ძებნის რეზულტატი:
ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო
„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო, ვიდრე ექსპრეზიდენტ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ და არ მოიხსნება საფრთხეები, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. შესაბამისი გადაწყვეტილება მან პარლამენტში კოლეგა ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. „მე არ ვარ მისი ამომრჩეველი და არ წარმოვადგენ მის პარტიას. დღესაც მაქვს პრეტენზიები მის მიმართ, მაგრამ რაც მისი ჯანმრთელობის გარშემო ხდება, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება. ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი ინტერესის და მშვიდობის საკითხი, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე პარლამენტში დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და ვიდრე მისი ჯანმრთელობის გარშემო გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. რაც შეეხება შიმშილობის დაწყების ადგილს, ელენე ხოშტარიამ განმარტა, რომ პარლამენტმა ინსტიტუციური ფუნქცია დაკარგა.
რაზე ისაუბრეს პატრიარქმა და პრეზიდენტმა - პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარი
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრაზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი უკავშირდებოდა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს კვიპროსზე და ასევე, საპატრიარქოს როლს ვაქცინაციაში. მხარეებმა ისაუბრეს გართულებულ ეპიდვითარებაზე. ეს კომენტარი „ტვპირველმა“ გაავრცელა. პარალელურად დაანონსებულია პრეზიდენტის ბრიფინგი ადმინისტრაციაში. ამავე თემაზე: იუსტიციის მინისტრის და პატრიარქის შემდეგ, პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩს და ამერიკის ელჩის მოადგილეს შეხვდა
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა. მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ, საბოლოოდ კი ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან. აქციაზე იყვნენ შეკრებილნი როგორც პარტიის ლიდერები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის ჟურნალისტები. „შიმშილობის 34-ე დღეა და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, კვირების განმავლობაში ველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ორგანიზმმა ყველა რესურსი ამოწურა. სასწრაფოდ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მულტიფუნქციურ კლინიკაში და რა თქმა უნდა, უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა. პარალელურად, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო, ვიდრე ექსპრეზიდენტ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ და არ მოიხსნება საფრთხეები, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. შესაბამისი გადაწყვეტილება მან პარლამენტში კოლეგა ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი. ამავე თემაზე: სპეციალური პენიტენიცური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
თურქეთის დაზვერვა: რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც 9 ოქტომბერს დავაკავეთ, ინსტრუქციებს რუსეთის დუმის დეპუტატისგან იღებდნენ
„თურქეთში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ჯაშუშობასა და ჩეჩენ ოპოზიციონერთა მკვლელობის მზადებაში არიან ეჭვმიტანილები, ინსტრუქციებს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატისა და რამზან კადიროვის უახლოესი თანამებრძოლის, ადამ დელიმხანოვისგან და კაზბეკ დუკუზოვისგან იღებდნენ“ - თურქეთის დაზვერვის მონაცემებით, დაკავებულები თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციის ლიდერის, აბდულჰაკიმის მკვლელობას გეგმავდნენ, რომელიც სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. მეორე ორგანიზატორი, MIT-ის ცნობით, ყაზბეკ დუკუზოვია. ის 2004 წლიდან, ევროპაში ჩეჩენი ოპოზიციონერების მკვლელობის ორგანიზების მონაწილედ არის დასახელებული. 9 ოქტომბერს, სტამბოლში, პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებამ და ეროვნულმა დაზვერვამ ექვსი უცხოელი დააკავა, მათ შორის ოთხი, რუსეთის მოქალაქეა, ერთი - უკრაინის, ერთი - უზბეკეთის. მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავების ოპერაციის შემდეგ სტამბოლში რამზან კადიროვი ჩავიდა, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია. მედია მიუთითებს რამდენიმე ვიდეოზე, რომლებზეც ჩანს, რომ ის ღამით, თავის თანამებრძოლებთან ერთად ქუჩებში სეირნობს. არ არის ცნობილი, დაკავშირებულია თუ არა მისი ვიზიტი თურქეთის დაკავებებთან, თუმცა ამაშო დარწმუნებულია ოპოზიციონერი ბლოგერი ხასან ხალიტოვი, რომელსაც მედია ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა სავარაუდო სამიზნედ მოიხსენიებს.
საპატრიარქომ პატრიარქის და პრეზიდენტის შეხვედრაზე ინფორმაცია გაავრცელა
საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მსგავსად, არც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რაზე ისაუბრეს შეხვედრის მონაწილეებმა. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა დღეს, 2021 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა),თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „ტვპირველთან“ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრაზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი უკავშირდებოდა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს კვიპროსზე და ასევე, საპატრიარქოს როლს ვაქცინაციაში. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს გართულებულ ეპიდვითარებაზე. ამავე თემაზე: პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა
პრეზიდენტი: არჩევნები დასრულდა, თუმცა გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა. „არჩევნები დასრულდა და მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო მშვიდად ჩატარებული არჩევნები მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა. მინდა მივულოცო გამარჯვება ახალ არჩეულ საკრებულოს წევრებს, მერებს და წარმატებული საქმიანობა ვუსურვო ქვეყნის სამსახურში. არჩევნებმა ჩაირა მშვიდად, უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა თვით უბნებში. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე კანდიდატებს შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა როგორც პროფეზიონალიზმის მაღალი დონე. არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას, საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევა მარტო არცერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცედლობებით დასრულება რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს. დღეს ყველას აქვს ერთი კითხვა - რა იქნება ახლა, როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით, თუ ბოიკოტით, არ თვითდაჯერებით, არც სიძულვილით არც მტრის მოღალატის და ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არ აღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მივიდეთ შედეგამდე, როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან. რეალურად ჩატარებული არჩევნები ამის საშუალებას გვაძლევს, გვაძლევს საშუალებას, დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან, სადაც უფრო ადვილია ისეთ ყოფით საკითხებზე თანამშრომლობის დაწყება, რომლებიც მოქალაქეების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზანს. ეს არის და უნდა ყოფილი ადგილობრივი არჩევნების აზრი და მიზანი. მნიშვნელოვანია მედია, რომელსაც აკისრია დიდი პასუხიმგებლობა, რადგან მას შეუძლია, ითამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების დამშვიდებასა და პოლარიზაციის შემცირებაში, თქვენი იმედი მაქვს, მაგრამ მთავარი გაერთიანების თუ არა დაწყნარების მაინც ფაქტორი შეიძლება, იყოს გარკვეული მიზნების განხორციელებაზე მუშაობა, რომლების მიმართ ვართ საქმით თუ სიტყვით გაერთიანებული”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი რისკჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს. პრეზიდენტის თქმით, ეწინააღმდეგება და მეტიც, მიუღებლად მიაჩნია, რომ ქვეყანა ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას დაუბრუნდეს. „მომსწრეები ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, სახელმწიფო, პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც, მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნით პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების და სიფრთხილის მიუხედავად. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. ეს პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს. ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, ვინც პირადი შიშების და საკუთარი ჯანმრთელობის გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს. პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და ერთად დავძლიოთ ეს პანდემია. მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იყოს მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიას, რათა გადაცემები გახშირდეს ამ მიმართულებით. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი. სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია, ვინაიდან და რადგანაც ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოპოზიციამ ზუგდიდში აქცია გამართა
ზუგდიდში ოპოზიციამ აქცია გამართა. შეკრებილებს მიმართეს ლიდერებმა. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საცხოვრებლად წალენჯიხაში აპირებს გადასვლას. „უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადასახლებას, მაგრამ არ დამცალდა, მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდით და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად. ვისარგებლებ შემთხვევით, მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში. ჩვენ ვაჩვენებთ როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები იქნება ყველა დიდ ქალაქში და როდესაც დემონსტრაცია დედაქალაქში გაიმართება, „თბილისში ვნახავთ, რა არის დემოკრატია და სიმართლე“. ნიკა მელია აქციების შედეგად სამი მთავარი მიზნის მიღწევას გეგმავს: „მოპარული არჩევნების დაბრუნება,“ ვადამდელი არჩევნები და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება“. წალენჯიხაში გია ხარჩილავამ 51,11%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამავე თემაზე: პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
სალომე ზურაბიშვილი: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა ამ ფორმით და ამ დროს, გაუგებარი ნაბიჯია
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას „ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯად“ აფასებს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც საქართველოს პარტნიორებიც მოუთმენლად ელოდებიან. „დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადბეული მიზნებიდან გამომდინარე, გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან მოუთმენლად ჩვენგან. ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. როცა ვიცით, რა სიმბოლური ადგილი უჭირავს სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით და რაოდენ ყურადღებას იქცევა მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა. მზად ვარ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამი პრიორიტეტის ირგვლივ შევხვდე ყველას, ვინც ამაზე თანხმდება და პრეზიდენტის პლატფორმა გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ. ასევე, მზად ვარ, ძალიან ბევრი რამისთვის, როცა ვიცი და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, 31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენცია გაიმართა. მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს - პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. ამავე თემაზე ამერიკის საელჩო: დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, წარმოეჩინა გამჭვირვალობა
სალომე ზურაბიშვილი: შეთანხმება არის პასუხი კითხვაზე, როგორ დავასრულოთ არა ერთმანეთი, არამედ პოლარიზაცია
პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება თუ ქვეყანა, პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია თუ უმრავლესობა დაუბრუნდებიან რეალური პრობლემების და რეალური გამოწვევების გადაწყვეტას, - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცენდენტო მაჩვენებლით, როცა პარალელურად მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ გაუარესებას. „მართალია, საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ ერთმანეთის სიძულვილმა და ლანძღვამ ბევრად გადააჭარბა რეალური პრობლემების განხილვას, პრაქტიკულად იგნორირებული იყო ქვეყნის რეალური საჭიროებები და მოქალაქეების უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ერთი მხრივ, ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებლით, როცა პარალელურად მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ გაუარესებას. ოპოზიცია კი სულ სხვა ვიწრო პოლიტიკური პრიორიტეტებით ხელმძღვანელობდა და ფაქტია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ გახდა პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები. პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება თუ ქვეყანა, პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია თუ უმრავლესობა დაუბრუნდებიან რეალური პრობლემების და რეალური გამოწვევების გადაწყვეტას. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ორი მიმართულება - ჯანმრთელობის კატასტროფის თავიდან აცილება, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და მესამე, ევროპული ინტეგრაციის ქმედითი გზა, რომელიც ჩვენთვის უალტერნატივოა, იმდენად უალტერნატივო, რომ არ შეიძლება, რომელიმე პარტიული ინტერესი ამას წინ უსწრებდეს, არის ჩვენი ერთობლივი ზეპარტიული გამოწვევა არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი გაცხადებული ორიენტაცია, არა იმიტომ, რომ ქვეყნის 80% ამ გზას მხარს უჭერს, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ჩვენი სოციალური ეკონომიკური სახელმწიფო განვითარების გზა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აივენგო რიკაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
მოჭიდავე აივენგო რიკაძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აივენგო რიკაძემ 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მიაღწია წარმატებას. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა შვეიცარიის წარმომადგენელი, რამონ რაინერ ბეჩარტი დაამარცხა.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა უკვე წონის 10% დაიკლო
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა ტესტი ჩაუტარდა და რეზულტატები გაუარესებულია. „დღეს მივიღეთ ტესტების პასუხი და გავიარეთ კონსილიუმთან ყველა პარამეტრი. მინდა გითხრათ, რომ წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, რეზულტატები უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე იყო ადრე და ა.შ. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთს დადგეს. ზუსტად ვერ გეტყვით, ძალიან არასტაბილური სიტუაციაა. შეიძლება, საგანგაშო სიტუაცია დადგეს 10 წუთის მერე, ან ხვალ, ან ზეგ. გადავწყვიტეთ, რომ დავნიშნოთ შემდეგი კონსილიუმი პარასკევს იმიტომ, რომ უფრო ხშირად დავაკვირდეთ. შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო უკვე 10% მისი წონის, რაც საკმაოდ საშიშია", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ერთი თვის წინ დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. კლინიკაში მისი გადაყვანის და გათავისუფლების მოთხოვნით პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციას ყოველდღე მართავენ მისი მხარდამჭერები.
ვინ მიიღებს 600-დან 2 000 ლარამდე ოდენობის სახელმწიფო სტიპენდიას - მთავრობის დადგენილება
ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები ყოველთვიურად, სახელმწიფო სტიპენდიის სახით 600-დან 2 000 ლარამდე თანხას მიიღებენ. მთავრობის დადგენილება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. დოკუმენტში მითითებულია, რომ მისი მოქმედება გავრცელდება 2021 წლის პირველი ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. სტიპენდიების ოდენობა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს ყოველთვიური სტიპენდია 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით დაენიშნათ. სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისთვის განესაზღვრათ 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს დაენიშნათ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით: ვერცხლის მედლის მფლობელებს − 800 (რვაასი) ლარი;ბრინჯაოს მედლის მფლობელებს − 500 (ხუთასი) ლარი. საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. როგორც აღნიშნულია, მთავრობის ამ დადგენილებით განსაზღვრული პირების სტიპენდიისთვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოფა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ ქვანახშირს აღარ გამოიყენებს
"გლაზგოში, მიმდინარე კლიმატის სამიტზე 190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ ქვანახშირის გამოყენებას შეწყვეტს", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, დაასრულონ ქვანახშირის გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციის განხორციელება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამასთან, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წიაღისეული საწვავის გამოყენებისგან უარის თქმის ვალდებულებას იღებენ, ქვანახშირის ძირითადი მომხმარებლები: პოლონეთი, ვიეტნამი და ჩილეც არიან, მაგრამ ქვანახშირზე დამოკიდებულმა მსოფლიოს ზოგიერთმა უდიდესმა ქვეყანამ - ავსტრალიამ, ინდოეთმა, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა, შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.
პორტუგალიის პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს
პორტუგალიის პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. პორტუგალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მარსელო რებელო დე სოუზას საკონსულტაციო ორგანომ, სახელმწიფო საბჭომ ოთხშაბათს დაამტკიცა პრეზიდენტის წინადადება პარლამენტის დათხოვნის შესახებ. ადმინისტრაციის განმარტებით, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანომ გასულ კვირას 2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი არ დაამტკიცა. ადმინისტრაციის განცხადებაში, თუ როდის გაიმართება ვადამდელი არჩევნები აღნიშნული არ არის.
აშშ-ის პრეზიდენტი მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ბაიდენის განცხადებით, პანდემიის დროულად დასამარცხებლად მცირეწლოვნების ვაქცინაცია აუცილებელია. როგორც აშშ-ის პირველი პირი აღნიშნავს, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. „ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ასე რომ, აცერით თქვენი შვილები, რათა დაიცვათ ისინი და დავასრულოთ ვირუსის გავრცელება”, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება 3 ნოემბერს მიიღო.
ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება
ირანი თანახმაა, მასსა და ექვს ქვეყანას შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებები 29 ნოემბერს განაახლოს. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი ბაღერიმ განაცხადა. როგორც „როიტერი“ ავრცელებს, მოლაპარაკებები ვენაში, ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეწყდა. ვაშინგტონში იმედს გამოთქვამენ, რომ ირანი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხების განხილვაა დაგეგმილი.
აშშ-ში 192 931 486 ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული
"აშშ-ში 192 931 486 ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული", - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 425 272 828 დოზა გამოიყენა. უწყების ცნობით, 222 268 786-მა ადამიანმა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო. ასევე, „ფაიზერის“, „მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინების ე.წ. „ბუსტერ“ დოზით დაახლოებით 20.6 მილიონი ადამიანია აცრილი.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 615 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 423 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 192 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 206 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 738 171-ს. "რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.71%, ბოლო 14 დღის - 9.34% ხოლო 7 დღის - 9.77%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 648 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 678 288. ბოლო 24 საათში COVID10-ით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა - 193, იმერეთი - 979, ქვემო ქართლი - 360, შიდა ქართლი - 428, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 530, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 619 საიდანაც: 6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 553, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 429. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 640 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 615, აჭარაში - 132, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 338 პაციენტი, მათგან თბილისში - 186, აჭარაში - 40, იმერეთში - 31. 1 159 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 232 - აჭარაში. 41 812 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებშია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 137 ადამიანი.
ოპოზიციის აქტივისტის ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ს პრესსამსახურმა დაუდასტურა. მათივე ცნობით, რუსთავში ძალადობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს 2 პირი: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.