ძებნის რეზულტატი:

რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება ხვალიდან საქართველოში

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება: 1. 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება: · მუნიციპალური ტრანსპორტის, · სკოლების, · მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა; 2. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში · 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები; · სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე; 3. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან 4. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა. 5. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით. 6. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. ამასთან, · 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. · გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით. · ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. · ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. · აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება. · შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე. · ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები - პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე. · ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. · კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება; · ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება. · ბიზნესს უკვე აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები. · სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას. 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 479 ადამიანს დაუდასტურდა, 491 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 19 . ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 12 700 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 7 777 ანტიგენის, 4 923 კი PCR-ით. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 258 111-ს, გამოჯანმრთელებულთა - 249 028-ს, გარდაცვლილთა კი 3 178-ს შეადგენს. 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 , აჭარა - 25, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 28, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. აქტიური შემთხვევა: 5 879, აქედან 2 677 საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 1 309, აჭარაში - 199, იმერეთში - 506. მძიმე პაციენტები: 573 მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში - 47, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 160 , აქედან თბილისში - 125, აჭარაში- 2, იმერეთში - 14. 304 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული, მათ შორის 176 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 2 898 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 545 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 223, ხოლო აჭარაში - 126. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 201 ადამიანი. თვითიზოლაციაშია 16 316, მათ შორის თბილისში - 10 212პირი, აჭარაში - 854, იმერეთში - 1 612.

ზუგდიდში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას ზუგდიდის რეფერალური ავრცელებს. „ამ ეტაპისთვის, ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჩატარებული კვლევებით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები გამოირიცხა. გაუმჯობესებულ მდგომარეობაში ეწერება ბინაზე",- განაცხადა მზია გერგედავამ ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმმა. ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყვა ერთი არასრულწლოვანი, რომელიც მალე ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე განმარტავს, რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე. „საქართველოში, საჰაერო გზით შემოსვლის რეგულაციები მსუბუქდება. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ნეგატიური PCR-ტესტის საფუძველზე, გადმოკვეთონ ჩვენი საზღვარი. ეს ქვეყნებია აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შვეიცარიის, ნორვეგიის, ასევე, საუდის არაბეთის, ემირატების, ისრაელის, ბაჰრეინისა და კატარის მოქალაქეებს შეეძლებათ, PCR-ტესტის საფუძველზე შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მესამე დღეს გაიტესტონ განმეორებით. გარდა ამისა, იხსნება საზღვარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებისთვის და ისინი ნეგატიური ტესტის საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა, სავალდებულო იქნება კარანტინში გადასვლა“- განაცხადა ლევან კარანაძემ. 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება. რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის.

ულტრამემარჯვენე ჯგუფის „შამანს“ ტრამპის იმპიჩმენტზე ჩვენების მიცემა სურს

ულტრამემარჯვენე ჯგუფის „შამანს“ ტრამპის იმპიჩმენტზე ჩვენების მიცემა სურს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. მედიის თქმით, ჯეიკობ ენტონი ჩენსლი, რომელსაც მისივე წრეში, „შამანად“ მოიხსენიებენ, ერთ-ერთი იყო, ვინც კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდა. ჩენსლის ადვოკატის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოატყუა და კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ ამნისტიით არ გაათავისუფლა. მისი თქმით, ფაქტი, რომ ტრამპმა „დააღალატა“ ჩენსლი, მასზე საშინლად იმოქმედა. ადვოკატის თქმით მნიშვნელოვანია, რომ სენატორებმა მოისმინონ იმ კაცის ხმა, რომელიც დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში შესაჭრელად „წააქეზა”. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

საფრანგეთის ელჩი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს საქართველოს დიდი წარმატებაა

საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი საქართველოსთვის დიდ წარმატებად აფასებს. ამის შესახებ ფრანგმა დიპლომატმა Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. „ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დიდ წარმატებაა, და როგორც საფრანგეთის ყოფილი წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოებში, მე ვულოცავ იურისტთა გუნდებს, რომლებიც დაეხმარნენ სასამართლოს ამ საკითხის სრულყოფილად გამოძიებაში, ვაფასებ რა იმ გაწეული სამუშაოს მოცულობას, რაც შესრულდა ამ შედეგის მისაღწევად. თავიდან ბოლომდე წავიკითხე განაჩენი და ვფიქრობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებები, რაც პრესის და ოპერატიული ნაწილის წაკითხვისას მივიღე. ქართული მხარის მიერ წარდგენილი ძირითადი დოკუმენტაცია თითქმის სრულად იქნა მიღებული, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი დარჩა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი, რომელიც სასამართლომ დროებით გადადო. ახლა მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების მასშტაბების განსაზღვრა სასამართლოს მიერ, რომლებსაც მინიჭებული აქვს ამის უფლებამოსილება. განაჩენის აღსრულება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დაეხმარება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, იპოვოს ახალი დინამიკა ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების გზაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დავასკვნათ, რომ საბოლოოდ ვიპოვეთ ამ კონფლიქტის მოგვარების გზა და რომ ის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რაც ხელს უშლიდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მოხსნილია“, - განაცხადა დიეგო კოლასმა. ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

რუსი მილიარდელის თქმით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სასახლე მისია და არა პუტინის, როგორც ამას ნავალნი ამტკიცებს

რუსი მილიარდელის, არკადი როტენბერგის თქმით, პუტინის შავი ზღვის სასახლე, რომელზეც ალექსეი ნავალნი საუბრობდა, სინამდვილეში მისია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. არკადი როტენბერგი პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია. „კრედიტორებთან შეთანხმებას მივაღწიე, რის შემდეგაც რამდენიმე წლის წინ ეს სასახლე მივიღე“, - აცხადებს ოლიგარქის პრესსამსახური. ვიდეო ალექსეი ნავალნიმ რამდენიმე დღის წინ საკუთარ YouTube არხზე გაავრცელა. ოპოზიციონერის მიერ გავრცელებულ ვიდეოს 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ნავალნი პუტინის სასახლესა და „ყველაზე დიდი თაღლითური ისტორიის“ შესახებ საუბრობს. ნავალნის ვიდეოს მიხედვით, პუტინის სასახლეში კაზინო, საციგურაო და ჰოკეის მოედნებია.

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გრძელდება, პროტესტის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ოპიზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ანტისამთავრობო აქციები რუსეთის ქალაქებში დილიდან დაიწყო. ყველაზე მეტი, 100-ზე მეტი აქციის მონაწილე მოსკოვსა და ვლადივოსტოშკი დააკავეს. ალექსეი ნავალნი აეროპორში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ. ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავება.

CNN-ი: იმპიჩმენტამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტრამპის ადვოკატები მის დაცვაზე უარს ამბობენ

იმპიჩმენტამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტრამპის ადვოკატები მის დაცვაზე უარს ამბობენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ტრამპს ადვოკატები დაცვაზე უარს ეუბნებიან. CBS-სთან საუბრისას ტრამპის მრჩეველი, ჯეისონ მილერი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ორმხრივია. ბაჩ ბაუერსმა და დებორა ბარიემ ტრამპის დაცვის გუნდი დატოვეს, ჩრდ. კაროლინელი ადვოკატი, ჯოშ ჰოვარდი ასევე აღარ დაიცავს ტრამპის უფლებებს სენატში და კიდევ რამდენიმე ადვოკატი უარს ამბობს სენატში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დაცვაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ადვოკატებისგან მოითხოვდა, მისი დაცვის სტრატეგია არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე დამყარებულიყო, განსხვავებით მისი ყოფილი ადვოკატებისგან, რომლებიც მას საქმის ლეგიტიმურობაზე ურჩევდნენ სტრატეგიის აწყობას. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის გახილვა სენატში 8 თებერვალს გაიმართება. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლოო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯია. 229 მომხრითა და 195 მოწინააღმდეგით წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ნობელის პრემიაზე წარადგინა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნეუსადამ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ნობელის პრემიაზე წარადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 2020 წელს ტიხანოვსკაია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, მისი ქმრის, სერგეი ტიხანოვსკის დაპატიმრების შემდეგ გახდა. ბელარუსში რამდენიმე კვირაა, რაც ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს.

ენტონი ბლინკენი: ამერიკა ირანის ბირთვულ შეთანხმებას ჯერ არ დაუბრუნდება

აშშ-ის პირველი დიპლომატის, ენტონი ბლიკენის თქმით, ამერიკა ირანის ბირთვულ შეთანხმებას ჯერ არ დაუბრუნდება. ინფორმაციას VOA აქვეყნებს. ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ირანზე აქამდე დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს იმ დრომდე, ვიდრე თეირანი იმის დემონსტრირებას არ მოახდენს, რომ იწყებს ქმედით ნაბიჯების გადადგმას 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით. სახელმწიფო მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა, რომ ამერიკა ჯერ ძალიან შორსაა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებისგან, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოვალეობის შესრულებას 28 იანვარს შეუდგა. პირველი სრული სამუშაო დღის დასაწყისში ენტონი ბლინკინმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა და სტრუქტურის განახლებას დაჰპირდა.

მარსელში გულშემატკივრებმა საფეხბურთო კლუბის ბაზა დაარბიეს

მარსელში გულშემატკივრებმა საფეხბურთო კლუბის ბაზა დაარბიეს. ინფორმაციას სააგენტო ESPN-ი ავრცელებს. საფეხბურთო კლუბ Marseille-ის საშინაო მატჩი ფანების აგრესიის გამო ჩაიშალა. გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით გაღიზიანებული ორასამდე ფანი „მარსელის“ ბაზაზე შეიჭრა. გამოცემების ინფორმაციით, ინციდენტისას დაიჭრა სამი პოლიციელი და დაზიანდა სპეცტექნიკა. დაკავებულია 25 გულშემატკივარი.

ალექსეი ნავალნის მეუღლე ისევ დააკავეს

მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. რუსეთის ათობით ქალაქში ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე დაკავებულთა რაოდენობა უკვე 1 600-ს აღემატება. ალექსეი ნავალნი აეროპორში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ. ალესქეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია, 23 იანვარსაც დააკავეს და დაკავებიდან სამი საათის შემდეგ, გაათავისუფლეს. ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავება.

ჯანმოს ექპერტთა ჯგუფმა უხანის ბაზარი დაათვალიერა

ჯანმოს ექპერტთა ჯგუფმა უხანის ბაზარი დაათვალიერა, ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ექსპერტთა ჯგუფმა ჩინეთის ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარი მოინახულა, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა და შემდეგ მსოფლიოში გავრცელდა. ბაზარი ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს მას შემდეგ დახურა, რაც კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც Covid-19 -ის წარმომავლობას იკვლევენ, უხანში ბაზრებს, ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებს მოინახულებენ. ასევე შეხვდებიან კორონავირუსით პირველად ინფიცირებულ პაციენტებს. ჩინეთის მთავრობა ერთ წელიწადზე მეტია, რაც უარს აცხადებს საერთაშორისო მეცნიერთა გუნდის დაშვებაზე. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი პროცესებს განზრახ აჭიანურებს. ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტია ცდილობს, რომ შეზღუდოს ინფორმაციაზე წვდომა და აუკრძალოს ნებისმიერ მკვლევარს კვლევის შედეგების გავრცელება. სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ასევე ცდილობდა, საერთაშორისო ექსპერტებისგან წამოსული მოსაზრება ჩაეხშო, რომელთა მიხედვითაც ჩინეთი ვირუსის ეპიცენტრად მოიაზრებოდა. Associated Press-ის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებაში გაირკვა, რომ მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ნებისმიერ კვლევას, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. ამავე თემაზე: ჯანმოს გუნდი უხანში საავადმყოფოს ეწვია, სადაც პირველ ინფიცირებულებს უმკურნალეს

საფრანგეთმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა

საფრანგეთმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროზონის გარე ქვეყნიდან საფრანგეთის მეტროპოლიის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ გარდაუვალ, პირადი ან ოჯახური ხასიათის შემთხვევაში, სასწრაფო ჯანმრთელობის მოტივით ან გადაუდებელი სამსახურებრივი მიზეზით იქნება დაშვებული. გადაადგილების მოტივის დამადასტურებელი საბუთები მოთხოვნილი იქნება თვითმფრინავის ბორტზე დასაშვებად. საფრანგეთის საელჩო გადაადგილების ცნობაში, გადაუდებელი მოტივებისა და წარსადგენი დოკუმენტების საორიენტაციო ნუსხას ავრცელებს. სხვა შეზღუდვები (სახელდობრ გამგზავრებამდე ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული ტესტი, ჩასვლისას 7 დღიანი თვითიზოლაცია) ძალაში რჩება. მესამე ქვეყნების (ყველა გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, შვეიცარია და ვატიკანი) მოქალაქეებისთვის, ევროზონის გარე ქვეყნიდან საფრანგეთის მეტროპოლიაში შესვლის ნებართვის მქონე კატეგორიები ჩამოთვლილია ქვემოთ მიმაგრებულ დოკუმენტში. ამ თემაზე: საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს.

სომალის სასტუმროში თავდასხმისას 9 ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუს სასტუმროში შეიარაღებულ თავდასხმის დროს 9 ადამიანის დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დაღუპულებს შორის ოთხი თავდამსხმელია. დაშავებულია 10 სამოქალაქო პირი. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს სასტუმროში ავტომობილით შეჭრილმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული „ალ-შაბააბის“ მებრძოლებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შორის სროლა მოჰყვა, რომელიც დღეს დილამდე გაგრძელდა.

ტრამპის სიძე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტის დამსახურებულმა პროფესორმა, ალან დერშოვიცმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და უფროსი მრჩეველი, ჯარედ კუშნერი, ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის სამშვიდობო შეთანხმებების დადებაში შეტანილი წვლილისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯარედ კუშნერთან ერთად ნობელის პრემიაზე ავი ბერკოვიციც იყო წარდგენილი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დესპანის როლს ასრულებდა. ჯარედ კუშნერმა და ავი ბერკოვიცმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისრაელსა და ოთხ არაბულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში და რომელიც ცნობილია "აბრაამის შეთანხმებების" სახელით.

რომის პაპმა ბებია-ბაბუებისა და მოხუცთა მსოფლიო დღე დააწესა

რომის პაპმა ფრანცისკემ გადაწყვიტა დააწესოს ბებია-ბაბუებისა და მოხუცთა მსოფლიო დღე. ამის შესახებ ინფორმაციას Vaticannews-ი ავრცელებს. ბებია-ბაბუებისა და მოხუცთა მსოფლიო დღე ივლისის მეოთხე კვირა დღეს გაიმართება. სწორედ ამ პერიოდში აღინიშნება მაცხოვრის ბებიისა და ბაბუის, ანასა და იოაკიმის ხსენების დღე. „ბებიები და ბაბუები ხშირად დავიწყებულნი არიან. მოდით, ნუ დავივიწყებთ ამ სიმდიდრეს, გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მას,“- განაცხადა რომის პაპმა.

დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება

დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება. ამავდროულად იცვლება ქვეყანაში შემოსვლის წესები, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორც ცნობილია, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ, ხოლო არა ვაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვარზე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტირების ნეგატიური პასუხის ჩვენება მოუწევთ. ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს კი, მათ განმეორებით PCR-ტესტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ. გარდა ამისა, იხსნება საზღვარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებისთვის. ისინი ნეგატიური ტესტის საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა, სავალდებულო იქნება კარანტინში გადასვლა. 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე საქართველოში უპირობოდ შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინა ექნებათ გაკეთებული რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმის განვითარებაში ეხმარება

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს მთავრობას კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაკავებლად ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განვითარებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბაკი ავრცელებს. “აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით სამინისტრომ შეძლო სწრაფად მოეხდინა ექსპერტების მობილიზება და განევითარებინა სრულყოფილი გეგმა, რომელიც დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში 2021 წლის ბოლომდე საქართველოს 1.7 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციით უზრუნველსაყოფად,” — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. „კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა მნიშვნელოვანი პირობაა კოვიდ-19-ის ვაქცინაზე საქართველოს ხელმისაწვდომობისთვის და ვაქცინაციის შეუფერხებელი და წარმატებული განხორციელებისთვის, გეგმის წყალობით საქართველო კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობისგან მოსახლეობის დაცვას და ეკონომიკის სრულად გახსნას შეძლებს.“ — განაცხადა შეინ როზენტალმა, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში. "საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ 21 იანვარს დამტკიცებული გეგმით შესაძლებელი გახდება ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმატებული შემოტანა, ვაქცინაციის განხორციელება და ზედამხედველობა, მას შემდეგ რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. გეგმა მოიცავს ვაქცინაციის სამართლებრივ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ ასპექტებს, ცივ ჯაჭვსა და ლოგისტიკურ მოთხოვნებს და განხორციელების პროცესში მოსახლეობის მიზნობრივი პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევის პრინციპებს. ADB-მ ფუნდამენტური როლი შეასრულა გეგმის განვითარებაში კოორდინირებული მოქმედებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და განვითარების სხვა პარტნიორებთან ერთად. ADB-ის აღნიშნული პროექტი განავრცობს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური და ტექნიკური დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც საქართველოს დაეხმარა კოვიდ-19-ით მიყენებული ზიანის შესამცირებლად. გასული წლის დეკემბერში ADB-მ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა ADB-ის აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის დაფინანსებით და იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით, პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგისა და მომსახურების მისაწოდებლად. გასული წლის მაისსა და ოქტომბერში, ბანკმა დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარისა და 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხები, დაავადების გავრცელების შესაკავებლად, მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და საქართველოს საჯარო ფინანსური მართვისა და სოციალური დაცვის სისტემების გასაძლიერებლად. გასული წლის აგვისტოში ADB-მ ასევე გამოყო გრანტი PCR ტესტის დანადგარის შესაძენად რათა გაუმჯობესდეს ვირუსის ტესტირება, აღმოჩენა და გავრცელების შეკავება. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი", - ნათქვამია განაცახებაში.