ძებნის რეზულტატი:

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებაში დაშვებული შეცდომები აღიარა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა საკმარისი რაოდენობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფად მოპოვების სტრატეგიაში დაშვებული შეცდომები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მან ასევე აღიარა, რომ ევროკავშირი ზედმეტად იყო დარწმუნებული, რომ ვაქცინის მწარმოებელ ქარხნებში დაგვიანების ფონზე, წარმოების მიზნები იყო შესრულებული. ევროკომისიის პრეზიდენტი კანონმდებლებმა ევროკავშირის 447 მილიონი მოქალაქის ვაქცინებით მომარაგებაში შეფერხებისთვის გააკრიტიკეს. „ჯერაც არ ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ. გვიან მოვახდინეთ ავტორიზაცია. ზედმეტად ოპტიმისტურად შევაფასეთ მასობრივი პროდუქციის შესაძლებლობები, და, შესაძლოა, ზედმეტად გვჯეროდა, რომ რაც შევუკვეთეთ, იმას დროულად მივიღებდით კიდეც“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა 10 თებერვალს ევროპის პარლამენტის სხდომაზე.

საქართველოსა და კორეას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, საქართველოს ავიაკომპანიები კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში, ხოლო კორეული ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელებას შეძლებენ. „შეთანხმების გაფორმებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა შეიქმნა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. უწყების ინფორმაციით, 2018 - 2019 წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რამდენიმე ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლებიც თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-მა განახორციელა. შესრულებული ფრენების ფარგლებში 1 500-მდე მგზავრი იქნა გადაყვანილი. ბოლო წლებში, პანდემიის დაწყებამდე, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა. კერძოდ, 2019 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან 16 642 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 25.3%ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია.

სამხრეთ კორეა ვაქცინაციას Astrazeneca-ს პრეპარატით იწყებს

სამხრეთ კორეამ ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ეს არის პირველი ვაქცინა, რომელსაც ქვეყანა 26 თებერვლიდან გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა მოხუცებში. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, „ასტრაზენეკას" ვაქცინის მოხმარება შეამცირეს. მიზეზი კვლავ მონაცემების ნაკლებობა და ეფექტურობასთან დაკავშირებული შეკითხვებია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებს. აღმოჩნდა, რომ ვაქცინა გაცილებით ნაკლებეფექტურია კორონავირუსის იმ ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთ აფრიკაშია აღმოჩენილი. სამხრეთ კორეის „საკვებისა და მედიკამენტების სამინისტრომ“ საგანგებო ავტორიზაცია სპეციალური მოთხოვნებით გასცა. ისინი მოითხოვენ, რომ ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მიაწოდოს მათ კლინიკური ცდების შედეგები 18 წლისა და უფროსი მოსახლეობის შესახებ. ასევე, სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას 65 წლისა და უფროსი მოსახლეობისთვის ვაქცინის შესახებ.

ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის მეორე დღეს, კაპიტოლიუმის შტურმზე აქამდე უცნობ ვიდეომასალას წარადგენენ

ტრამპის მეორე იმპიჩმენტის მორიგ პროცესზე, წარმომადგენელთა პალატის წევრები დამატებით ვიდეო მტკიცებულებებს წარადგენენ, რათა სკეპტიკურად განწყოფილი „რესპუბლიკელებს“ შეხედულებები შეაცვლევინონ. წერს CNN-ი. გამოცემის ცნობით, პროცესის ხელმძღვანელები შტურმის აქამდე უცნობ კადრებს წარადგენენ, რომელიც პალატის წევრების თქმით, ზუსტად აჩვენებს, თუ რამდენად ძალადობრივი იყო იმ პირების ქმედებები, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. იმპიჩმენტის პროცესის მეორე დღეს გაშვებული ვიდეომასალა იქნება ერთგვარი დემონსტრაცია იმ ფაქტის, რომ კაპიტოლიუმში შეჭრილი პირები სწორედ ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან იყვნენ წაქეზებულნი. რა სახის ვიდეომასალაზეა, საუბარი ჯერჯერობით უცნობია. პალატის წევრების თქმით, ვიდეომასალა აჩვენებს, რომ შტურმი არ იყო მხოლოდ ტრამპის სიტყვით გამოსვლით წაქეზებული და რომ სინამდვილეში ეს ტრამპის მოწოდებების კულმინაციაა.

ჯანმომ AstraZeneca-ს ვაქცინის 65 წელს გადაცილებულთათვის გამოყენების ნებართვა გასცა

The Guardian-ის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხანდაზმული პაციენტებისთვის, კერძოდ 65 წელს გადაცილებულთათვის პრეპარატის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. შუალედურ ინექციის რეკომენდაციების გაცემისას, იმუნიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ხანდაზმულებს ვაქცინა ორი დოზითა და 12 კვირიანი შუალედით უნდა გაუკეთდეს. მრჩეველთა ჯგუფის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ გაჩნდა გარკვეული კითხვები, `არ არსებობს მიზეზი, რის გამოც პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციას არ გავცემდით~. სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ, თუმცა კომპანიის განცხადებით, ვაქცინას შეუძლია ვირუსის მძიმე ფორმების დაძლევა.

პრინცმა ჩალზმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

BBC-ის ცნობით, პრინცმა ჩარლზმა და მისმა მეუღლემ, კამილამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს./p> ამ ეტაპზე უცნობია, ჩალზი კონკრეტულად რომელი პრეპარატით აიცრა. ის კორონავირუსით გასული წლის მარტში დაინფიცირდა. ბრიტანეთში, დღეის მდგომარეობით იმუნიზაცია 15 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს არ ცვლის

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს არ ცვლის, ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს. როგორც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, საქართველოსთან ფრენების აღდგენა დამოკიდებულია პანდემიურ ვითარებაზე და ამასთანავე, „ქართული მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. „რუსეთის მხრიდან საქართველოთან ავიამომისვლის აღსადგენად ჩვენი მოთხოვნაა რუსოფობული კამპანიის შეწყვეტა, რუსი ტურისტებისთვის ნებისმიერი საფრთხეების აღმოფხვრა. ეს პირობები არ შესრულებულა. კვლავინდებურად ძალაშია რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ქართველი რადიკალების პროვოკაციებთან დაკავშირებით გამოიცა. ამ განკარგულების გაუქმების პირობები არაერთხელ გაჟღერებულა რუსეთის ოფიციალური პირების მიერ და უცვლელია", - განაცხადა რუდენკომ. როგორც Europetime-ს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის წარმომადგენელმა განუცხადა, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხები, მან ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, კარასინთან შეხვედრის ფორმატში განიხილა. „ბოლო შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია იყო, ის რომ თუ რუსეთი თანახმაა, ავიამიმოსვლა აღდგეს, ქართული მხარე ავიამიმოსვლის გასახსნელად მზად არის. ამ საკითხზე რუსეთის პოზიცია რუდენკოს დღევანდელ განცხადებაში ნათლად გამოჩნდა. მომდევნო შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის ჩანიშნული. შეთანხმების თანახმად წლის პირველ კვარტალში უნდა შედგეს. მომდევნო შეხვედრისთვის რაიმე ახალი საკითხი არ წამოჭრილა. მიმდინარე თემების განვიხილავთ, რომელიც სატრანსპორტო სავჭრო საკითხებს შეეხება“, - აღნიშნა Europetime-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ. ზურაბ აბაშიძემ საქართველოში გაჩერებული სატრანზიტო ტრაილერების კოლონის შეფერხების მიზეზიც განმარტა. მისი თქმით. სატრანზიტო სატვირთოების შეფერხების მიზეზი, გზის ჩაკეტვა გახდა, რომელიც უამინდობამ გამოიწვია და საბაჟო ან სხვა სახის პრობლემა არ ყოფილა. რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, საქართველოში რუსის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების შემდეგ შეწყვიტა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა

ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივი ღონისძიებებზე, მათ შორის სადღესასწაულო, სამგლოვიარო და მემორიალური ღონისძიებების ჩატარებაზე კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა სააგენტო „რეს“-ის ცნობით, დე ფაქტო ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც დე ფაქტი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა. „ის რომ, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, სწორი გადაწყვეტილება იყო. დღეს უკვე შეზღუდვების მოხსნა მასობრივი ღონისძიებების გამართვაზეც არის შესაძლებელი. ეჭვგარეშეა, რომ ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში სანიტარული ზომების დაცვა აუცილებელია“, - განაცხადა ბიბილოვმა. ოკუპირებულ ცხინვალში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 2 901 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯორჯიის შტატის პროკურატურამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ფულტონის საგრაფოს პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგზე ზეგავლენაში ედავებიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ფულტონის ოლქის პროკურორის, ფანი უილისის თქმით, „გამოძიება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ, ჯორჯიის საარჩევნო კანონის პოტენციური დარღვევებით, რომლებიც კრძალავს საარჩევნო გაყალბებას, ცრუ განცხადებებს შტატებსა და ადგილობრივ მთავრობებში, შეთქმულებას, რეკეტს, ფიცის დარღვევას და ძალადობაში ნებისმიერ მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საფრთხეებით. გამოცემიც ცნობით, ეს სისხლის სამართლის საქმე ტრამპის მდგომარეობას იმპიჩმენტის პარალელურად კიდევ უფრო ამძიმეს.

ლატვია ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას გმობს

ლატვია ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას გმობს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა.

თეირანი და რუსეთი რუსული ვაქცინის ირანში წარმოებაზე შეთანხმდნენ

News.am-ის ცნობით, ირანი და რუსეთი რუსული ვაქცინის ირანში წარმოებაზე შეთანხმდნენ. ირანის ელჩის თანახმად, მოლაპარაკებები უკვე დასრულდა და ვაქცინის წარმოება მალე დაიწყება, იუწყება სააგენტო. ირანმა რუსული პრეპარატით მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ირანის მაღალჩინოსნებმა მანამდე ხშირად ახსენეს, რომ ქვეყანა კორონავირუსის საკუთარ პრეპარატზე მუშაობს.

პარლამენტში ერთჯერადად შესვლა „ოცნებისთვის“ „ბავშვური თამაშია“, ოპოზიციის ნაწილისთვის კი ბუნდოვანი

„რესპუბლიკელები“ პარლამენტში ერთჯერადად შესვლას არ გამორიცხავენ. პარტიის ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, უბარიერო საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად, პარლამენტში ერთჯერადად შესვლის პოზიციას რესპუბლიკელების გარდა, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი არმაზ ახვლედიანიც ემხრობა, რომელსაც სადეპუტატო მანდატი აქვს. როგორც Europetime-ს ხათუნა სამნიძემ განუცხადა, რესპუბლიკური პარტია მზად არის, უბარიერო საარჩევნო სისტემას, მომავლის კანონს უყაროს კენჭი და შემდგომ უკვე ისევ ბოიკოტის რეჟიმში დარჩეს. კენჭისყრაში ერთჯერადად მონაწილეობას ის ბოიკოტის დარღვევად და პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ „ეს, ქვეყნის მომავლისთვის კენჭისყრაში მონაწილეობაა“. მისი შეფასებით, თუ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდება, ძალიან სუსტი იქნება ოპოზიციის არგუმენტები, უფრო სწორად, მათი პოზიცია არგუმენტირებული ვერ იქნება, თუ რომელიმე ამ კანონს ხმა არ მისცეს. „თუ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, წამოსულიყო ოპოზიციურ მოთხოვნებზე და მათ შორის ბოიკოტი იყო ერთ-ერთი მექანიზმი და ინსტრუმენტი ამისთვის. თუმცა ჩვენ ვაპირებთ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენას. უბარიერო საარჩევნო სისტემა ეს არ ოპოზიციის მხოლოდ ერთი მოთხოვნა, ოპოზიციას კი ოთხი პირობა გვქონდა. თუმცა „მოქალაქეები“ შევიდნენ პარლამენტში, „გირჩი“ ფიქრობს შესვლას. ეს არ ცვლის ვითარებას, რადგან დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ითხოვნდენ იმ მოთხოვნების შესრულებას, რაზეც თავიდანვე შეთანხდნენ", - განუცხადა Europetime-ს ხათუნა სამნიძემ. ხათუნა სამნიძის განცხადებას რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უპასუხა. „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „ლეიბორისტები“ პარლამენტში ერთჯერადად შესვლას მხარს არ უჭერენ. მათი თქმით, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებას არ გადათქვამენ, მათ შორის, არც უბარიერო საარჩევნო სისტემაზე კენჭისყრისთვის, რადგან მიაჩნიათ, რომ თუნდაც ერთჯერადად შესვლა ბოიკოტის შეწყვეტას ნიშნავს. „რესპუბლიკელების“ განცხადებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოზიციას „ბავშვური თამაშები„ უწოდა. „იმ მემორანდუმის მიხედვით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარტია „მოქალაქეებთან“ გააფორმა, ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის 3%-იანი ბარიერი ხელში უჭირავს, უფრო ნაკლებისთვის კი მათგან არგუმენტებს ველით. როდესაც მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ და იქ წერია ნულიდან 3%-მდე, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი 5% კი ბატონო, კომპრომისულ ვარიანტად შეიძლება იყოს გადახედილი და როგორც მინიმუმ, ოპოზიციას, დღეს თუ პარლამენტში შემოვა და 113 ხმა მოგროვდება საამისოდ, 3% ხელში უჭირავს, ჩემი აზრით, აქ პრობლემა არ არის, მაგრამ, სხვა შემთხვევებში, უნდა ჩამოვიდეთ 2-ზე, 1-ზე თუ საერთოდ, უბარიერო სისტემა იყოს, ამას სჭირდება არგუმენტები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საპასუხოდ, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მათ ამ ინიციატივით „ქართული ოცნება“ კედელთან მიაყენეს. „ჩვენ ვეუბნებით, რომ დაარეგისტრირე და მერე გველაპარაკე. ახლა უკვე ამბობს, ჯერ შემოდით და მერე ვილაპარაკოთ. რადგან ცდილობს ოპოზიცია პარლამენტში შეიტყუოს და მერე აღარ დაარეგისტრიროს კანონპროექტი. ჩვენ ვეუბნებით ჯერ დაარეგისტრიროს და მერე ჩენ მივცემთ ხმას ამ კანონპროექტს. კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“ რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება. მას არ ჰყოფნის ხმები. ამიტომ უნდა გაბედოს დაარეგისტრიროს ეს კანონპროექტი. ჩვენ, რესპუბლიკელები ჩვენი ორი მანდატით მზად ვართ, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა და მომავლის კანონს ვუყაროთ კენჭი. შემდგომ უკვე ისევ ბოიკოტის რეჟიმში დავრჩებით. ჩვენ დღესაც ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში. მანდატებს ვთმობთ, მაგრამ თუ ეს მანდატები დაგვიტოვა ქართულმა ოცნებამ, ეს კანონი დაარეგისტრირა ჩვენ ხმას მივცემთ“, - განუცხადა Europetime-ს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა. ხათუნა სამნიძის ინიციატივას არმაზ ახვლედიანმა უპასუხა. „მე აქ დრამატულს ვერაფერს ვხედავ. ეს არ ნიშნავს ბოიკოტზე უარის თქმას“, - განუცხადა მედიას არმაზ ახვლედიანმა. „რესპუბლიკელების“ განცხადებას უარყოფითად აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის წარმოამდგენლის, ნუგზარ წიკლაურს ხათუნა სამნიძის ინიციატივა, დაუფიქრებელ განცხადებად მიაჩნია. არმაზ ახვლედიანის გარდა, „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წარმომადგენელი ვახტანგ კალოიანი თვლის, რომ „რესპუბლიკელების“ ინიციატივის განხილვა ღირს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანია.

ალექსეი ნავალნის მეუღლემ რუსეთი დატოვა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ რუსეთი დატოვა და გერმანიაში გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl-ი ავრცელებს. როგორც ცობილია, იულია ნავალნაია 10 თებერვალს გაფრინდა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან და ფრანკფურტში საღამოს ჩავიდა. გავრცელებული ინფრომაციით, მიუხედავად იმისა, რომ იულია ფრანკფურტის აერტოპორტში არავის უნახავს, Lufthansa–ს მგზავრებმა დაადასტურეს რომ იულია მათთან ერთად მგზავრობდა. შეგახსენებთ, რომ რუსულმა სასამართლომ, ალექსეი ნავალნის 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Facebook-ი ე.წ ნიუსფიდში პოლიტიკის შესახებ პოსტებს შეამცირებს

Facebook-ი ე.წ ნიუსფიდში პოლიტიკის შესახებ პოსტებს შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელი თავის ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, ხალხი ხშირად ამბობს, რომ არ სურთ თავიანთ "ნიუსფიდში" პოლიტიკის შესახებ პოსტები იხილონ. ამის გამო, სოციალური ქსელი პოლიტიკის შესახებ პოსტებს შეამცირებს. კომპანიამ გადაწყვიტა, რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მიდგომა შეამოწმოს, რომ უკეთ შეისწავლოს და გაიგოს, რას ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას. როგორც ცნობილია, ამ კვირაში პოლიტიკის შესახებ პოსტები შემცირდება კანადაში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში, უახლოეს კვირაში კი - აშშ-ში. Facebook-ში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ორგანოების შეტყობინებებს და კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ჯანდაცვის ორგანოები აქვეყნებენ, არ შეზღუდავენ.

დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი სქემაში ჩართეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული 50-ზე მეტი კომპანია, რომელთა მეშვეობითაც, კომპანიებს შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიური გაწერის შედეგად, 2019-2020 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით შეიქმნეს 441 360 ლარის აქტივი, საიდანაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ 171 805 ლარს", - ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

უკრაინამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება ოფიციალურად აკრძალა

უკრაინის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების გამოყენება ოფიციალურად აკრძალა. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 თებერვლით თარიღდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში აკრძალულია Covid-19-ის პრევენციისთვის განკუთვნილი ვაქცინები ან სხვა სამედიცინო იმუნობიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შექმნილია და / ან წარმოებულია უკრაინის უმაღლესი რადას მიერ აღიარებული აგრესორ ქვეყანში.

პოლიციამ ბათუმში 14 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი ადამიანი დააკავა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი - 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს.- ინფრომაციას შინაგან საქემთა სამინისტრო ავრცელებს. უწყბის ცნობით, დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ. "ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს გ.ტ. და ო.კ. დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ტ-ს და ო.კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს, ბათუმში, ერასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე გ.ტ-მ და ო.კ-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ძმებს- ვ.ა-ს და დ.ა-ს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვ.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად 2007 წლის 13 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ტ. და ო.კ. ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძებების შედეგად 2021 წლის 10 თებერვალს ბათუმში დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში. დაკავებულები პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 557 ადამიანს დაუდასტურდა, 639 გამოჯანმრთელდა, 10 კოვიდინფივირებული კი გარდაიცვალა. ინფრომაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 890 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 380 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 510 PCR ტესტით. ჯამში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 264 158-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 024-მდე. 3 321 გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.23%. 557 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 209, აჭარა - 21, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 63, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი -24, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 960, აჭარაში - 160, იმერეთში - 448. მძიმე პაციენტი: 456. მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 47, იმერეთში - 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 129, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 7, იმერეთში - 17. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 414 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 100. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 713 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 456 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 380

აშშ-ის კონგრესში ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“  წარადგინეს

ამერიკის კონგრესში "საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის" თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს. კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით, და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ს წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის მიმართ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროეტში მითითითებულია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და ახდენს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის ახორციელებს დაკავებებს და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ე.წ.ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზემოაღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებით. საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ იქნა 2019 წლის 22 ოქტომბერს. კანონპროექტი ასევე მიღებულ იქნა 115-ე კონგრესის მიერ.