ძებნის რეზულტატი:
გელათში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, საქართველოში იუნესკო-ს სპეციალისტები ჩამოვლენ
"ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. ველოდებით მათგან კონკრეტულ პირთა ჯგუფს, რომლებიც იქნებიან სახურავზე ორიენტირებული, რადგან დღეს სახურავს აქვს გარკვეული პრობლემები", - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა. მისი თქმით, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სპეციალისტები გაზაფხულზე ჩამოვლენ. კომპანია, რომელიც ვეღარ ართმევდა სამუშაოებს თავს, უკვე შეიცვალა და პროცესები პროცესები სამართლებრივ ჭრილშია გადასული. "აღმოფხვრილია ყველა პრობლემა, რაც დროებით გადახურვას ახასიათებდა, მაგრამ ჩვენი ფოკუსი და მიმართულება არის დღეს იმ ხარვეზებისა ადგილების გამოკვლევა, ღონისძიებების დაგეგმვა, რა ადგილების გამოც მოხდა ამ გადაუდებელი ღონისძიების ჩატარება. ახლა მთავარია საერთაშორისო ექსპერტის მოლოდინი, რომელიც გვაქვს. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. ველოდებით მათგან კონკრეტულ პირთა ჯგუფს, რომლებიც იქნებიან სახურავზე ორიენტირებული, რადგან დღეს სახურავს აქვს გარკვეული პრობლემები. იცით, რომ ტაძარი სრულად რესტავრირდა და სახურავის პრობლემა იყო ძალიან უსიამოვნო. რთულია, როდესაც სრული რეაბილიტაციის პროცესის შემდგომ, როცა გუმბათის ყელი და აბსოლუტურად ყველა დაზიანებული ადგილი გამაგრდა, ამ დროს კრამიტის გამო, ასეთი რამ ხდება. ამიტომ ჩვენ ველოდებით სპეციალისტებს, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებას მოგვცემენ, რა კუთხის კვლევები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა იყოს გამოსასწორებელი ღონისძიებები და რა ვადაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რეკომენდაციების შემდგომ საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება ის კომპანია, რომელიც განახორციელებს სამუშაოებს. იუნესკო-ს სპეციალისტებს ველოდებით ადრეულ გაზაფხულზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კორონავირუსის ახალ შტამზე გავრცელებული კვლევების ფონზე, ბრიტანული პრეპარატით იმუნიზაციას დროებით აჩერებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ზველი მკჰიზეს თქმით, ქვეყანა იმუნიზაციის პროცესს ბრიტანული ვაქცინით დროებით შეაჩერებს, ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება. AstraZeneca-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანია აქტიურად მუშაობს სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა იმუნიზაციის პროცესი მაქსიმალურად ეფექტურად გაგრძელდეს. სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ, თუმცა კომპანიის განცხადებით, ვაქცინას შეუძლია ვირუსის მძიმე ფორმების დაძლევა.
9-11 თებერვალს რიკოთის გვირაბში გარკვეული დროით ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
9 -11 თებერვალს რიკოთის გვირაბში 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია ,,ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ - საქართველოს ფილიალს, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად, ესაჭიროება 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო მდგომარეობის შემოწმება, რათა მოხდეს ბურღვა-აფეთქების შედეგად გამოწვეული ზემოქმედების შეფასება. რის გამოც, 2021 წლის 9, 10 და 11 თებერვალს 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. "დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. სამუშაოების წარმოების პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ორ ადგილას (აღმოსავლეთის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან) გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ბუქსირების საჭიროებისათვის) მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია განცხადებაში.
განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებისთვის, პანდეემიისგან დასაცავდ, ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს. 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელდება. აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. „ამ გზით, ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით. სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალა“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. უწყება განმარტავს, რომ ეს საშუალებას მისცემს მშობლებს, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით (სკოლის Facebook-ის გვერდი, ელფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, TEAMS-ის პროგრამა, ბანერები, საინფორმაციო შეხვედრები), სისტემატურად მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: 1. სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა 2. სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები 3. სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა 4. საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სსსმ მოსწავლეებისთვის რესურს ოთახით სარგებლობის განრიგი 5. სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება 6. თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა 7. სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები 8. დისტანციური სწავლების მოთხოვნა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 9. სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება 10. მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი. სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით გაეცნონ სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ზედმიწევნით დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები: 1. სკოლაში წასვლამდე აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა 2. ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ სკოლას ინფორმაცია 3. უზრუნველყონ მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში 4. ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა 5. დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებს მშობლებს შეუძლიათ სწავლების დისტანციური ფორმატი აირჩიონ. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ცნობით, პედაგოგები დამატებით ონლაინ გაკვეთილებში სახელფასო დანამატს მიიღებენ. გარდა მშობლებისა, მასწავლებლებსაც უფლება აქვთ სწავლების ფორმატი აირჩიონ. აღნიშნული ეხებათ ჯანმრთელობის კუთხით რისკ ჯგუფში მყოფ პედაგოგებს. საქართველოს მასშტაბით სკოლებში უკვე მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება, 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.
მიანმარში საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს
მიანმარში გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსული ათასობით ადამიანის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. ქვეყანაში მესამე დღეა რაც მოსახლეობა სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს. გასულ დღეს მიანმარში 2007 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. სამხედრო გადარიალების გზით მოსულმა მთავრობამ, ქვეყნის არჩეული ლიდერი, აუნგ სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეროვნული ლიგის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ისევე,როგოც ქვეყნის პრეზიდენტი შინა პატიმრობაში არიან. მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. სამხედრო გადატრაილების ლიდერებმა გასული დღეებში ქვეყანაში სოციალური ქსელი, Facebook-ი დაბლოკეს, რათა დემონსტრანტებს ინფორმაციას სოციალური ქსელით არ გაევრცელებინათ. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის თქმით, მიანმარში მომხდარი მოვლენები „სერიოზულ ზიანს აყენებს დემკრატიულ რეფორმას“, მან მოუწოდა ლიდერებს უკანონოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ.
შოთა ხაბარელი: თეა წულუკიანისნაირი მინისტრი სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანს
„თეა წულუკიანისნაირი მინისტრი იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს დღეს სპორტში, მინიმუმადე დაიყვანს. ის ძალიან კარგი მნეჯერია", - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ყოფილმა სპორტსმენმა შოთა ხაბარელმა კომიტეტის სხდომაზე. როგორც ხაბარელმა აღნიშნა, წულუკიანი სპორტის სფეროს იცნობს და მისი მართვაც შეუძლია. „თეა წულუკიანმა ყველგან, სადაც იყო, ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები გამოავლინა და მე ვფიქრობ, ზუსტად თეა წულუკიანისნაირი მინისტრი იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს დღეს სპორტში, მინიმუმადე დაიყვანს. ის ძალიან კარგი მენეჯრია, სფეროსაც იცნობს, დამერწმუნეთ, შეუძლია მართვა და აქედან გამომდინარე მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სფეროს, რასაც ჰქვია სპორტი, ძალიან დიდი ყურადღება მიექცავა“, - განაცხადა ხაბარელმა. შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანი ამჟამად პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.
ბექა ნაცვლიშვილმა პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა
ბექა ნაცვლიშვილმა პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დატოვა. „პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლიტსაბჭოს, პარტიის წევრებსა და ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს მიუხედავად, აჩვენეს ქვეყნისა და ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული ერთგულება. პარტიას "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" აქვს დიდი პოტენციალი და ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამ რწმენით, მე ვტოვებ პარტიას ჩემი მეგობრებისა და ღირსეული ადამიანების ხელში", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის აუცილებელი რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. "თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ის ამას აკეთებს პარტიის სახელით თუ მის მიღმა. მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის. სოციალური წარმომავლობა არ უნდა იყოს წინაღობა თვითრეალიზიისა და განვითარებისთვის. სწორედ ამ პრინციპებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი, როგორც დღეს ჩვენი, ისე ხვალ ჩვენი მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის“, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პარტია 2020 წლის 24 ნოემბერს გედევან ფოფხაძემ დატოვა.
გოჩა ლორთქიფანიძე: რუსეთი დათანხმდა კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს
"რუსეთი, აღსრულების ეტაპზე, უარს აღარ აცხადებს და მზადაა ჩაერთოს კომპენსაციის გადახდის საკითხის მოგვარების პროცესში, ბუნებრივია, ევროპის საბჭოს შუამავლობით", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა. „უარის პოზიციიდან გვაქვს მცირეოდენი წინსვლა. რუსეთი, აღსრულების ეტაპზე, უარს აღარ აცხადებს და მზადაა ჩაერთოს გადახდის საკითხის მოგვარების პროცესში, ბუნებრივია, ევროპის საბჭოს შუამავლობით. შესაძლოა, ამაზე იმოქმედა 21 იანვრის გადაწყვეტილებამ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს. ჩვენ შევძელით ის, რომ მინისტრთა კომიტეტთან აქტიური მუშაობის შედეგად, რუსეთი დათანხმდა კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს, რაც მცირე წინსვლაა, თუმცა, დინამიკაში კარგია“- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რეიგანის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ შულცი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
BBC-ს ცნობით, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ შულცი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა „ცივი ომის“ დასრულების შესახებ მოლაპარაკებაში. შულცი სამი რესპუბლიკელ პრეზიდენტთან: დუაიტ აიზენჰაუერთან, რიჩარდ ნიქსონთან და რონალდ რეიგანთან მსახურობდა. რეიგანის პრეზიდენტობისას, საქმიანობის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირთა ურთიერთობების დალაგებას მიუძღვნა. 1989 წელს, სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ჯორჯ შულცი რესპუბლიკურ პარტიაში სტრატეგიული საკითხებით იყო დაკავებული და ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, მათ შორის როგორც კალიფორნიის გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის, მრჩეველთა საბჭოს წევრი.
ლევან კობერიძემ „ლელო“ დატოვა
ლევან კობერიძე პარტია "ლელო თავისუფლებისთვის" ტოვებს. კობერიძის განმარტებით მისი წასვლის მიზეზი, პარტიისა და მის ხედვებს შორის აზრთა ხვადასხვაობა გახდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლევან კობერიძე პარტია "ლელოდან" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. მისი განმარტებით, ორ პოლუსიანობის დასამსხვრევად, მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია „ქართული ოცნების“ გაშვება „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე. მას კი "ლელო" ალტერნატიულ პოლიტიკურად ძალად მიაჩნდა. " „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში ჩემი მონაწილეობაც სწორედ ამ მცდელობის ნაწილი იყო. ორ პოლუსიანი პოლიტიკის წინააღდეგ ბრძოლა. თუმცა, სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რამაც ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება განაპირობა, დამეტოვებინა პარტია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ. ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წელს დატოვა და 2020 წლის აგვისტოში, პარტია "ლელო თავისუფლებისთვის" შეუერთდა. პარტიის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა რომ კობერიძე "ლელოს" ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდებოდა
დავით ზალკანიანი: დასავლელი პარტნიორების მიერ რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის წამოწევა ჩვენი ეფექტიანი საქმიანობის შედეგია
"დასავლელი პარტნიორების მიერ რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის წამოწევა ჩვენი ეფექტიანი საქმიანობის შედეგია", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დასავლელი პარტნიორების მხრიდან მუდმივად ხდება რუსეთის ფედერაციასთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის წინ წამოწევა. ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო გზავნილები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან, ასევე - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გზავნილები და რა თქმა უნდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადება მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის შედეგებზე, როდესაც ძირითად თემატიკაში ახსენა საქართველო და საქართველოს ოკუპაცია. ეს არის იმ ეფექტიანი კომუნიკაციის და საქმიანობის შედეგი, რომელსაც ჩვენი დიპლომატიური სამსახური ახორციელებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კომუნიკაციის შედეგებს, რადგანაც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესის შეუქცევადობის მიზნით ყველა საერთაშორისო ფორმატში და მათ შორის, ჩვენი პარტნიორების რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში მუდმივად იყოს ხაზგასმა უკანონო ქმედებეზე მიუღებლობასთან დაკავშირებით, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს", - განაცხადა ზალკანიანმა.
ბაიდენი: აშშ სანქციებს არ მოხსნის, ვიდრე ირანი ურანის გამდიდრებას არ შეწყვეტს
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, CBS-თან ინტერვიუში განცხადა, რომ აშშ ირანს სანქციებს არ მოუხსნის, ვიდრე ირანი არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას არ შეასრულებს. გამოცემასთან ინტერვიუში ბაიდენმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში ირანმა უნდა დაიწყოს მოლაპრაკებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რათა აშშ-მ სანქციები მოხსნას. აშშ-ის პირველმა დიპლომატმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანზე აქამდე დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს იმ დრომდე, ვიდრე თეირანი იმის დემონსტრირებას არ მოახდენს, რომ იწყებს ქმედით ნაბიჯების გადადგმას 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით.
ჯინ შაჰინი: დასრულდა დრო, როცა ვაშინგტონი პუტინის ქმედებებზე თვალს ხუჭავდა
„ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში სენატორმა ჯინ შაჰინმა, რუსეთის მხრიდან წამოსულ საფრთხეზე და ოპოზიციონერის დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციების ტალღაზე ისაუბრა. შაჰინი ამბობს, რომ მას სწამს, რუსეთისადმი მიდგომა ვაშინგტონში კვლავ ორპარტიული დარჩება. ის ფიქრობს, რომ ორივე პარტიაში ესმით, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები, დასავლეთს საფრთეს უქმნის - „ჩვენ არ დავუშვებთ ამ ქმედებების გაგრძელებას, ნათლად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამას პასუხი უნდა გავცეთ“, - ამბობს სენატორი. სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ დრო, როცა ვაშინგტონი პუტინის ქმედებებზე თვალს ხუჭავდა დასრულდა. სენატორი აღნიშნავს, რომ კონგრესში უკვე წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ნავალნის მოწამვლაში ეჭვმიტანილ პირებს სანქციებს დაუწესებს. „ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება პუტინის ქმედებების მიმართ", - აღნიშნავს სენატორი და დასძენს, რომ ეს სანქციები, მოქმედების ერთ-ერთი გზაა". სენატორის თქმით, მან ჯერ არ იცის, დაუწესებს თუ არა ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან საქნქციების დაწესებაზე აქცენტი საკმაოდ ხშირად კეთდებოდა.
ბრიტანეთის საელჩო: ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გაერთიანებული სამეფოს საელჩო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სინოდი სასულიერო პირების ვაქცინაციის საკითხს 11 თებერვალს განიხილავს
11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. გაიკეთებენ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სასულიერო პირები, ამ საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყვეტენ. ამის შესახებ Europetime-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჯერ კიდევ იანვარში განუცხადა. „ვაქცინის შესახებ ჩვენ ჯერ არ ვიცით ბევრი არაფერი. არც პროცედურის შესახებ. ძალიან ამორფულია სიტუაცია. ვერ გეტყვით ვერაფერს. არაფერი არ ვიცი. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა ისეთი მსჯელობა, რომელიც საერთო აზრს შეკრებდა. არსებობს რაღაც ცალკეული მოსაზრებები, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არ ვიცით საპატრიარქოს უმაღლეს ორგანოში რა გადაწყდება. თუმცა ჯერჯერობით, სინოდის გადაწყვეტილებამდე ვაქცინაცია ებაყოფლობითი - ვისაც სურს, გაიკეთებს. ვისაც სურს - არა“, - განუცხადა Europatime-ს რამდენიმე კვირის წინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. მოგვიანებით მიტროპოლიტმა დიმიტრიმ განაცხადა რომ ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის ვაქცინაცია იყო. საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის ნაწილის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი.
ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრაზე „კომენდანტის საათის“ წესში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მხსვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე. „ვფიქრობთ, 2 კვირაში მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათან გაუქმდეს", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. „ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ვისაუბრეთ გარკვეულ პარამეტრებზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდეს. იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კონკრეტულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. საცალო გაყიდვების კომპანია ICR Group-ის დამფუძნებელის კახა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერს კომენდანტის საათით 2 საათით გადაწევა სთხოვეს. მისი თქმით, შეზღუდულ დროში სამუშაოს შემდეგ თანამშრომლების სახლებში გადაყვანა ინფიცირების რისკების მატარებელია, ამიტომ სექტორი კომენდანტის საათის გადაწევას ითხოვს. „დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ ტრანსპორტის 21:00 საათამდე ამოქმედების საკითხი პრობლემატურია, რადგან სავაჭრო ობიექტები 19:00 საათზე იკეტება და რჩება 2 საათიანი პერიოდი ხალხის გადაყვანისთვის. თუ ადრე იყო სავაჭრო ობიექტებში ინფიცირების რისკი, ახლა იქმნება გადაყვანის დროს ინფიცირების რისკი, ამიტომ ვითხოვთ კომენდანტის საათის 2 საათით გადატანას. მოინიშნა, გვითხრა რომ მოკლე პერიოდში დაგვიბრუნდება და გავაგრძელებთ მაგ საკითხებს კონსულტაციებს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ. „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას შეფასებით გიორგი გახარიასა და კერძო სექტორს შორის შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი იმდენად კონსტრუქციული იყო, რომ დაიბნა. „საკითხები მეგობრული იყო, კონსტრუქციული. ჩემდა გასაკვირად ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სერიოზულად, ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში პირადად იღებს ვალდებულებას თავის თავზე რომ ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. მე არაფერი მითქვამს პირველად ცხოვრებაში, იმიტომ რომ იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, დავიბენი“, - განაცხად თემურ ჭყონიამ. კითხვაზე რატომ არ დააყენა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე ამჯობინა დისკუსია არა კონკრეტული ბიზნესების, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარმართულიყო. „ჩემი მხრიდან არაფერი მითქვამს. დამიძახეს და მოვედი. სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა იყოს საუბარი და ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი. რა თქმა უნდა ბიზნესი სახელმწიფოა, მაგრამ ბიზნესმა თავის თავს უნდა მოუაროს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ უნდა ვისაუბროთ ერთობლივად რა შეგვიძლია უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის და ბიზნესი რომელიც თავის თავს ვერ უვლის იმას სახელმწიფო ვერ მოუვლის", - განაცხადა ჭყონიამ. ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა პანდემიური მდგომარეობიდან გამოსვლა იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრის შემდეგ არჩილ კონცელიძემ ჟურნაილსტებს უთხრა, რომ კითხვები ბიზნესსაც ჰქონდა. „ძირითადად საუბარი პანდემიიდან გამოსვლის საკითხებზე იყო, რა გაკეთდება. დაახლოებით 15 კითხვა ბიზნესმა დასვა. გვაინტერესებდა პანდემიის და შეზღუდვების მოხსნის პრინციპები და როდის დაიწყება ეკონომიკის სრული გახსნა. რაზეც გვიპასუხეს, რომ დაავადების რაოდენობასთანაა მიბმული და რომ შეზღუდვების მოხსნას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ვითიბი ბანკის პრეზიდენტმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ იმ 2 ძირითად საკითხზე, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება. „პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, თუ რა მაჩვენებლებზე არის დამოკიდებული და როგორ შეიძლება, თანდათანობით, გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში, მთლიანი ბიზნესი გაიხსნას. მეორე საკითხი უფრო ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, ბიზნესი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა უფრო მოძლიერდეს, რა სტრუქტურული რეფორმები უნდა გატარდეს, პრივატიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და რა ფუნდამენტალური ცვლილებები არის ეკონომიკაში საჭირო. საუბარი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი მზად არის, 24 საათიან რეჟიმში შეხვდეს ბიზნესმენებს. ითქვა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და ფაქტიურად, ყოველთვიურ რეჟიმში მოხდება ბიზნესებთან შეხვედრა. შეხვედრაზე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პრაქტიკულ კითხვებს სვამდნენ, რომელ საათიდან რომელ საათამდე შეიძლება ემუშავათ, რამდენად შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას დაიწყონ მუშაობა. პრემიერ მინისტრმა ჩაინიშნა კითხვები და მოწოდება იყო, რომ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გაიცემა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლება არის პრიორიტეტული და განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ სავაჭრო სფერო, რესტორნები და ა.შ.“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. IG დეველოპმენტის დამფუძნებელი მინდია საბანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და პრემიერი მოტივირებულია, რომ ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს. მისი თქმით, პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს და საკითხები, რაც რთული გადასაწყვეტია, პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება. „ყველას კარგად გვესმის, რა მდგომარეობაში უწევს ხელისუფლებას, მართოს სიტუაცია. პრემიერიც კარგად აცნობიერებს ამ ვითარებას. პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს, განხილვებს, დისკუსიას და ის საკითხები, რაც რთულია გადასაწყვეტად, ეს საკითხები პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება. მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს ეკონომიკა. ყველა ის სექტორი, რაც გაჩერებულია მათ ამუშავებაზეა საუბარი. ეს არის დამოკიდებული დადებითობის 4%-ზე. თუ ვინმეს შეეხო პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები, დამერწმუნეთ, პირველი ჩვენი კომპანიაა და გაბრაზებული ჩვენც ვართ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ პრემიერი ცდილობს, ყველაფერს აკეთებს და გვერდით გვიდგას“, - განაცხადა მინდია საბანაძემ.
ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჯაფარიძის განცხადებით, მან ორი თვის წინ მოითხოვა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, პარლამენტი კი სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე უარს ეუბნება, რისი უფლებაც მას არ აქვს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა, რადგან მიაჩნია რომ „სიგიჟეა“, ადამიანს ავალებდნენ მუშაობდეს იქ, სადაც არ სურს მუშაობა. „ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ სადეპუტატო მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდნენ, გინდა თუ არა აქ იმუშავეო. დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა", - თქვა ჯაფარიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. საპარლამენტო უმრავლესობამ 2 თებერვალს გააკეთა განცხადება რომ პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს აღარ განიხილავს. მანამდე კი "ქართულმა ოცნება" საკითხის კენჭისყრა 2 თებერვალს დააანონსა. კენჭისყრამდე, ევროკავშირის ელჩმა, საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტში შესულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უმრავლესობას მოუწოდეს, ოპოზიციისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თავი შეეკავებინა.
AP News-ი: ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას გეგმავს
AP News-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს განაცხადებს, რომ ვაშინგტონი ჟენევაში დაფუძნებულ გაეროს ორგანიზაციას დამკვირვებლის სტატუსით უბრუნდება და სამომავლოდ ქვეყნის სრულუფლებიან წევრად არჩევას შეეცდება. ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, საბჭოში რეფორმებია საჭირო. 2021 წლის ბოლომდე აშშ-ის მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი ექნება, ხმის მიცემის უფლების გარეშე, ადმინისტრაციას სამი სრულუფლებიანი წევრის ადგილიდან ერთის დაკავება სურს. ამ ეტაპზე სრულუფლებიანი წევრი ავსტრია, დანია და იტალიაა. აშშ-მ საბჭო 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. ადმინისტრაციის აღნიშნული გადაწყვეტლებისთვის დიდი რაოდენობით კრიტიკა მიიღო. 2018 წელს ტრამპის გადაწყვეტილებას, საბჭო ისრაელის მიმართ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის არაერთგვაროვან დამოკიდებულებას აბრალებს.
ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების მოხსნის გამო, არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ ვირუსი დავამარცხეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუნიციპალირი ტრანსპორტის ამოქმედება კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკფაქტორია. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების გამო არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ ვირუსი დავამარცხეთ. "შეზღუდვების შემსუბუქება ხდება იმიტომ, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ წავიდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ყველა ინდიკატორი – ახალი შემთხვევები 100 ათას მოსახლეზე, სიკვდილიანობა, დადებითობის მაჩვენებელი. შეზღუდვების ყველანაირი შემსუბუქება ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია და კიდევ მეტი რისკფაქტორია ისეთი შემსუბუქება, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მობილობის ფაქტორი, მაგრამ, თუ ვიცავთ ყველა პირობას და რეგულაციას, პირველ რიგში, ვატარებთ პირბადეს, რისკფაქტორი მნიშვნელოვნად მცირდება. არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, აღარ არის და იმიტომ შევამსუბუქეთ შეზღუდვები. შემსუბუქების პარალელურად, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რეგულაციები. ინფექცია არსად გამქრალა, ვირუსი ცირკულირებს. სტატისტიკა ყოველდღიურად მერყეობს 400-600 შემთხვევას შორის. ეს 5-6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია. თუ ყველა რეგულაცია იქნება დაცული, ეპიდაფეთქების ალბათობა ნაკლები იქნება", - აცხადებს ამირან გამყრელიძე. შეგახსნეებთ, რომ დღეიდან ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა. 15 თებერვლიდან გაიხსნება სკოლები, საბავშვო ბაღები და ღია სივრცეში კვების ობიექტები.
ამირან გამყრელიძე: ხანდაზმულებში „ასტრაზენაკას“ ვაქცინამ დამაკმაყოფილებელი, დამცველობითი უნარი ვერ აჩვენა
ზოგიერთმა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 65 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრაზე რეკომენდაცია არ გასცა, თუმცა ევროკავშირის წამლის სააგენტომ ის ყველა ასაკის ჯგუფისთვის დაამტკიცა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. გამყრელიძის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა კვლევები, რომელმაც ზოგიერთ ქვეყანაში აჩვენა, რომ 65 წელს ზემოთ მოქალაქეებში „ასტრაზენაკას“ ვაქცინამ ისეთი დამცველობითი უნარი ვერ გამოიჩინა, როგორც სხვა ასაკობრივ ჯგუფებში. მისი თქმით, სხვადასხვა გამოცემების მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიუხედავად, ეს მოსაზრება დასაბუთებული არ არის და ევროკავშირის წამლის სააგენტოს პრეპარატთან დაკავშირებით დასკვნაში ცვლილებები არ შეუტანია. „ამ სტატიებში „ატრაზენაკას“ მიერ წარმოებულ გართულებებზე არ არის საუბარი, ძირითადად საუბარია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ 65 წელს ზემოთ მოქალაქეებში ისეთი დამცველობითი უნარი ვერ გამოიჩინა ამ ვაქცინამ, როგორიც სხვა ასაკობრივ ჯგუფში. ამიტომ, ზოგიერთმა ქვეყანამ არ მისცა რეკომენდაცია 65 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრაზე. ასევე გამოჩნდა პირველი სტატიები სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ნაკლები დამცველობითი უნარი აქვს ამ შტამზე, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესახებ არც ევროკავშირის წამლის სააგენტოს და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა არ არსებობს. ეს ორი მარეგულირებელი არის ჩვენთვის მთავარი. წამლის სააგენტომ ეს ვაქცინა დაამტკიცა ყველა ასაკის ჯგუფისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ დაუმტკიცებია და თებერვლის ბოლოსთვის დაამტკიცებს, ამიტომ, ვნახავთ როგორი იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციებს მივყვებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ რომ "ფაიზერის" ვაქცინის გარდა, საქართველოში "Astra Zeneka"-ს ვაქცინის შემოტანაც განიხილება.