ძებნის რეზულტატი:

31 იანვრამდე განხორციელებულმა ვაშლის ექსპორტმა 4.2 მლნ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 9.8 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. "2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 9.4 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში", ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტი: კორონავირუსის ახალი ვარიანტების გათვალისწინებით, მსოფლიოს უფრო მეტი ვაქცინა დასჭირდება

"კორონავირუსის ახალი ვარიანტების შესაძლო გავრცელების გათვალისწინებით, მსოფლიოს უფრო მეტი ვაქცინა დასჭირდება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანურ გამოცემა El Pais-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ახლა მე კორონავირუსის ახალი ვარიანტები მაწუხებს, ვინაიდან ვიცი, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის. ამიტომაც მივიჩნევ, რომ ისეთი სცენარებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც იმედია, არ განხლორციელდება. კვირას ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს, მეცნიერებსა და ევროპის წამლების სააგენტოს სპეციალისტებს შევხვდი. გვსურს მომზადება დავაჩქაროთ იმ შემთხვევისთვის, თუ ისეთი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკომიის პრეზიტენმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საჭიროა საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა, რადგან „კორონავირუსის ახალი ვარიანტების გათვალისწინებით, მსოფლიოს უფრო მეტი ვაქცინა დასჭირდება“.

31 იანვრამდე განხორციელებულმა თხილის ექსპორტმა 79.2 მლნ დოლარი შეადგინა

"2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 15.3 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 79.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა". ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლიე მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამისნისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.0 ათასი ტონით (49%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 26.8 მლნ აშშ დოლარით (51%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. "ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 165 ტონა), იტალიაში (3 766 ტონა), ჩეხეთში (716 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ესპანეთში (430 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), საფრანგეთში (359 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგში (84 ტონა), ბელგიაში (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (873 ტონა), რუსეთი (713 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (444 ტონა), უკრაინა (290 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (166 ტონა), შვეიცარია (89 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია", -ნათქვამია სამინისტრო განცხადებაში.

მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს

"მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს", - აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ინფორმაცია შევიდა, რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი იყო. "ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე. მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ.გამოძახებიდან ნახევარ საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანმო: ვირუსის კონტროლი შესაძლებელია. მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს

"კორონავირუსის კონტროლი შესაძლებელია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანო გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს. „მესამე კვირაა, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევები იზრდება, მაგრამ გლობალურად, ეს სასიხარულო ამბავია. ეს ამბობს, რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია, თუნდაც ახალი ვარიანტების გაჩენის შემთხვევაში“, – განაცხადა გებრეიესუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით ახალი შემთხვევების კლება პანდემიის გამო მსოფლიოში მიღებული ზომების ეფექტიანობას აჩვენებს.

პირბადის ტარების წესი გასულ 24 საათში 600-ზე მეტმა ადამიანმა დაარღვია

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 805 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 164 ფიზიკური პირი დააჯარიმა.დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 641 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 858 ადამიანს დაუდასტურდა, 580 გამოჯანმრთელდა, 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 208 ადამიანი გარდაიცვალა. 858 ახალი შემთხვევიდან 339 თბილისში გამოვლინდა. იაჭარა - 53, იმერეთი - 158, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 50, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 85, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. აქტიური შემთხვევა: 5 686, საიდანაც: 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 229, აჭარაში - 181, იმერეთში - 485. მძიმე პაციენტი: 575. მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში - 44, იმერეთში - 146 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 160 . მათგან თბილისში - 119, აჭარაში- 5, იმერეთში - 16. 283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 191 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 883 პირი ვირუსის მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 480 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 202, ხოლო აჭარაში - 117. სულ 6 ოქტომბრიდან - 1-ლი თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 357 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 621 პირი, აჭარაში - 746, იმერეთში - 1 528

31 იანვრამდე 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მანდარინის ღირებულებამ 18.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. "აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.0 ათასი ტონით (23%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.0 ათასი ტონა), სომხეთსა (8.3 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში", - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით „ზამთრის წვრთნები 2021“, თურქეთის ყარსის რეგიონში მიმდინარეობს და 12 თებერვლამდე გაგრძელდება. სამხედრო წვრთნების დროს ჯარისკაცები სხვადასხვა იარაღიდან ისვრიან.

საქართველოს პარლამენტთან აქციაა

ამ წუთებში საქაპარლამენტთან აქციაა. აქციას „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრები მართავენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ქაღალდისგან დამზადებული ჯიხური მიიტანეს, სადაც მათ მიერ დამზადებულ “საპარლამენტო მანდატებს” სიმბოლურ ფასად ყიდიან. აქციის წევრებს ჯიხურში პარლამენტის დეპუტატების ფოტოები და წარწერები აქვთ გამოკრული, მაგალითად: "მანდატები იაფად", "გია ვოლსკის სადღეგრძელოები 2 ლარად" და სხვა. აქტივისტების განცხადებით, დღევანდელ პარლამენტში შესვლა ღალატის ტოლფასია და საპარლამენტო მანდატები ხალხის ნებას არ წარმოადგენს. დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია გაიხსნება. ცნობისთვის, 51 ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, დღეს შეუწყდებათ. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ. ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ. ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

"ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს

ამ ეტაპზე, 51 ოპოზიციონერ დეპუტატს საპარლამენტო მანდატი არ შეუწყდება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. „ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას: - რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს; დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა; გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება. ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი, მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი: პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტი საკითხს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, საქართველოს პარლამენტს 51-მა ოპოზიციონერმა მიმართა საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით. ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ. ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას

"ჩვენ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც ცნობილია, "ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტისგან თავს იკავებს. "დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, საქართველოს პარლამენტს 51-მა ოპოზიციონერმა მიმართა საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით. ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ. ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ. "ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

ალეკო ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ" დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ

„ქართულმა ოცნებამ" დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ, - ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რაც 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას გულისხმობს. „3 თვეა ვლაპარაკობთ, ვინ შევა, ვინ გამოვა. აბა, ხალხს ვკითხოთ, სინამდვილეში ვის რა ადარდებს. მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და მემორანდუმს უნდა შემოუერთდეს დანარჩენი ოპოზიცია. ცოტა მეტი პასუხისმგებლობითა და მეტი გამბედაობით ყველა თავის ამომრჩეველს დაელაპარაკოს. ამომრჩევლებს ის ადარდებთ, ვინ შემოვა და ვინ არა?! უმუშევრად არის მთელი საქართველო დარჩენილი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილის მსგავსად, "ქართული ოცნებას" გადაწყვეტილებას უწონებს ლევან იოსელიანიც. მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და სივრცე დატოვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერება იქნებოდა ცუდი გამოსავალი და პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდოდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა. „სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც მიიღეს და მგონია, რომ ოპოზიციამ უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები და საბოლოოდ დაასრულოს ისე, როგორც დავასრულეთ ჩვენ. უნდა მოილაპარაკონ და შემოვიდნენ პარლამენტში, დღეს ეს ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალია. იმედია, ამას აცნობირებენ და ყველა შემოვა პარლამენტში“, - აღნიშნა იოსელიანმა. მისი თქმით, თავის დროზე „მოქალაქეები“ ოპოზიციას იმიტომ გაემიჯნა, რომ პროცესი ჩიხში იყო შესული. „ჩვენ თავის დროზე რა პროცესიც დავინახეთ შიგნით, ოპოზიციაში, ამის შესახებ დავიწყეთ საუბარი. ჩვენ გავემიჯნეთ ამ პროცესებს და ცალკე ნაბიჯებით დავიწყეთ სიარული. მივიყვანეთ მოლაპარაკებები ბოლომდე, იმ პირობებით, რაც მთლიანი ოპოზიციისთვის იყო მისაღები. გავაფორმეთ შეთანხმება და ჩვენი მიზანია მისი იმპლემენტაცია შევძლოთ პარლამენტში“, - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, საქართველოს პარლამენტს 51-მა ოპოზიციონერმა მიმართა საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით. ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ. ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ. "ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. ირაკლი კობახიძე: ჩვენ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია  გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პარლამენტის სესიის პირველ პლენარულ სხდომას 92 დეპუტატი ესწრება. მათ შორის არიან “მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. პარლამენტის დღევანდელი სხდომის მთავარი და ერთადერთი საკითხი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 51 ოპოზიციონერის მოთხოვნის განხილვა და კენჭისყრაზე დაყენებაა. როგორც ცნობილია, "ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

კოსოვომ ოფიციალური კავშირი დაამყარა ისრაელთან და იერუსალიმში საელჩოს გახსნას აპირებს

კოსოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარომადგენლებმა ისრაელის მთავრობასთან ვიდეოკონფერენციია გამართა. ორმა ქვეყანამ ერთმანეთთან დიპლომატიური კავშირი დაამყარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, კოსოვო, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, სელჩოს იერუსალიმში გახსნის. ახალი შეთანხმება, დიპლომატიური კავშირის შესახებ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიწყო. აშშ-ის ინიციატივით მუსულმანურმა ქვეყნებმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყეს. სექტემბერში, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოსოვოს და მისი მეტოქე სერბეთის ლიდერები თეთრ სახლში გამართულ სამიტზე შეკრიბა იმ მიზნით, რომ სამუშაო ამ ორ ბალკანელ მეზობელს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით წინ წაწეულიყო.

ალეკო ელისაშვილი: პარლამენტში ვართ იმიტომ, რომ 2020 წლის არჩევნები იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები

პარლამენტის პირველ სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ტელეფონის ნომერი შეახსენა. როგორც ელისაშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე განაცხადა „მოქალაქეები“ პარლამენტში შემოვიდნენ იმიტომ, რომ ელექტრონული წესით არჩვენების ჩატარებას მიაღწიონ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, მათი პარტია შეიძლება პატარა და ახლად ფეხადგუმულია, სამაგიეროდ გავლენებისგან თავისუფალია და გადაწყვეტილებებს არცერთი მხარის გავლენით არ იღებს. „ჩვენ მიგვაჩნია რომ აქ შემოსვლა იყო სწორი. მემორანდუმის გაფორმების და ოთხი პატიმრის გათავალისუფლების შემდეგ. პოლიტიკური პროცესი ხალხის პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენთან ითვლება, რომ თუ ოპოზიციაში ხარ, უნდა გძულდეს ხელისუფლება და თუ ხელისუფლებაში ხარ, უნდა გძულდეს ოპოზიცია და განადგურება გინდოდეს მისი. მაგრამ ჩემი აზრით, ამით იმდენად ვართ 30 წელი გართულები, რომ გვავიწყდება მთავარი. ამ დარბაზში მარტო და ყოველთვის, ბავშვობიდან მოყოლებული, ისმოდა ყველაფერი, მაგრამ ხალხის პრობლემებზე არ ფიქრობდნენ, არ დარდობდნენ. ეს განცდა მაქვს 9 წელია ძვირფასო "ქართული ოცნების" დეპუტატებო. არის ქართული ოცნების რეალობა, არის ნამდვილი ქართული რეალობა. აქეთ არის თავდაუზოგავი ფუფუნების რეალობა ჯიპები, პრემიები, დანამატები, მეორე მხარეს სასოწარკვეთილი ხალხი, უიმედო, უსამართლობის განცდით კრიჭაშეკრული ხალხი, არადა გვაქვს საოცარი ქვეყანა, უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანა და ჩვენ აქ ვართ ზუსტად იმიტომ, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გავხადოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პირველ სხდომაზე. მისი თქმით, პარლამენტში არა პრივილეგიების გასაყოფად, არამედ იდეებზე საკამათოდ შევიდა და ახლა უკვე პარლამენტარის რანგშიც გააგრძელებს მოქალაქეების ზარებზე პასუხის გაცემას, როგორც ამას წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკეთებდა. "მოქალაქეებისთვის ვიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს 593 58 40 52.ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, ზოგი მლანძღავს, ზოგი პრობლემებს მიზიარებს, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა ჩემი აზრით, დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ ამ დარბაზში" - თქვა ალეკო ელისაშვილმა. "მოქალაქეებმა" დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩვენების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განცხადა. მოგვიანებით ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების და გარკვეული საარჩევნო ცვლილებების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე დათანხმდებოდა. საარჩევნო ცვლილებების შესახებ მემორანდუმი "მოქალაქეებმა" "ქართულ ოცნებასთან" რამდენიმე დღის წინ გააფორმეს.

EBRD-ის პრეზიდენტი: ჩვენი სამომავლო ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებისას აქცენტი გაკეთდება საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე

EBRD-ის პრეზიდენტი ადასტურებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთგულებას, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ ოდილ ღენო-ბასომ ონლაინ-ფორმატში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარისთან შეხვედრისას განაცხადა. EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას თბილი მიღებისა და ვიზიტის ფარგლებში წარმართული დიალოგის ხარისხისთვის მადლობა გადაუხადა. „მახარებს ის ფაქტი, რომ EBRD-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტი საოპერაციო ქვეყნებიდან პირველად საქართველოში ტარდება. ფორმატი ვირტუალურია, რადგან მობილობის შეზღუდვები არსებობს. მაინც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო, შევხვედროდი მთავრობას და ძალიან კარგი თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. შეხვედრისას განვიხილეთ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტი საქართველოზე, ქვეყნის გამკლავება ამ უპრეცედენტო გამოწვევასთან და ევრობანკის დახმარება კრიზისის დაძლევასა და ისეთი საფუძვლის შექმნაში, რომელიც მდგრად და ინკლუზიურ ზრდას განაპირობებს. ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ მიზანდასახულობით, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება გამოხატავს კრიზისის დაძლევის საქმეში. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ევრობანკის გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება ქვეყნის სამომავლო განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ძალიან ძლიერ საფუძველს, რადგან 2020 წელს ინვესტიციების ჯამურმა ოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - 630 მილიონი ევროს ოდენობის ჯამური ბიუჯეტით 16 პროექტის ფარგლებში, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ხორციელდება არსებულ და ახალ კლიენტებთან პარტნიორობის გზით“, - განაცხადა ოდილ ღენო-ბასომ. EBRD-ის პრეზიდენტის შეფასებით, ბანკის ინიციატივები მოიცავს მთელ სპექტრს ენერგეტიკიდან ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით, ასევე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებას, რომლებიც რეალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია. „ახალი კორონავირუსის პანდემიამ ყველა ქვეყნის ეკონომიკა ჩააგდო უპრეცედენტო მდგომარეობაში. ევრობანკის რეაგირება მყისიერი იყო, რადგან სოლიდარობის პაკეტი შევიმუშავეთ 1 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რათა ჩვენს საოპერაციო არეალში წევრ ქვეყნებს დავეხმაროთ ვირუსის გავლენის დაძლევაში. ამას ძალიან ძლიერი მიზანსწრაფულობით ვახორციელებთ საქართველოში და ჩვენი მიზანია ადგილობრივი ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანა. სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისას - და სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი - ვისაუბრეთ ევრობანკის ძლიერ პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის გაგრძელების კონტექსტში შემდეგი კომბინაციით: კერძო სექტორის დაფინანსება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით აქტიური დიალოგი დარგობრივი პოლიტიკის და ინიციატივების ნაწილში. ჩვენი სამომავლო ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებისას, რომელშიც აქცენტი გაკეთდება საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ „მწვანე ეკონომიკის“ ხელშეწყობაზე, სოციალურ თანასწორობაზე და სერვისების გაციფრულებაზე“, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა. მისივე შეფასებით, ევრობანკს პრიორიტეტებად მიაჩნია ქვეყნის კერძო სექტორის შემდგომი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა, მეტი ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება, განსაკუთრებით გაციფრულების მიმართულებით. „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გრაფიკით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში, რომელიც შესანიშნავი ჩარჩო დოკუმენტი, გზამკვლევი და კალენდარია სტრუქტურული რეფორმების ნაწილში. ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო მუშაობის გაგრძელებას ამ სტრატეგიის შემუშავების დროს. ევრობანკი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ინვესტორი და მეგობარი. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქვეყნის მთავრობას ასეთი თბილი მიღებისთვის და ძალიან ნაყოფიერი დისკუსიებისთვის“, - აღნიშნა ოდილ ღენო-ბასომ.

მაია ცქიტიშვილი: EBRD-ისგან 4 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მივიღეთ, წლების განმავლობაში

EBRD-ის დაფინანსებით, საქართველოში 200 პროექტი მიმდინარეობს და მათი ჯამური ღირებულება 4 მლრდ ევროს აღემატება, რომელიც საქართველომ EBRD-სგან მიიღო”, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, EBRD-ის დახმარებით, საქართველოს 6 ქალაქისთვის, 175 ავტობუსი ჩამოვიდა და უახლოეს მომავალში კიდევ იგეგმება დამატებითი ავტობუსების ჩამოყვანა. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს EBRD-თან, რომელიც არის ერთ-ერთი ჩვენი დონორი და აფინანსებს, მათ შორის, ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მათ შორის, ახალი გვირაბის გაყვანასაც. გარდა ამისა, EBRD-ის ნაწილში აღვნიშნავდი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ეხება რეგიონებში ახალი ავტობუსების შესყიდვას. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს ნარჩენების მართვის საკითხებში, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პროექტებისა, რომელსაც EBRD გვთავაზობს. ძალიან აქტიურია EBRD-ის თანამშრომლობა კერძო სექტორთან. მთლიანად, მთელი პორტფელის ნახევარზე მეტი, პრაქტიკულად, კერძო სექტორთან აქვს EBRD-ს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ კომპლექსური თანამშრომლობაა შესაძლებელი, როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ უკეთესი პროექტები, საინვესტიციო პროექტები აღმოვაჩინოთ, დავაფინანსოთ და შევუწყოთ ხელი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მხრიდან“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: ველით, რომ „სამართლიანი არჩევნები“  იმ ოქმების სიას გაასაჯაროებს, რომელზე პრეტენზია აქვს

„ჩვენ „სამართლიან არჩევნებს“ მოვუწოდებდით სამი თვის განმავლობაში, გამოვიდნენ და თქვან ყველაფერი - მათ შორის, წარმოადგინონ სია იმ უბნებისა, რომლებზეც მათ პარალელური დათვლა ჩაატარეს, რომლების მიმართაც მათ პრეტენზია აქვთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს შესაბამება „სამართლიანი არჩევნების“, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის კეთილსინდისიერების ვალდებულებას. „მოველით, რომ ეს სია გასაჯაროვდება“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილებების მიღება ხდება, სანდო იყოს. პარლამენტის წევრმა განაცხადა ისიც, რომ არჩევნების შემდეგ გასული სამი თვის განმავლობაში, იყო ე.წ. მტკიცებულებების კასკადი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გაბათილდა. „ ვნახეთ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც თავად „სამართლიანმა არჩევნებმა“ ISFD-მა აღიარა, რომ იყო მცდარი და საბოლოო ჯამში, შეასწორა ეს შედეგები, და ასევე ვნახეთ 29 იანვარს „სამართლიანი არჩევნების“ პრესკონფერენცია, რომელზეც მათ დაადასტურეს, რომ მათი მეორე მიგნება, რომელიც ეხებოდა უბნების 8%-ზე დისბალანსს, რომელსაც შეეძლო 4%-იანი გავლენა მოეხდინა შედეგებზე, ესეც აღმოჩნდა, რომ იყო მცდარი და მას შემდეგ, რაც მათ გაითვალისწინეს შესწორების ოქმები, მათი შედეგები დაემთხვა ცესკოს შედეგებს, და არის არა 8%, არამედ 0,5% უბნებისა, ხოლო რაც შეეხება 4%-იან გავლენას შედეგზე - ეს პრეტენზია მათ საერთოდ მოხსნეს. თუმცა, იმავე პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ ამ შესწორების ოქმების მიმართ აქვთ პრეტენზია და ამავე დროს, მიუხედავად ჩვენი მრავალი მოწოდებისა ამ სამი თვის განმავლობაში და მათ შორის, გუშინ, სპეციალურად მივუძღვენით ამ საკითხს ბრიფინგი, რომ გაასაჯაროვონ, კონკრეტულად რომელი ოქმების და რომელი უბნების მიმართ აქვთ მათ პრეტენზია. ისინი კვლავ უარს აცხადებენ, როგორც ჩანს, ამ უბნების გასაჯაროვებაზე. ჩვენ ვნახეთ გუშინ ცესკოს განცხადებაც, რომ მათ მიმართეს „სამართლიან არჩევნებს“, რომ მიეწოდებინათ სია იმ უბნების და ოქმების, რომლებზეც მათ აქვთ პრეტენზია და მათ უარი მიიღეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ შევხვდეთ და პირადად მოვისმინოთ მათგან ეს სია, თუმცა, ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ეს სამთვიანი დეზინფორმაციის კამპანია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით დამყარებული იყო, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებთან, მათ აქვთ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშეც, რომ საბოლოოდ გაამჟღავნონ ის სიმართლე, რომელიც მათ აქვთ, არაფერი არ დაუმალონ საზოგადოებას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რამდენიმე დღის წინ ISFED-მა განცხადა, რომ, ხმების პარალელური დათვლის ახალი მონაცემებით, შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტში მეტობა დაფიქსირდა. „დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა. ვაპირებთ, დავუშვათ გამონაკლისი და შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტი, სადაც დაფიქსირდა მეტობა, დეტალურად გავიაროთ ცესკო-სთან ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან, რათა ნებისმიერი ეჭვი აღმოფხვრას და ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს გამჭვირვალობის მაქსიმალური სტანდარტი”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ. ცესკოს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 11 დეკმებრს გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3%-ია, მინიმალური კი - 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ "ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი - 45.1%. დეკემბერში ISFD-ის თავმჯდომარემ ორგანიზაციის შეცდომა აღიარა და ISFD-ის გამგეობის მოთხოვნით, თანამდებობიდან გადადგა.

თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: თუ არჩევნები გაყალბდა როგორც ამბობთ, აქ რას აკეთებთ?!

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - აღნიშნული განცხადებით, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილის განცხადებას უპასუხა. როგორც დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ალეკო ელისაშვილმა განცხადა, მოქალაქეები პარლამენტში არიან იმიტომ, რომ 2020 წლის არჩევნები იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები. წულუკიანმა ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერიც გამოაცხადა. „ბატონო ალეკო, თქვენ აქ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ ხოლმე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - განაცხადა წულუკიანმა. პარლამენტის პირველ სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმაალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ტელეფონის ნომერი შეახსენა. "მოქალაქეებისთვის ვიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს 593 58 40 52. ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, ზოგი მლანძღავს, ზოგი პრობლემებს მიზიარებს, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა ჩემი აზრით, დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ ამ დარბაზში" - თქვა ალეკო ელისაშვილმა. "მოქალაქეებმა" დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩვენების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განცხადა. მოგვიანებით ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების და გარკვეული საარჩევნო ცვლილებების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე დათანხდებოდა. საარჩვენო ცვლილებების შესახებ მემორანდუმი "მოქალაქეებმა" "ქართულ ოცნებასთან" რამდენიმე დღის წინ გააფორმეს.