ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირმა სამ რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სამი რუსი დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. უკრაინული მედიის ცნობით, კანონმდებლებს სანქციები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვის გამო დაუწესეს. სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა ალა პოლიაკოვამ და ანტონ ტკაჩოვმა ოკუპირებულ დონბასში რუსეთის მარიონეტების აღიარებას მისცეს ხმა ვალერი პონომარევს კი სანქცია რუსეთსა და უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპირებულ რეგიონებს შორის „თანამშრომლობის ხელშეკრულების“ რატიფიცირების მხარდაჭერისთვის დაეკისრა.
ზელენსკი იაირ ლაპიდთან საუბრის შემდეგ: იმედი მაქვს, ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. იაირ ლაპიდთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება. „იმედი მაქვს რომ მისი ქვეყანა შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და უკრაინას უზრუნველყოფს პრაქტიკული დახმარებით რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი პატარა კაცია როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრო კულებასთა ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დანია უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე ქვეყანა გამარჯვებას არ მიაღწევს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას და დოკუმენტირებას განაგრძობს. „ჩვენ ვხედავთ, როგორ იცავთ თქვენს ქვეყანას და როგორ ჩაშალეთ რუსეთის გეგმები. შემდეგი ეტაპი ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ რუსეთმა საბოლოო მარცხი განიცადის და უკრაინა გამარჯვებული გამოვიდეს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და ჯარისკაცების მომზადებას“,- განაცხადა კოფოდმა. „პუტინი და რუსეთის ფედერაცია ამ ომს ვერ მოიგებენ. ის პატარა კაცია როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით“, - აღნიშნა იეპე კოფოდმა. როგორც ცნობილია, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ხუთშაბათს, პირველ სექტემბერს ჩავიდა.
ევრობასკეტი 2022 თბილისში: საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მატჩს ბელგიასთან გამართავს
საქართველო 1-7 სექტემბერს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად პირველად მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ გაიმართება. პირველ სექტემბერს, თბილისი არენაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, 21:00 საათზე, ბელგიას დაუპირისპიდება. საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად რიყის პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ ფანზონაში 31 აგვისტოს გაიხსნა.
სალომე ზურაბიშვილი ელჩების დანიშვნაზე: საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი თქვას, მოუთმენლად ველოდები
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების დანიშვნაზე ხელმოწერის მიზეზები განმარტა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციისთვის უნდა შეეწყო ხელი, თუმცა ეს ასე არ იყო აღქმული. „ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა ან რაღაცის შემეშინდა. იმიტომ, რომ ვიდრე მიმდინარეობდა კონსულტაციების ფორმა და მთავრდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მით უმეტეს იმ დროს, როცა იმართება გაეროს გენასამბლეა სამ კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო სრულუფლებიანი ელჩი წარმოდგენილი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, დღეს მიიღო შვიდი წარდგენა ისე, რომ კონსულტაციები არ გამართულა. „დღეს ოხ, საკვირველებავ, მივიღე ელჩების თანამდებობაზე შვიდი წარდგენა. მაგიდაზე დამიდეს 7 წარდგენა, რომელიც მე ვიტყოდი არის ერთგვარი პასუხი ხელისუფლების მხრიდან ჩემს გადაწყვეტილებაზე და მგონი, რომ საჭიროა, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ტექსტები, არსებული პრაქტიკა და ის კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები, რადგან პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილია. ამიტომ, საკონსტიტუციომ თავისი თქვას და ამას მოუთმენლად ველი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი მმართველ გუნდს მოუწოდებს, „ქართული ოცნებიდან“ წასული „ოთხეულის წარმოუდგენელ რიტორიკას“ გაემიჯნოს
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირში ინტეგრეაციისკენ გზაზე მთავრობას აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ბრიუსელში ასოცირების კომიტეტზე ჩასვლამდე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრემიერს გეგმის წარდგენა ევალება იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას. მისივე აზრით, პრემიერმა ბრიუსელში უნდა დაამტკიცოს, რომ ევროპის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. „პირველ რიგში, აუცილებელია, რომ პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროკომისიას და ვაბრალებდეთ პარტნიორებს, რომ ომში უნდათ ჩართვა. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ არავის უნდა ომში ჩვენი ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. ცოტა, გონს მოვიდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რისი გაკეთება ევალება პრემიერს უკვე ნიუ-იორკში ჩასვლისას. „ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდეგ, გაეროში იმართება გენასამბლეა. როგორც ჩანს, პრემიერი აპირებს, რომ იქაც წარადგინოს საქართველო. ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი უკრაინა იქნება. იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ეჭვები, რაც შეიქმნას ჩვენ მიმართ. ვიცით სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით და სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, ომში ჩართვას. სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში. სოლიდარობაა, რომ მორალირად იდგე მის გვერდში და არ აკრიტიკო. სხვა არაფერს გვთხოვენ, არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია. ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს და მეგობრულ ურთიერთობას იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენ მსგავსად ოკუპირებულია. ეს არის ის თემა, რომელიც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ-იორკში, იქ სხვა თემა არ იქნება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში უნდა გამოჩნდეს, საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილია თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ. ამასთან დაკავშირებით კი, პრეზიდენტის აზრით, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, მათ შორის ოპოიზიციამაც, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.
დმიტრო კულებამ დაასახელა იარაღი, რომელიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება
„არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები, MLRS (თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა)“, - ეს იმ იარაღის ჩამონათვალია, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევს ყველაზე მეტად სჭირდება. „ყველა შეხვედრაზე, მე მუდმივად ხაზს ვუსვამ ამ იარაღის ძალიან დიდ საჭიროებას. საარტილერიო სისტემების უფრო დიდი რაოდენობის გარეშე შეუძლებელია თავდაცვითი ან შეტევითი ოპერაციის წარმოება, - განაცხადა დმიტრო კულებამ. მინისტრის აზრით, იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია საკუთარ უსაფრთხოებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს
„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სახელმწიფოს ჰყავს აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. „მას შემდეგ, რაც ზოგადად დედამიწაზე გაჩნდა ადამიანი, ჩამოყალიბდა, შეიქმნა დიდი სახელმწიფოები, მას შემდეგ, ყველა სახელმწიფოს, მოგეხსენებათ კარგად, იცით ჩვენი ქვეყნის ისტორია, სხვების ისტორიაც, რომ ყველა ერს და სახელმწიფოს, მათ შორის დიდ სახელმწიფოებს ჰყავთ თავისი აგენტებიც, მოღალატეებიც და გამყიდველებიც. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და ჩვენ ძალიან არ უნდა გავერთოთ ასეთი საკითხებით. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს. აი, ეს არის ჩემი პასუხი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
პრეზიდენტმა განმარტა, რატომ არ წარადგინა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე
რატომ არ წარადგინა მესამედ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა, ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა. პრეზიდენტი ევროკავშირის მოთხოვნებზეც მიუთითებს. „არანაირი პერსონალური რამე შეფასება არ მაქვს ადამიანებზე, მაქვს პროფესიონალური შეფასება და ეს შეფასება სხვათა შორის ცესკოს თავმჯდომარეზე იყო და არის ძალიან პოზიტიური, მისი პროფესიონალიზმის. ეს საჯაროდაც ვთქვი, ამას დაეთანხმნენ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლებიც, რომ არჩევნები, რაც მან ჩაატარა, იყო სრულყოფილად ჩატარებული და მან ამ კუთხით სრულიად შეასრულა თავის ვალდებულება. ამდენად, მე ეს ადამიანი წარვადგინე ცესკოს თავმჯდომარის ადგილზე და ამით 6 თვით გაგრძელდა ვადა. რადგანაც ვერ მიიღო ორი მესამედი ხმებისა, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ მესამედ არ წარმედგინა და წარმედგინა ის კანდიდატები, რომლებიც იყვნენ კომისიის მიერ კონკურსის ფორმით შერჩეული. ისინი წარმედგინა როგორც ახალი კანდიდატები იმ იმედით, რომ რომელიმე მოაგროვებს ორ მესამედს ხმების, რაც არის მოთხოვნა, მოთხოვნა სწორედ ევროკავშირის, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე, ეს ეხება საარჩევნო გარემოს. რას გვთხოვს ევროკავშირი? რომ მაქსიმალურად ეცადეთ, მონახოთ კანდიდატები, რომლებიც იქნებიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და რაღაც ფორმით კონსენსუსის მატარებელი. დეპოლარიზაცია სწორედ ეს არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატიც კონსენსუსის გზით უნდა შეირჩეს. „ეს ეხება ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ასევე ეხება სხვა თანამდებობებს, მაგალითად სახალხო დამცველს. მე არ მაქვს არანაირი როლი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, მაგრამ აქაც შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის სულისკვეთებას და მისი მოთხოვნების სულისკვეთებას თუ მივყვებით, თუ ეს გვაინტერესებს და სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხებს, უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვთხოვენ მეტ სოლიდარობას, მეტ კონსენსუსს, მეტ ერთად შერჩევას იმ ადამიანების, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ ამ ძალიან საპასუხისმგებლო ადგილებზე. ეს იყო და მხოლოდ ეს, არანაირი პოლიტიკური ხედვა, არც რამე პერსონალური, რამაც განაპირობა, რომ კომისიის შერჩეული კანდიდატები წარვადგინე ამჯერად და არა მესამეჯერ არსებული თავმჯდომარე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი: ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ყველანი ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ
რატომ დაადო ვეტო მოსმენების შესახებ კანონს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ამ თემაზეც ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, იმ ფორმით, რა ფორმითაც ცვლილებები იყო მიღებული - დაუსაბუთებელი, აჩქარებული წესით, ეჭვს აჩენდა, რომ ეს მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები იყო. მისივე აზრით, „არის საკითხები, როცა ვეტო ატარებს ძალიან მაღალ პოლიტიკურ ნიშანს„. „აქამდე ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდი ვეტოს საკითხს. ფრთხილად, რადგან არ შეიძლება პრეზიდენტი ვეტოს იყენებდეს მარტივი ფორმით და კანონებს ადებდეს ვეტოს, რაც გააუფასურებს ამ ბერკეტს, თუ ამას ბერკეტს დავარქმევთ, რადგან ისიც ვიცი, რომ ვეტოს დაძლევა დღევანდელ პირობებში და ასე იყო მთელი ჩემი მანდატის პირველის 3 წლის განმავლობაში გარანტირებულია, რადგან ვეტოს დაძლევის ბერკეტი უმრავლესობის ხელშია. თუმცა, არის საკითხები, როცა ვეტო ატარებს ძალიან მაღალ პოლიტიკურ ნიშანს, პოლიტიკურს არა როგორც, აქ ხშირად ესმით - პოლიტიზირებულს, არამედ პოლიტიკურს, რადგან ეს ეხება სისტემას. რა თუ არა მოსმენები, ეხება ჩვენ დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას, აქ გადის გამყოფი ხაზი - ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში კიდევ, თუ მართლაც ევროპულ სისტემაში გადავდივართ, არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან, თუ არ არის დაცული? ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და რამეს საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ, მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ - ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ. სწორედ, ამის თქმა მინდოდა ამ ვეტოთი, რომ მოსმენების ამ ფორმით გაფართოება - შეიძლება იყოს, რაღაც მოცემულობა, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ფორმით რომელიმე უფლების გაფართოებას, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო მიღებული ეს ცვლილებები, არა დასაბუთებული, აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით, არავინ არ იქნა ჩართული ამ კონსულტაციებში, ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ ეს არის კიდევ და მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები, რომ მოსმენები გახდეს კიდევ ერთხელ, როგორც ამ ქვეყანაში ვართ მიჩვეული, ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი. ეს არ შეიძლება, არ შეიძლება იმ მომენტში, როცა ვაცხადებთ, რომ მივდივართ ამ რამდენიმე თვეში იმისათვის და იმისკენ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, კანდიდატის სტატუსი კიდევ ცოტა აბსტრაქტული ჩანს, მივდივართ ევროპისკენ, თუ მივდივართ, უნდა წავიდეთ, თუ არ მივდივართ, მაშინ უნდა ითქვას ეს და ვეტო ამის მთქმელი იყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, საითკენ ვართ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვენეციის კომისიამ ამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა და თუ ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ არაკომპეტენტური ვარ, მე მგონი, ცოტა არ იყოს, უხერხულია ზოგ-ზოგიერთებისთვის, როცა ვენეციის კომისიას აბრალებენ არაკომპეტენტურობას, მით უმეტეს, ისინი, რომლებიც სხვა დროს და სხვა სიტუაციებში სწორედ ვენეციის კომისიების დასკვნებს იშველიებდნენ. ასე რომ, ცოტა სერიოზულობაც გვევალება ჩვენ, მითუმეტეს, ამ ურთიერთობებში, როცა მივიღწვით, ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩვენი დეკლარირებული მიზანი ევროპისკენ და კანდიდატის სტატუსისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი ომში ჩართვაზე: ისეთი ტყუილია, რომელიც მგონი, საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია
საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის სჭირდება. „პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროკომისიას და ვაბრალებდეთ პარტნიორებს, რომ ომში უნდათ ჩართვა. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ არავის უნდა ომში ჩვენი ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. ცოტა, გონს მოვიდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრემიერი ამერიკის ელჩზე: ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი გაღრმავება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში
„მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ამერიკას, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული არაერთი მიმართულებით, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კელი დეგნანი ძალიან აქტიური ელჩია და აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტის და პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. „ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და, პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, არაერთი მიმართულებით. მათ შორის მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს. გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იცით, რომ ის აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი პოლემიკით არათუ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს. მე ზოგადად არ ვარ წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, ყველა კითხვა უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ამ პოლემიკის განვრცობა და გადაჭარბება, რა თქმა უნდა, არ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის. მე ასევე მინდა შემდეგი გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ არის ოკუპირებული. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი, კიდევ და კიდევ მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება. უნდა გავუფრთხილდეთ მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. ეს არის ჩემი პასუხი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა სამი საკითხი, რომლებზეც პრემიერმა უნდა გაამახვილოს ყურადღება
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტია გამომდინარე იქედან, რომ ერთ კვირაში ასოცირების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, რაც სალომე ზურაბიშვილის აზრით, პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ზაფხულის შემდეგ, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შემდეგ. ზურაბიშვილმა ისევ გაიმეორა, რომ მისთვის უცნაურია, რომ ამ დრომდე არავინ ჩასულა ხელისუფლებიდან ბრიუსელში. საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოთვალა სამი ნაბიჯი, რომელიც მისი აზრით, პრემიერმა „ჩვენ მიმართ ერთგვარი ეჭვების გასაფანტად უნდა გამოიყენოს“. პრეზიდენტის შეფასებით, ეს მომენტი არ უნდა დაიკარგოს და ძალიან ნათელია ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „პრემიერს, როცა ბრიუსელში ჩადის, ევალება“: 1. აუცილებელია, რომ პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროკომისიას და ვაბრალებდეთ პარტნიორებს, რომ ომში უნდათ ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. სანქციებზე არასწორი ნათქვამები, ომის თემა, რაც ყველასთვის გაუგებარია, ვინც გარედან გვიყურებს. ეს არის მომენტი, როცა ეს ეჭვები, ტყუილები, რაც ჩვენ მიმართ ნდობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე გავლენას ახდენს, უნდა გაიფანტოს. ამის მოწმე ყველა უნდა ვიყოთ. 2. გეგმის წარდგენა - უკვე აღარ არის დრო პროცესის, კალენდრის, რა გეგმით ვასრულებთ 12 რეკომენდაციას და ვაჩენთ პოლიტიკურ ნებას, რომ ამ გზაზე შევდგეთ და მივიდეთ ბოლომდე. ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში. დაინახონ, რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ გზაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. 3. ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდგომ, უკვე სამ კვირაში იმართება გაეროში გენასაბლეა. როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო, ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ. ვიცით, ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით. სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას, სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში ან ბრძოლაში. სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, რომ უნდა იდგე მორალურად მის გვერდით, სხვა არაფერს არავინ არ გთხოვს, არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია, არც რამე ჩვენი ჩართვა რამეში, მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ღირსებას, ჩვენ მეგობრულ ურთიერთობას წლების განმავლობაში იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია. ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ-იორკში, გაეროში, რადგან იქ სხვა თემა არ იქნება. ოკუპაცია, ომი, ყველა ქვეყნები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას და ნათელი უნდა იყოს დღეს უკვე, რომ არჩევანი ძალიან მარტივია - ჩვენ გვინდა, ვიყოთ აღქმული როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილია ევროპული ოჯახის, ევროპული ღირებულებების, რომელიც არის მონაწილე ერთეული იმ ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალი სამყაროსი, თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ. ეს არის ის, რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირაში, უახლოეს თვეში და ამაზე პასუხისმგებლობა არის ყველასი ერთად, იმიტომ, როპ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს თავისი „რაღაც გაუგებარი ბოიკოტიდან თუ გვერდზე ვიხედები“, რადგან ყველა იქნება პასუხისმგებელი. მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ცხადია, ხელისუფლების არის. მოსახლეობა, საზოგადოება და მეც პირადად ვუყურებთ რა ხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას არავინ არავის აპატიებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მედია: რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს აშშ-ის ვიზა არ მისცეს
რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს აშშ-ის ვიზა არ მისცეს. ვლადიმერ კოლოკოლცევს, დელეგაციასთან ერთად, გაეროს წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სურდა გამგზავრება, თუმცა დელეგაციას ვიზებზე უარი ეთქვა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის შავ სიაში შეიყვანეს. აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში კოლოკოლცევი 2018 წელს, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო მოხვდა.
BBC: IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 3 სექტემბრამდე დარჩება
BBC ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ზოგი ექსპერტი ქარხანაში 3 სექტემბრამდე დარჩება. მისია ამის შემდეგ ტერიტორიაზე მუდმივი სადამკვირვებლო მისიის ყოფნის საკითხს განიხილავს. „ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს ზაპოროჟიეს სადგურზე, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით. ახლახან დავასრულე პირველი ტური სადგურის მნიშვნელოვან ადგილებში, რომელთა ნახვაც გვსურდა პირველი შესვლის დროს. ცხადია, აქ მეტია გასაკეთებელი. ჩემი გუნდი ადგილზე რჩება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ აქ მუდმივ ყოფნას გავუწევთ ორგანიზებას“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა. IAEA-ს ექსპერტები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არიან კომენტარი გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ პირველ სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორსაათნახევარი გაატარა, რაც საკმარისი არ იყო ორგანიზაციის ინსპექტორებისთვის, რომ ბირთვულ ობიექტზე ვითარება სრულად შეეფასებინათ. მისი თქმით, მისია ზაპოროჟიეში ჩასული იყო, რათა შეემოწმებინა, არის თუ არა რაიმე საფრთხე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მხრივ. „ასე რომ, უცნაურია, რომ ის იქ მხოლოდ ორი საათის განმავლობაში დარჩა“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
CNN: უკრაინელი სამხედროები ხერსონის რეგიონში, სამიზნეებზე თავდასხმას განაგრძობენ
CNN კიევის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონის რეგიონში, სამიზნეზე, მათ შორის მდინარე დნიპროზე გამავალ ხიდებზე თავდასხმას განაგრძობენ. მისივე ცნობით, კახოვსკის ხიდზე გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე დამატებითი ხვრელი გააჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოუსადეგარი რჩება საოკუპაციო ძალებისთვის. CNN წერს, რომ უკრაინული ძალები ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების ხაზების განადგურებაზე კონცერტრირდნენ. ამასთან,უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ ჯარებს სლოვიანსკის, ბახმუტის, ნოვოპავლივკასა და ავდიივკის მიმართულებით უკან დახევა აიძულეს. „მტერი უკრაინის მასშტაბით, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიხაილო პოდოლიაკმა ომის ახალ „მიზანზე“ პუტინის განცხადებას უპასუხა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა. „რუსული პროპაგანდა თებერვლიდან: NATO-მ პროვოცირება მოახდინა“. პუტინი დღეს: „ჩვენი მიზანია უკრაინისთვის ძირის გამოთხრა, ჩვენ უარვყოფთ ასეთი ქვეყნის არსებობას". რუსეთში ცოდნის დღეს (პირველ სექტემბერს აღინიშნება. რედ.), ისტორიის გაკვეთილი უნდა გვახსოვდეს. უკრაინა - ადგილი, სადაც ყველაფერი დაიწყო. უკრაინა - თქვენი სამარცხვინო აღსასრულის ადგილია“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის ახალი „მიზნის“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში თითქოს „ანტირუსული ანკლავი“ იქმნება, რომელიც რუსეთს ემუქრება.
რუმინეთს თურქეთისგან 18 დრონის შეძენა სურს
რუმინეთმა თურქულ Bayraktar TB2-ის შესყიდვის ინტერესი გამოხატა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 თვითმფრინავის შესაძენად პარლამენტის თანხმობა სთხოვა. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტის თანხმობის შემდეგ, 300 მილიონი ევროს (299,6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყება.
მარიო დრაგი ილჰამ ალიევს მასპინძლობს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის შეხვდა, იუწყება Trend-ი. რომში ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია გაიმართა. „იტალიასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. იტალია აზერბაიჯანის პირველი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვამ 9,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, მიმდინარე წლის შვიდ თვეში კი, 11 მილიარდი დოლარი იყო. დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. დღეს ჩემი სამუშაო ვიზიტის პირველი დღეა იტალიაში. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიის ლიდერებთან მომავალი შეხვედრები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას“, - განაცხადა ალიევმა.
თურქეთი და აზერბაიჯანი 5 სექტემბერს ერთობლივ წვრთნებს იწყებენ
თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში ჩავიდნენ. ერთობლივი ტაქტიკური და საფრენოსნო წვრთნები - „TurAz Qartalı-2022“ 5 სექტემბერს დაიწყება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებისთვის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, მათ შორის პერსონალის დისლოცირების, წვრთნების დაგეგმვისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების ჩათვლით.