თეგი: მეუფე შიო
მეუფე შიო: ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 32-ე კვირას ქადაგებისას აღნიშნა, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება - ხედვა და შეცნობა ღვთისა. მეუფე შიომ მრევლს მიმართა, რომ დღევანდელი სახარებით წმინდა ეკლესია გადმოგვცემს სწორედ ყველაზე მთავარს – აზრს ცხოვრებისას, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, იგი ამისთვის მივიდა დედამიწაზე, რომ აგვიხილოს სულიერი თვალები. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თქმით, სწორედ ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრების, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, გვქონდეს ისეთივე მისწრაფება, როგორიც ჰქონდა იერიქონელ ბრმას, ისეთივე სინანული, გაცნობიერება ჩვენი სულიერი სიბრმავისა და ვედრება უფლისადმი, რომ შეგვიწყალოს და აგვიხილოს სულიერი თვალები. ამის გარეშე კი მეუფე შიოს სიტყვებით, ადამიანის ცხოვრებას, მარადისობის თვალსაზრისით, ღვთის თვალსაზრისით, აზრი აღარ აქვს, რადგან ეს არის მთავარი აზრი ცხოვრების: „სხვაგვარად, თუ ჩვენ ჩვენივე სიცოცხლეში არ მივაღწევთ ამას, აზრს კარგავს ჩვენი ცხოვრება. შეიძლება მიწიერ ცხოვრებაში მივაღწიოთ წარმატებას სხვადასხვა დარგში, მოვასწროთ გარკვეული სიკეთის გაკეთებაც ვიღაცისთვის, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრებისთვის და ჩვენი სახელი დარჩეს შთამომავლობაში... ესეც კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სულის გადარჩენისთვის, იმიტომ, რომ სულის გადარჩენა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენი სახელი ახსოვდეთ მომავალ თაობებს, არამედ სულის ცხონება არის ის, როდესაც ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას მარადისობაში ღმერთთან ერთად“. მანვე მრევლს შეახსენა, რომ ეკლესიაში იწყება დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი, როდესაც წმინდა ეკლესია გვამზადებს დიდი მარხვისთვის, თუ რა განწყობით უნდა შევეგებოთ ამ სარბიელს. „დღეს ჩვენ ვფიქრობთ, თუ რა არის სიბრმავე, როგორი შეიძლება იყოს სიბრმავე. სიბრმავე არის ფიზიკური, მაგრამ ასევე არის სულიერი სიბრმავეც, რომელიც ბევრად უარესია ფიზიკურ სიბრმავეზე, რადგან სულიერმა სიბრმავემ შეიძლება ადამიანი სამუდამო დაღუპვამდე მიიყვანოს. ეს სულიერი სიბრმავეც შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული. მაგალითად, ამპარტავნებით. როგორც გახსოვთ, ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისმენდნენ ღვთის სიტყვას, იყვნენ მოწმენი უამრავი სასწაულისა, მკვდრეთით აღდგინებისა და ასე შემდეგ, მათ მაინც არ ირწმუნეს იესო ქრისტესი, იმიტომ, რომ სწორედ ეს სიბრმავე ჰქონდათ მათ – იმჟამინდელ ყველაზე განათლებულ საზოგადოებს, ვიმეორებ, ფარისევლებსა და მწიგნობრებს. დღესაც გრძელდება ასეთი სიბრმავე, როდესაც ადამიანებს ამპარტავნების გამო არ სურთ, დაინახონ საკუთარი სიბრმავე, აღიარონ იგი და საერთოდ არ სჯერათ, რომ არსებობს სხვანაირი – სულიერი ხედვა და სარწმუნოება, როგორც ამბობს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ „რწმენა არის წვდომა უხილავისა“. ეს უხილავის წვდომა და ხედვა რომ შეიძლება, არსებობდეს, ასეთ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ და არც უნდათ, იწამონ და ირწმუნონ. ამიტომაც არ იღებენ, არ ეხილებათ ეს თვალი. სიბრმავე სხვანაირიც შეიძლება იყოს, მეორე სახის სიბრმავე, რომელიც სიძულვილისა და ბოროტებისაგან მოდის. ამაზე საუბრობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. იგი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს სძულს თავისი ძმა, იგი ბნელშია და ბნელშივე, სიბნელეში დადის, არ იცის საითკენ მიდის, რადგან ბნელმა დაუბრმავა მას თვალი. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. და კიდევ შეიძლება იყოს მესამე სახის სიბრმავე, როდესაც ადამიანი ჩაფლულია სხვადასხვა ვნებაში, ამსოფლიურ სიამეებში. ჩვენ ვხედავთ, რა ემართებათ ასეთ ადამიანებს, რომლებიც შეპყრობილნი არიან სიძვით, ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ლუდომანიით, ვერცხლისმოყვარეობით, შურით, ეჭვებით, სევდით და ა.შ. როგორ ზიანდებიან ისინი, აზიანებენ თავიანთ ოჯახებს. ასეთ ადამიანებზეც საუბრობს წმინდა სახარება. გახსოვთ, ასეთი მონაკვეთია, როდესაც სხვა ადამიანი, ვისაც აუხელს თვალს უფალი იესო ქრისტე, ამბობს სიტყვებს: „ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა“. ესე იგი ვხედავ ადამიანებს, რომლებიც თითქოს როგორც ხეები, ისე დადიანო. აი, ასეთი ბუნდოვანი მხედველობა ჰქონდა მას თავიდან და შემდეგ მასაც აუხელს თვალს უფალი. სიბრმავის აი, ასეთი სახეები არსებობს. მაგრამ ისმის კითხვა: გვეხება თუ არა ეს სახარება დღეს ჩვენ?! შეიძლება ითქვას, რომ გვეხება, ძვირფასო ძმებო და დებო, იმიტომ რომ ჩვენც მეტად თუ ნაკლებად გვახასიათებს ეს სულიერი სიბრმავე“, - აღნიშნა მეოფე შიომ ქადაგებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
მეუფე შიო: დღეს უნდა ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის
დღეს უნდა ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები, როგორც სამხედრო თუ სამოქალაქო პირების სულის საოხად, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ამასთან დაკავშირებით საოცრად დაემთხვა. თქვენ ალბათ იცით, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და დიდი მწუხარებით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება. ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის არიან ქართველებიც. მისმა უწმინდესობამ ყველას მოგვიწოდა, მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები, როგორც სამხედრო თუ სამოქალაქო პირების სულის საოხად", - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებელი ეკლესია
მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებელი ეკლესია. ეს იყო და არის მთავარი დუღაბი, მთავარი ფარი და დამცველი ჩვენი ერისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მსახურების შემდეგ ქადაგებაზე განაცხადა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატიოსანო მამანო, ძვირფასო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა-კურთხევა", - განაცხადა მეუფე შიომ. ასევე წაიკითხეთ: ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
მეუფე შიო: დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი მშვიდობისკენაა მიმართული
"დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი სწორედ მშვიდობისკენაა მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც", – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა. "პირველ რიგში, ვფიქრობთ აფხაზეთზე, ვფიქრობთ ცხინვალის რეგიონზე, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, იმ საშინელ ომზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ. ათასობით ადამიანი არის დაღუპული როგორც აფხაზი, ისე ქართველი, 300 ათასამდე ადამიანი განდევნილი, გამოძევებული თავისი მშობლიური კუთხიდან და ჩვენი სამშობლოს უმშვენიერესი მხარე, აფხაზეთი, დროებით ჩამოშორებულია. როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, არასდროს არ უნდა ვთქვათ, რომ დაკარგულია, არამედ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ მხარეს. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც“,- განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარჩევა, რა არის მთავარი და რა - არა. დღეს კაცობრიობის მთავარი სენი არის უკმაყოფილება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მესამე კვირას, ქადაგებისას განაცხადა, რომ დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარჩევა, რა არის მთავარი და რა არა. მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა. მისი თქმით, დღეს კაცობრიობის მთავარი სენი არის უკმაყოფილება. „უფალი ბრძანებს, რომ „ნუ ზრუნავთ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ვინაიდან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა. და ეს ყველაფერი თქვენ მოგეცემათ“. ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე სულაც არ ამბობს, რომ საერთოდ არ ეძიოს ადამიანმა მატერიალური სარჩო - რა ჭამოს, რა სვას, როგორ არჩინოს ოჯახი, არ გაისარჯოს ამისთვის და არ იშრომოს, ამას არ ამბობს უფალი; რამეთუ თავად უფალი ბრძანებს წმინდა წერილში: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“. ასევე, წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ „ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს“. ამიტომ ამ შემთხვევაში უფალი ამბობს სიტყვას „პირველად“, იგი ამბობს „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა“, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოგეცემათ თქვენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ პირიქით გვაქვს ცხოვრების წესი, რომ, უპირველესად, ვეძიებთ, როგორ წარვემატოთ მატერიალურ, მიწიერ ცხოვრებაში, ხოლო უკვე ამის შემდეგ ვეძიებთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა. და სწორედ ეს არის მიზეზი, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ბევრი არაფერი დიდებული და აღსანიშნავი ჩვენ სულიერ ცხოვრებაში არ გვაქვს, ნამდვილი ქრისტიანობა გვაკლია, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი ეძიებს მხოლოდ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას, აი, ამ ცათა სასუფევლისა და ღვთის სიმართლის ძიების გარეშე, მაშინ მას ეს მატერიალურიც არ ერგება. ხალხში არის ასეთი გამოთქმა, რომ ყელში ამოსდისო. აი, რაღაც მსგავსი ხდება. გახსოვთ, ასევე მაცხოვარი ამბობს სახარებაში, რომ „დარჩება სახლი თქვენი ოხრად“, არ ერგება ადამიანს; ხოლო თუ ამ მატერიალურს - რა ჭამოს, რა სვას, რით შეიმოსოს და ა.შ. - ადამიანი ეძიებს ცათა სასუფევლის შემდეგ, საღვთო სიმართლესთან ერთად, მაშინ ყველაფერი ჯეროვნად აღესრულება, უფალი ყველაფერს გვაძლევს თავის დროზე. იმიტომ ბრძანებს უფალი ამ სიტყვებს, რომ მას თვითონ სურს, ჩვენზე იზრუნოს, მას შეუძლია ეს, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი ენერგია და ძალები დავხარჯოთ უმთავრესზე, უაღმატებულესზე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ფასეულობას. თქვენ ახლა აბარებთ უმაღლესებში და ემზადებით დიდი ცხოვრებისთვის. ეს ეხება ყველა ფასეულობას, რასაც ჩვენ ვქმნით ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რა არის მთავარი - საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი თუ სიმართლე ღვთისა? რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე. რა არის მთავარი - კაცობრიობის ცივილიზაცია, კულტურა, და ყველაფერი ის, რასაც ადამიანი ქმნის, თუ საღვთო სიმართლე? რა თქმა უნდა, სიმართლე ღვთისა არის მთავარი, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვქმნით რაიმეს, ჩვენი აზრით, ფასეულს, ვიმეორებ, ამის გარეშე უმადლოა. ამიტომ არის, რომ გადის საუკუნეები და მიუხედავად მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისა, არ იკლებს არც სიძულვილი, არც ომები, არც აგრესია, არც მკვლელობა, არც გარყვნილება და არც მძიმე ცოდვები. თუ საზოგადოებაც, ადამიანიც ქმნის ამ ფასეულობებს, ვიმეორებ, საღვთო სიმართლის ძიების შემდეგ და ძიებასთან ერთად, მაშინ ამ ყველაფერს სულ სხვა ელფერი ეძლევა, სულ სხვა ფასი აქვს და გვაძლევს დიდ სიკეთესა და ნაყოფს. რა არის ეს სიკეთე? ეს არის მშვიდობა, ეს არის სიხარული სულიწმიდაში. აი, ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ საოცარი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირველად ვეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა; და მოგვეცემა, როგორც გითხარით, მშვიდობა, ჭეშმარიტება, სიმართლე, რომელზეც საუბრობს მაცხოვარი და სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი რამ არის სწორედ სასუფეველი ცათა, რომელიც ჩვენ უნდა ვეძიოთ და რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ჩვენშია, პირველ რიგში, ჩვენში უნდა ვეძიეთ ეს ყველაფერი, თუმცა გარეთაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენში ვეძიოთ, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი და იმიტომ არის, რომ დღეს მთავარი სენი კაცობრიობისა არის უკმაყოფილება, მიუხედავად თითქოს ამქვეყნიური განვითარებისა, უკმაყოფილება არ იკლებს, იმიტომ რომ ადამიანი შინაგანად არ იცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი სასოება დავამყაროთ უფალზე და ვევედროთ მას, რომ არ მოგვაკლოს წყალობა თვისი და სასუფეველი ღვთისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა არის, არ გაგვინელდეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ იგი და გავაძლიეროთ
ჩვენ გვმართებს, გვახსოვდეს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა არის, არ გაგვინელდეს ეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ იგი და გავაძლიეროთ, როგორც ამბობს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში,- ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ამასთან, მეუფე შიომ წმინდა მოციქულების ხსნების დღის მნიშვნელობაზე იქადაგა. „დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ვართ მონაწილენი, სამოციქულო მემკვიდრეობის წევრნი ვართ, მემკვიდრენი ვართ ამ დიდი სამოციქულო მემკვიდრეობისა. როგორც ამბობს პეტრე მოციქული, - „ჩვენ, ყველანი, ქრისტიანები, ვართ რჩეული მოდგმა და სამეფო მღვდლობა“. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი. ყველა ვართ აი, ამ სამეფო მღვდლობის წევრნი - მამაკაცებიც, ქალებიც, ბავშვები და სულიწმიდა გამოარჩევს ამ სამეფო მღვდლობიდან ადამიანებს, ზოგს - საეკლესიო, სამღვდელო მსახურებისთვის, რომ აღასრულოს წმინდა საიდუმლოებები, ზოგს, ერისკაცებს - სხვადასხვა მსახურებისთვის, მაგრამ ჩვენ, ყველა, ვართ აი, ამ სამეფო მღვდლობის წევრნი და რჩეული მოდგმა, როგორც ამბობს მოციქული. მთავარია, რომ ყოველ ჩვენგანში ენთოს ეს სიყვარულის ცეცხლი, რომელიც ჰქონდათ მოციქულებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ჩვენ გვმართებს, გვახსოვდეს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა არის, არ გაგვინელდეს ეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ იგი და გავაძლიეროთ, როგორც ამბობს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში, რომ „წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს და ყველა საიდუმლო ვიცოდე, თუ სიყვარული არ მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გლახაკებს დავურიგო და ჩემი სხეულიც დასაწველად მივცე, თუ ამ დროს სიყვარული არ მაქვს, არაფერს მარგებს ეს ყველაფერი“. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი და დღეს ჩვენ ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ეს სიყვარული, რომ გაგვიძლიეროს ეს სიყვარული, რომ შევძლოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება, შევძლოთ იმ დიდი მისიის აღსრულება, რომელიც დაგვაკისრა ჩვენ სწორედ ამ სამოციქულო მემკვიდრეობამ, რომლის წევრნიც ჩვენ ვართ მათ მიერ აღსრულებულ ეკლესიაში. ეს იქნება ჩვენი პასუხი განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენებთ წმინდა მოციქულებს. მრავალს დაესწარით, ღმერთმა დაგლოცოთ. მინდა, თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეს დღე, ვინაიდან იგი ჭეშმარიტად გახლავთ სამოციქულო ღვაწლის დიდი გამგრძელებელი ჩვენს ქვეყანასა და ქრისტიანულ სამყაროში; ერთ-ერთი გამოვლინება მისი ამ საოცარი სამოციქულო ღვაწლისა, მრავალ სხვა დიდ ღვაწლთან და დამსახურებასთან ერთად, გახლავთ ის, რომ აი, ამ წმინდა ტაძარში მის მიერ ხელდასხმულია უკლებლივ ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც დღეს წმინდა სინოდში მოღვაწეობენ. ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, სულიერი და ფიზიკური ძალების განახლება და გაძლიერება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და წმინდა მოციქულთა ლოცვით, წმინდა კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლით, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ! დღეს ჩვენ ვლოცავთ წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის გზაზე მომლოცველ მორწმუნეებს, სასულიერო პირებსა და მრევლს: არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი), დეკანოზი დავით კონჯარია, ბერი სპირიდონი (ლაზარია), ბერი დამიანე (დოლიძე), ბერი ისიდორე (კარტოზია), ბერი გიორგი (გერლიანი), მორჩილი ამბროსი, ამირან გურჩიანი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი!“ - ნათქვამია ქადაგებაში.
მეუფე შიო: თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა, რომ თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი. „უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არასდროს აკლებდა არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ „პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ“. ჭეშმარიტად, მოგვეცემა, ყოველთვის ასე ყოფილა, მაგრამ მთავარია, ამას ვეძებდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, აი, ეს გერგესეველთა სული ძალიან მძლავრობს და ძალიან იშვიათია ადამიანები, მათ შორის, ვინც თავის თავს ქრისტიანსაც უწოდებს, რომელთათვისაც პირველადია ძიება სასუფევლისა ღვთისა და შემდეგ ეს ყველაფერი მატერიალური. ამიტომ ღმერთმა გვაშოროს ჩვენ, ვევედროთ უფალს, რომ ამ გერგესეველთა სულისგან მოგვარიდოს და გვაშოროს ჩვენ, რომ შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!”, - აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.
ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში - მეუფე შიო
სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა… ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს, ღმერთმა მოგვცეს მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული, უფალმა ინებოს… ვიაროთ ჭეშმარიტების გზით და მივემთხვიოთ ამ სიხარულს, ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც შეიკრიბნენ ნიკეაში 325 წელს არიოზის მწვალებლობის განსახილველად და დასაგმობად. ეს სწავლება იყო ძალიან სახიფათო ეკლესიისთვის, იმიტომ რომ ძირეულად არღვევდა ჩვენი სარწმუნოების არსს და ამბობდა, რომ უფალი იესო ქრისტე არ არის ღმერთი, არამედ არის ქმნილება, მართალია, უმაღლესი ქმნილება, მაგრამ მაინც ქმნილებაა, ხოლო სულიწმიდა არის უკვე იესო ქრისტეს ქმნილება. აი, მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სწავლება იყო. წმინდა მამები ამხელდნენ ამ სწავლებას, სულის გადარჩენის სწავლების თვალსაზრისით. ისინი ამბობდნენ, რომ თუ დავუშვებთ, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სულის ცხონებაც ფანტაზია ყოფილა და ჩვენ არ ვეზიარებით ცოცხალ ღმერთს, არამედ ქმნილებას. შესაბამისად, იესო ქრისტეს სწავლებაც არ ყოფილა საღმრთო, არ ყოფილა უტყუარი, არამედ – ადამიანური და, შესაბამისად, არაჭეშმარიტი და ა.შ. ამ კრებაზე შემოიტანეს ახალი ტერმინი „ჰომოუსიოსი“, ანუ ერთარსი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ ჩვენს „მრწამსში“. როგორც გახსოვთ, ამ წმინდა კრებაზე მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და გამორჩეული მოღვაწე, მართლმადიდებლობის მამად წოდებული, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მოგვივლინა ასეთი ადამიანები, ასეთი დიდი მოღვაწეები და მამები უფალმა. დღეს წარმოდგენილია სახარება, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს ძე ღმერთის ერთარსობა მამასთან, სადაც ჩანს, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმერთი, მაცხოვარი სოფლისა და რომ სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, რომ ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა. აი, სახარების ამ მონაკვეთში, ლოცვაში უფალი იესო ქრისტე პირდაპირ ამბობს, რომ „მე და მამა ერთნი ვართ“, ანუ ძე ღმერთი და მამა ღმერთი ერთნი არიან. და როცა მიმართავს ზეციერ მამას, ამბობს, რომ „ყველაფერი ჩემი შენია“. ამაზე წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ეს გასაგებია, ღვთისაა ყველაფერი, მაგრამ იქვე დასძენს მაცხოვარი, რომ ,,და ყოველივე შენი ჩემია”. აი, ეს უკვე ნიშნავს სწორედ ამ ერთობას და ერთარსობას. ასეთი რამ არავის უთქვამს არცერთ რელიგიაში, არცერთ ადამიანს. ღმერთი განკაცდა, ხორცი შეისხა მეორე ჰიპოსტასმა ყოვლადწმინდა სამებისა და როგორც ამბობს იესო ქრისტე, მისია ყოველივე, რაც ღვთისაა და, შესაბამისად, განკაცების შემდგომ ჩვენია ყველაფერი, რაც ქრისტესია. ანუ, ღმერთი განკაცდა იმისთვის, რომ ადამიანებიც განაღმრთოს და მადლით ღმერთები გავხდეთ. ვიმეორებ, ხაზს ვუსვამ – მადლით და არა ბუნებით, რა თქმა უნდა, რომ ყოველივე, რაც ქრისტესია, ჩვენი გახდეს. ამას გვაძლევს ჩვენ წმინდა ეკლესია, ეკლესიაში თანაზიარების, საიდუმლოებებში მონაწილეობის მეშვეობით ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს, რომელიც არის თავი ჩვენი საეკლესიო სხეულისა. შემდეგ უფალი ამბობს, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე. იგი კვლავ მამაზეციერს მიმართავს და ამბობს, რომ საუკუნო სიცოცხლე არის – „გიცნობდნენ შენ და შენგან მოვლენილ იესო ქრისტეს”. ამრიგად, სულის გადარჩენა – ეს არის შეცნობა ღვთისა, მამა ღმერთისა და შეცნობა მის მიერ მოვლენილი ძე ღმერთისა, იესო ქრისტესი, შეცნობა მისი ეკლესიის მეშვეობით, მისი მცნებების შესწავლა. როგორ ხდება შეცნობა? როგორ შეგვიძლია ჩვენ, შევიცნოთ უფალი? – მხოლოდ სულიწმიდის მეშვეობით, რომლის გარდმოსვლასაც ჩვენ მალე, ამ რამდენიმე დღეში ვიზეიმებთ. უფლის ამაღლების შემდეგ სულიწმიდა მოქმედებს ეკლესიაში და სწორედ ის, სულიწმიდა უფალი, გვაერთებს ღმერთთან, იესო ქრისტესთან და შეცნობა სწორედ აი, ამ გზით ხდება, როდესაც ჩვენს გულში შემოდის სულიწმიდა, ეს არის ენერგია ღვთისა, აი, ამის შედეგად ჩვენ ვიცნობთ უფალს და უფალი გვიცნობს ჩვენ. გახსოვთ იგავი ათი ქალწულის შესახებ, წმინდა ნინოს ხსენების დღეს იყო წაკითხული. უფალი ეტყვის სულელ ქალწულებს, რომ „მე თქვენ არ გიცნობთ“ . „არ გიცნობთ“ – ეს იგავური ფორმის გამოთქმაა. ეს ნიშნავს, რომ „სულიწმიდა არ არის თქვენში“. როცა შემოდის ჩვენში ეს მადლი, ჩვენ მისი მეშვეობით ვიცნობთ უფალს და ისიც გვიცნობს ჩვენ. საერთოდ, ეს ლოცვა, ეს ადგილი სახარებიდან ალბათ თავისი სიღრმითა და მნიშვნელობით, თუ ყველაზე გამორჩეული არა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული და მნიშვნელოვანია. ბოლოს, ამავე ლოცვაში უფალი ეტყვის მამაზეციერს, რომ „მე ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ სიხარული მათი (ანუ ჩვენთვის ლოცულობს, მისი მორწმუნეებისთვის, პირველ რიგში, მისი მოციქულებისა და შემდეგ მთელი ეკლესიისთვის) იყოს სავსებით”. ანუ სიხარული ჩვენი იყოს სრულყოფილი. აი, ამას სთხოვს მამა ღმერთს უფალი იესო ქრისტე, რომ ჩვენ გავიხაროთ, რომ ჩვენ ,,სიხარული სავსებით იყოს”. ეს არის აზრი ყველაფერ იმისა, რაც გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ, რომ სიხარული მოგვანიჭოს ჩვენ. ეს არის აზრი ყოველივე იმისა, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მთავარი ესაა, ამაზეა საუბარი, რომ მივიღოთ ეს სიხარული, ამისთვის არის შექმნილი ადამიანი და ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს. უფალ იესო ქრისტესთვის კი ჩვენ ვართ სიხარული, ყველა, ადამიანი მისთვის სიხარულია, ჩვენთვის კი მთავარი სიხარული – ეს არის ვინ? იესო ქრისტე, მთელი ჩვენი სიხარული, მაცხოვარი ჩვენი. ღმერთმა მოგვცეს, ძვირფასო ძმებო და დებო, მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული. ამიტომ ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ერთ ადგილას, რომ „ამაზე დიდი სიხარული არაფერია ჩემთვის, ვიდრე ის, ვიცოდე, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ნამდვილად ვიყოთ ღვთის შვილები, გავახაროთ უფალი ჩვენი, ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, მივემთხვიოთ ამ სიხარულს და ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
მეუფე შიო: უფალი უშვებს ჩვენზე სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, ან სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ჩვენს შეცდომებზე
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა, რომ უფალი უშვებს ჩვენზე უფალი სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, შეიძლება ითქვას; ან თუ გნებავთ, სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე, ცხოვრების აზრზე, არსზე, ჩვენს შეცდომებზე და გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, გამოვსწორდეთ ჩვენ და სულიერად ფერი ვიცვალოთ მეუფე შიო: თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი „უფალი ისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ ჩვენ გვაქვს საკმარისი რწმენა, მიუხედავად იმისა, ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ, ახერხებს თუ არა უფალთან მოსვლას, გამოთქვამს თუ არა ამ სურვილს. შეიძლება ვერც გამოთქვამს და ვერც კი ხვდება იმას, რომ ჩვენ შეიძლება მას დავეხმაროთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვექნება ასეთი სარწმუნოება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მას დავეხმაროთ. მაგრამ ამის პირობა არის სიყვარულიც, რომელიც აქ გამოვლინდა, რომ ჩვენში უნდა დათესოს ასეთმა გაჭირვებულმა ადამიანმა სიყვარული, რომ ჩვენც ასე ვიმოქმედოთ. ან ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ ასეთი სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით. მოკლედ, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ შევძლოთ სიყვარულის გამოვლინებაც მოყვასთან მიმართ და შევძლოთ, ჩვენ თავად დავთესოთ სიყვარული მათ გულებში, იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანები ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, ჩვენ დაგვეხმარონ და მხარში ამოგვიდგნენ გაჭირვების ჟამს. ასევე გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის. აი, ამას გვასწავლის დღევანდელი სახარება“.
მეუფე შიო: გულითადად მივულოცოთ პატრიარქს მისი ანგელოზის დღე, მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის
გულითადად მივულოცოთ პატრიარქს მისი ანგელოზის დღე, მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებული ქადაგებისას განაცხადა. "დღეს აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს. გილოცავთ ამ დღეს ყოველ თქვენგანს. მინდა, სახარებიდან გავიხსენო ერთი-ორი მონაკვეთი, რომლებიც ეხება ილია წინასწარმეტყველს, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი ამბობს წმინდა იოანე ნათლისმცემელზე, რომ იგი მოვა და ივლის წინაშე ღვთისა ილიას სულითა და ძალით. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვები – „ურჩ ადამიანებს მოიყვანს ღმერთისკენ და მრავალ ისრაიტელს მოაქცევს ღმერთისკენ“. ასევე სხვა ადგილას უფალ იესო ქრისტეს ფერისცვალების შემდეგ ჰკითხავენ მოციქულები, როგორღა ამბობენ მწიგნობრები, რომ ჯერ ილია უნდა მოვიდესო? უფალი უპასუხებს, რომ „ილია მოვა და აღადგენს ყოველივეს“. ძველ ქართულად არის „კუალად აგებს“, ანუ აღადგენს, გამართავს, მოაწესრიგებს. ასეთი საოცარი სიტყვებია. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები, რომ ილიას სულითა და ძალით მოვა იოანე ნათლისმცემელი, საკუთრივ წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეხება, მაგრამ ჩვენ გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება განვუკუთვნოთ ეს სიტყვები ყველა დიდ მოღვაწეს, რომლებმაც დიდი კვალი დააჩინეს ქვეყნის, ხალხის, საეკლესიო, სასულიერო და საერო ცხოვრებას. დღეს ჩვენ რომ ვიკითხოთ, ვინ არის ის მოღვაწე, რომელიც დღეს, ამ საუკუნეში, ამჟამად მოღვაწეობს ილიას სულითა და ძალით, ვინ შეძლო, მოექცია განდგომილი ერი ღვთისკენ და ვინ შეძლო, აღედგინა ყოველივე, როგორც სახარებაშია ნათქვამი? ვინ არის ასეთი მოღვაწე? ეს არის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის ანგელოზის დღესაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. რაც მან აღასრულა, ეს მართლაც შეიძლება აიხსნას მხოლოდ აი, ამ სულითა და ძალით, რომელიც ჰქონდა ილია წინასწარმეტყველს, რომელიც ჰქონდათ დიდ მოღვაწეებსა და წმინდანებს. ეს არის მადლი ღვთისა და მადლი სულისა წმინდისა. მართლაც, საოცარი სიტყვებია, ვიმეორებ, რომლებიც შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით აღვიქვათ, რომ მართლაც აღადგინა ყოველივე მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ყველა სფერო საეკლესიო ცხოვრებისა იმ უდიდესი დევნისა და ნგრევის შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ და არა მხოლოდ აღადგინა, ძვირფას ძმებო და დებო, არამედ მრავალი რამ თავიდან აღაშენა კიდეც, რომლის დიდი დასტურიც არის ეს შესანიშნავი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და რომელიც, სხვათა შორის, ელიას მთაზე დგას. ესეც არ არის შემთხვევითი. დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით ყველა იმ დიდ მიღწევას, იმ ნაყოფს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობისა, მაგრამ ყველამ ერთად გულითადად მივულოცოთ მას მისი ანგელოზის დღე, ქედი მოვიხაროთ, მადლობა ვუთხრათ ამ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს მისი მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა და საღვთო სახელის სადიდებლად, ამინ!“ – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.
მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მეუფე შიომ ღვთისმსახურება ჩაატარა
მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ ღვთისმსახურება ჩაატარა და ტაძარში შეკრებილებს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა. მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს „გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ჩვენც ისე ვიცხოვროთ ამ წუთისოფლის წყვდიადში, რომ შეძლებისდაგვარად ვანათებდეთ ჩვენი სულებით, ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებული, ხოლო გარდაცვალების შემდეგ როგორც ამბობს უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, "ვბრწყინავდეთ, როგორც მზე ჩვენი ზეციური მამის სასუფეველში!"-აღნიშნა მეუფე შიომ. ცნობისთვის, ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.
მეუფე შიო: სიყვარული უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია
„სიყვარული უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია... გვაერთებს, გვაკავშირებს ჩვენს ახლობელთან როგორც მიწიერ, ისე მარადიულ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეცხრამეტე კვირას ქადაგებისას განაცხადა. ტექსტი „საპატრიარქოს უწყებანის“ Facebook გვერდზე განთავსდა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია გვიკითხავს სახარებას, სადაც წარმოდგენილია ადამიანური უბედურების ორი უკიდურესი ნაირსახეობა. ეს არის ქვრივობა და ერთადერთი შვილის გარდაცვალება. აი, ეს ნაინელი ქალი, რომელზეც დღეს მოთხრობილია, იყო ქვრივი და თან ასაფლავებს ერთადერთ ვაჟს. მოდის ეს სამგლოვიარო პროცესია და ქალაქის კარიბჭესთან ხვდება უფალი იესო ქრისტე, რომელიც ისეთი სიტყვებით მიმართავს ამ ქალს, საიდანაც ჩანს, რომ მისი უბედურება აქ სრულდება. იგი ეტყვის: „ნუ სტირი!“ პროცესია ჩერდება, უფალი მიდის ცხედართან, უბრძანებს მას: „ჭაბუკო, აღსდექ!“ და უბრუნებს ამ ქვრივს მის ერთადერთ იმედს, აცოცხლებს. თქვენ იცით, რა მძიმე მდგომარეობაში იყო ქალი იმჟამად აღმოსავლეთში, როდესაც მას არც ქმარი აღარ ჰყავდა და ერთადერთი შვილიც მოუკვდა, ეს ნიშნავდა, რომ ეს ქალი განწირული იყო სრული სიღატაკისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში მრავალ ჩვენგანს შეემთხვა მსგავსი უბედურება. რამდენი კაცი დაიღუპა ბრძოლის ველზე, რამდენი გარდაიცვალა ავადმყოფობით, რამდენი ბავშვი დაიღუპა უდროოდ და ტრაგიკულად! დღეს საკურთხეველში შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც შვილი, ახალგაზრდა ბიჭი, დაკარგა სულ ცოტა ხნის წინ. თუნდაც გავიხსენოთ, რაც მოხდა ვაკის პარკში, როგორ ტრაგიკულად დაიღუპა შესანიშნავი გოგონა... და აი, ყველა ჭირისუფალს, ყველა დედას უფალი იესო ქრისტე იმავე სიტყვებს ეუბნება: „ნუ სტირი!“ რატომ მოსთხოვა უფალმა, რომ არ იტიროს? თქვენ გახსოვთ, სხვა ადგილას იგი ამბობს, რომ „ნეტარ არიან მგლოვარენი“, აქ კი ამბობს, არ იტიროო. იმიტომ, რომ იქ სხვა ტირილზე, სხვა გლოვაზეა საუბარი; ის ადამიანები, ვისაც უფალი წარმართებს უწოდებს, სხვაგვარად ტირიან, სხვაგვარად გლოვობენ და სხვაგვარად ხარობენ, ვიდრე ღმერთის ადამიანები და მორწმუნეები. ამაზე წერს პავლე მოციქული: „ნუ გლოვობთ, როგორც წარმართები, რომლებსაც არ აქვთ სასოება“. აი, სწორედ ასეთ გლოვაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტეს - სასოებამოკლებულზე, სწორედ ასე ტიროდა ეს ქვრივი - სასოწარკვეთით. მინდა, შეგახსენოთ ერთი ეპიზოდი ძველი აღთქმიდან, როდესაც დავით წინასწარმეტყველს შვილი უკვდება. იგი პატარა ბავშვია, ავად ხდება და როცა ამას იგებს წმინდა დავით წინასწარმეტყველი, იწყებს მარხვას, განმარტოვდება, ღამეებს მიწაზე ათევს და შვიდი დღის შემდეგ მას ეტყვიან, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მაშინ დავითი დგება მიწიდან, იბანს, ზეთს იცხებს, მიდის ტაძარში, იქ ლოცულობს და შემდეგ მოითხოვს, რომ მოუტანონ საჭმელი და ჭამს. მსახურები ჰკითხავენ, თუ რას ნიშნავს მისი ასეთი ქცევა; სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, შენ მარხულობდი და გლოვობდი, ხოლო როდესაც გარდაიცვალა, შეწყვიტე მარხვა, საჭმელს ჭამ, ზეთი იცხე და პირი დაიბანეო? დავითი უპასუხებს, რომ სანამ ის ცოცხალი იყო, მე ვლოცულობდი და ვმარხულობდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა შემიწყალოს და გადაარჩინოს, მაგრამ როდესაც მოკვდა, რაღად ვიმარხულო, ვინაიდან ვიცი, რომ მე მას ვერ დავაბრუნებ, მე მასთან წავალ, ის კი ჩემთან ვერ მოვაო. ამიტომ უფალი როდესაც ამბობს - „ნუ სტირი“, ამით ამბობს, რომ ნუ ეძიებ სიყვარულს წარსულში, შენს საყვარელ ადამიანს, შენს ახლობელს წარსულში, წარსულში მხოლოდ წარსულია, სიყვარული კი უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია და ჩვენ გვაერთებს, გვაკავშირებს ჩვენს ახლობელთან როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ისე მარადიულ ცხოვრებაში. დავითის საიდუმლოებაც ეს იყო, მან იცოდა ეს, მან იცოდა ღმერთის არსებობა, სწამდა ღმერთის და ვინც ეს არ იცის, ისინი, რა თქმა უნდა, შიშითა და ძრწოლით უყურებენ კარს მომდგარ სიკვდილს. და როდესაც ახლობელი გარდაეცვლებათ, უზომო გლოვას ეძლევიან. აი, ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. მინდა, ასევე შეგახსენოთ, რომ როდესაც უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღადგენდა სხვა დროსაც, სხვა შემთხვევებშიც, სთხოვდა ხოლმე სარწმუნოებას იქ დამსწრე ადამიანებს. მაგალითად, იაიროსს უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“. მართას უთხრა მისი ძმის, ლაზარეს, მკვდრეთით აღდგინების წინ: „მართა, თუ შენ იწამებ, იხილავ უფლის დიდებას“. უფალი იესო ქრისტე ასევე ბრძანებს: „მე ვარ ცხოვრება, მე ვარ აღდგომა“. ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, თუ ჩვენ გვსურს, შევიდეთ „აღდგომასა სიხარულისასა“ და „აღდგომასა ცხოვრებისასა“ და იქ შევეგებოთ ჩვენს ახლობლებს, მაშინ მიწიერ ცხოვრებაში მათთან დროებითი განშორების ჟამს, უნდა გვახსოვდეს ეს საღვთო ძლევამოსილებით წარმოთქმული სიტყვები „ნუ სტირი“ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც არის ხელმწიფე ცოცხალათა და მკვდართა და რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე ამინ!
მეუფე შიო: რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? ეს გზა იყო ქრისტეს გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა
„ჩვენმა დიდმა წინაპრებმა სიკვდილი ამჯობინეს ქრისტესთვის, ვიდრე ღალატი რჯულისა და ქრისტიანობის - როდესაც ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, ჩვენს მომავალზე. რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? - ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ქრისტესთვის თავგანწირვის გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) მეტეხის ხიდზე ქადაგებისას განაცხადა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით პარაკლისი ჩატარდა. „ჩვენმა დიდმა წინაპრებმა სიკვდილი ამჯობინეს ქრისტესთვის, ვიდრე ღალატი რჯულისა და ქრისტიანობის. მათ ესმოდათ, რომ ეს არის მათი სულის საცხოვნებლად და ჩვენი ერის გადასარჩენადაც. ასეთი საოცარი წინაპრები გვყავდა. გახსოვთ, ჩვენი დიდი კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი ამბობდა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს“. ეს გვიანდერძა მან. 100 ათასმა მოწამემაც ეს გვიანდერძა, ქრისტესთვის სიცოცხლე და ქრისტესთვის სიკვდილი. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენს მომავალზე, რა გზით უნდა ვიაროთ. რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ქრისტესთვის თავგანწირვის გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა. ამაზე შესანიშნავად წერს ჩვენი კიდევ ერთი დიდი თავგანწირული მოღვაწე, წმ. ილია მართალი ჭავჭავაძე. ის ამბობდა, რომ მხოლოდ ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო. მხოლოდ, ქრისტიანობამ შეგვინარჩუნა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ეროვნება, ენა, ვინაობა. შემდეგ დასძენს, რომ საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, მაგრამ, არავის არ შეარყევინა თავისი გული, ამ გულში ღრმად გაბნეული ჯვარი ქრისტესი. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს წმ. ილია მართალი. დღეს, როდესაც ვიხსენიებთ 100 ათას მოწამეს, ჩვენ ვევედრებით მათ, რომ მათი ლოცვით ღმერთმა მოგვცეს ცოტა მაინც, მათი სიმამაცე, მათი სარწმუნოება, დავუპირისპირდეთ იმ უღმერთო ძალებს, რაც მძლავრობს დღეს სამყაროში. ის დიდი მოწამეები არ უშინდებოდნენ სიკვდილს, როდესაც მიჰყავდათ სატანჯველად. არ ეშინოდათ წარმართების. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ხშირად ვუთმობთ ჩვენს გულსაც და გონებას უღმერთო ფასეულობებს, უღმერთო ცხოვრების წესს, თითქოს მორწმუნენი გვქვია, მაგრამ ვცხოვრობთ როგორც ყველა. ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს. გვწამს, რომ ისინი ჩვენთან ერთად ლოცულობენ. ლოცულობენ საქართველოს კეთილდღეობისთვის, სიმშვიდისთვის, გამთლიანებისთვის, საქართველოს გამარჯვებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ. უფალმა ინებოს, რომ წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვით და მფარველობთ უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო“, - აღნიშნა მეუფე შიომ. როგორც ის განმარტავს, დღეს განსაკუთრებით ამაღლებული დღეა საქართველოსთვის და საქართველოს ეკლესიისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვასა და ლოცვა-კურთხევას. დღეს განსაკუთრებით ამაღლებული დღეა საქართველოსთვის და საქართველოს ეკლესიისთვის. ეს არის ზეიმი სულისა, გაბრწყინვება სულისა. საერთოდ, როდესაც ეკლესია აღნიშნავს ასეთი მნიშვნელობის მოვლენებს, ეს არ არის მარტო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ეკლესიაში, ჩვენ არ ვიხსენებთ მხოლოდ დიდ ადამიანებს, თავგანწირულ ადამიანებს, ესეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის მოწამეთა ხსენებისას ცოცხლდება ეს მოვლენა. ეს არ არის მხოლოდ წარსული და წარსულის დიდება. ჩვენთვის მოწამენი ცოცხალნი არიან. ისინი ერთიანდებიან მიწიურ ეკლესიასთან ჩვენთან ერთად. ჩვენ გვწამს, რომ ისინი დღეს ჩვენთან ერთად დგანან აქ, ჩვენთან ერთად ლოცულობენ ჩვენი ქვეყნისთვის და გვწამს, რომ მათი ლოცვით უფალი გვისრულებს ჩვენ ჩვენს სათხოვარს“,- აღნიშნა მეუფე შიომ IPN-ის ცნობით.
საქართველოს ცხოვრებაც ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას - მეუფე შიო
საქართველოს ცხოვრებაც ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, საქართველო ყოველთვის ეკლესიის ერთგულების გზით დადიოდა, რამაც მოგვიყვანა დღემდე, - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძრიდან სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს „გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ ილია მეორის ლოცვა-კურთევას, შეგვეწიოს მისი დალოცვა. მოწამე არის ადამიანი, რომელიც წამებისა და სიკვდილის წინაშე მდგომიც კი, მზად არის, დაამოწმოს ქრისტე. იუსტინე ფილოსოფოსი, იყო ასეთ მოღვაწე ადრე ქრისტიანულ პერიოდში და ის საკმაოდ მარტივად ხსნის, რა არის მოწამეობის არსი. ის ამბობს, რომ ჩვენ მივდივართ სიკვდილზე, რათა არ დავარღვიოთ მცნება, არა იცრუო. როდესაც გვეკითხებიან, შენ გწამს ქრისტე? ჩვენ გვირჩევნია, მოვკვდეთო, ვიდრე ეს მცნება დავარღვიოთ, რომ არა იცრუო. ასე განმარტავს იგი და მოციქულთა საქმეები განსაკუთრებით შეეწიონ მოციქულთა ქადაგების საქმეს ეკლესიაში, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარზე ქადაგებას, ასეთი ყოვლისმომცველი ძალა ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო ასობით ათასი მოწამის ღვაწლი. თქვენ გახსოვთ, რა ზეგავლენა ჰქონდა მათ წამებას, თვითმხილველ წარმართებზე, ჯალათებზეც კი, რომლებიც მათ აწამებდნენ, როდესაც ხედავდნენ, რამდენად უშიშრად, ხშირად მუდიმარედ და ბაგეებზე ლოცვით კვდებოდნენ დიდი მოწამეები და ამის გარდა, ისინი არიან ჩვენთვის ყველაზე ნათელი მაგალითი ქრისტეს ურყევი რწმენისა, ერთგულებისა, ვაჟკაცობისა და სიმამაცისა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ასეთი შეკითხვა, რომ რა ძალით არის შესაძლებელი ამ ღვაწლის აღსრულება? სიკვდილის დათმენა, წამების დათმენა და ქრისტეს დამოწმება – ამაზე პასუხს იძლევა დღევანდე დღეს წაკითხული ქადაგება, სადაც უფალი იოესო ქრისტე ბრძანებს, რომ მოვა ნუგეშინის მცემელი სული ჭეშმარიტებისა, რომელსაც მე მოვავლენ მამისაგან, რომელიც მამისგან გამოდის და იგი დაამოწმებს ჩემზე და თქვენც დაამოწმებთ ამბობს უფალი, ასევე სხვა ადგილას ბრძანებს იგი, რომ როდესაც თქვენ შეგიპყრობენ, სამსჯავროზე წაგიყვანენ და წარსდგები წინაშე მეფეთა და მთავართა, რომ დაამოწმოთ ჩემთვის, მაშინ ნუ ზრუნავთ და ნუ ფიქრობთ, თუ რა ილაპარაკოთ, რადგან იმ ჟამს მოგეცემათ სიტყვები თქვენ რაც უნდა ილაპარაკოთ, რადგან სულიწმინდა დაამოწმებს თქვენი ბაგეებით. ამ დიდი ღვაწლის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ სულიწმინდის ძალით, მადლით და მხოლოდ სულიწმინდის მადლით აღასრულა ეს ღვაწლი წინდა მოწამე გიორგიმ და მისი ბაგეებით დაამოწმა სულიწმინდამ, რომ იესო ქრისტე არის გზა ჭეშმარიტება და ცხოვრება", - ამბობს მეუფე შიო.
მეუფე შიო: პატრიარქის ღვაწლი არის ვახტანგ გორგასლის საქმის გაგრძელება
ვახტანგ გორგასალმა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მოუტანა, უწმინდესობამ კი ავტოკეფალიის აღიარება მოიპოვა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენება. ეს ორი განსაკუთრებული წმინდანია ჩვენთვის, ვინაიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში და დააფუძნა ქრისტეს ეკლესია ჩვენთან,ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე,რომლის ხსენებასაც ასევე დღეს აღვასრულებთ. აი, ამ ორ დიდ წმინდანს რამდენიმე საუკუნე აშორებს ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე მათგანი ერთ დიდ საქმეს ემსახურებოდა - ქრისტეს სახარების ქადაგებისა და ეკლესიის განმტკიცების დიდ საქმეს. ეს აერთიანებთ მათ და ორივე მათგანს კარგად ესმოდა, რა არის მთავარი ადამიანისთვის ამ ცხოვრებაში, რისთვის ღირს სიცოცხლე, რისთვის ღირს თავდადება და სიკვდილი. სწორედ ამაზე გვმოძღვრავს ჩვენ დღეს წაკითხული სახარების მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს პირველი მოწაფეების გამორჩევის შესახებ. წმინდა იოანე ნათლისმცემელი მიუთითებს იესო ქრისტეზე თავის ორ მოწაფეს, ანდრიასა და იოანეს და იტყვის: „აი, ტარიგი ღვთისა“, ე.ი. აი, კრავი ღვთისა. საერთოდ, ეს მონაკვეთი გამოირჩევა თავისი მესიანური შინაარსით. „კრავი ღვთისა“ - ეს მესიანური სახელწოდებაა. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყენებდნენ. მაგალითად, ამ სახელწოდებას იყენებენ წმინდა ისაია წინასწარმეტყველი და იოანე მოციქულიც თავის „გამოცხადებაში“. შემდეგ სახარება არ მოგვითხრობს, რა გრძნობები ჰქონდა ანდრიას, როცა მან შეიტყო იოანესგან, რომ იესო ქრისტე არის მესია, მაგრამ იგი მაშინვე მიდის თავის ძმასთან, სვიმონთან, მომავალ პეტრე მოციქულთან და ეტყვის მას: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“. ამ სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ მისი განწყობის შესახებ, რამდენი ნუგეშია მის სიტყვებში, როგორი დაკმაყოფილებულია იგი, როგორი იმედია ამ სიტყვებში მომავალი ცხოვრებისა, რომელიც იქნება სავსე საღვთო სიმართლითა და ჭეშმარიტებით - „ჩვენ ვიპოვეთ მესია!“ შემდეგ ამავე სახარებაში ფილიპე ეტყვის ნათანაელს: „ჩვენ ვიპოვეთ ის, ვისზეც რჯულში დაწერა მოსემ და წინასწარმეტყველებმა, იესო ნაზარეთიდან“. ნათანაელი ეტყვის მაცხოვარს: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა! შენ ხარ მეფე ისრაელისა!“ ამდენად, მოციქულთათვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მესიის პოვნა, რომ მათ მიატოვეს ყველაფერი, გაჰყვნენ ქრისტეს და შემდგომ ქრისტეს სახარების ქადაგებისთვის თავიც გასწირეს. სახარების ეს მონაკვეთი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მესიის პოვნა არის უმთავრესი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. იპოვო მესია, აღიარო უფალი იესო ქრისტე, როგორც ძე ღვთისა, როგორც მხსნელი სოფლისა და ემსახურო მას სულითა და ჭეშმარიტებით - აი, ეს არის უმთავრესი, ეს არის სულის ცხონება, ეს არის საუკუნო სიცოცხლე. როგორც თავად უფალი იესო ქრისტე ბრძანებს თავის ლოცვაში: „ის არის საუკუნო სიცოცხლე, რომ ადამიანები იცნობდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, ზეციერ მამას და მის მიერ მოვლენილ იესო ქრისტეს“. ვინაიდან ადამიანი არის მარადიული არსება, მარადიული სულის მქონე, მოწოდებული საუკუნო სიცოცხლისა და მარადისობისთვის, შესაბამისად, ვინც რჩება მესიის გარეშე, ის რჩება ამ საუკუნო სიცოცხლის გარეშე. დაბოლოს, ამ სახარებაში არის უფალ იესო ქრისტეს შესანიშნავი სიტყვები: „ამიერითგან თქვენ იხილავთ გახსნილ ზეცას და ანგელოზებს აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე“. ეს „ძე კაცისაც“, როგორც იცით, მესიანური სახელწოდებაა. ამას უფალი თავად ამბობს. რას ნიშნავს - „გახსნილ ზეცას იხილავთ“? ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გვესმოდეს. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში „გახსნილი ზეცა“ ნიშნავდა უფლის განსაკუთრებული წყალობის მოვლინებას. წმინდა დავით მეფსალმუნე ამბობს: „და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და განახვნა ბჭენი ცათანი“. აქაც ასე, გადატანით უნდა გვესმოდეს ეს სიტყვები, რომ მესიის მოსვლის შემდეგ დაიწყება განსაკუთრებული წყალობის მოვლინება ადამიანებზე და ჩვენი შინაგანი, სულიერი თვალით ვიხილავთ განსაკუთრებულ სიახლოვეს ღმერთისა და ანგელოზებისა ადამიანებთან. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ეს გახსნილი ზეცა იხილეს მოციქულებმა, იხილა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა როგორც თავისი სულიერი, ასევე ფიზიკური თვალითაც და ეს დიდება და სიხარული მოიტანა ჩვენამდე. ამიტომ ჩვენ ვმადლობთ დღეს მას. პირველ რიგში, უფალს ვმადლობთ და წმინდა ანდრია პირველწოდებულს ამ დიდი ღვაწლისთვის. რა დიდი ნუგეშია ჩვენთვის, ყველასთვის, ვინაიდან ამიერიდან რაგინდ ცოდვილი იყოს ადამიანი, რაგინდ დაცემულობიდან იწყებდეს ქრისტესკენ სიარულს, მისთვის მაინც შესაძლებელია სინანულიც, გამოსწორებაც და უფალთან მიახლებაც. დღეს მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. თქვენ იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში შესრულდება 45 წელი მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან და 90 წელი დაბადებიდან. ეს ორი დიდი თარიღი გვიახლოვდება. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი - ეს არის ჭეშმარიტად გაგრძელება წმინდა ანდრია პირველწოდებულის ღვაწლისა, ვინაიდან მან ამ ურთულეს ათწლეულებში, რომლებიც ჩვენმა ერმა გამოიარა, შეძლო ეკლესიის აღორძინება. ასევე არის გაგრძელება წმინდა ვახტანგ გორგასლის დიდი საქმისა და ღვაწლისა, ვინაიდან თუ ვახტანგ გორგასალმა ჩვენ, ჩვენს ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია,მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ თავისი ღვაწლით მოიპოვა ჩვენთვის ამ ავტოკეფალიის აღიარება,რაც ასევე უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო, ნაყოფიც არის მისი მსახურებისა სამოციქულო და ჩვენ ვმადლობთ, როგორც შვილები, მას ამისთვის, ვუსურვებთ დღეგრძელობას და სულიერ სიძლიერეს. ღმერთმა გააძლიეროს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, უფალმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ლოცვით, უფალმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ! დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს სასულიერო პირებს: დეკანოზი თეიმურაზ ბარაბაძე ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი თომა შავთვალაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი ანტონ წერეთელი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი გიორგი ხანთიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი დავით ბერაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი გიორგი ჭიაბრიშვილი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი ირაკლი დუმბაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“,- განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: დღეს ჩვენი გულები სავსეა სიხარულითა და მადლიერებით
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, (მუჯირმა) ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახლავთ სწორედ აი, ამ მცირერიცხოვან რჩეულთა შორისაც რჩეული ადამიანი, რომელმაც აღაშენა ჩვენი ეკლესია და ყოველი ჩვენგანი მოიყვანა ქრისტეს ნადიმზე. „დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრებიდან ორმოცდამეხუთე წლისთავი და გადმოგცემთ მის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა. დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ნადიმზე მოწვეულთა შესახებ. მათეს სახარებაში საქორწინო ნადიმი, სიძის ქორწილია მოხსენიებული. აი, ამ იგავით უფალი გადმოგვცემს ჩვენ მის სიყვარულს ჩვენდამი, თუ რაოდენ დიდია მისი სიყვარული და წადილი იმისა, რომ ჩვენთან ერთად იყოს იგი და ჩვენ ვიყოთ მასთან ერთად. ამისთვის უფალი მუდამ აგზავნიდა თავის რჩეულ ადამიანებს - წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მღვდელმთავრებს, ღირს მამებს და ა.შ., ვინც მოუწოდებდა ადამიანებს ამ ნადიმზე. თვითონ უფალი იესო ქრისტეც ამიტომ განკაცდა, ამიტომ მიიღო კაცობრივი ბუნება და ამიტომ მოევლინა კაცობრიობას. მისი ნებაა, რომ ყველა ადამიანი გახდეს წევრი აი, ამ სერობისა, ამ პურობისა, ამ საქორწინო სუფრისა, ყველა, ვისთვისაც უფალმა სისხლი დაღვარა ჯვარზე... მაგრამ ეს იგავი მძიმე სიტყვებით სრულდება: „ბევრნი არიან მოწვეულნი, მაგრამ მცირედნი რჩეულნი“. ე.ი. ყველაა მოწვეული, მაგრამ ყველა არ სცემს პასუხს ამ მოწვევას სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ რომ, როგორც ამბობს თავად უფალი იესო ქრისტე, „ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ საუკუნო სიცოცხლისკენ. ამიტომ მცირედნი პოვებენ მას“, მაგრამ ვინც პოვებს ამ ჭეშმარიტ გზას, ვინც უერთგულებს ეკლესიას, ისინი არიან რჩეულნი, ეკლესიის მუშაკნი და ეკლესიაში უფალი ყველა ასეთ ადამიანს აძლევს თავის მისიას, თავის დავალებას, დანიშნულებას და შესაბამის ნიჭებსა და ტალანტებს, რომ ეს შეასრულოს, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „ერთნი დაადგინა უფალმან ეკლესიაში წინასწარმეტყველებად, სხვანი - მოციქულებად, მოძღვრებად, ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ნიჭი, ზოგს მისცა კურნების ნიჭი, შეწევნის ნიჭი, მმართველობის ნიჭი და ა.შ. აი, ეს „მუშაკნი ეკლესიისანი“ არიან სწორედ ის რჩეულნი, რომლებზეც ამბობს უფალი იესო ქრისტე რომ „მცირედნი არიან“ და მათი საქმეა, დანარჩენი ადამიანები მოიყვანონ ქრისტესთან, ქრისტეს ნადიმზე; მათი საქმე და ღვაწლი არის ის, რომ, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, როგორც მცირედი საფუარი აღაფუებს მთელ ცომს, როგორც მცირე მდოგვის მარცვლიდან აღმოცენდება დიდი ხე, აი, ასეთია მათი ღვაწლი. ჩვენ ბედნიერნი ვართ დღეს, ძვირფასო ძმანო და დანო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახლავთ სწორედ აი, ამ მცირერიცხოვან რჩეულთა შორისაც რჩეული ადამიანი, რომელმაც აღაშენა ჩვენი ეკლესია და ყოველი ჩვენგანი მოიყვანა აი, ამ ქრისტეს ნადიმზე. ჩვენ ვხარობთ, დღეს ჩვენი გულები სავსეა სიხარულითა და მადლიერებით”, - განაცხადა მეუფე შიომ.
თუ გვსურს, რომ მარადიულ სიხარულში შევიდეთ, მაშინ ამაო საზრუნავში არ გავლიოთ ჩვენი დარჩენილი ცხოვრება - მეუფე შიო
ფხიზლად ვიყოთ, თუ გვსურს, რომ მარადიულ სიხარულში შევიდეთ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარიში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა. „ეს დღე, უკავშირდება წმინდა ნინოს ხსენებას, რომ წმინდა ნინო ნამდვილად ბრძენი ქალწული იყო, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე დაუთმო არა მხოლოდ თავისი სულის გადარჩენას, არამედ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებასა და გავრცელებას. ნაყოფიც მისი ამ სამოციქულო ღვაწლისა იყო დიადი - ჩვენი ერი მოექცა ქრისტიანობაზე. როგორც შესანიშნავად ამბობს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), წმინდა ნინომ დაგვაწაფა ჩვენ ქრისტეს მოძღვრებას, საღვთო ჭეშმარიტების ამ დაუშრეტელ წყაროს, რომელმაც იშვილა ჩვენი სამშობლო, ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს წარმოთქვამს წმინდა ილია მართალი. ფხიზლად ვიყოთ და თუ გვსურს, რომ სიძის მარადიულ სიხარულში შევიდეთ, მაშინ ამაო საზრუნავში არ გავლიოთ ჩვენი დარჩენილი ცხოვრება, არამედ ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი სულის ლამპრებიც იყოს ანთებული და სავსე მადლითა და სიკეთით, რისი დიდებული მაგალითიც არის ჩვენთვის წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ, ყველანი, ერთად აღვასრულებთ“. ცნობისთვის, საქართველო დღეს ქვეყანაში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.
მეუფე შიო: ჩვენი ერი მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, მუდამ იცავდა მართლმადიდებლობას
„ჩვენი ერი მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, მუდამ იცავდა მართლმადიდებლობას, და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და, მისი მეთაურობით, ჩვენი ეკლესია და ერი ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. „დიდი მარხვის ჟამს ჩვენ უმეტესად ვუკვირდებით ჩვენს ცოდვებს და მარხვას გარკვეული მწუხარებაც ახლავს ამის გამო. წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ხედვა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისა - ეს არის სახიფათო სულიერი ცხოვრებისთვის, თუ არ ხედავს ადამიანი ამ მეორე ნათელ მხარეს, რაც არის მასში. ეს არის ხატება ღვთისა. აი, ამას გვაფრთხილებს დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია, თუ რა სიდიადეა ჩადებული ყოველ ადამიანში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საფუძველიც მარხვისა და ჩვენი სულიერი ცხოვრებისა. ასეთია რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა, რომელიც არავის, არცერთ ადამიანს არ აქვს, გარდა ქრისტიანისა, და არცერთი სარწმუნოებას არ აქვს, გარდა ქრისტიანულისა, რომ საფუძველი ჩვენი რწმენისა არის ჩვენი თანაზიარება ღმერთთან, ჩვენი სიდიადე“.„დღეს მინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. 1990 წელს კონსტანტინოპოლში ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით საქართველოს ეკლესიას გადასცა ისტორიული მნიშვნელობის მქონე ორი სიგელი, რომლებშიც იყო აღიარება V საუკუნიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა, ასევე იყო აღიარება და ცნობა ჩვენი ეკლესიის მეთაურის ტიტულისა, როგორც კათოლიკოს-პატრიარქისა. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, რომელიც მოხდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ღვაწლით, შრომითა და ავტორიტეტით. მაშინ ხარობდა მთელი ერი, მთელი ეკლესია და ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით აღვნიშნავთ ამ დღეს. მადლობას ვუხდით ყოვლად უწმინდეს დიმიტრიოსს და ვიხსენიებთ მის ნეტარ სულს. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით ჩვენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის მოღვაწეობაში ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. მაშინ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ასეთი სიტყვები ბრძანა, რომ ეს მოვლენა გახლავთ საბოლოო აღიარება ჩვენი ავტოკეფალიისა, რომელსაც ამიერიდან ვერავინ ვეღარ ხელყოფს, ვერავინ ვეღარ უარყოფს და ვერ შეეხება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: ჩვენში სასუფეველი რომ დამკვიდრდეს, უნდა დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას, როგორც ჩვენს მშობელ დედას
„რომ დამკვიდრდეს სასუფეველი ჩვენში, ამისთვის უნდა შევისმინოთ, დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეორე კვირის ქადაგებისას აღნიშნა. მისი თქმით, ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ მიიღოს ეს ენერგია, ეს მადლი ღვთისა, ფერი იცვალოს ამით, როგორც იცვალა ფერი უფალმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე და განიღმრთოს. „აი, ეს არის განღმრთობა. აი, ეს საოცარი სწავლებაა. თუ გახსოვთ, პეტრე მოციქული როგორ ამბობს ამ საკითხის შესახებ, რომ: „უფალი იესო ქრისტეს საღვთო ძალამ ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რათა ღმერთის ბუნების თანაზიარნი გავხდეთ“, პალამას მოწინააღმდეგენი კი როცა ამბობდნენ, რომ ეს არის შექმნილი რეალობა, ქმნილება, ამით ამბობდნენ, რომ ჩვენსა და ღმერთს შორის არის რაღაც გადაულახავი უფსკრული, ან შუალედური რგოლი, რომლითაც უფალი ურთიერთობს ჩვენთან. ე.ი. არა უშუალოდ ურთიერთობს ჩვენთან და გვეხება, არამედ რაღაც შექმნილი საგნის თუ რეალობის მეშვეობით. წმინდა გრიგოლმა კი გამოთქვა, რომ უფალი თავად გვეხება ჩვენ, თავად შემოდის ჩვენს სულში მისი ენერგიის, მისი მოქმედების მეშვეობით. და აი, დიდი მარხვის დროს, როცა ჩვენ უმეტესად ვფიქრობთ ჩვენს ცოდვებზე, ჩვენს დაცემულობაზე, რამაც შეიძლება ძალიან დაგვამწუხროს, წმინდა ეკლესია გვახსენებს, რამდენად დიადია ჩვენი მოწოდება და დანიშნულება და როგორ არის ჩაფიქრებული ადამიანი ღვთის მიერ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული. რა არის ეს უდიდესი სიხარული? - ის, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს ღმერთშემოსილი, არა სიმბოლურად, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ ჭეშმარიტად და ნამდვილად გახდეს ღმერთშემოსილი, იმიტომ, რომ გახდეს თანაზიარი საღვთო ბუნებისა. გილოცავთ ამ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ამ საოცრებას, რაც მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რასაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა ეკლესია, და ინებოს უფალმა, ჩვენი ცხოვრება წარვმართოთ ისე, რომ განხორციელდეს ჩვენში ეს დიდი მოწოდება, ეს თანაზიარება ღვთისადმი. როგორ უნდა განხორციელდეს ეს ადამიანში? - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევისმენთ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, იმიტომ რომ არცერთ სხვა სარწმუნოებასა და ეკლესიაში მსგავსი სწავლება არ არის ღმერთისა და ადამიანის, ღვთის მადლის შესახებ. და ეს თანაზიარება ღვთისა არის სწორედ ის, რაზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე, რომ „სასუფეველი ღვთისა თქვენშია“. რომ დამკვიდრდეს სასუფეველი ჩვენში, ამისთვის უნდა შევისმინოთ, დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას, როგორც ჩვენს მშობელ დედას, რომელიც აუცილებლად წარგვიძღვება ჩვენ და მიგვიყვანს ამ დიდ სიხარულამდე და ბედნიერებამდე, რაც გამოთქვა წმინდა გრიგოლ პალამამ, რომ „ჩვენ ვართ თანაზიარნი საღვთო ბუნებისა“, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ!", - აღნიშნა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: თავს არ ვიკავებთ ცოდვებისგან, გვაკლია სიყვარულიც
„არ უნდა ვკმაყოფილდებოდეთ იმ სარწმუნოებით, რაც გვაქვს, არამედ სულ უნდა ვზრუნავდეთ, გავიძლიეროთ ეს სარწმუნოება“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „უშრომელად არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში კარგი და დიადი, მით უმეტეს, შრომისა და ღვაწლის გარეშე შეუძლებელია სულის გადარჩენა. უფალი ამ შრომას აკურთხებს და შეგვეწევა ამ შრომისა და ღვაწლის გზაზე". „ჩვენ ყველას გვაკლია რწმენა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით, მთები გადაგვედგა, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, თუ გვექნებოდა მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ასეთი რწმენა და ამიტომ, უფალს უნდა ვევედროთ ამ რწმენის გაძლიერებისთვის“. „წმინდა მამების სწავლებით, ლოცვას აქვს ორი მხარე, როგორც ორი ფრთა. ერთი არის მარხვა, ანუ თავშეკავება, იმიტომ, რომ შეუძლებელია შენ რაიმე სთხოვო ღმერთს ადამიანმა, თუ ადამიანთა კრებულმა და არ ეცადო ცოდვების გამოსწორებას, განაგრძობდე ისევ ცოდვის ჩადენას. შეუძლებელია, რომ შენი ლოცვა იყოს წარმატებული ამ შემთხვევაში. და ასევე მეორე მხარე არის მოწყალება, ლმობიერება. თუ გინდა, რომ შენი ლოცვა შეისმინოს უფალმა, აუცილებლად უნდა გამოიჩინო ქმედითი სიყვარული ადამიანებისადმი, სიყვარული, ლმობიერება, თანაგრძნობა. აი, ეს ორი ფრთა არის ლოცვის, თუ გვინდა, რომ ჩვენი ლოცვა იყოს წარმატებული. მაგრამ ხშირად ვხედავთ, რომ წარუმატებელია ჩვენი სულიერი ცხოვრება, ჩვენი ლოცვაც, რატომ? სწორედ იმიტომ, რომ გვაკლია ეს ყველაფერი. თავს არ ვიკავებთ ჩვენ ცოდვებისგან, ვნებებისგან, გაღიზიანებისგან, განკითხვისგან, მრისხანებისგან და სხვა ვნებებისგან, გვაკლია ასევე სიყვარულიც, ლმობიერებაც და სარწმუნოებაც, როგორც მოგახსენეთ. ამიტომ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, გაგვიძლიეროს ეს სარწმუნოება და ეს რწმენაც უნდა ვთხოვოთ უფალს. და, საერთოდ, უნდა ჩვევაში შემოვიღოთ, რომ ღმერთს ყველაფერი ვთხოვოთ, ვინაიდან ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამაა ჩვენი შემოქმედი, მას უხარია ჩვენთან კავშირი, ჩვენთან ურთიერთობა, როდესაც ჩვენ ღმერთს მივმართავთ, ისიც ხარობს, მზად არის, დაგვეხმაროს და შეგვეწიოს თავისი სიყვარულით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უშვებს ხოლმე უფალი ჩვენზე გარკვეულ განსაცდელებს, მძიმე გარემოებებს, აი, როგორც ამ სახარებისეულ კაცს შეემთხვა; მისი შვილი დაავადდა, მძიმედ ეშმაკეული გახდა, ბავშვობიდან სჭირს ესო, ხომ თქვა ამ კაცმა. უშვებს ზოგჯერ უფალი, ამასაც თავისი სიყვარულით აკეთებს, ჩვენივე სულის გადარჩენისთვის აკეთებს, იმისთვის, რომ ადამიანი მოაქციოს თავისკენ, რათა ადამიანმა გაიხსენოს, რომ ყველაფრით დამოკიდებულია ღმერთზე, რომ მიაპყროს თავისი მზერა ღმერთს. ხშირად ამ განსაცდელებით ხდება ხოლმე ეს ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ამის გარეშე, ღმერთთან ამ კავშირის გარეშე, იმის გააზრების გარეშე, რომ ყველაფერი მისგან არის და მასზეა დამოკიდებული, არანაირი სულიერი ცხოვრება, სულის ცხონება და გადარჩენა არ ხდება. აი, დაახლოებით, როგორც ბავშვებს ვეპყრობით ხოლმე, როგორც მოსიყვარულე მშობლები, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებსაც სჭირდებათ ცოტა უფრო მეტი სიმკაცრე, არა? თუ არ შეისმენენ მშობლების შეგონებას, თუ მაინც ისე იქცევიან, რომ მშობელი ხედავს, რომ იგი დაღუპვის გზაზეა, გონიერი და მოსიყვარულე მშობელი აუცილებლად მიმართავს გარკვეულ სიმკაცრეს, რაღაცას მოაკლებს, დააკლებს, აუკრძალავს, თავის შვილს, ზოგჯერ უფრო კიდევ მკაცრ ზომებსაც მიმართავს ამ შვილისვე სასარგებლოდ. სხვათა შორის, მშვენივრად ესმით ხოლმე ეს ბავშვებს. თუ ეს კეთდება ბრძნულად, სიყვარულით, არა უხეშობით, არა სიხისტითა და სისასტიკით, ყოველთვის ბავშვი ამას გრძნობს და ასწორებს და მერე მთელი ცხოვრება მადლიერი რჩება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
თუ შეიძლება, რომ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა - მეუფე შიო
თუ შეიძლება, რომ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა, - ამის შესახებ მეუფე შიომ განაცხადა. დღეს წითელი პარასკევია „უფალი ესაუბრებოდა ადამიანებს, სასწაულებს ახდენდა, მკვდრებს აღადგენდა, ყოველგვარ სნეულებას კურნავდა. გვასწავლიდა სიყვარულს, გულმოწყალებას და ამ ყველაფრის სანაცვლოდ იგი შეიპყრეს. ნერწყვეს, სცემეს, ჯვარს აცვეს და მოკლეს. თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, აი, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა“, - განაცხადა მეუფე შიომ.
გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს - მეუფე შიო
გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქართულ საზოგადოებას მინდა დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში - პრემიერი გელათის რეაბილიტაციაზე მეუფე შიოს განმარტებით, იუნესკოს მთავარი და უცვლელი რეკომენდაცია არის გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის, დაუყოვნებლივ, მთლიანი დამცავი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, რამაც კედლის მხატვრობის გადარჩენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად უსამღვდელოესო მეუფენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ღირსნო მამანო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო მეცნიერებო, მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. დღეს გვინდა გაგაცნოთ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვითარება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე (ამ მიმართულებით) შესრულებული სამუშაოები და ასევე ჩვენი სამომავლო ხედვა და გეგმები. მოგეხსენებათ, რომ პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ერთობლივად შემუშავდა თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გელათის რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფოსთან ერთად, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომით და ჩართულობით. ამ მიზნით მიმდინარე წლის 6 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიდო ხელშეკრულება“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საპატრიარქოს იურისტი გამოეხმაურა
საქართველოს საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყრდის შიოს შესაძლო მოწმავლის შესახებ ინფორმაცია მანაც მედიით შეიტყო. მოსაყდრესთან შეხვედრა ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ ჰქონდა და მაშინ „არანაირი პრობლემა არ იყო“. "დადასტურებული ინფორმაცია მე არ გამაჩნია, მეც მედიიდან შევიტყვე, სხვა მსჯელობაში ვერ შემოვალ. დადასტურებული, მყარი, უტყუარი მტკიცებულება არ გამაჩნია. მეუფე იოანემ განმარტა, რომ იყო შეხვედრა ერთი კვირის წინ და მეც მაშინ შევხვდი და მაშინ არანაირი პრობლემა არ იყო" - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ედიშერ ქარჩავა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სამების საკათედრო ტაძრის იღუმენმა გაბრიელმაც. მისი ინფორმაციით, მეუფე შიოს ანალიზები საქართველოში ჩაუტარდა. "მე თვითონ, როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული და ალბათ, დადასტურდება ესეც და გამოქვეყნდება საბოლოოდ, რა ფაქტორით იყო მოწამლული. წირვაზე რომ მოდიოდა მეუფე, მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად, აუღეს ანალიზები. საქართველოში ჩაუტარდა ანალიზები," - აღნიშნა იღუმენმა გაბრიელმა. გუშინ, 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცნობა უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პატრიაქრის მოსაყდრე შიო, სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ მოწამლეს. "მთავარი არხს", მათ ცნობით, ინფორმაცია ერთ-ერთმა თეოლოგმა მიაწოდა. ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. პატრიარქის მოსაყდრის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მაც. ტელეკომპანიის თანახმად, „ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო ერთი კვირის წინ“ „რუსთავი 2-ის“ თანახმად, მათ ხელთ არსებული „უტყუარი ინფორმაციით“ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. „ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ“, - ნათავქმი „რუსთავი 2“- ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება „ტელეკომპანია“ იმედის ინფორმაციას, მისი მიხედვით: „მღვდელმთავრები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია იყოს და „ეკლესიაზე მორიგი“ შეტევის მცდელობა.“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უპასუხა, რომ „მეუფე შიოს შესახებ გავრცელებუი ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს“.
რა ინფორმაციას ფლობს საკათედრო ტაძრის იღუმენი გაბრიელი, მეუფე შიოს შესაძლო მოწამლვაზე
მე როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული - მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავი და შესაბამისად, ანალიზები აუღეს, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის იღუმენმა გაბრიელმა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოზე საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მეუფე შიოს ანალიზები საქართველოში ჩაუტარდა. პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საპატრიარქოს იურისტი გამოეხმაურა "მე თვითონ, როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული და ალბათ, დადასტურდება ესეც და გამოქვეყნდება საბოლოოდ, რა ფაქტორით იყო მოწამლული. წირვაზე რომ მოდიოდა მეუფე, მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად, აუღეს ანალიზები. საქართველოში ჩაუტარდა ანალიზები," - აღნიშნა იღუმენმა გაბრიელმა.
პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი) თავს კარგად გრძნობს. როგორც შარტავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია მას საპატრიარქოდან მიაწოდეს, ხოლო თავად მეუფესთან არ უსაუბრია. ექიმი აცხადებს, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, თითქოს, მეუფე შიო მოწამლეს. „არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შემთხვევით გავიგე წუხელ, გვიან. ტელევიზიაში უთქვამთ და დამირეკეს. ალბათ გაკეთდება ახლა განცხადება, თვითონ მეუფე ჯერ არ პასუხობს, ვერ ვაწუხებ. მისი ექიმი არ ვარ, უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს. თვითონ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში ვარ და სახლიდან ვმუშაობ, ამიტომ ვერც გეტყვით, ბოლოს როდის ვნახე. კარგად გრძნობს თავს. დავრეკე და მითხრეს, რომ აბსოლუტურად კარგად ბრძანდება. რაც მთავარია, ეს კი გავიგე, უამისოდ ვერ მოვისვენებდი და დანარჩენი არაფერი ვიცი. ეს ისტორია რა იყო, რა არის, არაფერი ვიცი“, – განაცხადა ცისანა შარტავამ. რიგ ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. ოფიციალური კომენტარი საპატრიარქოში ჯერ არ გაკეთებულა. პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საპატრიარქოს იურისტი გამოეხმაურა
პაპუაშვილი: ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს, როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მეუფე შიოს მოწამვლა თუ დადასტურდა, ძალიან მძიმე ფაქტი იქნება: „ჯერ რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და დადასტურებული არ არის“, - ამბობს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ყველა ხედავდა მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და, როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა, საქმეზე გადასულიყო“. „სამწუხაროა, რასაც ვისმენთ, შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო. ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდი, რომელიც ისტორიულად იყო ხოლმე საქართველოში გამოყენებული – ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ – საქმით. იმედი მაქვს, არ დადასტურდება, რომ ეს იყო რაიმე განზრახი ქმედება, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვას, თუ ვინ ებრძოდა მეუფე შიოს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არ დააკონკრეტებს, რადგან ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რადგან ყველამ შეიძლება, ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას. „ყველამ შეიძლება, ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები მეუფე შიოზე. ეს ჩვენს ისტორიაში პირველად არ ხდება. ყველამ გადახედოს თავის ისტორიას. ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შემდეგ გადავიდეს საქმეზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
მეუფე გრიგოლი: საქართველოსა და ქართულ ეკლესიაში არეულობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აწყობს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს ირგვლივ არსებულ ინფორმაციას გამოძიება გამოიკვლევს. მან ამის შესახებ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ ისაუბრა. „არ მჯერა იმ ამბის, ვიდრე დადასტურებული არ იქნება კვალიფიციურად. იმიტომ, რომ ახლა ეს მოწამვლის თემები ძალიან უცნაურად გახშირდა და მე გეტყვით, რომ ყველაზე დიდი საწამლავი, ჩემო ძვირფასებო, არის სიტყვა ადამიანისა, რომელიც ბოროტებით არის აღვსილი და რომელიც ვერ აკონტროლებს თავის სიტყვას, მინდა ეს იცოდეთ - ყველანაირ დარიშხანზე, ყველანაირ ციანიდზე, ყველა უბედურებაზე, თანამედროვე საწამლავებზე მძიმეა. მე თხოვნა მაქვს, ამას ვთხოვ ჩვენს მრევლს, სულიერ შვილებს, რომ ნუ მოვწამლავთ ერთმანეთს, ნუ მოვხსნით აღვირს ამ ენას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. მაგ საქმეს სჭირდება გამოძიება. იმედი მაქვს, რომ თუ ამ დონეზეა ეს საკითხი და გამოძიება წარიმართება, გამოძიება გამოიკვლევს ამას,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. კითხვას, ვის შეიძლება მეუფე შიო მოეწამლა, ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა ასე უპასუხა „ვინც ამით იყო დაინტერესებული“. „ეს იქნებოდა ის, ვინც ამით იქნებოდა დაინტერესებული და მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ასეთი ვინმე, მაგრამ ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ვის აწყობს არეულობა საქართველოს ეკლესიაში, ეს მე ნამდვილად ვიცი - ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. ჩემი მხრიდან სერიოზული არ არის ვისაუბროთ ვარაუდებზე, ჭორებსა და ფანტაზიებზე. საერთოდ უშნოდ არის ატეხილი ამბავი ამ თემის ირგვლივ, მე ასე მგონია. ეს არ არის სასარგებლო ეკლესიისთვის, ზოგადად ეს თემა უკვე ზიანის შემქმნელია, არა თუ ვინმესთვის სარგებლის მომტანი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე: გამოძიება დაგვიკავშირდა, თუმცა თავი შევიკავეთ, რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა „საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსია გასარკვევი“. ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჯერად მეუფე შიოს კვლევის შედეგებს უცხოეთიდან ელოდებიან. „ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად. არ გამოგვიტანია, არც ვაპირებდით, იმიტომ, რომ ვაპირებდით გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი საქმე, ამ პროცესში ვიყავით, რადგანაც მოხდა ამისი გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი. ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის მოსაწამლად. უცხოეთიდან ველოდებით კვლევის შედეგებს. საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ რასაც ვფიქრობთ, იმას ვსაუბრობთ ხმამაღლა. მეუფე შიოს ჯანმრთელობა ნორმალურია, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს. ქართულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მან სისხლძი მძიმე მეტალების აღმოჩენა დაადასტურა. „ამის მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე, შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 6 ივლისს.
შს მინისტრის მოადგილე მეუფე შიოზე: გამოვიძიებთ ყველა ფაქტობრივ გარემოებას - კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიძიებთ. მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს ამ საკითხს. მე წინასწარ კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ გამოძიებას. როცა იქნება რაიმე ხელშესახები შედეგები, ბუნებრივია, საზოგადოებას ეცოდინება ამის შესახებ იმიტომ, რომ ინტერესი ძალიან დიდია", - განაცხადა დარახველიძემ IPN-ის ცნობით. მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს. შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.
მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს
პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო იმედოვნებს, რომ მის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით დეტალები გაირკვევა. აღნიშნულის შესახებ მეუფე შიომ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგების დასრულების შემდეგ განუცხადა. „მადლობა ღმერთს. გილოცავთ ყველას პეტრე-პავლობას! ღვთის შეწევნით ვარ კარგად. დიახ, ალბათ, უნდა ჩატარდეს [ხელმეორე კვლევა], ექიმები გვირჩევენ“, - განაცხადა მეუფე შიომ. ჟურნალისტის კითხვაზე, „თუ რა ადგილი შეიძლება მოწამვლის კერა ყოფილიყო, მაგალითად, იქნებოდა თუ არა ეს მისი სამუშაო ოთახი“, მეუფე შიო ასე პასუხობს: „ზუსტად ახლა თქმა რთულია, იმედია, რომ გაირკვევა. ყოფითი მოწამვლაა, თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ამას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მეუფე შიომ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე: გამორიცხული არაფერი არ არის, მიმდინარეობს მოკვლევა
პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორ აღმოჩნდა დარიშხანი მის პანაღიასა და სავარძელზე, მეუფე შიო საპასუხოდ ამბობს, რომ „შეიძლება, ეს იყო ქარხნული.“ მისივე განმარტებით, მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს. მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს „უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება - არა, მიმდინარეობს მოკვლევა”, - განაცხადა მეუფე შიომ. შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
მედია: მეუფე შიო გამოკითხეს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მოწამვლის საქმეზე გამოკითხეს. მან ეს ინფორმაციას „ტვპირველთან“ დაადასტურა. სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე: გამორიცხული არაფერი არ არის, მიმდინარეობს მოკვლევა შეგახსენებთ, რომ ქართულ მედიაში ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
მეუფე შიო: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი თავგანწირული სიყვარულით
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგების თანახმად, სიყვარული არის რელიგიური მცნებების სული და გული... სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად... „იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული, საჭიროა, ვიქონიოთ დიდი სიმდაბლე... მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლის აღებით იხსნება ჩვენში დიდი სულიერი ძალები. სიყვარულს მოაქვს სიხარული და ბედნიერება..." ამბობს მეუფე შიო. ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ეპიზოდი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მისი გამოცდის მიზნით მიდის რჯულის მცოდნე ადამიანი და ეკითხება: „მოძღვარო, რომელია რჯულში მთავარი მცნება?“ უფალი მიუგებს: „გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აი, ამ ორ მცნებაზე დამოკიდებულია რჯული და წინასწარმეტყველნი“, - დასძენს უფალი იესო ქრისტე ამ საუბარში. და მართლაც, მთელი რჯული ამ სიყვარულის მცნებაზეა დაფუძნებული, მთელი წმინდა გარდამოცემა. სიყვარული ეს არის რელიგიური მცნებების სული და გული, როგორც მოსეს მიერ ბოძებული მცნებებისა, დღეს მისი ხსენებაა, სხვათა შორის. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა, ასევე უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული მცნებებისა. და თუ არის ასეთი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მაშინ აზრი აქვს მცნებების დაცვას, მაგრამ თუ არ არის არც ღმერთის და არც მოყვასის სიყვარული, მაშინ რაოდენ დაბეჯითებითაც არ უნდა ვასრულებდეთ დანარჩენ მცნებებს, ამას არანაირი ფასი არ აქვს სიყვარულის გარეშე, იმიტომ რომ ეს იქნება მკვდარი რწმენა და მცნებების უსიცოცხლო შესრულება. ამ ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს და ასულდგმულებსსწორედ სიყვარული. სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად. აი, ამ ყოველივე საფუძველია სიყვარული. მაგრამ ეს მცნება რთულია. როგორ შევიყვაროთ ან ვინ არის ჩვენი მოყვასი? ჩვენ, ერთის მხრივ, გარკვეულწილად გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს ჩვენი ახლობლები, გვიყვარს ჩვენი ოჯახი, გვიყვარს ჩვენი სანათესავო, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, გვიყვარს ჩვენი სოფელი ან ქალაქი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ან იმ ქალაქის რომელიმე უბანი გვიყვარს, მაგრამ როგორია ეს სიყვარული? ისეთია, როგორსაც უფალი იესო ქრისტე მოითხოვს? იგი მოითხოვს, რომ მოყვასისადმი სიყვარული ეფუძნებოდეს ღმერთის სიყვარულს. ვკითხოთ ჩვენს თავს: გვაქვს ასეთი სიყვარული? ვგრძნობთ, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა ზეციერი? გვიყვარს იგი, როგორც მამა? უფალი იესო ქრისტე ჩვენგან ღვთისადმი, როგორც ზეციერი მამისადმი, სწორედ ასეთ სიყვარულს მოითხოვს. როდესაც ასეთი სიყვარულია, მაშინ ყველა ადამიანი ჩვენთვის გახდება ძმა და და, თუ ღმერთი არის მამა ჩვენი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია. თუ არ იქნება ასეთი სიყვარული ღვთისადმი, მაშასადამე, არც მოყვასი გვყვარებია სათანადოდ, მცირედ გვყვარებია და ეს ჩვენი ბუნებრივი სიყვარული, რომელიც ჩამოვთვალე - ოჯახისადმი, სამშობლოსადმი, ახლობლებისადმი და ასე შემდეგ, იქნება ძალიან მყიფე და პირობითი, ნამდვილი სიყვარული კი ასეთი არ უნდა იყოს,“ - ნათქვამია ქადაგებაში.
მეუფე შიომ ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა
4 ოქტომბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველო დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომლის ცხოვრებაშიც მართლმადიდებელ ეკლესიას დღესაც განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს, რისი დადასტურებაცაა თუნდაც ის ფაქტი, რომ, კვლევების თანახმად, საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს და ეკლესია მოსახლეობისთვის დიდი ავტორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და მღვდელმთავრებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ევროპასთან დაახლოების პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ქართული ტრადიციები და ფასეულობები. მღვდელმთავრებმა ხაზი გაუსვეს ტრადიციული ოჯახის მნიშვნელობას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის საჭიროებას, რის შესახებაც ჩვენს პოზიციას მუდამ ვაფიქსირებდით. ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროპა არ ნიშნავს ეროვნულობის და სულიერ-კულტურული ფასეულობების დაკარგვას, პირიქით, ევროპა ხელს უწყობს განსხვავებული ერების დაახლოებას, მშვიდობიან თანაცხოვრებას და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრობით არამხოლოდ საქართველო მიიღებს სარგებელს, არამედ თავად ევროკავშირიც, რადგან საქართველო თავისი კულტურითა და ღირებულებებით მნიშვნელოვანი წევრი და შენაძენი გახდება ევროკავშირისთვის. „შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებთა პრობლემები. გულისტკივილით აღინიშნა, რომ ქართველებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისა და მათი გარდაცვლილი ახლობლების საფლავების მონახულებისა და მოვლის საშუალებაც კი. მეუფე შიომ და მღვდელმთავრებმა ევროკავშირის ელჩს ვიზიტისთვის და საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული მოღვაწეობა უსურვეს,“ - წერია ინფორმაციაში.
მეუფე შიო: ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს - ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგების დროს განაცხადა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ერის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ფიქრის თვალსაზრისითაც. „აი, ამ შესანიშნავ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ იმაზე, თუ რამ განაპირობა, რა ძალამ და მადლმა, რომ ამდენი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და გადარჩა. ღირსმა მაქსიმე აღმსარებელმა ასეთი შესანიშნავი რამ ბრძანა: „სანამ ღმერთი შექმნიდა სამყაროს, შექმნიდა საუკუნეებს, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მან განსაზღვრა ყოველი ადამიანის ცხოვრება მისთვის სასარგებლოდ, ადამიანისთვის სასარგებლოდ და ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი ამ საღვთო გზით ატაროს.“ ამიტომ ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა, ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის შეგვეწეოდა ჩვენ ამაში, ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს. ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინება არის მცხეთაში მაცხოვრის საუფლო კვართის მობრძანება. ჩვენი ერის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების ჩვენს მიწა-წყალზე ქადაგება, შემდეგ, IV საუკუნეში წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს მობრძანება და ქადაგება, წმინდა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევა, ქართლის მოქცევა, მთელი ჩვენი ერის გაქრისტიანება, სვეტიცხოველთან და მცხეთის ჯვართან დაკავშირებული მოვლენები და სასწაულები, შემდეგ, V საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვება, ასეთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ასევე VI საუკუნეში ღირსი ასურელი მამების ჩამობრძანება და ჩვენს ქვეყანაში მონაზვნობის და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება და დაფუძნება, შემდეგ ბაგრატიონთა დინასტიის დაარსება, და ა.შ. მაგრამ ამ ჩამოთვლილი მოვლენებიდან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და დავანება მცხეთაში, ამ წმინდა ტაძარში. თქვენ იცით, ეკლესიის მამების სწავლებით, რომ საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომავალი ერთობისა. იმ ერთობისა, რომლის დარღვევაც არ ძალუძს კვართის მფლობელს. წმინდა მამები წერდნენ, რომ ქრისტეს შესამოსელი ვერ ექნება იმას, ვინც განყოფს და არღვევს ქრისტეს ეკლესიას. ამ ერთობაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე, როდესაც ბრძანებს: „მე და მამა ერთ ვართ“, ასევე, როდესაც ლოცვით მიმართავს მამაზეციერს. თქვენ გახსოვთ, სამეუფოო ლოცვაში იგი ლოცულობს ყოველი მორწმუნისთვის და ასეთ სიტყვებს ამბობს: მამაო, ის დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მე მათ მივეცი, რომ ისინიც ერთ იყვნენ, როგორც მე და შენ ერთნი ვართ. ამრიგად, აი, საუფლო კვართი გახლავთ ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო და, შესაბამისად, უფალ იესო ქრისტეს სიმბოლოც, როგორც მის მიერ დაარსებული ეკლესიის თავისა. ეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა - ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, ჩვენი ერისთვის ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება, კვართის მცველობა გულისხმობს თავდადებას და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის. ამიტომაც შემოინახეს მათ ასე უმწიკვლოდ და წმინდად მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენამდე. ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე და მოგახსენეთ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა ძალამ გადაგვარჩინა ჩვენ, რამ მოგვიყვანა აქამდე. ამაზე შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). ის წერდა, რომ ქართველი ერი ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, ეკლიანი გვირგვინი დაიდგა, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება არავის შეარყევინა და ნათელი ბნელით არავის შეაცვლევინა. მხოლოდ ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება. აი, ეს არის წმინდა ილია მართლის სიტყვები. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც, ღვთის მადლით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით, ჩვენი ერი წმინდად ინახავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას. გვწამს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც, თუ ჩვენ ამ ღვთივდადგენილი გზით ვივლით, თუ ვეცდებით, რომ აღმოვფხვრათ ის ცოდვები, რომლებიც მიუღებელია ღვთისთვის, - რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გამრავლებას, განვითარებას, სულიერ აღმავლობას, - მაშინ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო, ამიერიდანაც არ დაგვტოვებს, ჩვენთან იქნება, შეგვეწევა და გაგვაძლიერებს.“
მეუფე შიო: გარეგნული სიმდიდრე მარადიული ცხოვრებისთვის არაფერს ნიშნავს, უმთავრესია შინაგანი თვისებები
„გარეგნული სიმდიდრე, რისკენაც უმეტესწილად მიისწრაფვის დღეს ადამიანი, მარადიული ცხოვრებისთვის არაფერს ნიშნავს, არამედ, უმთავრესია ის შინაგანი თვისებები, რომლებსაც მოვიპოვებთ ჩვენს ცხოვრებაში, ეს შინაგანი სიმდიდრე და სულის მშვენიერება. სწორედ ეს მიგვყვება ჩვენ მარადიულ ცხოვრებაში,“ ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 22-ე კვირას, წმინდა იაკობ მოციქულის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა. მისი სიტყვებით, „ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს ამ ცხოვრების განმავლობაში, არის მოთმინება და სიმდაბლე.“ „ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს ამ ცხოვრების განმავლობაში, არის სწორედ მოთმინება და სიმდაბლე. რაც მხოლოდ და მხოლოდ მოიზიდავს სულიწმიდის მადლს ადამიანის სულზე. თუ ამას დაემატება სიყვარული და გულმოწყალება, სწორედ ამაში მდგომარეობს სულის გადარჩენა,“ - აღნიშნა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა
შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. „წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებასა და რწმენის საოცარ სიმტკიცეს როცა ვიხსენებთ, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ, ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ვერავითარმა ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტესა და ეკლესიაზე. და აი, წმინდა ეკლესიაში როცა აღვნიშნავთ ამა თუ იმ წმინდანის ხსენებას, ამით ეკლესია მოგვიწოდებს, რომ ამ წმინდანის ცხოვრებას, მის ღვაწლს მივბაძოთ. შეიძლება, ვინმემ თქვას, როგორ უნდა მივბაძოთ დღეს ჩვენ მოწამეებს, როდესაც ეკლესია ფიზიკურად არ იდევნება? მაგრამ, მიუხედავად ამისა, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ დღესაც შესაძლებელია,მოწამებრივი ღვაწლის აღსრულება და მოწამებრივი გვირგვინების მიღება. შეიძლება, დღეს ქრისტიანებს ფიზიკურად არ აწამებენ, მაგრამ, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს სიტყვიერი დევნა ეკლესიისა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა და ცილისწამება, რომელიც ისმის საჯარო სივრცეში სასულიერო პირების მისამართით. მაგრამ, ამას გარდა, ჩვენ გვტანჯავს ჩვენი სულიერი, შინაგანი ვნებები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი სხეულიდან, მომდინარეობს ამ წუთისოფლიდან და ჩვენი უხილავი მტრისგან, დემონებისგან. ამიტომაც წმინდა მამები, მაგალითად ისეთი დიდი მამა, როგორიც იყო ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ამბობს, რომ ჩვენ ყოველდღეც კი შეგვიძლია მოწამებრივი ღვაწლი აღვასრულოთ და მოწამებრივი გვირგვინი დავიდგათ ქრისტესთვის, ვევნოთ, თუკი ჩვენ შევებრძოლებით ჩვენს ვნებებს, შევებრძოლებით ჩვენს სულიერ მტერს, ეშმაკს და ჩვენს დაცემულ ბუნებას. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს ღირსი სვიმეონი. განა ჯეროვნად ვებრძვით ჩვენს ვნებებს? ხომ არ გვყავს ჩვენც ისეთი კერპები, რომლებსაც ვემსახურებით, ვემორჩილებით და ამით უარვყოფთ ქრისტეს და ვღალატობთ მას. სამწუხაროდ, ასეთი კერპები ჩვენ გვყავს. ეს არის, ვიმეორებ, ჩვენი ვნებები და გვაქვს ასევე კერპთმსახურებაც, ეს არის ამ ვნებების დაკმაყოფილება და წახალისება. რა ვნებებია და რა ცოდვებია ესენი? ესენია: ნაყროვანება, სიმთვრალე, ნარკომანია, სიძვის ვნება, ვერცხლისმოყვარეობა, სიხარბე, აზარტული თამაშები, გაღიზიანება, მრისხანება, სიძულვილი, განკითხვა, სევდა და მოწყინება, ამპარტავნება და სიცრუე და ა.შ. თუ ეს ვნებები და ცოდვები ადამიანის ჩვევაში გადავა, მაშინ ისინი იქცევიან ჩვენი სულის კერპებად და მათი მსახურებით და მორჩილებით ჩვენ ვხდებით კერპთმსახურები. და რადგან არსებობს ასეთი სახის კერპთმსახურება დღეს და, შეიძლება ითქვას, ყველგან ვაწყდებით ასეთ კერპთმსახურებას, და ბატონობს, ასე ვთქვათ, ცოდვის მსახურება, ამიტომ ქრისტიანებიც უნდა იყვნენ მოწამენი დღეს, რადგან მათ უნდა მოაკვდინონ თავიანთი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ნებას, რომელიც, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ - ცისქვეშეთის უკეთურ ძალთა წინააღმდეგ. აი, როგორ შეიძლება დღესაც ყველა ნამდვილი ქრისტიანი სისხლის დაუღვრელად გახდეს მოწამე.“
მეუფე შიო: სულიერად ნაცემი ადამიანი კი არ განვიკითხოთ, არამედ, სიყვარულით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში
„სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 25-ე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ადამიანის ნაკლულოვანებას და მის სულიერ ჭრილობებს როცა ვამჩნევთ, იმის მაგივრად, რომ სიყვარულით და თანალმობით დავფაროთ ეს ჭრილობები, ვღიზიანდებით, განვიკითხავთ, ვბრაზდებით, გვწყინს ხოლმე მათგან. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ, აი, ამ განხეთქილებას უნდა ვუმკურნალოთ იმით, რომ არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი და გვახსოვდეს ეს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. აი, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა. ეს არის გულმოწყალება მტრისა და მაწყინრის მიმართ, როგორიც იყო ებრაელი სამარიტელისთვის. უფალი იესო ქრისტე ჩვენ ამით გვაძლევს მცნებას, რომ სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ, სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში,“ - ამბობს მეუფე შიო.
მიტროპოლიტი შიო: ძალიან სახიფათოა რჯულისა და კანონების მხოლოდ გარეგნულად შესრულება, მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად და დაუნახავად
„ძალიან სახიფათოა მხოლოდ გარეგნულად შესრულება რჯულისა და კანონებისა მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად და დაუნახავად. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი სარწმუნოება მოწოდებულია, ჩვენი შინაგანი სულიერი სამყარო შეცვალოს, შინაგანად ფერი გვიცვალოს ჩვენ, რომ ჩვენში ყველაფერი ემსახურებოდეს ღმერთსა და ადამიანს, ჩვენს სულში ყველაფერი განიმსჭვალოს ერთგულებით, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ მოცემული მცნებებისადმი,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 27-ე კვირას ქადაგებისას განაცხადა. „როდესაც გვინდა, შევასრულოთ საეკლესიო, თუ გნებავთ, საერო კანონები, არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ მათ გარეგნულ მხარეზე. ასე გარეგნულად არ უნდა აღვასრულოთ ისინი, იმიტომ რომ ეს ძალიან სახიფათოა, მხოლოდ ფორმალურად, წესების აღსრულებით, მათ გაუაზრებლად, მათი შინაარსის გაუაზრებლად, შეიძლება, მივიდეთ იმ უგუნურებამდე და სისასტიკემდე, სადამდეც მივიდნენ დღევანდელ სახარებაში სინაგოგაში მყოფი მორწმუნეები. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ შაბათია შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი - შაბათისთვის.“
მიტოპოლიტი შიო პატრიარქს: თქვენი განვლილი ცხოვრების გზა ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით, თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ..." - ამბობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 46-ე წლისთავთან დაჯავშირებით. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 46-ე წლისთავს აღნიშნავს. ქართველ ერზე ღმერთმა დიდი წყალობა მოიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში ეკლესიის საჭეთმპყრობლად და სულიერ წინამძღოლად თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა მოავლინა. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელო და სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით, გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. 1977 წლის 25 დეკემბერი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის უდავოდ ეპოქალური მნიშვნელობის თარიღია. „მახსენდება ის პერიოდი, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამირჩიეს და ის კურთხეული დღე, როცა შედგა ჩემი ინტრონიზაცია სვეტიცხოველში. როცა კათედრაზე მოვიყარე მუხლი და ლოცვებს კითხულობდნენ ჩემს თავზე, კარგად მესმოდა ის პასუხისმგებლობა და სიმძიმე ჯვრისა, რომელიც უფალმა მარგუნა, მაგრამ ვიცოდი და თქვენც უნდა იცოდეთ, რომ როდესაც უფალი ადამიანს ჯვარს ანიჭებს, იგივე უფალი შველის მის ტვირთვაში და მეც მუდამ ვგრძნობდი ღვთის მარჯვენის შემწეობას,“ - იხსენებთ თქვენ და ჩვენც მოწმენი ვართ იმ ხილული საოცრებისა, როდესაც ღვთის შეწევნითა და თქვენი დიდი ღვაწლით საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის ურთულეს პერიოდში ეკლესიისგან დაშორებული ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნება დაიწყო. მას შემდეგ თქვენ დღითიდღე თავდაუზოგავად შრომობთ და ნათელ მაგალითს გვაძლევთ იმისა, „თუ ვითარ იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სვლა, რომელ არს ეკლესია, ღვთისა ცხოველისა, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა.“ თქვენი სულიერი შვილები მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის ნაყოფს, რომელიც ეკლესიის ცხოვრების ყველა სფეროში გამოვლინდა: სამღვდელო და სამონაზვნო დასის გამრავლება, ეკლესია-მონასტრებში მიმდინარე აღმშენებლობა, საგანმანათლებლო, მისიონერული თუ სოციალური საქმიანობა, ახალგაზრდობასთან მუშაობა და მრავალი სხვა კეთილი საქმე, რაც ეკლესიაში თქვენი ლოცვა-კურთხევით წარიმართება, მოწმობს იმას, რომ თქვენი უპირველესი საზრუნავი ყოველთვის იყო და არის - „სიტყვა იგი ღმრთისა, აღორძინდეს და განმრავლდეს რიცხვი იგი მოწაფეთა.“ თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ აღსაყდრების დღე. გისურვებთ უფლის შემწეობას, სულიერ სიმხნევესა და სიხარულს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებლად ღვთისა და საკეთილდღეოდ ჩვენი ქვეყნისა. ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა მრავალჟამიერ, ისპოლა ეტი დესპოტა!“ მიტროპოლიტ შიოს ამ სიტყვებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მეუფე შიო: შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არამხოლოდ გარეგნულად, არამხოლოდ ფორმალურად, არამედ, შინაგანი ქრისტიანული განწყობით
„შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არამხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ მშვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. „ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს გახლავთ განსაკუთრებული დღე, რომელსაც ეწოდება ქრისტესშობის წინა კვირა. წმინდა ეკლესია ჩვენ გვამზადებს შობის დღესასწაულისთვის და ამიტომ დღეს წაკითხული იყო პირველი თავი მათეს სახარებიდან, სადაც უკვე მოთხრობილია იესო ქრისტეს შობის შესახებ. რა უნდა ყოფილიყო დედამიწაზე ამაზე აღმატებული, რომ უფალი ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, როგორც ადამიანი?! იესო ქრისტეს შობამ ყველაფერი შეცვალა ჩვენს სამყაროში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოიტანა სრულიად ახალი სწავლება, რომელიც ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი იყო, არამედ ასევე იმიტომ, რომ მან გვიბოძა ის ძალა და მადლი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მისი სწავლების ცხოვრებაში განხორციელება. ამიერიდან, ყველა ადამიანს შეუძლია, განახლდეს და ფერი იცვალოს, იმიტომ, რომ კაცობრიობას მოენიჭა ეს ძალა, რომელსაც შეუძლია, ჩვენი ცხოვრება სრულიად ახალი მიმართულებით წარმართოს. აი, რა არის ეს ახალი ცხოვრება? რა არის ის ძალა და მადლი, რომლებიც მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ იმისთვის, რომ ამ ცხოვრებით ვიცხოვროთ? ეს გახლავთ მშვიდობა, ეს გახლავთ სიმართლე, ეს არის ასევე სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი ცნება სრულიად განსაკუთრებულია ქრისტიანობაში. შეგახსენებთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „იმ მშვიდობას კი არ გაძლევთ, რომელსაც იძლევა სოფელი ესე, არამედ ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გიტოვებთ.” ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სხვანაირს, განსაკუთრებულს. ეს გახლავთ ის მშვიდობა, რომელზეც შობის ღამეს წმინდა ანგელოზები გალობდნენ ზეცაში: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ეს არის მშვიდობა ღმერთთან, ეს არის მშვიდობა ადამიანებთან. აი, ეს მშვიდობა და სამართალი, სიმართლე, სრულიად განსაკუთრებულია, ის ამხელს და ვერ ეგუება ბოროტებას, ის ამჩნევს უსამართლობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ სძულს ამ უსამართლობის ჩამდენი და ბოროტების ჩამდენი ადამიანი, არამედ, მეტიც, ინარჩუნებს მასთან მიმართებაში შინაგან მშვიდობას და შინაგან სიყვარულს მაშინაც კი, როცა უწევს ამ ბოროტების წინააღმდეგ გამოსვლა და ზოგჯერ მკაცრი ზომების მიღებაც კი. აი, მხოლოდ ასეთ მშვიდობას და ასეთ სიმართლეს მოაქვს სიხარული სულიწმიდაში; არა უბრალო სიხარული, რომელსაც სოფელი ესე იძლევა, არამედ სიხარული სულიწმიდაში. ჩვენ გვაშფოთებს ხოლმე ის ბოროტება, რომელსაც ხშირად ვაწყდებით, ვინაიდან ის მრავლად არის ამ ცხოვრებაში. ჩვენი მხილება, ჩვენი სიძულვილი გადაგვაქვს ხოლმე ბოროტებისა და უსამართლობის ჩამდენ ადამიანზე, მაგრამ ეს რომ ყოფილიყო სწორი გზა და სამართლიანი დამოკიდებულება, მაშინ უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე არ მოვიდოდა, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნად ადამიანი, ვინც მეტად თუ ნაკლებად არ არის ცოდვის ჩამდენი, ცოდვის მატარებელი და, შესაბამისად, ბოროტების მატარებელი. ჩვენ განა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სრულიად თავისუფალი ვართ ბოროტებისა და ცოდვისგან? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად ამისა, უფალმა შეიყვარა ყოველი ადამიანი, იგი განკაცდა და ჯვარზე ავიდა ყოველი ადამიანისთვის. იმდენად შეიყვანა მან სწორედ ცოდვილი, დაცემული ადამიანი, რომლისთვისაც მოვიდა და არა მართალი და უცოდველი, რომ თავად ამბობს უფალი იესო ქრისტე: მოვედი სნეულთათვის და არა მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ჯანმრთელია და არ არის სნეული. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვამხელდა ჩვენი ცოდვებისთვის, მაგრამ არ განგვიკითხავდა. ვინაიდან მას განსაკუთრებული სიყვარულით ვუყვარდით ჩვენ. გაიხსენეთ წმინდა სახარება. სწორედ ასეთ განსაკუთრებულ სიყვარულს მოაქვს ასევე ეს საოცარი მშვიდობა, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე, მშვიდობა ღმერთთან და მშვიდობა ადამიანთან; და მხოლოდ მაშინ მოდის ეს სიხარული სულიწმიდაში. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ასე შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ მშვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ - აღნიშნა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, ჩვენი გამოსწორებისთვის, განწმენდისთვის, გადარჩენისთვის
„ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, „ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საინტერესო,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა, „ეს დღესასწაული, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, იმსახურებს უფრო აღმატებულ თაყვანისცემასა და მოწიწებას სხვა დღესასწაულებთან შედარებით და მას შეიძლება ეწოდოს დღესასწაულების დედა, ვინაითგან მისგან იღებს სათავეს სხვა დღესასწაულები: ნათლისღებაც, აღდგომაც, ამაღლებაც და სულთმოფენობაც. მაგრამ მხოლოდ ამიტომ როდი იმსახურებს ასეთ აღმატებულ თაყვანისცემას სხვა დღესასწაულებთან მიმართებით, არამედ კიდევ იმიტომ, რომ თვითონ ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, არის სრულიად განსაცვიფრებელი - ძე ღმერთმა ინება განკაცება, მიიღო კაცობრივი ბუნება, როგორც ადამიანი, მოევლინა კაცობრიობას და თავი დაიმდაბლა იმდენად, რომ ეს ადამიანის გონებისთვისაც კი წარმოუდგენელია. და აი, წმინდა პავლე მოციქული ამით გაკვირვებული წერს, რომ „უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით.“ უფალი ჩვენი იესო ქრისტე როცა იშვა, თავდაპირველად მასთან მოდიან უბრალო მწყემსები და თაყვანს სცემენ მას; შემდეგ მოდიან აღმოსავლეთიდან განსწავლული მოგვები და მოაქვთ მასთან ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ რა უნდა მივართვათ საჩუქრად მაცხოვარს? რა შეიძლება იყოს ჩვენი ძღვენი ახალშობილისთვის? და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ შეგვიძლია ბევრად უფრო აღმატებული ძღვენი მივუტანოთ მაცხოვარს მოგვებთან შედარებით: ოქროს მაგივრად მივართვათ ჩვენი რწმენა, გუნდრუკის მაგივრად - სასოება, ხოლო მურის ნაცვლად - სიყვარული. რწმენა - ცოცხალი, გულწრფელი, მზად მყოფი თავგანწირვისთვის და თუ საჭირო გახდა, სიკვდილისთვისაც; სასოება იმისა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საუკეთესო. მას უნდა, რომ ჩვენ ბედნიერი და გახარებული ვიყოთ, თუ ჩვენ თვითონ არ შევუშლით ხელს ამაში მას ჩვენი ცოდვებითა და ვნებებით; და ბოლოს, მივართვათ უფალს ჩვენი სიყვარული: სიყვარული ღმერთის, სიყვარული ადამიანის. ეს თვისება ძალიან იშვიათი გახდა, იშვიათი ნიჭი გახდა და ამიტომ სწორედ დღევანდელ დღეს ვეცადოთ, რომ უფალს მივუძღვნათ, მივართვათ ჩვენი სიყვარული და მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს და სითბოს ადამიანებთან მიმართებით. და თუ ჩვენ ასეთი ძღვენით მივალთ ეკლესიაში, უფალი მოგვცემს დიდ კადნიერებას და შევძლებთ, დავტკბეთ, გავიხაროთ და ვინუგეშოთ ამ წმინდა სულიერი ტრაპეზით. თუ მოგვებმა მხოლოდ თაყვანი სცეს უფალს, ჩვენ თუ კეთილი სინდისით მივეახლებით, გვეძლევა შესაძლებლობა ეკლესიაში, რომ მის წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიაროთ, აი, ასეთი მადლით დავბრუნდეთ სახლში. ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში და მივართვათ მას ჩვენი რწმენა, სასოება და სიყვარული.“ „თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური“ - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სრულად
მეუფე შიო: ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ - აღარ განმეორდეს მკრეხელობა, რომელიც ვიხილეთ წმინდა ტაძარში
„დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით… ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს,“ – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს; რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება და ვთხოვოთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს სულიერი წინადაცვეთის გზაზე შედგომა,“ - აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.
მეუფე შიო: ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება, ცოდვის დამარცხება ადამიანს საკუთარი ძალით არ შეუძლია
„ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს,“ - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. „ადამიანს ღვთის შეწევნის გარეშე ცოდვის დამარცხება არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია, ძლიერი ნებისყოფის თუ კარგი აღზრდის წყალობით ზოგიერთი ცოდვა არ ჩავიდინოთ, თავი შევიკავოთ მათგან, მაგრამ ცოდვის როგორც ჩვენი სულის თვისების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა ადამიანს საკუთარი ძალით არ შეუძლია. იმიტომ, რომ როდესაც თავდაპირველად ადამმა შესცოდა და განშორდა ღმერთს, მისი ბუნება დაზიანდა და ეს დაზიანება გადაეცა შემდგომ მთელს კაცობრიობას. მას მერე ყოველი ადამიანი იბადება ამ დაზიანებული ბუნებით და ეს სენი იმდენად მძიმეა, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის განკურნება. მაგალითად: შეუძლებელია, რომ ამპარტავანი ადამიანი საკუთარი მეცადინეობითა და შრომით გახდეს თავმდაბალი; ან კაცთმოძულე და შურიანი ადამიანი გახდეს მოსიყვარულე; ან მრისხანე გადაიქცეს მშვიდად; მატყუარა ადამიანმა შეიძულოს ტყუილი და შეიყვაროს სიმართლე შინაგანად, თავისი გულით; ხარბი და ვერცხლისმოყვარე გახდეს ხელგაშლილი, მოწყალე და ლმობიერი და ა.შ. ამ და სხვა ვნებების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა შესაძლებელია ღვთის მადლით. ამისთვის საჭიროა უფალი იესო ქრისტე შევიმოსოთ ჩვენ. ამიტომ იგალობება ეს საგალობელი, რომ ქრისტე თავისი მადლით შემოვიდეს ჩვენს გულში და ჩვენი ცოდვები წარხოცოს. ამისთვისაც საჭიროა ერთი თვისება, რომლის გარეშეც უფლის მადლი ჩვენ გულში არ შემოვა. ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს. ჩვენ, სიმდაბლეც უნდა შევიმოსოთ. ერთი წმინდა მამა ამბობს და პატრიარქსაც, ილია მეორესაც გაუმეორებია “სიმდაბლე ღმერთის შესამოსელია“. აი, სიმდაბლეს თუ შევიმოსავთ, მაშინ მადლიც მოვა, მოვიზიდავთ სულიწმიდის მადლს, რომელიც როგორც ჩვენი სამყაროს დიდი შემოქმედი ძალა, რომელიც მამისაგან გამოვალს, მოვა ჩვენს გულში და წარხოცავს ჩვენს ცოდვებს და მოახდენს ჩვენს ფერისცვალებას. ჩვენ შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, აზროვნებას და სრულებით ახალი ადამიანები გავხდებით. სწორედ ამ ფერისცვალებისთვის მოვიდა უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე. სწორედ ამიტომ, რომ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სულის მდგომარეობა, ეს არის უფლისთვის მთავარი, ვიდრე ჩვენი ამქვეყნიური წარმატებები, მიღწევები თუ კეთილდღეობა. ამისთვის ივნო მან ჯვარზე, ჩვენი ცოდვებისთვის. ამისთვის დააარსა მან თავისი ეკლესია. ამიტომ წმინდა ეკლესიაც, ჩვენი სარწმუნოება, ქრისტიანობა არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ღმერთთან ყოფნა. როგორც სახარებაშიცაა ნათქვამი, ვინც თავისთვის კი არ მდიდრდება, არამედ, ღმერთისთვის მდიდრდება,“ - აღნიშნა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა
„უფალი გვასწავლის, რომ მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება,“ განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 36-ე კვირას ქადაგებისას. „სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ... უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული..." „ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთის მსჯავრი და კანონები სულ სხვანაირია. უფალი გვასწავლის, რომ ამქვეყნად საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება. ზოგჯერ შეიძლება, ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს... უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს.“ „დღემდე ბევრმა ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს და რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა. ის მდგომარეობს იმაში, რაც ძალიან კარგად ჩანს სახარებიდან - რომ ადამიანი სრულიად იცვლება, ის სხვანაირი ხდება, ვიდრე იყო ქრისტესთან შეხვედრამდე, ის ხდება ადამიანი, რომლისთვისაც დაწერილ კანონებზე მაღლა დგას სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება,“ განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
მეუფე შიო: სამწუხაროდ, ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას
„სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ხოლმე ეკლესიას. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. რატომ ხდება ეს? - იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) მირქმის დღესასწაულზე სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული, სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ძველი აღთქმის შეხვედრისა ახალ აღთქმასთან, ადამიანისა - ღმერთთან და ასევე, ჩვენი - შეხვედრისა უფალ იესო ქრისტესთან. მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს, მან ეს ინება, მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში. ამიტომაც მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა ამ შეხვედრისკენ უნდა იყოს მიმართული. ეს ჩვენს შვილებსაც უნდა ვასწავლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ხოლმე ეკლესიას. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. რატომ ხდება ეს? - იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე, ვერ შევძელით მოგვეთხრო, თუ როგორ მოხდა ჩვენში, ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში ქრისტესთან შეხვედრა საიმისოდ, რომ მათ შემდეგ, როგორც სვიმეონ მიმრქმელს, გასჩენოდათ ეს ძლიერი სწრაფვა და მოლოდინი ღმერთთან შეხვედრისა. ჩვენს შვილებს, ბავშვებს, ძალიან ბევრი საცდური აქვთ ამ ცხოვრებაში, მოყოლებული ჩვილობის ასაკიდან, მათი მთავარი აზრი და სიტყვა რა არის? ეს არის „მინდა“. ეს ათასგვარი სურვილი, რომელიც მათ იპყრობს თვალით ნანახის თუ გაგონილის მეშვეობით, თუ სხვადასხვა ვნების საშუალებით, შურის, ვერცხლისმოყვარეობის თუ ამქვეყნიური წარმატების სურვილის და ა.შ. მეშვეობით, ავიწყებს მათ და აშორებს მთავარ ღირებულებას, მთავარ სურვილს, რომ უნდოდეთ ქრისტესთან შეხვედრა, მიისწრაფოდნენ მთელი თავისი გულით ამისკენ. ისე გამოდის, რომ ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული ისრულებს ხოლმე თავის გარკვეულ სანუკვარ სურვილებს, ამას ახმარს წლებს, ზოგჯერ ათწლეულებსაც, მაგრამ ამას აღწევს. მაგრამ რაც არის მთავარი, ის რჩება მისი ყურადღების მიღმა. ეს არის შეხვედრა ქრისტესთან. თუ ადამიანი ვერ შეხვდა უფალს ამ ცხოვრებაში, მაშინ მისი ცხოვრებაც ფუჭია, ამაოა, ცარიელია, უმადლოა და არავის სჭირდება, იმიტომ რომ მთავარი დანიშნულება, რომელიც, ვიმეორებ, ადამიანმა უნდა შეასრულოს, ეს არის შეხვედრა ქრისტესთან. და როდესაც ეს შეხვედრა მოხდება, უნდა შეიყვაროს მაცხოვარი და სამუდამოდ დარჩეს მასთან მარადისობაში. აი, ეს არის მიზანი სულიერი ცხოვრებისა. ეს უნდა შევძლოთ ჩვენც, უნდა ვისწრაფოთ ამისკენ და ჩვენს შვილებსაც ეს უნდა ვასწავლოთ.“
თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, ეგოიზმი კი, საფუძველია ყველა სხვა ვნების - მეუფე შიო
,,მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს... ეს არის სიყვარული... თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს... ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში..." ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „დღეს ჩვენ მოვისმინეთ იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველაზე საჭირო რამეს გვეუბნება ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შევიდნენ ტაძარში სალოცავად? - ერთი იყო მეზვერე, მეორე - ფარისეველი. მეზვერეები იყვნენ გადასახადების ამკრეფნი რომის იმპერიისთვის, მაშასადამე, დამპყრობელი სახელმწიფოსთვის; მაგრამ, ამავე დროს, ისინი გადასახადს იღებდნენ იუდეის სახელმწიფოსთვისაც და მინიჭებული ჰქონდათ უფლება, იმდენი ფული გამოერთმიათ, რამდენსაც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ. ამიტომ ისინი ართმევდნენ სახელმწიფოსთვისაც და პირადად თავიანთათვისაც. ამიტომ მათი უმეტესობა ძალიან მალე მდიდრდებოდა, ისინი გამოირჩეოდნენ სისასტიკით, უსამართლობით და ხალხს ძალიან არ უყვარდა ისინი. ტაძარში შედის ფარისეველიც. ჩვენ მიჩვეული ვართ ფარისევლების ადვილად განკითხვას და მათდამი სიძულვილს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ფარისევლები ძალიან მოღვაწე ადამიანები იყვნენ. დღევანდელი იგავიდანაც ჩანს, რომ ისინი კვირაში ორჯერაც მარხულობდნენ თავიანთი მოშურნეობის გამო, იმიტომ რომ სულაც არ იყო სავალდებულო კვირაში ორჯერ მარხვა ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ტრადიცია იყო. გარდა ამისა, თავიანთი შემოსავლის საკმაო ნაწილს გლახაკებსაც ურიგებდნენ, ე.ი. ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის წინაშე ფასს კარგავდა იმის გამო, რომ ისინი თავიანთ შრომას ძალიან ძვირად აფასებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე, თავიანთ ღვაწლზე და საკუთარი თავი მართალი ეგონათ. ეს ფარისეველიც ლოცულობს, მაგრამ მის ლოცვას შეიძლება, ლოცვაც არ ეწოდოს, იმიტომ, რომ იგი უფრო საკუთარ თავს იქებს, საკუთარ სიკეთეებზე საუბრობს და ასე ამბობს: „გმადლობთ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, კვირაში ორჯერაც ვმარხულობ, მეათედსაც დროულად შევწირავ, არ ვარ, როგორც სხვა ადამიანები, ცოდვილი, არ ვარ მემრუშე, არ ვარ მტაცებელი და ა.შ. ესე იგი ის თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, არაფერს ინანიებს, არამედ, მეტიც, პირიქით, გაიხედავს უკან, დაინახავს მეზვერეს და იტყვის: ,,აი, უფალო, ანდა როგორც ეს მეზვერე, ისეთი არა ვარ მე, რომელიც ახლა უკან დგას, მკერდში ხელს იცემს და ლოცულობს." ამრიგად, ფარისეველმა ლოცვის დროს მეზვერე თავის გულში განიკითხა, დაამდაბლა და დაამცირა. ხოლო მეზვერე როგორ ლოცულობს? მან იცის, რომ ძალიან ცოდვილია, იცის, რომ არ იმსახურებს იგი ღვთის წყალობას, იცის, რომ ტაძარში დგომასაც კი არ იმსახურებს თავისი ცოდვების გამო და ამიტომ ძალიან უბრალოდ ლოცულობს: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“. ე.ი. უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი. და იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ცოდვილი მეზვერე უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა რელიგიურ წესებს და ყველას მართალი ეგონა. მაშასადამე, ამ ლოცვის დროს მეზვერე თავს იმდაბლებდა, ხოლო ფარისეველი თავს იმაღლებდა და ამპარტავნობდა. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რას გვასწავლის ჩვენ დღევანდელი იგავი? რას გვასწავლის ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით? გვასწავლის სიმდაბლეს. მაცხოვრის სახარება - ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრება, მისი ჯვარზე სიკვდილიც - ეს არის სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინება. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, სიმდაბლის სათნოება, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავად უფალი ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძვლად გვიდებს მას? - იმიტომ, რომ მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების. მაშასადამე, თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც აღმოფხვრის. ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი, მას განსწმენდს, აღამაღლებს და მიამსგავსებს თავად ღმერთს, მიამსგავსებს იესო ქრისტეს. და როგორც მოგახსენეთ, ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში.“
მეუფე შიო: როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს ყველაზე მძიმე ცოდვაა
ღმერთი არის სიყვარული... იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს... როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა..." ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „დღეს წაკითხული იყო იგავი უძღებ შვილზე. ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიხსნის, თუ რა არის ცოდვა, რომ ეს არის განშორება ღმერთისგან, ეს არის ღმერთისგან წასვლა შორეულ და უცხო ქვეყანაში, სადაც ადამიანი კარგავს ყველაფერს, კარგავს ადამიანურ ღირსებას. ცოდვა თავისი ბუნებით უცხოა ჩვენთვის, რადგან ადამიანში ჩადებულია ხატება და მსგავსება ღვთისა. ეს იგავი წარმოგვიდგენს ორი ადამიანის, ორი შვილის სახეს. ერთი არის მონანული ვაჟი, რომლის მაგალითზეც იგავი გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული, როგორ საფეხურებზე უნდა გაგვატაროს სინანულმა, სანამ ზეციერ მამასთან მიგვიყვანს. იგავში მოთხრობილია უფროსი ვაჟის შესახებაც, რომელიც ყოველთვის მამის ერთგული იყო და ასევე მოთხრობილია ამ შვილების მამაზეც, რომელშიც იგულისხმება მამა ჩვენი ზეციერი. იგავში ჩანს, რომ მას ძალიან უყვარს თავისი შვილები, ანუ ყოველი ჩვენგანი, ყოველ ჩვენგანს აჯილდოებს სხვადასხვა ნიჭით, მრავალი სიკეთით. ამ ნიჭებს შორის არის ერთი ნიჭი, რომელიც უმცროსმა ვაჟმა სათანადოდ ვერ გამოიყენა. ეს არის თავისუფლების ნიჭი. არის კიდევ ერთი ნიჭი, რომელზეც საუბარია ამ იგავში. ეს არის სინდისი. უმცროსი ვაჟი მიდის მამის სახლიდან. როგორც მოგახსენეთ, მიდის შორეულ, უცხო ქვეყანაში, იქ კარგავს ყველაფერს, მაგრამ მასში ეს სინდისი იღვიძებს. იგი გონს მოვა, ინანიებს. მაშასადამე, სინდისი მასში არ გამქრალა, არამედ ბოლოს და ბოლოს ამეტყველდა და ეს ადამიანი მამისეულ სახლში დააბრუნა. როგორ მიიღეს იგი მამის სახლში? - დღეს, დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში, წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს უძღები შვილის მიმღები მამის სახესაც. ამ იგავში ჩანს, რომ ღმერთი არის სიყვარული, რომ იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს, როგორ უყვარს მას თავისი დაღუპული უძღები შვილი, როგორ ელოდება მას და როგორ შეხვდება მას, თვითონ გადის მის შესახვედრად, ჩაეხუტება, შეუნდობს ცოდვას და მისცემს მას ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი აქვს. და ბოლოს, უფროს ვაჟსაც იწვევს ამ დაღუპული შვილის გადარჩენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე, მაგრამ ამ უფროს შვილს არ უნდა მამის სიხარულში მონაწილეობა. ის ნაწყენია. ის ამბობს, როგორ, მე ხომ ყოველთვის შენთან ვიყავი, არ შემიცოდავს, შენი ერთგული ვიყავი ყოველთვის და სანაცვლოდ რას ვიღებო. ჩემმა ძმამ, ანუ შენმა შვილმა, მიიღო საუკეთესო შესამოსელიც, ხელზე ბეჭედიც, ნასუქი ხბოც დაუკალი ნადიმისთვის და მე რა? განა მე არ უნდა მეკუთვნოდეს პირველი ადგილი მამის სახლში? განა მე არ უნდა მეკუთვნოდეს ეს ყველაფერი, ეს სიკეთეებიო? - ამბობს იგი. ძვირფასო ძმებო და დებო, აქ იწყება უკვე ანგარიში, ანგარიში უფლებებისა, რომ მე ასეთი დამსახურება მაქვს, ამდენი რამ გამიკეთებია, ვიმსახურებ უფრო მეტს, სხვები არ იმსახურებენ ან ჩემზე ნაკლებს იმსახურებენ და ა.შ. აი, როდესაც იწყება ასეთი ანგარიში, იქ უკვე ქრება სიყვარული, იქ სიყვარული აღარ არის, ვინაიდან სინანული შეიძლება, იყოს მხოლოდ სიყვარულის წინაშე, იმიტომ, რომ ღმერთი არის სიყვარული და ცოდვაც ყოველთვის არის ცოდვა სიყვარულის წინაშე. ცოდვის არსი, რომელზეც დღეს იგავშია საუბარი, მდგომარეობს იმაში, რომ ის ცოდვა არის სიყვარულის წინაშე. როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა. ამაზე მოგვითხრობს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი იგავი, რომელიც გვანუგეშებს და გვასწავლის ცოდვის და სიყვარულის სწორად გაგებას, გვიჩვენებს, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ ჩვენს ზეციერ მამას და დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა.“
მეუფე შიო: სამსჯავროზე ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს და პასუხი აგოს თავისი ცხოვრებისთვის
„წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკათ…” ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „დღევანდელ კვირას დღეს, რომელსაც ეწოდება „ხორციელის კვირა“ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღევანდელ დღეს არის ასევე საშინელი სამსჯავროს ხსენება, რადგან იკითხება სახარებიდან მაცხოვრის სწავლება საშინელ სამსჯავროზე. ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოში, რომელსაც ხშირად ვკითხულობთ, ვაღიარებთ, რომ გვწამს უფალი ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა და რომელიც კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა. აი, ამ სამსჯავროზე ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს და პასუხი აგოს თავისი ცხოვრებისთვის, თავისი საქმეებისთვის, სიტყვებისთვის და უფრო მეტიც, აზრებისთვისაც კი. ე.ი. უნდა მოიმკას ის, რაც დათესა. ჩვენი ცხოვრება უმეტესწილად გადის ამსოფლიურ, ყოველდღიურ საზრუნავებში და ვერ ვიცლით ხოლმე იმისთვის, რომ დავფიქრდეთ უმთავრესზე, მარადიულზე, თავს ვიმშვიდებთ ხოლმე იმით, რომ უფალი მოწყალეა, რადგან მან მიიღო უძღები შვილი, შეისმინა მეზვერის სინანული, აპატია გონიერ ავაზაკს და ვფიქრობთ, რომ ჩვენც მსგავსადვე შეგვიწყალებს და გვაპატიებს უფალი... მაგრამ გვავიწყდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უძღებ შვილსაც, მეზვერესაც და გონიერ ავაზაკსაც ჰქონდათ ძლიერი რწმენა, უფლის სასოება და კიდევ რა ჰქონდათ, რა გამოავლინეს მათ? - დიდი სინანული. დავფიქრდეთ, გვაქვს ჩვენ ეს თვისებები? ანდა, დაგვრჩება დრო მათ მოსახვეჭად? დიახ, უფალი მოწყალეა, რა თქმა უნდა, და მრავალმოწყალეა, მაგრამ წმინდა წერილიდან და წმინდა მამათა სწავლებიდან ვიცით ასევე, რომ უფალი მართლმსაჯულიც არის. წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „უყვარს წყალობა და მსჯავრი უფალსა“. ამიტომ იგი ასევე ამბობს: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო“. წმინდა ბასილი დიდი წერს, რომ ღმერთი დიდი სიბრძნით ავლენს თავის მოწყალებასაც და მსჯავრსაც, იმიტომ რომ არ სწყალობს განსჯის და მსჯავრის გარეშე და არც სჯის მოწყალების გარეშე. ამიტომ, ჩვენ ნახევრად არ უნდა ვიცნობდეთ ღმერთს და მისი სიყვარული არ ვაქციოთ ჩვენი სიზარმაცის საბაბადო, - ამბობს წმინდა ბასილი. ასევე წმინდა მოციქული პავლე გვაფრთხილებს, რომ არ უგულებელვყოთ ღმერთის სიკეთე და მოწყალება. უნდა შევიგნოთ, რომ უფალს ამ დიდი სიყვარულითა და მოწყალებით მივყავართ სინანულისკენ და ჩვენი უნანელობით, ჩვენი სიჯიუტით, თავად ვიმზადებთ რისხვას ღვთის სამართლიანი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის. აი, წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები. ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დიდმარხვამდე ერთი კვირით ადრე წმინდა ეკლესია თითქოს განგაშის ზარებს შემოკრავს და გვაფრთხილებს, რომ „სიკვდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ და რომ საშინელი სამსჯავრო არ არის ჩვენს შესაშინებლად მოგონილი ამბავი, არამედ ეს არის რეალობა, რომელზეც თავად უფალი იესო ქრისტე გვასწავლის. თუ გასულ კვირას უძღები შვილის იგავით ეკლესიამ გაგვახსენა ღმერთის მოწყალება და სიყვარული, დღეს ჩვენ მოგვიწოდებს სულიერი სიფხიზლისკენ, რომ დავფიქრდეთ, რადგან არ ვიცით, როდის დადგება ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი ჟამი და გვექნება თუ არა დრო და საშუალება, რწმენითა და სინანულით მივმართოთ უფალს. ამიტომ წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკათ. და აი, ამ იგავით წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, რომ მოვემზადოთ სინანულისა და ღმერთთან შეხვედრისთვის.“
მეუფე შიო: სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას
„დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა... სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას...“ ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „დასრულდა დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი და შევდივართ ჩვენი სულიერი ცხოვრების ახალ პერიოდში, რომელსაც დიდი მარხვა ეწოდება. ეს არის განსაკუთრებული დრო, სინანულის ჟამი, როდესაც უფრო მეტად ვუღრმავდებით საკუთარ სულიერ ცხოვრებას, ვიხედებით ჩვენს სულში და რას ვხედავთ იქ? - ცოდვების წყვდიადს და სიბნელეს. ამიტომ დიდი მარხვა არ გულისხმობს მხოლოდ საკვების შეცვლას, არამედ - სინანულს; დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა, მაგრამ, ამავე დროს, წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ სახიფათო და სულისთვის საზიანოა, თუ მხოლოდ ჩვენი ცოდვების ხედვაში ჩავიკეტებით და ამით შემოვიფარგლებით, რადგან სინანული ამაში არ მდგომარეობს მხოლოდ. მაშ, რა არის სინანული? რას გულისხმობს ის? რას მოიცავს? მე ვხედავ ჩემი ცოდვების სიბნელესა და ბოროტებას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, არსებობს სიკეთეც და არსებობს ნათელიც. და აი, სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას. სინანული გვიხსნის არამხოლოდ ბოროტებას, არამედ, სიკეთესაც, როგორც ჩვენს სულში, ასევე ჩვენს გარშემოც. სინანული ასევე დაკავშირებულია სულიერ მწუხარებასა და სევდასთან; მაგრამ ეს მწუხარება როდია ბნელი და უსიხარულო, როგორც ზოგიერთს ჰგონია არასწორად. გაიხსენეთ, რას წერს წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი. იგი ამბობს: „ნათელი ბნელში ჩანს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა“. ე.ი. იმ სიბნელეში, რომელსაც მე ჩემს სულში ვხედავ, რომლისგანაც ვიტანჯები, რომელსაც ვინანიებ, ამ სიბნელეში ანათებს ეს ნათელი, რომელიც არის ღვთაებასთან ჩვენი თანაზიარების ნათელი. მაშასადამე, სინანული გვიხსნის ცოდნას ღმერთზე, არამხოლოდ ბოროტებასა და ეშმაკზე, არამედ - სიკეთესა და ღმერთზე. გვიხსნის იმას, თუ რა არის სიკეთე და თუ ვინ არის ღმერთი. ამიტომ, ეს მარხვისა და სინანულის მწუხარება აღარ არის ბნელი, არამედ, ნათელია და სავსეა სიხარულით. ამიტომაც ეწოდება მარხვა სიხარულისა. ჩვენ ყოველდღე, დილაობით, ვკითხულობთ ლოცვას, რომელშიც ღმერთს ვევედრებით, თავისი დიდების საღვთო სამკვიდრებელში მიღების ღირსი გაგვხადოს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი არსობრივი დანიშნულებაც, არის სწორედ ამ საღვთო დიდებასთან თანაზიარება. ზოგი ამბობს, როდესაც ვინანიებ, უამრავ ბოროტებას ვხედავ ჩემში, ასევე ჩემ ირგვლივო. ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრებაც ამ ბოროტებაში მდგომარეობს; მაგრამ ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ეშმაკის ცილისწამება, რომელსაც ჩვენ არ უნდა დავუჯეროთ. ცხოვრება არ მდგომარეობს იმ ბოროტებაში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არამედ, ცხოვრება მდგომარეობს სწორედაც იმ ნათელში, რომელიც გახლავთ საღვთო დიდება, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით წმინდა ეკლესიაში. მონანული ადამიანი ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და ხედავს ამ ზღვარს სიკეთესა და ბოროტებას შორის, იმიტომ რომ სინანული, პირველ რიგში, როგორც მოგახსენეთ, არის გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა. სულ მალე იწყება დიდი მარხვა, სხვანაირად დაირეკება ზარები, უფრო მწუხარედ. ეკლესიაშიც ყველაფერი სხვაგვარად იქნება და მოგვმადლოს უფალმა, რომ ეს სინანულის მწუხარება, რომელზეც გესაუბრეთ, ყოფილიყოს ყოველი ჩვენგანისთვის ნამდვილი, დიდი მარხვისთვის შესაფერისი, არა ბნელი და სევდიანი, არამედ, ნათლით და სიხარულით მოსილი. რატომ? - იმიტომ, რომ ამ სინანულის სარბიელის დასასრულს ბრწყინავს ჩვენთვის ქრისტეს აღდგომის ნათელი და ბრწყინავს საღვთო ბუნებასთან ჩვენი თანაზიარების ნათელი, რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
მეუფე შიო: ისტორიის გაყალბება ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მას პოლიტიკური ძალები ბრძოლის იარაღად იყენებენ
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვას, რომელიც მან კონფერენციის ,,ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა” (გამოწვევები და პერსპექტივები) მონაწილეთადმი წარმოთქვა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „დღეს წარმოდგენილი თემა ,,ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)“ ფრიად მნიშვნელოვანია. სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე ფიქრი და მათზე მსჯელობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამასთან სავალდებულოა ჩვენთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად ინფორმაციულ დროში; ეს ინფორმაციულობა ხშირ შემთხვევაში ზედაპირული და ღრმა ანალიზს მოკლებულია. ხშირად კი, სუბიექტური და გაყალბებულია. ისტორიის გაყალბება ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მას პოლიტიკური ძალები ბრძოლის იარაღად იყენებენ. ამას ადგილი აქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც. ცხინვალის რეგიონი ძირძველი ქართული მიწაა, რასაც ღაღადებს ისტორია, ტოპონიმიკა, ჩვენი ეკლესია-მონასტრები, მაგრამ მავანთა მიერ მიზანმიმართულად ხდება ამ რეალობის შეცვლა და დამახინჯება, რაც ქართული იდენტობის აღმოფხვრის მიზანს ემსახურება. ეკლესია ყოველთვის იდგა ჩვენი ერის და მისი ისტორიის დაცვის სადარაჯოზე. ეს დღესაც ასეა და იქნება ყოველთვის. დღევანდელი ჩვენი შეკრებაც ამას ემსახურება,“ განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.
მეუფე შიო: „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
„ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის] მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებით გული გვტკივა და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. „ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს, ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ დაპირისპირებაზე ჩვენ გვპასუხობენ ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა წარმოქმნას. იმიტომ, რომ როდესაც არის სიყვარული, მაშინ ღვთის მადლიც მოქმედებს და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად და როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ არც ღვთის შეწევნაც არ არის, მაშინ პატარა მიზეზმაც კი შეიძლება, გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება. აი, ამიტომ სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სიყვარულის უმთავრესი სკოლა კი გახლავს სწორედ ოჯახი. ადამიანი სიყვარულს ოჯახში უნდა სწავლობდეს და სიყვარულში იზრდებოდეს, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა. ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს. სწორედ, ეს არის დღეს ჩვენი შეკრების და ჩვენი ლოცვითი მსვლელობის მიზანი. ახლა ჩვენ წავიკითხავთ მცირე ლოცვას და შემდეგ ყველანი ერთად გავემართებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც თქვენთან ერთად აღვავლებთ პარაკლისს,“ - განაცხადა მეუფე შიომ. მან ასევე ისაუბრა „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ „არ უნდა დავუშვათ გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ.