ძებნის რეზულტატი:
კვიპროსზე ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters-ის ინფორმაციით, კვიპროსზე ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკვე მეორე დღეა კვიპროსზე, ტროოდოსის მთის მასივზე ხანძარი მძვინვარებს. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ხანძარმა, რომელსაც ძლიერი ქარიც უწყობს ხელს, კვიპროსის 10 რაიონში, 50 კვადრატული კილომეტრი ფართობი დააზარალა. გასულ დღეს, ლარნაკას რაიონში, სოფელ ოდოუში ხანძრის გამო გარდაცვლილი ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილები სავარაუდოდ ეგვიპტის მოქალაქეები არიან. სატყეო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტროოდოსის მთის მასივზე გაჩენილი ხანძარი ყველაზე ძლიერია კვიპროსის ისტორიის განმავლობაში. ხანძრის ჩაქრობაში დახმარების აღმოსაჩენად, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საბერძნეთიდან და იტალიიდან კვიპროსის მიმართულებით სახანძრო თვითმფრინავები გაფრინდნენ. გარდა ამისა, ევროკომისიის განცხადებით, ხანძრის კერების დასადგენად ამოქმედდა ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების სატელიტი “Copernicus“. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ზაფხულის თვეებში კვიპროსზე ყოველწლიურად ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა. აღსანიშნავია, რომ ხანძართან დაკავშირებით პოლიციამ 67 წლის პირი დაკითხა, თუმცა დაკითხვის დეტალები უცნობია.
ისრაელში ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის მსოფლიოში პირველი ფაბრიკა გაიხსნა
techcult-ის ინფორმაციით, ისრაელის კომპანია Future Meat Technologies-მა ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის მსოფლიოში პირველი ფაბრიკა გაიხსნა. Future Meat Technologies ხელოვნურ ხორცს სპეციალურ ბიორეაქტორებში შექმნილი უჯრედებისგან ამზადებს. ამისთვის გამოიყენება ის ნივთიერებები, რომლითაც ცხოველებს კვებავენ. ტექნოლოგებმა შექმნეს პროცესი, რომელიც 80%-ით ამცირებს СО2-ისა და 96% წყლის გამოყოფას ფაბრიკა ყოველდღიურად 500 კილოგრამ კულტივირებული ქათმის, ღორის და ცხვრის ხორცს აწარმოებს. ხორცის ეს რაოდენობა 5 000 ჰამბურგერის დასამზადებლადაა საკმარისი.
დავით ზალკალიანი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ვულოცავ 4 ივლისს ამერიკას! საქართველო, როგორც თავისუფლების მოყვარე ერი, გიერთდებათ თქვენი ღირებულებების აღნიშვნაში, რომელიც ასეთი ძვირფასია ამერიკელებისთვის. მოუთმენლად ველოდები ჩვენი მყარი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი სიმაღლეების მიღწევას უახლოეს წლებში“, – აღნიშნულია ზალკალიანის მილოცვაში. ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს.
მასშტაბური კიბერშეტევის შედეგად შვედეთში სასურსათო ქსელის 500 მაღაზია დაიხურა
ცნობილი შვედური სუპერმარკეტების ქსელის, Coop-ის მაღაზიათა ნახევარზე მეტმა მუშაობა შეაჩერა, - ამის შესახებ BBC წერს. დახურულია ქსელში შემავალი 800 ობიექტიდან 500-მდე სუპერმარკეტი. მიზეზი ჰაკერების შეტევაა. აღსანიშნავია, რომ კიბერთავდასხმა მოხდა არა უშუალოდ ამ კომპანიაზე, არამედ - მისი პროგრამულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ კომპანიაზე. მედიის ცნობით, კიბერშეტევის სამიზნე ფლორიდაში დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების IT-კომპანია - Kaseya გახდა. აღნიშნული კომპანია მსოფლიოს არაერთი ბიზნესის პროგრამულ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. Coop Sweden-ის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აღარ მუშაობს გადახდის სისტემა და თვითმომსახურების აპარატები, სისტემის გადატვირთვას კი, დრო სჭირდება. Kaseya-ში მიაჩნიათ, რომ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, დგას რუსულენოვანი გამომძალველი სინდიკატი, REvil gang-ი.
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა 6 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა 6 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ. „ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა, ან გაგზავნა შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ათონელის ქ. №25 -ში, საკონკურსო კომისიაში, ან ელ-ფოსტზე: info@president.gov.ge 6 ივლისის ჩათვლით. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება. ხოლო, ცესკო-ს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. წარსადგენი საბუთების სრული ჩამონათვალი იხილეთ ლინკზე“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ცნობისთვის, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა.
კახა კუჭავა: ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ს, ეს დღე დემოკრატიის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვულოცავთ აშშ-ის ყველა მოკავშირეს, მეგობარსა და ხალხს. ეს დღე არის დემოკრატიის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. პარტნიორობა რჩება ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედში უსაფრთხოების, +დემოკრატიისა და კეთილდღეობის ზრდის უზრუნველსაყოფად“, – წერს კახა კუჭავა Twitter-ის გვერდზე. ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს.
იტალიის პოლიციამ ყალბი კოვიდსერტიფიკატების დამზადების ონლაინქსელი გამოააშკარავა
Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის პოლიციამ ყალბი კოვიდსერტიფიკატების დამზადების ონლაინქსელი გამოააშკარავა. პოლიციის განცხადებით, მათ ხელში ჩაიგდეს „ტელეგრამის“ ათი არხი, რომლებიც ე.წ. დარქ ვებში არსებულ ანონიმურ ანგარიშებთან იყვნენ დაკავშირებულნი. აღნიშნული არხების საშუალებით ხდებოდა ყალბი საბუთების გამყიდველებთან დაკავშირება, რომლებიც ფულთან ერთად გაყიდვებს კრიპტოვალუტებითაც ახორციელებდნენ. მილანში კიბერდანაშაულის გამოვლენის მიზნით პროკურატურასთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ათასობით ადამიანი მზად იყო, ფული გადაეხადა ყალბ საბუთებში. გარდა ყალბი სერტიფიკატებისა, კიბერდამნაშავეები მომხმარებელს პაკეტ „ყველაფერი ჩართულია“-საც სთავაზობდნენ, რომლის ფასი 110 ევროდან 130 ევრომდე მერყეობდა და სერტიფიკატთან ერთად ვაქცინის ერთი დოზაც ერთვოდა. პოლიციის ინფორმაციით, აღმოჩენილია რამდენიმე ყალბი სერტიფიკატი, რომელიმე ვაქცინის გადაცემის შესახებ კი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ცნობისთვის, კოვიდსერტიფიკატების გაცემა ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან დაიწყო. მისი მიზანი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის გამარტივების ხელშეწყობაა. სერტიფიკატი QR კოდს შეიცავს, რომელიც მოგზაურის იმუნიზაციის, ვირუსისგან გამოჯანმრთელების ან ვირუსზე უარყოფითი პასუხის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
სალომე ზურაბიშვილი: აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს Twitter-ზე ულოცავს. „აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! 4 ივლისი არის შანსი გავიხსენოთ ის 245 წელი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მსოფლიოსათვის აშშ იმედის შუქურას წარმოადგენდა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს.
თამარ არჩუაძე: იმედია, Eurowings-ის მენეჯმენტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად გაიზრდება სიხშირეების და მიმართულებების რაოდენობა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ Eurowings-ის მენეჯმენტთან გამართული მორიგი მოლაპარაკებები შედეგს მალე მოიტანს და ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაზრდის, როგორც სიხშირეების ასევე ავიამიმართულებების რაოდენობას. ,,გერმანიის მიმართულებები ტრადიციულად არის ძალიან პოპულარული საქართველოს ავიაბაზარზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები სრულდება ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებით, ხოლო დღეიდან Eurowings-მა პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულდება დიუსელდორფის მიმართულებით დაიწყო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი Wizz Air-ი ასრულებს რეისებს დორტმუნდში, ასევე 11 ივლისიდან ფრენების შესრულებას მემინგენის მიმართულებით იწყებს, რომელსაც ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული თვითმფრინავით განახორციელებს. დღეს Eurowings-ის მენეჯმენტთან გამართული მოლაპარაკებები იმედი მაქვს, რომ მოიტანს უფრო უკეთეს თანამშრომლობას და გაიზრდება საქართველოში სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა”, - აცხადებს თამარ არჩუაძე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით ავიაკომპანია Eurowings-ის მენეჯმენტთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, აღმასრულებელი მენეჯერი ანა ჩიქოვანი, საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი, EUROWINGS-ის ავიამიმართულებებისა და აეროპორტებთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი ივან ორეკი, ასევე ავიაკომპანიის ბიზნესგანვითარების მენეჯერი არნოლდ ბორია ესწრებოდნენ. გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დღეიდან დაიწყო. ავიაკომპანია დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე დღეიდან კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით მოახდენს ოპერირებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით მოლაპარაკებებს 2017 წლიდან აქტიურად აწარმოებდა. გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა
რომის პაპს გეგმიური ოპერაცია ჩაუტარდება
Vatican News-ის ინფორმაციით, რომის პაპ ფრანცისკეს კუჭზე ოპერაციას გაუკეთებენ. როგორც ცნობილია, პაპი დღეს რომში, ჯემელის სახელობის კლინიკაში მოათავსეს, სადაც დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა პაპს დიეტის დაცვის რეკომენდაცია მისცეს, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ოპერაციას პაპ ფრანცისკეს სერხიო ალფიერი ჩაუტარებს. ამასთანავე, როგორც პაპის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მათეო ბრუნიმ განაცხადა, ოპერაციის შემდეგ პაპის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო ბიულეტენი გამოქვეყნდება.
თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა
თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ კომპანია „სერბიაგაზის“ გენერალურმა დირექტორმა, დუშან ბაიატოვიჩმა, სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მილების შეერთების შემდეგ განაცხადა. სერბეთში ამბობენ, რომ გაზის მოცულობა, რომელიც 15.75 მილიარდი კუბური მეტრია, შეიძლება, გამოყენებულ იქნას მთელ ცენტრალურ ევროპაში. გაზსადენი „ბალკანეთის ნაკადი“ გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გაგრძელებაა, რომლის საშუალებით ბუნებრივი აირი ევროპას პირველი ოქტომბრიდან მიეწოდება. აღნიშნული პროექტით სერბეთი სატრანზიტო ფუნქციას იძენს.
თენგიზ ცერცვაძე: ფიზიკურად არაა ამდენი Pfizer-ი, ამიტომ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც არის
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყნის სრული მოსახლეობა Pfizer-ის ვაქცინით ვერ აიცრება, რადგან ამის საკმარისი რაოდენობა არ არის, ამიტომ მოსახლეობამ იმ ვაქცინებით უნდა ჩაიტაროს იმუნიზაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, „შეფერხება ხშირადა და არა მარტო ვაქცინაციის პროცესში და ვაქცინაციის საიტზე, არამედ გაცილებით უფრო დაცულ საიტებზეც, მაგრამ თუ ეს არ გამოსწორდა, არსებობს სარეზერვო გეგმები, რომ ადგილზე მოხდეს რეგისტრაცია. არის სარეზერვო გეგმები, რომ იქნება ცოცხალი რიგის პრინციპი, რომელიც ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ არ არის პრობლემა და არ მგონია, არ გამოსწორდეს. ტექნიკური პრობლემები სწორდება რამდენიმე საათში ან დღეში. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან მასიური ვაქცინაცია დაიწყება. ვაქცინაციაზე იქნება მაღალი მოთხოვნა. რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მილიონი დოზა Pfizer-ი შემოდის, შესაძლოა მოქალაქეების გარკვეული ნაწილი წაახალისოს იმისკენ, რომ დაელოდონ „ფაიზერს, მაგრამ ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. მას ჰყავს უკვე თავისი მომხრეები, ის უსაფრთხოა. ჯამში, აქტივობა იქნება და ეს აქტივობა იქნება მზარდი. ვერც ერთმა ქვეყანამ, გარდა ამერიკისა და ისრაელისა, ვერ უზრუნველყო და ვერ შეძლო, მთელი მოსახლეობისთვის საკმარისი „ფაიზერის“ დოზა ჩამოეტანა. კარგია Pfizer-ი , მაგრამ ვინაიდან, მთელ მსოფლიოში, გარდა ამერიკისა და ისრაელისა, ვერ ხერხდება, რომ ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ Pfizer-ით აიცრას. უბრალოდ, ფიზიკურად არ არის ამდენი Pfizer-ი და რომ ვერ ხერხდება ეს, ამიტომ ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც ხელთაა. თავად ამერიკელებისა და ევროპელების სლოგანია, რომ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს. ვაქცინებს შორის განსხვავება არის, მაგრამ გაცილებით ნაკლები და ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ზარალი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნით“, - განაცხადა ცერცვაძემ. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო, თუმცა პორტალზე booking.mov.gov.ge ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს. დღეს, 4 ივლისს საიტმა მუშაობა განაახლა, თუმცა შეფერხებება დაფიქსირდა. booking.moh.gov.ge-ზე მოქალაქეების Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია კვლავ შესაძლებელი არ იყო.
ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული Astrazeneca-ს ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია
ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული Astrazeneca-ს ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს. „ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომლითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიელ პარტნიორებსა და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისთვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ!“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი Facebook-ზე. ვაქცინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი დახვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაქცინების გადმოცემის გადაწყვეტილების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა თბილისში ვიზიტის დროს,ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ავსტრიელ კოლეგას,საქართველოსთვის ვაქცინის გადმოცემის საკითხში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა: „მადლიერი ვარ ჩემი ავსტრიელი კოლეგის, ალექსანდრე შალენბერგის,COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივ ძალისხმევასა და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენი მხარდაჭერა უაღრესად დასაფასებელია“, - წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი Twitter-ზე.
ახალგაზრდა კაცმა მოზარდი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა, თავად კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა
თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ის მოზარდის გადარჩენას ცდილობდა, რომელსაც ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. გოგო გადაარჩინეს, თუმცა თავად შოთა ქარსელაძემ ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცურვა არ იცოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „დელტა“ შტამი სავარაუდოდ უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე სხვა ვარიანტები
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, სავარაუდოდ უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე სხვა შტამები. ფაუჩის თქმით, ვირუსის აღნიშნული ვარიანტი აშკარად უფრო ინფექციურია და ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ვრცელდება. ენტონი ფაუჩის თქმით, სამეცნიერო მონაცემების თანახმად, რომლებსაც ამერიკელი მკვლევრები გაეცნენ, მითითებული შტამი „უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა“, რადგან ის იწვევს უფრო სერიოზულ დაავადებას, რაც ჰოსპიტალიზაციისა და ზოგიერთ შემთხვევაში, გარდაცვალების საფუძველია.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალიდან დაიწყება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინონ. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი მოსმენა 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე კანდიდატს დეპუტატები 16:00 საათზე მოუსმენენ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები.
აშშ-ის ზოოპარკებში ცხოველების კოვიდვაქცინაცია დაიწყო
აშშ-ში, ქალაქ ოკლენდის ზოოპარკში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ცხოველების აცრა დაიწყო. როგორც ზოოპარკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირველად ვაქცინაცია ჩაუტარდათ რისკ-ჯგუფის ცხოველებს: ვეფხვებს, დათვებს, გრიზლის, მთის ლომებს, მაჩვებს. ამ ცხოველებმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს. შემდეგ ვეტერინარები პრიმატებს, ღამურებს და ღორებს აცრიან. „ამ დრომდე ვიყენებდით ბარიერებს იმისთვის, რომ ცხოველები COVID-19-ით ინფიცირებისგან დაგვეცვა, ახლა კი მოხარულები ვართ, რომ ცხოველების დაცვა ვაქცინაციის შედეგად შეგვიძლია“, - განაცხადა ოკლენდის ზოოპარკის ვეტერინარიის სამსახურის ხელმძღვანელმა ალექს გერმანმა. ცხოველების ვაქცინაცია Zoetis- ის ვაქცინით მიმდინარეობს და როგორც ცნობილია, ადამიანებისთვის განკუთვნილი ვაქცინების მსგავსად, ვირუსის გამოჩენიდანვე კომპანიამ დაიწყო მუშაობა შეექმნა სპეციალური ვაქცინა ცხოველებისათვის. ,,შარშან, როდესაც ჰონგ კონგში პირველი ძაღლი დაინფიცირდა COVID-19- ით, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ვაქცინაზე, რომლის გამოყენება შინაურ ცხოველებში შეიძლება და რვა თვეში დავასრულეთ უსაფრთხოების თავდაპირველი კვლევები, რომლებიც მსოფლიოს წარმოვადგინეთ", - აცხადებს წარმომადგენელი. ცხოველებისთვის ვაქცინა აშშ-ში ზოოპარკებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მიიღეს. ვაქცინა ზოოპარკებს კომპანია Zoetis-მა გადასცა. გამოცდილმა მკვლევრებმა ასევე დაამზადეს ვაქცინა კატების, ძაღლების, შინაური ფრინველებისა და მსხვილი რქოსანი პირუტყვის ასაცრელად.
საელჩო: აშშ განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ადამიანის უფლებების დასაცავად
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. რუსთაველის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. მიზეზი დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაა. თავის მხრივ, საპატრიარქომ განაცხადა: „17:00 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“,- აღნიშნულია განცხადებაში. 1-ელ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.
ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს
„დღევანდელი მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ აქციის ჩატარება მიუღებელია. „შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. მეორე, შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია საფრთხეებს შეიცავს და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციის შერჩევის შესაძლებლობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მან მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, გაითვალისწინონ ეს რისკები და ალტერნატივად სხვა ლოკაცია აირჩიონ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასეთი ტიპის აქციები ხელს უწყობს ამ უმცირესობის დისკრიმინაციას. მანვე მიმართა კონტრაქციის მონაწილეებს და განმარტა, რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა ჩატარდეს და პროტესტის ფორმა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა შეიცავდეს ძაალდობის ნიშნებს. „ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა და მე როგორც მთავრობის მეთაური, არ დავუშვებ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკები და დღევანდელი დღე ვმართოთ და ჩავატაროთ ძალიან მშვიდად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ეს საქართველოა და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს წესებს და ტრადიციებს, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ, მოგეხსენებათ. ამავდროულად, გახსოვთ ალბათ, ჩემივე ინიციატივით, 6 წლის წინ გამოვედით ინიციატივით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა და ჩაწერა, რა ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მოგვიანებით, ამით ეს საკითხი დარეგულირდა. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი სადაც თანაცხოვრების არა ერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენში, ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადამიანი არ ჰქონია პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ რაღაც გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა და ჩვენ ამას ვღებულობთ, როგორც მოცემულობას და გვესმის მათი ეს სურვილები, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამისთვის, მოგეხსენებათ, სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო, გააკეთა ყველაფერი, მათ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს გარკვეული ღონისძიება, გუშინაც და გუშინ წინაც იყვნენ შეკრებილები ლისის ტბაზე, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. თუ რატომ, ამას განვმარტავ - დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე, ეს ერთი. მეორე - შსს არის მუდმივ კონტაქტზე ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორებთან, ამ მარშის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მინდა, მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, კერძოდ პოლიციის მიერ რისკების შეფასება და ზოგადად საფრთხეების შეფასება უნდა იყოს მხედველობაში მიღებული და ალტერნატივად აარჩიონ სხვა ლოკაცია“, - განაცხადა პრემიერმა. საელჩო: აშშ განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ადამიანის უფლებების დასაცავად
,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღეს
თბილისი პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაშალეს. აქციის მონაწილეებმა ჯებირები გადალახეს და კარვები დაშალეს. ისინი დილის 10 საათიდან ქაშვეთის უკან შეიკრიბნენ. მოძალადე ჯგუფებმა წინასწარ დააანონსეს ღირსების მარშის ჩაშლა. ცნობისთვის, დღეს ,,თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება ,,ღირსების მარში" გაიმართება. როგორც საორგანიზაციო გუნდი აღნიშნავს,ისინი მუშაობენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ. ამავდროულად, დღესვე დაგეგმილია ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია. მათ გუშინ რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების თქმით მათი მიზანია, რომ ,,თბილისი პრაიდის" ღონისძიება არ გაიმართოს.