ძებნის რეზულტატი:

კობახიძის თქმით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის სტატუს-კვო ძალაში დარჩა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, „საქართველოს მისწრაფება NATO-ს წევრობისკენ და თან მუდმივად არაწევრის მდგომარეობაში ყოფნა, ქვეყნისთვის მუდმივ რისკს წარმოადგენს.“ ირაკლი კობახიძის თქმით, გლობალურ პოლიტიკაში დადებითი ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს შეამცირებს. „საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - რეალურად ეს ასეა. ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება რისკები. ამიტომ დავიტოვოთ იმედი, რომ საერთო ჯამში გლობალური პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება - ეს არის მთავარი", - განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის საკითხზე შენარჩუნდა სტატუს-კვო, რაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთის მიმართ NATO-ს პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, NATO-ში გასაწევრიანებლად, უკრაინას აღარ დასჭირდება MAP-ი, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის, კობახიძეს მიაჩნია, რომ უკრაინის შესახებ საქართველოსთან შედარებით მეტი ტექსტია, თუმცა ხარისხობრივად განსხვავება არ არის. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში  

ნიდერლანდები პარტნიორების, მათ შორის საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის, NATO-ს ფონდში დამატებით, 8 მილიონ ევროს შეიტანს

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცოგოვინის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის ნიდერლანდები NATO-ს ფონდში დამატებით, 8 მილიონ ევროს შეიტანს. ხსენებული თანხა უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის სისტემებზე, საბრძოლი მასალების საწყობების დაცვის გაზრდასა და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლაზე დაიხარჯება. ვოპკე ჰუქსტრას თქმით, რუსეთი ამ ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებს არ ეშვება და ამ თვალსაზრისით NATO-ს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. „დღევანდელ არასტაბილურ დროში NATO-ს მოკავშირეების თანამშრომლობა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან რუსეთი საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია ჰერცეგოვინiს შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს“, - განაცხადა ვოპკე ჰუქსტრამ. NATO-ს ორდღიან სამიტს 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი მასპინძლობს. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება.  

NATO რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

NATO რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს მისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამის შესახებ ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში წერია. NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან თავისუფლად. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები, რომლებიც გალაგებულია საქართველოში მისი თანხმობის გარეშე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება", - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.  

NATO-ს სამიტის ფარგლებში, პირველად, საქართველო-სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში შეხვედრა გაიმართა

NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, პირველად გაიმართა საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს, დანიისა და შვედეთს საგარეო საქმეთა მინისტრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ ამ ფორმატში კოორდინაცია. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო სკანდინავიის ქვეყნებს განიხილავს, როგორც ღირებულ მეგობრებსა და სანდო პარტნიორებს. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ურთიერთობათა მზარდ დინამიკას, რაც მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლითა და სხვადასხვა საკითხზე ინტენსიური პოლიტიკური დიალოგით გამოიხატება. ილია დარჩიაშვილმა კოლეგებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ისაუბრა იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომელსაც ქვეყანამ ამ ეტაპისთვის მიაღწია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და აქტიურად მუშაობს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ამას გარდა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვილნიუსის წარმატებულ სამიტზე და განაცხადა, რომ სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო. ასევე, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ქვეყნების ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისში ნორვეგიისა და დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობის ფონზე,“ - აცხადებენ საგარეო უწყებაში. მიისვე თანახმად, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რეგიონული პარტნიორობის პლატფორმები მზარდ მნიშვნელობას იძენს. „აღსანიშნავია, რომ სამუშაო საუზმე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ინიციატივით გაიმართა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, გაიმართა საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი ხაინდრავამ, გიორგი ბუბუნაურმა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ლაბაძემ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიის „Ottobock SE & Co. KgaA“-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გამართული შეხვედრისას მხარეებმა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებსა და მათთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა „Ottobock SE & Co. KgaA“ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის უმაღლესი ხარისხის პროთეზების მიწოდებას ითვალისწინებს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და „Ottobock SE & Co. KgaA“-ის წარმომადგენელმა დენის ვოლტერმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის უწყება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 28 ერთეულ ქვედა კიდურისა და 7 ერთეულ ზედა კიდურის პროთეზს შეისყიდის. პროთეზების მიწოდება და შესაბამისი მომსახურება ეტაპობრივად განხორციელდება. საგარანტიო პერიოდში კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს პროთეზების გეგმიურ სერვისულ შემოწმებასა და შეკეთებას.  

რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით

ვილნიუსის სამიტის კომუნიკე გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. ეხება როგორც ბელორუსის და ირანის, ისე ჩინეთის როლს რუსეთის აგრესიაში. კომუნიკას თანახამად, ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობა დაირღვა. რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ის ნორმები და პრინციპები, რამაც ხელი შეუწყო სტაბილურ და პროგნოზირებად ევროპული უსაფრთხოების წესრიგს. რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ ზონაში. მისივე თანახმად, ტერორიზმი, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, არის ყველაზე პირდაპირი ასიმეტრიული საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არის გლობალური და ურთიერთდაკავშირებული. მოკავშირეების შეფასებით, რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ მის უკანონო, გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომზე, რომელმაც სერიოზულად შეარყია ევროატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება და რისთვისაც მას სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. „ჩვენ არ ვაღიარებთ და არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიებს, მათ შორის ყირიმის ანექსიას. არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს რუსეთის ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკეები, როგორიცაა თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელიც მილიონობით უკრაინელს ართმევს მნიშვნელოვან რესურსებს. ყველა პასუხისმგებელმა უნდა აგოს პასუხი ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის, განსაკუთრებით, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე. კახოვკის კაშხლის ნგრევა ხაზს უსვამს რუსეთის მიერ დაწყებული ომის სასტიკ შედეგებს. რუსეთის ომმა ღრმა გავლენა მოახდინა გარემოზე, ბირთვულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებაზე, გლობალურ ეკონომიკასა და მილიარდობით ადამიანის კეთილდღეობაზე მთელ მსოფლიოში. მოკავშირეები მუშაობენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და აქტიურად უჭერენ მხარს საერთაშორისო ძალისხმევას გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად,“- წერია კომუნიკეში. მოკავშირეების თქმით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს უკანონო აგრესიული ომი, შეწყვიტოს ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ რაიმე სახის დახმარება რუსეთის აგრესიას და ვგმობთ ყველას ქმედებას, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს. ბელორუსის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის აგრძელებს თავისი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, რათა რუსეთის ძალებს მიეცეს საშუალება, შეუტიოს უკრაინას და გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესია.“ კომუნიკეს თანახმად, კერძოდ, ბელორუსმა, ასევე ირანმა, უნდა დაასრულონ (ომში - რედ.) თანამონაწილეობა და დაუბრუნდნენ საერთაშორისო კანონმდებლობას. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციულად ჩაერთოს უკრაინასთან სანდო მოლაპარაკებებში, რუსეთს არ გამოუჩენია ჭეშმარიტი ღიაობა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. რუსეთმა გაზარდა თავისი მრავალდომენიანი სამხედრო ფორმირება და ყოფნა ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში და ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს არქტიკაზე.“ NATO და მოკავშირეები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ აუცილებელ, კოორდინირებულ ქმედებებს, მათ შორის შესაბამისი გეგმების განხორციელებას. „რუსეთის გაღრმავებული სამხედრო ინტეგრაცია ბელორუსთან, მათ შორის მოწინავე რუსული სამხედრო შესაძლებლობების და სამხედრო პერსონალის განლაგება ბელორუსში, გავლენას ახდენს რეგიონულ სტაბილურობაზე და ალიანსის დაცვაზე. NATO სიფხიზლეს ინარჩუნეს და ყურადღებით დააკვირდება შემდგომ მოვლენებს, კერძოდ ბელორუსში ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიების პოტენციურ განლაგებას. ჩვენ მოვუწოდებთ ბელორუსს, შეწყვიტოს ბოროტული განზრახვები მეზობლების წინააღმდეგ, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.“ რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული ქმედებები NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ, მათ შორის მარიონეტების მეშვეობით. „ეს მოიცავს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ იძულებას, ფართოდ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, მავნე კიბერ აქტივობებს და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების უკანონო და დამღუპველ ქმედებებს“. ხსენებულიდან გამომდინარე, NATO აძლიერებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებთან დასაპირისპირებლად და უზრუნველყოფს, რომ ალიანსი და მოკავშირეები მზად არიან, შეაკავონ და დაიცვან ჰიბრიდული თავდასხმები. „ჩვენ ვეძებთ სტაბილურობას და პროგნოზირებადობას ევროატლანტიკურ ზონაში და NATO და რუსეთს შორის. NATO არ ესწრაფვის კონფრონტაციას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. მისი მტრული პოლიტიკისა და ქმედებების ფონზე ჩვენ ვერ მივიჩნევთ რუსეთს ჩვენს პარტნიორად. ჩვენს ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთი შეაჩერებს თავის აგრესიულ ქცევას და სრულად შეასრულებს საერთაშორისო კანონმდებლობას. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ღია კომუნიკაციის არხები მოსკოვთან რისკების მართვისა და შესამცირებლად, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და შევაფასებთ რუსეთის პოლიტიკისა და ქმედებების გავლენას ჩვენს უსაფრთხოებაზე და ვუპასუხებთ რუსეთის საფრთხეებსა და მტრულ ქმედებებს ერთიანი და პასუხისმგებლობით. PRC-სა და რუსეთს შორის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობა და მათი ურთიერთგაძლიერებული მცდელობები, დაარღვიონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, შეასრულოს კონსტრუქციული როლი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, დაგმოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, თავი შეიკავოს რუსეთის ომის მცდელობების ნებისმიერი სახით მხარდაჭერისგან, შეწყვიტოს რუსეთის ყალბი ნარატივის გაძლიერება. ჩვენ განსაკუთრებით მოვუწოდებთ PRC-ს, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და თავი შეიკავოს რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევისგან“, - ნათქვამია კომუნიკეში.  NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს თანახმად, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის, რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, ტაბილურობისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 1936 წლის მონტრეს კონვენციის მეშვეობით. ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენი უსაფრთხოების საფრთხეებზე, და პოტენციურ შესაძლებლობებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში,“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კუმუნიკეში. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით.

შს მინისტრის მოადგილე მეუფე შიოზე: გამოვიძიებთ ყველა ფაქტობრივ გარემოებას - კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიძიებთ. მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს ამ საკითხს. მე წინასწარ კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ გამოძიებას. როცა იქნება რაიმე ხელშესახები შედეგები, ბუნებრივია, საზოგადოებას ეცოდინება ამის შესახებ იმიტომ, რომ ინტერესი ძალიან დიდია", - განაცხადა დარახველიძემ IPN-ის ცნობით. მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს. შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.  

უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს

უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გაფორმდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი იტყობინება. „კიდევ კარგი სიახლე ვილნიუსიდან! უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი დიდ შესაძლებლობებს აძლევს როგორც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ასევე, შვედურ კომპანიებს, როგორიცაა SAAB-ი და სხვა,“ - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. ცნობისათვის, შვედეთი მალე NATO-ს უერთდება.  

ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლებსაც დღეს NATO-ს სამიტის ფარგლებში განიხილავენ

დღეს NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაცია სამი პრიორიტეტული საკითხის განხილვას გეგმავს - კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, NATO-ში უკრაინის მოწვევა და უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მთელი გაგებით ეკიდება პარტნიორების პოზიციას და აცნობიერებს, რომ NATO-ში მოწვევა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული. „პირველი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში - უკრაინის ჯარისთვის შეიარაღების ახალი პაკეტების მიღება, მეორე - NATO-ში მოწვევა და მესამე, რაზეც ვისაუბრებთ და ვიბრძოლებთ - NATO-ს გზაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იქნება. ჩვენ გვსურს ყველასთან ერთ მხარეს ვიყოთ, გაგებით ვეკიდებით პარტნიორების პოზიციას და ვაცნობიერებთ, რომ NATO-ში მოწვევას მივიღებთ იმის შემდეგ, რაც ამის საშუალებას უსაფრთხოების ზომები მისცემს. პარტნიორებთან ყველა ეს საკითხი მინდა განვიხილო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, NATO-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“. კულებას განმარტებით, უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.“ რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება    

გერმანია უკრაინისთვის, დამატებით, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უსაფრთხოების გარანტიებსა და NATO-სკენ უკრაინის მიმავალ გზაზე ისაუბრეს. შესაბამის ინფორმაციას ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს.  „გერმანიასთან არის შეთანხმება დამატებითი Patriot-ის ტიპის სისტემებისა და რაკეტების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსული ტერორისგან სიცოცხლის დასაცავად! ჩვენ განვიხილეთ უკრაინასა და გერმანიას შორის შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, მათ შორის დასავლური აღჭურვილობის შეკეთების ჰაბების ფუნქციონირება. გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამები საუკეთესო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ ჩვენი ევროპა დარჩება უსაფრთხოებისა და მშვიდობის სივრცედ,“ - წერს ზელენსკი. ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლებსაც დღეს NATO-ს სამიტის ფარგლებში განიხილავენ  

ნავალნი ამბობს, რომ 100 დღეა, პუტინის ერთსა და იმავე სიტყვას ასმენინებენ

ასი დღეა, პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის ყოველდღე ვლადიმერ პუტინის 2-საათიან სიტყვას ასმენინებენ. რადიო თავისუფლების ცნობით, ნავალნი ადვოკატების მეშვეობით ჰყვება, რა ხდება კოლონიაში. „ნორმალურები ხართ, საერთოდ? სხვა პუტინი ჩართეთ, განა ცოტა სიტყვით გამოსვლა ჰქონია?“, - ამბობს ნავალნი. კოლონიის თანამშრომელს კი ასეთი პასუხი აქვს: „ეს 2023 წლის მიმართვაა, შესაბამისად მას მთელი 2023 წლის განმავლობაში უნდა ვუსმინოთ. გამოვა შემდეგი მიმართვა - მას მოვუსმენთ“. პატიმრობაში მყოფმა სასამართლოსაც მიმართა განმარტებისთვის, რას საფუძვლით ასმენინებენ პუტინის მიმართვას და არ ურთავენ რადიოს. სასამართლოში კი, ეს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო მუშაობის შესახებ გარკვეული ინსტრუქციით ახსნეს. კოლონიაში კი განმარტეს, რომ პუტინის გზავნილს რთავენ „მსჯავრდებულებში კანონმორჩილი ქცევის, ადამიანისადმი, შრომის, საზოგადოებრივი ნორმების პატივიცემის ჩამოყალიბების მიზნით“. ადამიანის უფლებადამცველის ოლგა რომანოვას განცხადებით, ასეთი „საგანმანათლებლო“ სამუშაო, რა თქვა უნდა, წამებას ნიშნავს და როგორც ჩანს, ეს კოლონიის ინიციატივაა. მისივე თქმით, მსგავსი „საგანმანათლებლო - აღმზრდელობითი“ სამუშაოების ნაწილია პატიმრებითვის „შამანის და ბაბკინას ამაზრზენი პატრიოტული სიმღერების მოსმენა“. ამას გარდა, ალექსეი ნავალნის ხშირად ათავსებენ სამარტოო საკანში, სადაც კოლონიის ამინისტაცია ურთავს დამაბრმავებენ სინათლეს, მასთან საკანში შეჰყავდათ „არასასურველი მეზობლები“, გვერდით საკანში ათავსებენ ადამიანს, რომელიც ღამ-ღამობით ყვირის. ფსიქოანალიტიკოსი ანასტასია რუბცოვა „Current Time“-თან ამბობს, რომ ყოველ საღამოს პუტინის სიტყვით გამოსვლის სმენა „ფსიქიკისთვის სახუმარო ამბავი არაა“. „როგორც ვიცი მთელი ამ ხნის განმავობაში ის სამარტოო საკანში იმყოფება და ადამიანებთან ნორმალურად დალაპარაკების საშუალებაც არ აქვს, ეს ძალიანა მძიმე ფსიქოლიოგიური წამებაა“, - მაბობს რუბცოვა. რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ლექსეი ნავალნის 9 წლით აქვს პატიმრობა მისჯილი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, თაღლითობის ბრალდებით. თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა მის დევნას პოლიტიკურად მიიჩნევენ. ნავალნის მიერ დაარსებული "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია. 19 ივნისს დაიწყო ახალი პროცესი, რომელზეც მას ექსტრემიზმის ბრალდებით ასამართლებენ. ალექსეი ნავალნის კიდევ სამი ათწლეულით ემუქრება პატიმრობა.  

მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს

პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო იმედოვნებს, რომ მის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით დეტალები გაირკვევა. აღნიშნულის შესახებ მეუფე შიომ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგების დასრულების შემდეგ განუცხადა. „მადლობა ღმერთს. გილოცავთ ყველას პეტრე-პავლობას! ღვთის შეწევნით ვარ კარგად. დიახ, ალბათ, უნდა ჩატარდეს [ხელმეორე კვლევა], ექიმები გვირჩევენ“, - განაცხადა მეუფე შიომ. ჟურნალისტის კითხვაზე, „თუ რა ადგილი შეიძლება მოწამვლის კერა ყოფილიყო, მაგალითად, იქნებოდა თუ არა ეს მისი სამუშაო ოთახი“, მეუფე შიო ასე პასუხობს: „ზუსტად ახლა თქმა რთულია, იმედია, რომ გაირკვევა. ყოფითი მოწამვლაა, თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ამას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მეუფე შიომ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.  

აშშ-მ სერბეთის დაზვერვის სამსახურის უფროსს სანქციები დაუწესა

აშშ-მა სერბეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის, ალექსანდრ ვულინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სერბეთის დაზვერვის უფროსს აშშ-ში ფინანსურ ანგარიშებს გაუყინავენ. ამასთან, ამერიკის მოქალაქეებსა და კომპანიებს მასთან ბიზნესის წარმოება აეკრძალებათ. ვულინი, რომელიც ამჟამად სერბეთის დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობს, 2017-2020 წლებში სერბეთის თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა, შემდეგ, 2020-2022 წლებში სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ვაშინგტონის ცნობით, სერბ მაღალჩინოსანს აქვს ურთიერთობა სერბ იარაღით მოვაჭრე სლობოდან ტეშიჩემთან და მას სერბეთის საზღვარზე იარაღის გადატანაში ეხმარება. „ალექსანდრ ვულინი ჩარეული იყო ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ უკანონო ოპერაციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.“ დღეს გადადგმული ნაბიჯები ალქსადნდრ ვულინს აკისრებს პასუხისმგებლობას მის კორუფციულ და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უწყობდა რუსეთის მავნებლურ ქმედებებს რეგიონში“, – განაცხადეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ სერბეთი „ანტირუსულ ისტერიაში“ მონაწილეობას  არ მიიღებს.  

რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი

NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი ამბობს, რომ „ძალიან რთულია“ შეთანხმება უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ვადაზე, ვიდრე ქვეყანა ჯერ კიდევ ომშია. „თვითონ უკრაინელებიც კი გეტყვიან, რომ მათ შემდგომი რეფორმები სჭირდებათ. მათ მიაღწიეს კარგ პროგრესს დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა რეფორმაში, მაგრამ მოუწევთ, გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით," - განუცხადა სმიტმა CNN-ს. სმიტმა გაიმეორა, რომ უკრაინამ უკვე გადადგა პოზიტიური ნაბიჯები, რამაც გაწევრიანების პროცესის გამარტივება განაპირობა. კითხვას, აძლევს თუ არა უკრაინის პოზიცია და კონკრეტული ვადების არარსებობა რუსეთს ბრძოლის გაგრძელების სტიმულს, სმიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინის მომავლის მიმართ NATO-ში. „პუტინი ვარაუდობდა, რომ დასავლეთი სხვა მიმართულებით წავიდოდა და ის საბოლოოდ დაკარგავდა ინტერესს უკრაინის მიმართ. რეალობა კი ის არის, რომ ჩვენ ამ ომის 500-ე დღეს, აქ ვართ. არავინ არსად წასვლას არ აპირებს“, - განაცხადა სმიტმა. რაც შეეხება უკრაინისთვის MAP-ის მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხს, ამ საკითხით სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები დაინტერსდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიერის, მეთიუ მილერის შეფასებით, წევრობის სამოქმედო გეგმის ამოღება კიევისთვის, აღიარებაა იმ ნაბიჯების, რომლებიც უკრაინამ ბოლო წლების განმავლობაში გადადგა - განსაკუთრებით სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მზარდი თავსებადობისა და პოლიტიკურად ინტეგრაციისთვის. მილერი ხაზს უსვას, რომ არსებობს მთელი რიგი პირობები ანტიკორუფციული ღონისძიებებისა, და დემოკრატიის გაძლიერების გარშემო. „ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ NATO-ს წევრები მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას ამ პირობების შესრულებაში, როგორც ჩვენ ვეხმარებით მათ სამხედრო ძალების გაძლიერებაში...ჩვენ მზად ვართ, უკრაინას გავუგზავნოთ მოწვევა (NATO-ში, რედ), როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. ჩვენ ვიღებთ ამ ვალდებულებებს უკრაინის წინაშე, რადგან თავად უკრაინამ აჩვენა, რომ მან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. მან გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები სამხედრო სფეროში,“ - აღნიშნა მილერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ვილნიუსის სამიტიდან მხოლოდ წევრობის საკითხი არ არის მნიშვნელოვანი. მილერის თქმით, უკრაინა ომშია რუსეთთან და აშშ განაგრძობს მისთვის უსაფრთხოების დახმარებას, რომელიც უკრაინას ამ ომის მოგებაში სჭირდება. ეს არის ნომერ პირველი სამუშაო, ყველაფერზე მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნავს მილერი. „ნომერ მეორე სამუშაოა, უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარება, რათა მათ შეძლონ თავდაცვის სექტორის აღდგენა, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი შემაკავებელი ეფექტი. ამის შემდეგ ვაპირებთ, გავაგრძელოთ დისკუსია მათთან იმ რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც, ჩვენი აზრით, უნდა გაატარონ, რათა გახდნენ სრულუფლებიანი წევრი,“ - აღნიშნა მილერმა.  რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, NATO-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“. კულებას განმარტებით, უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.“ რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება

ზელენსკი სტოლტენბერგთან შეხვედრაზე: სამიტის შედეგები კარგია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, უკრაინას NATO-ში მიწვევა მიეღო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ იდეალური იქნებოდა უკრაინის ალიანსის წევრად მიწვევა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ გასაგებია, უკრაინას არ შეუძლია NATO-ში გაწევრიანება, როცა ომია ქვეყანაში, თუმცა დარწმუნებულია, რომ ომის შემდეგ უკრაინა NATO-ში იქნება. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოხდეს", - განაცხადა ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტმა. მან დადებითად შეაფასა იმის აღიარება, რომ უკრაინას MAP-ი აღარ სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა უსაფრთხოების გარანტიებს, რომლის შესახებაც ვალდებულებას „დიდი შვიდეულის“ წევრები იღებენ, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ისინი ვერ შეცვლიან ალიანსში გაწევრიანებას.“ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ „დიდი შვიდეულის“ დაპირებები განხილული უნდა იყოს არა როგორც NATO-ს წევრობის შემცვლელ მიღწევად, არამედ, „უსაფრთხოების გარანტიებად ინტეგრაციის გზაზე.“ „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს. ვიცი, რამდენი დისკუსია, შეხვედრა და მომზადება დასჭირდა ამას. NATO-სთან ურთიერთავსებადობის მისაღწევად გრძელი გზა გამოვიარეთ. ჩვენი სამხედროები თანამშრომლობენ NATO-სთან. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეუძლიათ თანამედროვე შეიარაღების გამოყენება და მათ დაამტკიცეს, რომ გლობალური დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე ტერორისტების თავდასხმები. მაშინაც კი, როცა უკრაინა არის სრულმასშტაბიან ომში რუსეთთან, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს. უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რა სამუშაოა შესასრულებელი და ამას ვაკეთებთ. ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად არ დასჭირდება NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. მსურს, ეს სამიტი იყოს წარმატებული ყველასთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და საუბარია გარანტიებზე, რომლებიც იმოქმედებს უკრაინის NATO-ში მიმავალ გზაზე, დღეს დადასტურდება „დიდი შვიდეულის“ წევრების მიერ. ეს იქნება მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, სამიტის შედეგები პოზიტიურია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, უკრაინას NATO-ში მიწვევა მიეღო. „შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამიტის შედეგები არის პოზიტიური, თუმცა NATO-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური. ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ში, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი დაცვაა ის მხარდაჭერა, რომელიც მოდის მსფლიოს საზოგადოების მხრიდან უკრაინისადმი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს განასახიერებს უკრაინას, როგორც NATO-ს მომავალ სრულუფლებიან წევრს და როგორც უსაფრთხოების გარანტორს, განასახიერებს უკრაინას, რომელიც არის გამარჯვებული ამ ომში თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის. მე მესმის, რომ უკრაინის NATO-ში მიწვევა არის ტექნიკური სიგნალი, მაგრამ თუ განვიხილავთ არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხად, ბიუროკრატიად და შევხედავთ, როგორც სერიოზულ ფაქტორს, რომელიც მოქმედებს უკრაინის საზოგადოების მოტივაციაზე, მაშინ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი. მე ამ მომენტს შევადარებდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მიღებას. ამ სტატუსის მიღება იყო მსგავსი სიგნალი. მაშინაც ვეუბნებოდი პარტნიორებს, კანდიდატობა არ ნიშნავს წევრობას, მაგრამ მას მოაქვს მნიშვნელოვანი მობილიზაცია უკრაინისთვის და წარმოადგენს ძლიერ სიგნალს რუსეთისთვის, რომ უკრაინა არ არის არც ერთი ალიანსის წევრი, მაგრამ არსებობს ნება, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი და იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. იგივე ეხება NATO-ში მიწვევას, ეს წარმოადგენს მხოლოდ სიგნალს, თუმცა მე დღეს ვხედავ სხვა მნიშვნელოვან სიგნალს, რომელიც უკვე ვახსენე და ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე თუ შეთანხმდებიან, ეს იქნება კონკრეტული ფაქტი, რადგან ეს გარანტიები იმოქმედებს NATO-ს წევრობისკენ გზაზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 30 ჯავშანმანქანას გადასცემს

ახალი თავდაცვის პაკეტის ფარგლებში ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ტიპის  30 ჯავშანმანქანას  გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბენიზისთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ზელენსკის თქმით, უკრაინასა და ავსტრალიას შორის სრული პოლიტიკური გაგება სუფევს. „ავსტრალიამ უკრაინისთვის ახალი თავდაცვის პაკეტი მიიღო, 30 Bushmaster-ის ჩათვლით. შეხვედრა წარმატებული იყო. ჩვენ შორის სრული პოლიტიკური გაგება სუფევს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  

სტოლტენბერგი: მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა უკრაინას, როგორც მოკავშირეს შევხვდებით

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა NATO-სთან ძალიან ახლოს დგას და ის მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც უკრაინას, როგორც მოკავშირეს შეხვდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, თქმით, რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო მექანიზმები უნდა არსებობდეს, რომელიც მის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას შეაჩერებს. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ როცა ეს ომი დამთავრდება, უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო მექანიზმები არსებობდეს, რომლებიც ამ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეჩერებაში დაეხმარება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა „სანდო შეთანხმებების“ არსებობის აუცილებლობას უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როდესაც ომი დასრულდება, მიესალმა მრავალი მოკავშირის გეგმას, რათა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტია. ” „ეს ხელს შეუწყობს რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეკავებას ომის დასრულების შემდეგ.“ „აქ, ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები NATO-სა და უკრაინის ურთიერთობაში ახალი თავის დასაწყისია. დღეს ჩვენ ვხვდებით როგორც თანასწორნი. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც ჩვენ შევხვდებით, როგორც მოკავშირეები“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ვილნიუსში NATO-უკრაინის საბჭოს ისტორიული შეხვედრა დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, რომ უკრაინისათვის "დიდი შვიდეულის" ქვეყნების გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტი ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ცნობით. „დიდი შვიდეულის" მხრიდან უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი უწოდა. „ამ დახმარებას უკრაინა მიიღებს არა NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, არამედ, ალიანსში გაწევრიანების პარალელურად“, - აღნიშნა ზელენსკიმ სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  კონკრეტულად კი, დოკუმენტი ითვალისწინებს უფრო დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემების სწრაფ გაცვლას, ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებას და უკრაინის საწარმოო პოტენციალის გაძლიერებას. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისტორიული უწოდა NATO-უკრაინის თანამშრომლობის ახალი ფორმატის - NATO-უკრაინის საბჭოს ამოქმედებას. „საბჭო შეიკრიბება უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე და მისი მუშაობის ბლოკირებას ალიანსის ვერცერთი ქვეყანა ვეღარ შეძლებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა უნგრეთის მიერ წარსულში უკრაინა-NATO-ს კომისიის მოწვევის ბლოკირება.  

NATO-ს მომდევნო სამიტი ვაშინგტონში 2024 წელს, 2025 წელს კი, ნიდერლანდებში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდეგი სამიტი 2024 წელს ვაშინგტონში, 2025 წელს კი, ნიდერლანდებში გაიმართება. „ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ლიეტუვის რესპუბლიკის გულუხვი მასპინძლობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ხელახლა შეხვედრას ალიანსის 75 წლის იუბილეზე ვაშინგტონში 2024 წელს, რასაც მოჰყვება შეხვედრა ნიდერლანდებში 2025 წელს“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში. პოდოლიაკი: უკრაინა NATO-ში მიწვევას ვილნიუსის სამიტზე თუ არა, მომავალ წელს, ვაშინგტონში მიიღებს  

დუდას შეფასებით, უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას შეფასებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის. დუდას თქმით, NATO-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის კონკრეტულ ვადებზე საუბარი რუსეთთან ომის დასრულებამდე შეუძლებელია. „იმედი მაქვს, რომ ჩვენი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი უკრაინა უკვე რამდენიმე წელიწადში გახდება. რუსეთთან ომის დასრულებამდე კონკრეტულ ვადებზე საუბარი შეუძლებელია. ახლა ამ საკითხზე მსჯელობა ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ამისთვის ნატოში ერთსულოვნება არის საჭირო”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში უკრაინის წევრობა ალიანს გააძლიერებს და ასევე, პოლონეთის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. „უკრაინა NATO-ს ბრძოლაში გამოცდილ ჯარს დაახვედრებს. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ბუფერულ ზონას, რომელიც პოლონეთს და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან დაიცავს”, - განაცხადა ანდჯეი დუდამ.