ძებნის რეზულტატი:

ამირან გამყრელიძე: დავაკელით, ვაღიარებთ. საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო

მეკითხებიან, რა დააკელით?! დავაკელით, ვაღიარებთ. საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "როცა მეკითხებიან, რა დააკელით?! დავაკელით, ვაღიარებთ ამას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“. ამიტომ როცა გვაკრიტიკებენ, რატომ ადრე არ დაიწყეთ, ამაზე პასუხი მაქვს, რომ ეს უნდა დაიწყო მაშინ, როდესაც ვაქცინები გაქვს შესაბამისი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მოლდოვამ ენერგოკრიზისის ფონზე გაზი პოლონეთისგან შეისყიდა

მოლდოვამ პოლონეთიდან ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტენდერით შეისყიდა. ამის შესახებ Reuters-ი მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „განხორციელდა საცდელი შესყიდვა ალტერნატიული წყაროებიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობის შესამოწმებლად და ბუნებრივი გაზის მიწოდების სისტემაში დაბალი წნევის დასაბალანსებლად“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო და რუსულ „გაზპრომთან“ ახალი ენერგეტიკული გარიგების არარსებობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერი აცხადებდა, რომ მოლდოვა ცდილობს, დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან, ვიდრე შეძლებენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მისაღებ ფასზე. „ჩვენ გვსურს, ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას მოლდოვის მოსახლეობისთვის კარგი პირობებით“, - განაცხადა სპინუმ. კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ უკრაინელი რეანიმატოლოგი ჩამოდის

"გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ უკრაინელი რეანიმატოლოგი ჩამოდის. საქმეში ასევე კომაროვსკი ჩაერთო, რომელიც უკრაინელი მედიკოსია", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში აქტიურადაა, ასევე ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. "ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი, - კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან ექნებათ და გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ", - განაცხადა ადვოკატმა.

ამირან გამყრელიძე: ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ, დაიცვან რეკომენდაცია

"ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შეკრების დროს ყველას უნდა ჰქონდეს პირბადე, დისტანცირებულები იყვნენ. „მგონი, თავი მოგაბეზრეთ, რომ დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს. პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, თუმცა, რეკომენდაციას ვაძლევ, ვინც მიტინგს თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით. ვერ ავუკრძალავ, კანონი ამას არ კრძალავს, მაგრამ უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია - ყველას ჰქონდეს პირბადე, დისტანცირებულები იყვნენ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროცესი",- აღნიშნავს გამყრელიძე.

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, შენობის C კორპუსზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგემება

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, შენობის C კორპუსზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგემება. ამასთან, პარლამენტის აპარატის ცნობით, გამოცხადებული ტენდერი კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრებას ეხება. "პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ერდოღანი დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩზე: მჯერა, განცხადებების დროს უფრო ფრთხილები იქნებიან

"მჯერა, რომ ეს ელჩები თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებულ განცხადებებში უფრო ფრთხილი იქნებიან", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 დასავლელ დიპლომატთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა ქვეყნიდან გაძევებას დაპატიმრებული ბიზნესმენის გათავისუფლების მოწოდების გამო აპირებდა. როგორც თურქეთის პირველმა პირმა აღნიშნა, კრიზისის შექმნა ქვეყნის ინტერესებში არ შედის. "კრიზისის შექმნა არასდროსაა ჩვენი მიზანი. ჩვენი ქვეყნის უფლებების, სამართლის, ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვა გვსურს. საელჩოების დღევანდელი განცხადებით, მათ უკან გადადგეს ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისა და ერის ცილისწამებისგან. მჯერა, რომ ეს ელჩები თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებულ განცხადებებში უფრო ფრთხილად იქნებიან", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. გუშინ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი მიესალმა დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე საელჩოს, მათ შორის შეერთებული შტატების განცხადებას დადებითად შეხვდა, რომლის მიხედვითაც ისინი დიპლომატიურ კონვენციას იცავენ და მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან. ამასთან, განცხადებები გაკეთდა თითქმის ერთდროულად, როდესაც ერდოღანი შევიდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რათა განეხილათ 10 ელჩის გაძევების საკითხი, ეს იქნებოდა ნაბიჯი, რომელიც გახსნიდა თურქეთის ღრმა დიპლომატიურ უთანხმოებას დასავლეთთან ბოლო 19 წლის განმავლობაში. „შეერთებული შტატები აღნიშნავს, რომ იცავს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს”, - ვკითხულობდით აშშ-ის საელჩოს Twitter-ზე. ექსკლუზივი: მეთიუ ბრაიზა: ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებაზე მიუთითებს აშშ ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხზე თურქეთისგან განმარტებებს ითხოვს

რუსეთში ჯამში, ვირუსს 232 775 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 36 446 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 316 019-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. რუსეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 1106 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში ჯამში, ვირუსს 232 775 ადამიანი ემსხვერპლა.

ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს

იმ ფონზე, როდესაც NATO შავი ზღვის რეგიონში თავისი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთა ნაწილი ასევე NATO-ს წევრი ქვეყნები არიან, ბუნებრივ აირზე ფასი გაუძვირდათ. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კანდიდატი ქვეყანა მოლდოვა კი იძულებულია, ბუნებრივ აირზე შექმნილი დეფიციტის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რადგან გაზპრომი კონტრაქტის განახლებას უჭიანურებს. მოლდოვა, რომელიც უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, იძულებულია რუსეთისგან ოთხჯერ უფრო ძვირად იყიდოს გაზი. ბუნებრივ აირზე ფასის მატებას ასევე წინ უძღვის აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გერმანია ვალდებულია, ზომები მიიღოს, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. ეს მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას, როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი უკვე დაუჭირა. ექსპერტების განმარტებით, „სამხრეთ კავკასიური დერეფნის“ ამოქმედების შემდეგ, იტალიასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე „გაზპრომის“ მონოპოლია შესუსტდა. ამიტომ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდას და დანაკლისის ანაზღაურებას „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტით გეგმავს, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებზე Europetime ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს გიორგი ჭაღიაშვილს და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, ელჩ ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა. როგორც Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, ეს არის საკმაოდ რთული პოლიტიკური თამაში, სადაც ერთმანეთში გადახლართულია პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები, ენერგოუსაფრთხოების ფაქტორები და ა.შ, მაგრამ რეალურად იმისთვის, რომ ევროპამ რუსეთს ხელიდან გამოაცალოს ენერგობერკეტები, მან უნდა იმუშაოს დივერსიფიცირების რეალურ ვარიანტების განვითარებაზე. ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკით, რუსეთი ცდილობს განახორციელოს თავისი სტრატეგიული მიზნები და ტაქტიკური ამოცანები. „სტრატეგიული არის ის, რომ ამ კრიზისის შექმნით მოქმედებაში შეიყვანოს "ჩრდილოეთ ნაკადი 2". ტაქტიკური მიზანი არის ის, რომ ისარგებლოს, ხელი მოითბოს ხელოვნურად გაბერილ ფასებზე. დღესდღეობით ევროპის ბაზრებზე, რუსული გაზის მიწოდების სამი საშუალება არსებობს. ერთი ეს არის უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა, მეორე, რომელიც არის იამალი-რუსეთი- ბელორუსი პოლონეთის საშუალებით და მესამე ჯერ კიდევ მწყობრში არ ჩამდგარი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, უკვე არსებულ "ჩრდილოეთ ნაკადი 1"-თან. ევროპაში გაზზე მოთხოვნა იზრდება, იმიტომ რომ ზამთრისთვის შესაბამისი მარაგები შექმნილი არ არის და საკმაოდ ცივი ზამთრის მოლოდინია. შესაბამისად ამან გამოიწვია გაზზე აჟიოტაჟური მოთხოვნა. ნორმალური პარტნიორი ამ შემთხვევაში არსებულ გაზსადენებზე, მოითხოვდა მეტ სატრანზიტო მოცულობას და ევროპას მიაწვდიდა მეტ დამატებით გაზს. მაგრამ რუსეთი თავისი მოქმედებებით კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მისთვის გაზის მიწოდება არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური იარაღი, რისი საშუალებითაც ცდილობს თავისი პოზიციების გამყარებას ევროპის ბაზარზე და არა მხოლოდ ბაზარზე, ზოგადად ევროპაში თავისი პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას. ეს რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივებში, რუსეთს რაღაც დივიდენდებს მოუტანს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დააჩქარებს ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესუსტებას“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთის ეს ქმედება ევროკავშირს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მოსახსნელად ახალი პროექტის დაჩქარებისკენ უბიძგებს. ევროპაში გაზის გაძვირებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საფრთხე და ევროკავშირის მხრიდან გამოსავლის ძიების გზები, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესასუსტებლად საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. როგორც ბორელი განმარტავს, რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. "ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აცხადებს ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას. როგორც Europetime-თან საუბარში ვალერი ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, გლობალურად და სტრატეგიულად, რა თქმა უნდა მწვანე ენერგიაზე გადასვლაა საჭირო, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, უნდა გაკეთდეს ევროპის ბაზარზე გაზის მიწოდების რეალური დივერსიფიცირება. „რაც შეეხება რეალურ დივერსიფიცირებას, აქ არის ორი ძირითადი საშუალება. პირველი, მე ვფიქრობ, რომ დივერსიფიცირების ყველაზე სერიოზული შესაძლებლობა არის ტრანსკასპიური გაზსადენი, რომლის რეალობაც არის გაცილებით ხელშესახები კასპიის ზღვის კონვენციის 2014 წელს ხელმოწერის შემდეგ. სხვათაშორის კასპის ზღვის ყველა ქვეყანა რუსეთის ჩათვლით მოახდინა მისი რატიფიცირება ირანის გარდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ირანი მთავარი მოთამაშე არ არის. ამიტომ რეალურად, ტრანსკასპიური გაზსადენის ამოქმედებით შესაძლებელი იქნება დამატებითი რამდენიმე მილიარდიკუბური მეტრი გაზის მიწოდება ევროპული ბაზრისთვის, რაც არის საკმაოდ დიდი რაოდენობა. რა თქმა უნდა, აქედან საქართველოც ძალიან ისარგებლებს. სატრანზიტო გადასახადის სახით, სხვა სიკეთეებზე აღარ ვსაუბრობთ დიდი ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მივიღებთ. მეორე გზაა, თხევადი გაზის მიწოდების სისტემების გამართვა, ანუ მეტი შესაბამისი გათხევადების სადგურების პოტენციალის შექმნა ევროპაში. დღეს თხევად გაზზე ძირითადი მოთხოვნა არის აზიაში. თხევადი გაზის ძირითადი ნაწილი, სწორედ იქ მიდის, მაგრამ შედარებით მეტი ფასის შეთავაზების პირობებში, რა თქმა უნდა, ევროპისკენ გადამისამართება შესაძლებელია. თხევადი გაზის ძირითადი სამი წყაროა. ეს არის ჩრდილოეთ აფრიკა, არაბეთის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს მეორე შესაძლებლობაა, რომელზეც ევროპამ უნდა იმუშაოს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გვერდს გვივლის და უშუალოდ ევროპასა და მის პარტნიორებს ეხებათ. მესამე გზას რაც შეეხება ეს არის საკმაოდ პერსპექტიული საბადოები, რომელიც ისრაელმა აღმოაჩინა თავის ტერიტორიაზე. ისრაელ სერიოზულ პროექტებს აყალიბებს. როგორც ექსპერტები საუბრობენ, ისრაელი ამ საბადოებზე დიდი რაოდენობით გაზის მოპოვებას შეძლებს. შესაძლებლობა გაჩნდება ევროპას დიდი რაოდენობით მიაწოდოს გაზი. იმიტომ რომ გეოგრაფიულადაც არ არის რთული ისრაელიდან ევროპაში გაზის მიწოდების ქსელის აწყობა. მე ძალიან მიკვის რომ კასპიის კონვენციის ხელმოწერის დღიდან ევროპა თურქმენული გაზის ათვისების მიმართულებით პასიურობს. ამ კონვეციაში არის სპეციალური მუხლი რომელიც უშვებს ნებისმიერი ორი ქვეყნის მხრიდან პროექტების განხორციელებას კასპიის ზღვის ფსკერზე. ეს საკითხი ეხება მარტო აზერბაიჯანს და თურქმენეთს. ამით ორივე ქვეყანა იგებს. თურქემენთი, რომელიც ევროპულ ბაზარზე წვდომას იღებს, ყველაზე მომგებიან ბაზარზე. იმ ბაზართან შედარებით სადაც ახლა თურქმენეთი გაზს აწვდის. თურქმენეთი ახლა თავის ძირითად რესურს ჩინეთს აწვდის დ ასევე რუსეთს . აზერბაიჯანი მწარმოებლის გარდა ტრანზიტური ქვეყანა ხდება და აქედანაც შესაბამის მოგებას მიიღებს. აღარ ვსაუბრობ საქართველოს მოგებაზე და რაც მთავარია ევროკავშირის სარგებელზე . ამიტომ ეს ფაზლი ისე იკვრება რომ მე ძალიან მიკვირს ამ მიმართულებით აშშ-ის და ევროკავშირის ენერგოდიპლომატია რატომ არის ასეთ პასიური“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა. საქართველოს როლი და პოტენციალი ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ჯაჭვში Europetime-თან საუბარში ენერგოუსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი განმარტავს, თუ რა აფერხებს „სამხრეთ დერეფნის“ მაგისტრალური გაზსადენით თურქმენული გაზის ევროპაში ექსპორტს და ალტერნატიულ პროექტზე საუბრობს, რომელიც ევროპას მწვანე ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება. ენერგოანალიტიკოსი თურქმენეთიდან გაზის ექსპორტის ნაცვლად, თურქმენეთში ელექტროენერგიის წარმოებასა და ევროპაში პირდაპირ ელექტროენერგიის ექსპორტზე საუბრობს. მისი თქმით, იგივე შეიძლება გაკეთდეს გაზის მომპოვებელ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ყაზახეთში ან აზერბაიჯანში. „როგორც ვიცით ევროპა შესყიდული გაზის 65-70%-ს ძირითადად მოიხმარს ელექტროენერგიის წარმოებისათვის. 21-ე საუკუნეში კი მაგისტრალური გაზსადენის მაგისტრალური ელექტროსადენებით ჩანაცვლება რთული არ არის. მით უმუტეს, უფრო უსაფრთხო, იაფი და სწრაფი საშუალებაა ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მივიყვანოთ ელექტროენერგია. თანამდეროვე ტექნოლოგიებში კი უხვადაა ახალი სრულყოფილი კაბელების წარმოება, მათ შორის წყალქვეშა კაბელების წარმოება და სხვა მეტად საიმედო ტექნოლოგიები“, - აღნიშნავს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი. როგორც Europetime-ს გიორგი ჭაღიაშვილმა განუცხადა, ნორვეგია საქართველოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ შავი ზღვის ფსკერზე, ფოთიდან ბულგარეთის ქალაქ კონსტაცამდე, დიდი გამტარობის ელექტროსადენები გასულიყო, თუმცა ეს სულ სხვა პროექტის ფარგლებში. „მაგრამ თუ ეს პროექტი განხორციელდა და დიდი გამტარობის ელექტროგადამცემი ხაზი აეწყობა შავი ზღვის გავლით, ბულგარეთამდე, მერე ევროპის სხვა ქვეყნების დაერთება ამ ხაზზე პრობლემა არ იქნება. შესაბამისად გამარტივდება კასპიის ზღვის ფსკერზეც იგივე მაგისტრალური ელექტროსადენების გაყვანა, რაც შესაძლებელს გახდის ამ მაგისტრალურელექტროსადენს მიებას ის პროექტი, რომელზეც ვსაუბრობ - თურქმენეთში ადგილობრივი გაზით ელექტროენერგიის წარმოება და ამ ელექტრო ენერგიის ექსპორტი ევროპაში. ელექტროსადგურების აშენება და ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა, გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მაგისტრალური გაზსადენის. თანაც უფრო ნაკლები დრო სჭირდება ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ვიდრე გაზის. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ენერგიების ასოციაციას“, გაფორმებული აქვს მემორანდუმი ნორვეგიულ კომპანიასთან, რომელიც წყალქვეშა ელექტროსადენებს აწარმოებს. სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივა იყო შავ ზღვაში სადენების გაყვანა. პროექტის პრეზენტაციას პირადად ვესწრებოდი. მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამ პროექტის განხორციელება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შესთავაზა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ამით დიდად არ დაინტერესდა. პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან შავი ზღვის ფსკერის კვლევაა საჭირო, რასაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი სჭირდება. სწორი პოლიტიკის და საკმარისი აქტივობის შემთხვევაში, ამ პროექტისთვის ინვესტორის პოვნა არ გაჭირდება. ვხედავთ რომ ევროპაში გაზის დეფიციტია. თუ შავი ზღვის ფსკერზე ეს ელექტროსადენები გავა, გაცილებით მარტივი იქნება იმ პროექტის მიბმა, რაზეც ვსაუბრობთ და საქართველო კიდევ უფრო დიდ სატრანზიტო მნიშველობას შეიძენს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლით. ევროპელი ლიდერები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად უკვე აქტიურად საუბრობენ მწვანე ენერგიაზე გადასვლაზე. თუ გაზით ელექტრონერგიის წარმოება ევროპის ტერიტორიაზე არ მოხდება და სხვა ქვეყანაში წარმოებულ ელექტრო ენერგიას შეიძენენ, ესეც მწვანე ენერგიის ნაწილად ჩაითვლება, რადგან ევროპის ტერიტორიაზე გამონაბოლქვის გარეშე მიიღებენ სუფთა ენერგიას. რაც შეეხება თურქმენული გაზის სამხრეთ ნაკადზე დაერთებას, ახლო წარსულში, სამხრეთის დერფანს უნდა ჰქონოდა განვითარების სხვადასხვა ფაზა და მას ხან ნაბუქოს, ხან ტანაპის, და ხან სამხრეთის ალტერნატიულ მარშრუტს ეძახდნენ, რასაც გაზის მიწოდების უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა ევროპის სიღრმეში და ის განიხილებოდა ევროპაში ალტერნატიული გაზის მიწოდების წყაროდ, თუმცა აღნიშნული გაზსადენის სრული დატვირთვა დღემდე ვერ მოხერხდა, რადგან 1– აზერბაიჯანის საბადოებს არ გააჩნიათ იმის მაქსიმალური პოტენციალი რომ მილსადენი სრულად დატვირთულიყო (30–31 ტრლნ მ3 წელიწადში) ; 2) აუცილებელი იყო და არის მას მიუერთდეს ყაზახეთის ან თურქმენეთის გაზის მაგისტრალური მილსადენები და მათივე გაზით დაიტვირთოს ქსელი; საგულისხმოა ის ფაქტიც რომ, ყაზახეთის მილსადენების და ზოგიერთი გაზის საბადოც ისედაც გაზპრომის კუთვნილებაა, ხოლო თუქმენეთის გაზის საბადოდან გაზის მიწოდება სამხრეთის დერეფანში ყაზახეთის გავლის გარეშე წარმოუდგენელია. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ რუსეთი და ყაზახეთი ცალკე ეკონომიკური კავშირის წევრები არიან და მათ ინტერესებში ისედაც, ეკონომიკურად არ შედის სამხრეთის ნაკადის სრული დატვირთვა. ამჟამად სამრეთის ნაკადი 50%-მდეა დატვირთული და მასში გადის 16 მლრდ მ3 გაზი წელიწადში სადაც 6.6 მლრდ მ3 ს თურქეთი მოიხმარს, ხოლო 10 მლრდ ევროპაში გაედინება, ეს იმით არის განპირობებული რომ, გაზის საბადოებს დამუშავების სტადიებიდან გამომდინარე დამატებითი რესურსი შეზღუდული აქვს. ელექტროენერგიის თურქმენეთში წარმოებას და მის ექსპორსტ ვფიქრობ გაცილებით ნაკლები დაბრკოლება შეექმნება თუნდაც ყაზახეთისგან“, - განმარტავს ენერგოუსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი Europetime-თან საუბრისას. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღამასრულებელი საბჭოს წევრის განცხადებით, იმისთვის რომ ევროპამ რუსეთს ენერგობერკეტი ხელიდან გამოაცალოს, მან რეალურად უნდა იმუშაოს დივერსიფიცირების რეალური ვარიანტების განვითარებაზე. ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, ამ პროცესში ქართული მხარეც უნდა იჩენდეს ინიციატივას საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად, რაც შემდგომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას გაზრდის. „მე ვფიქრობ ეს საკითხი საქართველოს ენერგოპოლიტიკის დღის წესრიგშიც უნდა იყოს. ისეთ პროექტზე, სადაც ჩვენი სარგებელიც იკვეთება, ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ. აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებზე, ჩვენი მხრიდან მუდმივად პედალირება უნდა ხდებოდეს. ჩვენი დღევანდელი მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ალბათ ამისთვის არავის არ სცალია და არავინ არ ფიქროს. არადა ეს შეიძლება იყოს საქართველოს არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების, არამედ საერთოდ ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი. ძალიან მიკვირს ამ ვითარების ირგვლივ ასეთი პასიურობა. იმედია მიმდინარე კრიზისის ფონზე, ევროპელები დაფიქრდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობა ფატალურად დასრულდეს

"შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა", - ამის შესახებ დაკავებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს არ ასრულეს. "საუბარია, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა, ოპერაცია შეიძლება სულაც არ იყოს კავშირში", - განაცხადა ადვოკატმა.

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონის მახლობლად, ქალაქ ფიზულში საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს. ამასთან, ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი 8 თვეში აშენდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი პრეზიდენტი გახდა, რომლის თვითმფრინავიც ამ აეროპორტში დაეშვა. აეროპორტს ერთი ასაფრენი ბილიკი აქვს და 200 მგზავრს მოემსახურება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტების სიაში შეიტანა. როგორც ცნობილია, ქალაქი ფიზული ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეგიონში ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ასევე წაიკითხეთ: ბაქომ ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ერთი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. ხანქენდი, რომელსაც სომხებმა სტეფანაკერტი უწოდეს და მთინი ყარაბაღის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა, აზერბაიჯანის ფაქტობრივი კონტროლის მიღმაა. მის შესასვლელებს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ, რომელთაც სამშვიდობოების სტატუსი აქვთ.

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფნის გზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მონაწილეობით, საფუძველი ჩაეყარა ჰორადიზ-ჯებრაილ-ზანგილან-აღბანდის საავტომობილო გზას (ზანგეზურის დერეფანი). მანამდე, პრეზიდენტები აჰმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოს გაეცნენ. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში დღეს ჩავიდა. თვითმფრინავი, რომელშიც თურქი ლიდერი იყო, ფიზულის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ე.წ. ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან. სომხეთი, რომელიც პროექტს ეწინააღმდეგება, თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. საგზაო პროექტის შესახებ მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ერთი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. ხანქენდი, რომელსაც სომხებმა სტეფანაკერტი უწოდეს და მთინი ყარაბაღის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა, აზერბაიჯანის ფაქტობრივი კონტროლის მიღმაა. მის შესასვლელებს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ, რომელთაც სამშვიდობოების სტატუსი აქვთ. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია

ნიგერიაში, მეჩეთში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 16 ადამიანი მოკლეს

ნიგერიაში, მეჩეთში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 16 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ათობით შეიარაღებულმა პირმა მაშეგუს რაიონის სოფელ მაზა-კუკაში მდებარე მეჩეთი დაიკავა და ცეცხლი გახსნა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

ბაიდენის მრჩეველი: რუსეთი ბუნებრივი აირის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებასთან ახლოს არის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში ეიმოს ჰოჰშტეინი აცხადებს, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებასთან ახლოს არის. მისი თქმით, ეს ასეა, თუ რუსეთს მართლაც აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს გაზის ექსპორტი ევროპაში, მაგრამ ამაზე უარს ამბობს. მისივე თქმით, ევროპაში გაზის ფასები გაიზარდა არამხოლოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, არამედ ჩინეთში გვალვის მიზეზითაც, რამაც შეამცირა ჰიდროენერგეტიკული ენერგიის გამომუშავება და ბუნებრივ აირზე გლობალური კონკურენცია გაზარდა. ჯო ბაიდენის მრჩევლის თქმით, რუსეთს შეუძლია, გაზარდოს გაზის წარმოება და ეს სწრაფად უნდა გააკეთოს არსებული მილსადენებით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო, რომ მოსკოვი ამცირებდა მიწოდებას პოლიტიკური მოტივებით და აღნიშნა, რომ გაზრდის ნაკადს, რამდენადაც პარტნიორები ითხოვენ ამას. ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას „რეკორდულად მაღალი ფასების“ გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ევროპისთვის გაზის მიწოდება მას შემდეგ, რაც „ჩრდილოეთის ნაკადი2“ დამტკიცდება. მილსადენი, რომელსაც ვაშინგტონი ეწინააღმდეგება, რადგან ის გვერდს უვლის უკრაინას, დასრულებულია, მაგრამ სჭირდება გერმანიის თანხმობა, რათა დაიწყოს რუსული გაზის მიწოდება ბალტიის ზღვის ქვეშ ევროპაში. „გერმანიისა და ევროკომისიის მიერ მის დამტკიცებას სავარაუდოდ, მარტამდე პერიოდი დასჭირდება, ასე რომ, თუ რუსეთი იტყვის, რომ მას შეუძლია, სწრაფად გაზარდოს გაზის ნაკადი ამ პროექტის გავლით, ახლავე უნდა შეეძლოს ამის გაკეთება არსებული მილსადენებით“, - განაცხადა ჰოჰშტეინმა. მოლდოვამ ენერგოკრიზისის ფონზე გაზი პოლონეთისგან შეისყიდა ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს

ესტონელ დეპუტატს სამსახურებრივი ავტომობილით შვილების სკოლაში წაყვანის გამო, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს

ესტონეთის „ცენტრისტული პარტიის“ დეპუტატს, მაილის რეპსის სამსახურებრივი ავტომობილით შვილების სკოლაში წაყვანის გამო, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. მაილის რეპსი დეპუტატობამდე ესტონეთის განათლების მინისტრი იყო. მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას პროკურატურამ მოითხოვა და კენჭისყრაზე 56 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ყოფილმა თანაპარტიელებმა, რომელთა შორისაც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იური რატასიც იყო, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. მომხდარის გამო, დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ქონების მითვისების მუხლით დაიწყო. მაილის რეპსის გარშემო სკანდალი 2020 წელს აგორდა, როდესაც მედიამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ის სამსახურებრივ უფლებამოსილებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა, კერძოდ, სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანით დაჰყავდა ბავშვები სკოლასა და სხვადასხვა წრეზე. ამ სკანდალის შემდეგ რეპსი თანამდებობიდან გადადგა.

Microsoft-ი რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღაზე იუწყება

ამერიკული ტექნოგიგანტი, Microsoft-ი რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღაზე საუბრობს. ამ სათაურით DW სტატიას აქვეყნებს. კომპანიის განცხადებით, ჰაკერული ჯგუფი Nobelium-ი ახალ ფართომასშტაბურ ოპერაციას ატარებს, რომლის სამიზნე აშშ-ში ასობით კომპანიისა და ორგანიზაციის კომპიუტერული სისტემებია. მისივე თქმით, ივლისის დასაწყისიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, Microsoft-მა დაახლოებით 600 მომხმარებელს აცნობა, რომ საერთო ჯამში, 22.9 ათასი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე იყვნენ. Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი, ტომ ბერტი აცხადებს, რომ კიბერშეტევის უკან რუსული წარმოშობის ჰაკერული ჯგუფი Nobelium-ი დგას. Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი თვლის, რომ ამ ჯგუფს IT-კომპანია SolarWinds-ზე კიბერშეტევასთან აქვს კავშირი. აშშ-ის ხელისუფლება და სხვა ექსპერტები Nobelium-ს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ნაწილად თვლიან.

ესტონეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონელ კოლეგას უმასპინძლა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კალე ლაანეტი იმყოფება. ესტონელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კალე ლაანეტს უწყებებს შორის არსებული სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით ესტონეთის მხარდაჭერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ესტონეთის მხარდაჭერაზე უწყების ინსტიტუციური განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული კიბერუსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების საქმეში ესტონეთის მნიშვნელოვან წვლილს. საუბარი, ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. თავდაცვის უწებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კოლეგებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონელ კოლეგას ვიზიტისთვის და უწყებებს შორის არსებული სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კვლავ განაგრძობენ. კალე ლაანეტის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს სამხედრო სფერშო ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ. მისი თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა და სამხედრო სფეროში გამოცდილების გაზიარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ვენაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გამოეხმაურნენ

ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, მსოფლიოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქართველები რაიმე ფორმით ჩაერთონ ქვეყნის განვითარების საქმეში, ვენაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გამოეხმაურნენ. ქართველმა მუსიკოსებმა ქეთევან სეფაშვილმა და თემო ხარშილაძემ თბილისის სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედს'' საჩუქრად გამოუგზავნეს იშვიათი გამოცემის ნოტები (უძველესი ხელნაწერი). საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის საკითხებში ვლადიმერ ონოფრიშვილმა კი, მათი საჩუქრები თბილისის ნიჭიერთა ათწლედს გადასცა. ქართველმა მუსიკოსებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომპაქტდისკები გამოუგზავნეს, რომელზეც ჩაწერილია მათივე შესრულებით გია ყანჩელის მუსიკა. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დისკებს ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით საჩუქრად გადასცემს საქართველოში ვიზიტით მყოფ მაღალი დონის სტუმრებს.

საქართველომ ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

იტალიაში, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია „შუმი" საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ მფლობელი გახდა. საერთაშორისო ჯილდო დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი კულტურული მარშრუტის – „Iter Vitis -Phoenicians route“ მიერ, რომლის მიზანს წარმოადგენს ორი საერთაშორისო ქსელის წევრ ქვეყნებში კულტურული და ენოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერება, გამოცდილების, შემოქმედებითი და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა დაფუძნდა 1987 წელს, რომელიც დროსა და სივრცეში მოგზაურობის მეშვეობით წარმოაჩენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში და ხელს უწყობს დღევანდელი ევროპის მრავალფეროვნებას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებას. ღვინის კომპანია „შუმი“ დაარსდა 1997 წელს კახეთში, წინანდალში. ტურისტული კომპლექსი 9 ჰექტარზეა განთავსებული და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. კომპლექსი აერთიანებს 38 ტურისტულ ლოკაციას, რომელთა შორის არის საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 1300-ზე მეტი ჯიში, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშებია დაცული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაეროს წევრ სახელმწიფოებს ტაივანის გაეროში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ტაივანის გაეროს სისტემაში მონაწილეობას. როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, ტაივანის გარიცხვა ძირს უთხრის გაეროსა და მასთან დაკავშირებულ ორგანოების მნიშვნელოვან მუშაობას. „ტაივანი დემოკრატიული წარმატების ისტორია გახდა. ტაივანის მოდელი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და კანონის უზენაესობას - ღირებულებებს, რომელიც გაეროს ღირებულებებს შეესაბამება. ტაივანი მნიშვნელოვანია გლობალური მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისთვის და მოგზაურობის, კულტურისა და განათლების ჰაბია. ჩვენ გაეროს იმ მრავალ წევრ ქვეყანას შორის ვართ, რომლებიც ტაივანს განიხილავენ, როგორც ღირებულ პარტნიორსა და სანდო მეგობარს. ამიტომაც გაეროს ყველა წევრ ქვეყანას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ გაეროს სისტემასა და საერთაშორისო საზოგადოებაში ტაივანის მნიშვნელოვანი მონაწილეობის მხარდასაჭერად, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის შესაბამისად“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ტაივანის ხელისუფლება ჩინეთისგან მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეზე ხშირად საუბრობს. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. პეკინში არაერთხელ განაცხადეს, რომ ტაივანის ძალის გამოყენებით დაბრუნებას არ გამორიცხავენ. 1971 წელს, გაერომ ჩინეთის ერთადერთ წარმომადგენლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა და ტაივანი ორგანიზაციიდან გარიცხა. ჯო ბაიდენი: თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება, აშშ დაიცავს მას

პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ადვოკატსაც არ აქვს წერილის გამოტანის უფლება

"ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება", - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების განცხადებით, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მნახველებს, არამედ ადვოკატებსაც არ აქვთ უფლება, მისი წერილები ციხიდან გამოიტანონ. აღნიშნული განცხადებით, პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, კობა ნაყოფიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის გააფრთხილეს, რომ არ ჰქონდა წერილის გამოტანის უფლება. "ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება. ასევე აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება და სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე", - აღნიშნულია განცხადებაში. აქვე ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით არის პასუხი. კობა ნაყოფიამ ასევე თქვა, რომ სააკაშვილისთვის კომუნიკაციის შესაზღუდად დაბურეს პენიტენციური დაწესებულების მინები. "შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს", - განმარტა პენიტენციურმა სამსახურმა.