ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიტიზი დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიტიზი დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინიც იმყოფება. ეს არის მათი პირველი ვიზიტი თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ექსპერტების აზრით, ოფიციალური ვიზიტისას დღის წესრიგში განსახილველ საკითხებად შედის სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში ნაოსნობის თავისუფლება, ნახევარგამტარული მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საკითხი და სხვა მნიშვნელოვანი თემები. აღსანიშნავია, რომ ის ასევე შეხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-იაპონიის ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას. ასევე განიხილავენ COVID-19-ის ეკონომიკურ გავლენას. 17-18 მარტს მდივანი ბლინკენი და მინისტრი ოსტინი სეულში მინისტერიალს ("2 + 2") დაესწრებიან.
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს 17 მარტს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს 17 მარტს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა NATO-ს გენერალურ შტაბ-ბინაში გაიმართება. ღარიბაშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.
ტომას ჰენდრიკ ილვესი ღარიბაშვილს: "შესანიშნავი პროგრესი" არ იქნება პირველი რამ, რაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუვათ აზრად
"შესანიშნავი პროგრესი" არ იქნება პირველი რამ, რაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუვათ აზრად", - ასე უპასუხა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრემიერ-მინიტრი ბრიუსელში ვიზიტის დაწყებაზე წერს და აცხადებს, რომ "პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია მართლაც საოცარია". პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტისას ის ბელგიის, ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.
ეკატერინა ტიკარაძე: მაისის თვიდან ველოდებით, რომ საქართველოში იქნება უფრო ფართოდ გაშლილი ვაქცინაციის ქსელი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მაისისთვის შესაძლებელი იქნება კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. ,,მეორე და მესამე კვარტალი ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში შესაძლებელი იქნება მასობრივი ვაქცინაციის მეტად უფრო ეფექტურად წარმართვა და სწორედ მაისის თვიდან ველოდებით, რომ საქართველოში იქნება უფრო ფართოდ გაშლილი ქსელი, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ ვაქცინაცია", - თქვა მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ვაქცინაცია კი 15 მარტიდან დაიწყო.
ნიკა მელია: პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ
"პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ და ქვეყნის მომავლისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გავხსნათ", - ამის შესახენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. ნიკა მელიას თქმით, რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. "მგონი, ყველაზე მეტად facebook სივრცეში ყოფნა მომენატრა. ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა. საკანში პირველი 3-4 დღე გაღვიძებისთანავე მობილურ ტელეფონს ვეძებდი... მერე კი, შევეგუე, რომ ოფისში დამრჩა. ერთი სიტყვით, ძალიან მომენატრეთ... ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა. ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ჩვენი ამირეკელი და ევროპელი მეგობრებისგან იღებს. მათ სჯერათ ქართველების კეთილგონიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების და სჯერათ, რომ შევძლებთ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ. ეს მხარდაჭერა ძალას და მოტივაციას მმატებს, აქ ციხეში. პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ და ქვეყნის მომავლისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გავხსნათ. ამისთვის საჭიროა, ამ მხარდაჭერას ბოლომდე ჩავეჭიდოთ, სწორად გამოვიყენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი მეგობრები საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად იჩენენ და ეს კეთილგანწყობა არ გავფლანგოთ. ამისთვის საჭიროა, ოლიგარქის ხელისუფლებამ უპირობოდ გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ. ჩვენ რეალური საარჩევნო რეფორმა უნდა განვახორციელოთ და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად რეალური მექანიზმები შევიმუშავოთ. ეს უნიკალური შანსი უნდა გამოვიყენოთ და ის რეფორმები გავატაროთ, რომლებიც სახელმწიფოს შტოებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელს გახდის, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები ყოველთვის ექნება და დამოუკიდებელი ინსტიტუტები ვეღარ მოექცევიან ხელისუფლების პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ. და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ქართულ ოცნებას ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისების დასაძლევად , რომელთაც დრამატულად მძიმე მასშტაბებს მიაღწიეს აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა. ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს. ჩვენ დამოუკიდებლობის ურთულესი ოცდაათწლიანი პერიოდი გამოვიარეთ, ენით აღუწერელ სირთულეებს გავუძელით და ყოველთვის წინ მივდიოდით - ზოგჯერ პატარა ნაბიჯებით, ზოგჯერ დიდი ნახტომებით. ჩვენ შევძელით არშემდგარი სახელმწიფოდან რეგიონში სამაგალითო ქვეყანა გავმხდარიყავით. ამ გზაზე ბევრი ძალიან მძიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მათმა გაანალიზებამ, დიდ გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად, ცოდნა შეგვძინა, როგორ აღარ უნდა გავიმეოროთ ისინი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძლიერი თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გვყავს სამოქალაქო აქტივისტების ახალი თაობა - თავიანთ სფეროებში ძალიან წარმატებული ახალგაზრდები. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ავტორიტარიზმის იმ ღრმა უფსკრულში არ გადავეშვათ, რომელსაც ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ამიტომ, კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ. რუსთავის ციხე, საკანი #224 13.03.21. 01:40 სთ. P.S. 100 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ჩვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება დავკარგეთ. მაშინ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც უბრძოლველად არ დანებდა და 5 კვირა დასავლეთისგან მიტოვებული წითელ ურჩხულთან უთანასწორო ბრძოლაში იბრძოდა. დღეს, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით ჩვენი მეგობრები არიან. ისინი, ვისაც საქართველოს წარმატების სჯერათ, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ჩვენ უნდა ვირწმუნოთ", - წერს ნიკა მელია.
ნიკა მელია: ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა
"ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა", - ამის შესახენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. "მგონი, ყველაზე მეტად facebook სივრცეში ყოფნა მომენატრა. ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა. საკანში პირველი 3-4 დღე გაღვიძებისთანავე მობილურ ტელეფონს ვეძებდი... მერე კი, შევეგუე, რომ ოფისში დამრჩა. ერთი სიტყვით, ძალიან მომენატრეთ... ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა", - წერს ნიკა მელია. ნიკა მელიას თქმით, პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, პოლიტიკური ჩიხიდან თავის დაღწევის უდიდესი შანსია. "ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ჩვენი ამირეკელი და ევროპელი მეგობრებისგან იღებს. მათ სჯერათ ქართველების კეთილგონიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების და სჯერათ, რომ შევძლებთ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ. ეს მხარდაჭერა ძალას და მოტივაციას მმატებს, აქ ციხეში. პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ და ქვეყნის მომავლისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გავხსნათ. ამისთვის საჭიროა, ამ მხარდაჭერას ბოლომდე ჩავეჭიდოთ, სწორად გამოვიყენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი მეგობრები საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად იჩენენ და ეს კეთილგანწყობა არ გავფლანგოთ. ამისთვის საჭიროა, ოლიგარქის ხელისუფლებამ უპირობოდ გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ. ჩვენ რეალური საარჩევნო რეფორმა უნდა განვახორციელოთ და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად რეალური მექანიზმები შევიმუშავოთ. ეს უნიკალური შანსი უნდა გამოვიყენოთ და ის რეფორმები გავატაროთ, რომლებიც სახელმწიფოს შტოებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელს გახდის, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები ყოველთვის ექნება და დამოუკიდებელი ინსტიტუტები ვეღარ მოექცევიან ხელისუფლების პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ. და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა" - აცხადებს მელია. როგორც მელია აღნიშნავს, "ქართულ ოცნებას" ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისების დასაძლევად , რომელთაც დრამატულად მძიმე მასშტაბებს მიაღწიეს აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა. "ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს. ჩვენ დამოუკიდებლობის ურთულესი ოცდაათწლიანი პერიოდი გამოვიარეთ, ენით აღუწერელ სირთულეებს გავუძელით და ყოველთვის წინ მივდიოდით - ზოგჯერ პატარა ნაბიჯებით, ზოგჯერ დიდი ნახტომებით. ჩვენ შევძელით არშემდგარი სახელმწიფოდან რეგიონში სამაგალითო ქვეყანა გავმხდარიყავით. ამ გზაზე ბევრი ძალიან მძიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მათმა გაანალიზებამ, დიდ გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად, ცოდნა შეგვძინა, როგორ აღარ უნდა გავიმეოროთ ისინი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძლიერი თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გვყავს სამოქალაქო აქტივისტების ახალი თაობა - თავიანთ სფეროებში ძალიან წარმატებული ახალგაზრდები. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ავტორიტარიზმის იმ ღრმა უფსკრულში არ გადავეშვათ, რომელსაც ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ამიტომ, კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ. რუსთავის ციხე, საკანი #224 13.03.21. 01:40 სთ. P.S. 100 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ჩვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება დავკარგეთ. მაშინ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც უბრძოლველად არ დანებდა და 5 კვირა დასავლეთისგან მიტოვებული წითელ ურჩხულთან უთანასწორო ბრძოლაში იბრძოდა. დღეს, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით ჩვენი მეგობრები არიან. ისინი, ვისაც საქართველოს წარმატების სჯერათ, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ჩვენ უნდა ვირწმუნოთ", - წერს ნიკა მელია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მამუკა ჯანგულაშვილი უხელმძღვანელებს
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი პრემიერ მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 10 მარტს დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს. "2018 წლიდან დღემდე მამუკა ჯანგულაშვილი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე იკავებდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას, მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროფესიით მამუკა ჯანგულაშვილი სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში", - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
თამარ გაბუნია: 17:00 საათის მონაცემებით, ვაქცინა 500-მდე ადამიანმა გაიკეთა
"17:00 საათის მონაცემებით, ვაქცინა 500-მდე ადამიანმა გაიკეთა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. გაბუნიას აზრით, მომდევნო დღეებში აქტივობა მაღალი იქნება. "3500 ადამიანი (სამედიცინო პერსონალი) არის ვაქცინის გაკეტების როგში, 17:00 საათის მონაცემებით, ვაქცინა 500-მდე ადამიანმა გაიკეთა. ვფიქრობ, მომდევნო დღეებში აქტივობა მაღალი იქნება. შემდეგ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად მოხერხდება ვაქცინის მობილიზება და შემოტანა. ვაქცინის რაოდენობა, რაც დღეს გვაქვს, თუ სწრაფად და ეფექტურად არ ავითვისეთ, საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან რთული იქნება საუბარი, რომ ჩვენ დამატებითი დოზები გვჭირდება და თან სწრაფად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის ტემპი გაიზარდოს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება. პრემიერი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, კავკასიის რეგიონსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი 17 მარტს კი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
ნოდარ მელაძემ სახელმწიფო დაცვაზე უარი თქვა
ნოდარ მელაძემ სახელმწიფო დაცვაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვეს, სადაც გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებული. მათი თქმით, მიმდინარე გამოძიება არის ფორმალური ხასიათის. როგორც მელაძემ აღნიშნა, ჟურნალიტებისთვის მთავარი დაცვა არის თავისუფალი სიტყვა, რომლითაც ისინი მაუწყებლობენ ეთერში. შესაბამისად მას არასდროს ჰყოლია დაცვა და არც ეყოლება. "მამალაძის ინტერვიუდან გამომდინარე, შემოგვთავაზეს სახელმწიფო დაცვის სამსახური, რაზეც უარი ვთქვით. მათ განგვიმარტეს, რომ ამ საქმეზე მტკიცებულებად აქვთ, მხოლოდ ლევან მამალაძის ინტერვიუ. სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ დაგვარწმუნებდა მყისიერი საფრთხის შესახებ, ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. აქედან გამომდინარე ჩვენ გვრჩება განცდა, რომ ამის მიზანია ჩვენი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტების კონტროლი, თუ სად გადავაადგილდებით, ვის ვხვდებით და როგორ ვმუშაბთ. შესაბამისად, ჩვენ დაცვაზე ვთქვით უარი", - განაცხადა ნოდარ მელაძემ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან მამალაძემ "იმედის" ეთერში თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გეგმავენ საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას. როგორც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, მას ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მზადაა, საქართველოში პოლიტიკური მედიაციის პროცესში ჩაერთოს
ევროპარლამენტის წევრის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მზად არის სრულად ჩაერთოს პოლიტიკური მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და ყველა მხარის პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. აღნიშნულის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის გლობალური მხარდაჭერის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც კრამონის განცხადებაშია აღნიშნული, ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პარტიას, რომ დებატების მთავარი განსახილველი საგანი იყოს მოქალაქეების ინტერესები. „ევროპარლამენტი აქტიურად არის დაკავებული საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, ამიტომ, მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მის მუდმივ სამედიატორო მცდელობებში. მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მაქვს. ევროკავშირის შუამავლობის მცდელობების წარმატება დამოკიდებულია ევროკავშირის ინსტიტუტებზე, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების მიზნით. როგორც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფში (DEG) წამყვანი წევრი, მზად ვარ სრულად ჩავერთო საპარლამენტო მედიაციის მცდელობებში, საქართველოს პარლამენტთან და ყველა მხარის პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. ევროპარლამენტისათვის შუამავლობის პროცესში ჩართვისთვის აუცილებელია თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პოლიტიკური კლიმატის შექმნა. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დებატების ცენტრში მოაქციეთ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები და პატივი ეცით მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
თამარ გაბუნია: როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ
"როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "TV იმედის" ეთერში დასმულ კითხვას, თუ როდის გაიკეთებენ ვაქცინას თავად და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. "ჩვენ ვართ ჯანდაცვის სფეროს მუშაკების კატეგორიაში, თუმცა, აქაც არის კიდევ რამდენიმე შიდა რისკების დონე, ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ მაღალი რისკის დონე. როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ, უბრალოდ, ჯერჯერობით არის უფრო მეტად მიზანშეწონილი, რომ გაიკეთოს მაღალი რისკის პერსონალმა - რეანიმაციებში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც დავდივართ კლინიკებში და რისკიც მაღალი გვაქვს", - განაცხადა გაბუნიამ.
ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს მიმართავს, საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ საკუთარი მაგალითით მოუწოდონ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გაყრელიძე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პერსონალს მიმართვას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი მაგალითით მოუწოდონ საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ქვეყანა გამოწვევას ერთობლივი ძალებით დაამარცხებს. მისი თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა. „ძვირფასო კოლეგებო, მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების ღვაწლი ფასდაუდებელია, რომელთაც ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად უწევთ ამ უხილავ და ვერაგ მტერთან ბრძოლა. მინდა თითოეული თქვენგანის წინაშე ქედი მოვიხარო და ყოველ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა გაწეული შრომის, პროფესიული თავდადებისა და საქმისადმი ერთგულებისთვის. საქართველოში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი აღემატება 275 ათასს. დაინფიცირებულთა 97% გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ დაავადებას შეეწირა 3 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე, ხოლო ადამიანთა ნაწილში გამოჯანმრთელების მიუხედავად, ამ დაავადებამ გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი ცვლილებები. პრობლემაა ასევე, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებისათვის არსებული შეზღუდვების გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და სხვა სასიცოხლოდ მნიშვნელოვან სფეროებზე. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა და ამ ვერაგი დაავადების გამო მისი რიგები სამწუხაროდ, დატოვა ბევრმა გამორჩეულმა და ღვაწლმოსილმა ჩვენმა კოლეგამ. მიუხედავად ინფექციის მასშტაბის გარკვეული შემცირებისა, ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ პანდემიის დასრულებამდე. დღესდღეობით ეფექტური და მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული გზა, ამ დაავადებასთან ბრძოლაში, არის ვაქცინაცია, რომელიც ყველა დროის კაცობრიობის მონაპოვარსა და უდიდეს სამედიცინო მიღწევათა შორის არის შესული. იმუნიზაცია იცავს მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისგან, რამაც საშუალება მისცა მსოფლიოს მოსახლეობას, აღეკვეთა მრავალი შესაძლო ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქება. დღეისათვის საქართველოს მთავრობის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, კოვაქს პლატფორმისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ქვეყანამ შეძლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, მაღალი ეფექტურობის მქონე ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა და ვაქცინებით მომარაგება გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში, რათა მივაღწიოთ აცრილთა მოცვის წლევანდელ სამიზნეს - მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას. ამ ეტაპზე მიღებული რაოდენობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ რიგში მიმართული იქნება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალის იმუნიზაციისთვის, რათა მათი აცრით დავიცვათ მათი და დანარჩენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. თითოეულ თქვენთაგანს, ყველა ჩემს კოლეგას, მოგიწოდებთ გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, საკუთარი მაგალითით მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ. პირადი ქცევით ვუჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი როლი პანდემიის დამარცხების გზაზე, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. იმედი მაქვს, შევძლებთ ქვეყნის კეთილდღეობისათვის ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გაზიარებას, მაგალითის მიცემას და ერთობლივად დავამარცხებთ 21-ე საუკუნის ამ საშიშ გამოწვევას“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არცელებს.
დღეს საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 19:25 საათზე, ონთან, 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრში, სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა.
"აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" - ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
"აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" - ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული და იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობის და ხარისხის მკაცრ სტანდარტებს. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილობის რისკს. ვაქცინა პანდემიის დასასრულია. სპეციალისტების განცხადებით, აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ, მოქალაქე დაცულია ინფიცირებისგან. აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება სრული იმუნიტეტის მისაღწევად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მიღებული გაქვთ ვაქცინის ორივე დოზა, აუცილებელია, დაიცვათ სოციალური დისტანცია და ატაროთ პირბადე. აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 3 თვეზე მეტია, გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ევროკავშირში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია 5 მილიონი, გაერთიანებულ სამეფოში 11 მილიონზე მეტი ადამიანი. „კოვიდ-19“-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა! აიცერი და დაიცავი შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა! ვაქცინა გვიცავს! ერთად შევაჩეროთ „კოვიდ-19“-ის პანდემია!“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ეკატერინე ტიკარაძე: C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 73 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო
"C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს მოზრდილი მოსახლეობის 72%-ზე მეტს. მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 73 ათასზე მეტი პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი კი 98.9%-ს შეადგენს". ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის მე-6 შეხვედრაზე განაცხადა. ტიკარაძის თქმით, საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი და საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მისაბაძი ქვეყანა გახდა. “მოგეხსენებათ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საკმაოდ წარმატებულია, რომელმაც სერიოზული პროგრესი განიცადა ამ წლების განმავლობაში და ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს მოზრდილი მოსახლეობის 72%-ზე მეტს. მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 73 ათასზე მეტი პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი კი 98.9%-ს შეადგენს. საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი და საქართველო მსოფლიოს მასშტაბით გახდა მისაბაძი ქვეყანა. მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მათ მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო ყველა იმ ორგანიზაციასა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობს ჩვენთან ერთად. მსოფლოში შექმნილი ვითარების ფონზე, დღეს TAG-ის შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ტარდება. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც აქამდე, და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გახდება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
თბილისში მცირე და საშუალო ზომის რესტორნების სუბსიდირების პირობები ცნობილია
თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა. განაცხადის მიღების ბოლო ვადად კი, 2021 წლის 5 აპრილი განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიზისის დასაძლევად სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა და ერთობლივად შემუშავდა ის კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდნენ. თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის პირობებს, მცირე და საშუალო ზომის კვების ობიექტებმა შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ: • ობიექტი რეგისტრირებული უნდა იყოს 2020 წლის 28 ნოემბრამდე. (არა ლიკვიდირებული სტატუსით); • 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში ბრუნვა, ჯამში, არაუმეტეს 100 000 ლარს უნდა შეადგენდეს; • ობიექტს 20-80 სკამი უნდა გააჩნდეს. დასადასტურებლად საჭიროა, 2020 წლის ოქტომბრის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, სადაც ობიექტზე სკამების რაოდენობა იქნება მითითებული; იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ მან 2020 წლის ოქტომბრის მიხედვით (წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად) 20-მდე დასაქმებულის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს. სუბსიდირების პროგრამით ის ობიექტები ვერ ისარგებლებენ, რომლებიც წარმოადგენენ: ○ საბანკეტო-სარიტუალო დარბაზებს; ○ საერთაშორისო ქსელის ნაწილს ან ფრანშიზს; ○ სწრაფი კვების ობიექტებს; ○ სასტუმროში, საავადმყოფოში, ავტოსამრეცხაოში, სასწავლო დაწესებულებაში, სურსათის მაღაზიასა და ჰიპერმარკეტში განთავსებულ კვების ობიექტებს. „ფინანსური დახმარების მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები: 1. კვების ობიექტის სარეგისტრაციო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტი საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 28 თებერვლის შემდგომ უნდა იყოს განახლებული; 2. თბილსერვისის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარი 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით; 2.1 იმ შემთხვევაში, თუ კვების ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი, 2020 წლის ოქტომბრის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს. 3. ინფორმაცია საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვის შესახებ, 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის მონაცემებით (გთხოვთ, წარმოადგინეთ აღნიშნულ ლინკზე მოთხოვნილი და მიღებული დოკუმენტაცია); 4. კვების ობიექტის საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები.ფინანსური დახმარების მისაღებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აუდიტი: ნინოწმინდაში ბავშვებს კომპიუტერის შემსწავლელ წრეზე კომპიუტერები არა აქვთ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილია ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება, რომელსაც დებულების მიხედვით, ძირითადად, ევალება განუვითაროს ბავშვებს სხვადასხვა მიმართულების უნარ-ჩვევები. 2018-2019წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ის დაფინანსებისათვის სულ დახარჯულია 112.0 ათასი ლარი. "ა(ა)იპ − ში შექმნილია 15 სხვადასხვა მიმართულების წრე, მათ შორის, ერთი –კულინარიის და ორი – კომპიუტერის შემსწავლელი წრეები. აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - სამზარეულოს ინვენტარის სახით",- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ა(ა)იპ-ის "პასუხისმგებელი პირის განმარტებით", ინვენტარი თავად დაწესებულების აღსაზრდელებს დააქვთ.
ბრიტანეთის ელჩი: ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლაში
"ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში", - ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი საქართველში ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანას Twitter-ზე ეხმიანება. "საქართველოში COVAX პლატფორმის მეშვეობით კოვიდ 19-ის ვაქცინების პირველი დოზა ჩამოვიდა. COVAX-ის მიზანია, ვაქცინები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი COVAX-ის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში", - წერს ბრიტანეთის ელჩი.
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც მტავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. "მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით და აღნიშნეს ვაქცინაციისა და ერთობლივი ძალისხმევის როლი პანდემიის დროულად დამარცხებაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების აუცილებლობაზე, რათა ყველა ქვეყანამ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს, შეძლოს ეკონომიკის სრულფასოვანი ამოქმედება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოსტპანდემიურ ეტაპზე, მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისება და ტურიზმის სექტორის აღდგენა. ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში, როგორც რეგიონულ, ისე ფედერალურ დონეზე თანამშრომლობით, ბავშვთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, აღდგენითი მართლმსაჯულების, სასკოლო განათლების სფეროში სწორი მიდგომების თემაზე არაერთი შედეგზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდა. მხარეებმა ისაუბრეს განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველო, 2023 წელს, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას მიიღებს ბელგიური ხელოვნების ფესტივალში - ევროპალია. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, ახალ გეოპოლიტიკურ სურათსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე. ალექსანდერ დე კრომ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ისევე, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე დაესწრნენ.