ძებნის რეზულტატი:

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე (კმ30-კმ31) მეწყერის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ31 მონაკვეთზე სავალ ნაწილზე გადმოსულია მეწყერი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია განხორციელდეს ალტერნატიული გზით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ33 მონაკვეთზე არსებული სოფ. დერჩის და სოფ. მექვანას გავლით", - ნათქვამია განცხადებაში. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ეკონომიკის ექსპერტი: კორონავირუსის მკურნალობა რომ ფასიანი ყოფილიყო, ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოუწევდათ

რესტორნების გახსნის მოთხოვნით და დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად, თბილისის 200-მდე რესტორანი გაიფიცა და მიტანის სერვისი შეწყვიტა. მიტანის სერვისის შეწყვეტის გარდა, ასოციაციის წარმომადგენლებმა უმუშევრად დარჩენილებთან ერთად, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. Europetime აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტს პაატა შეშელიძეს დაუკავშირდა. ექსპერტი მთავრობის ყველაზე მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს ყველა სამედიცინო ხარჯის სახელმწიფოს თავზე აღებას. „თუ მოქალაქე უპასუხისმგებლოდ იქცევა, დადის პირბადის გარეშე, არ იცავს დისტანციას და მერე ავად გახდა, სხვისი გადასახდელი არ უნდა იყოს მისი მკურნალობის ხარჯები. მოტივაცია ფინანსური პასუხისმგებლობა თუ იქნება, უკეთ მოუფრთხილდება ყველა თავს და ინფიცირებულთა რაოდენობაც ნაკლები იქნება. მეტი ფინანსური პასუხისმგებლობის შემთხვევაში, ყველა ეს საწარმო, სასტუმრო, რესტორანი დაფიქრდებოდა, როგორ იმუშაოს, როგორ დაიცვას თავისი თანამშრომლები და ა.შ. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა უსაფრთხოების ყველა ნორმას, უფრო მალე დანერგავდნენ თავდაცვის საშუალებებს: პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას, ულტრაიისფერ სხივებით აღჭურვას და ა.შ. სახელმწიფო ამ შეზღუდვებით, უსაფრთხოების დაცვის მოტივაცია დააქვეითა. თავდაცვითი ბარიერების დანერგვას და პრაქტიკაში გამოყენებას შეუშალა ხელი. ფუნდამენტალურად არასწორად იყო ორგანიზებული პანდემიასთან ბრძოლის ეს სისტემა. არ შეიძლება, სხვა ქვეყნებს მივბაძოთ, როცა მათ სხვა ეკონომიკური შესაძლებლობები აქვთ“, - აღნიშნავს ეკონომიკის საკითხების ექსპერტი. მისი თქმით, მარტიდან დღემდე აქცენტი უნდა გაკეთებულიყო სამედიცინო მომსახურების სიმძლავრეების გაზრდაზე და არა ქვეყნის და ბიზნესის ჩაკეტვაზე. „მარტიდან უნდა ეზრუნათ სამედიცინო აღჭურვილობის, საწოლების რაოდენობის ზრდაზე, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. თვეების განმავლობაში სულ რამდენიმე საავადმყოფოს ჰქონდა კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღების უფლება. მერე იყო იგივე ფუნდამენტურად არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ეხებოდა მკურნალობის დაფინანსებას, პირბადეებს. ანტისაბაზრო ეკონომიკის ლოგიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს და შედეგად მიიღეს ის, რომ ხალხი გამოდის მიტინგზე და ამბობენ, რომ შიაათ. რაც შეეხება მთავრობის მიმართ ეკონომიკურ რეკომენდაციებს: უნდა დააბრუნონ ნორმალური ცხოვრების რიტმი! ადამიანებმა უნდა მიხედონ თავის თავს! უნდა შეწყდეს პანდემიის საბიუჯეტო დაფინანსება“, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით კი, აქციის მიზანია, ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ამ სექტორის განადგურების შემთხვევაში, ეს არამხოლოდ მათი, არამედ სახელმწიფოს პრობლემაც იქნება. „არ გვინდა სუბსიდირება - გვინდა გავაგრძელოთ იმ 250 000 ადამიანის დასაქმება, რომლებიც დასაქმებული გვყავდა აქამდე და სახელმწიფოს მოვხსნათ ის წნეხი, როცა 200-ლარიანი დახმარებით ვალდებულია, ამ ხალხს დაეხმაროს. 200 ლარად ხალხი თავს ვერ ირჩენს. რესტორნების 24-საათიანი გაფიცვის აქციით გვინდა, სახელმწიფოს დავანახოთ, რა რეალობა იქნება ქვეყანაში, როდესაც რესტორნები ვერ შეძლებენ ოპერირებას, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. აქციას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არც ექიმები და არც შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები, რეგულაციების მოხსნის შესახებ პოპულისტურ მოსაზრებებს არ უნდა აყვნენ. „დღესვე რომ მოიხსნას ყველა რეგულაცია ერთად, ამით იგივე მოსახლეობა, რომელიც შეჭირვებულია, კიდევ უფრო დაზარალდება. რეგულაციები უნდა მოიხსნას ეტაპობრივად და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირბადეების ხმარება არის მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 29 იანვარს, მას შემდეგ რაც სარესტორნო ქსელების გაფიცვა დაანონსდა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობას ესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია სარესტორნო ბიზნესი, თუმცა ნორმალურ ცხოვრებას ქვეყანა მალევე ვერ დაუბრუნდება. „უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ როგორც კი გვეძლევა საშუალება ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ რეგიონს, ამა თუ იმ მიმართულებას ვხსნით. შეუძლებელია, რომ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიის წინა ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მთავრობის რეგულაციებით, ამ ეტაპზე ღია სივრცეში მუშაობის უფლება, მხოლოდ აჭარაში მდებარე რესტორნებს მისცეს, იმ მიზეზით, რომ აჭარაში ინფიცირების სტატისტიკამ საგრძნობლად იკლო. 22 იანვარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა სხვა რეგიონებშიც განახლდება. „დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც თითოეული გადაწყვეტილებაა რთული, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე იმყოფება ბიზნესი, მათ აქვთ პასუხისმგებლობა დასაქმებული პერსონალის წინაშე, ასევე უმეტესობას აქვს სესხები, გეგმები და რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულია, როდესაც ვერ ვგეგმავთ მომავალს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. რესტორნების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა. 27 იანვარს ერთ-ერთი ასეთია ქცია ბულგარეთში მოეწყო. Reuters-ის ინფორმაციით, აქციაში რესტორნებისა და კლუბების მფლობელები, ასევე მიმტანები და ბარმენები მონაწილეობდნენ. ზაფხულში დროებით გახსნის შემდეგ რესტორნებს და კაფე-ბარებს ღია სივრცეში მუშაობის უფლება ნოემბერში შეუჩერდათ.

ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი ჩამოინგრა: ნანგრევებში 10 წლის გოგო მოყვა

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყვა ერთი არასრულწლოვანი, რომელიც მალე ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიული იყო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია. ამჟამად 10 წლის გოგოს მდგომარეობა სტაბილურია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება და მათ საცხოვრებელი ფართით უზურნველყოფს. "ეს იყო მესამე-მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ობიექტი, აღნიშნული ოჯახი "სოფლად სახლის" ფარგლებში მიიღებს საცხოვრებელ ფართს,"- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მთავრობის კანცელარიასთან აქციაა

ამ წუთებში მთავრობის კანცელეარიასთან აქციაა. აქციას რესტორნების წარმომადგენლები მართავენ. ისინი ქვეყანაში დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ და რესტორენების გახსნის ნებართვას და მუშაობის დაწყებას ითხოვენ. რესტორნების წამრმომადგენელები თვლიან, რომ მათ რეგულაციების დაცვით, შეუძლიათ მუშაობის გაგრძელება. აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. რესტორატორთა ასოციაცია: ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 250 000 ადამიანის დასაქმება. თბილისის 200-მდე რესტორანი პროტესტის ნიშნად გატანის სერვისს აჩერებს.

იაპონიაში ქალი დედის ცხედარს 10 წელი საყინულეში ინახავდა

იაპონიის პოლიციამ დააკავა 48 წლის ქალი, რომელიც დედის ცხედარს 10 წლის განმავლობაში საყინულეში ინახავდა. აღნიშნულ ინფრომაციას BBC-ი ავრცლებს. 48 წლის იუმი იოშინის თქმით, მან სხეული იმისთვის გადამალა, რომ „სახლიდან გადასვლა არ უნდოდა“. ცხედარი დამლაგებელმა შემთხვევით მას შემდეგ იპოვა, რაც იუმი იოშინო გადასახადის გადაუხდელობის გამო, იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. პოლიციის განცხადებთ, გარდაცვლილს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები არ ეტყობოდა. მათ ქალის გარდაცვალების დრო და მიზეზი ვერ დაადგინეს. ამ დროისთვის, იუმი პოლიციამ დააკავა.

გერმანია შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

დღეიდან გერმანია, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გერმანიის მხრიდან სამგზავრო შეზეღუდვები უწესდებათ ისეთ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემთვევები დიდია. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, პორტუგალა, ირლანდია, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ლესოტო და სვაზილენდი. გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი ეხება გერმანიის მოქალაქეებსა და გერმანიაში ბინადრობის უფლების მქონე პირებს, რომლებიც აღნიშნული ქვეყნებიდან ბრუნდებიან. როგორც ცნობილია, შეზღუდვა სულ მცირე 17 თებერვლამდე იქნება ძალაში. ცნობისთვის, ჩეხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს.

ირანში ევროპიდან ჩასულ მგზავრებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ

ირანში ევროპიდან ჩასულ მგზავრებს , კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენასთან ერთად, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ირანში, კორონავირუსის ეროვნული დანიშნულების ჯგუფის წარმომადგენელმა ალირეზა რაისმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩასულმა მგზავრებმა, კორონავირუზე ტესტი ირანშიც უნდა გაიკეთონ. მათ სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი გავლა მაშინაც მოუწევთ, თუ კორონავირუსის ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება. ცნობისთვის, ადრე ევროპიდან ირანში ჩასულ მგზავრებს მხოლოდ ვირუსის ნეგატიური ტესტის პასუხი მოეთხოვებოდათ. ამავდროულად, ირანის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირანში წარმოებული Barekat ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა

„Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს მადლობას უხდის. „მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება" - აცხადებს გიორგი გახარია.

ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია

"ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისეთ პერიოდში, როდესაც პოსტკოვიდ კრიზისია მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთ დიდ შენატანს" , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ესაა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტი, რომელიც თავისი სეისმოლოგიური პარამეტრებით ისეთ თეორიულ მიწისძვრასაც კი გაუძლებს. „ჩვენი ქვეყანა არაა მდიდარი საკუთარი ნავთობითა და გაზით, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჰიდრორესურსებითაა მდიდარი. ეს გვაძლევს საშუალებას, საკუთარ ენერგორესურსებს ვეყრდნობოდეთ. ისეთ სამყაროში, სადაც ენერგორესურსები ხშირად ხდება პოლიტიკური გავლენისა და ზეწოლის ბერკეტი, გვაქვს შანსი, რომ პირიქით, ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ძლიერი ქვეყანა ვიყოთ, რომელიც თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობით ამაყობს. ეს ენერგია უპირატესად მწვანე ენერგიაა, რომელიც ჩვენი ეროვნული სიმდიდრიდან, ჩვენი წყლიდან გამომუშავდება. აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მხარდაჭერილი იყო სახელმწიფოს მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან მკაცრ მოთხოვნებს არ ვუყენებდით ინვესტორს. პრაქტიკულად, ორი წლის განმავლობაში მიდიოდა სხვადასხვა კვლევა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული, უსაფრთხო პროექტი, რომელიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ მართლაც, გეოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტი, რომელიც თავისი სეისმოლოგიური პარამეტრებით ისეთ თეორიულ მიწისძვრასაც კი გაუძლებს, რომელიც 2000 წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს ჩვენს რეგიონში. გარდა ამისა, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისეთ პერიოდში, როდესაც პოსტკოვიდ კრიზისია მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთ დიდ შენატანს, უცხოური ინვესტიციის შემოსვლას მათ ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის 2000-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობა. ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებულები და ცალსახად, ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ამ პროექტს“ - განაცხადა ნათია თურნავამ. დღეს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა. სამშენებლო ტერიტორიაზე, პოლიცია იყო მობილიზებული.

ვენეციის კარნავალი ვირტუალურ ფორმატში გაიხსნება

ვენეცია ​​ კარნავალის საზეიმო გახსნისთვის ემზადება. სანიტარული შეზღუდვების გამო, კარნავალი ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციასდ Euronews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კარნავალის ნახვა ვიდეო გადაცემების საშუალებით იქნება შესაძლებელი. ამავე დროს, კარნავალში მონაწილეობის მსურველთათვის სპეციალური ვირტუალური ოთახები მოეწყობა. ანალოგიური ბედი ეწია სხვა ევროპულ კარნავალებსაც - დიუსელდორფში გადაწყვიტეს ოფიციალური ღონისძიებით შემოიფარგლონ, ხოლო კიოლნში კარნავალი პავილიონებში გაიმართება და თოჯინები მიიღებენ მონაწილეობას. .

მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა - ამის შესახებ Europetime-ს შრომის საკითხების მკვლევარმა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, გიგა ბექაურმა განუცხადა. ბექაურის ცნობით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი - 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ 1999 წლის შემდეგ, საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. 1999 წელს, პრეზიდენტის დადგენილებით კი, საქართველოში ერთი თვის მინიმალურ ხელფასი 20 ლარია, რას სრულ განაკვეთზე, საათში 0.13 თეთრი გამოდის. „მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ოთხმა მსხვილმა კომპანიამ საქართველოში, საკუთარი საწარმოების გახსნაზე უარი სწორედ ქვეყანაში დაწესებული ასეთი დაბალი მინიმალური ხელფასის გამო თქვა. „ადიდასის“, „ნაიკის“, „ნიუ ბალანსის“ და „პუმას“ კორპორაციების ხელმძღვანელებმა ოფიციალური კოლექტიური წერილი მისწერეს საქართველოს მთავრობას, რომლითაც მათ 2015 წლის აგვისტოში მოითხოვეს ჩვენი ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა, რათა საქართველოში მომუშავე მათ კონტრაქტორ ფირმებს აღარ მიეცეთ ტექსტილის სფეროში დასაქმებული პირების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარი თქვეს საქართველოში საკუთარი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნაზე. ვინც მათ ეკონტაქტებოდა, მერე ისევ იმ ბიზნესმენმა მოიფიქრა და კომპანიის შიდა განაწესში ჩაწერა მინიმალური ხელფასისი ზღვარი, რომ კონტრაქტი მიეღო“, - აცნობა Europetime-ს გიგი ბექაურმა. მისივე ცნობით, მეზობელ ქვეყნებშიც კი, მაგალითად სომხეთშიც მინიმალური ხელფასი თვეში 131,17 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანში 147,15 დოლარი. „საქართველოში კი ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული, მთელი თვის განმავლობაში 30 ლარად ამუშაოს მონურ პირობებში, მონურ ხელფასზე და სახელმწიფო ამაზე არის თანახმა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობით განსაზღვრაზე უარს ამბობს“, - აღნიშნავს გიგა ბექაური. როგორც Europetime-ს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა განუცხადა, გასულ წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში თავდაპირველად არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრებოდა, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენდა 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლები იყო. თუმცა, კანონპროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა. როგორ შეიძლება მინიმალური ხელფასი ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმთან, პენსიასთან და სოციალურ დახმარებებთან შედარებითაც ძალზედ დაბალი იყოს? ადამიანები მუშაობენ მთელი თვე, სრულ განაკვეთზე და კანონმდებლობა არ იცავთ იმისგან, რომ დამსაქმებელმა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი არ გადაუხადოს“, - აღნიშნავს მარიამ ალიხანაშვილი. მისივე განმარტებით, ქვეყანაში (პანდემიამდე) 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის. მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში, მათი ყოველთვიური შემოსავალი გაიზრდება ოჯახის საარსებო მინიმუმამდე, რაც ამ ადამიანებს შეუქმნის არსებობისთვის აუცილებელ წყაროს და შეამცირებს დასაქმებულთა სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის ალბათობას შრომის უფლებების მკვლევარის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საქართველოსგან განსხვავებით ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასი დადგენილია. ეს არის ერთ-ერთი სოციალური კანონპროექტი, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა იღებს და ყველა აღიარებს, რომ ამ კანონპროექტს დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოსდევს, დოვლათის გადანაწილების პროცესში. (საქართველოში მხოლოდ 1999 წლის პრეზიდენტის განკარგულება არსებობს) „პარლამენტში მინიმალური ხელფასის დადგენაზე ორი კანონპროექტი იყო შესული, ერთი პროფკავშირების ინიცირებით, მეორე ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებით. პროფკავშირები 320 ლარს მოითხოვდნენ, ნაცვლიშვილის პროექტში ოდნავ მეტი თანხა იყო ჩაწერილი და პარლამენტმა ბიზნესის ზეწოლით ორივე დაბლოკა. პარლამენტი მსგავს გადაწყვეტილებებს ბიზნეს ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის ქოლგის ქვეშ იღებს. მათი არგუმენტი იყო, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საფრთხეს შეუქმნიდა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. არადა ერთ-ერთი კანონპროექტით თვეში 320 ლარზე იყო საუბარი. სწორედ იმიტომ დასახელდა ასეთი მინიმალურ თანხა, რომ ეკონომიკაზე გავლენა არ ჰქონოდა. პარლამენტის მხრიდან იყო უსაფუძვლო არგუმენტი. მიუხედავად იმისა რომ ორივე კანონპროექტს თან ერთვოდა სერიოზული კვლევები და საერთაშორისო პრაქტიკა. ევროკავშირის დირექტივები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიც კი არ გაითვალისწინეს. შრომის კოდექსშიც იყო ჩადებული, ვიდრე ეს პუნქტი დამტკიცდებოდა. ამოიღეს მინიმალური ხელფასის პუნქტი და თქვეს, რომ მერე ცალკე განიხილავდნენ. ცალკე შეტანილი კანონპროექტი კი დაბლოკეს. პარლამენტი სავსეა ბიზნესმენებით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, უგანდას და ნიგერიას თუ არ ჩავთვლით, ასეთი დაბალი არ არსებობს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ლიბერალების საპასუხოდ ვამბობ, რომ აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათობრივად არის განსაზღვრული, სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ოდენობით. ასევე ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული მინიმალური ხელფასი. იქ არის განსაზღვრულ სახელმწიფო დონეზე, და ასევე სექტორულ დონეზე. სხვადასხვა სექტორში სხვადსხვა თანხით. ზოგან წლის ინდექსაცია ხდება. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ყველა სექტორში სხვადასხვა თანხაა დადგენილი, ტურიზმის, სექტორში, მშენებლობის სექტორში, ფინანსურ სექტორში და ა.შ“, - განუცხადა Europetime-ს გიგა ბექაურმა. მარიამ ალიხანაშვილის ცნობით, საქართველოში კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია, პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, თვეში 135 ლარით. „ეს განსხვავებაც ცალკე დისკრიმინაციული მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ საჯაროშიც მნიშვნელოვნად დაბალია. აუცილებელია, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ცხოვრების ღირებულებასა და სხვა ეკონომიკურ გარემოებებთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. მინიმალური ხელფასის მთავარი იდეა მშრომელთა დაცვაა გაუმართლებლად დაბალი ხელფასებისა და ექსპლუატაციისგან. თუმცა, მინიმალური ხელფასი, არამხოლოდ მოსახლეობის სიღარიბისგან დაცვას ემსახურება, არამედ ადამიანების მსყიდველობით უნარის ზრდით ხელს უწყობს ქვეყანაში მოთხოვნის ზრდას, მეტი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია“, - განუცხადა Europetime-ს მარიამ ალიხანაშვილმა. მინიმალური ხელფასის აწევის კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზებზე, Europetime პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა. მისი თქმით, სამომავლოდ მინიმალური ხელფასის აწევის საკითხი პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა, ვიდრე სარგებელს მოიტანდა. „ვეთანხმები, რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის, არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, ამ რეალობაში, მით უმეტეს, ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ, სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800-ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული - 1000-ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა, დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ, მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი. რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი", - განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ.

ბიზნესის წარმომადგენლები საყოველთაო დაუმორჩილებლობის დაწყებას არ გამორიცხავენ

"ხელისუფლება პირველ თებერვლამდე სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნის გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, რეგულაციებს აღარ დავემორჩილებით და მასობრივი დაუმორჩილებლობას დავიწყებთ" - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, ტურიზმის და ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს. აქციის მონაწილეები კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნას. როგორც „ზამთრის კურორტების ასოციაციაში“ განმარტავენ, თუ საკოორდინაციო საბჭო დროულად არ მიიღებს გახსნის გადაწყვეტილებას, ეს ბიზნესი ვეღარ გადარჩება, დაინგრევა იქ განთავსებული შენობა-ნაგებობები და ბიზნესი ვეღარ შეძლებს როგორც კომუნალური გადასახადების, ისე საბანკო ვალდებულებების გადახდას. სასტუმროების და რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მზად არიან გააგრძელონ მთავრობასთან კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებები, თუმცა საჭიროა, ხელისუფლებამ მოკლე ვადებში რეგულაციების დაცვით გახსნას ეს სფეროც. აქციას შეუერთდნენ კვების ობიექტების მფლობელებიც. დღესვე პროტესტის ნიშნად 200-მდე რესტორანმა 24 საათით მიტანის სერვისი შეაჩერა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, ეს არის ერთგვარი მესიჯი ხელისუფლებისადმი, რომ ბიზნესის გაჩერებით არა მხოლოდ კერძო სექტორი, არამედ მთლიანად სახელმწიფო ზარალობს. „ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ, დღეს ქვეყანა არის გაჩერებული. უმარტივესია მოთხოვნა – მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა. 250 000 ადამიანს, რომელიც ამ სფეროში იყო დასაქმებული, მუშაობის შესაძლებლობა არ აქვს. ეს ხალხი ვინც დღეს შეიკრიბა ულუკმაპუროდ არის დარჩენილი. გვინდა, სწორი მესიჯი მივაწოდოთ ხელისუფლებას. ბოიკოტს აცხადებს 206 კვების ობიექტი, რათა ხელისუფლებას მივაწოდოთ მესიჯი, რომ ამ რეალობაში ვიქნებით, თუ არ მოხდება გახსნა და ლიკვიდირებული იქნება ეს სფერო. ჩვენ არ ვემუქრებით არავის, არ ვმოქმედებთ ვიღაცის ჯინაზე. ეს ბოიკოტი არის ხელისუფლების დასანახად. რამოდენიმე დღეში თუ არ ვიმუშავებთ, ეს იქნება რეალობა. არის სასტუმროები, რომელთაც შეუძლიათ სტუმრის მიღება, მათ აქვთ ფიტნეს დარბაზები და რესტორნები. მათი ფუნქციონირება შეიძლება. რა განსხვავებაა ამათ და რესტორანს შორის, თუ ამას ლოგიკურად ვინმე ამიხსნის. გასაგები იქნება ჩემთვის. გამყრელიძეს და იმნაძის ლოგიკას ვერ ვგებულობთ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

საფრანგეთის ელჩი: თუ მეკითხებით, უნდა იყოს თუ არა დასავლეთი უფრო მეტად წარმოდგენილი კავკასიაში, მე გპასუხობთ - დიახ

საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე, დიმიტრი ამილახვარის დიალოგის ფორმატზე, ქართულ-ფრანგულ სამხედრო თანამშრომლობაზე, რეგიონში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რუსეთის ფაქტორსა და „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე - საქართველოს სასარგებლოდ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე Europetime-ს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ესაუბრა. _ბატონო ელჩო, მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვით, ასევე რომ გვითხრათ, რას მოიცავს დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგის ფორმატი და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ფორმატის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობებში? ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთივე მჭიდროა, როგორც არასდროს ყოფილა.თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაპირებთ აღვნიშნოთ 100 წლის იუბილე იმ დღისა, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და შესთავაზა მას თავშესაფარი საბჭოთა იმპერიის შეჭრის შემდეგ, ამის ლოგიკური დასტურია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული დიალოგი ატარებს ცნობილი ქართველი თავადის, დიმიტრი ამილახვარის სახელს, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი უდიდესი გმირიც იყო. დიალოგის ამ განსაკუთრებული ფორმატის შექმნის იდეა ეკუთვნით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს (თებერვალი, 2019 წ.), ხოლო ოფიციალურად გახსნეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და დავით ზალკალიანმა პარიზში, 2019 წლის დეკემბერში. დიალოგი მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ინვესტიციების, განათლებისა და კულტურის საკითხებს. ბევრი რამ, რისი გაკეთებაც დავგეგმეთ ამ ბოლო შეხვედრაზე, უკვე განვახორციელეთ. ახლა ვაპირებთ ახალი შეხვედრის ჩანიშვნას, სადაც ვიმსჯელებთ სამომავლო პროექტებზე, ისევე როგორც არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე. _რას მოიცავს არსებული ქართულ-ფრანგული სამხედრო თანამშრომლობა და როგორ ეხმარება საფრანგეთი საქართველოს თავდაცვიანურობის გაზრდის კუთხით? ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები გადიან ერთობლივ წვრთნებს, ატარებენ ერთობლივ ოპერაციებს და შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებებში ერთობლივი მონაწილეობა. ეს აძლიერებს როგორც საქართველოს შესაძლებლობებს, ასევე ორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ასე უკეთ შევძლებთ შესაძლო მომავალი საფრთხეების წინაშე ერთმანეთის მხარდამხარ დგომას. ამგვარად, ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ, ხოლო საქართველოში შესაძლებლობა გვაქვს, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ფრანგული ენის გაკვეთილები ჩავატაროთ. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები ერთად მოქმედებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიას წაარმოადგენს ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის ჯარების ერთად განთავსების და რთულ პირობებში მუშაობის და ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში. ამის მაგალითია სამთო ქვეითთა ტრენინგი. 2006 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შექმნიდან მოყოლებული ჩვენ განსაკუთრებული პარტნიორები ვართ. გასულ სექტემბერს, ერთობლივი სწავლებების დროს, ფრანგმა და ქართველმა ინსტრუქტორებმა ერთობლივად მოამზადეს საფრანგეთისა და საქართველოს ჯარები; ერთ-ერთი ეპიზოდი გულისხმობდა მყინვარწვერის დალაშქვრას, რაშიც მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. მოცემული სწავლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მომავალში კიდევ ჩავატაროთ მსგავსი ერთობლივი ღონისძიებები. კიდევ ერთი სფერო, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საჰაერო თავდაცვაა. აქ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ნატოსთან თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვის სეგმენტის დაფარვას საქართველოში გამართულ ნატოს წვრთნებში მონაწილების დროს. სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს გაჩაღებულმა კონფლიქტმა ნათლად დაგვანახა ძლიერი და დამოუკიდებელი საჰაერო თავდაცვის სისტემის აუცილებლობა. _როგორ შეაფასებდით რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას და თურქეთის და რუსეთის როლს ამ პროცესებში? ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიული კონკურენციის ადგილად ქცევა. ეს საფრთხეს უქმნის თითოეული ქართველის მნიშვნელოვან ძალისხმევას, გახდეს უფრო მეტად ევროპელი. ამიტომ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, გარდა იმისა, რომ საშინელი ომია, ასევე შეშფოთების საგანია მათთვის, ვინც გულგრილი არ არის საქართველოს ბედის მიმართ. ბევრად უკეთესი იქნება, თუკი რეფორმისა და თანამშრომლობის პრინციპები წარმართავს საქართველოს ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ეს არის ის, რაც საქართველოს მეგობრებს სურთ საქართველოსთვის და რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს სურვილსაც წარმოადგენს. ასეთი პრინციპები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული კურსის წარმატებისთვის. მე დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ მტკიცე, მდგრადი და შეუპოვარი სტრატეგიით, რომელსაც მიჰყვება საქართველოს სათავეში მყოფი ყველა მთავრობა ქვეყნის ევროპასთან და დასავლეთთან, ასევე ლიბერალურ დემოკრატიასთან დასაახლოებლად, რომელიც ძლიერ და კანონმორჩილ ინსტიტუციებს ემყარება. და მე მჯერა, რომ ეს არის ლოგიკური განვითარება იმ ღრმა კულტურული და ისტორიული სიახლოვისა, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ეს სტრატეგია ორიენტირებული იყოს რეფორმებსა და თანამშრომლობაზე, ხოლო გარე სტრატეგიული კონკურენცია შეიძლება შემაფერხებელი აღმოჩნდეს ამ გზაზე. ასეთი სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდება, თუ ის ქვეყნის, კერძოდ, მისი კანონების, მისი ბიზნესის კულტურის, უფრო ზოგადად კი, ინკლუზიური საზოგადოებისადმი მისი მიდგომის ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. საფრანგეთი, ევროკავშირი, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, ისევე როგორც აშშ და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სტრატეგიის წარმატებაში. _ამ ყველაფრის ფონზე, როგორც განვითარდა მოვლენები კავკასიის რეგიონში, ხომ არ მიიჩნევთ, რომ სასურველი იქნებოდა უფრო მეტად და აქტიურად იყოს დასავლეთი რეგიონში წარმოდგენილი და მკაფიო პოზიცია ჰქონდეს თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით? ამ კითხვაზე მე ხაზგასმით ვპასუხობ დიახ! აუცილებელია, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთი უფრო ძლიერ იყოს წარმოდგენილი. ერთსაც დავამატებდი, რომ ეს არის სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისთვის და არავის საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, განვითარების რომელ გზას აირჩევს და არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს საქართველოს და საფრანგეთს ძალიან ინტენსიური პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. აქვე უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აშშ-ის საქართველოში ჩართულობის ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია და ითვალისწინებს ძალიან მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგებას, მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, აგრეთვე ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, რეგულარულად ახორციელებს შავი ზღვის წყლებში თავისი საზღვაო ძალების განთავსებას რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ასე რომ, ვერავინ შეიტანს ეჭვს რეგიონის მიმართ ჩვენი ვალდებულებების სიმტკიცეში. რუსეთთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ დავამატო - ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ძლიერი არიან საგარეო პოლიტიკაში, როდესაც ისინი ახერხებენ მკაფიო გზავნილებზე შეთანხმებას, და ვფიქრობ, მეტწილად ასე ხდება, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ჩვენ ყველა რეგულარულად და ნათლად გამოვხატავთ რეგიონში დემოკრატიის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას, ისევე როგორც რუსეთში კანონის უზენაესობის მიმართ მხარდაჭერას. არაერთხელ გავუსვით ხაზი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ბელორუსიაში დემოკრატიისკენ მიმავალი პროგრესისადმი. ცალსახად გამოვთქვით ჩვენი მოლოდინები ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით. კითხვა ასევე მდგომარეობს იმაში, რა კონკრეტული მიზნების დასახვა შეგვიძლია ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე და როგორ შეგვიძლია მათი განხორციელება. ჩემი აზრით, პოლიტიკა არ არის უბრალოდ უარის თქმა ნებისმიერი სახის კონტაქტზე, რათა გამოხატო შენი უკმაყოფილება და შემდეგ ინანო, თუკი არაფერი შეიცვლება. _საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა, უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირის გაფართოების საკითხს? მოგეხსენებათ, საქართველო აპირებს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, როგორ ფიქრობთ, მოახდენს თუ არა გავლენას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გადაწყვეტილებაზე? ევროკავშირს არ ჰყავს ერთი ლიდერი და ეს მისი ერთ-ერთი დადებითი მხარეა. თუმცა, საფრანგეთში ვცდილობთ, ვიყოთ ხმა, რომელიც ეხმარება მას გადაწყვეტილებების ფორმირებაში მომავლისკენ მიმავალ გზაზე. რაც შეეხება დასავლეთ ბალკანეთის ფარგლებს მიღმა სამომავლო გაფართოების შესაძლებლობას, ეს არის საკითხი, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში უნდა იყოს განხილული. თუმცა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულედეს განხილვა, ქვეყანას ყოველთვის შეუძლია, ისწრაფოს საკუთარი თავის, სახელმწიფოს და საზოგადოების ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გადაქცევისკენ და ამაში ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს. საბოლოო მიზანია, არა ამა თუ იმ კავშირის წევრობა, არამედ მენტალურად ევროპელ ერად ჩამოყალიბება. საქართველოს დახმარება ამ მიზნის მიღწევაში, რომელიც დარწმუნებული ვართ, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნებაა, არის ყველაფრის არსი, რასაც ჩვენ საქართველოში ვაკეთებთ. _ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. განაჩენი ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; ის არის პასუხისმგებელი ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე და ასევე, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დიდ წარმატებაა, და როგორც საფრანგეთის ყოფილი წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოებში, მე ვულოცავ იურისტთა გუნდებს, რომლებიც დაეხმარნენ სასამართლოს ამ საკითხის სრულყოფილად გამოძიებაში, ვაფასებ რა იმ გაწეული სამუშაოს მოცულობას, რაც შესრულდა ამ შედეგის მისაღწევად. თავიდან ბოლომდე წავიკითხე განაჩენი და ვფიქრობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებები, რაც პრესის და ოპერატიული ნაწილის წაკითხვისას მივიღე. ქართული მხარის მიერ წარდგენილი ძირითადი დოკუმენტაცია თითქმის სრულად იქნა მიღებული, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი დარჩა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი, რომელიც სასამართლომ დროებით გადადო. ახლა მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების მასშტაბების განსაზღვრა სასამართლოს მიერ, რომლებსაც მინიჭებული აქვს ამის უფლებამოსილება. განაჩენის აღსრულება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დაეხმარება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, იპოვოს ახალი დინამიკა ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების გზაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დავასკვნათ, რომ საბოლოოდ ვიპოვეთ ამ კონფლიქტის მოგვარების გზა და რომ ის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რაც ხელს უშლიდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მოხსნილია.

დიმიტრი ხუნდაძე: 20 ლარიდან 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა სამუშაო ადგილებს შეამცირებს

„მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხი პარლამენტმა სამომავლოდ აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა ვიდრე სარგებელს მოიტანდა“, - Europetime-სთან საუბრისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა, სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს და სჯობს მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული, ვიდრე ცოტა და მეტი ხელფასი ჰქონდეს. „ვეთანხმები რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ ამ სიტუაციაში ამ რეალობაში, მითუმეტეს ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800 ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული 1000 ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი. რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი", - განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი - 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა. 1999 წლის ბრძანებულებით, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულს მხოლოდ 20 ლარი გადაუხადოს. შრომის კოდექსით გათვალისწინებუბული სამუშაო საათების სრული რაოდენობის მიხედვით, საქართველოში მინიმალური ხელფასი საათში 0.13 თეთრი გამოდის. გასულ წლებში პარლამენტმა მინიმალური ხელფასის 320 ლარამდე გაზრდის შესახებ პროფკავშირების ინიცირებული კანონპროექტი არ დაამტკიცა. მოგვიანებით კი დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტის მიღებაზე განაცხადა უარი, რომელიც მინიმალური ხელფასის 500 ლარით განსაზღვრას მოითხოვდა. სტატია ამ თემაზე: მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა.

ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი კანონმდებლები დონალდ ტრამპის დღის დაწესებას ითხოვენ

ოჰაიოს შტატის "რესპუბლიკელი" კანონმდებლები წინადადებით გამოდიან, შტატის ტერიტორიაზე 14 ივნისი (ტრამპის დაბადების დღე) "პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დღედ" გამოცხადდეს. ინფორმაციას The EPOCH Time-ი ავრცელებს. კონონმდებლების ჯონ კროსისა და რეჯი სტოლცფუსის თქმით, დონალდ ტრამპის დამსახურების დასაფასებლად საჭიროა ერთი დღის არჩევა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს მიეძღვნება. " ვაჩვენოთ ოჰაიოს ამომრჩევლებს, რომ ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანო, მზად ვართ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიღწევების აღიარებისთვის",- ნათქვამია მემორანდუმში, რომელიც კანონმდებლებმა წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრს გაუგზავნეს. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საქმისთვის სენატი აქტიურად ემზადება. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლოო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯია. 229 მომხრითა და 195 მოწინააღმდეგით წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. " 29 იანვარს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა კვირას 00.00სთ-დან იკრძალება საფრანგეთიდან ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გამგზავრება, ასევე ამ ქვეყნებიდან შემოსვლა ნებისმიერი გზით, თუკი ეს გარდაუვალი გარემოებებით არ არის გამოწვეული, რაც დასაბუთებული უნდა იყოს დოკუმენტალურად. აღნიშნული რეგულაციის პირობები ჯერ კიდევ ზუსტდება. მათ კი, ვინც უახლოეს დღეებში აპირებთ მგზავრობას, გთხოვთ, იხილოთ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული მგზავრობისთვის სავალდებულოდ შესავსები საბუთები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე კვლავ ძალაში რჩება 72 საათის განმავლობაში განხორციელებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და 7-დღიანი თვითიზოლაცია. საფრანგეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ევროკავშირის ქვეყნებიდან მომავალი მგზავრებისთვისაც ამკაცრებს. კერძოდ, ბლოკის ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას, მოქალაქემ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ეს წესი მანამდე საფრანგეთში მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზით შემომსვლელ მგზავრებს ეხებოდა, ხვალიდან კი, სახმელეთო მგზავრობაზეც გავრცელდება. 31 იანვრიდან იკეტება 20 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის არასასურსათო კომერციული ცენტრები. ნაკლები ფართის მქონე მაღაზიებში გამკაცრდება სანიტარული პირობები: და შეიზღუდება დაშვებულ პირთა რაოდენობა. არსებული კომენდანტის საათი მკაცრდება. განსაკუთრებით მკაცრი ზომები იქნება მიღებული, ე.წ. „იატაკქვეშა ზეიმების, ქეიფების, გართობის “ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიმართ. პოლიციის კონტროლი გახშირდება და გამკაცრდება. უპირატესობა მიენიჭება დისტანციური სამუშაოს რეჟიმს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გერმანია Covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინას 2022 წლისთვისაც უკვეთავს

გერმანია Covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინას 2022 წლისთვისაც უკვეთავს. ინფორმაციას სააგენტო US News-ი ავრცელებს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის თქმით, ევროპის იმუნიზაციის ნელი ტემპის გამო, ქვეყანას ვაქცინის დამატებითი დოზები 2022 წლისთვისაც დასჭირდება. " არავინ იცის, როდის შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი დოზები. თუ არ იქნება ვაქცინის საჭიროება, ძალიან კარგი, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ის ხელთ გვექნება",- აცხადებს იენს შპანი. ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესი დადებითად შეაფასა. გერმანიის 83 მილიონი მოქალაქიდან, ვაქცინა 2.3-მა მილიონმა უკვე გაიკეთა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ბრიტანულ ვაქცინის მწარემოებელ AstraZeneca-ს საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეინი AstraZeneca-სგან სარწმუნო პასუხს ელის, თუ რატომ ვერ შეძლო კომპანიამ შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში ვაქცინის მიწოდება.

იტალიის უმეტეს რეგიონში შეზღუდვები შემსუბუქდება

იტალიის უმეტეს რეგიონში შეზღუდვები შემსუბუქდება, ინფორმაციას სააგენტო Wanted In Rome-ი ავრცელებს. იტალიის ყველა რეგიონი, ხუთის გარდა, „ყვითელ“ ზონად გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის საათებში მუშაობას განაახლებენ ბარები და რესტორნები და შემსუბუქდება მგზავრობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია და ბოლცანო "ნარინჯისფერი ზონაშია", მათ ახალი შემსუბუქებული ზომები არ ეხებათ. ამ ეტაპზე ქვეყანას არც ერთი "წითელი ზონა" (მაღალი რისკი) არ აქვს.

Bloomberg-ი : მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. სტატისტიკას Bloomberg-ი ავრცელებს. Bloomberg-ი საკუთარ ონლაინსტატისტიკის გვერდს ყოველდღიურ რეჟიმში ანახლებს. ყველაზე ბევრი დოზა აშშ-ში გაკეთდა, 30 მილიონი მოსახლე უკვე აიცრა. იმუნიზაციის მაჩვენებლით მეორე ადგილზე ჩინეთია, სადაც 23 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა აცრა, ხოლო მესამეზე ევროკავშირია, სადაც 12 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია. პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინა ისრაელში გაიკეთეს. 100 მოსახლეზე საშუალოდ ვაქცინა 51-მა ადამიანმა გაიკეთა. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს. მსოფლიოში დღეში საშუალოდ 4.3 მილიონამდე ადამიანი იცრება.

ლოს-ანჯელესში ულტრამემარჯვენე ჯგუფის პროტესტის გამო, ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დროებით შეფერხდა

ლოს-ანჯელესში ულტრამემარჯვენე ჯგუფის პროტესტის გამო, ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დროებით შეფერხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აქციის მონაწილეებმა და ულტრამემარჯვენე ჯგუფის 50-მდე წევრმა ლოს-ანჯელესში, ბეისბოლის სტადიონზე დემონსტრაცია გამართეს. ჯგუფი მოუწოდებდა რიგში საათობით მდგომ მოსახლეობას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაეკეთებინათ. ლოს-ანჯელესის სამაშველო ჯგუფმა სტადიონი, სადაც იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობდა, დროებით ჩაკეტა. მათ მალევე გააკეთეს განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი კვლავ განახლდება. აშშ პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნაა, ქვეყანა ამ ეტაპზე ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებლებს ებრძვის.