ძებნის რეზულტატი:
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", ნათქვამია განცხადებაში.
პაატა იმნაძე: ვაქცინებთან დაკავშირებით ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა, მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო
„ჩვენი კვლევებით, მოსახლეობის 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა. იმნაძის თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდობლობა აქვს. პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ მეტი ინფორმირებულობა და განმარტებაა საჭირო, რათა მოსახლეობამ აზრი შეიცვალოს. „ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების თეორიების სჯერა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი დახმარებით, მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი განმარტება, ახსნა, თუ როგორი და რა ტიპის ვაქცინებია. ბუნებაში არ არსებობს ძალა, რომ ერენემ ვაქცინა უკან წავიდეს, ბირთვში შევიდეს და დეენემი შეცვალოს. ბიოლოგიის საფუძვლებს ხომ ყველა არ იცნობს, მაგრამ რაღაცნაირად, ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, რომ NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებოდა, ასევე 41% აცრაზე უარს ამბობს
თეა წულუკიანი: სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის
„სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს, იმოქმედებს თუ არა პოლიტიკურ პროცესზე პროკურატურის მიერ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს შუამდგომლობა. „სპეკულაციებია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის საქმე და ამ ორი პირის პატიმრობა იყოს მიბმული მოლაპარაკებების გარკვეულ რაუნდებთან, ეს ასე არ არის, ვერ იქნება და „ქართული ოცნების“ მომლაპარაკებლების და მთლიანი გუნდის პოზიცია ეს არასდროს არ ყოფილა. იმიტომ, რომ სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის. შესაბამისად, ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კარტოგრაფების მხარდამჭერი აქციაა. პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: გამოძიების მთელი აქცენტი დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზეა მიმართული
ჯანმო: კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ომს არ აგებს და საბოლოოდ ვირუსს დაამარცხებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ომს არ აგებს და საბოლოოდ ვირუსს დაამარცხებს. ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. მარია ვან კერკხოვეს განმარტებით, ვირუსის მუტაციების გავრცელება დამარცხებას არ ნიშნავს. „ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვირუსთან ომს ვაგებთ? არა. ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთმანეთს კი არა, არამედ ვირუსს ვებრძვით. მათ შორის, მის ახალ ვარიანტებსაც. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება და ჩვენ მას დავამარცხებთ“, - აღნიშნა ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.
Facebook-ი პოლიტიკური ჯგუფების რეკლამირებას სამუდამოდ აჩერებს
Facebook-ი პოლიტიკური ჯგუფების რეკლამირებას სამუდამოდ აჩერებს, ინფორმაციას CNBC ავრცელებს. სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფებს აღარ შესთავაზებს. პლატფორმის პოლიტიკაში ცვლილება განპირობებულია კაპიტოლიუმის შტურმის პერიოდში მომხდარი მოვლენისგან. სოციალური ქსელები და მათ შორის Facebook-ი ექსტრემისტული ჯგუფების აგიტაციის ადგილი ხშირად ხდება. მკვლევარები ხშირად ამბობენ, რომ Facebook-ის ჯგუფები ხშირად კონსპირაციული თეორიების და დეზინფორმაციების გასავრცელებლად გამოიყენება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალ წესებთან ერთად, სოციალური ქსელი საკუთარ გვერდზე პოლიტიკური რეკლამების რაოდენობას შეამცირებს.
პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პარტიამ ყველა საჭირო პროცედურა კანონის სრული დაცვით გაიარა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარტია როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, სრულ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას, ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ამასთანავე, „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს გაშალოს პარტიული საქმიანობა და ღირსეულად მოემზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. „პარტიის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება აქტიური მუშაობა ქვეყანაში სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კონსტრუქციულ გარემოში ოპონირება ხელისუფლებასთან. ამ კუთხით მოხდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში, რაც სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნის საფუძველი გახდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჰანს კლუგეს თქმით, შეზღუდვების სწრაფი დაწესება ან მოხსნა ცუდი სტრატეგიაა
"ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. ეს დიდ ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება ნაადრევი იქნებოდა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგემ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „35-მა ევროპულმა ქვეყანამ ამ დროისთვის დაახლოებით ვაქცინის 25 მილიონი დოზა მიიღო, თუმცა ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. ეს დიდ ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება ნაადრევი იქნებოდა. ახლა მეტი მოთმინება გვმართებს, ვაქცინაციისთვის გარკვეული დროა საჭირო. საუკეთესო გამოსავალი შეზღუდვების თანმიმდევრული და ეტაპობრივი მოხსნაა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები ეპიდვითარების კარგ შესწავლას უნდა ეფუძნებოდეს. უკვე გვაქვს მწარე გამოცდილება - სწრაფი გახსნა ან ჩაკეტვა ცუდი სტრატეგიაა“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
ბერნი სანდერსმა, ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გადაღებული ფოტოს გამოყენებით დამზადებული სუვენირებით, 1.8 მილიონი დოლარი შეაგროვა
სენატორმა ბერნი სანდერსმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გადაღებული ფოტოს გამოყენებით დამზადებული სუვენირებით 1.8 მილიონი დოლარი შეაგროვა. აღნიშნულ ინფორმაციას Cbsnews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სენატორი ამ თანხას ვერმონტის შტატის საქვემოლმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს. „მე და ჩემი მეუღლე გაოცებულები ვიყავით ყველა კრეატიული გამოხმარეუბით, რომელიც ამ ფოტოს მოჰყვა. მოხარულები ვართ, რომ ინტერნეტში ჩემი პოპულარობა შეგვიძლია ვერმონტელების დახმარებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მათი განცხადებების ნამდვილობის შემოწმება მოხდა, გადაწყვეტილება ბიუროს გადაეგზავნება, 2 თებერვალს კი პლენარულ სხდომაზე გავა. კომიტეტის სხდომაზე შემდეგი პირების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირეს მხარი – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვა, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თეიმურაზ ჯანაშია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ხაბეიშვილისა და ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საქართველოს პრემიერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილა
საქართველოს პრემიერ-ინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. ჯავად ზარიფი საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. თბილისში ვიზიტამდე ირანის პირველი დიპლომატი, ბაქოში, მოსკოვში და ერევანში იმყოფებოდა. როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საქართველოს პრემიერმა და ირანის პირველმა დიპლომატმა შეხვედრაზე რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-კონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. 25 იანვარს, ბაქოში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტების დროს განიხილავს ინიციატივას რეგიონში 3+3 ფორმატის, 6 ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესახებ. ამ კავშირში მოიაზრებიან შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი. რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა
რუსეთში, მოსკოვის მოსამართლემ ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის განთავისუფლებაზე უარი უთხრა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. ნავალნი 30 დღე-ღამით არის დაკავებული, რათა სხვა სასამართლოს საშუალება მიეცეს თებერვალში გადაწყვიტოს, რეალური სასჯელით შეუცვალოს თუ არა მას 3,5 წლით პირობითი პატიმრობა, რაც მას ადრე ჰქონდა მისჯილი თაღლითობის ბრალდებით. სასამარეთლოს გადაწყვეტილებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ოპოზიციონერის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს. დაკავებულები 23 იანვრის აქციაზე სანიტარული და ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულთა შორისაა ლუბოვ სობოლი, რომელიც თავდაპირველად პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით წაიყვანა. ალექსეი ნავალნი აეროპორში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ. ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავება.
ეკატერინე ტიკარაძე: ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
„ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბაზრობების წარმომადგენლები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გაგებით ეკიდებიან. „ბაზრობებს ჰქონდათ სურვილი და მესმის, რომ არსებობს მათი დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის ბიზნესის გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა საჭირო. ისინი ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ და შევჯერდით იმაზე, რომ გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, სტატისტიკურ მონაცემებს და შესაბამისად, როგორც კი ეპიდემია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება ბაზრობებისა და სხვა ბიზნესის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, საბჭო იმსჯელებს ამის თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტია საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ პრიორიტეტებიდან და იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ნამდვილად ვერ დავაყენებთ უფრო წინ ბიზნესის საკითხებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთან, ჩვენ ვნახეთ, რამდენად ორგანიზებულად მოახერხეს ახალი წლის წინა პერიოდში მოლებმა იმ ყველა შეზღუდვის დაცვა, რაც მითითებული იყო. დავაკვირდით რა ეპიდემიოლოგიური გავლენა ჰქონდა ამ გახსნას დაავადების გავრცელებაზე. სწორედ ეს გახლდათ ის ობიექტური მიზეზი, რატომაც დღეს ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ ჯერ მოლების გახსნას და შემდეგ ბაზრობების გახსნას. ბაზრობებზე ადამიანების ნაკადები უფრო მოცულობითია, ვიდრე ეს არის მოლებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
„ლილო მოლის" დირექტორი: ბაზრობების გახსნის თარიღი 15 თებერვალს არ გადასცდება
მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე ითქვა, რომ ბაზრობების გახსნის თარიღი 15 თებერვლის იქით არ გადაიწევს. კვარაცხელიამ კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. „ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ და იმედია, თარიღი არ გადაიწევს. ჯერჯერობით შაბათ-კვირას არ გვხსნიან და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი ვითარება იქნება შემდეგ კვირას. ეკონომიკური გუნდი ჩვენ მხარეს დგას, სურვილი აქვთ რომ მოგვყვნენ, რადგან სხვა გამოსავალი არაა, თავზე გვენგრევა ეკონომიკა“,- აღნიშნა კვარაცხელიამ. „ელიავას“ ბაზრობის წარმომადგენელი, თეა ანდრიაძე კი აცხადებს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს ბაზრობების გახსნა. „შეხვედრაზე დადასტურებული იქნა, რომ ბაზრობები 15 თებერვლისთვის გაიხსნება და თუ ეპიდსიტუცია გაუმჯობესდა, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს გახსნა. ამ მოკლევადიანი გახსნით არავინ არ უნდა იყოს ზედმეტად კმაყოფილი და ბედნიერი, იმიტომ, რომ თუ დროულად არ დაიწყება ვაქცინაცია, არ ვართ დაზღვეული ახალი შტამებისა და ხანგრძლივი ლოკდაუნისგან. შეღავათებზე საუბარი არ ყოფილა“,- აღნიშნა თეა ანდრიაძემ. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე თუ კოვიდინფიცირების კლების ტენდენცია შენარჩუნდება, მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის საკითხზე იმსჯელებს
Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, ისრაელში კორონავირუსით მოსახლეობის მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა
Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, ისრაელში კორონავირუსით მოსახლეობის მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს. დღეის მდგომარეობით, ისრაელში ვაქცინის ორივე დოზით 715,425 ადამიანი აცრეს, მათგან ვირუსი მხოლოდ 0,004%-ს, 317 ადამიანს შეხვდა. ისრაელის კვლევით ფონდმა- Maccabi Health-მა რამდენიმე დღის წინ, გაავრცელა ინფორმაცია,რომ 163,000 პირიდან ვინც კორონავირუსის ორი დოზა გაიკეთა, Covid-ით 0,001% დაინფიცირდა. ისრაელში დღეში 200 000 ადამიანი იცრება. ამ კვირაში 35 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ისრაელი Pfizer-ს დამატებითი დოზების სანაცვლოდ ვაქცინირებული მოსახლეობის სამედიცინო მონაცემებს გაუზიარებს. ისრაელში 5 იანვირდან Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯავად ზარიფის განცხადებით, ირანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ირანის პირველი დიპლომატი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა. ჯავად ზარიფი საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. თბილისში ვიზიტამდე ირანის პირველი დიპლომატი, ბაქოში, მოსკოვში და ერევანში იმყოფებოდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა ორმხრივი ურთიერთობები. საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ სტუმართან განიხილა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. 25 იანვარს, ბაქოში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტების დროს განიხილავს ინიციატივას რეგიონში 3+3 ფორმატის, 6 ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესახებ. ამ კავშირში მოიაზრებიან შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი. რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ივლისში გაიმართება
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ივლისში გაიმართება. ფესტივალი 11-22 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 6-17 ივლისს ჩატარდება. 2020 წელს ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა.
ივერი მელაშვილი: ჩემი ბრალდება წინასაარჩევნოდ გამოიყენეს
ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულის ივერი მელაშვილის განცხადებით, ბოლო დროს გამოქვყენებულ ჩანაწერში არაფერი მტკიცებულება არ არის, რადგან იქ არის მსჯელობა, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია. ამის შესახებ ივერი მელაშვილმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ. მელაშვილის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ბრალდება უსაფუძვლოა და წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს, რამაც მხოლოდ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება გამოიწვია. მისივე განცხადებით, აბსურდულია ბრალდება, რომ ვიღაც ცდილობდა ქვეყნის ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემას. იმ გადაწყვეტილებით საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც. ქვეყნისთვის საზიანო შეთანხმება არ ყოფილა და ზუსტად ის შეთანხმება მოხდა და რაც საჭირო. „წინასაარჩევნოდ გამოიყენეს ჩემი ბრალდება ოპონენტის გასაშავებლად, რამაც შედეგად მოიტანა პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება. საუბრის ჩანაწერი ბოლომდე არ მომისმენია რაზეც არის საუბარი ჩემსა და მალხაზს შორის. ეს არის სამუშაო საუბარი. გოგი მანჯგალაძეზეც რომ არის საუბარი, ეს არის სამუშაო შეხვედრა. ეს რიგითი ერთ-ერთი შეხვედრა იყო. იქ ქვეყნის საწინააღმდეგო არაფერი არ არის. არც ბადრი ბიწაძის დადანაშაულება შეიძლება და არც ჩემი ან სხვისი. მაგ პერიოდში არასდროს ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა, არც ზემოდან და არც სხვა მხრიდან. ამ აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს ჩანაწერში საკითხი შეეხება სამუშაო შეხვედრას. კომიისის თავმჯდომარეს ხვდება მისი ერთ-ერთი თანამშრომელი. ვსაუბრობთ რაღაცაზე და ეს თემა, ეს მსეჯლობა არ შეიძლება იყოს საჯარო და გასაჯაროებული", - განაცხადა სასამრთლო პროცესის შემდეგ ივერი მელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 82.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 82.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. აშშ-ში 25.6 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 7.81%-ს შეადგენს. აშშ-ის ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.64%-ს შეადგენს. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს. ევროკავშირში კი ვაქცინაცია 10.1 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 300 მილიონ დოზას შეისყიდის, რაც კონტრაქტით გათვალისწინებული დოზებს ორჯერ აღემატება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 47%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 25 და 11%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა სტიუარტ პიჩმა გახსნა. შეხვედრაზე მონაწილეებმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა, არსებული უსაფრთხოების გარემო და მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს. ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე 185-ე შეხვედრების სესიას მასპინძლობს. ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უკვე გამართა შეხვედრები მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში (SHAPE), ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან და უცხოელ კოლეგებთან. შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს NATO-ს გენერალურ მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს კომისიის სხდომას დაესწრო.
ივერი მელაშვილის ადვოკატი გირაოს ოდენობის გასაჩივრებას გეგმავს
"მე ვფიქრობ, რომ გირაოს ოდენობას გავასაჩივრებთ, ვინაიდან ის საკმაოდ დიდია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით", - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა. „ეს გადაწყვეტილება უფრო დასჯას ემსახურება და მას არ აქვს სამართლებრივი არგუმენტები. იმ მიზნებისა და შედეგის მიღწევა, რასაც ბრალდების მხარე ასახელებდა, შესაძლებელი იყო უფრო რბილი გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ საქმიანობის შეჩერებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ბრალდებულს შეუნარჩუნდებოდა ანაზღაურება, ახლა ის კი ანაზღაურების გარეშე დატოვეს. მე ვფიქრობ, რომ გირაოს ოდენობას გავასაჩივრებთ, ვინაიდან ის საკმაოდ დიდია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით“, - განაცხადა მარიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ცნობისთვის, 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა