ძებნის რეზულტატი:

სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე: ამერიკამ ღირებულებები ყველგან უნდა დაიცვას და სადაც საჭიროა, ძალა აჩვენოს

სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე გლობალური საქმეების მიმართულებით, პოლა დობრიანსკი ამბობს, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა რუსეთი ისეთ ჯგუფებში, როგორიც დიდი შვიდეულია, არ უნდა დააბრუნონ. ის ასევე მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ გლობალური მაგნიტსკის აქტი უფრო მძლავრად და ეფექტურად გამოიყენოს. მას არ აქვს მოლოდინი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა ექნება. თუმცა დასძენს, რომ ჯერ არ ვიცით როგორი იქნება პრეზიდენტ ბაიდენის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. დობრიანსკი ასევე ამბობს, რომ ამერიკამ ძალის დემონსტრირება ყველა საჭირო შემთხვევაში უნდა მოახდინოს, იქნება ეს ევროპაში, თუ არქტიკაში, სადაც რუსეთი სამხედრო ბაზებს აშენებს. პოლა დობრიანსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ბაიდეის ადმინისტრაციამ მკაფიოდ ისაუბრა რუსეთზე და თქვა, რომ ის მიიღებს ზომებს. „ამ ეტაპზე ვერ ვხედავ გადატვირთვის ნიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთში არამხოლოდ ოპონენტებს აპატიმრებენ, არამედ მათ წინააღმდეგ მასობრივ სისასტიკეს აქვს ადგილი. აქ ერთსაც დავამატებ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი უნდა დავაბრუნოთ სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფში. მაგალითად, დიდ შვიდეულში. მე ვიტყოდი, რომ რუსეთი არ უნდა დაბრუნდეს დიდ შვიდეულში იმის გამო, რომ მისი მოქმედებები ამ ნაბიჯს არ ამართლებს. არსებობს მათი ჩართვის სხვა გზებიც, რომლებსაც რუსეთზე უფრო ფართო პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლია. ბაიდენის ადმინისტრაციამ, როგორც იცით, გადაწყვიტა „ახალი სტარტის“ ხელშეკრულების განახლება. არიან ექსპერტები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან და სხვები, რომლებიც ამ ნაბიჯს ემხრობიან. მე მაინც ვიტყოდი, რომ მივესალმები და მჯერა, რომ ადმინისტრაციას აქვს სურვილი ამ ძალისხმევაში ბალანსისთვის ჩინეთიც ჩართოს. ეს მიზანშეწონილია, რადგან როგორ შეიძლება ბირთვულ საკითხებზე ერთ ქვეყანასთან მოლაპარაკება აწარმოო და არ ჩართო ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩინეთია“, - აღნიშნავს დობრიანსკი.

თეატრებში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე სასაუბროდ, თეა წულუკიანი რობერტ სტურუას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესახებ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა. რუსთაველის თეატრში შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრის დირექტორმა გიორგი თევზაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გაუზიარეს და პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს შეგახსენებთ, რომ პანდემიის მიზეზით, 2020 წლის მარტის შემდგომ თეატრებს გახსნის უფლება არ მიეცათ. სახელმწიფო თეატრებში დასაქმებული მსახიობები მოჭრილი ხელფასის სახით საკმაოდ მინიმალურ თანხას, ზოგაან 150 ლარამდე იღებდნენ. მსახიობების და თეატრში დასაქმებული სხვა შემოქმედების ძირითადი შემოსავლის წყაროს გამართული სპექტაკლებიდან მიღებული ჰონორარები წარმოადგენდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ კერძო თეატრები, რომლებიც გამართული სპექტაკლებიდან შემოსული თანხით არსებობდნენ და ხელფასებს გასცემდნენ. პანდემიამ მთელი სახელოვნებო სივრცე თეატრების ჩათვლით, სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა. გუშინ თეა წულუკიანმა სამუშაო შეხვედრა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრშიც გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, წულუკიანი კულტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს. რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გაყოფის შემდეგ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება.

ალეკო ელისაშვილი: მე მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა

„მე მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა", - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მან დეპუტატის კუთვნილს სატელეფონო თანხაზე უარი თქვა. ასე გამოეხმაურა ის თანაპარტიელ ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არ აპირებს ვიცე-სპიკერის პრივილეგიებით სარგებლობას. „პარლამენტის ვიცე სპიკერს ეკუთვის:1. სახელმწიფო ავტომანქანა; 2. დაცვა; 3. 700 ლიტრი ბენზინი; 4. რამდენიმე ასეული ლარი სატელეფონო თანხა. ლევანმა, რა თქმა უნდა, ამ პრივილეგიებზე უარი თქვა! შეგიძლიათ ნებისმიერმა გადაამოწმოთ ეს. მე, როგორც რიგითმა დეპუტატმა მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა. ასე რომ გვინდა იცოდეთ - ჩვენ პარლამენტში ხალხის სამსახურისთვის ვართ და არა პრივილეგიებისთვის!!!", - წერს ელისაშვილი. ცნობისთვის, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ის ვიცე-სპიკერის პრივილეგიებით სარგებლობას არ აპირებს ლევან იოსელიანი: პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. მე თვითონ ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც კი .

მეთიუ ბრაიზა: ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტს

„დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან. „ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია იმის თქმა, იქნება თუ არა ჯო ბაიდენის მკაფიო განცხადებები რუსეთის საშინელი ქმედებების წინააღმდეგ, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ახალი პოლიტიკის მიმანიშნებელი, ან ექნება თუ არა ამ გზავნილებს გავლენა. ბაიდენი პუტინზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს, განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც პუტინის გარკვეულწილად გამართლებას ცდილობდა და გარკვეულწილად ამბობდა კიდეც, რომ პუტინი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებიც ბაიდენმა ახსენა პრეზიდენტთან საუბრისას, არ იყო პასუხისმგებელი. თუმცა ეს აუცილებად არ ნიშნავს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი პოლიტიკა ექნება საქართველოსთან მიმართებით. ვფიქრობ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება და სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად სტრატეგიული დატვირთვა ექნება, ხოლო აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ამავე თემაზე: ლინკოლნ მიტჩელი: ბაიდენისა და ბლინკენის კომენტარები საუკეთესო მაგალითია, რომ აშშ მის წინა პოლიტიკას დაუბრუნდება საქართველოსთან დაკავშირებით. პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს. ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა. ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

ლუის ნავარო: აშშ აფრთხილებს რუსეთს, რომ ის უფრო მეტად დაიცავს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს

„პუტინთან ბაიდენის საუბრის გათვალისწინებით, აშშ რუსეთთან მიმართებით უფრო შეუპოვარი იქნება“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ლუის ნავარო Europetime-თან საუბრისას. ლუის ნავარო მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერა ექნება საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. „ბაიდენის პუტინთან საუბრის გათვალისწინებით, ვფიქრობ აშშ აფრთხილებს რუსეთს, რომ ის უფრო შეუპოვარი იქნება და უფრო მეტად დაიცავს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. თუმცა ამასთან, ადმინისტრაცია დიდი ალბათობით უფრო ფხიზლად დააკვირდება ქართული დემოკრატიის უკუსვლას“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. ამავე თემაზე: მეთიუ ბრაიზა: ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტს ლინკოლნ მიტჩელი: ბაიდენისა და ბლინკენის კომენტარები საუკეთესო მაგალითია, რომ აშშ მის წინა პოლიტიკას დაუბრუნდება საქართველოსთან დაკავშირებით. პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს. ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა. ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

ევროპოლმა 10 ჰაკერი დააკავა, რომლებსაც ბრალად 100 მილიონი დოლარის მოპარვა ედებათ

Reuters-ის ცნობით, ჰაკერული დაჯგუფების 10 წევრი დააკავა Europol-მა, რომლებსაც ბრალად მთლიანობაში კრიპტოვალუტით 100 მილიონი დოლარის მოპარვა ედებათ. ჰაკერების სამიზნე სხვადასხვა ცნობილი პირი, მათ შორის სპორტსმენები, ბლოგერები, მუსიკოსები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, გამოცემის ცნობით, კიბერშეტევა ტელეფონზე წვდომის შემდეგ ხდებოდა. Europol-ის განცხადების თანახმად, საგამოძიებო მოქმედები რამდენიმე ქვეყანასა და კონტინენტზე მიმდინარეობდა.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია, დაახლოებით, 3.5 მლნ ლარი დაჯდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება „მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობაზე და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი დაახლოებით, 3.5 მილიონი ლარის ღირებულებისაა. 8 თებერვლდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. მეტროსადგური "გოცირიძე" მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება.

მედია: საიდუმლო დოკუმენტით ირკვევა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს კობერთავდასხმების გზით აფინანსებდა

გაეროს კონფიდენციალური მოხსენება პრესისთვის ხელმისაწვდომელი გახდა. გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად ჩრდილოეთ კორეაზე დაწასებული არაერთი სანქციისა, ავტოკრატიული რეჟიმი საკუთარ ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული კობერთავდასხმების გზით აფინანსებდა. ინფორმაციას VOA ავრცელებს. მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის რეჟიმი სამხედრო ხარჯებს კიბერთავდასხმებითა და ინტერნეტთაღლითობით მოპოვებული 300 მილიონი დოლარით ფარავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოხსენება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, ჩრდილოეთ კორეის სანქციების კომიტეტის დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა შეადგინა და მედიაში სამშაბათს გაავრცელა. "სანქციები ყოველდღიურ ცხოვრებას ურთულებს მშვიდობიან მოქალაქეებს და არ აქვს გავლენა ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკის ცვლილებაზე", - აცხადებს ანალიტიკოსი, სოჯინ ლიმი. მედია წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განსხვავებული მიდგომის დანერგვას ეცდება კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ახალი ადმინისტრაცია აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით გადახედავს.

საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინისთვის 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო

"ფაიზერის" ვაქცინის გასაკეთებლად ქვეყანამ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება, შპრიცების გამოყენებაზე ტრენინგი ჩატარდა. „ვაქცინების შესყიდვის გარდა, სამინისტრო და დაავადებათა კონტროლი მუშაობს იმ ყველა სახარჯო მასალის შესყიდვაზე, რომელიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამისთვის. მივიღეთ 50 000 სპეციალური შპრიცი „ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად. ამ შპრიცის გამოყენების თაობაზე ტრენინგი უკვე ჩატარებულია იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათი განაწილება მოხდება. რა თქმა უნდა, დამატებითი მარაგების შევსებაც მოხდება ეტაპობრივად, იმის მიხედვით, თუ რომელ ვაქცინას მივიღებთ და რა ტიპის საინექციო შპრიცი იქნება გამოსაყენებელი კონკრეტული ვაქცინისთვის“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა. თამაზ გამყრელიძე აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლეთის ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხების თვალსაჩინო მკვლევარი იყო. გამყრელიძე, — პროფესორი 1964 წლიდან და აკადემიკოსი 1974 წლიდან, — 2005-2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი იყო. მას არაერთი ეროვნული თუ უცხოური ჯილდო აქვს მიღებული.

დავით ბაქრაძე: უახლოეს სამ დღეში პარტიაში მიმდინარე ცვლილებებზე საზოგადოება ყველაფერს გაიგებს

"ევროპულ საქართველოში" შიდაპარტიული ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დაადასტურა. მისი თქმით, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. „პოლიტიკურ პარტიას, ისევე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება და დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არა მხოლოდ ევროპული საქართველოსგან, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ. როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, პარტიაში მიმდინარე ცვლილებებზე უახლოეს სამ დღეში გახდება ცნობილი. „უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ის, რაც დღეს შემიძლია, ხაზგასმით ვთქვა, არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება ამ შემთხვევაში, ეს გავლენას არ მოახდენს საერთო პოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები. ვერანაირი შიდაპარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეცვლის, ბოიკოტი დარჩება ძალაში, „ევროპული საქართველო“ დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე. როგორი იქნება კონკრეტული გადანაწილება პარტიის შიგნით იმ ხედვებისა და სიახლეების გათვალისწინებით, რაც გვინდა, უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ საწყობში ხანძარი გაჩნდა

სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ სარდაფში, სასაწყობე ფართში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

1-ელი იანვრიდან, ბავშვის მოვლის გამო, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება, როგორც ბავშვის დედას, ასევე მამასაც შეუძლია

„სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქალაქო ცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მხარეებმა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი“ დეტალურად განიხილეს. ახალი წესის მიხედვით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ორ ნაწილად არის გაყოფილი: ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება და ბავშვის მოვლის გამო შვებულება. 1-ელი იანვრიდან, ბავშვის მოვლის გამო, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება, როგორც ბავშვის დედას, ასევე მამასაც შეუძლია შეიცვალა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი დღეების რაოდენობაც. დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა, მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება - 57 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მამა ასევე უფლებამოსილია, ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით. დასაქმებული მშობლის - მამის მიერ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მისაღებად, სხვა დოკუმენტებთან ერთად აუცილებელია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ გაცემული ცნობა, იმის შესახებ, რომ ბავშვის მშობელი (დედა) არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე. „1-ელი იანვრიდან დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 1 000 ლარისა, შემდეგი პრინციპით: ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1 000 ლარისა. ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში - ჯამურად არაუმეტეს 10 00 ლარისა. დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით. დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან თავი შეიკავოს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი განცხადებები შესაძლოა შეფასდეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა, რასაც უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს, არც მომავალში მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო არენაზე ამგვარ ქმედებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ასევე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გაკეთებულ გამოთქვამებს და მას უსაფუძვლოს უწოდებს. „საქართველოში უკრაინის ელჩის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ბრალმდებლის ემოციების გარდა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. უკრაინული დიპლომატია მათ ყურადღებას არ მიაქცევს და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 თებერვალს Facebook-ის გვერდზე, უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი უკრაინის საწინააღმდეგო ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და მას მექრთამე და კორუმპირებული უწოდა.

Freedom House-ის კვლევების დირექტორი: მუხთარლის გატაცების შემდეგ, საქართველო ნაკლებ უსაფრთხო გახდა

"ვფიქრობ ამის [მუხთარლის გატაცების] შემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა", - ამის შესახებ Freedom House-ის კვლევების დირექტორის, ნეით შენკანმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა და Freedom House-ის ახალი ანგარიში განიხილა, რომელიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ფაქტებს ეხება. "ვფიქრობ ამის [მუხთარლის გატაცების] შემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა. როდესაც მთავრობის კრიტიკოსი ხარ და ამგვარი ფიზიკური, კრიტიკული საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, და იცი, რომ ვიღაცას ასე დაესხნენ თავს, რა თქმა უნდა ეს ამ ადგილს შენთვის ნაკლებ უსაფრთხოს ხდის. ასე რომ, ნამდვილად, მუხთარლის გატაცებამ დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი, როგორც იმ ადგილისა, სადაც დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად იცხოვრონ და განაგრძონ მოთხოვნა იმ დემოკრატიისა, რომელსაც იმსახურებენ", — განაცხადა ნეით შენკანმა. მისი თქმით, ახალი კვლევის ფარგლებში მათ შეისწავლეს როგორ იღებენ მიზანში დიასპორის წარმომადგენლებს და ქვეყნიდან გაქცეულ პირებს ესა თუ ის მთავრობები; რას ნიშნავს დატოვო ქვეყანა, სადაც გავიწროვებენ და რისი უფლება გაქვს სხვა ქვეყანაში, როდესაც თავშესაფარს ეძებ. "ვნახეთ, რომ ბევრი, ვინც რეპრესიულ გარემოს გაურბის, კვლავ დაშინებისა და შევიწროების საფრთხის ქვეშაა. ქვეყანა კი, რომელიც დატოვეს, კვლავ ახერხებს მათზე ძალადობას. ასე რომ, ეს კვლევა ნამდვილად არის ჩვენი მცდელობა, რომ ამ ფენომენის გლობალური მასშტაბები აღვწეროთ და დავინახოთ რეალური ციფრები, რეალური სახეები იმის მიღმა, რაც მსოფლიოში უამრავ ადამიანს ემართება", — განაცხადა მან. შენკანი ამბობს, რომ ამგავრი რეპრესიების მეთოდები 4 კატეგორიად იყოფა. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე აშკარა არის პირდაპირი თავდასხმები, რაც მკვლელობებსა და მოტაცებებს გულისხმობს. მეორე კატეგორია, რომელიც შენკანის განცხადებით, ყველაზე ხშირია და ამასთანვე, ძალიან მნიშვნელოვანი, არის - ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობა. "ეს ძირითადად არის მასპინძელი ქვეყნის ინსტიტუტების გაცურება, მოტყუება იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტებმა იქ მყოფი პირის წინააღმდეგ იმოქმედონ, მათი დაკავების, დეპორტაციის ან თუნდაც, მათი გატაცების ფორმით. მესამე კატეგორია დევნილ პირთა გადაადგილების კონტროლია. ეს მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა პასპორტების გაუქმება ან სხვაგავრი მანიპულაციები, რომელთა საშუალებითაც ეს სახელმწიფო ხელს უშლის მათ მგზავრობაში, საზღვრების გადაკვეთაში და ახერხებს, რომ მათ ან ვერ იმოგზაურონ ან მგზავრობისას დააკავონ", - აღნიშნავს შენკანი. მისივე განცხადებით, მეოთხე კატეგორას "დისტანციური საფრთხე" წარმოადგენს, რა დროსაც ძალადობის ავტორ მთავრობას კონკრეტულ ადამიანზე ფიზიკური წვდომა არ სჭირდება. "მათ შეუძლიათ დააკავონ მათი ოჯახის წევრები, ციფრულად გაუგზავნონ მუქარა ან ჰაკერულად დაესხნენ თავს მათ საკომუნიკაციო მოწყობილებებს, მოიპოვინ წვდომა მათ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე", განაცხადა Freedom House-ის კვლევების დირექტორმა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. როგორც ის ამბობს, საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

გერმანია აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბინძურ გარიგებას“ სთავაზობდა: გერმანული არასამთავრობოს დოკუმენტი

გერამანიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია, DUH-ი აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სავარადუდოდ, 1 მილიარდ ევროს (1,21 მილიარდი დოლარი) ოდენობით ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობდა, რათა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ვაშინგტონის სანქციები აერიდებინა თავიდან. ამ საკითხს რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო სტატიას უძღვნის. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეს თანხა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის იმჟამინდელ ფინანსთა მინისტრ სტივ მნუჩინს შესთავაზა. შესაბამისი პერსონალური წერილი 2020 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა საშა მიულერ-კრაენერმა, დოკუმენტს „სკანდალური“ და „ბინძური გარიგება" უწოდა. დოკუმენტის თანახმად, გერანიის ხელისუფლება ვაშინგტონის ადმიანისტარციას ჩრდილოეთის ზღვის გერმანულ ნაპირზე - ვილჰელმსჰაფენსა და ბრუნსბუეტელში თხევადი გაზის ტერმინალების ასაშენებლად ინვესტიციას სთავაზობდა. ამის სანაცვლოდ ვაშინგტონს სავარაუდოდ სთხოვდნენ დათანხმებოდა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შეუფერხებელ მშენებლობასა და ექსპლოატაციას. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მოგვიანებით, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე განცხადება მზადდება. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის გაყვანის პროცესი დასრულების ეტაპზეა. ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის, საჭიროა მილების გაყვანა დანიისა და გერმანიის წყლებზე გამავალ 150 კილომეტრის მონაკვეთზე. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს „ევროპისათვის ცუდი გარიგება“ უწოდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

Politico: ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ტრამპისა და პუტინის საუბრების ჩანაწერები ხელმისაწვდომია

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საუბრების ჩანაწერებზე წვდომა მოიპოვა. Politico-ს ცნობით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საკმაოდ მრავალი ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა რუსეთის ლიდერთან და სატელეფონო საუბრებისას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ხშირად აცხადებდა უარს ამერიკელ თარჯიმანზე. გამოცემის ცნობით, 20-მდე საუბრის შინაარსი საიდუმლოა, თუმცა ახლა ბაიდენის ადმინისტრაცია შეძლებს იმის გარკვევას, რაზე მსჯელობდნენ ორი ქვეყნის ლიდერები და ხომ არ გასცა ტრამპმა საიდუმლო ინფორმაცია. ასევე - ხომ არ გააფორმა ისეთი შეთანხმება, რომელიც ახალი ადმინისტრაციისთვის „სიურპრიზი იქნება“. მოვალეობის შესრულებისას, ყოფილი პრეზიდენტი განსაკუთრებულად იცავდა უსაფრთხოების წესებს, რომ მასსა და სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერს შორის საუბარი არ გამჟღავნებულიყო. ის დამსწრე პირების რაოდენობას მაქსიმალურად ზღუდავდა და კაბინეტის ზოგიერთ წევრებს საუბრისას არც კი უშვებდა. მარინა გროსი, რომელიც ტრამპისა და პუტინის მრავალი სატელეფონო, თუ პირისპირ საუბარის თარჯიმანი იყო, აღნიშნავს, რომ ორ ლიდერს შორის საუბარი იმდენად მეგობრული იყო, რომ ეგონა, ორ ნაცნობს ჩუმად უსმენდა". ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვა, თუ არა ახალმა ადმინისტრაციამ ჩანაწერების მოსმენა. გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს ყოფილი ადმინისტრაციის ზარებთან წვდომაზე, არც ერთი საჩივარი არ დაუფიქსირებია.

ევროსასამართლოში, ნავალნის მხარდამჭერი აქციების შემდეგ, პირველი საჩივარი შეიტანეს

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი ეკატერინბურგში, ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორის, ალექსეი გრესკოს დაპატიმრების თაობაზე, 23 იანვრის არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის. ინფორმაციას Deutsche welle ავრცელებს. ადვოკატ ალექსეი ბუშმაკოვის განცხადებით, ეს რუსეთის მოქალაქეების პირველი საჩივარია ევროსასამართლოში, რაც იანვარში ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ მიტინგებთანაა კავშირში. საჩივარში ნათქვამია, რომ ეკატერინბურგში ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორის დაპატიმრებით რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ევროპული კონვენციის მთელი რიგი დებულებები. მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და გადაწყვეტილების მიღების უფლება. ცნობისთვის, 24 იანვარს სასამართლომ გრესკო, საჯარო ღონისძიებების ჩატარების წესის დარღვევის მუხლით, 10 დღით დააპატიმრა. გრესკოს დაკავების საფუძველი გახდა ვიდეორგოლი სახელწოდებით „ეკატერინბურგი 23 იანვარს ქუჩებში გადის“. სასამართლომ მიიჩნია, რომ გრესკომ აგიტაცია განახორციელა არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებაზე ხალხის მისაზიდად.

რესპუბლიკელები პარლამენტში ერთჯერადად შესვლას არ გამორიცხავენ

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტიის წევრები მზად არიან პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ საარჩევნო რეფორმის კენჭისყრისთვის შევიდნენ. თუმცა მისივე თქმით, “რესპუპლიკური პარტია” ოპოზიციის მოთხოვნების ერთგული რჩება. როგორც ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რესპუბლიკური პარტიის ის წევრები, რომლებმაც არჩვენებზე სადეპუტატო მანდატი მოიპოვეს პარლამენტის სამ სხდომას დაესწრებიან, იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს მანდატების გამოყენებას იმისთვის, რომ დღევანდელ პარლამენტში იმუშაონ. ეს ნიშნავს მანდატების გამოყენებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს მომავლისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი კანონი, რომლის შემდეგაც ვერ შეძლებს ვერცერთი ხელისუფლება, ერთპარტიული პარლამენტით, ან მიტაცებული ხელისუფლებით იფუნქციონიროს. “თუ ხელისუფლება ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოს ბუნებრივი ბარიერით, პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, რომ მის კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას, რომ ამით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ. ჩვენ მანდატების გაუქმების განცხადება დაწერილი გვაქვს და ერთგული ვრჩებით ამ განცხადების, ველოდებით როდის გააუქმებს ხელისუფლება ამ მანდატებს, რომელიც კანონს არღვევს იმით, რომ მანდატების გაქუმებაზე უარს გვეუბნება. მაგრამ ამავე დროს წინაპირობებით და დათქმებით მზად არის უბარიერო პროპორციული სისტემისთვის, თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში”,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ. სამნიძის თქმით, მას სხვა პარტიებთან კონსულტაცია არ ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ თუ “ოცნება” აღნიშნულ ინიციატივას დაარეგისტრირებს, მას სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც ექნება. “ამ კანონპროექტზე უარს ოპოზიცია არ იტყვის. მე ვფიქრობ, რომ ასე იქნება. ჯერ კონსულტაციები არ გვქონია სხვა პარტიებთან, იმიტომ, რომ ჯერ კანონპროექტი არ დარეგისტრირებულა. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, დაარეგისტრიროს კანონპროექტი და მზად ვართ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის”, - აცხადებს სამნიძე. 2020 წლის არჩვენების შედეგად საპარლამენტო მანდატი რესპუბლიკური პარტიის ორმა წევრმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ მიიღეს. რესპუბლიკელები არჩევნებზე საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიასთან” ერთად მონაწილეობდნენ. საარჩევნო ბარიერის შესასცვლელად საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 დეპუტატის ხმა არის საჭირო. "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 90 მანდატი აქვს. "პატრიოტთა ალიანსის" სიით 4 დეპუტატი შევიდა, "მოქალაქეებიდან" 2 დეპუტატი. იმ შემთხვევაში თუ გირჩი "პარლამენტში ზურა ჯაფარიძის გარეშე სამი წევრით შევა, მხოლოდ 99 ხმა გროვდება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის. "გირჩის" წარმომადგენლის ვახტანგ მეგრელიშვილის მტკიცებით, ხელისუფლების მხრიდან უბარიერო სისტემის შემოღების პირობის დადების შემთხვევაში, "გირჩი", სხვა პარტიების ოპოზიციონერ დეპუტატებსაც დაარწმუნებს, პარლამენტში შესვლით საარჩვენო რეფორმას მხარი დაუჭირონ. “ქართული ოცნების” განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში უმრავლესობა უბარიერო სისტემასაც განიხილავს, თუმცა ამისთვის ოპოზიციას სერიოზული არგუმენტაციის წარდგენა მოუწევს.

აშშ-ის სანაპირო დაცვამ სამი კუბელი გადაარჩინა კუნძულზე, სადაც ისინი 33 დღის განმავლობაში მხოლოდ ქოქოსით იკვებებოდნენ

აშშ-ის სანაპირო დაცვამ სამი კუბელი გადაარჩინა ბაჰამის კუნძულზე, სადაც ისინი 33 დღის განმავლობაში მხოლოდ ქოქოსით იკვებებოდნენ. სანაპირო დაცვის თქმით, გადარჩენილებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა უსაფრთხოებისთვის ისინი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მორიგეობისას აშშ-ის სანაპირო დაცვის ეკიპაჟმა ფლორიდა კისის მახლობლად, კუნძულზე ორი კაცი და ქალი შენიშნა, რომლებიც დროშებს აფრიალებდნენ. ეკიპაჟმა მათ რადიო გადამცემი, საკვები და წყალი დაუტოვა, ხოლო მომდევნო დღეს კუნძულიდან წაიყვანა. კუბელების თქმით, მათ ნავს პრობლემები ძლიერი ტალღების გამო შეექმნა.