ძებნის რეზულტატი:
ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისი დღეს აღარ შესრულდება
ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისი დღეს აღარ შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენა ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო. ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ატირაუში რეისი დღეს დილით 10:00 საათზე უნდა განხორციელებულიყო. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ ყაზახეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 6 მოქალაქე უკანონო პატიმრობაში რჩება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია და უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 6 მოქალაქე. მისივე თქმით, გატაცების პირველი წუთებიდან საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ჩართულები არიან თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში. „საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია [ცხინვალის რეგიონის მიმართულებით] და უკანონო პატიმრობაში იმყოფება, დღესდღეობით, საქართველოს 6 მოქალაქე. მათი გატაცების პირველი წუთებიდანვე საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ყველა წარმომადგენელი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმთავითვე ჩართულები ვართ ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში. რა თქმა უნდა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა აკრძალა
ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა აკრძალა. მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, ყაზახეთის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა შეჩერებულია. ეს ეხება როგორც სახმელეთო, ასევე ავიამიმოსვლასა და ნებისმიერ სხვა ტრანსპორტს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო. ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის.
ლუკაშენკო ყაზახეთის მოქალაქეებს: დაიჩოქეთ და ბოდიში მოუხადეთ სამხედროებს
„მინდა, მივმართო მომიტინგეებს ბელარუსიელი ხალხის სახელით. უბრალოდ ვეტყოდი: თქვენ იხმაურეთ, იყვირეთ, ახლა საკმარისია, საჭიროა მოლაპარაკება", - ბელარისის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ამ სიტყვებით ყაზახეთის მოქალაქეებს მიმართავს. „გაუგებრობის აღმოსაფხვრელად, მარტივად რომ ვთქვათ, მათ უნდა დაიჩოქონ და ბოდიში მოუხადონ სამხედროებს. შემდეგ აუცილებელია მაგიდასთან, მთავრობასთან და პრეზიდენტ ტოყაევთან ერთად დასხდომა", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. მისი აზრით, ეს მოვლენები გაკვეთილი იყო ბელარუსისთვისაც. „ვაცნობიერებთ, რომ ეს შეიძლებოდა ჩვენთანაც მომხდარიყო. საქმე ის არ არის, რომ ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ. ბელარუსიელები მაინც ვერ მოაგვარებდნენ პრობლემებს ბელარუსში", - განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მანამდე, მანიფესტაციების შედეგად, მთავრობა გადადგა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, „წესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს“ ათობით ადამიანი მოკლეს ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის საპროტესტო აქციები ყაზახეთში ოთხი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
საქართველოში გრიპის ვირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში გრიპის ვირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან სამი ბავშვი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი სეზონი გრიპის თვალსაზრისით გაცილებით უფრო აქტიურია. „ეს არის როგორც A, ისე B ტიპის გრიპის ვირუსი. შემთხვევები დაფიქსირებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. დღეისათვის, იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი სეზონი გრიპის თვალსაზრისით, გაცილებით უფრო აქტიურია. ჩვენ იანვარში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტური მექანიზმია გრიპის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
„ბუსტერ“ დოზით სულ 79 671 ადამიანია აცრილი
6 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 536 824 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 294 533 ადამიანი - მოსახლეობის 45.1%. სრულად ვაქცინირებულია 1 161 155 ადამიანი - მოსახლეობის 40.4%. „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 79 671 ადამიანს. 5 იანვარს აიცრა - 7 867.
კობა ნაყოფია: მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს
"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ციხეში სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს. "არაჩვეულებრივ ფორმაშია, ანალიზის უნარი აქვს კარგი - ის მუშაობს, პრაქტიკულად, 24 საათი. მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა იძახის, რომ დროც არ მაქვს იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს. ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ საზოგადოებას. ამით არის ძირითადად დაკავებული", - აღნიშნა ჟურნალისტებთან ნაყოფიამ. ცნობისთვის, 30 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი. ასევე წაიკითხეთ: ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს
Forbes-ის ცნობით, ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ლომთაძის ქონება შემცირდა
Forbes-ის ცნობით, ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ, რომელიც ყაზახეთში საქმიანობს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა. ახლა მისი ქონება დაახლოებით 32%-ით შემცირდა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, Forbes-ის რეიტინგში კი 956-ე ადგილზე გადაინაცვლა. ცნობისთვის, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი ყაზახური კომპანიების, მათ შორის ლომთაძის Kaspi.kz-ის აქციები მკვეთრად დაეცა. ამავე თემაზე: ოფიციალური მონაცემებით, მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია
სერბეთის პრეზიდენტი: მთელი სერბეთი ნოვაკ ჯოკოვიჩის გვერდით დგას
"მთელი სერბეთი ჯოკოვიჩის გვერდით დგას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის შევიწროება დაუყოვნებლივ შეწყდეს", - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა ავსტრალია ნოვაკ ჯოკოვიჩისადმი არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა. „ნოვაკ ჯოკოვიჩს ტელეფონით ვესაუბრე. მას ვუთხარი, რომ მთელი სერბეთი მის გვერდით დგას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის შევიწროება დაუყოვნებლივ შეწყდეს. საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შესაბამისად, სერბეთი ნოვაკის, სიმართლისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ნოვაკი ძლიერია, როგორც ყველამ ვიცით“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი არის სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში. ჯოკოვიჩს მოგებული აქვს 20 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის რეკორდული, 9 ავსტრალიის ღია პირველობა, 6 უიმბლდონი, 3 აშშ-ის ღია პირველობა და 2 საფრანგეთის ღია პირველობა. ასევე წაიკითხეთ: ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მის დეპორტაციას გეგმავს ავსტრალიის პრემიერი ვაქცინაციისგან გათავისუფლებაზე ნოვაკ ჯოკოვიჩისგან მტკიცებულებას ელოდება
მიხეილ სააკაშვილი: აქტიური მოქალაქეების ვალია, ეს მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ
დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა ОДКБ-ს საფარქვეშ მოქმედი რუსული ჯარების ყაზახეთში, სადაც მთელი ხალხი აჯანყებულია სოციალური უსამართლობის, კორუფციის და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთის ხელმძღვანელობა საკუთარ ხალხს დაახოცინებს რუს, სომეხ და სხვა მეზობლების ჯარისკაცებს, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მისივე სოციალურ ქსელში ვრცელდება. „აი, რა ხდება, როცა თავს აცხადებ რუსული გავლენის სფეროს ნაწილად და დასავლეთიდან დისტანცირდები. დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა ОДКБ-ს საფარქვეშ მოქმედი რუსული ჯარების ყაზახეთში, სადაც მთელი ხალხი აჯანყებულია სოციალური უსამართლობის, კორუფციის და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთის ხელმძღვანელობა საკუთარ ხალხს დაახოცინებს რუს, სომეხ და სხვა მეზობლების ჯარისკაცებს. გვინდა ჩვენ ასეთი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის? რა თქმა უნდა, არა და თუ არა - უნდა ვისწავლოთ ყველანაირი წყენის და პირადი ამბიციების გვერდზე გადაწევა და ერთობლივი, მასობრივი და უწყვეტი ქმედებებით, ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებით მიზნის მიღწევა. სხვანაირად ჩვენი ხალხი, რომლის 80% უკვე სიღატაკეში ცხოვრობს, ან შიმშილით დაიღუპება, ან მოუხდება ჩვენი ქვეყნის დატოვება. შეუძლებელია ამ კომუნალური ტარიფებით, ამ ფასებით წამლებზე და პროდუქტებზე, იმ პირობებში, როცა შრომას ფასი არა აქვს, უბრალოდ პატიოსანი მუშაობით, ოჯახის გამოკვება, არსებობის გაგრძელება. ხოლო იმ პირობებში, რომ მინიმუმ ბოლო ორ არჩევნებში დამარცხებული ჯგუფი არალეგიტიმურად რჩება კაბინეტებში და დასავლეთის წინააღმდეგ ღიად აკეთებს განცხადებებს, ჩვენი დამცველი და მომკითხავიც აღარავინ დარჩება, თუ ხელი არ გავანძრიეთ. საქართველოში 90-იანი წლებიდან არ ყოფილა ისეთი მძლავრი ოპოზიციური მუხტი, როგორც ახლა. ამჯერად პოლიტიკოსების, აქტივისტების, უბრალოდ აქტიური მოქალაქეების ვალია, ეს მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში და პარავს ჩვენ შვილებს მომავალს”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
კიევის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება დააყადაღა
კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ქონების დაყადაღების შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პოროშენკოს ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა 6 იანვარს განაცხადა, რომ კიევში 17 იანვარს დაბრუნდება. პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე მიმდინარეობს.
ყაზახეთის საგარეო უწყება უარყოფს ინფორმაციას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა აიკრძალა
ყაზახეთის საგარეო უწყებაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია სინამდვილეს არ ასახავს. მანამდე, არაერთ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ყაზახეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლა აიკრძალა.
მედია ყაზახეთში სროლის შესახებ იუწყება
მედია ალმათიში სროლის შესახებ იუწყება. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა. 6 იანვარს რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო. მანამდე სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის სამხედროებმა რესპუბლიკის მოედნის დატოვება მოითხოვეს და ცეცხლის გახსნის შესახებ გააფრთხილეს. თვითმხილველების თქმით, არიან დაჭრილებიც. რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ალმათიდან იტყობინებიან, რომ უშიშროების ძალები, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებიდან, 6 იანვარს ცეცხლს უხსნიდნენ დემონსტრანტებს რესპუბლიკის მოედანზე. დემოკრატიული პარტიის ჯგუფის წარმომადგენლის აიგერიმ ტულეიჟანოვას თქმით, მოედანზე მყოფთა უმრავლესობა იყო შეუიარაღებელი ახალგაზრდობა. ყაზახეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, „წესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს“ ათობით ადამიანი მოკლეს. უშიშროების ძალების 12 წევრი დაიღუპა და 353 დაშავდა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში 4 დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ
ჯო ბაიდენმა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმი დემოკრატიაზე თავდასხმად შეაფასა
აშშ-ის პრეზიდენტმა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმი დემოკრატიაზე თავდასხმად შეაფასა. „ვლოცულობ, არასდროს განმეორდეს ისე დღე, როგორიც ერთი წლის წინ გვქონდა. გასულ წელს, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტმა არამხოლოდ წააგო არჩევნები, არამედ ცდილობდა, ხელი შეეშალა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის, როდესაც ძალადობრივი ბრბო კაპიტოლიუმს თავს დაესხა. მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ეს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი თავდასხმა აღარასოდეს განმეორდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. 220-ზე მეტ პირს ბრალად ედება თავდასხმა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს. შტურმმა ჩაშალა კონგრესის სხდომის ერთობლივი სესია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება. არეულობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.
ენტონი ბლინკენსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ყაზახეთში მოქმედ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტილეუბერდის ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა ყაზახეთის კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და მედიის თავისუფლებისადმი. მან ასევე მხარი დაუჭირა კრიზისის მშვიდობიან, უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ გადაწყვეტას. ენტონი ბლინკენმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ევროპაში სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხი წამოჭრა, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა რუსული აგრესიის საპასუხოდ.
საშობაო ღვთისმსახურება ტაძრებში 23:00 საათზე დაიწყება
საშობაო ღვთისმსახურება ტაძრებში 6 იანვარს 23:00 საათზე დაიწყება. პატრიარქის კურთხევით, ბოლო წლებია, მორწმუნეები შობის ღამეს ფანჯარაში სანთელს ანთებენ. ცნობისთვის. პანდემიის გამო, „ალილო“ კვლავ განსხვავებული სახით ჩატარდება. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ავტომანქანებით მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. საპატრიარქოს ცნობით, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება. ამასთან, მსვლელობა ავტომანქანებით დაიწყება 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით. მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წლებია, ყოველ 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში მოსახლეობა - სასულიერო და საერო პირები აგროვებენ შემოწირულებას, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება. წელს, 2022 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება. „მსურველებს შემოწირულებისა და სხვადასხვა საჩუქრის მოტანა შეეძლებათ 2022 წლის 7 იანვარს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მათ დახვდებათ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩაიბარებენ და დასარიგებლად დაახარისხებენ საჩუქრებს. შემოწირულების მიტანა ასევე შესაძლებელი იქნება ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში“, - იტყობინება საპატრიარქო.
BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს
სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს. BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება შეეხება ბენზინსა და დიზელზე ფასებსაც. დაწესდა ზღვრული ფასები საცალო გაყიდვებზე. ცენტრალური აზიის ქვეყანაში თხევადი გაზის (LPG) ფასი გაორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირას საწვავის ფასზე მატებამ გამოიწვია პროტესტი, ის სწრაფად გაფართოვდა და სხვა პოლიტიკურ მოთხოვნებსაც მოიცავდა. ასევე წაიკითხეთ: BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ უშიშროების ძალების 13 ოფიცერი დაიღუპა, მათგან ორს კი თავი მოკვეთეს, 353 ადამიანი დაიჭრა არეულობის დროს. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯამში 1000 ადამიანი დაშავდა. შსს-ს ცნობით, ალმათიში ჩატარებული რეიდის დროს, პოლიციამ 2 ათასამდე დემონსტრანტი დააკავა. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა მოუწოდა ყაზახეთს შეწყვიტოს „რეპრესიული პასუხი". მარი სტრუტერსმა, ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, საპროტესტო აქციებს „ხელისუფლების მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების წინააღმდეგ ფართო რეპრესიების პირდაპირი შედეგი“ უწოდა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში 4 დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ამავე თემაზე: მედია ყაზახეთში სროლის შესახებ იუწყება
ჯანმოს დირექტორმა ქვეყნები „ცუნამის“ შესახებ გააფრთხილა
ჯანმოში აცხადებენ, რომ COVID19-ის ვარიანტი „ომიკრონი„ წარმოშობს ნაკლებად მძიმე დაავადებას, ვიდრე გლობალურად დომინანტური „დელტა“ შტამი, მაგრამ ეს ვარიანტი როგორც „მსუბუქი“ არ უნდა გამოვყოთ. ჯანმოს დირექტორი: „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა მსუბუქი არ არის ჯანეტ დიაზმა, ჯანმოს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ადრეული კვლევების თანახმად, დაავადების გართულების რისკი შემცირებულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში. „მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა დელტასთან შედარებით, განსაკუთრებით ვაქცინირებულებში, ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა განვიხილოთ მსუბუქ ვარიანტად“, - თქვა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. მან ქვეყნები „ცუნამის“ შესახებ გააფრთხილა, რადგან გლობალურად ინფექციების გავრცელების დონე იზრდება და ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია. „ისევე როგორც წინა ვარიანტების, „ომიკრონის“ გამოც ხდება საჭირო ადამიანების ჰოსპიტალიზაცია და ისიც კლავს ხალხს“, - აღნიშნა გებრეისუსმა. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა. „დგება დღე შეუდარებელი, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არა მარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც. ის, რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად, ბეთლემის ერთ მიტოვებულ, პირუტყვის თავშესაფრად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრის ცივ ღამეს აღესრულა, ენით უთქმელი სასწაულია, - იშვა ემანუელი! მანამდე ღმერთი კაცობრივად არ მოვლენილა. მსგავსი რამ სამყაროში არასოდეს მომხდარა და არც მოხდება. ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზის გამკვალავი, ეს არის დღე უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების, დიდი სიხარულის დასაწყისისა. გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: „წაერთმევა კვერთხი იუდას... ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49, 10), რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდა კანონიერი მეფე იუდას ტომიდან, მაშინ მოევლინებოდათ ზეციური მეუფე. მართალც, რომის იმპერიაში, მის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იუდეაში, პირველი წარმართი და უცხოტომელი მეფის, იდუმიელი ჰეროდეს მმართველობის ჟამს უცნაურმა ვარსკვლავმა და ანგელოზთა დასმა სამყაროს ამცნო იესოს შობა. ეს იყო უფლის მოწყალების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მიერ ღვთის განკაცების მრავალათასწლიანი მოლოდინის შედეგი. ამ გზაზე იყო ებრაელთა ერის მრავალგზისი განდგომა ღვთისგან, გაუცხოება ჭეშმარიტი რწმენისგან, შიში წარმართ დამპყრობელთა წინაშე და მათი გავლენის ქვეშ მოქცევა..., მაგრამ იყო სინანულიც, ღვთისადმი თავგანწირული ერთგულებაც და უფლისა და მოყვასისათვის მსახურების გამორჩეული მაგალითებიც. დიდი რყევებისა და სულიერი ქარტეხილების მიუხედავად, სინას მთაზე მოსე წინასწარმეტყველისთვის მიცემული უფლის მცნებები ისრაელიანთა ღირსეულმა მოღვაწეებმა დაიცვეს და მოამზადეს კაცობრიობა მაცხოვრის განკაცებისთვის. და, აი, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისგან მოევლინა ამ ქვეყანას „ნათელი სოფლისა,“... ,,რომლისგან ყოველივე შეიქმნა და მის გარეშე არც ერთი რამ იქმნა“ (ინ.1,3); მოევლინა, რათა კაცთა მოდგმისთვის ეხარებინა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ;“ (მთ. 11.28) „მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება“(ინ. 6.35); „მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით, გადარჩება" ( ინ. 8,12); „მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ განიგდება“ (ინ.15,5-6); „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14,8). - რას გულისხმობს, უფრო სწორად, რისკენ მოგვიწოდებს ეს სიტყვები? - სინერგიისაკენ, - ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეერთებისა და შერწყმისაკენ. ანუ იმისკენ, რაც უნდა იყოს ერთადერთი მთავარი აზრი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა; ყველაფერი სხვა კი, მასთან შედარებით, ამაოებაა. ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია, შევძლოთ საკუთარი თავისა და ღმერთის, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, შეცნობა; ამისთვის კი უპირველესი პირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს; ასევე, ყოვლად აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრა ღმერთთან. ეს აუხსნელი, ადამიანური ლოგიკისათვის მიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავი მოვლენაა, რომელიც არავინ იცის, ვისთან და როდის აღესრულება. ისიც შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი, ან სხვა რამ შემთხვევა გამოგვაფხიზლებს, თვალს აგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესს სრულიად შესცვლის და ჩვენი ნებითა და მონდომებით სიხარულით მიგვმართავს ცხონების ვიწრო და ეკლიანი გზისაკენ. * * * დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი ... ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და არაფრისმომცემი. მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა. ,,სიცოცხლე ან სიკვდილი,“ - ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელი მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე არ გვქონია გადასადგმელი. „აირჩიე სიცოცხლე,“ - მოგვიწოდებს მოციქული. მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას, მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ. ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის, რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და არც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას, ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან. * * * მაგრამ, მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურ ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი კითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე, უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა? ... მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამ აწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ? რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცა სიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? ... რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში იმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება. * * * ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა, ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის, ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე. „მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული“(გამოცხ. 1.8), - ბრძანებს მაცხოვარი. „დასაწყისში იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი ... ყოველივე მის მიერ შეიქმნა, მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი ...“ (ინ I.1-4); ,,წყალობით მდიდარმა ღმერთმა ... შეცოდებით მკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფეს.2,4-5) და ,,ღვთის ძისადმი რწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე“ (I ინ. 5,13), - ვკითხულობთ "ახალ აღთქმაში". სიკვდილი კი ცოდვის შედეგია, რომელიც მის გარეშე არ არსებობს და მასზეა დამოკიდებული. „ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ (რომ. 6,23), - ბრძანებს მოციქული. ხოლო რადგან „გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და ამპარტავნება ამქვეყნისაგან მომდინარეობს“ (I ინ. 2-16) და უფალთან კავშირი არა აქვს, ამ წესით მცხოვრებნი თავისი ნებით შორდებიან სიცოცხლის, სიწმინდის, სინათლის წყაროს, - ღმერთს და სულიერ სიკვდილს ექვემდებარებიან. უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ. ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება; აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან „ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა“ (ინ. 4,24). წმინდა მაკარი ეგვიპტელი წერს: როგორც სხეულს სხვა და სხვა ორგანო და ფუნქცია აქვს, ასევე სულსაც აქვს სხვა და სხვა გამოვლინება და ფუნქცია. სულის თვისებაა, მაგალითად: განსჯა, ნებელობა, სიყვარული, შემოქმედებითი უნარი; სირცხვილის, მორიდების, თავმდაბლობის გრძნობა; სიმართლისმოყვარეობა, მოწყალება, სინანული, სიბრალული, სიხარული... ისინი ღვთივბოძებული ნიჭებია, რომლებიც ჩვენს შინაგან ადამიანს ქმნის. ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა ... ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდება ჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და, ძირითადად, აქ იყრის თავს ჩვენი შინაგანი განცდები. რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კი მგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგი გონებასაც მოიცავს. და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულის გაერთიანება, „გონების ჩასვლა გულში" და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთი გული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებს შემოიჭრან და ცოდვად იქცნენ; არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათ და არ შეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება. წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება. ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური, განკითხვა, მკვლელობა. საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით. გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს. ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს. უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ. საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სათნოა ღვთისთვის. ძველ „პატერიკში" წერია: ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა: -რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება? - თქვენ ეს არ მოგწონთ? - ჰკითხა უფალმა. - რა თქმა უნდა, არა, - იყო პასუხი. და მიუგო: - მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე?! მართლაც,ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევნის შედეგია. რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია ღვთისთვის! * * * მაცხოვრის მოვლინებით თითოეული ჩვენგანის დაბადებას უდიდესი აზრი მიენიჭა, რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მიეცა შესაძლებლობა, თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამქვეყნად შობა აქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, თავისი შობის განმსაზღვრელად. ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა და ბედნიერების მომნიჭებელი. ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც და წარუმტებელობაც მონაცვლობენ. თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის, შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორც თქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით ... მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ. ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, - გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის. ჩვენ, ღვთის განგებით, ერთ სივრცეში, ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა, რომ ამ მოცემულობაში უნდა გამოვიცადოთ, უნდა შევძლოთ ღვთის სადიდებლად „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2). ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი ... უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია. ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს ... ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს. უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება შესაძლებელი. თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის განმავლობაში თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად. * * * გაუფრთხილდით დროს! დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა (ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ). არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ. სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი. ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე მძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა. ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული, რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს, ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლად მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი. შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი; მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილი და ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს: აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა! ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო, სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, - იხარებდით, რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანა განკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ ანგელოზთა გუნდთა თანა (იოანე მტბევარი). ჩვენც ანთებული სანთლით კრძალვით მივეახლოთ მას და სიხარულით ღაღადვყოთ: დიდება ძალსა შენსა, მხსნელო ყოველთაო! დიდება და მადლობა შენდა, საღმრთოითა მადლითა სოფლისა აღმავსებელო! დიდება შენდა, სასოებაო ჩვენო, დიდო მღვდელმთავარო, მეფეო და ღმერთო ჩვენო! თქვენთვის მარადჟამს სიყვარულით მლოცველი“, - წერია ეპისტოლეში.
ილია მეორე: პანდემია საერთო განსაცდელია, მაგრამ არ უნდა შევშინდეთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე კორონავირუსის პანდემიასაც ეხება. „რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით ... მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ“, - აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში. პატრიარქის საშობაო ეპისტოლე