წინ და დღეს კიდევ ეს ყველაფერი გამოვლინდა. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ორი წლის თავზე შეცვლილიყო ვითარება, ისევ გენოციდის წინაშე დავდექით“, – განაცხადა ტაბიძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება, მოსახლეობას კორონავირუსისგან გენოციდი ემუქრება

"თუ ვაქცინაცია არ ჩატარდა და არ მოხდა დაგეგმილი რეგულაციების კონტროლი, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს. დღეს მოსახლეობას ემუქრება კორონავირუსისგან გენოციდი, კორონა გენოციდი, ეს მე ვახსენე ზუსტად ერთი წლის წინ და დღეს კიდევ ეს ყველაფერი გამოვლინდა. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ორი წლის თავზე შეცვლილიყო ვითარება, ისევ გენოციდის წინაშე დავდექით", - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა დევი ტაბიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დევი ტაბიძის თქმით, არ შეიძლება, მოსახლეობას აიძულო აიცრა, მაგრამ ამავე დროს უნდა გატარდეს თუნდაც გარკვეული იძულებების ღონისძიებები, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის. „არსებობს იურიდიული ნაწილი, არაფრით არ შეიძლება, ვაიძულოთ მოსახლეობა, მაგრამ მეორე ნაწილი რომელსაც ჰქვია ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მოდით, ეს უზენაესი დავიცვათ, რომ ადამინები იყვნენ ჯანმრთელები. გავატაროთ თუნდაც გარკვეული იძულებების ღონისძიებები, რომლითაც ადამიანებს გადავარჩენთ. უნდა შედგეს რეალური სია, ჩამონათვალი იმ სპეციალობების, სამსახურების და ადამიანების, რომლებსაც ხშირად უწევთ სოციალური ურთიერთობები. ასეთი პიროვნებები, პირველ რიგში კი ექიმები ვალდებულები არიან, იყვნენ აცრილები“, – განაცხადა დევი ტაბიძემ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მხოლოდ 3 868 ადამიანი აიცრა.

თამარ გაბუნია: აქციები მობილობას ძალიან ზრდის, ეს რისკია

"აქციები მობილობას ძალიან ზრდის. აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციებზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს. „დღეს მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების აღსრულება, რომელიც უკვე დაწესებულია. რაც არ უნდა დაწესდეს დამატებით, თუ არ აღსრულდა, რა თქმა უნდა, შედეგს არ მოგცემს. რაც შეეხება აქციებს, აქციები მობილობას ძალიან ზრდის. აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: დამატებითი საველე რესურსების მობილიზება საჭირო არ არის

"COVID19-ით ინფიცირებულთა ნაკადის მართვა ჯერჯერობით დამატებითი საველე რესურსების მობილიზების გარეშეა შესაძლებელი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განცხადა. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტების მართვის შესაძლებლობა იქნება, თუმცა ამის პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს. „ჯერჯერობით ნაკადის მართვა ხერხდება, თუმცა იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა. ჯერჯერობით მართვა შესაძლებელია დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს. ასევე, ჯერჯერობით კიდევ არის კოვიდსასტუმროების რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურადაა დატვირთული. ასევე მომდევნო რამდენიმე დღე ჯერ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ აქტიურად იმართოს პაციენტების ნაკადები“,- განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: დაზუსტდება ვადები, როდის შემოვა ძალაში "მწვანე პასპორტი"

"საკოორდინაციო საბჭო განიხილავს კოვიდ პასპორტის საკითხს და დაზუსტდება ვადები, როდის შემოვა ძალაში კოვიდ პასპორტი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით „მწვანე საშვის“ მექანიზმი გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში დიდი კონფერენციებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის. „ამას უნდა ჰქონდეს უფრო ფართო ხასიათი, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში და ევროპის ქვეყნებში. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. „მწვანე საშვის“ მექანიზმს ახლავს მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, თავისი ტექნიკური აღსრულების ნაწილი, რაზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს ხანებში უკვე ყველანაირად მზად იქნება. ახლა მთავარია, რომ პირი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ეპიდემიურად სარისკო ღონისძიებებში, იყოს ეპიდემიურად უსაფრთხო - ეს არის ვაქცინაციის არჩევანი, ტესტირების საკითხი", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველო კორონავირუსის სამკურნალოდ გერმანიის და აშშ-ის მიერ მოწოდებული პრეპარატების გამოყენებას იწყებს

საქართველო კორონავირუსის სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებას იწყებს, რომელიც ქვეყანას გერმანიამ და აშშ-მ მიაწოდა. ორივე მედიკამენტი აღიარებულია FDA-ს მიერ. Europetime-მა ორივე პრეპარატზე მოიძია ინფორმაცია. აშშ-ის მიერ მოწოდებული, Eli Lilly'ს მიერ წარმოებული - ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი, რომელსაც FDA-მ სექტემბერში მიანიჭა ავტორიზაცია, შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის გამოიყენება. აშშ-ში ამ პრეპერატს იყენებენ როგორც მოზრდილ, ასევე - პედიატრიულ - 12 წლის და უფრო ასაკის პაციენტებში. გერმანიის მიერ მოწოდებული „რონაპრევი“, რომელიც ორი ანტისხეულის კასირივიმავი/იმდევიმაბის კომბინაციით შექმნილი პრეპარატია შედარებით მძიმე პაციენტებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ „რონაპრევმა“ საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში, როდესაც პროგნოზულად დამძიმების რისკია და სწორედ მის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ეს პრეპარატი მნიშვნელოვანია სიკვდილობის შემცირების და ჰოსპიტალიზაციის ვადის შემოლების კუთხით. ამასთან, აშშ-ის მიერ მოწოდებულმა მედიკამენტმა უჩვენა ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების, დაავადების მძიმე ფორმის ჩამოყალიბების და სიკვდილობის შემცირების მაღალი პოტენციალი. გაერთიანებულმა სამეფომ Covid19-ის სამკურნალო პრეპარატი „რონაპრევი“ აგვისტოში დაამტკიცა. პრეპარატი რონაპრევი, Roche-ს და Regerenon-ის მიერ შექმნილი ანტისხეულია, Covid19-ის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით. მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) აცხადებს, რომ ეს არის პირველი პრეპარატი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მონოკლონური ანტისხეულების საშუალებით სამკურნალოდ. „ივლისში იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ პრეპარატის ლიცენზირება მოახდინა, რომლის ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა, რომ ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიანობა შემცირდა 70% -ით და სიმპტომების პერიოდი შემცირდა ოთხი დღით. სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს და „რონაპრევი“ ახლა ლიცენზირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ინდოეთი, შვეიცარია, კანადა და ევროკავშირი. რონაპრევი მიეკუთვნება წამლების კლასს, რომელსაც ეწოდება მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც ბუნებრივი ანტისხეულების მსგავსია“, - აცხადებს ზაზა წერეთელი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები პირველ ნოემბერს გადასცა.

რა შემთხვევაში შეუძლიათ ადამიანებს კოვიდვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, შეუძლიათ ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრან. მისივე თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში, მეორე აცრიდან 6 თვეა გასული. „ბუსტერთან“ დაკავშირებით ახლა ასეთი რეგულაცია არსებობს 50 წლის გადაცილებულებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება და მომატებული რისკი, თუ ისინი დაინფიცირდებიან კოვიდინფექციით, შეუძლიათ, დღესვე მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში, თუ მათი მეორე აცრიდან უკვე 6 თვეა გასული. ანუ, 6 თვის თავზე შეუძლიათ, მივიდნენ და გაიკეთონ აცრა იმ ვაქცინით, რომლითაც პირველი, ორი აცრა ჩაიტარეს ან პირველი ორი აცრით ჩატარებული ვაქცინის ნაცვლად, გაიკეთონ მესამე „ბუსტერ“ დოზა „ფაიზერით“. თუ ადამიანი აცრილია 2 დოზა „ფაიზერით“, მას შეუძლია, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ „ფაიზერის“ მესამე აცრა გაიკეთოს, თუ აცრილია 2 დოზა „სინოფარმით“, 6 თვის შემდეგ შეუძლია, გაიკეთოს „სინოფარმის“ მესამე დოზა ან გაიკეთოს „ფაიზერის“ მესამე დოზა, თუკი, მას „ფაიზერის“ დოზის გაკეთება ურჩევნია. „სინოვაკის“ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სქემაა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ერიკა ოლსონი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონის ვიზიტზე, საქართველოში ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ერიკა ოლსონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, გაემგზავრება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორმხრივი საკითხების განსახილველად. „ერევანში ყოფნისას, 2-4 ნოემბერს სომხეთში აშშ-ის ელჩ ლინ ტრეისისთან, საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან, აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩ ლი ლიცენბერგერთან, კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩეველ ენდრიუ შოფერთან და USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ალექსანდერ სოკოლოვსკისთან ერთად თანაშემწის მოადგილე ოლსონი მონაწილეობას მიიღებს მისიის ხელმძღვანელთა რეგიონულ შეხვედრაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ აღვადგინოთ ეს დიდი ხნის ტრადიცია და შევიკრიბოთ ჩვენს კოლეგებთან რეგიონიდან და ვაშინგტონიდან, რათა გავცვალოთ იდეები და ინფორმაცია, სამივე ქვეყნის მიმართ რეგიონში ჩვენი პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. მონაწილეები ჩაერთვებიან შიდა დისკუსიებში, ასევე საინფორმაციო შეხვედრებში სომხეთის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ბოლოს, აშშ-ის საელჩომ ბაქოში და აშშ-ის საელჩომ თბილისში უმასპინძლა მისიის ხელმძღვანელთა რეგიონულ შეხვედრებს 2019 და 2018 წლებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ამერიკის საელჩოში Europetime-ს 2 ნოემბერს დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილე საქართველოს ეწვევა.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი 40 დღე იშიმშილებს და კარგად იქნება

"40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესე იგი, სხვა რაღაცაშია საქმე",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს, კარგადაც იქნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანი და ასეც უნდა იყოს, დიდი ხანიც იცოცხლებს, კარგადაც იქნება და მის ჯანმრთლობასა და სიცოცხლეს არაფერი დაემუქრება. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი დაშვებისა და სიტყვების თქმას. შესაბამისად, ეს ადამიანი ჯანმრთელადაც იქნება, კარგადაც იქნება - მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ამის საფუძველს, მათ შორის, ისიც მაძლევს, რომ ის დღეს კარგად არის, როგორც გვეუბნებიან. სასაცილო მდგომარეობა იქნება ის, რომ კიდევ ჯანმრთელად და კარგად იქნება. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესე იგი, სხვა რაღაცაშია საქმე. არ უნდა მოატყუო ხალხს, რომ თითქოს მე ან ვინმე პირიქით ვლაპარაკობთ მისი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე და მის სიცოცხლეზე - ვსაუბრობდით, რომ კარგად იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.

სუს-ი: მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს, დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოში

"მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში", - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სპეციალური პენიტენიცური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

"მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზება არ არის", - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენიცური სამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც უწყებაში განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ. პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურორის განცხადებით, მეგის ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას წინააღმდეგ, ამიტომ საქმეზე გამომტყუნებელი განაჩენი დადგება. როგორც პროკურორმა აღნიშნა, სისხლის სამართლის 11 საქმიდან, სისხლის სამართლის 5 საქმეზე უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. “საქართველოში მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან, სისხლის სამართლის 5 საქმეზე უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე ის, მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პატიმართა წამების ფაქტებზე. მიმდინარე 6 სისხლის სამართლის საქმიდან ერთ-ერთი იყო საქმე, რომლის პროცესიც გაიმართა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში 3 პატიმრის წამების ფაქტს ეხება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარემ წარადგინა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თვალსაზრისით”, - განაცხადა კიკაჩეიშვილმა. ცნობისთვის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა. ქარდავას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

„თალიბანმა“ ავღანეთში უცხოური ვალუტა აკრძალა

„თალიბანმა“ ავღანეთში უცხოური ვალუტების გამოყენება აკრძალა, რამაც კოლაფსის პირას მყოფი ეკონომიკა შეიძლება, კიდევ უფრო შეაფერხოს. ამის შესახებ BBC წერს. ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, მას შემდეგ რაც „თალიბებმა“ კონტროლი დაამყარეს ავღანეთზე, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის გაუქმების გამო ქვეყნის ეკონომიკას გაუჭირდა. „ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ ყველა ავღანელმა ვაჭრობისას გამოიყენოს ავღანური ვალუტა“, - აცხადებს „თალიბანი“. დოლარი ფართოდ გამოიყენება ავღანეთის ბაზრებზე. დოლარს ასევე ხშირად იყენებენ ვაჭრობისთვის ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პაკისტანში. „ისლამური საამირო ავალებს ყველა მოქალაქეს, მაღაზიის მესაკუთრეს, მოვაჭრეებს, ბიზნესმენებს და ფართო საზოგადოებას, ამიერიდან განახორციელონ ყველა ტრანზაქცია ავღანეთში და მკაცრად თავი შეიკავონ უცხოური ვალუტის გამოყენებისგან“, - თქვა თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განცხადებაში. აგვისტოში, „თალიბანის“ მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ავღანეთს საზღვარგარეთ აქტივები გაუყინეს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო და ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა. „აუცილებელია, შევინარჩუნოთ სანქციები „თალიბანის“ წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს ვიპოვოთ გზები ლეგიტიმური ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ავღანელი ხალხისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ", - განაცხადა შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა. 29 ოქტომბერს, „თალიბანის“ მთავრობამ ცენტრალური ბანკის რეზერვების მილიარდობით დოლარის განბლოკვა მოითხოვა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი გადადგა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა თავის Telegram არხზე განაცხადა. მელნიჩუკმა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა. მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ტარანის შემცვლელად წარადგენდნენ ვიცე-პრემიერ ოლექსი რეზნიკოვს. პარლამენტი ამ კვირაში მთავრობის ცვლილებების განხილვას გეგმავს.

ჯანმომ კიდევ ერთი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის ვაქცინა Covaxin-ი. Covaxin-ი 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით კეთდება. Covaxin-ი მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მიანიჭა. ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებია: Pfizer-ი, Moderna, Astrazeneca, Johnson&Johnson-ი, Sinovac-ი და Sinopharm-ი.

უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვა, „გადასასვლელი პუნქტის“ ჩაკეტვის მძიმე შედეგები - რა საკითხები განიხილეს სახელმწიფო მინისტრმა და EUMM-ის ხელმძღვანელმა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მისი მიხედვით, სახელმწიფო მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა EUMM-ის როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა; თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ასევე ნდობის აღდგენის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. „შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელიც პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე, უკანონო დაკავებების ფაქტებზე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, ასევე გალის რაიონში მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ერგნეთის ინციდენტებისა და პრევენციის მექანიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირების, ასევე გალის მექანიზმის აღდგენის აუცილებლობას. სახელმწიფო მინისტრმა EUMM-ის ხელმძღვანელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობაზე, რომლის პირველი ეტაპის ფარგლებში სტრატეგიის განხორციელების შეფასების დოკუმენტი მომზადდა. თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ძალზე დადებითად შეაფასა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქართული მხარის ძალისხმევა და ამ კუთხით სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ცერცვაძე: სხვა გზა არ არის და "მწვანე პასპორტი" უნდა შემოვიდეს

"არ არის „მწვანე პასპორტები“ საქართველოში იოლი მისაღები, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის და უნდა შემოვიდეს", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, "მწვანე პასპორტის" მიღება აუცილებელია, ასევე ცალკეულ ჯგუფებში სავალდებულო უნდა იყოს აცრა. „არ არის „მწვანე პასპორტები“ საქართველოში იოლი მისაღები. ნახეთ იტალიაში გამოსვლები და მიტინგები იყო. სახელმწიფოს დასჭირდა წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, ვინც "მწვანე პასპორტების" წინააღმდეგი იყო. პოლარიზებულ და უკიდურესად პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში, კიდევ რომ ე.წ. მწვანე პასპორტისთვის წყლის ჭავლი და გაზი გამოეყენებინა ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?! ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის და უნდა შემოვიდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, თუმცა სხვა დეტალები შეხვედრის შესახებ არ გახმაურებულა. ადმინისტრაცია ასევე იტყობინება, რომ დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, მისი მრჩეველი კი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას შეხვდა. დამატებითი ცნობები არც ამ შემთხვევაში გამხდარა მედიისთვის ცნობილი.

იუსტიციის მინისტრის და პატრიარქის შემდეგ, პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩს და ამერიკის ელჩის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სხვა ცნობები შეხვედრის შესახებ არ გახმაურებულა. მანამდე ადმინისტრაციამ მედიას საქართველოს პრეზიდენტის და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ აცნობა, თუმცა სხვა დეტალები არც ამ შეხვედრის შესახებ გახმაურებულა. ამ აუდიენციამდე ცოტა ხნით ადრე კი, ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა მედიას, რომ დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, მისი მრჩეველი კი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას შეხვდა. დამატებითი ცნობები არც ამ შემთხვევაში გამხდარა მედიისთვის ცნობილი.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია მყარი და უცვლელია და ექსპრეზიდენტ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრის და უდანაშაულობის მსხვერპლის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. „ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველა ზომის მიღებას, რომ ჯანმრთელობის გაუარესება არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ „ამ საკითხს აღარ დაუბრუნდება“. ცნობისთვის, დღეს, პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს, პატრიარქს, ევროკავშირის ელჩს და ამერიკის ელჩის მოადგილეს შეხვდა. რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.