ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს გაზრდის
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის მთავრობა 2030 წლის ბოლომდე თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიარდ ფუნტამდე გაზრდას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბენ უოლესმა განაცხადა, იტყობინება The Telegraph-ი. მანამდე, ტრასმა პირობა დადო, რომ თავდაცვის ბიუჯეტს, გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს 3%-მდე მიიყვანს. „ამჟამინდელი პროგნოზის მიხედვით, ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვის ბიუჯეტზე 100 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე 2029-2030 წლებში. ამჟამად, ის 48 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს… რვა წელიწადში ეს უზარმაზარი თანხა გაიზრდება“, - განაცხადა უოლესმა The Telegraph-თან ინტერვიუში.
უკრაინა: ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში, ჯამში, 447 ცხედარია ნაპოვნი
სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში, ჯამში, 447 ცხედარია ნაპოვნი. იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს - უკრაინული მედია 16 სექტემბერს, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქალაქ იზიუმის მახლობლად, მშვიდობიანი მოქალაქეების, დაახლოებით 445 საფლავი აღმოაჩინეს. მისივე ინფორმაციით, 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნებოდა. უკრაინულმა ძალებმა, ქალაქი იზიუმი დაახლოებით, ორი კვირის წინ გაათავისუფლეს. Maxar Technologies-მა იზიუმის მასობრივი სამარხების სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა
მედია: რუსეთი წვევამდელი ასაკის კაცებს, 28 სექტემბრიდან, ქვეყნის დატოვებას აუკრძალავს
28 სექტემბრიდან, რუსეთი, წვევამდელი ასაკის კაცებს ქვეყნის დატოვებას აუკრძალავს. დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, Meduza-ს თანახმად, აკრძალვა ძალაში შედის, უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში ყალბი რეფერენდუმის დასრულების შემდეგ. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
უკრაინა ისრაელს მოუწოდებს, რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში დაეხმაროს
უკრაინა ისრაელს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი უნდა გახდეს უკრაინის საიმედო პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლაში და დროა, გაწყვიტოს კავშირი მზაკვრულ და ბარბაროსულ რუსულ სახელმწიფოსთან. „რუსული პროპაგანდითა და დეზინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში, რამდენიმე უდავო ჭეშმარიტება არსებობს. ერთი რამ ნათელია. ისრაელი და უკრაინა ერთნაირ ომში იბრძვიან, ეს არის ომი ტერორისტების წინააღმდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია უკრაინას სჭირდება მოკავშირეები, რომლებსაც შეეძლებათ და სურთ, გაიზიარონ ჩვენი ტვირთი, რადგან მათ იციან თავისუფლებისა და მშვიდობის ნამდვილი ფასი. როდესაც ებრაელები მთელ მსოფლიოში ფიქრობენ გასულ წელზე, მოგზაურობებზე, ნაკლოვანებებსა და ზრდაზე, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, ასევე დაფიქრდეს და მეტი გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინას მისი ცხოვრების წესის და ღირებულებების დასაცავად“, - განაცხადა ანდრი ერმაკმა.
რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო ოპერაციის გამოცხადება, დაღესტანში გააპროტესტეს
რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო ოპერაციის გამოცხადება, დაღესტანში გააპროტესტეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები პროტესტის ნიშნად, ხასავიურტ-მახაჩკალის გზატკეცილზე, სოფელ ენდირესთან ახლოს შეიკრიბნენ. გაისმა გამართხილებელი გასროლის ხმაც. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
აშშ-ის გენერალური პროკურორის მეორე მოადგილე, საქართველოში შეხვედრებს მართავს
აშშ-ის გენერალური პროკურორის მეორე მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ბრიუს შვარცი საქართველოში იმყოფება. ბრიუს შვარცი საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა. პროკრატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორი სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებობს. ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და დღემდე გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს. „ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ბრიუს შვარცი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით იმყოფება. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ მასპინძლობს. თბილისში, 25-29 სექტემბერს დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს აერთიანებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.
ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა. პროკურატურის ცნობით, შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჩილინგარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, ირაკლი შოთაძემ, კამრან ალიევს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის. როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. „შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, საქართველოს, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება. პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი, გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
მიხაილო პოდოლიაკი: ოკუპირებულ ყირიმში მობილიზაცია, არალოიალური მოსახლეობისგან რეგიონის გაწმენდას ისახავს მიზნად
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების იძულებით გაწვევა, არალოიალური მოსახლეობისგან რეგიონის გაწმენდას ნიშნავს. „ყირიმელი თათრების მასობრივი მობილიზაცია ყირიმში - ეს არის ნამდვილი გენოციდი ეთნიკური ნიშნით და უზარმაზარი ტრაგედია მთელი ერისთვის“, - წერს მიხაილ პოდოლიაკი Twitter-ზე.
ცნობილია, რამდენი უკრაინელი რჩება რუსეთის ტყვეობაში
ბოლო პერიოდში, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, სამოქალაქო პირები არ გაუთავისუფლებიათ და ისინი ისევ რუსეთის ტყვეობაში რჩებიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით, 2,500 უკრაინელი რჩება. ვერეშჩუკის თქმით, ტყვეებს შორის, ბევრი ქალია. „მათ საშინლად ექცევიან. სცემენ და აწამებენ ქალებს. მსოფლიომ ამას ჩუმად არ უნდა უყუროს“, - აცხადებს ვერეშჩუკი. მან მოუწოდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ ორგანიზებულ ფსევდო-რეფერენდუმებში მონაწილეობა; არ დაეხმარონ მტერს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი უკანონობის ლეგალიზებაში. 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 200-ზე მეტი უკრაინელი დამცველი გათავისუფლდა.
უკრაინულმა ძალებმა, მიკოლაივზე თავდასხმის მცდელობისას, კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს (Shahed-136) კამიკაძე-დრონი, რომელსაც რუსული ჯარები, მიკოლაივზე თავდასხმის მცდელობისას იყენებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „25 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, საჰაერო სარდლობის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს Shahed-136 კამიკაძე-დრონი, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები იყენებდნენ მიკოლაივზე თავდასხმის მცდელობისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 25 სექტემბერს, რუსეთის ძალებმა კამიკაძე-დრონით, ოდესას კვლავ შეუტიეს. მტერმა სამჯერ დაარტყა ადმინისტრაციულ შენობას ქალაქის ცენტრში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვცდილობთ, კონფლიქტები პრაგმატული სამშვიდობო მოლაპარაკებებით გადავწყვიტოთ
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვან ი მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, რაც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას. ამავდროულად, სიტყვის დასაწყისში, ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას და ეწინააღმდეგება ომს, არის თანასწორობის მომხრე და წინააღმდეგია ზოგიერთი სახელმწიფოს მცდელობის, გამოიყენოს ძალა სხვების წინააღმდეგ. მისი თქმით, პეკინი თავის მთავარ ამოცანად მიიჩნევს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც „უსაფრთხოების საკითხზე „ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას“ გაითვალისწინებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რაც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას”, - განაცხადა ვან იმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77 -ე სესიის დებატებზე. „ჩვენ ვცდილობთ, ცხელი კონფლიქტების საკითხები სამართლიანი და პრაგმატული სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით გადავწყვიტოთ“, - განაცხადა ვან იმ. მისივე თქმით, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ქვეყნის ინტერესები, დიდი და პატარა ქვეყნების, რაც გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპია. „არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს ბოროტად თავისი ძალაუფლება, სხვა სუვერენული ქვეყნების დაშინების მიზნით“, - აღნიშნა ვან იმ.
ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება მოხდა. მედია წერს, რომ იქ დღეს ე.წ. რეფერენდუმი ტარდება. „ძლიერი აფეთქება მელიტოპოლის ჩრდილოეთ ნაწილში. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუჩნდა“, - წერს ფედოროვი და აღნიშნავს, რომ სხვა ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.
აშშ-მ კრემლი გააფრთხილა, რომ უკრაინაში, ბირთვული იარაღის გამოყენებას, რუსეთისთვის „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება
ამერიკის შეერთებული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირადად განუცხადა კრემლს, რომ უკრაინაში, ბირთვული იარაღის გამოყენებას, რუსეთისთვის „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანის თქმით, აშშ-მ საჯაროდ, მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ „გადამწყვეტად იმოქმედებდა“, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ქვეყნისა და მისი დემოკრატიის დასაცავად“. „ეს ბირთვული საფრთხეები არის საკითხი, რომელიც სერიოზულად უნდა მივიღოთ“, - განაცხადა სალივანმა CBS-სთან ინტერვიუში. „ჩვენ უშუალოდ, პირადად ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა კომუკაცია კრემლთან იმის შესახებ, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება, რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
ისრაელი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობას უზრუნველყოფს
მძიმედ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს ისრაელში უმკურნალებენ. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა უკრაინაში, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა. „ისრაელი მიიღებს 20 უკრაინელ ჯარისკაცს, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრნენ“, - განაცხადა ელჩმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია დაჭრილი ჯარისკაცების ტრანსპორტირებას უკრაინულ მხარესთან კოორდინაციით, ისრაელის საელჩო მოახდენს.
უკრაინა: ლუგანსკის ოლქში, ოკუპანტების საწყობში აფეთქება მოხდა
უკრაინული მედია იუწყება, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ალჩევსკში, ოკუპანტების საწყობში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერჰი გაიდაი აცხადებს. გავრცელებული ინფორმაციით, საწყობი იწვის.
Reuters: მოლდოვაში, აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ
მოლდოვის დედაქალაქში შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა, ქვეყნის პროდასავლური მთავრობის გადაყენება მოითხოვა. Reuters-ის ცნობით, მიზეზი ბუნებრივი აირის ფასები და ინფლაციაა. რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს - მაია სანდუ მაია სანდუმ არაერთხელ დაგმო მოსკოვის ქმედებები უკრაინაში, ის ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას ცდილობს. პარასკევს, მოლდოვურმა რეგულატორმა შინამეურნეობებისთვის ფასები 27% -ით გაზარდა. პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების დახმარებაზე. „ქვეყანისა და ხალხის პრობლემები ქუჩაში არ მოგვარდება. ჩვენ ვცდილობთ, მოვაგვაროთ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების პრობლემები“, - აცხადებს ქვეყნის პრემიერი. Reuters-ი წერს, რომ საპროტესტო აქციები ბიზნესმენ, ილან შორის (2015-2019 წლებში, ქალაქ ორჰეის მერი) ოპოზიციური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც თაღლითობისთვის, ერთი მილიარდი დოლარის საბანკო სკანდალთან დაკავშირებით არის გასამართლებული. ამავე საქმეზე, მთავარი ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი, ვლად პლახოტნიუკია, რომელმაც მოლდოვა 2019 წლის ზაფხულში დატოვა. პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. 2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა. რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამატა, რომ ეს საჰაერო სისტემები საკმარისი არ არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად. „მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს იმ პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მიღებულია. ჩვენ მივიღეთ NASAMS-ი. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები. რატომ გვჭირდება ეს? ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რათა ჩვენი მოქალაქეები, უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ. უსაფრთხო გარემოს პირობებში, ისინი იმუშავებენ აქ და გადაიხდიან გადასახადებს, შემდეგ კი, ჩვენს ბიუჯეტში 5 მილიარდი დოლარის დეფიციტი არ გვექნება.დღევანდელი მდგომარეობით, შეერთებული შტატები ყოველთვიურად 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გვაწვდის ბიუჯეტის მხარდასაჭერად. თუ უკრაინელები დაბრუნდებიან, იმუშავებენ და გადასახადებს გადაიხდიან, შეერთებულ შტატებს აღარ მოუწევს, გააგრძელოს ეს მხარდაჭერა. შეერთებული შტატებისთვის, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაზოგი, მაგრამ ჩვენთვის ეს იქნება შესაძლებლობა, ჩვენი ტერიტორია გახდეს უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს ძალიან სახიფათო სიგნალია პუტინისგან, ის გვეუბნება, რომ ომის დასრულებას არ აპირებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ე.წ. რეფერენდუმები, დიპლომატიური მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდის. ამის შესახებ მან ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, ხსენებული ნაბიჯით, პუტინი ადასტურებს, რომ ის ომის დასრულებას არ აპირებს. „ვფიქრობ, ეს არის ძალიან სახიფათო სიგნალი პრეზიდენტ პუტინისგან, რომელიც გვეუბნება, რომ არ აპირებს ამ ომის დასრულებას. ეს არის ის, რაც ხდება“, - აღნიშნავს ზელენსკი. მისივე თქმით, პუტინმა იცის, რომ აგებს და ბრძოლის ველზე, უკრაინამ ინიციატივა წაართვა. „მას არ შეუძლია, აუხსნას თავის საზოგადოებას, თუ როგორი მეორე არმია მსოფლიოში, რომელსაც არ შეუძლია, გაიმარჯვოს და დაამარცხოს უკრაინა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე მიანიშნებს. თქვენა ამას ბირთვული შანტაჟი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, ეს ბლეფია? ამ შეკითხვით მიმართა CBS-ის ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ, ბირთვული შანტაჟის მაგალითები მოიყვანა. „შესაძლოა, ეს გუშინ ბლეფი იყო, მაგრამ ახლა შეიძლება, იყოს რეალობა. მან მიზნად დაისახა და დაიკავა ჩვენი ბირთვული ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი. ამ ბირთვულ სადგურს ექვსი ბლოკი აქვს. ეს არის მისი ბირთვული შანტაჟის პირველი ნაბიჯები. არ მგონია, რომ ეს ბლეფია. ვფიქრობ, მსოფლიო ხელს უშლის მას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა მასზე და არ დავუშვათ, რომ გააგრძელოს ეს შანტაჟი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე მიანიშნებს. თქვენა ამას ბირთვული შანტაჟი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, ეს ბლეფია? ამ შეკითხვით მიმართა CBS-ის ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ, ბირთვული შანტაჟის მაგალითები მოიყვანა. „შესაძლოა, ეს გუშინ ბლეფი იყო, მაგრამ ახლა შეიძლება, იყოს რეალობა. მოდით, გავიაზროთ, რა არის ბირთვული იარაღის ან ბირთვული შანტაჟის გამოყენება? მან მიზნად დაისახა და დაიკავა ჩვენი ბირთვული ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი. ამ ბირთვულ სადგურს ექვსი ბლოკი აქვს. ეს უდიდესი ელექტროსადგურია. რამდენიმე დღის წინ, მათ დაიწყეს სროლა სხვა ბირთვულ ელექტროსადგურში. მას უწოდებენ პივდენას ან სამხრეთ ბირთვულ ელექტროსადგურს. რაკეტა მოარტყეს იმ ტერიტორიას, რომელიც ბირთვული ქარხნიდან 300 მეტრით არის მოშორებული. ეს არის მისი ბირთვული შანტაჟის პირველი ნაბიჯები. არ მგონია, რომ ეს ბლეფია. ვფიქრობ, მსოფლიო ხელს უშლის მას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა მასზე და არ დავუშვათ, რომ გააგრძელოს ეს შანტაჟი“, - განაცხადა ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
სერბეთი აცხადებს, რომ ფსევდორეფერენდუმებს არ აღიარებს
სერბეთი აცხადებს, რომ ანექსიის შესახებ რეფერენდუმები, მთლიანად ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. უკრაინული მედიის ცნობით, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა სელაკოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი, საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას ითვალისწინებს. „პირველ რიგში, ჩვენ ფუნდამენტურად ვიცავთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და გაეროს წესდებას და მეორეც, ეს მთლიანად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს და ჩვენს პოლიტიკას ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან და საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა. უკრაინული მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმმა განაცხადა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვა, „საერთაშორისო წესრიგის განადგურებად" შეიძლება, ჩაითვალოს. ცნობილია, რომ ბელგრადი ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.