ძებნის რეზულტატი:

კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების დაბალი სტატისტიკით საქართველო ევროპაში მე-7 ადგილზეა

2020 წლის მარტიდან დღემდე, საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ, საკუთარ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში კორონავირუსით სულ 33 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1.15 პროცენტია. ლეტალობის კუთხით, ევროპის 54 ქვეყნიდან საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ექვს ქვეყანას უფიქსირდება. ამის შესახებ Europetime.eu-ს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. „ოფიციალური მონაცემებით, ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია სულ 33 პაციენტი იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი რიცხვი ფიქსირდებოდა. ყველაზე მეტი აქტიური ინფექცია დღეში. იყო დღეები, როდესაც 30 ათასი აქტიური ავადმყოფი ჰყავდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ეს უზარმაზარი რაოდენობაა, დღეში 5000-მდე ახალი ავადმყოფი. ყველა იყო მოსავლელი, დასაბინავებელი. მათგან უნდა აგერჩია ვის აქვს მძიმე ფორმა, ვის ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა, ვის ბინაზე იზოლაცია ან კოვიდ სასტუმროში გადაყვანა. არ ჰყოფნიდა სასწრაფოები, არ ჰყოფნიდა ოჯახის ექიმები, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და ვისაც უნდა პოლემიკაში ჩამერთოს და დავუმტკიცებ რომ საქართველო ამას გაუმკლავდა უკეთესად ვიდრე ევროპის ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ან ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში რომ არის რიგები და იქ რომ არის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა, იგივე კატეზე 2 კვირის მერე, 3 კვირის მერე წერდნენ ხანდახან ამერიკაში და ევროპაში. ზოგჯერ საერთოდ ექიმთთან კონტაქტსაც ვერ ახერხებდნენ განვითარებულ სახელმწიფოებში“, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ცერცვაძემ. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ცნობით, დიდ ბრიტანეთში 7 ათასამდე პაციენტია გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ, ბინებში და კოვიდ თავშესაფრებში. „შეადარეთ ახლა, ბრიტანეთი რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო, ყველაზე წელში გამართული ქვეყანა 7000 კაცი გარდაეცვალა ჰოსპიტალის გარეთ. იმიტომ რომ არ ჰყოფნიდათ საწოლები. მართალია ბრიტანეთში ჩვენზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს , მაგრამ პროცენტულად რომ გადაინგარიშო, მაინც ძალიან დიდი განსხვავებაა. საქართველოში ჰოსპიტალიზაციის დაგვიანება რომ მასიური ყოფილიყო და ვთქვათ ავადმყოფებისთვის საკმარისი დახმარება ვერ გაეწიათ, როცა დღეში 30 ათასი პაციენტი იყო მოსავლელი, როგორ გგონიათ მთელი ერთი წლის მანძილზე სულ 33 პაციენტი იქნებოდა? ყველა ის შეფერხება, ხარვეზები, სერიოზული ხარვეზები, რაც ჩვენთან იყო, გამოწვეული იყო ინფიცირებულთა ძალიან მაღალი რაოდენობით, იმ კონკრეტულ პერიოდში, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე. იგივე ხარვეზები გაცილებით მეტი მასშტაბებით იყო უცხოეთში. ყოველშემთხვევაში საქართველოში ჰოსპიტალიზაციაზე არავის უარი არ უთქვამს, რაიმე პრიორიტეტული ნიშნით. შეიძლება დაგვიანებით, ერთი დღის, 2-3 დღის დაგვიანებით, მაგრამ ბოლოს ყველა მძიმე პაციენტი მაინც ჰოსპიტალიზირებული იყო. სამი დღის წინ ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა კალიფორნიაზე. ლოს ანჯელესში ამერიკის უმდიდრეს ქალაქში, ექიმებმა ინსტრუქცია მიიღეს, რომ უიმედო პაციენტები სტაციონარში არ დააწვინონ.ასევ აქვთ მითითება, ჟანგბადი ლიმიტერებულად დახარჯონ ავადმყოფებზე, პრიორიტეტები დაალაგონ. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა გაუჭირდეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას, რომ ასეთი რამ დაავალო ექიმებს. როცა პრიორიტეტების არჩევა გიხდება, ესეიგი ძალიან უჭირს იმ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას. სერიოზული რაღაც მოხდა შვედეთში, როცა ოფიციალური ინსტრუქცია მისცეს ექიმებს 65 წელს ზემოთ პაციენტები საავდმყოფოში არ წაეყვანათ იმიტომ რომ მათთვის ადგილი არ იყო. აი ასეთი ბევრი ფაქტი კატასტროფაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს რომ საქართველოში მომხდარიყო და 65 წელს ზემოთ მყოფი პაციენტების მიღებაზე საავადმყოფოებს უარი განეცხადებინათ, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა. რა ამბავი ატყდებოდა სრულიად სამართლიანად”, - აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი Europetime.eu-სთან ინტერვიუში. ინტერვიუს სრული ვერსია რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ საქართველოში სპეციალური პროტოკოლით გამოიკვლევენ იმ 500 პაციენტს, რომლებმაც კოვიდინფექცია რთულად გადაიტანეს

AstraZeneca-მ ევროკავშირში COVID-19-ის ვაქცინისთვის ლიცენზიაზე განაცხადი შეიტანა

AstraZeneca-მ ევროკავშირში COVID-19-ის ვაქცინისთვის ლიცენზიაზე განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ (EMA) 12 იანვარს განაცხადა, რომ ის დაჩქარებული წესით შეისწავლის განაცხადს. თუკი რეგულატორი ვაქცინას მოიწონებს და მას ევროკომისია ოფიციალურად დაამტკიცებს, ეს იქნება მესამე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირში დაუშვებენ Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემდეგ. ცნობისათვის, ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა.

ჩინეთი მიანმარს COVID-19 -ის ვაქცინებს უფასოდ გადასცემს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი მიანმარს კორონავირუსის ვაქცინებს უფასოდ გადასცემს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩინეთი განაგრძობს ეპიდემიის საწინააღმდეგო მასალების მიანმარისთვის საჭიროებების შესაბამისად მიწოდებას", - ნათქვამია ჩინეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ როდესაც ქვეყნის პირველი დიპლომატი მიანმარის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შეხვდა, მან სამხედროებს ჩინეთ-მიანმარის ეკონომიკური დერეფნის შექმნისთვის დახმარების თხოვნით მიმართა. მიანმარის დატოვების შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდონეზიას, ბრუნეისა და ფილიპინებს ეწვევა.

დავით ზალკალიანი: ბიძინა ივანიშვილის ამოცანა, ხელი შეეწყო საქართველოს ევროპულ დემოკრატიად ფორმირებისთვის, კვლავ რჩება მის მთავარ მისწრაფებად

„ამოცანა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაისახა პოლიტიკაში მოსვლით - ხელი შეეწყო საქართველოს ევროპულ დემოკრატიად ფორმირებისთვის, კვლავ რჩება მის მთავარ მისწრაფებად“, - საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პოლიტიკიდან წასვლისა და ქონების დიდი ნაწილის საქველმოქმედო ფონდ ქართუსთვის გადაცემის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის ეს მინისტრის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. „ბიძინა ივანიშვილი თავისი განვლილი ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარი საქმით ადასტურებდა, რომ იგი ჩვენი დროისა და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედია. ის, როგორც პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე მას მერეც აგრძელებდა საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების უანგარო დახმარებას. ქველმოქმედების ის მასშტაბები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება, მართლაც უპრეცედენტოა, ისევე როგორც მსოფლიო ქველმოქმედების ისტორიაში, ძნელად მოიძებნება მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების მაგალითი - როდესაც პიროვნება საკუთარი ქონების დაახლოებით 95 %-ს საქველმოქმედო ფონდს, ანუ საკუთარ ხალხს და ქვეყანას უტოვებს. ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი სწორედ რომ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც იგი ზრუნავს საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე და ის ამოცანა, რაც მან დაისახა პოლიტიკაში მოსვლით - ხელი შეეწყო საქართველოს ევროპული დემოკრატიად ფორმირებისთვის, კვლავ რჩება მის მთავარ მისწრაფებად. „ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და კიდევ ერთხელ მოწმობს იმ პოლიტიკურ სიმწიფეს, რასაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ამ მოკლე დროში მიაღწია და ასევე მიუთითებს იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ამ პროცესში - ადამიანს, რომელმაც ძალადობრივი რეჟიმისგან გაათავისუფლა ქვეყანა და პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯებით და მიღებული გადაწყვეტილებებით საქართველო შეუქცევადი ევროპული ფასეულობების შესაბამისი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა. დარწმუნებული ვარ, ისტორია და ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს მის ღვაწლს”, - განაცხადა მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი ამოიღეს

ინდონეზიელმა სამძებრო ჯგუფებმა ბოინგ 737-ის ორი შავი ყუთიდან ერთი ამოიღეს, რომელიც ჯაკარტას ჩრდილოეთით, ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჩამწერის პოვნის მიუხედავად, მაშველებს იმედი აქვთ, რომ იპოვნიან კაბინის ხმის ჩამწერსაც, რომელშიც შენახული იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათი თქმით, ეს ნათელს მოჰფენს მომხდარს. Boeing 737 აფრენის შემდეგ მალევე ჩავარდა ზღვაში. ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. ინდონეზიაში Boeing 737 ორი წლის წინათაც ჩამოვარდა. მაშინ ავიაკატასტროფას 189 ადამიანი ემსხვერპლა. ინდონეზია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ავიაკატასტროფები ხშირია. მიზეზი საავიაციო სექტორის მცირე ბიუჯეტი და მოძველებული თვითმფრინავებია. 9 იანვარს ინდონეზიაში გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელსაც 50-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა.

ლიბანი Covid-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე შეზღუდვებს ამკაცრებს

ლიბანმა გაამკაცრა კორონავირუსის ახალი ზომები 11 დღის განმავლობაში სრული კარანტინის დაწესებითა და მოგზაურობის ახალი შეზღუდვების შემოღებით. ინფორმაციას France 24 აქვეყნებს. უახლესი შეზღუდვები მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც ოფიციალურმა პირებმა და ჯანდაცვის სპეციალისტებმა გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ საავადმყოფოებში რესურსი იწურება, რის გამოც ბევრ ინფიცირებულს ლოდინი უწევს. ქვეყანაში კარანტინი 7 იანვრიდან მოქმედებს. ნებისმიერი ადამიანი ჟურნალისტების, ჯანდაცვის მუშაკების, კვების ობიექტზე მომუშავეებისა და სხვა აუცილებელ სფეროებში დასაქმებულთა გარდა ვალდებულია, სახლში დარჩეს. საზღვაო და სახმელეთო საზღვრები ჩაიკეტება ყველა მოგზაურისთვის, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აქვთ მოქმედი სატრანზიტო ვიზა. კერძო საავადმყოფოები ვალდებულნი იქნებიან, გააფართოონ ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს ეთმობათ, დაძაბული სახელმწიფო სექტორის დასახმარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლიბანის სახელმწიფო ავრცელებს. კორონავირუსის ახალი შტამი უკვე მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლიბანშიც დაფიქსირდა.

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდისთვის კონსულტაციებს აღარ ვაპირებ

გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას აღარ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. „მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის. მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ, ეს ბოლო ინტერვიუ იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღატომ მოვდივარ? ესე იგი, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. თუ სწორად ვერ გავაკეთე, უკან რაღატო გავიქაჩო, ხომ? მარტივი თემაა. ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. ყველაფერი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, მას აქვს არჩევის საშუალება და მან ისწავლა არჩევა, ისწავლა კონტროლიც. უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა. უკაცრავად და ქარაქუცა პარტიები აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება. მოვესწრები იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“. 2024-ში ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე. ყველაზე განვითარებული და საინტერესო დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია“, - განაცხადა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

შვეიცარიამ ​Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა

ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებელმა Swissmedic-მა, ქვეყანაში Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. „ვაქცინამ დააკმაყოფილა მკაცრი მოთხოვნები, უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის მიხედვით, მისი გამოყენება შვეიცარიაში, დაუყოვნებლივ არის დაშვებული“. - განაცხადა ჯანდაცვის მარეგულირებელმა. მათი თქმით, ინექციიდან 14 დღეში, ვაქცინამ 94%-ანი ეფექტურება აჩვენა. ქვეყანამ უკვე შეისყიდა პრეპარატის 7,5 მილიონი დოზა, რომლიდანაც 200,000 13 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი. Moderna იქნება მეორე ვაქცინა, რომლის გამოყენების უფლება გაიცა ქვეყანაში, Pfizer-BioNTech -ის ვაქცინა, 20 დეკემბრიდან უკვე დაშვებულია.

ლადო კახაძე: ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ ვაქცინა, რათა ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ეს უსაფრთხოა

ლადო კახაძე მზადაა, კოვიდსაწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს და ამასვე მოუწოდებს საპატრიარქოს წარმომადგენლებს. „იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს, არამხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, ვაქცინაციის ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება. პირადად მე მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკითა და როგორც დარგის სპეციალისტმა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო. ვთხოვ, ვინც არის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და არასამთვარობო სექტორიდან... დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა“, - განაცხადა ლადო კახაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის გადაწყვეტილებამდე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია

გაიკეთებენ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სასულიერო პირები, ამ საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყვეტენ. ამის შესახებ Europetime-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი როდის დაინიშნება სინოდის სხდომა. „ჩვენ ჯერ არ ვიცით ბევრი არაფერი. არც პროცედურის შესახებ. ძალიან ამორფულია სიტუაცია. ვერ გეტყვით ვერაფერს. არაფერი არ ვიცი. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა ისეთი მსჯელობა, რომელიც საერთო აზრს შეკრებდა. არსებობს რაღაც ცალკეული მოსაზრებები, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არ ვიცით საპატრიარქოს უმაღლეს ორგანოში რა გადაწყდება. თუმცა ჯერჯერობით, სინოდის გადაწყვეტილებამდე ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ვისაც სურს, გაიკეთებს. ვისაც სურს - არა“, - განუცხადა Europatime-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. „ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ ვაქცინა, რათა ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ეს უსაფრთხოა“, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ განაცხადა. საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. ინფრომაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ერდოღანი: ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება Brexit-ის შემდეგ წარმოქმნილ სიცარიელეს შეავსებდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებისთვის და მოუწოდა ევროკავშირს, რომ მათაც გამოხატონ ამისთვის მზადყოფნა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. ერდოღანმა ანკარაში მიმართა ელჩებს და გამოთქვა იმედი, რომ თურქეთ-საბერძნეთის მოლაპარაკებების განახლება ემსახურება ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხების გადაჭრას, რომელიც მისი თქმით, „ახალი ეპოქის მაუწყებელი იქნება“. ერდოღანმა საკუთარ განცხადებაში ასევე შეახსენა საბერძნეთს, რომ მათ „უნდა სცადონ, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს“. „ჩვენი ქვეყანა ერთობლივად გეგმავს მომავალს ევროპასთან ერთად, მიუხედავ ყველა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც წავაწყდით ჩვენს წინააღმდეგ", - ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მისი თქმით ქვეყანა მზად არის „დაივიწყოს ყველა წყენა და იმედი აქვს, რომ ევროკავშირიც თურქეთის ენთუზიაზმს გაიზიარებს". ევროკავშირმა რამდენიმე სანქცია მოამზადა თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა სადამსჯელო ღონისძიებების მიღება მარტამდე გადაწია. ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

ემანუელ მაკრონი: გოჩა ლორთქიფაინძეს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლისთვის აუცილებელი კვალიფიკაცია აქვს

ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში, საფრანგეთის პრეზიდენტი გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაზე წერს და ამბობს, რომა მას „საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლისთვის აუცილებელი კვალიფიკაცია აქვს“. წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას მოგახსენებთ 2020 წლის 30 ნოემბრის წერილისთვის, რომელსაც ყურადღებით გავეცანი. ორიენტირებულია რა ევროპაზე, თქვენს ქვეყანას საფრანგეთი მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, რომელთანაც, როგორც მოგეხსენებათ, მსურს, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. ამის დასტურია ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაფუძნება, რომელიც ჩვენ ერთად დავაარსეთ და რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება და პირველი შედეგების ჩვენება. სამხრეთ კავკასიის პრობლემურ კონტექსტში, ჩვენს ქვეყნებს შორის სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ხაზგასმით აღინიშნა საფრანგეთ-გერმანიის 12 დეკემბრის განცხადებაში. თქვენს წერილში, მთხოვეთ ყურადღება გამემახვილებინა პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (CPI) მოსამართლის თანამდებობაზე 2021-2030 წლების ვადით, არჩევნების ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 17 – 23 დეკემბერს ნიუ-იორკში ჩატარდა. თქვენ ხაზი გაუსვით მის მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო სამართალში და ომის დანაშაულების მსხვერპლთა დახმარებაში, მის შესანიშნავ პროფესიონალიზმს, ისევე როგორც მიუკერძოებლობას - თვისებებს, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო სასამართლოში მოღვაწეობისთვის. მართლაც, დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომისიამ დაადასტურა, რომ თქვენს კანდიდატს აქვს აუცილებელი კვალიფიკაცია საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის და ჩვენც ასევე აღვნიშნეთ ღია განხილვისას, რომ ბატონი ლორთქიფანიძე შესანიშნავი კანდიდატი იყო.სწორედ ამიტომ, მივესალმები 18 დეკემბერს ნიუ-იორკში ბატონი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ მას წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს“, - წერს ემანუელ მაკრონი​.

ბავარიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

სამხრეთ გერმანიის ქალაქ, ბავარიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში FFP2 სტანდარტის პიბადის ტარება სავალდებულო ხდება. ინფორმაციას Welt-ი ავრცელებს. გადაწყვეტილება მიუნხენში, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს. მთავრობა განმარტავს, რომ ეს პირბადეები ადამიანებს კორონავირუსისგან მეტად იცავს და მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი. FFP2 სტანდარტის პირბადე არის დამცავი, რომელიც ხელს უშლის მტვრის, კვამლის, გაზების, სადეზინფექციო საშუალებების ორგანიზმში მოხვედრას. ის ადამიანს კორონავირუსისგანაც იცავს. FFP2 სტანდარტის პირბადეებს აქტიურად იყენებენ ექიმები. ადგილობრივი მედიის ცნობით, FFP2 პირბადეს 60 წელს გადაცილებული ადამიანები და რისკჯგუფში შემავალი პირები უფასოდ მიიღებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბავარიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გერმანიის მასშტაბით კი, ვირუსის 12 802 შემთხვევა გამოვლინდა და 891 კოვიდინფიცირებული გარდაიაცვალა.

ესპანეთში ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცა

დიდთოვლობის შემდეგ, ესპანეთი ცენტრალურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცა. ამის შესახებ BBC წერს. რეკორდულად დაბალი ტემპერატურა მადრიდის ჩრდილოეთით, მოლინა დე არაგონში დაფიქსირდა. უამინდობის გამო ქვეყანაში 7 ადამიანი დაიღუპა. ორი მათგანი ბარსელონაში მცხოვრები უსახლკაროები იყვნენ. ადგილობრივი მედიის თქმით, დიდთოვლობამ ჩქაროსნული გზატკეცილებზე მანქანების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ხელისუფლებამ ხანდაზმულ მოქალაქეებს სახლში დარჩენის რეკომენდაცია გასცა.

რატომ არის უსაფრთხო Covid-19-ის ვაქცინები - ექსპერტების შეფასება

კორონავირუსის პანდემიამ გასულ წელს 1,7 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ლოკდაუნი გამოიწვია; წლის ბოლოს მსოფლიო სიხარულით შეეგება ვაქცინებს, რომლებმაც პანდემიის დასრულების იმედი გააჩინა. მსოფლიო მასშტაბით ვაქცინების უსაფრთხოებაში ბევრ ადამიანს შეაქვს ეჭვი, სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Metafact-მა ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ ჰკითხა იმუნოლოგიის, ბიოსტატისტიკისა და ვაქცინოლოგიის 14 ექსპერტს. COVID-19-ის რომელი ვაქცინები დამტკიცდა? სხვადასხვა ქვეყნის მიერ ამჟამად მხოლოდ სამი ვაქცინაა დამტკიცებული : Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი - ‘BNT162b2, Moderna-ს ვაქცინა - mRNA-1273 და ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა. ​როგორ ხდება ვაქცინის დამტკიცება? ვაქცინები, ისევე როგორც სხვა პრეპარატები, მოხმარებისათვის აკრძალულია იქამდე, ვიდრე მათ ქვეყანა არ დაამტკიცებს. ამ პროცესს თითოეულ ქვეყანაში ან ქვეყნების ჯგუფში დამოუკიდებელი სააგენტო წარმართავს. იმისათვის, რათა ამ სააგენტოებმა რაიმე დაამტკიცონ, მათ უნდა აჩვენონ, რომ არის 1) უსაფრთხო და 2) ასრულებს იმას, რისთვისაც არის განკუთვნილი. ყველა პრეპარატი, მათ შორის ვაქცინებიც, კლინიკური ცდების სამ ფაზას გადის: I ფაზა - ვაქცინის უსაფრთხოებას და შესაფერის დოზას მოხალისეთა მცირე ჯგუფზე (20-80 ადამიანი) ამოწმებს. II ფაზა - არკვევს, რამდენად მოქმედებს ვაქცინა; ამისათვის, 100-300 მოხალისეს ორ ჯგუფად ჰყოფს, ერთ ჯგუფს ვაქცინას უკეთებს, მეორეს კი პლაცებოს (კონკრეტული ინფექციისადმი უსარგებლო, უეფექტო ნივთიერებას). III ფაზა - ათასობით მოხალისეს ორ ჯგუფად ჰყოფენ, შემთხვევითობის პრინციპით ერთს ვაქცინას უკეთებენ, მეორეს კი პლაცებოს. არც მოხალისეებმა და არც ექიმებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომელი მოხალისე რომელ ჯგუფშია; მოწმდება ვაქცინის მოქმედება და გვერდითი ეფექტები. რამდენად უსაფრთხოა ვაქცინები? საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია PATH-ის წარმომადგენელი, დოქტორი უილიამ ჰაუსდორფი განმარტავს, რომ ყველა დისკუსია ვაქცინათა უსაფრთხოების შესახებ, უნდა დაიწყოს დისკუსიით იმის შესახებ, რამდენად სერიოზული და ხშირია ის დაავადება, რომლის პრევენციას ან მკურნალობასაც ცდილობთ. „თუ დაავადება უმნიშვნელოა, შეიძლება, უბრალო გვერდითი ეფექტებიც არ ღირდეს ამად. მაგრამ თუ დაავადება სერიოზულია, მაშინ ადამიანები გაცილებით დიდ პოტენციურ გვერდით ეფექტებსაც უნდა დათანხმდნენ“, - ამბობს ჰაუსდორფი. და ბოლოს, ​თოთხმეტივე ექსპერტი ეთანხმება სამეცნიერო კონსენსუსს, რომ მარეგულირებელ სააგენტოთა მიერ დამტკიცებული COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინა ან პრეპარატი.

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტზე: ეს პოლიტიკის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის გაგრძელებაა

„ვფიქრობ, რომ ეს უზარმაზარ რისხვას იწვევს. ეს პოლიტიკის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის გაგრძელებაა“, - განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება. ინიციატივის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპმა თავისი საქციელით აშშ-ის კონგრესთან არეულობა წააქეზა და ცხადყო, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიასა და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას თანამდებობაზე დარჩენის საშუალება მიეცემა. რესპუბლიკელი ლიდერებისა და მთავრობის წარმომადგენლების თქმით, დონალდ ტრამპი 20 იანვრამდე უნდა გადააყენონ.

სამხრეთ კორეაში პოლიცია ეძებს კაზინოს თანამშრომელს, რომელმაც 13,2 მილიონი დოლარი მოიპარა

სამხრეთ კორეაში პოლიცია ეძებს კაზინოს თანამშრომელს, რომელმაც 14,56 მილიარდი ვონი (13,2 მილიონი დოლარი) მოიპარა. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს. ეჭვმიტანილია კაზინოს თანამშრომელი, 50 წლამდე მალაიზიელი ქალი, რომელიც საახალწლო და საშობაო დღესასწაულების შემდეგ სამსახურში არ გამოჩენილა. მოპარული ფული 280 კილოგრამს იწონის და პოლიციაში აცხადებენ, რომ ქალს თანამზრახველებიც ჰყავდა, ვინაიდან ერთი ადამიანი ასეთ თანხას მარტო ვერ წაიღებდა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ თვითმფრინავით ან გემით ასეთი თანხის გატანა ასევე რთულია, ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ ფული საკურორტო კომპლექსის მახლობლადაა გადამალული. ამასთანავე, გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები სისტემიდან წაშლილია, რაც ასევე ართულებს გამოძიებას. მსხვილი საკურორტო კომპლექს Jeju Shinhwa World-ის ტერიტორიაზე მდებარე კაზინოდან ფულის გაუჩინარების შესახებ 4 იანვარს გახდა ცნობილი. საკურორტო კომპლექსი Jeju Shinhwa World-ი კუნძულ ჩეჯუდოზე მდებარეობს. მის შემადგენლობაში 4 სასტუმრო, სამი გასართობი პარკი, სავაჭრო ცენტრი და სხვა ობიექტები შედის.

დონალდ ტრამპი: ჩვენ არ გვსურს ძალადობა

დონალდ ტრამპმა, აშშ-მექსიკის საზვართან გამგზავრებამდე კომენტარი გააკეთა რამდენიმე დღის წინ, კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ჩვენ არ გვინდა და არასდროს გვინდოდა ძალადობა", - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის მოქმედმმა პრეზიდენტმა დაგმო დემოკრატების მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი. ტრამპის თქმით, იმპიჩმენტი არის პოლიტიკის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის გაგრძელება. დონალდ ტრამპის თქმით იმპიჩმენტი „აშშ-ს უდიდესი საფრთხის და აგრესიის წინაშე აყენებს“.

თენგიზ ცერცვაძე თამარ ჟამურაშვილს: რა უფლებით ერევით ქართველ კოლეგებთან შეუთანხმებლად ტელეფონით Covid-19-ით პაციენტების მართვაში და ამხედრებთ მათ ქართველი ექიმების წინააღმდეგ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც გერმანიაში მოღვაწე ქართველ ექიმს, თამარ ჟამურაშვილს აკრიტიკებს და მას ქართველი ექიმების წინააღმდეგ პაციენტების ამხედრებაში ადანაშაულებს. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თამარ ჟამურაშვილი, რომელიც გერმანიაში საქმიანობს, ჩამოყალიბდა ტიპიურ „ჰეითერად”. ის სისტემატურად ცდილობს საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია წარმოაჩინოს უკიდურესად მუქ ფერებში, სრულიად დაუსაბუთებლად აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს, ცოცხალი თავით არ უნდა თვალი გაუსწოროს სინამდვილეს და დაინახოს, რომ საქართველო პიკის პერიოდშიც კი ბევრ სხვა ქვეყანაზე გაცილებით უფრო წარმატებულად მართავდა პანდემიას და ყველა მიმართულებით, მათ შორის ვაქცინების საკითხშიც ოპტიმალური გზით მიდის. ბოლო პერიოდში თამარ ჟამურაშვილი უკვე გადავიდა ცინიზმზე და შეურაცხყოფაზე, ქვეყანას ცინიკურად ურჩევს, რომ სთხოვონ „გუდვილს“ (?!) გამოათავისუფლონ პროდუქტების მაცივრები ვაქცინების შესანახად. ლაპარაკობს რაღაც ხვრინვის აპარატებზე, რაღაც გამოგონილ ხარვეზებზე ავადმყოფების მართვაში და სხვ. ჩვენ კოლეგიალობის გამო მაქსიმალურად ვცდილობდით, თავი შეგვეკავებინა მის უკიდურესად არაკორექტულ პასაჟებზე პასუხისგან, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და იძულებული ვართ ვუპასუხოთ. ქალბატონო თამარ, რა უფლებით ერევით ქართველ კოლეგებთან და სტრუქტურებთან შეუთანხმებლად ტელეფონით COVID-19-ით პაციენტების მართვაში და ამხედრებთ მათ ქართველი ჯანდაცვის მუშაკების წინააღმდეგ. ეს ხომ დასჯადი ქმედებაა (როგორც ქართული, ისე გერმანული კანონმდებლობით)! თქვენს ბოლო პოსტში აღნიშნავთ, რომ ამა თუ იმ მედიკამენტის ან ვაქცინის ავკარგიანობის დასადგენად არსებობს FDA და EMA. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაშინ მინდა გკითხოთ - რატომ ატეხეთ ერთი ამბავი და ლამის სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაგვითვალეთ ქვეყანაში „რემდესივირის“ შემოტანა, რომელსაც დიდიხანია აქვს FDA-ის რეკომენდაციაც, ამერიკის და ევროპის პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული „გაიდლაინის“ რეკომენდაციაც და ფართოდ გამოიყენება მთელ ამერიკაში და დანარჩენ მსოფლიოში. იცით თუ არა, რომ ამით „დათვური სამსახური“ გაუწიეთ და სერიოზული ზიანი მიაყენეთ იმ COVID-პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებოდათ და არ მიიღეს „რემდესივირი“ - იმათ, ვისაც ჰგონია, რომ რადგან გერმანიაში მუშაობთ, რაღაც სხვაზე მეტი იცით. თქვენ ჩემს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებას ირონიულად უწოდებთ „მისტერიულს“ და დაუჯერებლად თვლით, როგორ შეიძლებოდა ლიმფომით და სერიოზული იმუნოდეფიციტით ავადმყოფში (საუბარი ჩემზეა) დაავადება „რთული იმუნური ფაზის გარეშე დამთავრებულიყო“. Charité-ს კლინიკის ექიმმა იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ სერიოზული იმუნოდეფიციტით ავადმყოფებში რთული იმუნური ფაზის განვითარება ნაკლებსავარაუდოა. პირიქით - ასეთ ავადმყოფებში მოსალოდნელია არა იმუნური ფაზის, არამედ ვირუსული ფაზის დამძიმება, შესაძლოა ლეტალური შედეგითაც, მაგრამ, სავარაუდოდ, სწორედ თქვენს მიერ შერისხული „რემდესივირის“ დროულად გაკეთებამ გადამარჩინა, რადგან ეს მედიკამენტი სწორედ ვირუსის რეპლიკაციას თრგუნავს. ალბათ გახსოვთ, უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებთან პირდაპირი ტელეხიდის დროს დაგისვით კითხვა, თუ რით შეგიძლიათ ახსნათ, რომ საქართველოს გერმანიასთან შედარებით COVID-19-ით გარდაცვალების ორჯერ უფრო დაბალი პროცენტი აქვს (ახლაც ასეა). თქვენი პასუხი გამაოგნებელი იყო. „ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გერმანიაში ECMO-ს აპარატები გვაქვსო?!“ (ამის ჩანაწერი არსებობს). სრული ნონსენსია. ECMO, როგორც მოგეხსენებათ, ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის აპარატია. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ „ხელოვნური ფილტვი“. როგორ შეიძლება ქვეყანაში ასეთი მაღალტექნოლოგიური აპარატურის ქონა სიკვდილობის ორჯერ გაზრდის მიზეზი იყოს. მაშინ რაღად გინდათ ეს აპარატები? გადაყარეთ და იქნებ გარდაცვალების პროცენტი ორჯერ შემცირდეს.თქვენ სისტემატურად გვაკრიტიკებდით, რომ ჩვენი ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები ყოვლად უვარგისი იყო, რადგან დეტალურად არ იყო გაწერილი. სინამდვილეში გერმანიის ნაციონალურ „გაიდლაინში“ ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები საერთოდ არ არის (მხოლოდ რამოდენიმე ზოგადი წინადადებით არის წარმოდგენილი), ხოლო საქართველო თავისი „უვარგისი“ პროტოკოლით და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით სარეკორდოდ მაღალი გადატვირთვის პირობებშიც კი სხვა ქვეყნებზე გაცილებით უკეთ უმკლავდებოდა პაციენტთა გაზრდილი ნაკადების მართვას, რაზეც ცალსახად მეტყველებს გარდაცვალების ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი (1,16%) და ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილთა მინიმალური რიცხვი (სულ 33 პაციენტი). თქვენ სისტემატურად გვსაყვედურობდით, რომ ქვეყანამ არაფერი გააკეთა გაზაფხულ-ზაფხულშიდა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა შემოდგომა-ზამთრის პიკს. სინამდვილეში ქვეყანამ მობილიზაცია გაუკეთა 7 ათასამდე COVID საწოლს (მაგალითისთვის 10 მილიონიანმა ლოს-ანჯელესის ოლქმა მხოლოდ 8 ათასამდე საწოლის მობილიზება შეძლო), 72 COVID სასტუმროს 5 ათასამდე ადგილით, გამართულად მუშაობს 64 ე.წ. „ონლაინ კლინიკა“ და 2 ათასზე მეტი ოჯახის ექიმი. ასევე მუშაობს უნიკალური „ონლაინ-კლინიკა“ სამინისტროში 300 ექიმით, რომელიც 7/24 საათის რეჟიმში ახდენს სხვა „ონლაინ-კლინიკების“ მონიტორინგს და კონტროლს, აგრეთვე იღებს ზარებს ყველა იმ პაციენტისგან, რომლებმაც ვერ მოახერხეს კომუნიკაცია სასწრაფოებთან ან თავის ოჯახის ექიმთან. საქართველოში არავის გაუცია განკარგულება, რომ 65 წელზე მეტი ავადმყოფები არ წაეყვანათ კლინიკებში ადგილების უქონლობის გამო ან უარი ეთქვათ კლინიკებში უიმედო პაციენტების გადაყვანაზე. ჩვენთან ავადმყოფები 8-8 საათს არ ატარებდნენ სასწრაფოებში (კლინიკებში რიგების გამო). არ იყო სასწრაფოების ისეთი მწვავე დეფიციტი, როგორიც მაგალითად ამერიკასა და ინგლისში. 2-2 რეფრიჟერატორი არ იდგა მიცვალებულებით გადატვირთულ მორგებთან მათ განსატვირთად. არავის გაუცია განკარგულება, რომ ჟანგბადის მარაგის ნაკლებობის გამო ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისთანაც სატურაცია 90%-ზე დაბალი იქნებოდა. არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ხელოვნური სინთქვის აპარატის, ჟანგბადის მარაგის ან მედიკამენტების ნაკლებობის გამო. საქართველოში არასდროს გადავადებულა ე.წ. სასწრაფო დაყოვნებული ოპერაციები. მოკლედ, ჩვენთან თქვენი დიდი სურვილის მიუხედავად კლინიკური სექტორი არათუ არ ჩამოშლილა, არამედ ცალკეული შეფერხებებისა და ხარვეზების მიუხედავად ღირსეულად გამოვიდა ურთულესი სიტუაციიდან, მაშინაც კი, როცა საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე გადათვლით COVID-19-ით ავადმყოფების ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდებოდა. აი, ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაში კი, მათივე ლიდერების (მათ შორის ქ-ნი მერკელის) განცხადებებით, კლინიკური სექტორი ჩამოშლის პირასაა. ქალბატონო თამარ, გერმანია საქართველოზე შეუდარებლად უფრო მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოა, შეუდარებლად უფრო ძლიერი და მდგრადი ჯანდაცვის სისტემით და თან ის ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ითვლება COVID-19-თან ბრძოლაში ევროპასა და ამერიკაში. ახლა მაინც ხომ ვერ აგვიხსნით, რატომ არის საქართველოში გარდაცვალების პროცენტი 1.16%, ხოლო გერმანიაში - 2,17%? რატომ არის საქართველოში ჰოსპიტალსგარეთ (ბინაზე ან COVID სასტუმროში) გარდაცვლილთა რიცხვი ასეთი მცირე (სულ 33 გარდაცვლილი), ხოლო გერმანიაში - გაცილებით მეტი (ინგლისზე და სხვა ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობ)? რატომ არის, რომ გერმანიაში ბოლო პერიოდში მოსახლეობის 1 მილიონზე გადაანგარიშებით კვდება უფრო მეტი პაციენტი, ვიდრე საქართველოში და ა.შ.? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენი გადმოსახედიდან „თქვენ კარგად მუშაობთ, ხოლო ჩვენ საქართველოში არაფერს ვაკეთებთ“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ზაზა ფირალიშვილი: ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში აღარ მოისურვებს ჩართვას, თუმცა სადავეები მაინც ხელში ეჭირება

"რა არის მთავარი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში - რასაც ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად არ უწევენ ანგარიშს. ქართველი ამომრჩეველი გაცილებით უფრო ეშმაკი გახდა, ვიდრე მიაჩნიათ პოლიტიკოსებს. ახლა ელექტორატი გაცილებით უფრო ფხიზელი და ეჭვიანია", - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა Europetime-თან ინტერვიუში, როდესაც ვკითხეთ მომდევნო არჩევნებზე, რამდენად უნდა ველოდოთ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგება? კულუარულად ან ღიად? ის აღნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ვერ გამოვიდა ინფანტილიზმის მდგომარეობიდან და მას მუდმივად სჭირდება ვიღაც ერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე ლიდერი: "ეს სტალინური მოდელი სულ ტრიალებს ჩვენს პოლიტიკაში და ამათ შორის დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც კი". - პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმულია რომ მას სჯერა, გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, პირველივე თვეს დაჰპირდა ქართულ საზოგადოებას, რომ თვითონვე შექმნიდა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ ოპოზიციას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ ფიქრობთ, მომდევნო არჩევნებზე, რამდენად უნდა ველოდოთ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგება? კულუარულად ან ღიად? ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბევრი პარტია მიაკითხავს თხოვნით და შეთავაზებით, მათგან ჭეშმარიტი ოპოზიცია შექმნას. ისინიც კი მივლენ, ვინც ახლა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. მისკენ მიმავალი გზების ძიებას დაიწყებენ. რა არის მთავარი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში - რასაც ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად არ უწევენ ანგარიშს. ქართველი ამომრჩეველი გაცილებით უფრო ეშმაკი გახდა, ვიდრე მიაჩნიათ პოლიტიკოსებს. ახლა ელექტორატი გაცილებით უფრო ფხიზელი და ეჭვიანია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ვერ გამოვიდა ინფანტილიზმის მდგომარეობიდან და მას მუდმივად სჭირდება ვიღაც ერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე ლიდერი. ეს სტალინური მოდელი სულ ტრიალებს ჩვენს პოლიტიკაში და ამათ შორის დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც კი. ხალხის დამოკიდებულება რომ ვიღაცამ ყველაფერი იცის; ვიღაცას ყველაფერი შეუძლია... ეს მიეწერებოდა გამსახურდიას თავის დროზე, შემდეგ შევარდნაძეს და სააკაშვილს, ახლა - ბიძინა ივანიშვილს. კარგად მახსოვს, როდესაც ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა და კონსულტაციის სახით ჩემი აზრის გაზიარებას მოითხოვდნენ, ძალიან ბევრს წამოსცდენია, ბიძინა ივანიშვილი მხარს გვიჭერსო. ამაში ხედავდნენ თავის წარმატების გარანტიას. ეს არის პოლიტიკური ინფანტილზმის კულტურის, სამწუხარო დეფიციტი და რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ჩვენს საზოგადოებაშია ასეთი მოთხოვნა. კიდევ ერთი მომენტი - ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, საკმარისად კარგად გრძნობს უკვე საზოგადოებრივ განწყობებს. შეიძლება პირველ ხანებში საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაშინ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. დღეს უკვე საკმაოდ კარგად გაიწაფა და საკმაოდ კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობებს. თუნდაც იმით, რომ მისი მთავარი, ძირითადი ღერძული იდეა იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა. ამ იდეამ ამოწურა თავისი თავი და შესაბამისად „ოცნება“ კარგავს იმ ფუნდამენტს, რომელზეც ის იყო აგებული და აუცილებლად გაჩნდება სერიოზული ძლიერი ოპოზიციური ძალა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ქართული ოპოზიცია უმწეოდ გამოიყურება, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ამ სიტუაციაში თავის ადგილის დაკავებას იმ ვაკუუმის შევსებას, რომელიც არსებობს. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ, ან ზეგ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. _ ბიძინა ივანიშვილი ხომ არ იქნება ამ ოპოზიციური ძალის კულუარული მხარდამჭერი? როგორც ჩანს, ივანიშვილმა იგრძნო ამის აუცილებლობა და ფიქრობს, რომ შანსი აქვს კონტროლი შეინარჩუნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ეს კარგი იქნება. ვისურვებდი რომ მას საბოლოოდ გაეწყვიტა პოლიტიკასთან ურთიერთობა. არა იმიტომ, რომ ის ცუდი ადამიანია და დამსახურებები არ აქვს. უბრალოდ ამ განცხადებაში ესეც ვიგრძენი. უწევს, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს. რომლისთვისაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის გავლენა პოლიტიკაზე; აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ღია იქნება, თუ ფარული დაშვებული არ არის. ფარული შეიძლება უარესი იყოს. ღია მხარდაჭერის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა სერიოზულად ვერ აღიქმება საერთაშორისო საზოგადოების თვალში. _ სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოების გავლენაც ხომ არ იყო ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი? ხელისუფლებაში, იგივე პოლიტიკური ძალის მესამე ვადით მოსვლა, საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აზიანებს. ივანიშვილის მეოთხე ვადით ხელისუფლებაში მოსვლას კი დასავლეთის მხრიდან,გაცილებით მწვავე შეფასება მოჰყვება. პოლიტიკაში ივანიშვილის საჯარო ჩართულობის შეწყვეტა და პოლიტიკიდან წასვლა, მომდევნო არჩვენებისთვის მზადებითაც ხომ არ იყო განპირობებული? ვერ გეტყვით მომავალში ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა ფარული იქნება თუ ღია. სავარაუდოდ, თვითონ არ მოინდომებს, აქტიურად ჩაერთოს ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა სადავეები ხელში ეჭირება. დღეს ოპოზიციური ძალების ხელოვნური მოდელირება ისევე შეუძლებელია, ყველას ახსოვს რაც მოხდა 2011 წელს - ექსპერტების, ჟურნალისტების პოლიტიკოსების კონსოლიდირება. ასეთი რამ დღეს, ან სამომავლოდ შეუძლებელია. ძალიან იოლად მჟღავნდება ხოლმე ფარული აქტივობები. ასე რომ ,ასეთ წამოწყებას დიდ წარმატებას არ ვუწინასწარმეტყველებ. _ივანიშვილის ქოლგის ქვეშ, ახალ პოლიტიკურ ძალებში რამდენად მოსალოდნელია კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ 2016 წლამდე წასული პოლიტიკოსების და პარტიების ნახვა? ძალიან ძნელია, ძველი ინგრედიენტებისგან ახალ კერძის შექმნა. გავლენიანი ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, აუცილებელია ახალი ძალების ახალი პერსონალების გამოჩენა. პერსონალები, რომლებიც განახლებულად მაინც შესთავაზებენ საკუთარ თავს საზოგადოებას. _ ამომრჩევლის კრიტიკული აზროვნების გაზრდაში, სოციალურმა მედიამაც ხომ არ იქონია გავლენა? _ რა თქმა უნდა, სოციალური მედია უწყობს ხელს. ასევე მრავალწლიანი გამოცდილება. ადრე ხშირად ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ. მეტაფორული შედარება რომ გავაკეთოთ, ჩვენი სოციალური საზოგადოებრივი აზროვნება მკვეთრად შეცვალა „დეზერტირების ბაზარმა“. ეს გულუბრყვილო „სადღეგრძელოების მოყვარული ამომრჩეველი” რომელიც ყლაპავდა ნებისმიერ რაღაცას, იქცა ანგარიშიან, გამთვლელ, რაციონალურ არსებად. შეიძლება ეს არ იყოს მაღალი დონის რაციონალიზმი, მაგრამ ყოფითი რაციონალიზმი მაინც ჩანს. ასე რომ, სხვა ელექტორატთან აქვთ საქმე და პოლიტიკოსებს ჯიუტად ამის დანახვა არ სურთ. ცდილობენ, გაიმეორონ 90-იანი წლების მოდელები. საზოგადოება მართლა სერიოზულად იზრდება. ამიტომაც არ მგონია, ივანიშვილი ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ჩათვალოს, თუ ის მხარს დაუჭერს უკვე არსებულ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ის ოპოზიციური ძალა უცბად იქცევა გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშედ. მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ასეთი ხელოვნურად კონსოლიდირებული ძალა უკეთეს შემთხვევაში აიღებს 17-18 პროცენტს და არა უმეტეს. ამასაც ძალიან ვაჭარბებ ახლა. გარკვეული ელექტორატი ისევ არსებობს, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილი უმაღლესი ავტორიტეტია. ამ ელექტორატის მობილიზებას მოახდენს ახალი ძალის ირგვლივ. არ მგონია, ტოტალურ წარმატებას მიაღწიოს. _სწორედ აქედან გამომდინარე, ხომ არ არის მოსალოდნელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე ძალა ვიხილოთ. ძალა, რომელსაც ივანიშვილი ღიად უჭერს მხარს და მის მხარდამჭერ ელექტორატს აითვისებს. ასევე ძალები რომლის უკან შესაძლოა ივანიშვილი იდგეს, მაგრამ არა საჯაროდ, კულუარულად? ხმების დივერსიფიცირება ნამდვილად მოხდება. ამას საუბარიც არ უნდა. ის 48 პროცენტი რაც „ქართულ ოცნებას“ ახლა ჰქონდა არჩევნებზე, მომდევნო არჩევნებზე საოცნებოდ თუ ექნებათ. „ქართული ოცნება“ ასეთ შედეგს ვეღარ გაიმეორებს ვერასოდეს. კორონავირუსმა ძალიან დიდი როლი შეასრულა 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. კოვიდის ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მიდოდა ამ არჩევნებზე, იმდენად სწრაფად ეცემოდა მისი რეიტინგი. კოვიდმა გადაარჩინა. კოვიდმა და ოპოზიციის სრულიად უმწეო ქცევამ, თორემ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან წასვლა უწევდა. გონიერი რაციონალური, ენერგიული პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ხელოვნურად ვერ შექმნი, ინკუბატორში ვერ გამოიყვან, ბუნებრივად უნდა დაიბადოს. ახალი ლიდერის გამოჩენისთანავე თავდაყირა დადგება ყველაფერი ქართულ პოლიტიკაში.