ძებნის რეზულტატი:

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 730 ტესტის შედეგად ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 328 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,16 %. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 275 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 4 455 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 159 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 275 148-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.41%. ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 328 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 268 565-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 650 პირი ემსხვერპლა. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 3, შიდა ქართლი - 12, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 6, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 269 პირი, მათ შორის, თბილისში – 116, აჭარაში – 23, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში- 3, იმერეთში – 10. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 418 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 14 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 642 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 322 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 544 პირი, აჭარაში – 477, იმერეთში – 647“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დავით ზალკალიანი: ასოცირების საბჭო განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ძირითად მიმართულებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, კავკასიის რეგიონსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ. ზალკალიანის თქმით, ასოცირების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკური მიმართულება, ასევე დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საკითხები. „ბუნებრივია, განხილული იქნება რეგიონში არსებული ვითარება. რა თქმა უნდა, ახალი გეოპოლიტიკური გარემო მოითხოვს ჩვენ შორის ძალიან კოორდინირებულ და თანმიმდევრულ საქმიანობას. ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ასევე პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი ჩართულია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. ასევე, ასოცირების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკური მიმართულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების დღის წესრიგის ინპლემენტაცია. ასევე, დემოკრატია, მართლმსაჯულება, ყველა ის საკითხი, რასაც ფარავს ასოცირების შეთანხმება, ინება განხილული“, – განაცხადა ზალკალიანმა. დავით ზალკალიანის თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე ასევე, განიხილავენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ზალკალიანი ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნა, მანიშნებელია, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას. „ბუნებრივია, ასევე შეხვედრები იქნება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ძირითადი თემები რა თქმა უნდა, იქნება როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, მოლაპარაკებები, რომელიც მისი უშუალო ინიციატივითა და მედიაციით მიმდინარეობს. თავად ის ფაქტი, რომ მან საკუთარი წამრომადგენელი გამოაგზავნა, მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას, რადგანაც სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა წარმოუდგენელია. ამიტომ, პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მასთან ერთად განიხილოს თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესები. რა თქმა უნდა, ასევე შეხვედრები იქნება ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელთან. შეხვედრები იქნება ევროპარლამენტის წევრებთან და რა თქმა უნდა, NATO-სთან თანამშრომლობა ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივანს. ის გამოვა NATO-ს ერთობლივი კომისიის სხდომაზე და მოახსენებს ჩვენს მოკავშირეებს, ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პროგრესზე“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მოლაპარაკებების შემდეგ ისევ უცნობია, როდის გაიმართება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან შეხვედრები გრძელდება. ოპოზიციის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში იქამდე დარჩება, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება. როგორც დანიელსონთან აუდიენციის შემდეგ ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, მოლაპარაკებები არ სრულდება, ვიდრე არ მივლენ შეთანხმებამდე, ან რომელიმე მხარე ღიად არ განაცხადებს, რომ მათ არ სურთ შეთანხმება. ბაქრაძის თქმითვე, შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს ექვსივე თემაზე, რომელიც დოკუმენტშია, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გამოშვებაზე. ,,მთავარი, რაც მოვისმინეთ ამ შეხვედრაზე, გახლავთ ის, რომ მოლაპარაკებები არ სრულდება და უფრო მეტიც, ბატონი დანიელსონი აქ იქნება, ვიდრე მხარეები არ მივლენ შეთანხმებამდე, ან რომელიმე მხარე ღიად არ განაცხადებს, რომ მათ არ სურთ შეთანხმება. მოლაპარაკება გულისხმობს, რომ ყველა მხარე მზად უნდა იყოს კომპომისებისთვის და მზად უნდა იყოს მოქნილობისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს პრინციპული და ღირებული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც კომპრომისი და მოქნილობა ვერ შეეხება საკითხის შინაარსს, მაგრამ შეიძლება მსჯელობა საკითხის ფორმაზე, შეიძლება მსჯელობა საკითხის გადაწყვეტის გზაზე. შინაარსისგან დამოუკიდებლად ყოველთვის არსებობს, თუ გაქვს სურვილი, გზები, რათა მოძებნო კომპრომისი და იყო მოქნილი. ამიტომ, ამ მოლაპარაკებაში ბატონი მიშელის დატოვებულ ექვსივე პუნქტში არის ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვერც ერთი თემის იგნორირება ვერ მოხდება და ეს არ იქნება სწორი. შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს ექვსივე თემაზე, რომელიც დოკუმენტშია, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გამოშვებაზე. ოღონდ ვიმეორებ, თუ მოლაპარაკებაში ხარ პასუხისმგებლიანად, ყოველთვის არსებობს იმის საშუალება, რომ ფორმაზე დათმობის გარეშე მოახერხო და პროცესთან დაკავშირებით მიხვიდე მხარეებისთვის მისაღებ შეთანხმებაზე, ეს პროცესი მიდის ახლა“, - განაცხადა ბაქრაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით კი, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება და ამის ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის, რომ ევროკავშირმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო ამ პროცესში. სამადაშვილის თქმით, მედიატორმა განაცხადა, რომ დარჩება მოლაპარაკების პროცესში იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება შედეგის დადებას. მისივე თქმით, იმედი აქვს, თუ „ქართული ოცნება“ შესაბამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, მოლაპარაკებებში უახლოეს მომავალში პროგრესი ექნებათ „პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. ამის საფუძველს მაძლევს პირველ რიგში ის, რომ ევროკავშირმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო ამ პროცესში. ამის ძალიან ნათელი გზავნილი მივიღეთ ჩვენ დღეს, როდესაც მედიატორმა განაცხადა, რომ ის დარჩება ამ პროცესში იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება შედეგის დადებას. ანუ, თუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა რამე ილუზია, რომ ევროპულ მხარეს მოსწყინდებოდა მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება. მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად, მათ შორის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დასაბრუნებლად იმ ფორმით, როგორიც უნდა იყოს ევროპულ სახელმწიფოში. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მონაწილეობა პროცესში, ვიდრე არ მივალთ შედეგამდე. ხელისუფლება, ღარიბაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში, მე ვფიქრობ, რომ ის მიიღებს გარკვეულ გზავნილებს ბრიუსელში ევროპული მხრიდან და ვნახოთ, შესაბამისად როგორ შეიცვლება, თუ არ შეიცვლება „ქართული ოცნების“ პოზიცია, მაგრამ კომპრომისის მიღწევა ცხადია, რომ ორივე მხრიდან მოითხოვს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა სამადაშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ დანიელსონი შეეცდება, დარჩეს საქართველოში, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა არ მოხდება. „რა არის კარგი ამბავი? - კარგი ამბავი არის ის, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება, მანამ იყოს საქართველოში, ვიდრე შეხვედრა არ მოხდება. მეორე, რომ გითხრათ, დღეს რამე განსხვავებული კუთხით წინ წავიწიეთ, ეს ასე არ არის. მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა. ის, რაც გუშინ საღამოს „ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. მოლაპარაკებები გაგრძელდება. ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისებისთვის. დოკუმენტის შინაარსზე, სამწუხაროდ, ვერ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ვიცავთ იმ პოზიციას, რა მანდატიც თქვენგან გვაქვს. ყველანაირად დავიცავთ ჩვენს ძირითად საკითხებს. სიტუაცია მარტივი არ არის. შეიძლება ჩვენი შეხვედრა უკვე იყოს ხვალ და არა დღეს. გაერთიანებული იქნება თუ ცალკე, დაზუსტდება. არის ბევრი საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ უახლოეს დღეებში პროცესის დასრულებამდე უნდა მივიდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ. ვაშაძისთვის წინასწარ უცნობია, რაზე იქნება საბოლოო შეთანხმება, თუმცა, აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, პატიმრები ისევ ციხეში დატოვონ. „დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობთ, არ არის არც ოპოზიციის და არც „ქართული ოცნების“ დოკუმენტი. ეს არის მედიატორების, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სახელით შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც ამერიკის მხარე ეთანხმება. შესაბამისად, დოკუმენტზე, რომელზეც გვესაუბრებიან, ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს და მეორე მხარესაც შეიძლება ჰქონდეს. დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე შეთანხმებას ვერ გაექცევა. ევროკავშირისთვის ერთია, რომ საქართველოს შიდა სტაბილიზაცია უნდა მოხდეს, ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ შეგახსენებთ შარლ მიშელის ნათქვამს წინა ვიზიტზე, რომ ახლო პერიოდში მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები რეგიონში, შესაბამისად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხერხდეს შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ქვეყანაში. ამიტომაც არის ლამის ყოველდღიური, ინტენსიური ჩართულობა. საბოლოო შეთანხმება რაზე იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ პატიმრები ისევ ციხეში დავტოვოთ. რა იქნება სხვა მხრიდან, ამას ვიტყვით. ადამიანს ციხეში ვერ დავტოვებთ! როგორ წარმოგიდგენიათ ეს გავაკეთოთ?!“, - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა. დანიელსონის თქმით, მოლაპარაკებების პროცესს მეტი დრო სჭირდება.

თეირანი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. ინფორმაციას Thomson reuters foundation news-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მოხსნას სანქციები და მისცეს გარანტიები, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდება. ,,შეერთებულმა შტატებმა უნდა მოხსნას სანქციები ირანზე და ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ტრამპის შეცდომები აღარ განმეორდეს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ JCPOA- ს ფარგლებში,” - განაცხადა პრესკომფერენციაზე პრესსპიკერმა. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმების საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად ირანთან მოლაპარაკებები გამართოს. თეირანი კი აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს.

წითელ ზღვაში ეგვიპტემ და საფრანგეთმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

წითელ ზღვაში ეგვიპტემ და საფრანგეთმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadoly ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობა მიიღო ფრანგულმა ავიაგადამზიდმა შარლ დე გოლმა და ეგვიპტის ფრეგატმა Segm Al Fateh-მა. სწავლების ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა მრავალ სფეროში, მათ შორის ვერტმფრენების გემებზე დაშვებაში, დისტანციური თავდაცვის ტაქტიკასა და ყველა სახის საფრთხის გადაჭრაში. სწავლება განხორციელდა ეგვიპტის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის გეგმის ფარგლებში, რომელიც ახორციელებს სწავლების დონის ამაღლებას და გამოცდილების გაცვლას "ძმური და მეგობრული" ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან.

განათლების სამინისტრო: გამოვლინდა 10 404 მოზარდი, რომლებსაც საგანმანათლებლო ისტორია არ აქვთ

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში. უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“. „აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად. სამინისტროს მიზანია, ერთი მხრივ, დაიცვას საქართველოში მცხოვრები ბავშვების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი წარმატებული ინტეგრირება განათლების სისტემაში; ასევე, მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სისტემა და მათი განათლების სისტემაში დაბრუნების მექანიზმები. აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს შესთავაზებს. ამ ეტაპზე ახალი კურიკულუმის პილოტირების პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, გარდა ამისა, მოზარდებისთვის მზადდება სასწავლო რესურსები, ხოლო მასწავლებლებისთვუს – სატრენინგო მოდულები. „შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა. პროგრამის განხორციელებაზე საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სხვადასხვა უწყებებთან ერთად იმუშავა. სამუშაო პროცესში ჩართული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. სწორედ ამ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე გახდა შესაძლებელი სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების გამოვლენა. UNESCO-ს მონაცემებით, მსოფლიოში 61 მლნ ბავშვი არის სკოლის მიღმა დარჩენილი“,- ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი ამოქმედდა

Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. უწყებაში განმარტავენ, რომ ცხელი ხაზი 15 22, ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.

დღეს კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. შეხვედრა ორბელიანი სასახლეში მალე დაიწყება. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ორი დღის განმავლობაში ის ხვდებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ საქართველოში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს. დღეს დილიდან მან შეხვედრები გააგრძელა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ და მ.წ-მ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და-ძმა - ა.გ. და ა.გ. 2015 წელს, ხოლო ჰ.კ. 2016 წელს კარგი სამუშაო პირობების და ანაზღაურების დაპირებით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საკუთარი ტრანსპორტით ჩამოიყვანეს. სამივე პირი ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეფრემოვკაში, მათ საკუთრებაში არსებულ საქონლის ფერმაში მიიყვანეს და მუქარით და იძულებით 2021 წლის 9 მარტამდე შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბ.წ. და მ.წ. დაზარალებულებს გაუსაძლის, მონობის თანამედროვე პირობებში ამყოფებდნენ, დასვენების დღეების გარეშე ამუშავებდნენ და ანაზღაურებას არ აძლევდნენ, უზღუდავდნენ თავისუფალ გადაადგილებას და მუდმივად აკონტროლებდნენ. ასევე, ბრალდებულებმა ჰ.კ.-ს პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ჩამოართვეს და მასზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდნენ. სამართალდამცველებმა ბ.წ. და მ.წ. 2021 წლის 13 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ და ე“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას არ გამორიცხავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა შემსუბუქდეს. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს იმაზე, სრულად მოიხსნება ეს შეზღუდვა, თუ რამდენიმე საათით შემსუბუქდება. „ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნება, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება განვიხილოთ. დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე - ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ეს შეზღუდვაც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, - აღნიშნა გამყრელიძემ. ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა რიგი შეზღუდვები ძალაში დარჩა, მათ შორის არის გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც სარამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებს.

კრისტიან დანიელსონი: არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება. დანიელსონის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები. ამის შესახებ მან ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა ამ დილით, დღის განმავლობაში კიდევ გვექნება შეხვედრები. პრეზიდენტ მიშელისგან მაქვს ამოცანა, რომ დავეხმარო მედიაციას, სწორედ ამიტომ ვრჩები. უკვე ვთქვი, რომ ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომელიც გადაუწყვეტელი რჩება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები, რომ კვლავ დავინახოთ კომპრომისის საჭიროება“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ორი დღის განმავლობაში ის ხვდებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ საქართველოში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.

კრისტიან დანიელსონი: მნიშვნელოვანია პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები, რომ კვლავ დავინახოთ კომპრომისის საჭიროება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები. ამის შესახებ მან ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა ამ დილით, დღის განმავლობაში კიდევ გვექნება შეხვედრები. პრეზიდენტ მიშელისგან მაქვს ამოცანა, რომ დავეხმარო მედიაციას, სწორედ ამიტომ ვრჩები. უკვე ვთქვი, რომ ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომელიც გადაუწყვეტელი რჩება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები, რომ კვლავ დავინახოთ კომპრომისის საჭიროება“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ორი დღის განმავლობაში ის ხვდებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ საქართველოში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.

არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ მიკისკას შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩეხეთის მთავრობის დახმარებისთვის. არჩილ თალაკვაძემ ელჩს ვიშეგრადის ჯგუფის დაფუძნების 30 წლისთავი მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ ფორმატის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას.

პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების პროცესი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, ორბელიანების სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს. შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი მე-4 დღეა საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

სასამართლომ ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რეზიდენტი საბანკო დაწესებულებების და არარეზიდენტი ფიზიკური პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - გ.კ., კ.ა., ლ.გ., ვ.ნ. და შ.ი. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელევს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი სასტუმროების ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან. "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ლ.გ-მ, ვ.ნ-მ, შ.ი-მ მათივე მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გახსნეს საბანკო ანგარიშები და პოს ტერმინალისა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ. აღნიშნულით, მათ მიეცათ შესაძლებლობა პოს ტერმინალში და „ჯეო ფეის“ გადახდის სისტემაში, სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საბანკო ბარათების მონაცემების შეყვანის გზით, ბარათებიდან ჩამოეჭრათ თანხა და გადაეტანათ მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე. მსჯავრდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებ-გვერდების მეშვეობით. დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, მსჯავრდებულებს, პოს ტერმინალში და ,,ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები, რა გზითაც ბარათებიდან ჩამოჭრილ დიდი ოდენობით თანხებს წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად ინაწილებდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. ზემოაღნიშნული ქმედებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 671 153 ლარის ოდენობის ზიანი მიადგათ. გ.კ-მ და კ.ა-მ დანაშაულებრივად დაუფლებული თანხების ნაწილი, მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლების დამალვისა და შენიღბვის მიზნით დაანაწევრეს და 2018 წლის 17 ივნისიდან 2018 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში, მათივე სარგებლის გამოკლებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით რუსეთის ფედერაციაში გაუგზავნეს დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს, რითაც მოახდინეს 64 472 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. გ.კ. და კ.ა.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ.გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ.ნ-მ, შ.ი.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ახალ მოადგილედ ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა. დარახველიძე ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება. ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო. 2009-2012 წლებში დარახველიძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ალექსანდრე დარახველიძე რამდენიმე უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას, არის კავკასიის უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტრო დატოვა და მუშაობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრში (EPRC) დაიწყო. ახალი სამუშაო ადგილის შესახებ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა. ცნობისთვის, გიგი გიგიაძე ერთადერთი ელჩი იყო, რომელმაც საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.

გერმანული საერთაშორისო სკოლის 29 მოსწავლე წელიწადში 4000 ევრომდე გადასახადს იხდიდა, თუმცა მოსწავლეთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ იყო

გერმანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლის მშობელმა იანა ბიკოვა-ღუღუნიშვილმა, რომელმაც სკოლას 65 ათას ლარზე მეტი გადაუხადა, 5 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი შვილი განათლების სამინისტროს მოსწავლეთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ იყო. როგორც Europetime-ს იანა ბიკოვა-ღუღუნიშვილმა აცნობა, მისი შვილი უკვე მე-6 კლასში იყო, როდესაც შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ის განათლების სამინისტროს EMIS-ის რეესტრში არ ფიქსირდებოდა. ბიკოვას თქმით, მისი შვილის მსგავსად, მოსწავლეთა ერთიან ბაზაში არ აღმოჩნდა აღნიშნული სკოლის კიდევ 29 მოსწავლე. მშობელმა აღნიშნული დარღვევის შესახებ, განათლების სამინისტროს აცნობა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი კომისია, მონიტორინგის მიზნით, 2020 წელს სკოლაში შევიდა, 2020 წლის 26 დეკემბერს კი სკოლის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული დასკვნა Europetime-მ მოიპოვა. დასკვნის თანახმად, ირკვევა რომ თბილისში მდებარე გერმანულ საერთაშორისო სკოლაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეების ჩარიცხვა-ამორიცხვის შესახებ ბრძანება არ იწერება. მოსწავლეების სკოლაში სწავლის ერთადერთი მტკიცებულება, სკოლის მეილზე მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მიმოწერაა. „2020 წლის 9-11 სექტემბრის მონაცემებით, 29 მოსწავლე, რომელიც რეგისტრირებულია სკოლის შიდა ბაზაში, არ არიან რეგისტრირებულნი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. აღნიშნული 29 მოსწავლიდან 2 მოსწავლე მიღებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, 5 წლის ასაკში“, - წერია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ სააგენტოს დასკვნაში. როგორც Europetime-ს სააგენტოში განუცხადეს, გერმანული საერთაშორისო სკოლის საქმე ბოლომდე არ დასრულებულა და ჯერ ისევ განიხილება. აღმოჩენილი დარღვევების გამოსასწორებლად, სკოლის ადმინისტრაციას 60 დღის ვადა მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ, საკითხს ხელახლა განიხილავენ. იანა ბიკოვამ გერმანულ სკოლას სასამართლოშიც უჩივლა და სხდომის ჩანიშვნას ელის. დაზარალებული მოსწავლის მშობლის ცნობით, პრობლემა 2020 წლის ივლისში აღმოაჩინა, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, მე-6 კლასიდან შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა გადაწყვიტა,კერძო სკოლა „ლოგოსში“ „ლოგოსში“ ბავშვმა მისაღები გამოცდა ჩააბარა, სკოლაში მიიღეს და კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. დაველოდეთ სასწავლო წლის დაწყებას. რამდენიმე დღეში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ რაღაც ხდება და ჩემი შვილი მოსწავლეთა ერთიან ბაზაში არ იძებნება. თვითონაც გაოცებულები იყვნენ. მითხრეს გერმანულ სკოლასთან გამერკვია, რატომ შეიქმნა პრობლემა. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, ნებისმიერი მოსწავლე EMIS-ის რეესტრში დაარეგისტრიროს. აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი და კიდევ 29 ყოფილი და ახლანდელი მოსწავლე EMIS-ის რეესტრში რეგისტრირებული არ არის. სკოლაში სადაც, ჩემი შვილის განათლებისთვის, ყოველწლიურად ვიხდიდი საშუალოდ 4000 ევროს, აღმოჩნდა რომ ჩემი შვილი არაოფიციალურად სწავლობდა. შესაბამისად, მის მიერ მიღებული განათლება და შეფასებები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სკოლასთან საუბრისას გაირკვა, რომ ხუთი წელია, მოსწავლის განათლების უფლებასა და თავისუფლებას თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა უხეშად არღვევს. ერთი შეხედვით, გერმანული სკოლა სწორედ, ასეთი ჩანდა: ორმაგი - გერმანიისა და საქართველოს აკრედიტაცია/ავტორიზაცია, ადმინისტრაციის დაპირებები - საუკეთესო გერმანელი და ქართველი პედაგოგები, კარგად გამართული ინფრასტრუქტურა… სწორედ ამიტომ მივიყვანე ჩემი შვილი და ამიტომ ვიხდიდი ამხელა თანხას. საბოლოოდ, ყველაფერი ფასადური აღმოჩნდა, რადგან სკოლამ უხეშად დაარღვია ჩემი შვილის განათლების მიღების და მშობლის კანონიერი ნდობის პრინციპები!“, - განუცხადა Europetime-ს იანა ბიკოვამ. დაზარალებული მშობელი სკოლასთან ურთიერთობის დაწყების დეტალებს იხსენებს და სკოლის ფინანსურ სქემაზე საუბრობს, რომლის გამოც, მისი შვილი განათლების სისტემის გარეთ აღმოჩნდა, როგორც არაოფიციალური მოსწავლე. "გერმანულ სკოლასთან ჩემი ოჯახის თანამშრომლობა 6 წლის წინ დაიწყო, როცა ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბავშვი აღნიშნული სკოლის საბავშვო ბაღში შევიყვანეთ. სკოლაში მისვლის დრო, რომ მოვიდა, ბავშვი ჯერ არ იყო ექვსი წლის, ორ კვირაში ხდებოდა, ამიტომ მიღებაზე უარი გვითხრეს, კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ მივიღებთ ექვსი წლის ჯერ არ არისო. გადავწყვიტეთ მომავალ წელს დავლოდებოდით. თუმცა რამდენიმე ხნის მერე, სკოლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, გამონაკლისის სახით მიიღებდნენ, რადგან ერთი 5 წლის მოსწავლე უკვე მიღებული ჰყავდათ. რა თქმა უნდა, გაგვიხარდა და ბავშვი სკოლაში მივიყვანეთ. სკოლასთან კონტრაქტი მეხუთე კლასამდე გავაფორმეთ. პრობლემები სწორედ მეხუთე კლასში დაიწყო. ჩემი შვილის კლასში ჩატოვებას ცდილობდნენ, მათემატიკაში, როცა კომაროვში დამყავდა და იქ რომ ვიკითხე, მითხრეს რომ შეუძლებელი იყო ბავშვი მათემატიკაში ჩაჭრილიყო. მაშინ დავეჭვდი, რომ რაღაც ხდებოდა და ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა გადავწყვიტე“, - აღნიშნავს მშობელი. როგორც Europetime-ს აღნიშნული მოსწავლის ერთ-ერთმა ახლობელმა უამბო, კლასში ჩატოვების წინასწარგანზრახული მიზნით, მასწავლებლების დამოკიდებულების გამო, ბავშვი იმდენად დაითრგუნა და თვითშეფასება იმდენად დაუქვეითდა, საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა დაიწყო. „ჩემი ვარაუდით ერთგვარი სქემა ჰქონდათ. ბაზაში არ არეგისტრირებდნენ ისეთ მოსწავლეებს, ვისზეც იცოდნენ, საქართველოში დროებით ცხოვრობდა. ჩემი შვილი მეორე კლასში იყო, როცა აღმოაჩინეს, რომ საქართველოს მოქალაქეობაც აქვს, სამშობლოში საცხოვრებლად საბოლოოდ დავბრუნდით და წასვლას აღარსად ვაპირებთ. სკოლის ადმინისტრაცია მაშინვე მოთხოვნით შესულა განათლების სამინისტროში, ერთი წლის დაგვიანებით, ჩემი შვილის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირება უცდიათ, რაზეც სამინისტრომ უარი განუცხადა. იმის მაგივრად, რომ ეს ამბავი ჩემთვის ეთქვათ და შეცდომა ეღიარებინათ, დამატებით ოთხი წელი მახდევინებდნენ სწავლის საფასურს 4000 ევრომდე, ისე, რომ ჩემი შვილი განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულიმოსწავლე არ იყო. ბავშვი მეოთხე კლასში იყო, როცა ძველ დირექტორს კონტრაქტი ამოეწურა, პრობლემა ახალ დირექტორს გადააბარა, ისიც გაჩუმდა და გადაწყვიტა ჩემი შვილის მეხუთე კლასში ჩატოვებით გამოესწორებინა შეცდომა. მე რომ სხვა სკოლაში გადაყვანა მოვისურვე, მიხვდნენ რომ ვეღარაფერს დამალავდნენ. დახმარების თხოვნით სამინისტროს მივმართე. სამინისტროში მითხრეს, რომ მე-6 კლასში ვერ დაარეგისტრირებდნენ, რადგან პირველ კლასში სასწავლო წლის დაწყებისას ჯერ 6 წლის არ იყო. ვთხოვე, გამონაკლისი დაეშვათ, მაგრამ უარი მითხრეს, 2020 წლის ოქტომბერში შეიყვანეს მოსწავლეთა ერთიან ბაზაში, როგორც მე-5 კლასის მოსწავლე. „ლოგოსშიც“ მე-5 კლასში აიყვანეს, რადგან მე-6 კლასელთა ბაზაში არ იყო. ჩემი შვილი დღემდე ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა“, - აღნიშნავს დაზარალებული მოსწავლის მშობელი იანა ბიკოვა-ღუღუნიშვილი. Europetime გერმანულ საერთაშორისო სკოლასაც დაუკავშირდა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა ასევე გერმანიის საელჩომ. აღსანიშნავია რომ 15 მარტს განათლების სამინისტრომ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), საგანმანათლებლო ისტორია არ აქვს და აღნიშნული მოსწავლეები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში არ არიან. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის აღნიშნული მოსწავლეების სიტემის გარეთ დარჩენის კონკრეტული მიზეზები. ასევე არ არის დაკონკრეტებული 10 404 მოსწავლეში შედიან თუ არა კერძო სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც სკოლამ EMIS-ის რეესტრში არ დაარეგისტრირა.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხოლმალდები შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შენაერთის შემადგენლობაშია: საფლაგმანო ხომალდი "CRISTOBAL COLON" (ესპანეთი), "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს. "საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით NATO-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. შენაერთის ვიზიტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები კი მხოლოდ ხომალდების მანევრებს ითვალისწინებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე. NATO-ს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია მართლაც საოცარია, ჩვენი მიზანია ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტისას ის ბელგიის, ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება. ღარიბაშვილის თქმით, ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია მართლაც საოცარია და მთავარი მიზანია ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა. ,,ბრიუსელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი იწყება. შევხვდები ბელგიის, ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლესი თანამდებობის პირებს. ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია მართლაც საოცარია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი მთავარი მიზანია ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა", - წერს Tweeter-ზე პრემიერი.