ძებნის რეზულტატი:

ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვი დაიბრუნა

ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო და ამჟამად რუსეთის ფედერაციას გატაცებული და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ე.წ გაშვილებასთან დაკავშირებით უჩივის. „ჩვენ მოვახერხეთ 53 ბავშვის დაბრუნება. ახლა სარჩელზეც ვსაუბრობთ. მოვითხოვთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემას, რადგან ეს ეს არის დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების წინააღმდეგ“, - განაცხადა ვერეშჩუკმა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო ანგარიშშიც იყო მითითებული, რომ მოსკოვს იძულებით გადაჰყავს უკრაინელი ბავშვები რუსეთში.  

უკრაინა: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო

დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში ვითარება რომ „საშიშია“, ამაზე უკრაინული მხარე დიდი ხანია, საუბრობს. ეს შიში დღეს გააღვივა უკანასკნელმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ „ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა“. ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ სტარუხმა ევაკუაციის გეგმაზე ჯერ კიდევ 18 აგვისტოს ისაუბრა. სტარუხის თქმით, სამოქალაქო დაცვის ზომების სრულად განხორციელება რთულია, რადგან ტერიტორიის ნაწილი მტრის ძალებმა დაიპყრეს. დღესვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევაკუაციის გეგმა კვლავ განიხილებოდა შესაბმისი სტრუქტურების მიერ. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, რამდენი ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო. ამაზე სტარუხი 18 აგვისტოს საუბრობდა. „ვითარება საშიშია არამხოლოდ ზაპოროჟიეს რეგიონისთვის. თუ გადავხედავთ სავალდებულო ევაკუაციის ზონას, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის გამო, მაშინ საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე ჩვენს რეგიონში და 200 000-ზე დნიპროპეტროვსკში. საუბარია ქალაქებზე: ნიკოპოლი, მარგანეცი, ენერგოდარი, ვასილივკა, დნიპროუდნე და სხვა“, - ამბობდა ოფიციალური წარმომადგენელი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი 25 აგვოსტოს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის ქმედებებმა ატომურ ელექტროსადგურზე, ბირთვული ინციდენტის რისკი გაზარდა. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს დიდი ხანია, მოუწოდებს, რომ გაიყავნოს თავისი სამხედროები ატომური სადგურის ტერიტორიიდან. შესაბამის განცხადებას საქართველოც შეუერთდა.  

ზელენსკიმ და ბაიდენმა „აგრესორზე გამარჯვების გზა“ განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის დამარცხებისკენ უკრაინის შემდგომი ნაბიჯები და ომის დანაშაულებისთვის რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა განიხილეს. „ჩვენ განვიხილეთ უკრაინის შემდგომი ნაბიჯები აგრესორზე გამარჯვების გზაზე და რუსეთის ომის დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. ზელენსკიმ ბაიდენს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  

ლიეტუველ, ამერიკელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა საერთაშორისო სწავლებაში მიიღო მონაწილეობა

19-26 აგვისტოს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კიბერსწავლება - „Amber Mist 2022”-ში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება ეფუძნება კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე სამხედრო კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სისტემების წინააღმდეგ,სიმულირებულ კიბერშეტევებს და მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ოპერატიული დანაყოფების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობის შეფასებასა და გაძლიერებას კიბერსივრცეში ოპერაციების ჩასატარებლად, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე კრიზისის და შეიარაღებული კონფლიქტების დროს. საქართველოს გუნდი, ლიეტუველ, ამერიკელ, უკრაინელ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში 2019 წლიდან მონაწილეობს.  

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომის პაპის კომენტარის გამო, სამოციქულო ნუნციო დაიბარა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამოციქულო ნუნციო, არქიეპისკოპოსი ვისვალდას კულბოკასი მიიწვია, რათა პაპ ფრანცისკეს ბოლო კომენტარის გამო იმედგაცრუება გამოეხატა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომელიც კიევში იტალიელ კოლეგასთან ლუიჯი დი მაიოსთან ერთად ბრიფინგი გამართა. „ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ რომის პაპ ფრანცისკეს სრული ციტატა და, უპირველეს ყოვლისა, გადავწყვიტეთ, გამოგვეძახა სამოციქულო ნუნციო საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამოგვეხატა უკრაინის იმედგაცრუება“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა. ყულებამ დაამატა, რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა ნუნციო და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამინისტროში ნუნციოს გამოძახება უპრეცედენტო შემთხვევაა. „გულწრფელად ვიტყვი, რომ უკრაინა გულის ტკივილს გამოხატავს რომის პაპის სიტყვების გამო. ეს არ იყო სამართლიანი, - აღნიშნა მინისტრმა. როგორც ცნობილია, 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში ააფეთქეს მანქანა, რის შემდეგაც კრემლის მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დაიღუპა.  უკრაინული მედიის ცნობით, პაპმა ფრანცისკემ დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი" უწოდა.  

ტაივანი უკრაინას 800-ზე მეტ ბომბდამშენს უგზავნის - Bild

ტაივანმა უკრაინას 800 ერთეული (Revolver 860) ბომბდამშენი დრონი გადასცა. ამის შესახებ Bild-ი იუწყება. Revolver 860 შეუძლია, ატაროს რვა 60 მილიმეტრიანი ნაღმი ან სხვა კალიბრის საბრძოლო მასალა. სრულად დამუხტვის შემთხვევაში, დრონს 40 წუთში 20 კილომეტრამდე ფრენა შეუძლია. ცნობისათვის, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკროდრონებს ერთობლივად მიაწვდიან. Eledyne Flir Black Hornet თვითმფრინავების ღირებულება, რომელიც დაზვერვისა და სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება, 9,26 მილიონი დოლარი იქნება.

ინდოეთში ახალი ვირუსი - „პომიდვრის გრიპი“ გავრცელდა

ინდოეთში ახალი ვირუსული ინფექცია - „პომიდვრის გრიპი“ გავრცელდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაავადება თავდაპირველად კერალას შტატში დაფიქსირდა, შემდეგ კი, სხვა შტატები მოიცვა. მისი მკურნალობისთვის სპეციალური დანიშნულება არ არსებობს. „პომიდვრის გრიპის“ ინფექცია ტანზე წითელ ლაქებს იწვევს, რომელიც ნელ-ნელა იზრდება და ხშირად პომიდვრის ზომად იქცევა, რის გამოც „პომიდვრის გრიპი“ უწოდეს. როგორც მედასაშუალებები წერენ, ინფექციას საშიშად არ თვლიან.  პაციენტები ძირითადად ბავშვები არიან.  

პენიტენციური სამსახური მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 75 მსჯავრდებული, რეალობის უხეშად დამახინჯების მცდელობაა. პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს 24 - საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას და საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციითაც. „საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 75 მსჯავრდებული, არის არსებული რეალობის უხეშად დამახინჯების მცდელობა. მოშიმშილე მსჯავრდებულები იმყოფებიან ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგისა და სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. შიმშილობის მიზეზად დასახელებულია არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება. ინფორმაციისთვის, N6 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის დაწესებულება, რომელშიც განთავსებულნი არიან მაღალი და მომეტებული რისკის მქონე პატიმრები. სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს 24 საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას. საჭიროებისამებრ, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციითაც. გეგმური სტაციონარული მომსახურებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, რეგისტრირდებიან რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და რიგითობის მიხედვით მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები, გადაუდებელ შემთხვევაში - დაუყოვნებლივ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებიდან 21 მსჯავრდებულს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა დაწესებულების გარეთ. N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულებს არ აქვთ უფლება ერთმანეთს ფიზიკურად შეხვდნენ და გაცვალონ კორესპონდენცია/ინფორმაცია. შესაბამისად მედიაში გავრცელებული პატიმართა ე.წ. ,,ერთობლივი განცხადება“, არ შეესაბამება სიმართლეს და ის ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის მიერ არის შედგენილი. ხოლო აღწერილი ბრალდებები და სხვა პირების გვარებიც მისივე მითითებული. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, საზოგადოების დეზინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.  

BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა

ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს ექნება. BBC წერს, რომ რუსმა სამხედროებმა მთელი რეგიონისთვის საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი გზა, ლაჩინის დერეფანი, აზერბაიჯანს გადასცეს. ეს გზა სომხეთსა და მთიან ყარაბაღს აკავშირებს. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეიდან ლაჩინის რაიონის დასახლებები, ზაბუხი და სუსი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის. მედია აღნიშნავს, რომ ეს იყო ერთადერთი დერეფანი, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ყარაბაღსა და სომხეთს აკავშირებდა. ხსენებულ ფაქტს გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და ასკვნის, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში სუსტდება. „რა თქმა უნდა, კრემლის სურვილი იყო ეს მდგომარეობა, როდესაც მას მნიშვნელოვანი ბერკეტი ეპყრა ხელთ, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო. მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ, მათ შორის ამ მიმართულებით სამხედრო ნაბიჯების გადადგმითაც, შეძლო ამ პროცესის დაჩქარება - დღეს რუსეთს აღარ აქვს იმის რესურსი, რომ აზერბაიჯანს ეჭიდაოს ყარაბაღის გარშემო. ამიტომ, მალევე მოუწია ამ კორიდორის გადაცემაზე დათანხმება. ამგვარად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი არამხოლოდ ქ. ლაჩინზე, არამედ მთელ კორიდორსა და მიმდებარე სოფლებზე. სამაგიეროდ, თავად ააგო ახალი გზა (რუკაზე აღნიშნულია წითელი ხაზით) რომლითაც ყარაბაღი და სომხეთი დაუკავშირდება ერთმანეთს (ისიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის). შესაბამისად, ძლიერდება აზერბაიჯანის პოზიციები:- იგი შეძლებს დევნილების დაბრუნებას ლაჩინში;- გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას რეგიონში;- ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით უფრო აქტიურად შეძლებს ამ ახალი კორიდორის საკითხის მიბმას ნახიჩევანთან დამაკავშირებელ „ზანგეზურის კორიდორის" გახსნის თემასთან (რაც აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია);- გააკონტროლებს სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალ გაზსადენს.ასე რომ, რუსეთის პოზიციები სუსტდება რეგიონში და ეს უნდა ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მას კიდევ ბევრი რამის დათმობა მოუწევს არამხოლოდ ამ რეგიონში, არამედ, გლობალურადაც“, - მიიჩნევს „რონდელის ფონდის„ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.  

WSJ: აშშ უკრაინაში „ოპერაციის“ მეთაურს ნიშნავს

უახლოეს კვირებში, აშშ გეგმავს, უკრაინის მხარდასაჭერად თავის სამხედრო მისიას ოფიციალური სტატუსი შესძინოს და დანიშნოს გენერალი, რომელიც წვრთნებს და აშშ-ის მიერ გაწეულ სხვა დახმარებას უხელმძღვანელებს. ამ ინფორმაციას ამერიკული The Wall street Journal-ი აქვეყნებს და წერს, რომ ახალი ნაბიჯი შტატების სამხედრო ძალისხმევას ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, კონგრესს ექნება შესაძლებლობა გრძელვადიანი მიზნობრივი დაფინანსება გამოყოს. ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს შტატების მიზანს, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს კიევის მხარდაჭერა. ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებითი, 3$ მილიარდიანი სამხედო დახმარების გამოყოფას ადასტურებს: ყველაზე დიდი ტრანში კიევისთვის შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით, $3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-ის მიერ დამტკიცებული ყველაზე მსხვილი ტრანშია.        

ბელგია უკრაინის არმიის დასახმარებლად 8 მილიონ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინას 8 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ფედერალური მთავრობის კომუნიკეშია ნათქვამი. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჯა ლაბიბმა განაცხადა, რომ ზამთრის წინ, უკრაინელი სამხედროების საჭირო ტექნიკით აღჭურვა მნიშვნელოვანია. „ზამთარი კონფლიქტის პოტენციურად გადამწყვეტ ეტაპს გვპირდება,  - განაცხადა მინისტრმა. ბელგიური მხარე განმარტავს, რომ ბრიუსელი მადრიდის სამიტზე NATO-ს ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასრულებს.  

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სურს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას 5 სექტემბრამდე გაეცნოს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მისიისთვის ემზადება და 5 სექტემბრამდე ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მონახულება სურს. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ინსპექტირება ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ექვსი თვის წინ დაიგეგმა, რაც იქნებოდა ზაპორიჟიეს უსაფრთხოების გარემოს პირველი შეფასება ბოლო 16 წლის განმავლობაში. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ ერთობლივმა მისიამ შესაძლოა, მუშაობა უკვე სექტემბერში დაიწყოს. მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში IAEA და გაეროს მუდმივი მისია უნდა შედგებოდეს როგორც ბირთვული ენერგეტიკის სპეციალისტებისგან, ასევე სამხედრო ექსპერტებისგან, გარდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებისა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის სარაკეტო ტერორს დავძლევთ, როცა აშშ-სგან NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მივიღებთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა. მან შტატების მიერ გამოყოფილ დახმარებას გაუსვა ხაზი და დახმარების პაკეტში არსებულ კრიტიკულად მნიშვნელოვან იარაღზე მიუთითა. „ჩვენ მოვახერხეთ ყველა საკითხის განხილვა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის დაცვისა და თავისუფლებისთვის. მე მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს და შეერთებული შტატების მთელ ხალხს ჩვენი სახელმწიფოს მაკროფინანსური მხარდაჭერისთვის. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა დაამტკიცა 6 მილიარდი დოლარის პაკეტი: სამი თავდაცვის და სამი ფინანსური დახმარების შესახებ - მსოფლიო ბანკის მეშვეობით, მე განსაკუთრებით ვაფასებ ამ პაკეტში საჰაერო თავდაცვის ჩართვას. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ რუსული სარაკეტო ტერორი დაძლეული იქნება, როდესაც უკრაინა მიიღებს NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან ასევე განიხილა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული ვითარება. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიომ იცოდეს ყველა დეტალი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაციის შესახებ. კერძოდ, დღეს ამის შესახებ დეტალურად ვესაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. საჭიროა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის სათანადო კონტროლი და სასწრაფოდ IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო) სააგენტო წვდომის უზრუნველყოფა. ამის გაკეთება ახლა უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით, თუ ქარი დაიწყებს რადიაციული დაბინძურების გავრცელებას მთელ ევროპაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

დმიტრო კულება ევროპას: ჩვენ ერთ ნავში ვართ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას რაკეტებითა და ტანკებით დაესხა თავს, ევროპულ ქვეყნებს კი, ენერგიაზე ხელოვნური ფასებით, ინფლაციათა და პროპაგანდით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში იტალიელ კოლეგასთან ლუიჯი დი მაიოსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მისი აზრით, ის, ვინც ფიქრობს, რომ პუტინს მხოლოდ უკრაინა სჭირდება, ღრმად ცდება. „მინდა, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგონ, რომ პუტინი თავს დაესხა ყველას. ჩვენ ერთ ნავში ვართ“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი, რადიაციული კატასტროფის რისკის ქვეშ დააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა თავიდან აიცილოს. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან ასევე განიხილა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული ვითარება. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიომ იცოდეს ყველა დეტალი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაციის შესახებ. კერძოდ, დღეს ამის შესახებ დეტალურად ვესაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. საჭიროა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის სათანადო კონტროლი და სასწრაფოდ IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო) სააგენტო წვდომის უზრუნველყოფა. ამის გაკეთება ახლა უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით, თუ ქარი დაიწყებს რადიაციული დაბინძურების გავრცელებას მთელ ევროპაში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, დღეს ისტორიაში პირველად გაჩერდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ზელენსკის თქმით, ენერგობლოკების გადაუდებელმა დაცვამ იმუშავა - მას შემდეგ, რაც უკრაინის ენერგოსისტემაში ელექტროსადგურის ბოლო სამუშაო ხაზი რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზიანდა. „ეს და ჩვენი თანამშრომლების რეაგირება რომ არა გათიშვის შემდეგ, მაშინ უკვე იძულებული ვიქნებოდით, რადიაციული ავარიის შედეგების დაძლევაზე გვეფიქრა. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი, რადიაციულ კატასტროფას მხოლოდ ერთი ნაბიჯით დააშორა. მინდა დავარწმუნო ყველა უკრაინელი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მძიმე სცენარის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ის არის, რომ საჭიროა ისეთი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ოკუპანტებს აიძულებს, დაუყოვნებლივ გავიდნენ ზაპოროჟიეს ტერიტორიიდან. IAEA-მ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იმოქმედონ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა მოქმედებენ, რადგამ ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარების ყოფნის ყოველი წუთი არის გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს და ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წვდომა უზრუნველყოს. ამის შესახებ თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზდენტს შორის სატელეფონო საუბარს ეძღვნება.  ზელენსკიმ და ბაიდენმა „აგრესორზე გამარჯვების გზა“ განიხილეს „მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად“, - აღნიშნა თავის მხრივ ჯო ბაიდენმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.  

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა სატრანსპორტო ქსელის აღდგენის შესახებ ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა უკრაინის სატრანსპორტო ქსელის აღდგენის მიზნით, ერთობლივ სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს. „დიდმა ბრიტანეთმა უკრაინასთან ისტორიულ პაქტს მოაწერა ხელი, რათა დაეხმაროს ომით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“, - წერს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო Facebook-ზე. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 24 აგვისტოს, კიევში ვიზიტის დროს, 54 მილიონი ფუნტის დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. დახმარება მოიცავს უპილოტო სათვალთვალო სისტემებს და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალას.  

IAEA: უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგენილია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა. მათივე ინფორმაციით, ატომური სადგური დღის განმავლობაში ქსელიდან სულ მცირე ორჯერ გამოირთო. ენერგოატომი: ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა „უკრაინამ აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), რომ ქვეყნის ატომურმა ელექტროსადგურმა (ZNPP) დღეს დროებით დაკარგა კავშირი მის ბოლო დარჩენილ 750 კილოვოლტ (კვ) გარე ელექტროგადამცემ ხაზთან, განაცხადა გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ. აქტიური კონსულტაციებისა და მისიისთვის მზადების ფარგლებში, გენერალური დირექტორი დღეს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა“, - იუწყება სააგენტო.  

უკრაინის თავდაცვის ძალები: კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის შვიდი საცავი განადგურდა

უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა, კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის საბრძოლო მასალის შვიდი საცავი გაანადგურეს. „უკრაინელმა სამხედროებმა, კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის საბრძოლო მასალის შვიდი საცავი გაანადგურეს. მიმდინარე კვირის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე დღე დარჩენილი და ჯერ კიდევ გვექნება დრო”, - აღნიშნა ნატალია ჰუმენიუკმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთზე, 4 ზოლიანი გზა შენდება

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის, 11 ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. „საავტომობილო გზების დეპარტამენტი E-60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის, 11 ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი მსოფლიო ბანკის 265 მილიონამდე ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მოცემულ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს რვა ხიდსა და ხუთ გვირაბზე, საიდანაც ოთხი ხიდი უკვე აშენებულია. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ექსპლუატაციაში უკვე შესული ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ხაშურის შემოვლითმა გზამ, მნიშვნელოვნად განტვირთა ქალაქი ხაშური საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად გადმოერთო ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო განახევრდა. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი, სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთისსაუღელტეხილო გზას დაუერთდება. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, საერთო ჯამში მოიცავს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 23 ხიდს, ხუთ გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.