თეგი: თეთრი სახლი
თეთრი სახლის წარმომადგენლები: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, რუსულ ბანკებს სანქციები დაუწესდებათ
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თეთრი სახლი აპირებს, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, სახელმწიფო კომპანიებსა და იმპორტის სექტორს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal-ი წერს. მათივე თქმით, სანქციები იმ ზომებზე გაცილებით უფრო მკაცრი იქნება, რაც რუსეთის წინააღმდეგ წინა წლებში იყო დაწესებული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები არ შეუზღუდავს რუსულ ბანკებს წვდომას გლობალურ ტელესაკომუნიკაციო ქსელ SWIFT-ზე, რომლის მეშვეობითაც ბანკები საერთაშორისო ტრანზაქციებს ახორციელებენ.
თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს როგორც „გარდაუვალს“ აღარ აღწერენ
თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს როგორც „გარდაუვალს“ აღარ აღწერენ. ამის მიზეზი ფსაკიმ ბრიფინგზე განმარტა. „ჩვენ შევწყვიტეთ ამ სიტყვის გამოყენება, რადგან ვფიქრობ, რომ მან ის მესიჯი გაგზავნა, რომლის გაგზავნასაც არ ვაპირებდით, რაც იყო ის, რომ თითქოს ჩვენ ვიცოდით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე ჯენ ფსაკიმ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრა გარდაუვალ ფაქტად შეაფასა.
თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. „ლიდერებმა დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განიხილეს მიმდინარე კოორდინაცია როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების მზადებაზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი წარმომადგენლები დარჩებიან მჭიდრო კონტაქტზე, მათ შორის NATO-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კონსულტაციით, რათა მართონ ეს საკითხები კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომებით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მთავრობასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური დახმარების ახალ პაკეტზე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ფსაკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრეზიდენტმა ბაიდენმა და ზელენსკიმ გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას განიხილეს და უკვე შემდგომ ნაბიჯზე მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინის მთავრობების დონეზე გაგრძელდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. 27 იანვარს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის შემდეგ, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის დამატებითი დახმარების გზებს განიხილავს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა რუსეთის სამხედრო ზეწოლას განიცდის. უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო.
აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს
თეთრი სახლი რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების საპასუხო ზომებს აანონსებს. ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ მას. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. სახელმწიფო დეპარტამენტები და ფინანსთა სამინისტრო დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ. ჩვენ ასევე მალე გამოვაცხადებთ დამატებით ზომებს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. გასაგებად რომ ვთქვათ: ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, შემდეგი ნაბიჯების შესახებ და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ესკალაციის შესახებ. იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება
აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს. თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთისთვის დაგეგმილია ისეთი სანქციები, რომლის შედეგადაც რუსეთი ვერ გამოიყენებს თავის ცენტრალურ ბანკს თავისი ვალუტის მხარდასაჭერად. „ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იყოს სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები. მომავალ კვირას ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იქნას სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები - მათი იახტები, სასახლეები და მანკიერი გზით მოპოვებული სხვა შენაძენები, რომელთა ამოცნობას და კანონის ძალით დაყადაღებასაც შევძლებთ", - ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი აცხადებს, რომ აშშ ჯერ არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბროს
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ქეით ბედინგფილდი აცხადებს, რომ აშშ ჯერ არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბროს. „ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვესაუბრებით უკრაინელებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს ვიტყვი“, - აცხადებს ქეით ბედინგფილდი. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება
"აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „ჯო ბაიდენი ყველაფრისთვის მზად არის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით. ჩვენ ის ქ გვჭირდება, რომ ბევრი რამ გააკეთოს“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მზადაა, უკრაინაში ჩავიდეს
თეთრმა სახლმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტები გამოუშვა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით, საკოლექციო მონეტების გაყიდვა დაიწყო. მათი ყიდვა 100 დოლარად არის შესაძლებელი. მონეტის ერთ მხარეს ორი ქვეყნის დროშების ფონზე გამოსახული არიან შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი, მეორეზე კი, უკრაინის ლიდერი აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას. მონეტის ტირაჟი 2,5 ათასს შეადგენს და თითოეულ მათგანს ახლავს ავთენტურობის დამადასტურებელი მოწმობა. თეთრი სახლის ცნობით, მონეტების გაყიდვიდან მიღებული მოგება მთლიანად უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი გახდება
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ჯენ ფსაკის კარინ ჟან-პიერი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. როგორც ცნობილია, ჯენ ფსაკი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას დატოვებს. ამასთან, კარინ ჟან-პიერი აქამდე თეთრი სახლის პრესმდივნის მთავარი მოადგილის ფუნქციებს ასრულებდა.
ბაიდენი თურქეთისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხარს უჭერს თურქეთის თხოვნას, განაახლოს F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ფლოტის და მოახდინოს მოდერნიზაია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს „ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ F-16-თან დაკავშირებით. ეს საუბარი F-16-სა და თურქეთზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე რამდენიმე თვის წინ. ასე რომ, ნამდვილად არაფერია ახალი. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ ძალისხმევას", - განაცხადა პრესკონფერენციაზე სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მისაწოდებლად ემზადება
თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო. "ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
კირბის თქმით, ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა განმეორებაა იმ სცენარის, რომელიც რუსეთმა სირიაში გამოიყენა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა განმეორებაა იმ სცენარის, რომელიც კრემლმა სირიაში გამოიყენა, როდესაც ჰუმანიტარული ტვირთები დაბომბა. კირბი ამბობს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება მათ განცხადებებს, რომ მზად არიან, იყვნენ ხსენებული შეთანხმების „კეთილსინდისიერი მონაწილეები“. „სამწუხაროდ, რუსეთისგან მსგავსი ქმედება ადრეც გვინახავს. - შეგიძლიათ, გაიხსენოთ თუნდაც სირიის ომი, სადაც ბომბავდნენ ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც სირიის მოქალაქეებისთვის და სირიელი ლტოლვილებისთვის იყო განკუთვნილი“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-თან. კირბიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ასეთი თავდასხმები „აღარ განმეორდება“. თავის მხრივ, აშშ „ძალიან ყურადღებით დააკვირდება“ პორტის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს და იმას, შეიძლება თუ არა მან გავლენა მოახდინოს ტერმინალების მუშაობაზე“. შეგახსენებთ, სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განმარტა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების თანახმად, უკრაინა წინასწარ არ აწერს ხელს რუსეთთან რაიმე დოკუმენტს. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება „ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და მათ წინაშე ვალდებულებებს ვიღებთ. რუსეთი თურქეთთან და გაეროსთან სარკისებურ შეთანხმებას აფორმებს. არავითარი რუსული გემების სატრანსპორტო ესკორტი და რუსეთის წარმომადგენლების არსებობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციის შემთხვევაში იქნება დაუყოვნებლივი სამხედრო პასუხი. საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო გემების შემოწმებას თურქეთის წყლებში ერთობლივი ჯგუფი განახორციელებს“, – წერდა მიხაილო პოდოლიაკი. შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ, 23 ივლისს რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი
„რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ირანში აჩვენებს, თუ როგორ გახდა რუსეთი იზოლირებული უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო. „ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა. როგორც ჯონ კირბიმ სამშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, ჯერ არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ირანმა უპილოტო თვითმფრინავები უკვე გადასცა რუსეთს. პუტინმა სამშაბათს ირანში გამართა მოლაპარაკებები უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. შედგა სამმხრივი შეხვედრა ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. ერდოღანი: თურქეთი ელის, რომ რუსეთი და ირანი მხარს დაუჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში
თეთრი სახლი: ნენსი პელოსის უფლება აქვს, ტაივანს ეწვიოს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“. მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა პოტენციური ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“. კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები მიუხედავად შეშფოთებისა, რომ გაზრდილმა დაძაბულობამ შეიძლება, გამოიწვიოს არასწორი გათვლა ასეთი ვიზიტის დროს, კირბიმ დაამატა, რომ აშშ-ის მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პელოსის უსაფრთხო მგზავრობა. Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. მანამდე, მან ტური სინგაპურში ვიზიტით დაიწყო. ამ დრომდე ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანჩი ჩავა. პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა.
თეთრი სახლის მიმდებარედ, ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა
თეთრი სახლის მიმდებარედ, ლაფაიეტის პარკში ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, კლინიკაში გადაყვანამდე მეხის შედეგად დაშავებულ ადამიანებს, პირველადი დახმარება თეთრი სახლის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გაუწიეს. "ორი კაცი და ორი ქალი ძლიერი ქარიშხლის დროს, ლაფაიეტის პარკში იმყოფებოდნენ, როდესაც მედი დაეცათ", - აცხადებენ მეხანძრეები. მომხდარის გამო, დროებით დაიკეტა პარკი. დაშავებულთა ვინაობა ჯერ არ დადასტურებულა.
კალათბურთელ გრაინერისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, აშშ რუსეთს მოუწოდებს, მის წინადადებას დაეთანხმოს
შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს მოუწოდა, დაეთანხმოს შეთავაზებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელის გათავისუფლებას მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მათგანს, კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრინერს, ხუთშაბათს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ეს არის სერიოზული წინადადება. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, მიიღონ ეს წინადადება. მათ უნდა მიეღოთ ის რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ჩვენ პირველად გავაკეთეთ ეს", - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯორ კირბიმ. ვაშინგტონმა მოსკოვს შესთავაზა, გრაინერსა და ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანში გაცვალოს რუსი იარაღით მოვაჭრე, ვიქტორ ბუტი, რომელიც 25-წლიან სასჯელს იხდის შეერთებულ შტატებში, - განუცხადეს Reuters-ს საკითხის მცოდნე წყაროებმა. ამასთან, მათივე ცნობით, რუსეთი ცდილობდა, ასევე გაეცვალა მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიის ციხეში იხდის სასჯელს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთს ამერიკელი კალათბურთელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გასულ პარასკევს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ საუბრები სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობდა. ბლინკენი და ლავროვი ამჟამად კამბოჯაში იმყოფებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) შეხვედრაზე. კირბი მანამდე აცხაებდა, რომ ბლინკენი სავარაუდოდ, შეეცდებოდა, კვლავ ესაუბრა ლავროვთან ახლა, როცა გრაინერს განაჩენი გამოუტანეს.
თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი დაიღუპა
BBC-ის ინფორმაციით, თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი დაიღუპა. თეთრი სახლის მიმდებარედ, ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა გარდაცვლილთაგან ორი 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი არიან, რომლებიც დედაქალაქს მათი ქორწინების 56-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვივნენ. მესამე გარდაცვლილი კი, 29 წლის კაცია. ამასთან, როგორც ცნობილია, მეოთხე დაშავებულიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ჯონ კირბი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: შემზარავი და საშინელი სურათია
"ეს შემზარავია, საშინელებაა", - იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი გამოეხმაურა. ჯოზეფ ბორელი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს "სამწუხაროდ, ეს შეესაბამება იმ მანკიერებას და სისასტიკეს, რომლითაც რუსეთის ძალები უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ამ ომს აწარმოებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების აღრიცხვის ძალისხმევის მხარდაჭერასა და რუსებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევის ხელშეწყობას," - განაცხადა კირბიმ. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დასავლეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს, კიევს მეტი იარაღი მიაწოდონ შეგახსენებთ, 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.
CNN: თეთრი სახლი და ილონ მასკი ირანელი აქტივისტებისთვის Starlink-ის გადაცემაზე მსჯელობენ
თეთრი სახლი და კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ირანის ტერიტორიაზე Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალების განთავსებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ მოლაპარაკებების შინაარსთან წვდომის მქონე პირებზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება. CNN-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი ეძებს საშუალებებს, თუ როგორ დაეხმაროს საპროტესტო მოძრაობას ირანში, რომელიც უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. ირანის საპროტესტო აქციებს ბიძგი მისცა - ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრების შემდეგ. საპროტესტო აქციები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციებზე მძლავრ ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლება, იზრდება მსხვერპლის რიცხვი. ამასთან, სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს შეხლა-შემოხლას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ინტერნეტის ჩახშობის გამო ვიდეოების გავრცელება სულ უფრო რთული ხდება.
თეთრი სახლი: ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა
ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. "მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა. რუსეთი მზად არის, ირანს გაუზიაროს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიები, რომელიც მოსკოვს აქვს", - განაცხადა კირბიმ. ამასთან, თეთრ სახლში ასევე აღნიშნეს, რომ სანქციები დაუწესეს ირანის სამ მოქალაქეს და ერთ კომპანიას, რომელიც რუსეთს ე.წ. კამიკაძე დრონებს აწვდის. "ირანისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა საზიანო იქნება უკრაინისთვის, ასევე ირანის მეზობლებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება. BBC: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის კართან შეხვდა. ფოტოსესიის შემდეგ თეთრ სახლში პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს. აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება - კირბი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება. „ვიზიტის დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ამჟამად არ არის დაგეგმილი. პრეზიდენტი ბაიდენი ვარშავაში გაემგზავრება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. თეთრი სახლის ოფიციალური ინორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს ეწვევა.
თეთრი სახლი: ჯეიკ სალივანმა სალომე ზურაბიშვილს განუცხადა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, სანქციების გვერდის ავლის გზად გახდომა თავიდან აიცილოს
თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი: ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან თეთრი სახლის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა განიხილეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მათი ქვეყნების საერთო ინტერესს. „მათ ასევე განიხილეს მათი საერთო შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციას და სტიგმატიზაციას უცხოური დაფინანსების მიღების გამო, რასაც, შეიძლებოდა შეეფერხებინა ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მუშაობა. ისინი მიესალმნენ მთავრობის გადაწყვეტილებას ორი კანონპროექტის გაწვევის შესახებ. და ბოლოს, მათ განიხილეს იმის აუცილებლობა, რომ რუსეთმა იგრძნოს შეერთებული შტატების და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის მიერ დაწესებული სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების სრული ეკონომიკური ფასი, რომელთა მიზანი უკრაინაში ომის გამო პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ბატონმა სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, თავიდან აიცილოს სანქციების გვერდის ავლის გზად გახდომა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 10 მარტს შეხვდა, რის შესახებაც თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ეს კანონმდებლობა დამაზიანებელ გავლენას მოახდენდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე“. „მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“. ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს და ჯეიკ სალივანს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონმდებლობის წინააღმდეგ პროტესტი. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ეს კანონმდებლობა დამაზიანებელ გავლენას მოახდენდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე“. „მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა კირბიმ და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი რეფორმა. „ჯეიკ სალივანმა ნათლად განუცხადა პრეზიდენტს, რომ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მათთან ამაზე მუშაობა“, - განაცხადა ჯო კირბიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
თეთრი სახლი: კახოვკის კაშხალი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო და ამ ნგრევაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ
აშშ-ის განცხადებით, კახოვკის კაშხალს რუსეთი აკონტროლებდა, ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად. „ვაგრძელებთ მომხდარის შეფასებას. ნგრევა და განადგურება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, გულსატკენია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ეს კაშხალი იყო რუსეთის კონტროლის ქვეშ და ამ ომის შედეგად გამოწვეულ ნგრევაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს ამ რთულ დროს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
უკრაინის საგარეო უწყება თეთრი სახლის განცხადებაზე: უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ომის პირობებში ამდენ რეფორმას ახორციელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს რეფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. „ამჟამად, მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა უკრაინის გარდა, რომელიც ახორციელებს ამდენ რეფორმას მის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომის პირობებში. უკრაინის ფუნდამენტური შიდა გარდაქმნები აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა ნიკოლენკომ. ნიკოლენკოს მიაჩნია, რომ მსოფლიოში ერთი რეფორმა დაუმთავრებელი რჩება. ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთის როლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება. „როგორც კი ჩვენი პარტნიორები მოსკოვში უკან გაუხედავად განიხილავენ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხს, ცხადი გახდება, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის უკრაინის ამ ეტაპზე მიწვევა შეესაბამება მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უკრაინასა და ზოგადად ევროპაში მშვიდობის აღსადგენად და მომავალში რუსული აგრესიის განმეორების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ნიკოლენკომ. შეგახსენებთ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები NATO-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია. ამასთან, მან მოიყვანა ჯო ბაიდენის განცხადება, რომ უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები იმავე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც NATO-ს ქვეყნებმა დააკმაყოფილეს, ვიდრე ისინი ალიანსს შეუერთდნენ.
თეთრი სახლი: რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს
თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე თავდასხმა გააფართოოს და შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსაც დაესხას თავს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ადამ ჰოჯიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. „მიგვაჩნია, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დასაკისრებლად“, - აღნიშნა ადამ ჰოჯიმ. მანვე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში აღნიშნული კოორდინირებული ძალისხმევის გარდა, რუსეთი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო პორტებს ოდესაში, რის შედეგადაც განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და 60 000 ტონა მარცვლეული, რაზეც მიანიშნებს რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ შავი ზღვის წყლებში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება.“ სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება და სრულად შეასრულოს „მარცვლეულის შეთანხმება“
თეთრი სახლი აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს
შეერთებული შტატები კვლავ აგროვებს ინფორმაციას მოსკოვში თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ, განაცხადა თეთრმა სახლმა სამშაბათს და გაიმეორა, რომ ვაშინგტონი მხარს არ უჭერს თავდასხმებს რუსეთის შიგნით და ორიენტირებულია უკრაინის დახმარებაზე. „ჩვენ ვნახეთ ახალი ამბები და ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა. ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს," - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა. მოსკოვმა მის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ 24 ივლისს განაცხადა და მომხდარში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა. კიევი თავდასხმებში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.
თეთრი სახლი მოსკოვზე დრონებით თავდასხმაზე: ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომის შედეგია და კრემლს შეუძლია, რომ ის ნებისმიერ მომენტში შეაჩეროს თავისი ჯარების უკრაინიდან გაყვანით. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა 24 ივლისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი. „ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. მათ დაიწყეს ეს ომი და მათ შეუძლიათ მისი დასრულება. მათ შეუძლიათ დაასრულონ ის ნებისმიერ დროს უკრაინიდან ძალების გაყვანით, მშვიდობიანი მოსახლეობაზე უკრაინის ქალაქებზე სასტიკი თავდასხმების განხორციელების ნაცვლად,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი, ომის დაწყებიდან 15 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღე ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე. „რუსეთმა დაბომბა ოდესის პორტი, დაიღუპნენ და დაშავდნენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, მან გაანადგურა იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი, გაანადგურა ათიათასობით ტონა მარცვლეული, რომელიც განკუთვნილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის”, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გარკვევით განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებას. „მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან გარკვევით ვთქვით, რომ ყირიმი ნამდვილად უკრაინაა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. მოსკოვმა მის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ 24 ივლისს განაცხადა და მომხდარში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა. კიევი თავდასხმებში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.
თეთრი სახლი: კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ „ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სიკვდილე შესაძლოა, კრემლი იყოს პასუხისმგებელი. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ „სრულიად ნათელია, რაც მოხდა." „მინდა, შეგახსენოთ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთში ძალიან ცოტა რამ ხდება ისე, რომ ამის უკან პუტინი არ იდგეს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. და, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ყველაფერი ეს რუსეთის ფედერაციის შიგნით არაეფექტური მუშაობის გამო მოხდა,“ - აღნიშნა ჟან-პიერმა. რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად, 27 აგვისტოს დაადასტურა.
თეთრი სახლი განმარტავს, რა საკითხებით დაინტერესდება ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრაზე
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, რათა მისგან პირადად მოისმინოს ინფორმაცია უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევაში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით. თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მისვლასაც გეგმავს: „კონგრესის წევრებისთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმინონ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი მოისმენს მისგან“, - აღნიშნა კირბიმ. „პრეზიდენტი მოუთმენლად ელის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმინოს ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის შესახებ, ისევე როგორც პროგრესის შესახებ, რომელსაც ისინი აღწევენ - ერთგვარი საკუთარი შეფასება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება სიტუაცია ბრძოლის ველზე," - აღნიშნა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, შეხვედრა "კრიტიკულ მომენტში" იმართება იმ ფონზე, როცა უკრაინის სამხედრო ძალები აგრძელებენ წარმატების მიღწევას კონტრშეტევაში, რუსეთი დახმარებისთვის ისეთ ქვეყნებს მიმართავს, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა და საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით "რამშტაინის" ფორმატში.
სენატში კანონპროექტის დაბლოკვის შემდეგ, თეთრი სახლი უკრაინის თავდაცვის გაძლიერების გეგმას აანონსებს
თეთრმა სახლმა აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზებს შორის „თანამშრომლობისა და ერთობლივი წარმოების“ გაძლიერების გეგმების შესახებ გამოაცხადა. აშშ-უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზის კონფერენციაზე 350-ზე მეტი წარმომადგენელი აშშ-დან, უკრაინიდან და ევროპული ინდუსტრიდან ვაშინგტონში შეიკრიბა, რათა გაეუმჯობესებინათ თანამშრომლობა და წარმოება აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის კომპანიებს შორის და გაეზარდათ იარაღის მთლიანი წარმოება. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკითხში "სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს მრჩეველის ჩართვას გეგმავს, რათა მხარი დაუჭიროს და დააჩქაროს უკრაინის გადასვლა თავსებად სამხედრო ძალებზე, ებრძოლოს კორუფციას და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები კრიტიკულ ინდუსტრიებში.“ გარდა ამისა, ახალი გეგმები მოიცავს უწყებათაშორის "უკრაინის გარიგების გუნდს", ასევე "თანაწარმოებას და ტექნიკური მონაცემების გაცვლას." უწყებათაშორისი გუნდი შედგება თავდაცვისა და ვაჭრობის დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც მხარს დაუჭერენ და წარმართავენ პოტენციურ გარიგებებს და საექსპორტო მოთხოვნებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. მონაცემთა გაცვლა უფრო კონკრეტულად დააკმაყოფილებს ოპერატიულ საჭიროებებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, შეკეთებას და შენარჩუნებას და კრიტიკული საბრძოლო მასალის წარმოებას, ასევე „გააადვილებს საინვესტიციო გარიგებების სწრაფ მოძრაობას.“ თავდაცვის დეპარტამენტი და ინდუსტრიის პარტნიორები ასევე მიაწვდიან უკრაინას შესაბამის ტექნიკურ მონაცემებს FrankenSAM-ის პროექტების ადგილობრივი შიდა წარმოების დასაწყებად, „რომლებიც ცდილობენ, გაააქტიურონ უკრაინის მემკვიდრეობითი საჰაერო თავდაცვის სისტემები გარკვეული დასავლური საბრძოლო მასალის ინტეგრირებით.“ ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როცა სენატში უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაიბლოკა. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ „ფსონები ძალიან მაღალია.“
რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად
ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად კომპრომისს ეძებს. თეთრ სახლში განიხილავენ ახალი შეზღუდვების შესაძლელობას თავშესაფრის მაძიებლების საკითხზე, ასევე საუბარია დეპორტაციის პროცესის გაფართოებაზე. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის დავის ფონზე საჭიროა კომპრომისი, რომლის საფუძველზეც, აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის წახალისება აღარ უნდა მოხდეს. ეს უკანასკნელია სწორედ რესპუბლიკელების მოთხოვნა, ბაიდენი კი, მათ შანტაჟში ადანაშაულებს. „თეთრი სახლი თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების სტანდარტის გასაძლიერებლად მზად იქნება“ განუცხადა Reuters-ს წყარომ. ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ითვალისწინებს „უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ დებულებას, რომელიც უარს ეტყვის თავშესაფრის მიცემაზე იმ მიგრანტებს, რომლებიც სხვა ქვეყნის გავლით ჩადიან აშშ-ში. შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი შეიძლება, დაჩქარებული დეპორტაციის პროცესის გაფართოებაც იყოს. „სენატორების ორპარტიული ჯგუფი, რომელიც ცდილობს შეთანხმების მიღწევას, ასევე განიხილავს თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის შეზღუდვას,“ განაცხადა წყარომ. ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ასეთ ვარიანტზე გაურკვეველი რჩება. ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისისთვის. „რესპუბლიკელების“ ხელმძღვანელობით წარმომადგენელთა პალატამ სამუშაო პერიოდი 14 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს, რაც შეზღუდულ დროს ტოვებს კანონების მისაღებად. ანალოგიური ვადები აქვს „დემოკრატების“ ხელმძღვანელობით სენატსაც. ამის გათვალისწინებით, Reuters-ი წერს, რომ მხარეების მიზანია ძირითადი შეთანხმების მიღწევა და საკანონმდებლო ტექსტის დეტალებზე მუშაობა შესაძლოა, არდადეგების პერიოდშიც გაგრძელდეს. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია
თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა
ვაშინგტონში, თეთრი სახლის კომპლექსის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ენტონი გულიელმის განცხადებით, მძღოლი დაკავებულია და ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ცნობისთვის, დეკემბერში, დელავერის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა. მძღოლს ბრალი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის წაუყენეს.
თეთრი სახლი უახლეს ამერიკულ აღჭურვილობაზე უკრაინის წვდომის უზრუნველსაყოფად მუშაობს
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ტექნოლოგიებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროს ათამდე ლიდერს შეხვდნენ, რათა უახლეს ამერიკულ აღჭურვილობაზე უკრაინის წვდომის მხარდასაჭერად, ბაიდენის ადმინისტრაციის ინტერესი გაეძლიერებინათ. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მაღალჩინოსნის თქმით, საუბარი ფოკუსირებული იყო უამრავ სისტემაზე, მათ შორის, უპილოტო საჰაერო სისტემებზე, დრონების თავდასხმასთან გამკლავების საკითხებზე. Reuters-ის კიდევ ერთი თანამოსაუბრის თქმით, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა შეხვედრა მოიწვია, რათა უკრაინას ტექნოლოგიური გამოწვევების გადალახვაში დაეხმარონ. ეს არის საკვანძო საკითხი, რომელიც აშშ-მ გამოყო და მიიჩნია, რომ ამის გამო ფერხდება უკრაინის პროგრესი და იმპულსი ბრძოლის ველზე. რაც შეეხება შეხვედრის მონაწილეებს, როგორც Reuters-ი წერს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ძირითადად შეხვდნენ ინდუსტრიის აღმასრულებლებს Fortem Aerospace-დან, თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანიებიდან - Palantir Technologies Inc (PLTR.N) და Anduril Industries Inc, ასევე, თვითმფრინავების მწარმოებელ Skydio-დან. ბრიტანული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე შეხვედრას თავად სალივანი და მისი მოადგილეც ესწრებოდნენ. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას ხელს შეუშლის 100 მილიარდ დოლარზე მეტი დამატებითი დახმარების პაკეტის არმიღება. მისი დამტკიცებისკენ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონმდებლებს რამდენჯერმე უკვე მოუწოდა. ეს პაკეტი მოიცავს დაახლოებით 50 მილიარდ აშშ დოლარის ახალ დახმარებას უკრაინისთვის.
ბაიდენმა უკრაინის დახმარებაზე მოსალაპარაკებლად კონგრესის ლიდერები თეთრ სახლში მიიწვია
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს, 17 იანვარს თეთრ სახლში კონგრესის ოთხი ლიდერი და კიდევ რამდენიმე კანონმდებელი მიიწვია. მიწვეულ კანონმდებლებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი, პალატის დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა თეთრ სახლში დანიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონმდებლებთან ერთად განიხილავს "გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს." 16 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს კვირებში უკრაინის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწევს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის მორიგი მასშტაბური დახმარების დამტკიცებას ცდილობს. რესპუბლიკელი კონგრესმენები ითხოვენ, რომ კანონპროექტში ამერიკის საზღვრის დაცვის თაობაზე მათი მოთხოვნებიც იყოს გათვალისწინებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად გადაწყვიტოს უკრაინის დაფინანსების საკითხი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები გააფრთხილა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შეფერხება საფრთხეს უქმნის ამერიკის, NATO-ს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. 17 იანვარს ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს და დაზვერვის, შეიარაღებული ძალების, საფინანსო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს. თეთრ სახლის ცნობით, ბაიდენმა შეხვედრაზე მიიწვია „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერები, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელი აუცილებლობა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან განიხილა „უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები." „შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა კონგრესის მნიშვნელობას, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო რესურსები, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი შეჭრისგან. პრეზიდენტმა განიხილა უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები უკრაინის, შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის. მან ნათლად განაცხადა : კონგრესის მუდმივი წარუმატებლობა საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ,NATO-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად. ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი დათანხმდა, რომ საჭიროა სასწრაფო ზომები აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე სიტუაციის გასაუმჯობესებლად და აღნიშნა, რომ მისთვის იმედის მომცემია ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. „პრეზიდენტმა ასევე ცხადყო, რომ ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ საზღვარზე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. მისი თქმით, წახალისებულია სენატში მიმდინარე ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესით. მან გამოთქვა მზადყოფნა სასაზღვრო პოლიტიკასა და საზღვარზე დამატებითი რესურსების საჭიროებაზე ორპარტიული შეთანხმების მიღწევაზე,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში. ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს.
თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის „ანტისატელიტური შესაძლებლობა“ არ წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს
რუსეთი თანამგზავრების საწინააღმდეგო შესაძლებლობების შექმნაზე მუშაობს, რომელიც შეიძლება, კოსმოსში გამოიყენოს. აშშ-ის ადმინისტრაცია მოსკოვის ამ გეგმებს ძალზე სერიოზულად ეკიდება. ამის შესახებ აშშ-ის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საუბარი არ არის იარაღზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს ადამიანებზე თავდასხმისთვის ან დედამიწაზე ფიზიკური განადგურების გამოსაწვევად. „მინდა გარკვევით განვმარტო რამდენიმე რამ. პირველი, ეს არ არის აქტიური შესაძლებლობა, რომელიც განლაგებულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სწრაფვა ამ კონკრეტულ შესაძლებლობებზე შემაშფოთებელია, უშუალო საფრთხე არავის უსაფრთხოებას არ ემუქრება. ჩვენ არ ვსაუბრობთ იარაღზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს ადამიანებზე თავდასხმისთვის ან შეეძლოს ფიზიკური განადგურების გამოწვევა დედამიწაზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით რუსეთის ამ აქტივობას.“ „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონგრესის წევრების, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ყველა თქვენგანისა და ამერიკელი ხალხის მაქსიმალურად ინფორმირებულობას. არაფერია პრეზიდენტი ბაიდენისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება. ეს მისი მთავარი პრიორიტეტია,“ აღნიშნა კირბიმ. დამაზუსტებელ შეკითხვას, საუბარია თუ არა ბირთვულ იარაღზე. კირბი ასე პასუხობს: „მე არ ვაპირებ უფრო დეტალებში შესვლას. ეს არის ანტისატელიტური შესაძლებლობა, რომელსაც ისინი ავითარებენ. და ამის იქით ვერ წავალ.“ კირბის თქმით, მას ყველა დეტალის გასაჯაროება არ შეუძლია, მაგრამ რუსეთის ამ ქმედებებს ამერიკის შესაბამისი სამსახურები აკვირდებიან. თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ ეს განცხადებები აშშ-ის ადმინისტრაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კანონის მისაღებად სჭირდება. ცნობისთვის, კაპიტოლიუმში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გამართა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონიც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ ჯონსონმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და აუცილებელია მისი დროულად მოგვარება. „ჩვენ გვქონდა ინფორმაციული შეხვედრა ჯეიკ სალივანთან. ეს არის ის საკითხი, რომელიც ერთი კვირაა, ვიცით. ჩვენ შეხვედრის მოთხოვნა გავაგზავნეთ პრეზიდენტთანაც. ეს ძალიან სერიოზული საქმეა. რაღაც ინფორმაციებმა გაჟონა. ვარაუდი ბევრია. ის, რისი თქმის უფლება გვაქვს, არის ის, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მასში ჩართულია რუსეთი. ეს არ არის საქმე, რომელიც შეიძლება, გადაიდოს. ეს არის ის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ სერიოზულად და დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ,“ – განაცხადა მაიკ ჯონსონმა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საფრთხე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა. ბლინკენმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესმა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებით სერიოზული საშიშროების შესახებ განაცხადა. „ეს არ არის აქტიური შესაძლებლობა, მაგრამ ეს არის პოტენციური შესაძლებლობა, რომელსაც სერიოზულად ვეკიდებით. ველოდები, რომ მეტი გვექნება სათქმელი. ასე რომ, დაელოდეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ყურადღება მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ხალხის უსაფრთხოებაზე. NBC News: რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას“ ეხება.
ჯო ბაიდენი კონგრესის სპიკერთან შეხვედრაზე: უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები საშინელია
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, მაიკ ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თეთრ სახლში მან კონგრესის ლიდერების საერთო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასევე ცალკეც ესაუბრა ბაიდენს. „პირველ რიგში საჭიროა აშშ-ის საჭიროებებზე ვიზრუნოთ.“ „როდესაც დღეს აქ მოვედი, მიზნად მქონდა გამომეხატა, თვალსაჩინო სიმართლე: პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ და უპირველეს ყოვლისა - ჩვენს ღია საზღვარზე,” - განაცხადა ჯონსონმა. წარმომადგენელთა პალატის მუშაობის სხვა პრიორიტეტად ჯონსონმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელება დაასახელა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეები “ძალიან ოპტიმისტურები არიან” და იმედი აქვთ, რომ “შათდაუნის” თავიდან ასარიდებლად შეთანხმებას მიაღწევენ. ბოლოს ჯონსონმა იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებასაც მოიცავს. „მკაფიოდ ვუთხარი პრეზიდენტს და სხვა დამსწრეებს, რომ [წარმომადგენელთა] პალატა აქტიურად შეისწავლის ყველა შესაძლო ვარიანტს. და ამ საკითხს დროულად შევუდგებით, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნისთვის პირველი პრიორიტეტია - საზღვარი და მისი დაცულობა,”- განაცხადა ჯონსონმა. ამერიკულმა ტელერხმა ABC-მ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ინფორმაცია გაავრცელა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების არდამტკიცების შემთხვევაში მარტის ბოლოსთვის უკრაინას საბრძოლო მასალის “კატასტროფული” უკმარისობა ელის, კერძოდ კი, საარტილერიო ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების. ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის დახმარების აუცილებლობას კონგრესის ლიდერებთან შეხვედრის წინ. „ვფიქრობ, უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები საშინელია.“ „მე ვესაუბრე G7-ის ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს… ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან,“ განაცხადა ბაიდენმა. გარკვეული კონტექსტი: შაბათს, ბაიდენმა მოუწოდა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს და კონგრესის წევრებს, დაბრუნებულიყვნენ ორკვირიანი შესვენებიდან და გადაეცათ უკრაინისთვის საჭირო დახმარება. გასულ კვირას უკრაინაში ვიზიტისას, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ასევე მოუწოდა პალატის რესპუბლიკელებს, მიიღონ დახმარების კანონპროექტი.
კონგრესმა უნდა დაამტკიცოს დახმარება, რადგან უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვა სჭირდება - თეთრი სახლი
თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე, დაამტკიცოს უკრაინას დახმარება, რომელიც კიევს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ 28-29 მარტის ღამეს რუსეთმა განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა უკრაინის ენერგოსისტემაზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი ადამიანი ჩამოართვა სითბოს, წყალს და ელექტროენერგიას. „ეს დაბომბვა - უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების სერიის ნაწილია, რაც არის საშინელი შეხსენება ვლადიმერ პუტინის მცდელობების, გატეხოს უკრაინელი ხალხის სულისკვეთება,“ მისი თქმით, ამ ფონზე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული დამატებითი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი. „ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა გავუგზავნოთ. უკრაინის საჭიროება გადაუდებელია და ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე შემდგომი შეფერხება დავუშვათ,“ აღნიშნა უოტსონმა. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.
თეთრმა სახლმა „რამშტეინის“ ფორმატის NATO-ს კონტროლქვეშ გადაცემის შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა
თეთრმა სახლმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - რამშტეინის ფორმატის - NATO-ს ეგიდით შესაძლო ფუნქციონირების შესახებ კომენტარი გააკეთა. aმის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. კირბის თქმით, შეერთებული შტატები შეინარჩუნებს ლიდერობას საკონტაქტო ჯგუფში და ვაშინგტონი აფასებს თითოეული მონაწილე ქვეყნის წვლილს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერაში შეაქვთ. „საკონტაქტო ჯგუფი ძალიან, ძალიან ეფექტურია. ჩვენ გავაგრძელებთ მის ხელმძღვანელობას და მოწვევას," - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მან აღნიშნა, რომ ჯგუფის შეხვედრებში მონაწილე ქვეყნები "გაერთიანდნენ ამერიკის ხელმძღვანელობით, ეს არის ამერიკის ხელმძღვანელობა, რომელიც აერთიანებს მათ." კირბიმ განაცხადა, რომ NATO თავიდანვე რჩება ამ პროცესის ნაწილად. NATO უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც 5 წლის განმავლობაში წევრი სახელმწიფოები ჯამში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანებს დაგეგმავენ. გამოცემის წყარო ამბობს, რომ ალიანსის წევრები ჯერ კიდევ განიხილავენ სტოლტენბერგის იდეას და შენატანების გადანაწილების მექანიზმს. წყაროები აღნიშნავენ, რომ წინადადება, დიდი ალბათობით, შეიცვლება იქამდე, სანამ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ. პაკეტის ნაწილად, NATO-მ ასევე შეიძლება, თავის თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (“რამშტაინის” ფორმატი) ოპერატიული ვალდებულებები, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და რომელიც კიევისთვის იარაღის მიწოდებების კოორდინაციას ახდენს.
პენტაგონი უკრაინაში საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გაგზავნისთვის ემზადება - Politico
უკრაინის დახმარების კანონპროექტზე კენჭისყრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დღეს გაიმართება. აშშ-ის კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა. „როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, უკრაინელებმა კონგრესის უმოქმედობის გამო ტერიტორიები დათმეს. მაგრამ ჩვენ მოხარული ვართ, რომ კონგრესი წინ ორპარტიულ საფუძველზე მიიწევს. ჩვენ გვსურს, რომ კონგრესმა, სენატმა ეს დაამტკიცოს და იგი პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს და პრეზიდენტი ამ დახმარებას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ხელში ჩაგდებაა. „და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როდესაც ტირანსა და დიქტატორს ვერ აჩერებენ და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისტორია განმეორდეს,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა. გუშინ, 19 აპრილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საგარეო დახმარების ოთხ ცალკეულ კანონპროექტზე პროცედურული კენჭისყრა გამართა, მათ შორის უკრაინის დახმარების კანონპროექტზე. შეერთებული შტატები ემზადება, სწრაფად მიიღოს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რადგან კონგრესი მალე დაამტკიცებს კანონს უკრაინის მხარდასაჭერად, იტყობინება Politico. მედიის ცნობით, ამერიკული იარაღის ნაწილი უკვე განლაგებულია ევროპის მასშტაბით საწყობებში და მისი უკრაინაში დაუყოვნებლივ გადატანა შესაძლებელია. ზოგიერთი აღჭურვილობა შეიძლება, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩაიტანონ, ზოგს კი, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა უარი თქვა დეტალების დაკონკრეტებაზე იმის შესახებ, თუ რას მოიცავს სამომავლო დახმარების პაკეტი. მაგრამ, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან საიმედო ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ძალიან სწრაფად გადაიტანოს მატერიალური აქტივები. ეს შეიძლება, დღეების საკითხი იყოს. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის დახმარების პაკეტის გარშემო კენჭისყრას 20 აპრილს ჩაატარებს. განაცხადა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს, ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მას მერე, რაც დახმარება სენატმა დაამტკიცა.
სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს
თეთრმა სახლმა გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა „მსუსხავი ეფექტი“ შეიძლება, ჰქონდეს შემოთავაზებულ კანონმდებლობას ქართველების უნარსა და სურვილზე, გამოხატონ საკუთარი აზრი. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით,“ აღნიშნა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. დღეს კომენტარი გააკეთა ბლინკენის მრჩეველმა დერეკ შოლემ. უფრო ადრე კი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, თუმცა ქართულმა მხარემ ამ მიწვევაზე უარი განააცხადა. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი
თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს
თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი 14 მაისს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური „აგენტების კანონის“ მიღებას. „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში კრემლის ყაიდის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც სულ ახლახან დამტკიცდა პარლამენტის მიერ და მოველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. იმ ფონზე, როცა არ არის ნათელი პარლამენტი დაძლევს თუ არა პოტენციურ ვეტოს, ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებაზე იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს და ნუ დაგვავიწყდება, რომ - NATO-სასაც. ქართველი ხალხი ამ კანონმდებლობის მიმართ საკუთარ თვალსაზრისს გამოხატავს ქუჩებში პროტესტით და გასულ შაბათ-კვირას გავრცელებული ცნობებით, ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი, ათობით ათასი მშვიდობიანი მონაწილით, რომლებიც არ შეეპუენ დაშინების ტაქტიკას და თავიანთ მთავრობას უთხრეს, შეწინააღმდეგებოდა ამ კანონს, ვინაიდან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. მაგრამ, თუ ეს კანონმდებლობა [საბოლოოდ] დამტკიცდება, ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს. თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება
ბაიდენი და მაკრონი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით
ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. შესაბამის განცხადებას აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ავრცელებენ. ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ.“ „ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, რომ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში ქართველი ხალხის გვერდით დგანან. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდებოდა. ამ ფონზე, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. 3 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა. 3 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ განიხილავენ პასუხს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. 5 ივნისს უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს - აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა - მხოლოდ რიტორიკა. „დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი [საქართველოსთან] ურთიერთობის გადახედვა დავაანონსეთ იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც საქართველომ მიიღო, და ცოტათი გაბედული ვიქნები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა მხოლოდ რიტორიკა. ეს ეხება დახმარების რაოდენობას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვაწვდით, დაახლოებით, 390 მილიონი [აშშ დოლარი], რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში გამოიყო და რაც განხილვის ქვეშაა. ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის პოლიტიკაც ორ კვირაზე ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ და რომელსაც ახლა განვიხილავთ - უნდა მივიღოთ თუ არა, და როგორ და როდის უნდა მივიღოთ. ასე რომ, ჩვენგან მეტს დაინახავთ, ჩვენგან მეტს გაიგებთ ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არა. სახელმწიფო მდივანი იყო, ვინც ეს [ურთიერთობების] გადახედვა დააანონსა, მაგრამ საბოლო ჯამში, ეს სხვების მიერ ტარდება სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე, და სახელმწიფო მდივანი გადაწყვეტილებას მიიღებს ამ კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად,” - განაცხადა მილერმა. 6 ივნისს ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობას კეროლაინ ლივიტი დაიკავებს
დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტს დანიშნავს. „კეროლაინი ჭკვიანია, ძლიერია და დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტიანი კომუნიკატორია,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 27 წლის კეროლაინ ლივიტი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, აშშ-ის ისტორიაში თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესსპიკერი იქნება. ამ დრომდე ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი იყო რონ ზიგლერი, რომელმაც თანამდებობა 29 წლის ასაკში, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს დაიკავა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას სტივენ ჩუნი დაიკავებს, რომელიც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის პრესსპიკერი იყო.