ძებნის რეზულტატი:

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე უკრაინელ თანამშრომლებს აღარ უშვებენ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებმაც „როსატომთან“ კონტრაქტები არ გააფორმეს, საშვები დაუბლოკეს და სადგურში აღარ უშვებენ. ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებიც იძულებული გახდნენ კონტრაქტები გაეფორმებინათ, ხელფასი შეუმცირეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივმა წარმომადგენლობამ დაიწყეს მუშაობა. შეგახსენებთ, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 2022 წლის სექტემბრიდან მუშაობს, ხოლო ატომური სადგური რუსეთის საოკუპაციო ჯარს მარტიდან აქვს დაკავებული.  

ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაასრულეს

ყირგიზეთმა და უზბეკეთმა სახელმწიფო საზღვრის საერთო მონაკვეთის დელიმიტაციის პროცესი დაასრულეს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟარაპოვმა ბიშკეკში მის უზბეკ კოლეგასთან შავქათ მირზიოევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „სასაზღვრო საკითხებში წერტლი დავსვით“, - განაცხადა სადირ ჟარაპოვმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ჟარაპოვის თქმით, ეს ფაქტორი „გადამწყვეტ როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ძმური ურთიერთობების განვითარებაში“ და „ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.  

ირანში, საბრძოლო მასალების მწარმოებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

ირანში, ისპაანში ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საბრძოლო მასალის წარმოების ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ აფეთქება უპილოტო თვითმფრინავის „წარუმატებელი“ თავდასხმის შედეგია. ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. სექტემბრიდან რუსეთმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ირანული თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო. იანვარში შეერთებულმა შტატებმა ირანის საავიაციო და თავდაცვის სექტორების წინააღმდეგ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ახალი სანქციები გამოაცხადა.     

ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, სლოვაკ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს - მედია

ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა კაპუტოვასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს, იტყობინება ჩეხური ტელეარხი CT24. 28 იანვარს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გადამდგარ გენერალ პეტრ პაველს ჩეხეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჩეხეთის პრეზიდენტად გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი აირჩიეს პაველმა მილიარდერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა, რომელიც რუსეთისკენ მიდრეკილ კანდიდატად ითვლებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრ პაველმა ხმების 58,32% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ჩეხმა მილიარდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია ANO-ს ლიდერმა - 41,67%.  

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ტერორისტული სახელმწიფოს პროპაგანდისტული გავლენისთვის ასპარეზის გახსნა სურს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ოლიმპიური თამაშების ფედერაციებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა. ზელენსკიმ მოუწოდა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ IOC-ის გადაწყვეტილებას უპასუხონ. „დღეს გავაგრძელე ჩვენი პატიოსნების მარათონი, რომელმაც უნდა დააბრუნოს საერთაშორისო სპორტული სააგენტოები ნამდვილ ოლიმპიურ პრინციპზე. წერილით მივმართე წამყვანი საერთაშორისო სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს. მოწოდება მარტივი და სამართლიანია. გადაწყვეტილება მივიღოთ კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ტერორისტული სახელმწიფოს პროპაგანდისტული გავლენისთვის ასპარეზის გახსნა სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც კრემლი დაიწყებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არსებული არაპრინციპული „მოქნილობის“ გამოყენებას იმის სათქმელად, რომ თითქოს მსოფლიო აგრესორთან დათმობაზე წასასვლელად თანახმაა. ის ფაქტი, რომ რუსეთი აგრძელებს თავის ტერორს ყოველდღე, იგნორირებული არ უნდა იყოს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, შეიძლება, რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს დიდ ღონისძიებებში ჩართვის უფლება მისცენ, მაგრამ ამისთვის მათ რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის წაყენებული პირველი და მთავარი პირობა იქნება, რომ დაგმონ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი ამბობს, რომ რუსი სპორტსმენების მიმართ გადადგმული ერთი ნაბიჯი ამავდროულად საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგმული ორი ნაბიჯია.  

ზელენსკი: რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მათ შორის MGM-140 არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები (ATACMS), რათა „რუსული ტერორი“ შეაჩეროს. რუსული ტერორის მაგალითად ზელენსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაზე რუსული სარაკეტო თავდასხმა მოიყვანა, რომლის დროსაც 28 იანვარს სამი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ უნდა არსებობდეს ტაბუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. HIMARS-ის ტიპის რაკეტებს, რომლებსაც ამჟამად უკრაინა იყენებს, 80 კილომეტრის მოქმედების მანძილი აქვს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბევრ ზონამდე ვერ მიაღწევს. ამ დრომდე აშშ უარს ამბობდა ATACMS-ის რაკეტების მიწოდებაზე, რომელთა მოქმედების მანძილი 300 კილომეტრია.    

აშშ-ში უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავენ - Politico

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსნები პენტაგონს ფარულად უბიძგებენ გადაწყვეტილებისკენ, რომ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა დაამტკიცოს, რათა ქვეყანას დაეხმაროს, დაიცვას თავი რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავებისგან. თუმცა ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონი ორიენტირებულია კიევისთვის იმ შესაძლებლობების გაგზავნაზე, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება. კიდევ ერთმა ინფორმირებულა წყარომ Politico-სთან განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საკუთარი თვითმფრინავების გადაზიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და სხვა ქვეყნებიდან F-16-ების რეექსპორტის დამტკიცებას შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.  

ISW: რუსეთის არმია ბახმუტში სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ძალებს ჩაანაცვლებს

რუსეთის რეგულარული არმიის ძალები, სავარაუდოდ, Wagner Group-ის დანაყოფებს ჩაანაცვლებენ, რათა ბახმუტში შეტევა შეინარჩუნონ. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი ISW წერს. 20 იანვარს გამოქვეყნებული კადრები მიუთითებს იმაზე, რომ ბახმუტის გარშემო რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალები მოქმედებენ, რომლის კონტროლიც მანამდე ექსკლუზიურად „ვაგნერზე“ ვრცელდებოდა. „ვაგნერი“ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა დააარსა.  

აშშ Google-ს სარეკლამო ბაზარზე კონკურენტების განდევნაში ადანაშაულებს

აშშ Google-ს სარეკლამო ბაზარზე კონკურენტების განდევნაში სდებს ბრალს. ამის შესახებ BBC წერს. „ანტიკონკურენტულმა ქმედებებმა „შეასუსტა, თუ არ გაანადგურა კონკურენცია სარეკლამო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ. მისი თქმით, Google-ის ანტიკონკურენტული ქცევა ვრცელდებოდა სამ ძირითად სფეროზე: ის აკონტროლებს ტექნოლოგიას, რომელსაც იყენებს ვებგვერდების თითქმის ყველა ძირითადი გამომცემელი, რათა შესთავაზონ სარეკლამო სივრცე გასაყიდად. ის აკონტროლებს წამყვან ინსტრუმენტს, რომელსაც რეკლამის განმთავსებლები იყენებენ სარეკლამო სივრცის შესაძენად. ის ყველაზე დიდ სარეკლამო ბირჟას აკონტროლებს BBC-სთვის მიცემულ კომენტარში Google-ის წარმომადგენელმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. ბაზრის კვლევის ფირმა Insider Intelligence-ის თანახმად, Google ბაზრის ლიდერია, მაგრამ მისი წილი აშშ-ის ციფრული რეკლამის მთლიანი შემოსავლიდან 2016 წელს 36.7%-დან 2022 წელს 28.8%-მდე დაეცა.  

იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, ტანკებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს

იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, მრავალჯერადი რაკეტების წარმოება გაზარდოს. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა განუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, Rheinmetall მოლაპარაკებებს HIMARS-ის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიასთან, Lockheed Martin-თან მართავს, რათა წარმოება გერმანიაში დაიწყოს. „კომპანიას ასევე შეუძლია, აწარმოოს 240,000 ტყვია სატანკო საბრძოლო მასალა წელიწადში, რაც იმაზე მეტია, ვიდრე მთელ მსოფლიოს სჭირდება“, - განაცხადა არმინ პაპერგერმა. მანამდე პეპერგერმა Bild-ს განუცხადა, რომ Rheinmetall-ს უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდება 2024 წლის დასაწყისამდე არ შეეძლო.  „Rheinmetall-ს ამჟამად 22 Leopard 2-ტიპის მოდელი და 88 Leopard 1 აქვს მარაგში, მაგრამ ტანკების შეკეთებას და საბრძოლველად მომზადებას წელზე ნაკლები დროს დასჭირდება“, - აღნიშნა პაპერგერმა.  

ისრაელი იარაღის ტარებაზე რეგულაციებს ამარტივებს

პალესტინელების თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ზომები, რომლის თანახმად, ისრაელელებს იარაღის ტარების უფლება გაუმარტივდებათ. ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს თავდამსხმელის ოჯახის წევრებისთვის ბინადრობის და სოციალური დაცვის უფლების ჩამორთმევას. მინისტრთა კაბინეტი ზომებთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ „ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ჯარების რაოდენობას გააძლიერებს“. „როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეებს აქვთ იარაღი, მათ შეუძლიათ, დაიცვან თავი”, - განუცხადა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა იერუსალიმის საავადმყოფოსთან შეკრებილ მედიას. 27 და 28 იანვარს იერუსალიმში ორი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან ცეცხლი გაუხსნა გამვლელებს, რასაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. 28 იანვარს კი, 13 წლის მოზარდმა ორი ადამიანი დაჭრა. საპასუხო ცეცხლით გაანეიტრალეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

ირანში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი

ირანის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 816 დაშავდა. Trend-ის ცნობით, მათგან 120 კლინიკაშია გადაყვანილი. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ხოიდან სამხრეთ-დასავლეთით 8 კილომეტრში მდებარეობდა. მისი სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდას შეადგენდა.  

საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ეწვევა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოწვევით, 30-31 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი ესტუმრება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ურთიერთობების განვითარება საქართველოს მთავრობის სხვა შესაბამის უწყებებთან და სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების დასახვა. „ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელთან და სხვა პარლამენტარებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ვიზიტი აგრეთვე ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მონახულებას. შეხვედრების ფარგლებში იგეგმება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმდინარეობის გაცნობა, ასევე ინფორმაციის გაცვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული ვითარების თაობაზე”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.  

უკრაინა მოკავშირეებისგან 24 გამანადგურებელი თვითმფრინავის მიღებას ელის - მედია

უკრაინა მოკავშირეებისგან 24 გამანადგურებელი თვითმფრინავის მიღებას ელის. ამის შესახებ უკრაინული მედია ესპანურ გამოცემა El País-ზე დაყრდნობით წერს. გაზეთი წერს, რომ ეს არის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც უკრაინის არმია თავისი საერთაშორისო მოკავშირეებისგან მიიღებს. „საჰაერო ძალების პრიორიტეტი ამერიკული F-16-ების მიღებაა, თუმცა კიევი განიხილავს ფრანგული Rafale-სა და შვედური Gripen-ის ვარიანტს“, - წერს გაზეთი.  

უკრაინა თავდაცვის ბიუჯეტიდან 2023 წელს დრონების შესაძენად $500 მილიონზე მეტს გამოყოფს

უკრაინა თავდაცვის ბიუჯეტიდან დრონების შესაძენად 500 მილიონი დოლარს გამოყოფს, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურმა სერჰი ნაევმა განაცხადა. უპილოტო თვითმფრინავების მასობრივი გამოყენება შეტევითი მოქმედებების დროს უფრო სწრაფად წინსვლას შესაძლებელს გახდის, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის საბრძოლო პოტენციალს და შეაჩერებს მტერს საკუთარი შეტევის განხორციელებაში.  ნაიევმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან უპილოტო საფრენი აპარატებს შეუძლიათ, ეკიპაჟის სიცოცხლის რისკის გარეშე შეასრულონ დავალებები. „ამგვარად, უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი გამოყენება საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად წავიწიოთ შეტევითი მოქმედებების დროს, ასევე მნიშვნელოვნად შევამციროთ მტრის საბრძოლო პოტენციალი და სრულად ვაიძულოთ თავი შეიკავონ შეტევითი გადაადგილებისგან გარკვეული მიმართულებით“, - აღნიშნა ნაევმა.  

პაკისტანში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი

სამხრეთ პაკისტანში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შემდეგაც ავტობუს ცეცხლი მოედო. AP-ის ცნობით, დაღუპულია 40 ადამიანი. ავტობუსში სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ლასბელის რაიონში, ქალაქ ბელასთან მოხდა. კომისრის თანაშემწემ ჰამზა ანჯუმ ნადიმმა განაცხადა, რომ ნაპოვნია 40 ადამიანის ცხედარი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

იტალიამ და ლიბიამ ევროპისთვის ენერგომომარაგების გაზრდის მიზნით, $8 მლიარდიანი შეთანხმება გააფორმეს

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის ვიზიტის დროს, ლიბიამ და იტალიამ გაზის წარმოების შესახებ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ლიბიის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ და იტალიურმა Eni-მ. მისივე ინფორმაციით, შეთანხმება ევროპისთვის ენერგომომარაგების გაზრდას ისახავს მიზნად. კერძოდ, ქვეყნები ორი ოფშორული გაზის საბადოს განვითარების გზით, გაზის მოპოვების გაზრდას ლიბიის შიდა ბაზრისთვის და ასევე ექსპორტისთვის ისახავენ მიზნად. ამასთან, Associated Press-ის ცნობით, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული გარიგება ყველაზე დიდი ინვესტიციაა ლიბიის ენერგეტიკულ სექტორში. ამ კვირის დასაწყისში, მელონი ალჟირს, იტალიისთვის გაზის მთავარ მიმწოდებელს ეწვია, სადაც Eni-მ და ალჟირის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Sonatrach-მა ხელი მოაწერეს ახალ თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ნახშირბადის ემისიების შემცირებას. ალჟირი იტალიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გასულ წელს გახდა მას შემდეგ, რაც ენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელი, რუსეთი ჩაანაცვლა.  

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინაში ომზე, პუტინის მიზნებსა და „წითელ ხაზზე“

უკრაინის მიმართ რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის კვალდაკვალ, NATO-ს წევრი ქვეყნები მშვიდობიან პერიოდში „ომის ეკონომიკაზე“ უნდა გადავიდნენ. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ბაუერმა მოუწოდა ალიანსის წევრებს, გაზარდონ ინდუსტრიული წარმოება, რათა დააკმაყოფილონ იარაღის და სხვა სამხედრო აღჭურვილობის საჭიროებები. მისი თქმით, უნდა გაიზარდოს თავდაცვის ინდუსტრიის წარმოება და ამ თემაზე უკვე უფრო და უფრო მეტი მოლაპარაკება მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე. ოფიციალური პირის განმარტებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკა ფუნქციონირებს პრინციპით - „ახლა და მერე“, მაგრამ ომთან დაკავშირებულმა მნიშვნელოვანმა მატერიალურმა და ტექნიკურმა ზარალმა გამოავლინა, თუ რამდენად სუსტია ეს მიდგომა. ორივე მხარე ხარჯავს უამრავ საბრძოლო მასალას, საბრძოლო ტანკებსა და თვითმფრინავებს. ორივე მხარეს ესაჭიროება ბევრი ნედლეული და საბრძოლო მასალა, რათა გააგრძელოს ბრძოლა. რობ ბაუერმა ინტერვიუს დროს ასევე უპასუხა შეკითხვას, მოიგებს თუ არა ომს უკრაინა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ორივე მხარეს აქვს პრობლემები, მათ შორის ამუნიციისა და გადაღლილობის კუთხით, მაგრამ უკრაინას აქვს უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ  მათ იციან რისთვის იბრძვიან. რობ ბაუერის თქმით, რუსებმა არ იციან, რისთვის იბრძვიან. „ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, როგორც NATO ისე მთლიანად მსოფლიო“, - აღნიშნავს რიბ ბაუერი. თუ ისინი (რუსები მოიგებენ) ჩვენ გვექნება ბევრად უფრო დიდი პრობლემა თავდაცვის მხრივ: რუსები იქნებიან ჩვენს საზღვრებთან. ესკალაციის შემთხვევაში, არის თუ არა NATO მზად, მართოს სიტუაცია, რობ ბაუერმა უპასუხა, რომ პირველი ესკალაცია იყო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბაინი ომის დაწყება. „ეს არ არის ესკალაცია. თუ მტერს უკეთესი იარაღი აქვს, ეს მტრის ბრალი არ არის. ეს შენი პრობლემაა. ამდენად, ისინი თუ შეწყვეტენ ომს დღეს, ესკალაცია აღარ იქნება“, - ამბობს NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე. არის თუ არა NATO რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისთვის, რობ ბაუერმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა. მისი განმარტებით, ალიანსის პოზიციებს მოსკოვი კარგად ხედავს და თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ NATO-ს მიუახლოვდეს, ალიანსის საზღვრებს ამისთვის მზადაა. „ეს წითელი ხაზია“, - აღნიშნა რობ ბაუერმა. ბაუერის თქმი, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების დაკავებას ისახავს მიზნად. ინტერვიუს თემა იყო ჩინეთიც.  რობ ბაუერის თქმით, ჩინეთი შექმნილ ვითარებას ახლოდან აკვირდება, ის ფიქრობდა, რომ რუსეთი სწრაფად მოიპოვებდა გამარჯვებას უკრაინაში. „ვფიქრობ, ისინი გაკვირვებულები არიან, რომ ასე არ მოხდა. მათ არ სურთ რუსეთის წაგება, თუმცა იარაღით არ უჭერენ მხარს და ესაა განსხვავება“, - აღნიშნა რობ ბაუერმა. მისივე განმარტებით, ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციების შედეგებსაც აკვირდება. „მე არ ველი, რომ ჩინეთი ხანგრძლივ პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე იფიქრებს. ყველა ქვეყანა აკვირდება ამ კონფლიქტს და გაკვეთილის სწავლას ცდილობს. ეს  (ომი) გამოსაფხიზლებელი რამ იყო, რადგან გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ ევროპაში ომი აღარ იქნებოდა“, - განაცხადა რობ ბაუერმა.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პუტინის მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების დაკავებაა

რუსეთის პრეზიდენტის მიზნები უკრაინას სცდება. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა პორტუგალიურ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (RTP) ინტერვიუში განაცხადა. რობ ბაუერის თქმი, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების დაკავებას ისახავს მიზნად. რობ ბაუერმა ინტერვიუს დროს ასევე უპასუხა შეკითხვას, მოიგებს თუ არა ომს უკრაინა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ორივე მხარეს აქვს პრობლემები, მათ შორის ამუნიციისა და გადაღლილობის კუთხით, მაგრამ უკრაინას აქვს უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ  მათ იციან რისთვის იბრძვიან. რობ ბაუერის თქმით, რუსებმა არ იციან, რისთვის იბრძვიან. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინაში ომზე, პუტინის მიზნებსა და „წითელ ხაზზე“ „ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, როგორც NATO, ისე მთლიანად მსოფლიო უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით“, - აღნიშნავს რობ ბაუერი.  

უკრაინელი სამხედროები Challenger 2-ის ტიპის ტანკებზე წვრთნებისთვის დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ

უკრაინული სატანკო ეკიპაჟები ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში, რათა Challenger 2-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკებზე წვრთნები დაიწყონ. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 29 იანვარს განაცხადა. ტანკებს უკრაინა სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მიიღებს. პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Sky News-ს განუცხადა, რომ უკრაინას 500-მდე ტანკი სჭირდება. მისი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გამოაცხადეს ათობით თანამედროვე ტანკის მიწოდების შესახებ.