ძებნის რეზულტატი:
ვახტანგ გომელაური: სამხარეო პოლიციის უფროსები 3 წელიწადში ერთხელ იცვლებიან და საკადრო ცვლილებებს კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელების თანადებობიდან გადადგომა როტაციის პრინციპიდან გამომდინარე მოხდა და რაიმე კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. გომელაურის განმარტებით, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი, როგორც წესი, 3 წელში ერთხელ იცვლება. “გამუქებულია ეს თემა, რომ ცვლილებები იგეგმება. არანაირი ცვლილება დაგეგმილი არ არის. სამხარეოს ხელმძღვანელებიდან ორი გადაადგილდა სხვადასხვა რაიონში. ორი საფეხურით აიწია ან დაიწია. შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხარეო ხელმძღვანელ პირებზე არის წესი, რომ სამ წელიწადში უნდა შეიცვალოს, თუ გამონაკლისი და სპეციფიური რაიონი არაა, რომ 4 ან 5 წელი დავტოვოთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთის და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსებმა თანამდებობა დატოვეს.
შს მინისტრი: პრემიერთან საკადრო დაპირისპირება არასდროს ყოფილა
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის საკადრო დაპირისპირება არასდროს მომხდარა. შს მინისტრმა აღნიშნული განცხადებით, მისი პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძესთან დაკავშირებული საკადრო ცვლილების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ სამინისტროში საბანაძე მისი კადრი იყო და არა გიორგი გახარიასი. „ჩემი კადრები და იმის კადრები - ასეთი რაღაც არ არსებობს, 8 წელი აქ ვარ, გარედან მოსული კადრი არავინაა. ყველა არის ძველი კადრი, რომელიც ჩემს დროს მუშაობდა. კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი. ჩემთან მუშაობდა 5 წელი და გახარია როდესაც დაინიშნა ძალოვანში, მთხოვა და მასთან ემუშავა და მეც დავთანხდი. კოტე ანანიაშვილი მუშაობს ჯერჯერობით. ისიც ჩემთან მუშაობდა მინისტრი რომ ვიყავი და ჩემი კადრი არ არის და გახარიასია? მეორეც, მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები, არანაირი დაპირისპირება არ არის. წლებია ოჯახებით ვმეგობრობთ. “,- განაცხადა ვახტანგ გომელურმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მსოფლიო პატრიარქი Covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
მსოფლიო პატრიარქი Covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას სააგენტო Ekathimerni ავრცელებს. პატრიარქმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ მედპერსონალს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს გაწეული სამსახურისთვის. პატრიარქმა ბართლომეოსმა იმედი გამოთქვა, რომ ხალხი რაც შეიძლება მალე აიცრება. მსოფლიო პატრიარქს ვაქცინაცია სტამბულში ჩაუტარდა.
შს მინისტრი: ძებნილი ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაოტოვებია და ისევ საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ შს მინისტრა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ,,ჩვენ ვმუშაობთ და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, ბადრი ესებუას დაკავება, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროა. ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე, სამწუხაროდ, ღიად ვერ ვისაუბრებ. “, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული პირი ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მოგვიანებით შსს-მ ეჭვმიტანილად ბადრი ესებუა დაასახელა და მასზე ძებნა გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუა ძმა, ბიძინა ესებუა დაკავეს.
ჯონ კერი: ბრიტანეთის კლიმატის სამიტი მსოფლიოს გადასარჩენად უკანასკნელი შანსია
ჯონ კერის თქმით, ბრიტანეთის კლიმატის სამიტი მსოფლიოს გადასარჩენად უკანასკნელი შანსია. "აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ტრამპის ადმინისტრაციისგან გასხვავებული ხედვა აქვს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით",- ამბობს აშშ-ის კლიმატის დესპანი. ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი კლიმატის ცვლილებას არასერიოზულად უყურებდა და მისი პრეზიდენტობის დროს ამ კუთხით არაფერი გაკეთდა, წლები კი დაიკარგა. ჯო ბაიდენმა, აქტიურად დაიწყო საკუთარ ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ბაიდენი ხშირად საუბრობს აშშ-ში შექმნილ ელექტრო მანქანებზე, მას ახალი ინიციატივით მთავრობის კუთვნილი მანქანების ჩანაცვლება სურს, რომელიც ბენზინზე მუშაობს. " ფედერალურ მთავრობას დიდი რაოდენობით მანქანა ჰყავს, რომელიც ბენზინზე მუშაობს. ჩვენ ამ ავტომობილებს ჩავანაცვლებთ გარემოსთვის უსაფრთხო, ახალი ელექტრო მანქანებით, რომელიც იქნება აშშ-ში, ამერიკელების მიერ წარმოებული",- განაცხადა ბაიდენმა. ქვეყნის მასშტაბით 650,000-ზე მეტი სახელმწიფო მანქანაა, აქედან 245,000 სამოქალაქო, 173,000 სამხედრო და 225,000 საფოსტო ოფისის ავტომობილი.
შს მინისტრი ილიჩოვასა და მელაშვილზე: ვინ მონათლა მოღალატეებად? ვინმე გამოვიდა ოფიციალურად და გამოაცხადა?!
„ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ვინ მონათლა მოღალატეებად?! ვინმე გამოვიდა ოფიციალურად და გამოაცხადა, რომ ესენი მოღალატეები არიან?! გვარს და სახელს ვერ ასახელებთ“, - ეს განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „პოლიტიკურ პატიმრებს, რა თქმა უნდა, მე არ დავარქმევდი მათ. ყველა ადამიანი თანასწორია და თუ დააშავებს, პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროკურატურამ ჩათვალა საჭიროდ, რომ პატიმრობით შესულიყვნენ და ეს ადამიანები დააკავეს. მათ მტკიცებულებები ჰქონდათ და საფუძვლები ჰქონდათ, რატომაც შევიდნენ, დაუკმაყოფილა სასამართლომ. ახლა გადაწყვიტეს, რომ გირაოთი შესულიყვნენ და გამოუშვეს. პროკურატურას რომ კითხოთ, ის გეტყვით უფრო კარგად, რატომ. აღარ იყო მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და ჩათვალა ალბათ, პროკურატურა იძიებს, მე არ ვიძიებ. ეს ადამიანები ვინ მონათლა მოღალატეებად, ვინმე გამოვიდა ოფიციალურად და გამოაცხადა, რომ ესენი მოღალატეები არიან?! გვარს და სახელს ვერ ასახელებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდნენ.
ყირგიზეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი დააკავეს
ბიშკეკის სასამართლოს განმარტებით, ყოფილ პრემიერს კორუფციასა და უკანონო გამდიდრებაში ედება ბრალი. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თანახმად, პრემიერ-მინისტრობისას, ქვეყნისა და მოქალაქეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, აბილგაზიევმა დაუსაბუთებლად და კანონის დარღვევით მოაწერა ხელი მთავრობის განკარგულებას, რომლის თანახმად, ქვეყნის უდიდეს ოქროს მომპოვებელ საწარმო "კუმტორს" ოქროს საძიებო და მოპოვებითი სამუშაოებისთვის დამატებით გადაეცა ტერიტორიები. მუჰამედკალი აბილგაზიევი ყირგიზეთის მთავრობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 2020 წლის ივნისში დატოვა.
ელჩი გიგიაძე: ვულოცავ გათავისუფლებას ისეთ პატრიოტებს როგორიც მელაშვილი და ილიჩოვაა
დანიაში საქართველოს ელჩი ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას ულოცავს და დასძენს რომ ძალიან ახარებს ასეთი პატრიოტი ხალხის საპყრობილეს გარეთ ხილვა. როგორც სოციალურ ქსელში ქართველი დიპლომატი წერს, იმედი აქვს მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. "მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე მათ ოჯახებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მითუმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!", - წერს დანიაში საქართველოს ელჩი, რომელსაც ელჩის უფლებამოსილების ვადა 4 თებერვალს ეწურება. საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძემ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა ბრალდების წაყენების პირველივე დღეს გამოუცხადა. დიპლომატმა მელაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს აბსურდული და საღ აზრს მოკლებული უწოდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გიგიაძე დიპლომატიურ რეზერვში გადაჰყავთ. გიგიაძემ მედიას განუცხადა, რომ თებერვალში იწურება მისი ელჩობის 4 წლიანი ვადა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს კარიერას. ელჩი არ აკონკრეტებს, მისთვის ახალი პოზიციის ჯერ არ შეთავაზების მიზეზი არის თუ არა ივერი მელაშვილის საქმე. როგორც Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, როტაციის პრინციპის შესაბამისად ელჩი როდესაც ასრულებს დიპლომატიურ მისიას უცხო ქვეყანაში, ბრუნდება დედაქალაქში და რჩება სისტემაში. "რა სახით დარჩება დიპლომატიურ სისტემაში, ამის შესახებ გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შემდეგ მიიღება", - აცხადებენ სამინისტროში. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ, რამდენიმე თვის წინ, გიგიაძის მხრიდან მელაშვილის მხარდაჭერას, დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტების უხეში დარღვევა უწოდა. 2020 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა რომ დანიაში საქართველოს ელჩის საქციელი არაკოლეგიალური იყო, რადგან როგორც წესი დიპლომატები მსგავს სენსიტიურ საკითხებზე პოზიციას სამინისტროსთან ათანახმებენ. "მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის. ასეთი ზარი არ შემოსულა. ალბათ, მისი ეს ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ", - განაცხადა ზალკალიანმა.
ჯანი ბუკიკიო: საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია, კანონდებლებმა ბევრჯერ მოგვმართეს რეკომენდაციებისთვის
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტები, რომლებზეც საქართველოს პარლამენტის მიმართვის საფუძველზე ვენეციის კომისია ამ დროისთვის მუშაობს. მათ შორის არის პარტიების დაფინანსების შეწყვეტის წესისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტები. კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საარჩევნო სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე, კომიიის მიერ პროექტის წინასწარი ვერსიები დამუშავების პროცესშია და სამუშაო ვერსიები დოკუმენტის ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნება. "ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსია საქართველოს პარლამენტის წევრებთან, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია. თქვენი ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბევრჯერ მოგვმართეს მოსაზრებებისთვის, ახლა ჩვენ ორი მნიშვნელოვანი მოსაზრება გვაქვს, ჩვენ უკვე ვამზადებთ დასკვნის პროექტის პირველად ვერსიას, რომელიც საარჩევნო თემატიკას ეხება. ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე ჩვენ მას გადავუგზავნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებისთვის მოხდება. მეორე თემა ეხება ელექტრონული კომუნიკაციის კანონს, ჩვენი მოსაზრება მარტში გამოქვეყნდება. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოში ჩასვლა, ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა, მაგრამ ჩვენ გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით ონლაინ დისკუსიები“, - აცხადებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო. პარტიების დაფინანსების შეწყვეტის წესისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტებისგანხილვის თხოვნით, ვენეციის კომისიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, დეკემბერში მიმართა. კანონპროექტი ახალმა, მე-10 მოწვევის პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო. საკანონდებლო ინიციატივას 83 დეპუტატამა დაუჭირა მხარი. სახელისუფლებო პარტიის კანონპროექტის თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. ეს საკანონდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ამ მოტივით, სხვადსხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მიღებული საპარლამენტო მანდატების გაუქმება, ოფიციალურად მოითხოვეს. დეკემბერში ხელისუფლების საკანონდებლო ინიციატივას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას ელჩმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს. „ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო...რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში. ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში - ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კანონპროექტის შეფასებისას.
Novavax-ის ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა
Novavax-ის ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბიან ცდებში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. იტყობინება BBC. ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც. ცდების მესამე ფაზაში 18-24 წლის ასაკის 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომხდარს კარგი ამბავი უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და აღნიშნა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ახალი ვაქცინის 60 მილიონი დოზა წინასწარ შეუკვეთა. ბრიტანეთის მარეგულირებლის მიერ პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში, პირველ დოზებს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიიღებენ.
ანტონიო გუტერეშმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
ანტონიო გუტერეშმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. „ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გავიკეთე. უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია. არავინაა დაცული პანდემიისგან, ვიდრე ყველა დაცული არ ვიქნებით“, - წერს გაეროს გენერალური მდივანი Twitter-ზე.
საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა
საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა. მოჰამედ ჯავად ზარიფმა ქართველ კოლეგებთან ერთად პანდემიის შედეგების დაძლევის გზები და სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. ყურადღება დაეთმო ასევე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში არსებულ ვითარებას და ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველო იყოს პლატფორმა მხარეების სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, ასევე ტელეფონით ესაუბრა ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს. შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა. რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია საქართველოს პრემიერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია განცხადებაში.
ფერმერები აგროდიზელს შეღავათიან ფასად მიიღებენ
ფერმერები აგროდიზელს 2021 წელსაც შეღავათიან ფასად მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის გაფორმდა. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან, ეტაპობრივად მოხდება. მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი. ხელმოწერას ესწრებოდნენ სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ფაიგ გულიევი. „2020 წელს ძალიან წარმატებული აგროდიზელის პროგრამა განხორციელდა „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმთან” თანამშრომლობით. ამ პროგრამით 125 ათასმა ფერმერმა ისარგებლა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს. ჩვენ 2021 წელსაც ვაგრძელებთ სოკართან თანამშრომლობას. ფერმერებს საშუალება ექნებათ, შეღავათიანი პირობებით შეიძინონ დიზელი. გვაქვს სიახლეც, რაც ელექტრონულ პლატფორმას გულისხმობს. ფერმერებს აღარ მოუწევთ ქაღალდზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა ბენზინგასამართ სადგურებზე, ისინი ელექტრონული აპლიკაციით ისარგებლებენ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ხორციელდება პროგრამა, რომლიც ფერმერებს შეღავათიანი პირობებით სთავაზობს დიზელის საწვავს, რითაც ისინი ზოგავენ თანხას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას. „პანდემიამ ეკონომიკის მიმართულებით ბევრი პრობლემა გააჩინა. ვფიქრობთ, არც 2021 წელი იქნება მარტივი. ჩვენ, გასულ წელს, მემორანდუმის საფუძველზე, დიზელს ფასდაკლებით ვაწვდიდით ფერმერებს, რაც ხელს უწყობდა ეკონომიკას. მემორანდუმი გაფორმდა წელსაც, რომ საწვავი მივაწოდოთ აგროსფეროს და ეს წელი უფრო წარმატებული გავხადოთ“, - განაცხადა სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვმა. აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას კვლავ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.
აშშ-ში, თხევადი აზოტის გაჟონვის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ის ჯორჯიის შტატში, მეფრინველეობის საწარმოში თხევადი აზოტის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს. ინციდენტი კომპანია Foundation Food Group-ის კუთვნილ მეფრინველეობის ფაბრიკაში მოხდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა საწარმოდან 130 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. მოწამლულია ერთი მეხანძრე-მაშველიც. გავრცელებული ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად ასევე ჰოსპიტალიზებულია ცხრა ადამიანი. მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციით, საწარმოს 5 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, 1 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. კლინიკაში რჩება თხევადი აზოტით მოწამლული 11 ადამიანი, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია. საწარმოს მფლობელი კომპანიის ინფორმაციით, აზოტმა დაზიანებული სადენიდან გაჟონა. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
თალიბანის დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა და ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდა
თალიბანის დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა და ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, Anadolu ავრცელებს. როგორც ცნობილია, თავლიბანის დელეგაცია ვლადიმერ პუტინის ავღანეთში სპეციალურ წარმომადგენელს ზამირ კაბულოვს შეხვდა. ”რუსულმა მხარემ მხარი დაუჭირა ავღანეთის მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას, რათა დასრულდეს სისხლიანი სამოქალაქო ომი და შეიქმნას ეფექტური ეროვნული მთავრობა ავღანეთში.” - ნათქვამია განცხადებაში. თალიბანის წარმომადგენელმა მოჰამად ნაიმმა Twitter-ში დაწერა, რომ თალიბების დელეგაცია, რომელსაც მთავრობასთან მოლაპარკებებში თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენელი, შერ მოჰამად აბას სტანეკზაი ხელმძღვანელობდა, 28 იანვარს შეხვდა ავღანეთის საკითხებში რუსეთის საგანგებო წარმომადგენელს, ზამირ ქაბულოვს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ნაიმის თქმით, ორმა მხარემ ითათბირა შიდაავღანურ მოლაპარაკებებზე და აშშ-სა და თალიბებს შორის 2020 წელს მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციაზე.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 669 ადამიანს დაუდასტურდა, 637 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 21. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 19 311 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 11 681 ანტიგენის, 7 630 კი PCR-ით. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 256 956-ს, გამოჯანმრთელებულთა - 247 096-ს, გარდაცვლილთა კი 3 148-ს შეადგენს. 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285, აჭარა - 40, იმერეთი - 119, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 23, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. აქტიური შემთხვევა: 6 686, აქედან 2 731 საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 1 375, აჭარაში - 195, იმერეთში - 512. მძიმე პაციენტები: 610 მათ შორის, თბილისში - 289, აჭარაში - 47, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 167, აქედან თბილისში - 126, აჭარაში- 2, იმერეთში - 17. 322 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული, მათ შორის 184 - თბილისში, 97 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 3 633 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 521 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 220, ხოლო აჭარაში - 104. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 146 ადამიანი. თვითიზოლაციაშია 17 108, მათ შორის თბილისში - 10 924 პირი, აჭარაში - 831, იმერეთში - 1 498.
ბორის ჯონსონი: გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
"ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში", - გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში ბორის ჯონსონი ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. „გაერთიანებული სამეფო აფასებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენი საერთო ღირებულებები და ხედვები წარმოადგენს მტკიცე საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. გაერთიანებული სამეფო მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე თქვენს მისწრაფებებს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ნატოს ალიანსს საფუძვლად უდევს დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა მთავრობამ გააგრძელოს საარჩევნო რეფორმის მიმდინარე პროგრამა, ხოლო გაერთიანებული სამეფო, როგორც საქართველოს მეგობარი, მზად არის, მხარში დაგიდგეთ ამ პროცესში“, - აღნიშნავს ბორის ჯონსონი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ წერილში ასევე ყურადღებას ამახვილებს COVID-19 პანდემიის შედეგების დაძლევის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. „ჩვენი ქვეყნები იბრძვიან COVID-19 პანდემიის შედეგების დასაძლევად, რომლებიც დღესაც უქმნის საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და კეთილდღეობას. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს, როცა გაერთიანებული სამეფო მასპინძლობს გაეროს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციას, გაერთიანებული სამეფო და საქართველო ითანამშრომლებენ მტკიცე საფუძვლის შექმნაზე COVID-19-ის დასაძლევად, მათ შორის უფრო სამართლიანი, მწვანე და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე. სამომავლოდ, არსებობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ბევრი შესაძლებლობა. 2019 წლის ოქტომბერში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია ჩვენი სამომავლო ურთიერთობების გეგმა და რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ზრდას. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მოუთმენლად ელის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობის გაგრძელებას. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, - ნათქვამია ბორის ჯონსონის ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო.
პირბადის ტარების წესი გასულ 24 საათში 700-ზე მეტმა ადამიანმა დაარღვია
ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევის 837 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 127 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 710 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის -10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.
რუმინეთში, კოვიდკლინიკაში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა
რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში მდებარე ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე, Matei Bals-ის ჰოსპიტალში გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევისას, 102 პაციენტის ევაკუაცია გახდა საჭირო. როგორც საავადმყოფოს მენეჯერმა განაცხადა, საავადმყოფოს შენობა 1953 წელს არის აშენებული და ის ახლა მთლიანად გარემონტდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.