ძებნის რეზულტატი:
ეკატერინე ტიკარაძე: პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობ
პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „ეს პროცესი რთული რომ იქნებოდა, გათვიცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება. ჩვენი ექიმების ჯგუფიც, რომლებიც წინა ხაზზე იმყოფებიან, პრიორიტეტია და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს. ვცრით პირველად მათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის სიმცირე ვაქცინაციის პირველ დღეს ანტივაქსერულ კამპანიას უკავშირდება.
კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” ლიდერებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების” ლიდერებს ხვდება. შეხვედრაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი იმყოფებიან. შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
ჯანმო: AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერება რუტინული პრაქტიკაა
AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერება რუტინული პრაქტიკაა - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. "AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერება რუტინული პრაქტიკაა. ეს გვიჩენებს, რომ სამეთვალყურეო სისტემა მუშაობს და ეფექტური კონტროლი ხორციელდება", - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი. შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ქვეყანაში შეაჩერეს. მიზეზად კი თრომბის გამოწვევას ასახელებენ. თუმცა, 12 მარტს ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლია უშუალოდ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრამ გამოიწვია.
არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია
"თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ვფიქრობ, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შეძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი. პუნქტებში, რომელზეც განხილვაც მიმდინარეობს, არის მნიშვნელოვანი წინსვლა პოზიციების დაახლოების კუთხით. გარკვეული სამუშაო რჩება. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ დღეებში, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. რაც მთავარია, აქ ამოსავალი წერტილი და შეთანხმების მთავარი წამყვანი ფაქტორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეთანხმება არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, ეს შეთანხმება არის იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და კონცენტრირდეს იმ მნიშვნელოვან ამოცანებზე, რაც დღეს არის", - განაცხადა თალაკვაძემ.
ირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ეს დისკუსიები დასრულდება შეთანხმების ხელმოწერით
"გვაქვს იმედი, რომ ეს დისკუსიები დასრულდება შეთანხმების ხელმოწერით", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის ლიდერების კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "კონსულტაციები გრძელდება. ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, გვიწევს დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავება. კონსულტაციები ხვალ გაგრძელდება. ეს არის მიმდინარე პროცესი. ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას, კონკრეტული მიმართულებებით. შესაბამისად, არის ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსიები ყველა ასპექტში. გვაქვს იმედი, რომ ეს დისკუსიები დასრულდება შეთანხმების ხელმოწერით.", - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, დისკუსია რთულია. განსხვავებული პოზიციების არსებობა, შეთანხმებების პუნქტებზეც აისახება. "უკვე, ჯამში, 5 თვეა გრძელდება ეს კონსულტაციები. მათ შორის არის ეს ახალი პროცესი, მაგრამ მანამდე იყო მოლაპარაკებების 4 რაუნდი. საკითხი რთულია. ბუნებრივია, განსხვავებული პოზიციები არსებობს, თვითონ შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამბობდა რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ეს ვერ დაამტკიცა. რა თქმა უნდა, აქ არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. ბუნებრივია, დისკუსია რთულია. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები. ეს ყველამ კარგად იცის. დანიელსონს რთული ამოცანა აქვს. თუმცა, მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ გადამწყვეტი როლი და მე დარწმუნებული ვარ, ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც ეს საჭიროა შეთანხმების მიღწევის და დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის. მედიატორი არცერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს. ამაში ვარ დარწმუნებული." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე
"ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა. "ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მას, რომ უშუალოდ არის ჩართული მედიაციის პროცესში. მისი წარმომადგენელიც იმყოფება თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან და ჩვენს პარტიასთან. პროცესი გრძელდება. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ მზად ვართ რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომელიც უნდა იყოს ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები. მე ბატონ შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი პოზიცია და მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. ოპოზიცია ბოლო დღეებში განსაკუთრებული დესტრუქციული მანერით ცდილობს ხელი არ შეუწყოს დიალოგის პროცესს და პირიქით, გააღრმაოს უფსკრული. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს და საბოლოოდ, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის პოზიციაა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა. ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება ხვალ და შემდეგ დღეებში" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი კობახიძე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან
"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის ლიდერების კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები და ეს ყველამ იცის. "უკვე, ჯამში, 5 თვეა გრძელდება ეს კონსულტაციები. მათ შორის არის ეს ახალი პროცესი, მაგრამ მანამდე იყო მოლაპარაკებების 4 რაუნდი. საკითხი რთულია. ბუნებრივია, განსხვავებული პოზიციები არსებობს, თვითონ შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამბობდა რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ეს ვერ დაამტკიცა. რა თქმა უნდა, აქ არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. ბუნებრივია, დისკუსია რთულია. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები. ეს ყველამ კარგად იცის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ კრისტიან დანიელსონთან დისკუსიები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდება.
ირაკლი ღარიბაშვილი: ბელგია არის საქართველოს ერთგული მეგობარი და სანდო პარტნიორი
მქონდა სასიამოვნო შეხვედრა ალექსანდერ დე კროსთან. ბელგია არის საქართველოს ერთგული მეგობარი და სანდო პარტნიორი, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის მნიშვნელობას. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის, ასევე, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდით ბელგიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ამ მხრივ შეტანილი წვლილისთვის“, - წერს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ლონდონში პოლიციელის მიერ ქალის მკვლელობას აპროტესტებენ
"განანათლეთ თქვენი ვაჟები"; "შეწყვიტეთ ქალთა მიმართ ძალადობა". ლონდონში სარა ევერარის მკვლელობას აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 33 წლის სარა ევერარდი ლონდონში 3 მარტს გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების საქმეზე პოლიციელი დააკავეს და მას ბრალად სარას გატაცება და მკვლელობა წაუყენეს. მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები პოლიციის შტაბთან, პარლამენტისა და პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის ოფისთან გამართეს.
საფრანგეთის ელჩი: შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. წინ საქართველო
"პასუხისმგებლობის გრძნობას, გამბედაობას შეუძლია, ხელი შეუწყოს უთანხმოების გადაჭრას", - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი Twitter-ზე წერს. "შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯების გადადგმა ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირს და აშშ-ს გაწეული სამუშაოსთვის. წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი, აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობას, გამბედაობას შეუძლია, ხელი შეუწყოს უთანხმოების გადაჭრას და დემოკრატიის კონსოლიდაციას. დღევანდელ მსოფლიოში ეს დიდი გაკვეთილი იქნებოდა". - წერს საფრანგეთის ელჩი.
თბილისში, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ამის შესახებ ინფორმაცის თბილისის მერია ავრცელებს. მოძრაობა შესაძლებელია ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, გოძიაშვილის, გაგარინის ქუჩების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მარშალ გელოვანის გამზირის გამოყენებით. "რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N89 ავტობუსი მაჭავარიანის ქუჩისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) მიმართულებით, ანჯაფარიძის ქუჩიდან მოძრაობას ყაზბეგის გამზირის, იონა ვაკელისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით შეძლებს. N137 მიკროავტობუსი კი თავისუფლების მოედნიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და ნუცუბიძის III მიკრორაიონის გავლით, მაჭავარიანის ქუჩაზე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრამდე გადაადგილდება. მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. გადაადგილება დროებით შეზღუდულია მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
გაეროს სააგენტოების ჯგუფი: საქართველოში ქალთა უფლებადამცველები ძალადობის სამიზნეები ხდებიან
საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფი საქართველოში, ქალთა უფლებების დაცვის არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ქალთა უფლებების დამცველები გენდერული ნიშნით, ძალადობის სამიზნეებიც ხდებიან.. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, COVID-19 ის პანდემიამ გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული მიღწევები რისკის ქვეშ დააყენა, შეინიშნება ქალთმოძულეობის საგანგაშო ზრდაც. "სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მოწმენი გავხდით იმ უდიდესი აგრესიისა და სიძულვილის ენის, რომელიც სოციალური მედიით ქალთა უფლებების დამცველთა საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება, მათ მიმართ კი ადგილი აქვს მუქარასა და ლანძღვას. ჩვენ ვგმობთ ქალთა უფლებების დამცველების დაშინების, მათ მიმართ მუქარის ან რაიმე ფორმით ძალადობის ნებისმიერ ფაქტს, ასევე, მათი სტიგმატიზაციის ან გარიყვის ნებისმიერ მცდელობას და მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას სათანადო და მტკიცე ნაბიჯები, რათა ქალ უფლებადამცველებს საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება შეეძლოთ. ქალთა უფლებების დამცველები სოციალური სამართლიანობისა და ფემინისტური მოძრაობის ავანგარდში არიან. ისინი იბრძვიან გენდერული თანასწორობის განხორციელების, ქალთა უფლებების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფს სურს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს სოლიდარობა ადამიანის უფლებათა დამცველი ქალების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით თანასწორად სარგებლობისთვის იღვწიან. ქალთა უფლებადამცველები ისეთივე რისკების წინაშე არიან, როგორც ადამიანის უფლებათა სხვა დამცველები, მაგრამ, ამავდროულად, როგორც ქალები, ისინი გენდერული ნიშნით ძალადობის სამიზნეებიც ხდებიან. ხშირად მათ საქმიანობას აღიქვამენ, როგორც გამოწვევას საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული გენდერული და ოჯახური როლების მიმართ, რასაც სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მტრული დამოკიდებულება მოჰყვება. საფრთხეებისა და ძალადობის სამიზნეები არა მარტო ეს ქალები, არამედ მათი ოჯახებიც ხდებიან, რაც ქალთა უფლებადაცვითი საქმიანობის შეფერხებას ისახავს მიზნად. უნდა აღინიშნოს, რომ ქალი უფლებადამცველები უფრო ხშირად არიან ძალადობის გარკვეული ფორმებისა და სხვა დარღვევების, მცდარი წარმოდგენების, გაკიცხვისა თუ გარიყვის საფრთხის წინაშე, ვიდრე მათი კაცი კოლეგები. ქალთა უფლებების დამცველების მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ახლა ქალი უფლებადამცველების საქმიანობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვისწრაფვით უკეთესი მომავლისკენ, ამიტომ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა გენდერული თანასწორობისა და ქალებისა და გოგოების გაძლიერების შეუქცევადი პროგრესის მისაღწევად", - აღნიშნული გაეროს სააგენტოთა ჯგუფის განცხადებაში.
გაერო: მიანმარში აქციების დროს მინიმუმ 138 მომიტინგე დაიღუპა
მიანმარში, 1 თებერვლის შემდეგ, რაც ძალაუფლება სამხედროების ხელში გადავიდა, აქციების დროს მინიმუმ 138 "მშვიდობიანი მომიტინგე" დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპიკერის სტეფან დუჯარიკის განცხადებით, მხოლოდ შაბათ-კვირას მიანმარში პოლიციის მხრიდან ძალადობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 537 ადამიანს დაუდასტურდა, 128 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 652 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 449 PCR ტესტით. ვირუსის გავრცელებიდან დრემდე, საქართველოში კორონავირუსის 275 685 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 268 693, გარდაიცვალა 3 658 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.81 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.45%. 537 ახალი შემთხვევიდან 290 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 18, იმერეთი - 79, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 29, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 3 308, საიდანაც: 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 711, აჭარაში - 141, იმერეთში - 247. მძიმე პაციენტი: 258. მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 21, იმერეთში - 66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 85. მათგან თბილისში - 55, აჭარაში- 3, იმერეთში - 13. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 799 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 206 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლო აჭარაში - 21. სულ 6 ოქტომბრიდან - 15 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 654 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 478 პირი, აჭარაში - 363, იმერეთში - 702.
ეკატერინე ტიკარაძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე ესწრებოდნენ. ფუნდამენტური რეფორმა დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს. კერძოდ, მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, პიროვნებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავა. „პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავა. პროცესში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული. რეფორმა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ექთნების გადამზადებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის 1-ლი ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 42 ბაღი დახურულია
პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 42 ბაღი არის დახურული. ამის შესახებ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა. 1-ლი მარტიდან დღემდე, აღსაზრდელებსა და პერსონალს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო 46 ბაღი დაიხურა. მათგან ოთხმა ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ მუშაობა კვლავ განაახლა. შესაბამისად, ამ ეტაპზე 42 ბაღია დახურული. კახა გვანცელაძის თქმით, სულ კორონავირუსი დაუდასტურდა 42 პირს, მათ შორის რვა ბავშვია, დანარჩენი კი პერსონალი.
1-ლი აპრილიდან მოქალაქეებს ერთხელ აღებული ბილეთით საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლებათ
1-ლი აპრილიდან მოქალაქეებს ერთხელ აღებული ბილეთით საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თბილისში 1-ლი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ერთხელ აღებული ბილეთით საათნახევრის განმავლობაში მხოლოდ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა არის შესაძლებელი.
ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 668 ადამიანმა გაიკეთა
15 მარტს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 668 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, ვაქცინაციისთვის 4 202 მედპერსონალი დარეგისტრირდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაცია გუშინ, 15 მარტს დაიწყო. პირველად საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა
„ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა“. - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ჟურნალისტებს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, მინისტრის გადაყენება პრემიერის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის. „ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისის თქმით, საუბარია შეთავაზებების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც გულისხმობს არსებული კვლევების გადახედვას და გადახედვამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევას, ასევე ხეობის განვითარების ფონდის შექმნას, მეტ ჩართულობას როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. ამავდროულად თურნავამ აღნიშნა, რომ კარი დიალოგისთვის კვლავ ღიაა კონსტრუქციულ პლატფორმაზე. „ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდაც ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე. ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რათა ჩაერთონ, გააკეთონ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც უკვე გაკეთებულია. ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი და მოწოდებები, რომ ჩაიშალოს, გავაგდოთ ინვესტორი, გაჩერდეს, არ ავაშენოთ, ეს არ არის ჩვენი ლექსიკა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს. ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქსტატი: 2020 წელს შიდა ტურიზმი შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2020 წლის IV კვარტალის მონაცემებს ეყრდნობა. 2020 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910.8 ათასით განისაზღვრა - მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.3%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მონაცემებზე. 2020 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 480.4 ათასით განისაზღვრა, რაც 9.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ადგილობრივი ტურიზმის ძირითადი მიზნები უმეტესად ნათესავთა მონახულებაა, უშუალოდ დასვენება/გართობა/რეკრეაციაზე კი ვიზიტორთა ნაკადის 7.7% მოდის. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2% თბილისის მაცხოვრებელია, 12.8% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12.0% - ქვემო ქართლის რეგიონზე. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 237.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 180.2 ათასი ვიზიტი თვეში). “2020 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 147.1 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 4.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 9.5%-ით და 141.6 ლარს უტოლდება", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.