ძებნის რეზულტატი:
მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ეხმაურება
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ეხმაურება. სააკაშვილის განცხადებით სიღარიბე, რომელზეც ივანიშვილი საუბრობდა, არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი დოლარი ამოაცალა ჯიბეებიდან. "გავეცანი ივანიშვილის ე.წ წასვლის შესახებ განცხადებას.რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?!რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არა ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების და ანალიზის უნარი?!რამდენჯერ უნდა დაგვცინოს?!ივანიშვილი იძახის, რომ თურმე სიღარიბე არის ობიექტური რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ.. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი დოლარი ამოაცალა ჯიბეებიდან - ბოლო 8 წლის განმავლობაში!- პირდაპირი შედეგი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში და მთავარი მევახშე და ბანკირი საქართველოსი არის ივანიშვილი და ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს!- ლარის კურსი დაეცა ორჯერ!არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაყაროს საზღვარგარეთ!ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა, ოღონდ ხელისუფლებას თავის შნირებს კი არ გადასცემს, არამედ გადასცემს ქართულ ოპოზიციურ კოალიციას და ივანიშვილსმართლაც მოუხდება ქონების დაბრუნება, ოღონდ ქონების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის, რომლის ძარცვის მეშვეობითაც მოიპოვა ეს ქონება!ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ, ჩვენ არამხოლოდ არავინ არ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ განთავისუფლდება ამ ურჩხულისგან! ბიძინა ივანიშვილი: ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ სიღარიბე „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია ბიძინა ივანიშვილი: ნაციონალების დროს, ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით
ბაიდენი აშშ-ის ყოფილ ელჩს რუსეთში, უილიამ ბერნსის CIA– ს ხელმძღვანელად დანიშნავს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი CIA– ს მეთაურად დანიშნავს უილიამ ბარნსის, ნათქვამია მისი გადრამავალი გუნდის განცხადებაში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბერნსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, რომელიც 33 წელი მსახურობდა აშშ-ს დიპლომატად, ამჟამად არის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრის "კარნეგის ფონდი"-ს საერთაშორისო მშვიდობის პრეზიდენტი.
არჩილ თალაკვაძე: პირველი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უკვე წარმოდგენილია, ველით სხვა პარტიებს
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს პარლმანეტში შესვლის საკითხს კიდევ ერთხელ გადახედონ. თალაკვაძის თქმით, პირველი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უკვე წარმოდგენილია და ახლა სხვა პარტიებსაც ელიან. „საარჩევნო რეფორმის საკითხზე კონსესუსი “თითქმის არსებობს“, ჯანსაღი ოპოზიციური პარტიებისთვის კარგი არგუმენტია, თუ რატომ უნდა შევიდნენ პარლამენტში. როგორც ხედავთ, პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილია. მსურს კიდევ ერთხელ მივმართო იმ ოპოზიციონერებს, ვინც არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მიიღო: - დღეს კიდევ ერთხელ არის დროს, როცა მათ უნდა გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას, რაც რადიკალური ოპოზიციის ზეწოლის პირობებში, პოლიტიკური ჩანტაჟის ქვეშ მიიღეს. შემოუერთდნენ საპარლამენტო პროცესს! დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება არის პოლიტიკური შეცდომა“, - განაცხადა ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას აფასებს და დასძენს რომ ახალი თავმჯდმარის ასარჩევად პარტიის ყრილობა უახლოეს მომავალში დაინიშნება. თალაკვაძის თქმით, გაწეული სამუშაოს ფონზე, სრულიად ლოგიკურია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც უკვე გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მართვაზე. „საზოგადოებას „ქართულ ოცნებაში“ მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად ეცნობება. უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ „ქართული ოცნების“ ყრილობის სხდომას, მანამდე იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შევატყობინებთ. რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ვფიქრობთ, რომ მან ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. მსურს, რომ ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
გიორგი გახარია: ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა
"ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას. „დღეს ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და ტოვებს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა. ყველაზე მნიშვნელობანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად საქართველოს ისტორიაში მესამედ მიიღო, არ არის შემთხვევითი და ამ ნდობას აქვს თავისი ახსნა და ამ ნდობაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას, ეს ის როლია, რამაც განსაზღვრა ქართული პოლიტიკის ცენტრში ადამიანი და მისი ღირსება", - განაცხადა გახარიამ. პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი იყო, ამ რვა წლის განმავლობაში, სერიოზული პროგრესი იქნა მიღწეული. "ამ რვა წლის განმავლობაში, ჩვენ ყველამ ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ იყო უაღრესად რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, რა თქმა უნდა, მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობა, ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ევროატლანტიკური განვითარება. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ქართულმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი", - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი გახარიას შეფასებით, პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ. "ეს პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმის, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ და მისი როლი პანდემიასთან გამკლავებაში რა თქმა უნდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება არის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი არჩევნების პირობებში და რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ რვა წლის განმავლობაში იქნა მიღწეული და რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიაღწია, ეს გახლავთ აბსოლუტურად საპარლამენტო დემოკრატია, პროპორციული საარჩევნო სისტემით. ეს არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ესეც რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას დამსახურებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება
შემოდგომით, თვითმართველობის არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. „არის რეფორმის გარკვეული საკითხები, რომელთა განხორციელება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას. დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდა, დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები ახალი საარჩევნო მოდელის მოსამზადებლად. "ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს", - აღნიშნა კობახიძემ.
Reuters-ი: საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პოლიტიკიდან წავიდა
მმართველი პარტიის ყოფილმა ლიდერმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, საზოგადოებას პარტიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით ამცნო. მან ყურადღება გაამახვილა მის ასაკზე, რომელიც მისი თქმით, წასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო. ივანიშვილმა ასევე ისაუბრა მმთართველ პარტიაზე, როგორც წარმატებულ და დომინანტ აქტორზე საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში. წერს, Reuters-ი. ივანიშვილის წასვლამ შეიძლება ხელი შეუწყოს პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. 64 წლის ივანიშვილი და მისი მოკავშირეები მმართველი პარტიიდან, ამ ბრალდებას უარყოფენ. საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, ხმის მიცემის პროცესი ზოგადად თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. ივანიშვილს,რომელმაც Forbes-ის მიერ შეფასებული 4,8 მილიარდი დოლარის ქონების დიდი ნაწილი, გასული საუკუნეების 90-იან წლებში, რუსეთში მეტალურგიისა და საბანკო სფეროში გამოიმუშავა, ოპონენტები ადანაშაულებენ კრემლთან სიახლოვეში, რასაც ის უარყოფს. "რუსული ჯარი განლაგებულია საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში, რომლებიც ქვეყნის მეხუთედს წარმოადგენენ,ხოლო მოსკოვთან სავარაუდო კავშირს, შეუძლია საკმაო პოლიტიკური ზიანი მიაყენოს საქართველოს. გასულ წელს ჩატარებულმა არჩევნებმა, ხმების 48,23% მოაპოვებინა მის პარტიას და მთავრობაც ჩამოყალიბდა. ოპოზიციამ დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ და მისი მომხრეები ხმის მოსყიდვაში, ამომრჩევლისა და დამკვირვებლების მიმართ მუქარის განხორციელებაში და დათვლის დროს დარღვევებში, რასაც მმართველი პარტია უარყოფს" , - წერს Reuters-ი. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა პოლიტსაბჭოს 21-კაციანი სია. ახალი წევრების ვინაობა 16 იანვარს, ყრილობაზე გახდება ცნობილ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ შესახებ ოფიციალურად განცხადება დღეს გაავრცელა. „პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის, რა თქმა უნდა, გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის. ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ერთად დგომით და ყოველდღიური მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, დავძლიოთ სიღარიბე და ჩვენი ქვეყანა დასავლური სტრუქტურების სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთიანობით და მიზანდასახული მუშაობით, ამ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი COVID-ის იმუნიზაციის კამპანიას მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებით გააძლიერებს
11 იანვრიდან ბრიტანეთში გაიხსნება 7 მსხვილი ვაქცინაციის ცენტრი, რამაც უნდა დააჩქაროს მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით აცრის პროცესი. ვაქცინაციის ახალი ცენტრები განთავსდება, ლონდონის ერთერთი საველე საავადმყოფოს, ბრისტოლის საფეხბურთო სტადიონის, მანჩესტერის ჩოგბურთის კლუბისა და ეპსომის იპოდრომის ტერიტორიებზე. მთავრობის მონაცემებით, დაახლოებით 1.3 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინაციის პირველი დოზა 3 იანვრისთვის, მაგრამ დიდ ბრიტანეთს კვირაში ორი მილიონი ადამიანის ინოკულაცია სჭირდება ვაქცინაციის მიზნის მისაღწევად. დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად ვაქცინით 200,000-ზე მეტი ადამიანი იცრება. რა ვიცით კორონავირუსის ახალი ტიპის შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.
ლიეტუვამ საქართველოს სახელწოდება ოფიციალურად დააკანონა
ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ საქართველოს სახელი -Sakartvelas - ოფიციალურად დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას lrt.lt ავრცელებს. ”დოკუმენტში, „სახელმწიფოთა ოფიციალური სახელები“, ამოიშალოს სახელი Gruzija და შეიცვალოს იგი Sakartvelas-ით,“- ნათქვამია რეზოლუციაში. „ამჟამად ოფიციალური სახელწოდებაა საქართველო“, - უთხრა სააგენტო BNS-ს ლიტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ აუდრის ანტანაიტისმა. ლიეტუვამ საქართველოს ავთენტური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება 2018 წელს, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბების 100 წლისთავის აღსანიშნავად მიიღო, თუმცა დოკუმენტებში ოფიციალურ სახელწოდებად ამ დრომდე Gruzija რჩებოდა.
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს და საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტები", საქართველოს პარლამენტი უკვე აღარ არის "ერთპარტიული პარლამენტი" და ოპოზიციის "საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რადიონალური საფუძველი დაკარგა". "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა. "როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება - „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი. ამ ვითარებაში პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის, შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა. კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით - გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება ამ სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის, ეუთო/ოდირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა. ამასთან, ბუნებრივია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე თქვა, რომ დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და მისთვის პარლამენტში სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციის ლიდერები ელექტრონული არჩევნების და საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის შეთავაზებაზე
პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოწოდებებს, კიდევ ერთხელ გადახედოს ოპოზიციამ პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ოპოზიური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან. „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ის პირობა დაიდება რომელიც მას სურს, სჯერა რომ ოპოზიცია პარლამენტში სრულად შევა. აღნიშნული განცხადებით, იაგომ ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც განაცხადა რომ პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტია უკვე არის და დროა სხვა პარტიებმაც საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედონ. ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი. მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნაა, რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო სისტემის შეცვლაა და ყველა სხვა შემოთავაზება მათთვის მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა "ოპოზიციისთვის არის ბოლო შანსი" და თუკი ამაზე უარს იტყვიან, ყველა შანსს დაკარგავენ. კობახიძემ ბრიფინგზე მომდევნო არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარების საკითხზეც ისაუბრა. იაგო ხვიჩიამ კობახიძის შეთავაზებასაც უპასუხა და განაცხადა, რომ არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება და 2020 წლის არჩვენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა არ იქნება ის პირობა, რომლის გამოც ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევა. „ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და მხოლოდ საკუთარი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შევალ პარლამენტში. ჩვენ პირველი დღიდან პოზიცია არ შეგვიცვლია განსხვავებით ჩვენი კოლეგებისგან, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. ბოლო პირობა რაც ითქვა საჯარო სივრცეში, ეს იყო რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს მიებას ამ არჩევნების ან ახალი არჩევნების დანიშვნა არ დანიშვნის საკითხი და პროპორციული არჩევნები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა. თუ ეს პირობა დაიდება, მე ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა იმისიც, რომ ოპოზიციას სრულად შევიყვანთ პარლამენტში. ის ხალხი, ვისაც კონსტრუქციულად გვინდა ამ თემის დამთავრება. უბრალოდ, ამ თემაში მთავარი ხელის შემშლელი ჩვენთვის, იმ ხალხისთვის რომლებიც საღ აზრზე ვართ, ამ წუთას გასაქანს არ გვაძლევს ხელისუფლება, რომელიც გამოდის კობახიძის სახით და გველაპარაკება ულტიმატუმის ენით,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, არჩევნებში ელექტრონული ელემენტების დანერგვა, ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების ქოლგის ქვეშ განიხილება და რომლის შეთავაზებაც ოპოზიციამ გააკეთა. მისი თქმით, ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები და არა საგამოძიებო კომისიის შექმნა, ან მომდევნო არჩვენების ელექტრონული წესით ჩატარების შეთავაზება. „არჩევნებში ელექტრონული ელემენტების დანერგვა არის ერთ-ერთი საკითხი ახალი საპარლამენტო არჩევნების ქოლგის ქვეშ, ცალკე არ განიხილება. ესეც ყველამ იცის, ჩვენ დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს ძალიან მკაფიოდ, რომ ჩაყრით და „კარუსელით“ მოხდა ძირითადად ამ არჩევნების გაყალბება და ამას უშველის მხოლოდ ახალი არჩევნები, სხვა ინსტრუმენტი აქ არ არსებობს, რომ ვიღაცამ დაწეროს ახალი ციფრები. ახლა უბრალოდ დროის ათვლა მიდის, როდის მოვა გონს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნონ, როგორც ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან“, - აცხადებს გიგა ბოკერია. შეგახსენებთ რომ პარალემნტში შესავლაზე თანხმობა განაცხადა "პატრიოტთა ალიანსიის" საარჩევნო სიის 4 წევრმა, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსს" გაემიჯნენ და 2021 წლის იანვარში, ახალი პარტია "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ მას არასდროს არ მართავდა ძალაუფლება
„ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და კიდევ ერთხელ დაგვიტოვა, გვაჩვენა და გვასწავლა უმაღლესი სტანდარტი სახელმწიფოებრივი ქცევის, რა თქმა უნდა, საჭიროებს მადლიერების გამოხატვას. მრავალი წელია საჭირო იმისთვის, რომ მისი მოღვაწეობა ხალხმა კარგად შეაფასოს და დააფასოს მისი საქმიანობა“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში მედიასთან გააკეთა. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ძალაუფლებაა ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი ცდუნებაა, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოსცადოს. „ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ მას არასდროს არ მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს მმართველების შემთხვევაში ყოფილა და ჩვენ არაერთი ისტორია ვიცით კაცობრიობის არსებობის განმავლობაში. მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ის თავად მართავდა ძალაუფლებას, რაზეც მან თავად განაცხადა უარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. . მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩა. „ამ ფენომენს სჭირდება კარგად დაფიქრება და მერე შეფასება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ქართული ძიუდოს ლეგენდა, დავით ხახალაშვილი გარდაიცვალა
ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ხახალეიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო. დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დავით ხახალეიშვილი 1971 წელს დაიბადა ქუთაისიში.
ვლადიმერ პუტინი: ყარაბაღის სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს
მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის მოწვევით, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე მხარემა განიხილავეს საკვანძო საკითხებს, რომელიც საჭირო არის ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლდა. "შეხვედრაზე აუცილებელია მომდევნო ნაბიჯების გავლა, რაც 9 ნოემბრის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული",-აცხადებს პუტინი. რუსეთის ლიდერის თქმით, საკვანძო მნიშვნელობა აქვს, სავაჭრო, სატრანსპორტო და ეკონომიკური გზების გახსნას, რომლელზეც მუშაობა სამმხრივ ჯგუფს დაევალება. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ”ჩატარდება საქმიანი ატმოსფეროში და გახდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის, უსაფრთხოების და პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველმყოფელი”. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება, რაც ქმნის აუცილებელ წინაპირობებს ხანგრძლივი კონფლიქტის გრძელვადიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის სამართლიან საფუძველზე, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვლადიმერ პუტინმა ასევე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მთიან ყარაბაღში 48 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. ამის შესახენ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება. ინიციატივის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპმა თავისი საქციელით აშშ-ის კონგრესთან არეულობა წააქეზა და ცხადყო, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიასა და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას თანამდებობაზე დარჩენის საშუალება მიეცემა. შეგახსენებთ, რომ ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა.
კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის „შრომის პარტიის“ გენერალურ მდივნად აირჩიეს
კიმ ჩენ ინი მმართველი „შრომის პარტიის“ გენერალურ მდივნად აირჩიეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. „შრომის პარტიის“ გენერალური მდივნის პოსტს ჯერ პარტიის დამფუძნებელი კიმ ირ სენი, შემდეგ კი მისი ვაჟი, კიმ ჩენ ირი იკავებდა. 2011 წელს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობას იკავებდა, 2016 წლიდან კი, როცა სამდივნო გაუქმდა, ის პარტიის აღმასრულებელი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ახლა საბჭოს კვლავ სამდივნო ჰქვია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კი მისი გენერალური მდივანი გახდა. 9 იანვარს, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავარი მტერი აშშ არის და რომ ფხენიანი ბირთვული პოტენციალის გაზრდას აპირებს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულ საბა გოქსელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე. შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა დღეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენეს. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჯაფაროვმა გაიმარჯვა
ყირგიზეთის ნაციონალისტი პოლიტიკოსი სადირ ჯაფაროვი - რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ 10-წლიანი პატიმრობის სასჯელს იხდიდა, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დათვლილია თითქმის ყველა ბიულეტენი და ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ჯაფაროვს ხმათა 79,2 პროცენტი ერგო. არჩევნების პარალელურად ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველი მიემხრო საპრეზიდენტო სისტემას, რაც ჯაფაროვს უფლებამოსილებას გაუზრდის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ. "ახლა ჩვენ ერთიანობა გვჭირდება", - განაცხადა ჯაფაროვმა და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს. დანარჩენი 16 კანდიდატიდან ჯაფაროვის მთავარ მეტოქეს, ადახან მადუმაროვს, ხმების 6,7 პროცენტამდე ერგო. კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, თუმცა მადუმაროვმა არჩევნების წინასწარ შედეგს უწოდა "რეალობისგან შორს მყოფი" და განაცხადა, რომ სამართლის მოპოვებას კანონიერი გზებით ეცდება.
სომხეთში კარანტინი ივლისამდე გაგრძელდა
სომხეთის ხელისუფლების თანახმად, ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდა 11 ივლისამდე, რაც მიზნად ისახავს COVID-19 გავრცელების რისკების შემცირებას.ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს. სამინისტროს თქმით,გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია იმით, რომ COVID-19 -ის პანდემიის სიტუაცია კვლავ დაძაბულია,ხოლო "ჯანმო" აფრთხილებს მსოფლიოს პანდემიის მზარდი მე -3 ტალღის შესახებ. სომხეთში კორონავირუსით 162,000 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 2,929 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.