ძებნის რეზულტატი:
covid19-თან დაკავშირებული რეგულაციების დამრღვევები გამოავლინეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ covid19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოავლინა. ამ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 612 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. კორონავირუსი დღეს კიდევ 1857 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 993.
არასრულწლოვანი გოგოს გატაცებისთვის 4 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი დააკავეს
არასრულწლოვანი გოგოს გატაცებისთვის 4 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგოს - 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. „პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პორტუგალიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოუზას კოვიდინფექცია დაუდასტურდა, თუმცა მას სიმპტომები არ აქვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 72 წლის დი სოუზა 24 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში კენჭს მეორე ვადით იყრის. პორტუგალიაში კორონავირუსით 489 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 10 მილიონიან პორტუგალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 7900-ს აჭარბებს.
ამნისტიის შესახებ კანონი ძალაშია
საკანონმდებლო მაცნეზე „ამნისტიის შესახებ“ კანონი ოფიციალურად გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და კანონის ავტორი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ამნისტიით განსაზღვრული დებულებების აღსასრულებლად კანონის გამოქვეყნების შემდეგ 1-თვიანი პერიოდია დათქმული, რაც პატიმრების მიერ საპატიმროების დატოვებასაც გულისხმობს. სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასზე ავა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს. რაც შეეხება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, სარჯველაძის თქმით, დაახლოებით 4000-სს გადააჭარბებს რიცხვი ადამიანებისა, ვისაც ეს ამნისტია ასევე შეეხება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი 11 იანვარს დაამტკიცა. კანონის პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან „სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, „სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით). სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად ასევე აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ტრამპის ადმინისტრაციამ კუბა ტერორიზმის დამფინანსებელთა სიაში დააბრუნა
აშშ-მა კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დააბრუნა, ვინაიდან კუბამ ტერორიზმის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ 2015 წელს ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ ის აღნიშნული სიიდან ამოიღო“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. მისი თქმით, კასტროს რეჟიმმა საერთაშორისიო ტერორიზმის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს. „სახელმწიფო დეპარტამენტმა კუბა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეიყვანა ტერორისტებისთვის თავშესაფრის მინიჭების გამო“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. 2015 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო. მანამდე ობამამ განაცხადა, რომ კუბის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკა ეფექტური არ არის.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩედ ვულფი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდება. „11 იანვრის 23:59 საათიდან შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას ვტოვებ. ამ ნაბიჯს მწუხარებით ვდგამ, ვინაიდან უწყებაში მუშაობას ამჟამინდელი ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე ვგეგმავდი“, - აღნიშნა ჩედ ვულფმა. 7 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.
გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება
ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება. ინფორმაციას NY ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელის, გენერალ დენიელ ჰოკანსონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ამჟამად, აშშ-ის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 6 ათასი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული, რომელთა რიცხვიც კვირის ბოლოსთვის 10 ათასს მიაღწევს. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ფიცს 20 იანვარს, კაპიტოლიუმის წინ დადებენ, თუმცა მსვლელობა - ინაუგურაციის დღის ერთ-ერთი ტრადიცია, წელს უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებისა და COVID19-ის პანდემიის გამო არ გაიმართება. 7 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.
Deutsche Welle: გერმანია არალეგალების დეპორტაციას დაჩქარებული წესით გეგმავს
გერმანიის მთავრობა დაჩქარებული წესით, იმ ადამიანების დეპორტაციას გეგმავს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობენ. Deutsche welle წერს, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ასეთაი 250 000 ადმიანი. მათ არ აქვთ ლეგალური სტატუსი, რადგან ვინაობა საბუთების არარსებობის გამო ვერ დადგინდა. გამოცემის ცნობით, ეს ადამიანები საელჩოებში გამოკითხვაზე უნდა გამოცხადდნენ და დეპორტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას, მხოლოდ მათი ვინაობის დადგენის შემდეგ მიიღებენ. ანალოგიური წესებით სარგებლობას ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც გეგმავენ. 2019-2020 წლებში საელჩოებში გამოკითხვაზე 1 100 ადამიანი ნიგერიიდან, 370 განადან, 146 გამბიიდან, 126 კი გვინეიდან დაიბარეს.
აშშ-მა უკრაინის სანქციების სიას რამდენიმე პირი და კომპანია დაუმატა
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე უკრაინელ ფიზიკურ პირს და კომპანიას, ისინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში და პრორუსულ უკრაინელ დეპუტატთან კავშირში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამ სიაში შეყვანილ პირებს და უწყებებს დაებლოკებათ აშშ-ში არსებული ქონება და აშშ-ის მოქალაქეებს ზოგადად ეკრძალებათ მათთან საქმიანი ურთიერთობა. სანქციები ეხებათ პირებს, რომლებიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა ჰქონდათ. სანქციების სიაში მოხვდა უკრაინული ვებგვერდი, რომელმაც ბაიდენის და უკრაინის ყოფილი ლიდერის, პეტრო პოროშენკოს პირადი საუბარი გაავრცელა. „რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის სამიზნეც ამერიკის მოქალაქეები არიან, საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას ”, - ნათქვამიააშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჰინის განცხადებაში. მნუჰინი, ტრამპის მოკავშირეა, რომელმაც აშშ-ის კაპიტოლიუმში ტრამპის მომხრეების შეჭრა დაგმო. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში 7 იანვარსს შეიჭრნენ.
რუსეთში COVID-19-ის ახალი შტამი დაფიქსირდა
რუსეთში COVID-19-ის ახალი შტამი დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში ჩასულს დაუდასტურდა. რუსეთმა დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა დროებით დეკემბერში. ანალოგიური გადაწვეტილება სხვა ქვეყნებმაც მიიღეს. რუსეთს მსოფლიოში, კოვიდინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 10 იანვრის მონაცემით, ქვეყანაში 3.5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა 61,000 ადამიანი. რუსეთმა, მის მიერ შექმნილი „სპუტნიკ-V“-ით ვაქცინაცია თუმცა, დასავლეთში კითხვები აქვთ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრის, მიხაილ მურაშკოს თქმით, გასულ კვირას 800,000 ადამიანი აიცრა და 1.5 მილიონი ვაქცინის დისტრიბუცია მოხდა.
ბათუმში კოვიდინფიცირებული ქუჩაში გადაადგილდებოდა
ბათუმში 2000 ლარით დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. შსს-ს ცნობით, კოვიდინფიცირებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. „ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, covid-19“-ით ინფიცირება დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, ამ მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი,“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციამ კოვიდინფიცირებული დაჯარიმების შემდეგ ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში გადაიყვანა. covid19-თან დაკავშირებული რეგულაციების დამრღვევები ქვეყნის მასშტაბით დღესაც გამოავლინეს.
პერუს ადგილობრივი სასამართლო ბილ გეიტსს და ჯორჯო სოროსს პანდემიის შექმნაში ადანაშაულებს
პერუში ეჭვი აქვთ, რომ პანდემიის „შექმნაში“ Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი და როკფელერების ოჯახი მონაწილეობდნენ. ამის შესახებ სასამართლოს დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა. შესაბამისი დადგენილება ადგილობრივმა სასამართლომ გამოიტანა და ახლა მას უზენაესი იძიებს. „დავიწყეთ წინასწარი გამოძიება, სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის მთავარი სასამართლოების განკარგულებით, რომლითაც გამოვააშკარავებთ სავარაუდო დარღვევების არსებობას ან არარსებობას”, - ნათქვამია პერუს, იკის უზენაეს სასამართლოს facebook გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. „მისი შემქმნელების გარდა, მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი და ვერც განსასჯელის დაცვა ადასტურებენ, რომ ამ პანდემიას „პროგნოზირებადი“ თვისებები აქვს, - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. პერუში იძიებენ ადგილობრივი სასამართლოს დადგენილებას, რომ COVID-19 ჯორჯ სოროსის „კრიმინალურმა ელიტებმა“, როკფელერების ოჯახმა და Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა გამოიგონეს.
მაიკ პომპეო 13 იანვარს ბელგიას ეწვევა
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 13 იანვარს ბრიუსელს ეწვევა, რათა დაადასტუროს შეერთებულ შტატებსა და ბელგიას შორის ღრმა და მტკიცე პარტნიორობა და ნატოს მიმართ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა. ინორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. პომპეო NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ბელგიის ვიცე პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს სოფი ვილმესს შეხვდება. პომპეო ხაზს გაუსვამს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მუდმივ მნიშვნელობას, NATO-ს მუდმივ წარმატებას ტრანსატლანტიკური საზოგადოების დაცვისა და უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ადაპტაციის საქმეში და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების სიძლიერეს შეერთებულ შტატებსა და ბელგიას შორის. აშშ-ში, არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
10 რჩევა კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესის დასაძლევად
ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა და ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ კოვიდინფექციის პანდემიისგან გამოწვულ სტრესთან გასამკლავებლად მოქალაქეებს რამდენიმე რჩევა Facebook ლაივის საშუალებით გაუზიარა. 1. ნუ გავიწყდება, რომ კოვიდინფექცია 85 პროცენტში მსუბუქად მიმდინარეობს, ნუ გავიწყდება, რომ მედია მხოლოდ მძიმე ფორმას აშუქებს. 2. მეორე რჩევა, ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ გვჭირდება სწორი მეგობრები, რომ ყველაფერზე გვქონდეს ადეკვატური რეაქცია. 3. იზოლაციას ახლავს დეპრესია. დეპრესიას ახლავს იზოლაცია. ერთმანეთს აძლიერებენ - უყურებ 24 საათი 4 კედელს და ამის იქით აღარ იყურები, ეს მძიმე ჯაჭვი უნდა შეწყდეს! ამიტომ უნდა იყოლიო მეგობრები. მისვლა-მოსვლა არ შეიძლება, იყოს ეს თუნდაც სოციალურ ქსელში. ჩვენ ვართ სოციალური არსებები და გვჭირდება ხალხთან ურთიერთობა, იმუნიტეტი ქვეითდება, როცა თავის ტვინი ვერ აქტიურობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, იყოლიო კარგი მეგობრები. 4. დილით რომ ადგებით, ისე მოიქეცით თითქოს სამსახურში მიდიხართ - დააუთოვეთ პერანგი, დაჯექით მაგიდასთან ისე, თითქოს ოფისში ხართ. სამზარეულოში რომ შეხვალთ, იქაც მსგავსი წესებით იმოქმდეთ. ყველა ოთახს მიეცით საკუთარი დანიშნულება, რათა ამ სტრესიდან გამოხვიდეთ. 5. მოწევის ფონზე ზიანდება სისხლძარღვები და უფრო მეტია თრომბოზის რისკი, ნუ მოწევ! ალკოჰოლის მიღების ფონზე ქალებში ვითარდება სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებიც, ნუ დალევ! მარიხუანაზე კი გეტყვით, რომ შიზოფრენიას იწვევს. რამე სხვაში დახარჯეთ ენერგია, იარეთ ველოსპიპედით. 6. იზოლაცია არ ნიშნავს, რომ ჰაერზე გასეირნება გეკრძალებათ.… აღმოაჩინე, რომ სამყარო ძალიან საინტერესოა. 7. „ფინანსებს გაუფრთხილდი იმიტომ, რომ კოვიდი შეიძლება კიდევ დიდხანს იყოს და არ გეყოფა ფული, შეწყვიტე სეილების შესახებ ინფორმაციის „სქროლვა“ 8. „გამოხატე სიყვარული! ჩვენ სულ ნეგატივს ვიღებთ, როგორმე უნდა დააბალანსო პოზიტიურით, დაურეკე საყვარელ ადამიანებს და უთხარი, რომ გიყვარს. როცა ეტყვი, რომ გიყვარს, ისიც გეტყვის ანალოგიურს, უკვე მიიღებ პოზიტიურ ინფორმაციას და ამ ნეგატივს დააბალანსებ პოზიტიურით. როცა გასცემ სითბოს, მიიღებ სითბოს! ამას ქვია ბუმერანგის ეფექტი“. 9. იზოლაციაში ძირითადად უფრო მეტს ჭამენ, არ მოძრაობენ, როცა არ მოძარაობთ, ღრმა ვენები ითრომბება, ფილტვები არ ვენტილირდება და საბოლოო ჯამში, ქვეითდება იმუნიტეტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე მეტი იმძრაო, მეტ მოძრაობას შეუძლია მოგცეს ბევრი სარგებელი - გამოგიყვანოს დეპრესიიდან, პანიკიდან, სტრესიდან. ასევე გამოგიყვანოს იმუნური სისტემის დათრგუნვის მდგოამრეობიდან, შეგიმციროს გულის დაავადებების რისკი და კოვიდის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა. როგორ უნდა იმოძრაო სახლში? - ჩართე მუსიკა და ისწავლე ცეკვა, იოგა, ვარჯიშები. გამოიყენე ეს მდგომარეობა იმისთვის, რომ განვითარდე. იზოლაცია გვაძლევს საშუალებას, გავხდეთ უფრო მეტი, ვიდრე ვართ. არ გაჩერდე. 10. ჩართე ტვინი და ფოკუსირდი იმაზე, თუ როგორ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ, კოვიდი შეიძლება ჯერ არც დამთავრდეს, მაგრამ გამოსავალი ხომ უნდა იპოვო - ფოკუსირდი იმაზე, რომ უკეთესი გახდე. მედიკამენტები არ გჭირდებათ, ჩვენ სხეულში ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ მდგომარეობას გავუმკლავდეთ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი გაითიშა მას შემდეგ, რაც შეცდომით აიტვირთა ცნობა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა უკვე დასრულდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც შეცდომით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ცხრა დღით ადრე დასრულდა. აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე შეცდომით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ცხრა დღით ადრე დასრულდა. ბიოგრაფიების გვერდზე შეცდომით გამოქვეყნდა ასევე ინფორმაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან დაკავშირებითაც. ორივე შემთხვევაში აღნიშნული იყო, რომ დონალდ ტრამპისა და მაიკ პენსის უფლებამოსილება პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე 11 იანვარს ამოიწურა. ტრამპი და პენსი თეთრ სახლს 20 იანვარს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებენ. დემოკრატებმა, ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინეს.
რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში ქალებს ზიარების პროცესიაში და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა
რომის პაპმა, ფრანცისკემ კათოლიკურ ეკლესიაში ქალებს ზიარების პროცესიაში და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. რომის პაპის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კანონის ცვლილების მიუხედავად, ხელდასხმული მღვდლობა კვლავ კაცების უპირატესობა იქნება, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ქალების როლის ოფიციალური აღიარებაა, ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალები ზოგიერთ კათოლიკურ მსახურებაში უკვე მონაწილეობენ. რომის პაპმა განაცხადა, რომ ქალებს „დიდი წვლილი აქვთ“ ეკლესიაში. პაპის განკარგულებას თან ახლდა წერილი, რომელშიც განმარტებული იყო სასწრაფო აუცილებლობა ეკლესიაში მონათლული ყველა მონაწილის პასუხისმგებლობის ხელახალი აღმოჩენისთვის და საერო პირთა მისია.
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი
„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. ინფრომაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრსა და ელჩს შორის, საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს. „ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.
კელი დეგნანი: ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. ამის შესახებ ელჩმა ჯანდაცვის სამინისტოში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. „ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა, თუ სკოლების გახსნა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი.
თამარ გაბუნია: იანვარის ბოლომდე მზად ვიქნებით პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად
თამარ გაბუნიას თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება ტრენინგი და უკვე იანვრის ბოლომდე მზად ქვეყანა პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად. როგორც გაბუნია ამბობს, თავდაპირველად ვაქცინაცია ჯანდაცვის პროფესიონალებს ჩაუტარდებათ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გძელვადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიიურად საქართველოსთვის უფრო მარტივი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც ცივი ჯაჭვი ორიდან რვა გრადუსამდე სჭირდება. მისივე თქმით, დაწესებულება, სადაც ჩატარდება ვაქცინაცია, უნდა იყოს შესაფერისად აღჭურვილი, რათა მართოს ის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები, რაც ვაქცინაციას თან სდევს. როგორც გაბუნია ამბობს, ეს ყველაფერი პროტოკოლში გათვალისწინებულია. „გძელვადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიიურად ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც ცივი ჯაჭვი სჭირდება ორიდან რვა გრადუსამდე და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი 70-მდე, რაც არის Pfizer-BioNTech -ი, რომელიც შესაძლებელია, მაგრამ ტექნოლოგიურად უფრო მარტივი იქნება რა თქმა უნდა,AstraZeneca-ს სჭირდება პერსონალის ტრენინგი. უკვე განსაზღვრულია ის ადგილები, სადაც Pfizer-ის ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს და ასევე განსაზღვრულია ის აგილები, სადაც გრძელვადიან პერსპექტივაში და უფრო ფართო გავრცელების პირობებში, ჩვენ შესაძლოა, AstraZeneca გავაკეთოთ. სასწავლო მოდულები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უკვე თავად აქვს გამზადებული, ისევე როგორც პროტოკოლები. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, დაწესებულება, სადაც მოხდება ვაქცინაცია, უნდა იყოს შესაფერისად აღჭურვილი, რათა მართოს ის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები, რაც ვაქცინაციას თან სდევს. ამდენად, რა თქმა უნდა, ჩვენს პროტოკოლში ეს ყველაფერი გათვალისწინებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნიამ, გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "Pfizer-ის ვაქცინის შესანახი მაცივრები სამ დიდ ქალაქში გვაქვს, თუ დაგვჭირდა, დავამატებთ".