ძებნის რეზულტატი:

ევროპის წამლების სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინა დაამტკიცა

ევროპის წამლების სააგენტომ ევროკავშირის ტერიტორიაზე კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. იტყობინება BBC. „პრეპარატების კომიტეტი რეკომენდაციით გამოვიდა, AstraZeneca-ს ვაქცინისთვის დროებითი სარეგისტრაციო მოწმობა გაიცეს“, - ნათქვამია განცხადებაში. ეს უკვე მესამე ვაქცინაა, რომელიც ევროპულმა მარეგულირებელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის დაამტკიცა. მანამდე ევროკავშირმა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები დაამტკიცა. AstraZeneca-ს ვაქცინას დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე იყენებენ.

ბათუმში მშენებლობაზე ერთ-ერთი მუშა დაიღუპა

ბათუმში 35 წლამდე კაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში ანგისის დასახლებაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშნებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საპატრიარქო ე.წ კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დავით გარეჯის თემაზე ე.წ კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აზერბაიჯანთან სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დაისაჯოს. " მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელმწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა? პირველ რიგში, გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი. საზოგადოებას აინტერესებს: მას შემდეგ, რაც ახალი გარემოებები, კერძოდ, რუკები გაჩნდა კომისიის სამუშაო მაგიდაზე, არის თუ არა აზერბაიჯანულ მხარესთან რაიმე კონკრეტული საკითხები გავლილი ან გაანალიზებული? არის თუ არა ჩანიშნული ორმხრივი კომისიის მორიგი სხდომა? თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს და ივერი მელაშვილმა ბრალი აღიარა, გაუგებრობას იწვევს ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წუთებიდან. კერძოდ, სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი... კელიებთან პოზირებას დაიწყებს“. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა. ამასთან, ეს პათოსი ხაზს უსვამს მის პირად დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის მიმართ და მეტყველებს მის ცნობიერებაში ამ საკითხის პრობლემად აღქმაზე. როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს... და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე? სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს", - აღნიშნულია საქართველოსს საპატრიარქოს განცხადებაში. პროკურატურის შუამდგომლობით ე.წ კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ გუშინ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პრაღაში საველე ჰოსპიტალი მედპერსონალის დეფიციტის გამო დაიხურა

პრაღაში სამხედრო საველე ჰოსპიტალი მედპერსონალის დეფიციტის გამო დახურა. ამის შესახენ ინფორმაციას, ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებებზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, გასული წლის ოქტომბერში თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით პრაღაში, საგამოფენო ცენტრის ადგილზე საველე ჰოსპიტალი შეიქმნა, სადაც 500 პაციენტის მომსახურება იყო შესაძლებელი. „კორონავირუსს ძალიან ბევრი ექიმი და ექთანი ემსხვერპლა, რის გამოც არ შეგვიძლია, საველე ჰოსპიტალი სათანადო სიმძლავრით ავამუშაოთ. თუ ამისთვის მედპერსონალი არსებობს, უმჯობესია, ეს ადამიანები სტანდარტულ საავადმყოფოებში გავამწესოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმირ ჩერნიმ.

საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის  საზღვრებს კეტავს

საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა. ინფორმაციას France24-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასაცილებად მიიღო. ახალი შეზღუდვები ძალაში კვირიდან შევა. ევროკავშირის მოქალაქეეს, საზღვარზე კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ. ასევე დაიხურება ყველა მსხივილი სავაჭრო ცენტრი და შეიზღუდება ქვეყნიდან გასვლაც. პრემიერის განცხადებით, პოლიციას მოუწევს უფრო მკაცრად გააკონრტოლოს 12 საათიანი კომენდანტის დრო. როგორც ცნობილია, ახალი რეგულაციები შეეხება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებსაც, თუმცა არა სატვირთო გადაზიდვებს.

ვარშავაში აბორტის მხარდამჭერთა აქცია ცრემლმდენი აირით დაშალეს

პოლონელმა სამართალდამცველებმა ვარშავაში, აბორტის მხარდამჭერთა აქცია, ცრემლმდენი აირით დაშალეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მესამე დღეა რაც პოლონელთა უმრავლესობა აბორტის მკაცრ აკრძალვას ეწინააღმდეგება გავრცელებული ინფრომაციით, პოლიციამ დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე მრავალათასიანი მსვლელობის შესაჩერებლად კორდონი რამდენჯერმე აღმართა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სხვა მიმართულებით განაგრძეს. ცნობისთვის, პოლონეთში აბორტი 1993 წლიდან აიკრძალა. ის დაშვებული იყო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაშინ, როცა ორსულობა გამოწვეული იყო გაუპატიურებით ან ინცესტით, ან როცა ორსულობა საფრთხეს უქმნიდა დედის სიცოცხლეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ორსულობის შეწყვეტისთვის საჭირო აღნიშნული მიზეზები კიდევ უფრო შეამცირა და ამჟამად, აბორტი აკრძალულია ნაყოფის განვითარების მძიმე დარღვევის შემთხვევაშიც.

დიდ ბრიტანეთში  4 წლის ბავშვმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა

დიდ ბრიტანეთში, ბენდრიქსის სანაპიროზე 4 წლის ბავშვმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფრომაციით, ნაკვალევი რომელიც 4 წლის ლილი უაინდერმა იპოვა, 220 მილიონი წლისაა. მისი სიგრძე 10 სანტიმეტრია და მეცნიერთა ვარაუდით, ის დაახლოებით 75 სანტიმეტრის სიმაღლის დინოზავრს ეკუთვნის. „ლილიმ გამოსახულება სანაპიროზე სეირნობისას შენიშნა და მამას დაუძახა: „მამა, შეხედე“. როდესაც რიჩარდი (ბავშვის მამა) სახლში დაბრუნდა და ფოტო მაჩვენა, ვიფიქრე, რომ ის გასაოცარი იყო. ამის შემდეს, დავუკავშირდი ექსპერტებს“ - იხსენებს ბავშვის დედა. უელსის ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ნაკვალევი მეცნიერებს ძალიან დაეხმარება დინოზავრთა ფეხის აგებულების შესწავლაში, რადგან გამოსახულება ძალიან კარგადაა შემონახული.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.

ავღანეთში ტერაქტს მინიმუმ 14 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ტერაქტს მინიმუმ 14 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო Tolo News-ი იტყობინება. ნანგარჰარის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ობაიდულა შინვარმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს დაიღუპა უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 14 წევრი. გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანა ნანგარჰარის პროვინციაში, სამხედრო ბლოკ-პოსტთან აფეთქდა. არიან დაშავებულებიც. აღნიშნულ შემთვევას პროვინციის გუბერნატორის ოფისი ადასტურებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 676 ადამიანს დაუდასტურდა, 1441 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გავრცელდა. 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა, აჭარა - 44, იმერეთი - 139, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი -20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. აქტიური შემთხვევაა 5 910. საიდანაც 2 694 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 338, აჭარაში - 192, იმერეთში - 513. მძიმე პაციენტები: 589. მათ შორის, თბილისში - 263, აჭარაში - 45, იმერეთში - 148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 175. აქედან თბილისში - 135, აჭარაში- 2, იმერეთში - 13. 11 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული, მათ შორის 184 - თბილისში, 94 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 2 905 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 110 სულ 6 ოქტომბრიდან - 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 179 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 17 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 423 პირი, აჭარაში - 815, იმერეთში - 1 507.

პირბადის ტარების წესი გასულ 24 საათში 600-ზე მეტმა ადამიანმა დაარღვია

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის815 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 127 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 688 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. " შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჰოლივუდის მსახიობი არმი ჰამერი კანიბალიზმშია ეჭვმიტანილი

ჰოლივუდის მსახიობი არმი ჰამერი, რომელიც კანიბალიზმშია ეჭვმიტანილი, Paramount Plus-ის მინისერიალში აღარ ითამაშებს. ინფრომაციას Complex-ი ავრცელებს. არმი ჰამერს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც სოციალურ ქსელებში უცნობ გოგოსთან მისი მიმოწერა გავრცელდა. მსახიობი გოგოს წერს, რომ 100%-ით კანიბალია და მისი შეჭმა სურს. Paramount Plus-ის 10-ეპიზოდიან სერიალში, რომელიც ფილმ „ნათლიმამის“ შექმნის ისტორიას მოგვითხრობს, ჰამერს „ნათლიმამის“ პროდიუსერის, ელ რადის როლი უნდა ეთამაშა. მსახიობი ასევე გამოეთიშა რომანტიკული კომედიის „ქორწილი თოფით“ გადაღებებს, სადაც მისი პარტნიორი ჯენიფერ ლოპესი უნდა ყოფილიყო.

კუბაში ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფრომაციით, ვერტმფრენი ოლგინიდან გუანტანამოსკენ, მოკლე მანძილზე მიფრინავდა. დაღუპულთა ვინაობა ჯერ არ საჯაროვდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. როგორც ცნობილია, ბოლო, ყველაზე სერიოზული ავიაკატასტროფა კუბაში 2018 წელს მოხდა. შემთხვევისას 112 ადამიანი დაიღუპა და ერთი გადარჩა.

აშშ-ში თითქმის ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

აშშ-ში თითქმის ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა პარასკევს გასცა. როგორც ცნობილია, განკარგულება 1-ელ თებერვალს, 23:59 საათიდან შედის ძალაში და მგზავრებს პირბადის ტარებას ავალდებულებს თვითმფრინავებში, გემებზე, მატარებლებში, მეტროში, ავტობუსებში, ტაქსიში, ასევე სატრანსპორტო ჰაბებში, როგორიცაა აეროპორტები, ავტოსადგურები, რკინიგზისა და მეტროს სადგურები, საზღვაო პორტები. „ჩვენს სატრანსპორტო სისტემაში პირბადის ტარების მოთხოვნა დაიცავს ამერიკელებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო მგზავრობას პანდემიის დროს“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განკარგულებაში. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 იანვარს დაავალა სამთავრობო უწყებებს, პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები.

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის 200-მდე რესტორანი პროტესტის ნიშნად გატანის სერვისს აჩერებს

თბილისში, 200-მდე რესტორანი ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას აპროტესტებს და 30 იანვარს გატანის სერვისს აჩერებს. რესტორატორნების წარმომადგენლების შეზღუდვის მოხსნას და მუშაობისგაგრძელების უფელბას ითხოვენ. „ლოქდაუნის გამო, ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული. კოტრდება ბიზნესები. სუფევს ტოტალური უმუშევრობა. პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს და ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანისა და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე“, – აღნიშნულია რესტორატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელეარიასთან, რესტორენების წარმომადგენლები აქციას გამართავენ. ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაშვებული იქნება მხოლოდ აჭარაში. სხვა რეგიონებში, მათ შორის, დედაქალაქში, რესტორნები და კვების ობიექტები, გააგრძელებენ მუშაობას გატანა-მიტანის სერვისით. როდის გაიხსნება რესტორნები. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ

"მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ", - ამის შესახებ სოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებთან, თამარ გაბუნიასთან და თამარ ბარკალაიასთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსა და ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებს. „ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს. მოგაწოდეთ 2,5 მილიონი ტესტი და სასუნთქი აპარატები. მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ ახალ პროექტსაც ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც გვსურს მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ“-ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილეს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას.

ნამახვანის ჰესების სამშენებლო ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში, რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე, პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფრომაციით, პოლიციის თანამშრომლები კაშხლის მშენებლობის ადგილიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის აღებას გეგმავენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ კარავი და ჯვარი ინვესტორი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზეა. ჯვართან მისასვლელ გზაზე პოლიციის თანამშრომლებმა შლაგბაუმი დადგეს.

ჩეხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა

ჩეხეთში, კორონავირუსის გავრცელების გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არააუცილებელი ვიზიტები, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც 30 იანვრიდან აიკრძალა. შეზღუდვების გამკაცრებაის შესახებ, ამოქმედებამდე 24 საათით ადრე გახდა ცნობილი. „ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალულია ქვეყანაში არააუცილებელი ვიზიტები, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ზონაში მყოფი ქვეყნიდან შემოდის მოგზაური“, - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გავარცელებული ინფორმაციით, მათ, ვინც აქამდე ჩეხეთში არააუცილებელი მიზნით ჩავიდა, ქვეყნის დატოვება მოუწევთ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვინს ჩეხეთში სწავლობს, მუშაობს, სამკურნალოდ მიემგზავრება ან ახლობლების მოსანახულებლად განსაკუთრებული მიზეზი აქვს.

რესტორატორთა ასოციაცია: ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 250 000 ადამიანის დასაქმება

"ჩვენ არ გვინდა დახმარება, არ გვინდა სუბსიდირება, ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 250 000 ადამიანის დასაქმება", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აქციით, რომელიც 24-საათიან ბოიკოტირებას ითვალისწინებს, სურთ სახელმწიფოს დაანახონ თუ რა რეალობა იქნება ქვეყანაში, როდესაც რესტორნები ლიკვიდირებული იქნებიან და ვერ შეძლებენ მუშაობას. „უმარტივესი მოთხოვნა გვაქვს ხელისუფლების მიმართ. ჩვენ არ გვინდა დახმარება, არ გვინდა სუბსიდირება, ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ იმ 250 000 ადამიანის დასაქმება, რომელიც დასაქმებული გვყავდა აქამდე და სახელმწიფოს მოვხსნათ ის წნეხი, როცა 200-ლარიანი დახმარებით ვალდებულია, ამ ხალხს დაეხმაროს. ჩვენი ამ აქციით, რომელიც ითვალისწინებს 24-საათიან ბოიკოტირებას, გვინდა სახელმწიფოს დავანახოთ და გავუგზავნოთ მესიჯი, რა რეალობა იქნება ქვეყანაში, როდესაც რესტორნები უბრალოდ ლიკვიდირებული იქნებიან და ვერ შეძლებენ ოპერირებას. ჩვენ არავის არ ვემუქრებით, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ეპიდემიოლოგებს და ხელისუფლებას ვერ გავაგებინეთ, რა პრობლემის წინაშე დგას სტუმარ-მასპინძლობის სფერო და კვების ობიექტები. ამ კუთხით კი დავანახებთ, რომ მხოლოდ ჩვენი პრობლემა კი არ იქნება, სახელმწიფოს პრობლემაც იქნება, ეს გვინდა გავაგებინოთ. სხვა ლოგიკით ვერ შევაგნებინეთ ამ ხალხს, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს. ჩვენ გვესმის ალოგიკური ახსნა-განმარტება, რომ ეს სფერო ამ გამოწვევას გადაიტანს, ანუ იწილო-ბიწილოს თამაშობენ."- განაცხადა ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის 200-მდე რესტორანი პროტესტის ნიშნად გატანის სერვისს აჩერებს და 15:00 საათზე მთავრობის კანცელეარიასთან აქციას მართავს.