თეგი: ევროპის საბჭო
ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს
ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას, ევროპის საბჭო საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების ცალმხრივ დარღვევას, რომელიც დონბასში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ ფუნდამენტად რჩება. ევროპის საბჭო ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და თავი შეიკავოს სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ჩვენს წევრ ქვეყნებს, გადაწყვიტონ თავიანთი უთანხმოება დიალოგის გზით, ევროპის საბჭოს სტატუსით დაცული პრინციპების და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში გათვალისწინებული პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩთან ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ამის შესახებინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთგული რჩება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მთავარი პრიორიტეტის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით და მრავალმხრივი შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. ბოლო წლებში კი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების ერთიანი ეროვნული სტრატეგია საქართველომ პირველად 2014 წელს დაამტკიცა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობოდა და 2014-2020 წლებს ფარავდა. სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით კი ამჯერად მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს. გასულ წელს გაერო-ს სააგენტოებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთავრობის ადმინისტრაციამ შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი შექმნა, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის გაერო-ს შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის რეკომენდაციებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტით არის დაცული. მისი თქმით, მთავრობა რჩება მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის ერთგული და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლემი, კომისრის მრჩეველი ოლენა პეტსუნი, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: ტრაგიკული დროა ევროპისთვის
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე, „რომელიც არღვევს ევროპის საბჭოს სტატუტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუბრუნდეს დიპლომატიას მშვიდობის აღსადგენად და მთელი კონტინენტისთვის შემდგომი დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ეს არის ტრაგიკული დრო ევროპისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ის ეფუძნება. მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა პრიორიტეტულ საკითხად უნდა დარჩეს. მთელი ჩემი ფიქრები უკრაინისკენ, მისი ხალხისა და ხელისუფლებისკენაა მიმართული. მინისტრთა კომიტეტთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, ჩვენ სასწრაფოდ მივიღებთ აუცილებელ ზომებს არსებულ ვითარებაზე რეაგირებისთვის. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო
ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ Twitter-ზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი წერს. „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, დაიწყო ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა. საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული“, - წერს მორავეცკი. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჩააბარა
რუსეთმა ევროსაბჭოს ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილების შესახებ უწყება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბუჩის გადასცა. „ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად, უარს აცხადებენ თანასწორუფლებიან დიალოგსა და იმ ყველა პრინციპზე, რომლის საფუძველზეც შეიქმნა. 25 თებერვალს, დისკრედიტაციის მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოში არ დარჩება“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს
ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება
ევროპულმა საბჭომ სხდომის შემდეგ დასკვნითი განცახდება გამოაქვეყნა ევროპული საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადებზე მოსაზრებების მომზადებას და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი. „ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ომს. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი განურჩეველი თავდასხმა მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა თავისი სამხედრო დანაყოფი და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეები, გამოწვეული ტანჯვა და ნგრევა აღუწერელია. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასასვლელი ყველა მოქალაქისთვის. ევროპული საბჭო ელოდება, რომ სრულად დაცული იქნება ჰუმანიტარული სამართალი, მათ შორის სამხედრო პატიმრებისადმი მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენცია. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას რუსეთის მიერ იძულებით გადაყვანილი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროპული საბჭო მხარდაჭერას უცხადებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მუშაობას სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად და მიესალმება ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელსაც „ევროჯასტი“ უწევს კოორდინაციას. „რუსეთი, ბელორუსი და ყველა პასუხისმგებელი პირი თავისი ქმედებებისთვის საერთაშორისო სამართლის მიხედვით პასუხს აგებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში. ევროპული საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს, გააძლიეროს რუსეთსა და ბელარუსზე ზეწოლა, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეაჩეროს. ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს. „სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს აღკვეთილი“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში. დასკვნით განცხადებაში ასევე საუბარია სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ნავთოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს და რომელიც დროებით არ ვრცელედება მილსადენით გადაზიდულ ნავთობზე. ევროპული საბჭო ასევე უკრაინის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების შესახებ აღნიშნავს და აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინას ახალი მაკროფინანსური დახმარების სახით 2022 წელს ცხრა მილიარდი ევრო გამოუყოს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან ნატალია ვუტოვასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს რეკომენდაციები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს გეგმები მათი განხორციელების კუთხით და ევროპის საბჭოს ჩართულობის შესაძლებლობები. ნატალია ვუტოვამ გამოხატა ევროპის საბჭოს მხრიდან დაგეგმილ რეფორმებში ჩართულობის და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენის მზაობა. მხარეები რეკომენდაციების შესრულების პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“ მენეჯერი უშანგი ბახტაძე და პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მენეჯერი მაია ჯორჯიკია.
პროკურატურა: საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა სრულად შესრულებულად მიიჩნია
ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს თაობაზე ანგარიში დაამტკიცა და საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია სრულად შესრულებულად მიიჩნია, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაში არის აღნიშნული. უწყების ცნობით, ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების და დისციპლინური გადაცდომების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის ბრძანების გამოცემას. „მათი შეფასებით, აღნიშნული ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრა პროკურორების დისციპლინური გადაცდომების სახეები და უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობა. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ სრულად შესრულდა რეკომენდაცია პროკურორების დისციპლინური რეჟიმის სრულყოფის თაობაზე. საქართველოს პროკურატურას, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების მხრივ, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გაცემული ხუთი რეკომენდაციიდან, ამ დროისათვის ხუთივე სრულად აქვს შესრულებული. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის ანგარიში საქართველოს შესახებ
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები ლგბტ პირებისა და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის, შრომის უფლებების, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით. ანგარიშის თანახმად, საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეფექტიანად უნდა დანერგოს. დოკუმენტი Europetime-ს დუნია მიატოვიჩის ოფისმა მიაწოდა. კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტი პირები კვლავ არიან სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისა და გავრცელებული დისკრიმინაციის მსხვერპლნი საქართველოში. დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა ადამიანის უფლებების დამრღვევების დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი კატეგორიის პროფესიონალების ტრენინგი პრიორიტეტი უნდა იყოს. კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სივრცეში, შემაშფოთებელია და რომ სათანადო რეაგირება სიძულვილის ენაზე, მათ შორის ოფიციალური პირების, რელიგიური ლიდერების და მედიის პროფესიონალების მიერ გახმოვანებისას, საჭიროა სამართალდამცავი არხების და სხვა მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, როგორიცაა პრევენცია, მონიტორინგი და თვითრეგულირება. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ზომები, რათა ლგბტ პირებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეკრების უფლება. ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სქესის ლეგალურ აღიარებას სწრაფი და გამჭვირვალე გზით. რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოხსნას დისკრიმინაციული ბარიერები ღვთისმსახურების ადგილებში და საგადასახადო და რელიგიური საკუთრების საკითხების რეგულირებისას. „ღია დიალოგი ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან უნდა დამყარდეს", - განაცხადა მიატოვიჩმა. გარდა ამისა, კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა სასკოლო სახელმძღვანელოებიდან რელიგიური სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად. მიატოვიჩი აღნიშნავს, რომ 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმებამ გამოიწვია საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის საკითხის მნიშვნელოვანი გაუარესება. კომისარი მიესალმება უახლეს ყოვლისმომცველ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ რეფორმებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვაროს დარჩენილი საკანონმდებლო ხარვეზები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მინიმალური ხელფასის დადგენით, მშობლის შვებულების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობისა და კომპენსაციის შესახებ მკაფიო სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებით. დუნია მიატოვიჩი საქართველოში 2022 წლის თებერვალში იმყოფებოდა.
მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში საქართველოს კვოტით ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეირჩა
ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) საქართველოს კვოტით წარსადგენი წევრობის კანდიდატი შეირჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, CEPEJ-სა და CCJE-ში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის №848 და №850 ბრძანებებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად. პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) გამოცხადებულ საჯარო კონკურსში CEPEJ-ში წევრობის მიზნით ექვსმა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი, ხოლო CCJE-ის კონკურსში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევის შემდგომ, გასაუბრების ეტაპზე, სამი კანდიდატი გადავიდა და ორეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კვოტით წარსადგენ კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეარჩია. "ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) ქეთევან ცინცაძე საქართველოს კვოტით ხუთი წლის ვადით იქნება წარდგენილი. CEPEJ თავისი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების, ამასთან, ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობის მიზნით; კომისიის წევრი ექსპერტების საქმიანობის მიზანს კი, კომისიის ფუნქციების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა წარმოადგენს. CCJE-ის წევრი მოსამართლეები მუშაობენ სამართლის უზენაესობის, ევროპული სტანდარტების დანერგვის, განსაკუთრებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის ზრდის, აგრეთვე, მათი სამოსამართლო საქმიანობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიმართულებით. ეროვნულ დონეზე კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესაბამისად, CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატი საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობის №234 დადგენილებით. საგულისხმოა, რომ ამ დადგენილების მიღებით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცედურები, რომელთა ფარგლებშიც კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის შედეგად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მართლმსაჯულების ეფექტიანობა და ხარისხი ევროპაში: ევროპის საბჭო 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს და აზერბაიჯანს სასამართლო სისტემისთვის (ერთ სულ მოსახლეზე) ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვთ (8,7 ევრო საქართველოსთვის და 9,6 ევრო აზერბაიჯანისთვის). ალბანეთმა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, კვიპროსმა, საქართველომ, მოლდოვას რესპუბლიკამ და გაერთიანებულმა სამეფომ - შოტლანდიამ თავიანთი ბიუჯეტის 35%-ზე მეტი, პროკურატურის სტრუქტურებზე დახარჯეს ანგარიშში, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ) 44 ევროპული ქვეყნისა და 3 დამკვირვებელი სახელმწიფოს სასამართლო სისტემების ძირითად ტენდენციებს ასახავს. ეს შეფასების ანგარიში მეათეა, 2002 წელს CEPEJ-ის დაარსებიდან და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ტენდენციებზე: მართლმსაჯულებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შესახებ:• 2010-2020 წლებში სახელმწიფოებმა აჩვენეს სტაბილური, მაგრამ არათანაბარი ზრდა; 2020 წელს ისინი სასამართლო სისტემაზე საშუალოდ ერთ მოსახლეზე 79 ევროს ხარჯავდნენ (ანუ 7 ევროთი მეტს ვიდრე 2018 წელს);• ამ ბიუჯეტის 66% სასამართლოებს ეთმობოდა, 24,5% პროკურატურას და 9,5% იურიდიულ დახმარებას;• 2018-2020 წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცენტული ზრდა, საშუალოდ 12%-ის ტოლი, პროკურატურის ბიუჯეტთან მიმართებით დაფიქსირდა;• გარკვეული სერვისების აუთსორსინგის მზარდი ტენდენცია კვლავ აისახა 2020 წელს;• აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები პროპორციულად მეტს ხარჯავენ პროკურატურის სერვისებზე, ხოლო ჩრდილოეთ ევროპისა და საერთო სამართლის ქვეყნები შედარებით მეტ ინვესტიციას იურიდიულ დახმარებაზე;• ყველა ქვეყანას აქვს იურიდიული დახმარების მექანიზმი სისხლის სამართლისა და მათ გარდა სხვა საქმეებისათვის, რათა უზრუნველყონ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. მართლმსაჯულების სპეციალისტებისა და სასამართლოების შესახებ:• წევრ ქვეყნებსა და ერთეულებში ოდნავ გაიზარდა პროფესიონალი მოსამართლეების რაოდენობა (საშუალოდ 22,2 მოსამართლე 100 000 მოსახლეზე) მნიშვნელოვანი განსხვავებებით სახელმწიფოებსა და ერთეულებს შორის, რაც ნაწილობრივ შეიძლება, სასამართლო ორგანიზაციების მრავალფეროვნებით, გეოგრაფიული ფაქტორებით და/ან ევროპული სამართლებრივი სისტემების ევოლუციით აიხსნას.• უკვე რამდენიმე წელია, ქალ მოსამართლეთა და პროკურორთა რაოდენობა მამაკაცებს აჭარბებს; ამავდროულად, „შუშის ჭერი“, ანუ ქალების სიმცირე უმაღლეს პოზიციებზე კვლავ სახეზეა; თუმცა არსებობს რამდენიმე პერსპექტიული განვითარება და შთამაგონებელი მაგალითი, ქალთა კარიერის და უმაღლეს სასამართლო პოზიციებზე გენდერული ბალანსის ხელშესაწყობად. ევროპელ იურისტებს შორის ჯერ ისევ ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობდნენ, მაგრამ ამ სფეროში ასევე შესამჩნევი იყო ცვლილებები ქალების სასარგებლოდ; კვლავ გაიზარდა ადვოკატთა რაოდენობა ევროპაში (2020 წლის საშუალო რაოდენობა გახლავთ 172 ადვოკატი 100 000 მოსახლეზე), მაგრამ ქვეყნიდან-ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ადვოკატთა სიმჭიდროვე;• მნიშვნელოვანი განსხვავებაა ევროპაში მოსამართლეთა ხელფასსა და საშუალო ეროვნულ ხელფასებს შორის: 1.0/1.7 გერმანიაში (კარიერის დასაწყისში/ბოლოს) 6.8/21.6-მდე უკრაინაში (კარიერის დასაწყისში/ბოლოს); იგივე ეხებათ პროკურორებს: 0,8-დან ირლანდიაში 4,1-მდე ალბანეთში კარიერის დასაწყისში და 1,7-დან გერმანიასა და ლუქსემბურგში, 7,8-მდე საქართველოში კარიერის ბოლოს; ზოგადად, სხვადასხვა მიზეზის გამო პროკურორების ხელფასი მოსამართლეებთან შედარებით დაბალია;• 2010-2020 წლებში სასამართლოების რაოდენობა ევროპაში შემცირდა და კვლავ ძლიერი ტენდენცია გახლდათ სასამართლოების სპეციალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია 2020 წელს შენელდა. სასამართლო სისტემის მომხმარებლების შესახებ:• Covid19-ის პანდემიამ გააძლიერა მომხმარებლების ცენტრალური ადგილი მართლმსაჯულების სისტემაში, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ახალ გამოწვევების, კომუნიკაციისა და სასამართლო სერვისების მიწოდების ახალ გზების და მართლმსაჯულების გაციფრულების დაჩქარების გათვალისწინებით;• მეტი რესურსი, მათ შორის ადამიანური რესურსი უნდა დაეთმოს მართლმსაჯულების მომხმარებლებთან უკეთეს კომუნიკაციას, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სასამართლო სისტემისადმი ნდობა;• მონაცემები სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ შეიძლება, გამოყენებული იყოს მართლმსაჯულების უკეთესი და უფრო ეფექტიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად და სასამართლო სისტემების ლეგიტიმურობის გაზრდის გზების შესამუშავებლად. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შესახებ:• ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები და სუბიექტები სულ უფრო მეტად იყენებენ ICT-ს სასამართლო საქმიანობის მხარდასაჭერად და წინა წლებთან შედარებით, სასამართლოს ბიუჯეტის უფრო დიდ პროცენტს უთმობენ კომპიუტერიზაციას;• Covid19-ის პანდემიის შედეგად წარმოშობილმა გამოწვევებმა შესაძლებელი გახადა უფრო ფართო მასშტაბით და სწრაფი ტემპით განხორციელებულიყო ICT-ის პოტენციალის გამოცდა სასამართლო დოკუმენტების კომუნიკაციისა და გაზიარების კუთხით; დისტანციური კომუნიკაციის პრაქტიკული უპირატესობების დასაბალანსებლად და სამართლიანობის ფუნდამენტური ღირებულებების: სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის, პროცედურული ძალადობის თავიდან აცილების და მართლმსაჯულების ადამიანური და სიმბოლური სახეების კომპრომეტირების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახლდათ ფართომასშტაბიანი ადაპიტირება. სასამართლო სისტემების ფუნქციონირების შესახებ:• Covid19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მთელ ევროპაში სასამართლოებს რუტინული ფუნქციების შესრულებისასაც შეექმნათ პრობლემები, თუმცა, ყველა იურისდიქციის ზონა ერთნაირად არ დაზარალებულა, ვინაიდან სახელმწიფოებმა და ერთეულებმა სხვადასხვა ინოვაციურ ზომას მიმართეს Covid-19-ის ეფექტების შესამცირებლად; • პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა პირველი ინსტანციის სასამართლოები; მეორე და მესამე ინსტანციები უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებდნენ, თუმცა 2018 წელთან შედარებით, მათაც გარკვეულწილად დაბალ შედეგს მიღწიეს;• სასამართლოები, როგორც ჩანს, ყველაზე სწრაფად სისხლის სამართლის საქმეებს წყვეტენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად ეფექტიანები ისინი ადმინისტრაციულ საკითხების გადაწყვეტაში არიან;• სახელმწიფოების და სუბიექტების უმრავლესობაში პროკურორებმა გააუმჯობესეს შედეგები, სავარაუდოდ, ახალი საქმეების რაოდენობის შემცირების გამო, რაც ძირითადად Covid19-ის პანდემიის ზომებით შეკავების ზომებით იყო გამოწვეული;• 2020 წელს შემცირდა შემოსული საქმეების რაოდენობა, რომლებიც ეხება თავშესაფრის მაძიებლებს და უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და ბინადრობის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის საქმეების რაოდენობა კვლავ მაღალია. ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან, მხოლოდ ლიხტენშტეინისა და სან-მარინოს მონაცემების მიწოდება ვერ მოხერხდა. სავარჯიშოში მონაწილეობა, როგორც CEPEJ-თან ერთად დამკვირვებელმა ქვეყნებმა, ისრაელმა, მაროკომ და ყაზახეთმა მიიღეს. წყარო - ევროპის საბჭო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, - ამ საკითხთან დაკავშირებით დებატების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა. Ukrinform-ის კორესპონდენტის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეის 100 დეპუტატიდან ,99-მა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, ერთმა კი, თავი შეიკავა. კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტში შესწორებას, რომელშიც ნათქვამია: „გამოცხადდეს რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად“. უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 700 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად, ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას. 1949 წლიდან დღემდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, PACE, რომელსაც ხშირად ევროპის საბჭოს გამწევ ძალას უწოდებენ, ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ინიციატივების ავტორია (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია). ამ ორგანოსთან შეთანხმება სავალდებულოა ევროპის საბჭოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების ინიცირებისთვის. ის ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებსა და ადამიანის უფლებათა კომისარს, აგრეთვე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს და თავად ასამბლეის გენერალურ მდივანს. კონკრეტული შედეგები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები -რეკომენდაციები, რეზოლუციები და მოსაზრებები - სახელმძღვანელოს ფუნქციას ასრულებს მინისტრთა კომიტეტისთვის, ეროვნული მთავრობების, პარლამენტებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოში, საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თამარ ტალიაშვილს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივას და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ევროპის საბჭომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 26-ე კონსოლიდირებული ანგარიში გამოსცა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2022 წლის აპრილიდან 2022 წლის ოქტომბრამდე პერიოდში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება კვლავ გამოთქვამდა წუხილებს ე.წ. გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ თაობაზე, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და მოუგვარებელ საქმეებზე, რაც „ხელს უწყობს ადგილზე სიტუაციის ესკალაციას და გადაადგილების თავისუფლების შეფერხებასა და დარღვევას წარმოადგენს“. ამ კონტექსტში, ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის სიტუაციაზე გავლენას ახდენს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები და ძირითად მომსახურებაზე წვდომის შეფერხება. აღნიშნავს რა, რომ საანგარიშო პერიოდში გამშვები პუნქტები გაიხსნა, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ პუნქტების გახსნაზე დოკუმენტებთან დაკავშირებული ბარიერები ახდენს გავლენას. ანგარიშის თანახმად, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამოძიებაში პროგრესი არ ჩანს. ასევე არ არის პროგრესი ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების თვალსაზრისით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფხაზეთში ჰუმანიტარულ ძალისხმევას ეწეოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, გაეროს განვითარების პროგრამა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მათ შორის, ფინანსური დახმარებისა და საკვების უზრუნველყოფის გზით.სიტუაცია აფხაზეთში დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კვლავ გაგრძელდა „ბორდერიზაციის“ პროცესი აფხაზეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ, მათ შორის, „ღობეების აღმართვა, ახალი სათვალთვალო აღჭურვილობის დამონტაჟება და გაძლიერებული მონიტორინგი გამშვები პუნქტების გარშემო“. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, 5 ადამიანი დააკავეს. ამ კონტექსტში, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე 2022 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავებაზე. 08/11/2022 – სუს-ის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს დოკუმენტის თანახმად, გალის მოსახლეობისთვის ე.წ. „ბინადრობის ნებართვების“ საჭიროება კვლავ ახდენს გავლენას იმ ადამიანების გადაადგილების თავისუფლებაზე, რომლებიც ცდილობენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას. რაც შეეხება განათლებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ გალის რაიონის სკოლებში კვირაში ერთი საათი ეთმობა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო სხვა საგნები ძირითადად რუსულ ენაზე ისწავლება. დოკუმენტი ასევე ამბობს, რომ ქართულ ენაზე განათლების მიღება აკრძალულია რაიონის როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში. დოკუმენტის თანახმად, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები საანგარიშო პერიოდში შეჩერებული იყო. 18/10/2022 – სოხუმი გალში IPRM-ის შეხვედრების განახლების შესაძლებლობაზე მიანიშნებს დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიერ სექტემბერში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც საშუალებას აძლებს აფხაზებს, რომ რუსული მოქალაქეობა აფხაზურ პასპორტზე უარის თქმის გარეშე მიიღონ.სიტუაცია ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე „ბორდერიზაციის“ თაობაზე. საქართველოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის იანვარი-სექტემბერში 51 ასეთი ქმედება დაფიქსირდა, მათ შორის, საგუშაგო პოსტების, ღობეებისა და სასაზღვრო ნიშნების აღმართვა. ასევე საქართველოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თვითნებურად დააკავეს საქართველოს 29 მოქალაქე. დოკუმენტის მიხედვით, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში სიტუაცია კვლავ მოუგვარებელია, რაც ხელს უწყობს დაძაბულობას. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაციის კუთხით „რაიმე პოზიტიური ტენდენცია“ არ შეინიშნება, განსაკუთრებით ეს ეხება ახალგორის რაიონს, სადაც „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა“. ანგარიშის მიხედვით, გამშვები პუნქტების დახურვა უარყოფითად აისახება ცხინვალის რეგიონის საქონლით და საკვებით მომარაგებაზე, ასევე მცხოვრებთა წვდომაზე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ ერგნეთში გამართული IPRM-ის სამი შეხვედრის დროს, თანაფასილიტატორები მიესალმნენ დაკავებულთა გათავისუფლებას და მიმდინარე და მომავალი დაკავების საქმეების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის გამოჩენისკენ მოუწოდეს. ისინი ასევე მიესალმნენ ლომისობის დღესასწაულზე დროებით და აგვისტოს ბოლოს გამშვები პუნქტების რეგულარულ გახსნას. ევროპის საბჭოს დოკუმენტში ასევე ნახსენებია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 2022 წლის 10 მარტს გამოცემული ორდერი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების თაობაზე. წყარო - civil.ge
ევროპის საბჭომ საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ პირველი ანგარიში მიესალმება კანონმდებლობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, ითხოვს მსხვერპლთათვის მეტი სერვისების და მოძალადეთათვის პრევენციული სანქციების არსებობას. ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო ორგანო - GREVIO საქართველოს შესახებ დღეს გამოქვეყნებულ პირველ ანგარიშში დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ბევრ ნაბიჯს საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს სტამბულის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. „მიუხედავად ამისა, საჭიროა შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები; უნდა შეიქმნას მეტი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალური ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით; უნდა აღმოიფხვრას მსხვერპლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული დაბრკოლებები და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქალთა თანაბარი სტატუსის განსამტკიცებლად ქართულ საზოგადოებაში, სადაც ჯერ კიდევ ჭარბობს პატრიარქალური განწყობები. საქართველოს ხელისუფლების კომენტარები თანაბრად გამოქვეყნდა. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, მის თანმხლებ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების კუთხით. ამასთანავე, ცვლილებები შევიდა ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში, რათა ამ უკანასკნელს მოეცვა ძალადობის ყველა ფორმა. ცვლილებები ასევე შეიცავს ისეთ მისასალმებელ ელემენტებს, როგორიცაა ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალური შვებულების უზრუნველყოფა თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნის ხანგრძლივობის განმავლობაში, ასევე მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მინიჭება ოჯახში ძალადობის შემსწრეთათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ოჯახში ძალადობის დანაშაული და სხვა ახალი დანაშაულები, მათ შორის, ქორწინების იძულება, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ადევნება და იძულებითი სტერილიზაცია. 2019 წელს კანონმდებლობაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები სექსუალური შევიწროების აკრძალვის კუთხით და დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების განმარტება კვლავ საჭიროებს ცვლილებებს, რათა სრულად მოხდეს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ნებაყოფლობით გაცემული თანხმობის არარსებობის ცნების ასახვა. მსხვერპლებს არ აქვთ წვდომა სრულად ფუნქციურ გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალურ ცენტრებზე, რომლებიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ადეკვატურად იქნებოდა განაწილებული მთელ საქართველოში. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ძალიან მცირერიცხოვანია იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ან ასეთი საფრთხის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონებისთვის არსებული სერვისები. ადმინისტრაციული მოთხოვნები, როგორიც არის მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მიღება, აბრკოლებს ქალთა წვდომას ოჯახში ძალადობის თავშესაფრებზე. GREVIO ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა დამხმარე სერვისებზე და დაცვის მექანიზმებზე ინტერსეცქიული დისკრიმინაციის რისკის წინაშე მყოფი ქალებისათვის, რომლებიც არიან მაგალითად ეროვნული და/ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და ლტოლვილები, ლესბოსელები, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ქალები, ხანდაზმული ქალები. ძალადობის შემსწრე ბავშვები ხშირად სისტემისთვის უხილავნი რჩებიან. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები და გაიზარდოს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალადობის საწინააღმდეგო კანონმდებლობასა და პოლიტიკის შემუშავებაში. სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის მექანიზმები სერიოზულ ნაკლოვანებებს აწყდება: გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მოკლებულია ოპერატიულობას, ეფექტურობასა და მგრძნობიარობას. ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი ზომების მიღებას სწრაფი და ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებში. უნდა გამოვლინდეს და გადაიხედოს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სასამართლოში გაუპატიურების მტკიცების ძალიან მაღალ ზღურბლს და მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული მთელი პროცესის განმავლობაში. მყისიერი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა დაწესებული სისხლისსამართლებრივი სასჯელები იყოს პრევენციული და დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი, სასამართლომ კი უნდა გაითვალისწინოს ოჯახში ძალადობის ყველა ინციდენტი პატიმრობის ან პაემნის უფლების შესახებ გადაწყევტილების მიღებისას. გარდა ამისა, GREVIO მოუწოდებს ხელისუფლებას გადახედოს პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გაცემის პროცესს, დაადგინოს და რეაგირება მოახდინოს სასამართლოს მიერ გაუქმებული ორდერების მაღალი პროპორციულობის მიზეზებზე (დაახლოებით 60% 2018-2021 წლებში) და ასევე განახორციელოს ამ ორდერების აღსრულების მონიტორინგი. ანალოგიურად, უნდა დადგინდეს თუ რა მიზეზებით არის გამოწვეული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი და მოხდეს ადეკვატური სანქციების გამოყენება ასეთი ორდერების დარღვევის შემთხვევაში. GREVIO დიდი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც 2018 წელს შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 60, ხოლო 2019 წელს 516 შემთხვევაში, გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა. თავის ანგარიშში, GREVIO ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც საჭიროებენ დაცვას, განურჩევლად მათი სტატუსისა და საცხოვრებელი ადგილისა, არავითარ შემთხვევაში არ იქნან დაბრუნებული იმ ქვეყანაში, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან სადაც ისინი შეიძლება დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. დაბოლოს, GREVIO მიუთითებს, რომ პატრიარქალური დამოკიდებულებები და სტერეოტიპები გენდერული როლებსა და მისაღები ქცევის შესახებ კვლავაც გავრცელებულია ქართულ საზოგადოებაში. რეაგირებას მოითხოვს ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები და მედიის მიერ მათი გავრცელება. საჭიროა მყისიერი ძალისხმევა საზოგადოებაში, საჯარო დისკურსსა და მედიაში ქალების თანაბარი სტატუსის გასაზრდელად“, - ნათქვამია ანგარიშში.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა - ევროპის საბჭოს ანგარიში საქართველოს შესახებ
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს, MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველომ გააუმჯობესა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ზომები. ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ კარგი პროგრესი აჩვენა. როგორც Europetime-სთვის მიწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, FATF-ის (Financial Action Task Force - ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი) 29-ე რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც ფინანსური დაზვერვის ერთეულს შეეხება, „ნაწილობრივ შესაბამისი“ (partially compliant) შეიცვალა რეიტინგით „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (საქართველოს ფინანსური დაზვერვის ერთეულის) უფლებამოსილების გაძლიერებით, გადასცეს ინფორმაცია და ანალიზის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს მათი მოთხოვნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საქართველომ აღმოფხვრა ადრე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი. რჩება მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელიც შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერატიული და სტრატეგიული ანალიზის ჩატარების მკაფიო მოთხოვნასა და ფულის გათეთრების განმარტების ფარგლებს“, - წერია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე მიმოხილულია ისეთი საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ინსტიტუციური ღონისძიებები, როგორიცაა, ონლაინ კაზინოებისათვის ცენტრალური ელექტრონული ანგარიშგების შემოღება, კაზინოების ბენეფიციარი მფლობელებისთვის ნასამართლეობის არქონა, კაზინოებისათვის მოქმედი AML/CFT (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის)მოთხოვნების დარღვევებისათვის სანქციების დაწესება, ასევე, საინვესტიციო ფონდების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება. „თუმცა, ეს ზომები არ იყო საკმარისი 22-ე, 28-ე ან 35-ე რეკომენდაციების რეიტინგების გასაუმჯობესებლად, რადგან რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შეეხება განსაზღვრულ არასაფინანსო საქმიანობებსა და პროფესიებს (Designated non-financial businesses and professions) და სანქციების რეჟიმს. საერთო ჯამში, საქართველომ მიაღწია სრულ შესაბამისობას (full compliance) FATF-ის 40 რეკომენდაციიდან, ექვს რეკომენდაციასთან რომლებიც AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებს წარმოადგენს და ინარჩუნებს მცირე ხარვეზებს 22 რეკომენდაციის განხორციელებაში, რომელიც მიესადაგება კატეგორიას - „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). თერთმეტი რეკომენდაცია რჩება „ნაწილობრივ შესაბამისობაში“ (partially compliant) და ერთი რეკომენდაცია არის რეიტინგით „შეუსაბამო“ (non-compliant). (რეკომენდაცია მოითხოვს, რომ ქვეყნებმა გადახედონ თავიანთ კანონებსა და რეგულაციებს არაკომერციული ორგანიზაციების ტერორიზმის დაფინანსებისათვის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით). შესაბამისად, საქართველო AML/CFT ღონისძიებების იმპლემენტაციის გაძლიერების პროგრესის შესახებ ანგარიშს, MONEYVAL-ს ერთ წელიწადში წარუდგენს. ცნობისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი - MONEYVAL ევროპის საბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანოს წარმოადგენს. ის უფლებამოსილია, შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა, მათი განხორციელების ეფექტიანობა, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები ეროვნული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების მიზნით.
ირაკლი კობახიძემ და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანმა, რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია ბურიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი. ამასთან, შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეი სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ბურიჩის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოების რაოდენობა ფართოვდება მათ შორის იმ ქვეყნებით, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ. „მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის წევრობისთვის მოლდოვისა და უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ალბათ, იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, რაოდენობა იზრდება დასავლეთ ბალკანეთის მიღმა, მათ შორის ჩვენი წევრი სახელმწიფოების რიცხვშიც, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სტანდარტები, გზები და საშუალებები, რომლების მეშვეობითაც შეგვიძლია, ძალიან გამოსადეგი და სასარგებლო ვიყოთ”, - განააცხადა პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რომ ნამდვილი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად, მომავალი რეფორმები წარმართოს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლადაც. „ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც რეფორმების განხორციელებაზე გავლენას ახდენს. ამასთან, ემხრობა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რათა წარმართოს მომავალი რეფორმები ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად. ასამბლეა ითვალისწინებს მედიასთან მიმართებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას. მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად. რეზოლუცია იმეორებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის შეშფოთებასა და გმობას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას“, - აღნიშნულია ტექსტში. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც სამართლიანად ისწრაფვის. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ფოკუსირდნენ ამ რეზოლუციაში გამოხატულ დანარჩენ რეკომენდაციებზე.
რუსეთმა ევროპის საბჭოს წესდებისა და კონვენციების მოქმედება ოფიციალურად შეწყვიტა
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ ერთხმად მიიღო კანონი ევროპის საბჭოს წესდების და იმ ორგანიზაციის ფარგლებში მიღებული 20 საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, საიდანაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ გარიცხეს. დეპუტატების მიერ მიღებული კანონი სხვა საკითხებთან ერთად ეხება ევროპის საბჭოს 1949 წლის 5 მაისის ქარტიას, 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, 1977 წლის 27 იანვრის ტერორიზმის აღკვეთის ევროპულ კონვენციას, 1985 წლის 15 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიას და 1996 წლის 3 მაისის სოციალურ ქარტიას. კანონპროექტი სახელმწიფო დუმას იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარუდგინა. რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში და დღემდე აგრძელებს აგრესიას.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას შესაძლოა, სერიოზული „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. კომისრის შეფასებით, გამჭვირვალობა შეიძლება, იყოს ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა, ეს მიზანი არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებათა მიერ თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის, მათი ლეგიტიმური საქმიანობის დაზიანებით. ასევე, ანგარიშგების მოთხოვნა, შემოსავლის წყაროს მიუხედავად, უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ და მიუკერძოებელ მიდგომას. მიატოვიჩის შეფასებით, ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე“: მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს „გწერთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით (N 07-3/293/10, რეგისტრირებულია 2023 წლის 14 თებერვალს). მიღების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია საშუალებათა „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. როგორც ჩანს, კანონპროექტი აწესებს ცალკე სამართლებრივ რეჟიმს ასეთი სუბიექტებისთვის, რაც მათ დამატებით ავალებს ანგარიშგებას, ინსპექტირებას და უქვემდებარებს სანქციებს. ვშიშობ, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ სტანდარტებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ჭრილში. ამასთან, კანონს შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტს, უარი თქვას ამ ან სხვა მსგავსი კანონპროექტის მიღებაზე. გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა, ეს მიზანი არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებათა მიერ თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის, მათი ლეგიტიმური საქმიანობის დაზიანებით. ანგარიშგების მოთხოვნა, შემოსავლის წყაროს მიუხედავად, უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ და მიუკერძოებელ მიდგომას. ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ამასთან, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომელიც ადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებას, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება ლეგიტიმური საქმიანობისათვის, მათ შორის, უცხოური წყაროებიდან. ამ ფონზე, გამოვთქვამ შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ამ კონტექსტში მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ იყო გამართლებული, ასევე, ასეთ ინიციატივებს მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ შესაძლებლობაზე, შეესრულებინათ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ფუნქციები. შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, ცალსახად აიღონ ვალდებულება და ხელი შეუწყონ მრავალფეროვან და აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში, საქართველოში შექმნან ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ფუნქციონირებისთვის. მადლობელი ვიქნები, თუ უზრუნველყოფთ, რომ პარლამენტის ყველა წევრმა მიიღოს წერილის ასლი და გამოვთქვამ მზადყოფნას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, თქვენთან ერთად განვიხილო ზემოაღნიშნული საკითხები“, - წერს დუნია მიატოვიჩი შალვა პაპუაშვილს. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის მოვალეობაა ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.
ირაკლი კობახიძე: ჩვენი დელეგაცია აქტიურად მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, კოლეგებს ვესაუბრებით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე
„ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან სტრასბურგში, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. „ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რჩება ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა დასრულდეს მუშაობა - ეს არის დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის თემები. ამ ყველაფერზეც მივაწვდით კოლეგებს ინფორმაციას ამ ფორმატშიც. გვექნება შეხვედრა ორივე მომხსენებელთან და ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში. მათთან ერთად ვიმსჯელებთ იმ ანგარიშზეც, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ცოტა ხნის წინ. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები და ჩვენს მოსაზრებებს ორივე მომხსენებელს გავუზიარებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, რომელიც დღეს გაიხსნა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა. საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 25, 26 და 27 აპრილს გაგრძელდება, გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე. ასევე, გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით. სესიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას. დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტში.
ევროპის საბჭოს სამიტისადმი ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - ღარიბაშვილი
ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტისადმი ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს... ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში განაცხადა, სადაც პრემიერი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელი ევროპის კონტინენტზეა შექმნილი. „მე მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე. ჩვენ გვექნება შიდა გამოწვევებზე საუბარი და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც. გარდა სიტყვით მიმართვისა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც არის შეუცვლელი, რომელიც არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება შემდეგი, რომ აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მისამართით, ჩვენი ქვეყნის მისამართით, და ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში, რომელიც რეიკიავიკში იმართება. საკონფერენციო ცენტრ Harpa-ში, სადაც ღონისძიება ტარდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა უმასპინძლეს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან ერთად გახსნით სესიას დაესწრო. პრემიერ-მინისტრი რეიკიავიკში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ევროპის საბჭო უკრაინის ზარალის რეესტრს ქმნის
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე, რეიკიავიკში გამოაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, საგანგებო რეესტრი შეიქმნება. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა, ევროპელ ლიდერებთან ერთად განაცხადა, მათ შორის იყო უკრაინის პრემიერი, დენის შმიგალი. დენის შმიგალმა, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ, კატრინ იაკობსდოტირთან და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტესთან ერთად, შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. შეთანხმებას შეუერთდა, ან შეერთების განზრახვა დაადასტურა ევროპის საბჭოს წევრმა 43-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა. იმ 40 ქვეყანას შორის, რომელიც შეთანხმებას უკვე შეუერთდა, არის საქართველოც. უფრო კონკრეტულად, სიაში არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო; ასევე, კანადა, იაპონია და აშშ. ასევე - ევროკავშირი. ხოლო სამმა სხვა ქვეყანამ შეთანხმებასთან (ანდორა, ბულგარეთი და შვეიცარია) მიერთების განზრახვა გამოთქვეს. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა რეესტრის შექმნას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. რეიკიავიკის სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს. რეესტრის დაფუძნდება ჰააგაში (ნიდერლანდები) და მისი ოფისი ასევე იქნება უკრაინაში. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი პასუხისმგებელია, მათ შორის უკრაინისა და მისი ხალხისთვის მიყენებულ ზიანზე.
საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს შეთანხმებას, რომლითაც, უკრაინის ზარალის რეესტრი იქმნება
ევროპის საბჭო ქმნის უკრაინის ზარალის რეესტრს, რომელიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის საერთაშორისო მექანიზმის შექმნისკენ, პირველი ნაბიჯი იქნება. ევროპის საბჭოს სამიტის მონაწილეებმა, უკრაინისთვის რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის რეესტრის შექმნას მხარი დაუჭირეს შეთანხმებას შეუერთდა, ან შეერთების განზრახვა დაადასტურა ევროპის საბჭოს წევრმა 43-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა. შეთანხმებას შეუერთდა საქართველოც. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა რეესტრის შექმნას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. რეიკიავიკის სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.
საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭო რეკომენდაციებს აქვეყნებს - ანგარიში
ევროპის საბჭო, საქართველოში ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვის დოკუმენტს აქვეყნებს. მიმოხილვაში, რომელიც ევროპის საბჭოს ექსპერტმა, პიტერ ნორლანდმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ მდგომარეობა "მკვეთრად გაუარესდა" 2019 წლიდან, ხოლო ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს რამდენიმე დადებით ელემენტს, საკმარისად არ იცავს ჟურნალისტებს. რადიო თავისუფლების თანახმად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიმოხილვის მთავარი რეკომენდაციაა დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის შექმნა, რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევს მაღალი პოლიტიკური რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი და ავტორიტეტული პირი ან უწყება/ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ჩაატაროს კვლევა და შეიმუშავოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ სამოქმედო ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება მთავრობას. ასევე, რეკომენდებულია, რომ მაღალი დონის არჩეულმა პოლიტიკოსებმა, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მკაფიოდ დაგმონ მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და სიძულვილი, ხოლო თავად თავი შეიკავონ მედიის საწინააღმდეგო რიტორიკისგან. ამას გარდა, მიმოხილვა ყურადღებას ამახვილებს ოთხ საკითხზე: "ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის საქმეების გამოძიება და დევნა; სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობები (ინსტიტუციური შესაძლებლობები, ისევე როგორც ტრენინგის საჭიროებები); მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოება; უსაფრთხოების საკითხებში ჟურნალისტებისა და მედიის პერსონალის შესაძლებლობები და ცოდნა. მწვავე საჭიროებაა, გაუმჯობესდეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შემთხვევები, არის სერიოზული ხარვეზები ამ დანაშაულების გამოძიებისა და დევნის მიმართ". ევროპის საბჭოს დოკუმენტის მიხედვით, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიებისა და დევნის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა] ახლებურად ჩამოყალიბება. მიმოხილვაში განმარტებულია, რომ კანონის ამ ნორმამ უნდა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ჩატარდეს სისტემატური მოკვლევა, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და შემდეგ შემუშავდეს კონკრეტული და დეტალური ინსტრუქციები ყველა სამართალდამცავი ორგანოსთვის ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად. ევროპის საბჭო, ასევე სთავაზობს საქართველოს, შეაგროვოს ყოვლისმომცველი სტატისტიკა, რაც სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ჩაშლილ მონაცემებს მოიცავს, ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. დოკუმენტით რეკომენდებულია, გაიზარდოს სასჯელი ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან, "რათა ასახოს დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე". ასევე, რეკომენდებულია პოლიციასა და გენერალურ პროკურატურაში სპეციალური დანაყოფების შექმნა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, ასევე სპეციალური სასწავლო გეგმის შემუშავება. ევროპის საბჭო რეკომენდაციას უწევს იმასაც, რომ ჟურნალისტებმა გაიარონ ტრენინგი, რას უნდა ელოდონ იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან, რომელშიც თავად არიან დაზარალებულები და რას მოელიან მათგან, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. მიმოხილვაში, ევროპის საბჭო შსს-ს სთავაზობს, გადახედოს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებას, რომ მან მოიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ევროპის საბჭო რეკომენდაციას უწევს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ცვლილებას, რათა გაუქმდეს მოთხოვნა ჟურნალისტების მიმართ, ატარონ საიდენტიფიციკაციო ნიშნები. „სამართალდამცავმა ორგანოებმა და მედიასაზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა უნდა შექმნან სამუშაო ჯგუფი, რათა შეათანხმონ სახელმძღვანელო პრინციპები მანიფესტაციების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მედიაგაშუქების შესახებ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. შემოთავაზებულია, რომ შეხვედრები ჩატარდეს ჟურნალისტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის მანიფესტაციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, როგორიცაა არჩევნები, საპროტესტო აქციები ან დიდი სპორტული ღონისძიებები, რათა მათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად შეათანხმონ უსაფრთხოების ოქმი", - წერია დოკუმენტში. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუარესდა - საქართველოს წინააღმდეგ საგანგაშო სიგნალების რაოდენობა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაზე მკვეთრად გაიზარდა, 0-დან (2017-2019 წწ.) 16-მდე (2020-2022 წწ.), ხოლო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ შედგენილ მედიის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში საქართველომ 89-ე ადგილი დაიკავა - 29 ადგილით ჩამოქვეითდა წინა წელთან შედარებით.
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია, საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია, საქართველოს შესახებ მოხსენებას აქვეყნებს. დოკუმენტი, რომელიც 2023 წლის 28 მარტს არის მიღებული, დღეს, 22 ივნისს გახდა ხელმისაწვდომი. მოხსენების თანახმად, ECRI მიესალმება ამ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში. თუმცა, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, 6 ზოგიერთი საკითხი მაინც შეშფოთებას იწვევს. „სახალხო დამცველის ზოგიერთ ქმედებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა მთავრობის პოლიტიკოსებისაგან, რაც ქმნის შეშფოთების საფუძველს, რადგან ამით ადვილად შეიძლება, შეილახოს სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის სანდოობა, დამოუკიდებლობა და რეპუტაცია. რაც შეეხება ლგბტი პირებს, საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ერთნაირსქესიანი პარტნიორობის დასარეგისტრირებლად. ამასთან, ხელისუფლების ორგანოებს არ განუხილავთ არსებული კანონმდებლობა იმ მიზნით, რომ შეეფასებინათ, სხვა რა სახის პრობლემებს აწყდებიან ერთსქესიანი წყვილები უფლებებზე თანასწორი წვდომისათვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, არ არსებობს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, მთავრობის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამის ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ლგბტი თანასწორობის საკითხებზე დისკუსია. მიუხედავად ECRI-ის რეკომენდაციისა მის ბოლო მოხსენებაში, ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რა პირობების შესრულებაა საჭირო სქესის ლეგალური აღიარებისათვის. სიძულვილის ენა ლგბტი პირების მიმართ, განსაკუთრებით ონლაინ სოვრცეში, მზარდი პრობლემაა და არა მხოლოდ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავრცელებს, არამედ, ამავდროულად, ბიძგს აძლევს დისკრიმინაციასა და ძალადობას. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობს რასისტული და ლგბტი თემის საწინააღმდეგო სიძულვილის ენის მონიტორინგის ქმედითი სისტემა“, - წერია დოკუმენტში. მისივე თანახმად, დღემდე არ შეფასებულა, რა გავლენა მოჰყვა სხვადასხვა ტრენინგაქტივობას სამართალდამცავების, პროკურორებისა და მოსამართლეებისათვის სიძულვილით ჩადენილი დანაშაულების თემაზე. მეტიც, პოლიციაში ჯერ კიდევ არ არსებობს საგანგებო განყოფილება, რომელიც სპეციფიკურად რასისტული და ლგბტი-ფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე იმუშავებს. „ჯერ კიდევ უკიდურესად არასაკმარისია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების დონე ქვეყანაში მცხოვრებ იმ ისტორიულ ეთნიკურ უმცირესობებში, რომელთათვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის. ოფიციალური სახელმწიფო ენის სრულყოფილად არცოდნის გამო, ეს ადამიანები სრულიად არათანაბარ პირობებში ხვდებიან სოციალური ინტეგრაციისა და ინკლუზიის თვალსაზრისით. ამ საკითხთან დაკავშირებულმა პრობლემებმა თავი იჩინა ასევე COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების კონტექსტში, როცა ინფორმაცია, განსაკუთრებით დასაწყისში, ყოველთვის არ იყო მყისიერად ხელმისაწვდომი უმცირესობათა ენებზე, იმ არეალებშიც კი, სადაც ეთნიკური უმცირესობები მჭიდროდ სახლობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ჯერ კიდევ არ შეუცვლია თავისი 2015 წლის პოლიტიკა, რომელიც ფოკუსირებულია „სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების დისკურსზე“, როცა საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობის რელიგიურ მრავალფეროვნებას. გარდა ამისა, ერთმანეთთან არ თანამშრომლობენ და კონსტრუქციულ ურთიერთობას არ ამყარებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭო“. ECRI იძლევა რეკომენდაციას, ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყონ, რომ პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით, მთავრობის წევრებმა თავი შეიკავონ ისეთი კომენტარებისაგან, რაც არყევს სახალხო დამცველის ინსტიტუტის სანდოობას, რეპუტაციასა და დამოუკიდებლობას. ECRI კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა მკაფიოდ უნდა დაარეგულირონ პირის ახალი სქესის ოფიციალური აღიარების პირობები. ECRI კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა უნდა დანერგონ რასისტული და ლგბტი თემის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის მონიტორინგის ქმედითი სისტემა, რომელიც დაეყრდნობა სახალხო დამცველისა და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტიზას, მათ შორის, ლგბტი თემის მხრიდან. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ევროპის საბჭოს მხარდაჭერა. ECRI კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა შეაფასონ, რა გავლენა აქვს ტრენინგებს, რომლებიც ჩაუტარდათ იმ სამართალდამცავებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომლებიც მუშაობენ სიძულვილით ჩადენილ დანაშაულებზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა მნიშვნელოვნად გაზარდონ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საათები უმცირესობათა სკოლებში, დაწყებით და საშუალო საფეხურზე. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ჩამოაყალიბონ უწყებათაშორისი კომიტეტი, რათა შესრულდეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმების თანასწორობის მიმართულება. ეს კომიტეტი უნდა მოიცავდეს წარმომადგენლებს სახალხო დამცველის ოფისიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი ორგანიზაციებიდან, რომლებიც წარმოადგენენ ECRI-თვის საყურადღებო ჯგუფებს. ECRI იძლევა მკაცრ რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა თავიანთი პოლიტიკა რელიგიის სფეროში მიმართონ არადისკრიმინაციულ პრინციპზე და რელიგიური შემწყნარებლობის განვითარებაზე, ინკლუზიისა და ინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე. ამასთან, „ECRI სერიოზული შეშფოთებით შენიშნავს“, რომ სახალხო დამცველის ზოგიერთმა ქმედებამ NPM-ის მანდატის ფარგლებში - კერძოდ, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, მიმართებით - გამოიწვია მკაცრი კრიტიკა ზოგიერთი სამთავრობო პოლიტიკოსის მხრიდან. „მართალია, ეს კრიტიკა სახალხო დამცველის მუშაობიდან ეხებოდა კონკრეტულად NPM-ის ნაწილს, მაგრამ ცხადია, რომ ამგვარი უარყოფითი კომენტარები მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის, სანდოობის, დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის შელახვას. აგრეთვე, უარყოფითი გავლენის მოხდენას სახალხო დამცველის მუშაობის იმ სფეროებზე, რომლებიც რელევანტურია ECRI-თვის“, - წერია მოხსენებაში. CRI რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, შეაგროვოს მონაცემები, თუ როგორ ასრულებენ სკოლები ვალდებულებას, ჩაატარონ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები მოსწავლეებისათვის დისკრიმინაციის, ბულინგისა და კიბერბულინგის საკითხებზე. ECRI ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა შეაფასონ და შესაბამისად გააუმჯობესონ პროფესიული განვითარების აქტივობები მასწავლებლებისათვის ინკლუზიური განათლების, მულტიკულტურულ გარემოში სწავლების, მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კომენტარებმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების მხრიდან 2021 წელს თბილისში ლგბტი პრაიდის მოწყობამდე, პროცესში და შემდეგ. ECRI-ის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში მათი კომენტარები არამხოლოდ შეურაცხმყოფელი იყო, არამედ ძალადობის წამაქეზებელიც პრაიდის მონაწილეების წინააღმდეგ. ამ მოვლენის მანძილზე სასტიკი ძალადობის აფეთქებების გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ თავი II.B), ეს ფაქტი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. „საქართველოს მართლმადიდებლური საპატრიარქოს მაღალმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ECRI-ს აცნობეს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გმობს ჰომოსექსუალობას, როგორც ცოდვას და, ამდენად, წინააღმდეგია ლგბტი საჯარო მოვლენების. მაგრამ, ამავდროულად, თანაბრად ეწინააღმდეგება ნებისმიერი ფორმის ძალადობას ლგბტი პირების მიმართ, რამდენადაც ძალადობასაც მიიჩნევს ცოდვად და მკაცრად კიცხავს მას. ამასთან დაკავშირებით, ECRI-ს აცნობეს, რომ ძალადობის ნებისმიერი მოწოდება ან რეალურად ჩართვა ამგვარ საქციელში მხოლოდ სამღვდელოების ინდივიდუალური წევრების არასწორი მოქმედებაა და არამც და არამც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ოფიციალურად ნებადართული, მხარდაჭერილი ან შეწყნარებული ფაქტი. მართალია, ECRI-ის როლი ან ექსპერტიზის სფერო არ არის, კომენტარი გააკეთოს თეოლოგიურ მსჯელობასა და დოქტრინებზე ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, მაგრამ მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მომავალ ლგბტი პრაიდებზე გამოიყენონ ძალადობის უარყოფა საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის მხრიდან, მაგალითად, ერთობლივად მოუწოდონ პოტენციურ გამპროტესტებლებს, კატეგორიულად შეიკავონ თავი ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან. მეორე მხარის მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების ერთობლივი პატივისცემა უნდა იქცეს მრავალფეროვნების უკეთ პატივისცემის საფუძვლად“. დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ 2021 წლის ივლისში, თბილისში, ლგბტი პრაიდის კოორდინატორთა მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია გადაიზარდა მონაწილეთა, ორგანიზატორთა, მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა მიმართ ძალადობაში. მარში გაუქმდა და ორგანიზატორთა ოფისები დაარბიეს. „ლგბტი აქტივისტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს ემუქრებოდნენ და თავს ესხმოდნენ. ორგანიზატორები ჩიოდნენ, რომ შესაბამის ადგილებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებულ პოლიციელთა რაოდენობა არ იყო საკმარისი. ჟურნალისტები, რომლებიც თავდასხმის სამიზნე გახდნენ, ასევე აღნიშნავდნენ პოლიციის უმოქმედობას. სულ მცირე, ერთი ოპერატორი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს შოკური ეფექტი ჰქონდა და შიში დანერგა საქართველოში ლგბტი თემის ბევრ წარმომადგენელსა თუ მათ მხარდამჭერებში. შეზღუდული რაოდენობით გამოსული პოლიციის ძალების უმოქმედობამ ასევე გამოიწვია ლგბტი აქტივისტთა უნდობლობა სამართალდამცავების მიმართ და შეირყა რწმენა, რომ ისინი მოისურვებენ დაიცვან პრაიდის ღონისძიებები მომავალში.30 ECRI მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2021 წლის 5 ივლისის „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის ეფექტიანი გამოძიება, ძალადობის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ და ძალადობის ამგვარი აფეთქება და ადამიანების დაშინება მომავალში აღარ განმეორდეს, მათ შორის, გადახედონ პოლიციის მოქმედებას ამგვარი ღონისძიებების დროს“. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ყველაზე პრობლემური სფერო იმ ტიპის ძალადობის კუთხით, რაც ECRI-ის მანდატში შედის, არის ლგბტი პირების წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მაღალი დონე, მათ შორის, ძალადობა იმ პირთა მიმართ, ვინც მთავარ პრობლემად რჩება. ამგვარი მუქარები და თავდასხმები განსაკუთრებით ხდება - თუმცა არამხოლოდ - ლგბტი პრაიდის აქტივობების კონტექსტში ინფორმაციისთვის, ECRI-ის მონიტორინგი ქვეყნების მიხედვით თანაბრად შეეხება ევროპის საბჭოს თითოეულ სახელმწიფოს. სამუშაო სრულდება 5 წელიწადში ერთხელ. ანგარიშების წარმოდგენის პირველი ეტაპი დასრულდა 1998 წლის ბოლოს, მეორე - 2002 წლის ბოლოს, მესამე - 2007 წლის ბოლოს, მეოთხე - 2014 წლის დასაწყისში, ხოლო მეხუთე დასრულდა 2019 წლის ბოლოს. მეექვსე ეტაპზე მუშაობა დაიწყო 2018 წლის ბოლოს. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპული კომისია ევროპის საბჭოს მიერ არის დაარსებული. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებზე: რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაცია (რასის, ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობის, ფერის, მოქალაქეობის, რელიგიის, ენის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე), ქსენოფობია, ანტისემიტიზმი და შეუწყნარებლობა. ის შედგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ინიშნებიან თავიანთი მორალური ავტორიტეტისა და აღიარებული გამოცდილების საფუძველზე რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში. წესდებით დადგენილ საქმიანობათა ფარგლებში, ECRI ახორციელებს მონიტორინგს ქვეყნების მიხედვით, რითაც აანალიზებს ვითარებას თითოეულ წევრ სახელმწიფოში რასიზმისა და შეუწყნარებლობის თვალსაზრისით და იძლევა წინადადებებსა და შეთავაზებებს გამოვლენილ პრობლემათა დაძლევისათვის.
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი 30 ივნისს ვიზიტით ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. „მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. საგარეო უწყების თანახმად, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. როგორც ცნობილია, საქართველოს 30-3 ივლისს, ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: რუსეთი ვალდებულია, შეასრულოს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე“ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლების დასახმარებლად ძალისხმევას გავაგრძელებთ - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი თბილისში
ევროპის საბჭო: არ დავიშურებთ ძალისხმევას, გვერდით დავუდგეთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს - საქართველოს და დავეხმაროთ კონფლიქტის შედეგების გადაჭრაში
საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის მე-15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ევროპის საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/.ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ისევე, როგორც მის სამხედრო ყოფნას რეგიონში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. „საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის - აღიარებას, ასევე მისი სამხედრო ძალების რეგიონში ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. „ღრმად შეშფოთებული ვარ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობით, რომელიც კვლავ განიცდის კონფლიქტის შემდგომ საზიანო შედეგებს, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, კვლავაც სერიოზულად ირღვევა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო, რომლის მომსწრეც თავად გახლდით 3 ივლისს, იქ ჩემი ბოლო ვიზიტისას. რუსეთის ფედერაცია, როგორც სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, მოვალეა, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, სრულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოასწოროს ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს აგრეთვე მოიცავს პირობების შექმნას იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის. „ევროპის საბჭო მტკიცედაა მოწოდებული ყოველმხრივი და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესს. ამ კუთხით, არ დავიშურებთ ძალისხმევას, გვერდით დავუდგეთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს - საქართველოს და დავეხმაროთ კონფლიქტის შედეგების გადაჭრაში და ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგსა და ადამიანის უფლებებს ნდობის აღდგენის ღონისძიებათა (CBMs) მეშვეობით. შემდგომი ჩართულობის საფუძვლად, განვაგრძობ ჩვენი 46 წევრი სახელმწიფოს რეგულარულად ინფორმირებას ჩემი კონსოლიდირებული მოხსენების მეშვეობით საქართველოში კონფლიქტის შესახებ.“ 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე
შვეიცარია უკრაინის ზარალის რეესტრს შეუერთდა
შვეიცარია შეუერთდა უკრაინისთვის ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრს, რომელმაც რუსული აგრესიის შედეგების კომპენსირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. შვეიცარიის წევრობას ევროპის საბჭო ს მალე ოფიციალურად დაამტკიცებს. „ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს შვეიცარიის მხარდაჭერას ომის მსხვერპლთა მიმართ და უკრაინის აღდგენის პოლიტიკურ პროცესს, რომელიც შვეიცარიამ უკრაინის მთავრობასთან ერთად, 2022 წელს წამოიწყო ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, საგანგებო რეესტრი მაისში შეიქმნა.
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი: შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგიერბის კუთხით, სტატისტიკა გაუმჯობესდა
ევროპის საბჭო საქართველოში რიგით მეხუთე თანასწორობის კვირეულს აღნიშნავს. თანასწორობის კვირეული ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და მიზნად ისახავს მრავალფეროვნების და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიურობის ხელშეწყობას და საზოგადოების ინფორმირებას, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი დაცვის მექანიზმების შესახებ. წელს, კვირეული 15 ნოემბერს “დედაენის ბარში” გაიხსნა. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის ნატალია ვუტოვას განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით იკვეთება გაუმჯობესებული სტატისტიკა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგიერბის კუთხით, თუმცა მიუხედავად ამისა, უმცირესობების წევრები, კვლავ ხშირად ხდებიან თავდასხმისა და სიძულვილის ადრესაქტები, ეთნიკური იდენტობის, სქესის თუ რელიგიური ნიშნით. „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით. როგორც უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, საზოგადოებაც უფრო მეტად აცნობიერებს უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დაცვის მნიშვნელობას. ევროპის საბჭო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ სამთავრობო უწყებები, პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება წარმატებით გადაჭრიან თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ვიმედოვნებ, რომ მიიღწევა ამ საკითხის გარშემო არსებული მოსაზრებებისა და მიდგომების სინერგია და კანონმდებლობის, პოლიტიკის და პრაქტიკის სრულყოფა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. ეს კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებამდე, რომელიც განსაზღვრულია ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ,” განაცხადა ვუტოვამ. კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების 2021-2022 წლების სტატისტიკის ანალიზის პრეზენტაცია. სტატისტიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და უზენაესი სასამართლო 2020 წლიდან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, აწარმოებენ და საქსტატის ვებგვერდზე აქვეყნებენ. სტატისტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ 2021-2022 წლებში, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე გაზრდილია როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეებისა და მსჯავრდადებულ პირთა გამოვლენის რაოდენობის მაჩვენებლები. კერძოდ, შესაძლო დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების საერთო რაოდენობა 5,8%-ით არის გაზრდილი (2021-ში 1 703 საქმე - 2022-ში - 1 802 საქმე), ანალოგიურად, ამავე პერიოდში 40%-ით არის გაზრდილი სისხლისსამართლებრივი დევნა − პირებზე, რომლებმაც შეუწყნარებლობის ნიშნით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს. ამავე დანაშაულზე, 73%-ით არის გაზრდილი სასამართლოს განხილული საქმეების რაოდენობა და 82,2%-ით გაიზარდა გამოვლენილი მსჯავრდადებული პირების რაოდენობაც. თანასწორობის კვირეული იმართება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ გზისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია — მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი
ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ გზისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილე, ლაშა დარსალიასთან შეხვედრისას განაცხადა. ბურიჩმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ურყევ ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროპის საბჭოს ცნობით, „ორგანიზაცია გააგრძელებს მოწოდებას საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წვდომისათვის მომავალი კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადებისთვის.“ უახლესი კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში კონფლიქტის შესახებ 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს
29 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ ანგარიშში პირველად აღინიშნა ტერმინი „საოკუპაციო ხაზი“ - რითაც ევროპის საბჭომ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას, გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა მისი ბოლო ვიზიტისას საოკუპაციო ხაზის მონახულებასა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის საკითხზე. მწუხარება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის თაობაზე და ხაზი გაუსვა ამ და წინა შემთხვევებში მართლმსაჯულების დაუყოვნებლივ აღსრულების მნიშვნელობას. გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში. „დასასრულს, მარია ბურიჩმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო თავისი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ანგარიშის მიღებისა და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას. კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (ევროკავშირის განცხადებას მიუერთდნენ: ალბანეთი, ანდორა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სან მარინო, უკრაინა), მოლდოვის, სერბეთის, უკრაინის, ისლანდიის, კვიპროსის, ნორვეგიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, გაერთიანებული სამეფოს, აზერბაიჯანის, მონტენეგროს, სომხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, თურქეთის, მექსიკის, აშშ-ს და იაპონიის დელეგაციებმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას,“ - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოში კონფლიქტის შესახებ 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის შესახებ 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. civil.ge-ს თანახმად, მასში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში არასახარბიელოა. დოკუმენტის თანახმად, ადგილზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე COVID19-ით გამოწვეულმა კრიზისმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამაც მოახდინა გავლენა. გენერალური მდივანი კვლავ ითხოვს კონსოლიდირებული ანგარიშების მოსამზადებლად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ფაქტების დამდგენი ვიზიტების უზრუნველყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამდივნოს ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიში პერიოდში ადამიანებისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებაზე ცალმხრივი შეზღუდვები კვლავაც ახდენდა გავლენას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებზე. კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, „ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების გაგრძელებამ და მათმა მოუგვარებლობამ – რასაც ასახავს ის ფაქტი, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 4 600-ზე მეტ ბავშვს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოერთვა ქართულ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება – ხელი შეუწყო მზარდი გაუცხოებისა და გაურკვეველი მომავლის განცდას“. „არავითარი პროგრესი არ არის მიღწეული საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების, მათ შორის ევროპის საბჭოს მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფის საქმეში,“ – ნათქვამია ანგარიშში. ევროპის საბჭოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრესი ვერ მიიღწა ვერც გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და არჩილ ტატუნაშვილის, და არც ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეების გამოძიებაში. საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ანგარიში აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა „ბორდერიზაციის “უკანონო ქმედებები, მათ შორის ღობეების აღმართვა და სათვალთვალო სისტემების დამონტაჟება. საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე კულტურული, ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ. სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ შეჩერებულია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობა. საანგარიში პერიოდში IPRM-ის შეხვედრები არ გამართულა. მისი განახლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს როგორც საერთაშორისო აქტორებმა, ისე საქართველოს ხელისუფლებამ. მუშაობას განაგრძობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მომუშავე ცხელი ხაზი. დელეგაცია იტყობინება, რომ საოკუპაციო ხაზზე რეგულარული გადაადგილების მიუხედავად, გამოწვევები რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ენგურზე მთავარი „გამშვები პუნქტი“ პანდემიამდელ დონეს უახლოვდება, ყოველდღიურად 2500 გადაკვეთით, შეფერხებები და დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით „უცხოელთა ბინადრობის ნებართვები“, აფერხებს ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლებას. უკანონო დაკავებებთან დაკავშირებული ინციდენტები კვლავ დაფიქსირდა. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ირაკლი ბებუას საქმის გამო, რომელიც 2020 წლის დეკემბრიდან უკანონო ცხრა-წლიან პატიმრობაში იმყოფება. ასევე გაესვა ხაზი ქრისტინე თაკალანძისა და ასმათ თავაძის უკანონო დაკავებებს 2022 წლიდან. საქართველო დაჟინებით ითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. ანგარიშში ასევე საუბარია ქართული ენის მუდმივ დისკრიმინაციაზე ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მშობლიურ ქართულ ენაზე სწავლება მკაცრად შეზღუდულია, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გმობს. საანგარიშო პერიოდში ხელმისაწვდომი იყო თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაცია, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის დახმარებით. სიტუაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ვითარება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შედარებით სტაბილური იყო, მათ შორის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზეც. მიუხედავად ამ სტაბილურობისა, მაინც ჰქონდა ადგილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, განსაკუთრებით დაკავებებს. საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა სოფელ ჭვრინისთან ორი ადგილობრივი მოსახლის დაკავების მცდელობის შესახებ, როდესა რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. ევროპის საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელმა ხაზმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დაძაბულობის განმუხტვასა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობაში. მართალია საანგარიშო პერიოდში ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არანაირი თავდასხმა არ დაფიქსირებულა, სიტუაცია მაინც მოუგვარებელი რჩებოდა და ხელს უწყობდა დაძაბულობას. ერგნეთში IPRM-ის შეხვედრები გრძელდებოდა. შეშფოთებას იწვევდა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრებაზე. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობამ დელეგაციას რამდენიმე ლოკაციაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ 25 შემთხვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული აქტივობა მოიცავდა სადამკვირვებლო პოსტების, ასევე ახალი ღობეებისა და ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების“ მონტაჟს. ანგარიშის თანახმად, გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზზე კვლავ შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ „გამშვები პუნქტების“ დროებითი გახსნა ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში კვლავ ძალაშია. საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა, რომ ახალგორში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის „გამშვები პუნქტების“ გადაკვეთისთვის საჭირო „ნებართვები“ კვლავ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს დამატებით დაბრკოლებებს უქმნის გადაადგილების თავისუფლებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში არანაირი პროგრესი არ დაფიქსირებულა ახალგორის რაიონის შვიდივე სკოლაში ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით. კვლავ არსებობს წუხილები მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და ლტოლვილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგრესი არ დაფიქსირებულა. ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ გზისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია — მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი
რუსეთს საქართველოს წინაშე 133 მილიონი ევროს დავალიანება აქვს - ევროპის საბჭო
ევროპის საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გადაიხადოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დადგენილი კომპენსაცია. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში კონფლიქტის შესახებ 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბერს ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო სხდომაზე, რომელიც ზედამხედველობას უწევს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, აღინიშნა, რომ რუსეთს ჯერ არ გადაუხდია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევებზე გამოტანილი გადაწყეტილებით გათვლისწინებული 129 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის კომპენსაცია, რა თანხამაც დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით ამჟამად 133 მილიონ ევროს მიაღწია. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. რუსეთმა უნდა აღარსრულოს ასევე სერგეი მაგნიცკის გარდაცვალებასთან, ანა პოლიტკოვსკაიას, ნატალია ესტემიროვასა და ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობებთან, ასევე ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ ცხრა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები. კერძოდ, მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს უზრუნველყოს ნავალნისთვის სამედიცინო და იურიდიულ დახმარებაზე წვდომა. ასევე აღნიშნულია იმ კანონების გადახედვის აუცილებლობაზე, რომლებიც, ევროპის საბჭოს თანახმად, ლგბტ თემის დისკრინაციას იწვევს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს შესაბამის სტრუქტურებთან და ცდილობს რუსეთის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიღწევას. ეს თემა მომავალ კვირაში სტრასბურგში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან ერთად განიხილება. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღასრულებს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაში „ვივამედზე“, სადაც სააკაშვილი მკურნალობს
„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოიცავს დაცულ ნაწილში მყოფ პატიმართა, მათ შორის სააკაშვილის პირობებთან დაკავშირებით შეფასებას. (CPT) მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიშში დოკუმენტის ბოლო ნაწილი რეკომენდაციებს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, „ბატონი C-ის [მიხეილ სააკაშვილი] შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან, ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარეთ ვარჯიშის შესაძლებლობის არქონა და კამერების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ მოხდეს კლინიკა „ვივამედის“ დაცული პალატების ფუნქციონირების წესის რეფორმირება ზემოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. კომიტეტი ელოდება, რომ მიიღებს დეტალურ მონახაზს ამ ანგარიშის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამ კონტექსტში, კომიტეტს ასევე სურს, მიიღოს ინფორმაცია პაციენტი С-ს პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით აღწერილი შეშფოთების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია, პაციენტებს ჰქონდეთ გარეთ გასეირნების შესაძლებლობა, ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა. ცალკე განთავსებული პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია პაციენტებთან ან სათანადოდ მომზადებულ პერსონალთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა (სულ მცირე, 2 საათი დღეში). რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, ზოგადად მისაღები პირობებისა და მთელი რიგი სამედიცინო სპეციალისტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, „ვივამედის“ სამი დაცული პალატა ვერ უზრუნველყოფს სათანადო თერაპიულ გარემოს იმის გამო, რომ ყველა არსებით საკითხზე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასჯელაღსრულების და არა ჯანდაცვის პერსონალს და ასევე პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის სრული უპატივცემულობის გამო. კომიტეტის შეფასებით, დაცული პალატების მართვა უნდა დაექვემდებაროს კლინიკის სამედიცინო პერსონალს, რათა საშუალება ჰქონდეთ, შექმნან თერაპიული და ნდობაზე დაფუძნებული გარემო. ასევე უნდა იყოს მიღებული ზომები (შესაბამისი ინსტრუქციების სახით), რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ პაციენტების (მათ შორის ბ-ნი ს.-ის) შესახებ კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაცია პაციენტის თანხმობის გარეშე არ გადაეცეს არასამედიცინო პერსონალს. ასეთი კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ასევე შეიძლება, გადაეცეს კანონიერად უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს (როგორებიც არიან პროკურორები და გამომძიებლები, მიმდინარე გამოძიების კონტექსტში), ეროვნული და საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოებს, მათი კანონიერი მანდატის ფარგლებში მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვით. ამასთან, ფორმიანი და შეიარაღებული ოფიცრები მუდმივად არ უნდა იმყოფებოდნენ დაცულ პალატებში; მათი იქ ყოფნა გამართლებული უნდა იყოს ცალკეულ შემთხვევებში იმ რისკით, რომელსაც კონკრეტული პაციენტები წარმოადგენენ (მაგალითად, პერსონალისა და სხვა პაციენტების მიმართ ძალადობის რისკით, შფოთვისა და თვითდაზიანების რისკის შემთხვევაში) და ეს რისკი უნდა შეფასდეს სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ. „რაც შეეხება სათვალთვალო კამერების არსებობას, განსაკუთრებით ბ-ნი ს.-ის მუდმივ მეთვალყურეობას, ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა გადაიხედოს პრიორიტეტული წესით. მართალია, მუდმივი მეთვალყურეობა გამოიყენება მხოლოდ ერთ პაციენტზე, რომელსაც ჰქონდა კლინიკის პერსონალთან რთული (თუმცა არა ფიზიკურად ძალადობრივი) ურთიერთობები და ქცევის ისტორია, რომელიც შეიძლება, განიმარტოს, როგორც თვითდაზიანების ფორმა (მაგალითად, უარის თქმა კლინიკის მიერ შემოთავაზებულ საკვებზე და ზოგიერთ შემოთავაზებულ მკურნალობაზე), თუმცა დელეგაციის ვიზიტის დროს გამოყენებული ზომები (რომელიც წარმოადგენს პაციენტის კონფიდენციალურობაში უხეშ ჩარევას) მაინც პოტენციური საფრთხის არაპროპორციული აღმოჩნდა. იგივე მიზანი შეიძლებოდა, მიღწეული ყოფილიყო, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის ადეკვატურად ყოფნის უზრუნველყოფით. კომიტეტი კვლავ რჩება აზრზე, რომ სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებლობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დიდი ხნის წინ დაგეგმილი გადაცემა აუცილებელი და დაგვიანებულია. კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს გადაცემის პროცესი შემდგომი შეყოვნების გარეშე.“ წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) საქართველოში გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდა. ის კლინიკა „ვივამედში“, სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებს იკვლევდა. საქართველოში ვიზიტით იყვნენ: ჰანს ვულფი (შვეიცარია), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი; ვიტაუტას რაშკაუსკასი (ლიეტუვა), ფსიქიატრი, ვილნიუსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კონსულტანტი, ვილნიუსის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი და მარი კმეცოვა (ჩეხეთის რესპუბიკა), იურისტი, ჩეხეთის სახალხო დამცველის ოფისის უფროსი მრჩეველი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საკითხებში. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს გეგმიურად, 4-5 წელიწადში ერთხელ ახორციელებენ. კომიტეტი 34 წლის წინ, „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის“ იმპლემენტაციის მონიტორინგისთვის, 1989 წელს შეიქმნა. მისი მიზანია თავისუფლებააღკვეთილი პირების მონიტორინგი, კერძოდ, თუ როგორ ეპყრობიან მათ ციხეებში, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებში, პოლიციის განყოფილებებში, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სოციალური დაცვის სახლებსა და ა.შ.
საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. საგარეო საქმეთა საკინისტროს ცნობით, შეხვედრა, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. „სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას. სამოქმედო გეგმა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მეოთხე სამოქმედო გეგმაა. 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება ორგანიზაციის მიერ დადებითად შეფასდა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა დაეყრდნობა არსებულ მიღწევებს: „ის ემყარება ევროპის საბჭოს უახლეს შეფასებებს, მონიტორინგის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს, ასევე რეიკიავიკის დეკლარაციას, რომელიც გასულ მაისს შეთანხმდა ევროპის ლიდერებს შორის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე. რაც მთავარია, სამოქმედო გეგმა ეფუძნება თავად საქართველოს პრიორიტეტებს.“ ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროპის საბჭო და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობითი პროგრამების საშუალებით, ერთობლივად განახორციელებენ რეფორმებს, რომელთა მიზანია, გაფართოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხორციელება ეროვნულ დონეზე; ეროვნული კანონმდებლობა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას; გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება; გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა; დამატებითი რეფორმები ჩატარდეს პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში; ეროვნული პრაქტიკა მედიისა და ინტერნეტის სფეროებში შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი; გაძლიერდეს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა დაცვა; განვითარდეს ახალგაზრდული პოლიტიკა; ხელი შეეწყოს იურიდიული პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენელთა დასაქმებას და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღებაში ყველა დონეზე.
ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მიზანია, გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა
ევროპის საბჭომ და საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წლებში გაწეულ სამუშაოზე დაყრდნობით, ახალი სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს რანგში ნაკისრი ვალდებულებები შესრულების ძალისხმევაში. ევროპის საბჭოს ცნობით, სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, იმ პრიორიტეტული რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვაში დახმარების მიზნით, რომლებით საქართველოს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან დააახლოებს. სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროპის საბჭო და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობითი პროგრამების საშუალებით, ერთობლივად განახორციელებენ რეფორმებს, რომელთა მიზანია, გაფართოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხორციელება ეროვნულ დონეზე; ეროვნული კანონმდებლობა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას; გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება; გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა; დამატებითი რეფორმები ჩატარდეს პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში; ეროვნული პრაქტიკა მედიისა და ინტერნეტის სფეროებში შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი; გაძლიერდეს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა დაცვა; განვითარდეს ახალგაზრდული პოლიტიკა; ხელი შეეწყოს იურიდიული პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენელთა დასაქმებას და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღებაში ყველა დონეზე.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: წინასაარჩევნოდ, LGBTI-ფობიით პოლიტიკური მანიპულაციის ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციებისა და LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. „ის ასევე ასახავს ლგბტი-ფობიის პოლიტიკურ მანიპულირებას წინასაარჩევნოდ, რაც მე ადრე ვგმოდი და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. „შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკურსით, რომელსაც “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება აჩვენებს მათ ინიციატივაზე, შეიტანონ ცვლილება კონსტიტუციაში და მიიღონ ახალი საკონსტიტუციო კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანი პიროვნებების” შესახებ. ის ააშკარავებს გამჯდარ საზიანო სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს LGBTI ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ დომინირებს ქართული საზოგადოების სეგმენტებში, მათ შორის, ზოგიერთ პოლიტიკოსში და შეუძლია, ძლიერი ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე, LGBTI ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, და მათი უფლებების დამცველებზე. ის ასევე LGBTI-ფობიით პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს წინასაარჩევნოდ, რომელიც აქამდე დავგმე და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ყველას ადამიანის უფლებების პატივისცემას ეყრდნობა,” - განაცხადა მიატოვიჩმა. ადამიანი უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ მან საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ყველა ფორმის დისკრიმინაციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და პრაქტიკის ერთგულნი იყვნენ. „შესაბამისად, ქართველ ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, სრულად პატივი სცენ ადამიანის უფლებების მხრივ მათ ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, მათ შორის, LGBTI ხალხის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების საქმიანობისთვის გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მხრივ. საქართველოში ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ მტკიცედ დაგმონ საარჩევნო კამპანიაში LGBTI-ფობიის ან ნებისმიერი სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება”, - განაცხადა დუნია მიატოვიჩმა. "ლგბტ ადამიანებს უფლება აქვთ, დაცულნი იყვნენ დისკრიმინაციისგან“ - Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ უარი თქვას ინიციატივაზე“
ევროპის საბჭოს გენმდივანი: ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძოა
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „გასულ წელს, ქართველ ბევრ მეგობართან ერთად მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების გაწვევას. დღეს ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა რჩება საკვანძო,“ აღნიშნავს ბურიჩი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სომხეთში ჩადის
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა. ვიზიტი 8 აპრილს შედგება. ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს
PACE-მ ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპულ კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება 15 აპრილს სთხოვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე. ევროპის საბჭოს კანონპროექტს ამჟამად საქართველოს პარალამენტი განიხილავს. ამ თვის დასაწყისში, 4 აპრილს, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის ხელახლა წარდგენის თაობაზე. „ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან,“ - განაცხადეს თანამომხსენებლებმა. დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, ასევე გადაწყვიტა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები მოეთხოვა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ბოლოდროინდელი ცვლილებების თაობაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ევროპის საბჭოს გენმდივანი: მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, გაეწვიათ ეს კანონპროექტი. ამ კანონპროექტის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობასთან არსებული კითხვის ნიშნების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზირებისა და მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი. მე ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანად გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც ბოლო წლებში ახასიათებდა ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.“
ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საგარეო უწყების ცნობით, ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელშიც, ორგანიზაციის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ძალები და სამხედრო აღჭურვილობა საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან. სიტყვით გამოსვლაში, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებების - დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ. „მინისტერიალმა მიიღო გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელშიც მიესალმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ და ცნობად მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში. მინისტერიალზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათზე რეაგირების ქმედითი გზების ძიების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა 2023 წელს ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით გატარებული სამუშაო, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. აღინიშნა უკრაინის ზარალის რეგისტრის ამოქმედებისა და უკრაინის ანგარიშვალდებულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე ევროპის საბჭოში მიმდინარე სამუშაოს მნიშვნელობა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, მომდევნო 6 თვის ვადით, საზეიმო ვითარებაში გადაეცა ლიხტენშტაინიდან ლიეტუვას. მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა წევრი ქვეყნებისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. 16-17 მაისს სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ. წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი თამარ ტალიაშვილი.
ვენეციის კომისია ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის
ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია „მტკიცე რეკომენდაციას“ იძლევა, საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მისი ამჟამინდელი ფორმით, გაუქმდეს, „ვინაიდან კანონში არსებული ძირეული ხარვეზები მნიშვნელოვნად უარყოფით შედეგებს იქონიებს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე.“ „საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. „ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში ამ კუთხით შემდგომი დახმარებისთვის,“ წერია დოკუმენტში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე, ვენეციის კომისიამ კანონი დაჩქარებული პროცედურის მიხედვით შეაფასა. კომისია, მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებებისა. დასკვნაში გაანალიზებულია კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. ის ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები შეუთავსებელია გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით განსაზღვრულ მკაცრ ტესტს - შეესაბამებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ასევე, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. ვენეციის კომისიის შეფასებით, კანონი, რომელსაც თითქოსდა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფის მიზანი აქვს, სტიგმატიზირების, გაჩუმებისა და საბოლოოდ გაუქმების ობიექტური რისკის ქვეშ დააყენებს იმ ასოციაციებსა და მედიას, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. წარმოიშობა დიდი რისკი იმისა, რომ ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ ის ასოციაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც კრიტიკულნი არიან ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოური მხარდაჭერის მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საჯაროდ გამოქვეყნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის, ადმინისტრაციულ სანქციებზე. დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე მოიცავს დებულებებს, რომლებიც კანონში გათვალისწინებულ ორგანიზაციებს უწესებენ დარეგისტრირებისა და ანგარიშგების ვალდებულებას, მათ შორის, მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საკმარისი, მოწოდებული არ ყოფილა. „იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, თუ არსებული კანონმდებლობა არ აღმოჩნდება ადეკვატური, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობისტური) საქმიანობა შეიძლება, დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად,“ წერს ვენეციის კომისია. გარდა ამისა, ვენეციის კომისია „წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც არის ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობიარე და ასევე, ძალზე საკამათო ქართულ საზოგადოებაში, რასაც ცხადყოფს მასიური რეაქციები ქვეყანაში, მიღებულია ისეთი პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა სივრცეს ჭეშმარიტი განხილვისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის და ღიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას.“ „საქმის წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს, ასკვნის ვენეციის კომისია.“ „კანონის მიხედვით უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ სუბიექტად განსაზღვრას, სერიოზული შედეგები ექნება, რადგან ეს ძირს გამოუთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე, მათ ოპერაციებს. „რეგისტრაციის ტვირთისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნების ერთობლივი გავლენა (მათ შორის, ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება), რაც ზღუდავს სტიგმატიზირებული ასოციაციების დაფინანსების წყაროების შესაძლებლობებს, მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან ერთად, რაც მათ შეიძლება დაეკისროს, და მუდმივი მეთვალყურეობა უდავოდ გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციების ეფექტიან მუშაობასა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზირების ხელშემწყობი დაბრკოლებები „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის,“ წერს ვენეციის კომისია. შეგახსენებთ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონი ვენეციის კომისიაში 15 აპრილს გაგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა და სთხოვა კომისიას, დაჩქარებული წესით დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა ის ევროპის საბჭოს სტანდარტებს. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ევროპის საბჭოს გენმდივანი: შესაძლოა, საფრთხე შეექმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, „საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ უარი თქვა მნიშვნელოვანი დიალოგზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს.“ ევროპის საბჭო „კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.“ „მკაცრად ვგმობ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, რადგან ის ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ამ ნაბიჯით, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს ამ კანონის გაწვევის შანსი და შინაარსიან დიალოგში ჩართვაზე თქვეს უარი, უგულებელყვეს ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის ავტორიტეტული იურიდიული მოსაზრებები ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს ასახავს. შესაბამისად, ღრმად შეშფოთებული ვარ ამ კანონის უარყოფითი გავლენით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული შეკავებებისა და გაწონასწორების პოლიტიკაზე, რამაც პოტენციალურად შეიძლება, ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოს. არანაკლებ შემაშფოთებელია აშკარა დაუსჯელობა დაშინებისთვის, ძალის არაპროპორციული გამოყენებისთვის და სტიგმატიზებაში ნარატივებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული და უფლებების დარღვევებში ჩართული პირებმა პასუხი უნდა აგონ, რათა დაიგმოს მსგავსი პრაქტიკები, რომელთა ადგილიც დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. ევროპის საბჭო რჩება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სრულ მხარდამჭერად," - წერია განცხადებაში.
ალენ ბერსეტი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) დღეს ალენ ბერსეტი (შვეიცარია) ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩია. ბერსეტმა არჩევნების მეორე ტურში ხმათა უმრავლესობა (114 ხმა) მიიღო. დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, ინდრეკ საარმა (ესტონეთი) და დიდიე რეინდერსმა (ბელგია) 85 და 46 ხმა დააგროვეს. ალენ ბერსეტი შვეიცარიის მთავრობის წევრი გახლდათ 2012 წლიდან 2023 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, მას ორჯერ ეკავა კონფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. კერძოდ, 2018 და 2023 წლებში. როგორც მინისტრი, ბერსეტი სათავეში ედგა შინაგან საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს. მთავრობაში მოსვლამდე, 2003 წლიდან 2011 წლამდე, ის შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი გახლდათ. 2008-2009 წლებში, ის შტატების საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატას) თავმჯდომარეობდა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დღემდე იყო მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. ბერსეტი მოვალეობის შესრულებას სექტემბრიდან შეუდგება.
2008 წლის ომი და ქართველების მასობრივი დეპორტაცია: ევროსასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა გაიზარდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ზედამხედველობას უწევს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, აღინიშნა, რომ რუსეთს ჯერ არ გადაუხდია 2008 წლის ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევებზე გამოტანილი გადაწყეტილებით გათვალისწინებული კომპენსაცია, რა თანხამაც დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით, ამჟამად, 12 503 972,60 მილიონ ევროს მიაღწია. 2019 წლის 31 გადაწყვეტილებაში კი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მომჩივანი მთავრობისთვის სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა 10,000,000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც საქართველოს არანაკლებ 1500 მოქალაქემ განიცადა. ეს საქმე ეხება რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას. მიმდინარე წლის სექტემბრის სხდომაზე, რუსეთის ხელისუფლებას კვლავ მოუწოდეს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლისა და კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები, სრულად დაიცვას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები; კიდევ ერთხელ გაიმეორეს მათი ღრმა შეშფოთება, რომ დარიცხული სამართლიანი ანაზღაურებისა და დავალიანების პროცენტი რუსეთს არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 30 აპრილს გადახდის ვადის ამოწურვიდან ხუთ წელზე მეტი გავიდა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მინიჭებულ თანხას კვლავ ემატება ვალდებულების შეუსრულებლობის პროცენტი და რომ 2024 წლის 17 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის მთლიანი დავალიანება 12 503 972,60 ევრო იყო. მეორე საქმეზე, 2023 წლის 28 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას მომჩივანი სახელმწიფოსთვის (საქართველოსთვის) 3 თვის ვადაში €129 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამ შემთხვევაშიც აღინიშნა, რომ ევროსასამართლოს მიერ მინიჭებული სამართლიანი ანაზღაურება გადახდილი არ არის, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა, 17 სექტემბრის მდგომარეობით, €141 183 849,33 მილიონამდე გაიზარდა. საქმე ეხება 2008 წელს საქართველოში შეჭრის შედეგად მოქალაქეების მიმართ მიყენებულ ზარალს. ცნობისთვის, 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბერს ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს
თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები აუცილებელია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად - PACE
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიზიტის დასრულებისას განაცხადა, რომ თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები აუცილებელია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად. საქართველოში ორდღიანი ვიზიტი (23-24 სექტემბერი, 2024) დაასრულა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2024 წლის 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო დელეგაციამ, იულიან ბულაის ხელმძღვანელობით. იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ პერიოდში გაიმართება. მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ყველა მხარის მიერ იქნება აღიარებული ლეგიტიმურად, საკვანძო როლს შეასრულებს ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში სამართლიანი ადგილის დაცვაში. „ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციასთან შეხვედრებში მონაწილე პირების წუხილს დემონსტრაციების დარბევასთან და განსხვავებული აზრის გამოხატვის დევნასთან დაკავშირებით, ვიანიდან დემონსტრაციებიც და განსხვავებული აზის გამოხატვაც სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევების დროული და სიღრმისეული გამოძიება,“ - განაცხადა იულიან ბულაიმ. „ჩვენთვის ასევე შემაშფოთებელია ოპოზიციის წევრების შესაძლო შევიწროების ფაქტები, ისევე როგორც მუქარა, დაშინება და სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მისამართით. შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. შეშფოთებული ვარ არჩევნების წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსუსხავი ზეგავლენით აქტივისტებსა და არჩევნების შიდა დამკვირვებლებზე და ვიმეორებ ასამბლეის მოწოდებას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეუსაბამოა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. მოვუწოდებ ხელისუფლების წევრებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება - ვიცით, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ კანონს. ამასთან დაკავშირებით, გვაშფოთებს არასამთავრობო ორგანიზაციების „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელთაც ეკისრებათ იგივე ფინანსური ზედამხედველობა და შეზღუდვები, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს, რასაც აგრეთვე აქვს მსუსხავი ეფექტი.“ „ეს არჩევნები იქნება პირველი საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, ხუთპროცენტიანი ბარიერისა (ამ უკანასკნელის დაწევაზე რიგი მოლაპარაკებების და პირობითი შეთანხმებების მიუხედავად) და საარჩევნო ბლოკების აკრძალვის კომბინირებულმა ეფექტმა შესაძლოა, შეასუსტოს ამ 2017 წელს მიღებული მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტი. ასამბლეისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის რეკომენდაციაა, პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, პარლამენტის გაძლიერება და სუპერ უმრავლესობების თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ, კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს,“ - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა. ბულაიმ აგრეთვე აღნიშნა: „ვგმობ საარჩევნო კანონში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე შეტანილ ცვლილებას, რომელმაც შესაძლოა, საზიანო გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობაზე და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ პარტიულ სიებში ქალების სათანადოდ წარმოდგენა.“ „ჩვენმა დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია და მიესალმება, რომ ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვის წყალობით მოხდება არჩევნების წინასწარი შედეგების სწრაფად გამოქვეყნება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების დღეს დაძაბულობის შემცირებას. ასევე აღსანიშნავია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანია. მიმაჩნია, რომ ცესკო არამარტო მიუკერძოებლად უნდა მოქმედებდეს, არამედ, მიუკერძოებლად უნდა აღიქმებოდეს კიდეც. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობასა და შიდა წესებში შეტანილმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შეიძლება, შეარყიოს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა. რამდენიმე თანამოსაუბრემ ასევე დასვა კითხვები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომის შესახებ,“ - განაცხადა ბულაიმ. „ჩვენ ასევე გვინდა, გამოვხატოთ შეშფოთება პოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანასწორ გარემოზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმისათვის საზიანო რიტორიკისაგან, როგორიცაა, მაგალითად, ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება. ეს უკანასკნელი სერიოზულად შეაფერხებდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,“ - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ექვსკაციანმა მრავალპარტიულმა დელეგაციამ, ბულაის ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრულუფლებიანი 32 წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბერს კენჭისყრის დასაკვირვებლად ეწვევა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან
საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 32-კაციანი დელეგაცია ეწვია. 24-27 ოქტომბერს, ეუთოს და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეების, ასევე ODIHR-ის და ევროპარლამენტის დამკვირვებლებთან ერთად, დელეგაცია შეხვდება პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ანტიკორუფციული ბიუროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 26 ოქტომბერს კი, დელეგაცია კენჭისყრის პროცესს დააკვირდება. 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. NDI-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო. გარდა ამისა, IRI, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ რომ ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება. მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი. „მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი მუშაობა გააძლიერებს გრძელვადიანი დამკვირვებლების ძალისხმევას, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობენ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, საარჩევნო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან,“ - აცხადებენ IRI-ში. ორგანიზაციას საქართველოში ჯამში 48 დამკვირვებელი ეყოლება. მათგან 28 - მოკლევადიანი, 20 კი - გრძელვადიანი. „მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს მისიის შესაძლებლობებს, დააკვირდეს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების საკვანძო ეტაპებს“, - ამბობს ჯონ შიმკუსი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი. IRI-ის სადამკვირვებლო მისია მუშაობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში. ორგანიზაცია ახორციელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. საარჩევნო პროცესს ჯამში დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.“ „ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 – გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი, 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 54 000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, საიდანაც ნახევარზე მეტს უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები წარმოადგენს, ხოლო დანარჩენს არაპარტიული ნიშნით, ე.წ. პროფესიული წევრები. შეგახსენებთ, რომ თითო კომისიაში 17 წევრიდან 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 – პარტიული, საიდანაც 1 არის მართველი პარტიის, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული. საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ჩატარდება, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა, ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და, სავარაუდოდ, კენჭისყრის დასრულებიდან 1-2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. მონაცემები ამავდროულად, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge. „გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს. დანარჩენ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც, შემუშავებულია რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ. სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – ამ არჩევნებზე ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“ განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 26 ოქტომბერს იმართება. პარლამენტი პირველად აირჩევა სრულად პროპორციული წესით.
ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არჩევნების დღეს მედიის მიმართ დარღვევების სწრაფ გამოძიებას ითხოვს
ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის შეფასებით, არჩევნების დღეს ქართველი ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა სახის დარღვევების ათზე მეტ შემთხვევა დაფიქსირდა. პლატფორმამ დოკუმენტირებული შემთხვევების გამოძიებისა და პასუხისმგებელ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნისკენ მოუწოდა. „30 ოქტომბრის „1 დონის განგაშის“ განცხადებაში, რომელიც „მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე და საზიანო დარღვევებს“ მოიცავს, პლატფორმამ განაცხადა, რომ სულ მცირე 15 შემთხვევა დაფიქსირდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, „როდესაც 22 ჟურნალისტი და მედიის სხვა მუშაკი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფას, დაშინებისა და მუშაობაში ხელისშეშლის სამიზნე გახდა.“ ჩამოთვლილი შემთხვევები მოიცავს კახეთის რეგიონში ფიზიკური და/ან სიტყვიერი შეურაცხყოფის 4 შემთხვევას, ქუთაისში ფიზიკური შეურაცხყოფის ან/და მედიის მუშაობის შეფერხების 2 შემთხვევას, 3 მსგავს შემთხვევას თბილისში, ასევე 3 ინციდენტს მარნეულში და კიდევ 2 შემთხვევას ბათუმში. პლატფორმა იმედოვნებს, რომ განხორციელდება შემდგომი ქმედებები, მათ შორის - „ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და შევიწროების ფაქტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება“ და პასუხისმგებელ პირთა გასაართლებისკენ მოუწოდებს. საგამოძიებო სამსახური: არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს მედიაომბუდსმენი: არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა
როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს
27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს და წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები წარადგინეს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA). „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლებს 18 კანდიდატს შორის გასაკეთებელ ფართო არჩევანს სთავაზობდა და კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობას აძლევდა, არჩევნები დააზიანა დამკვიდრებულმა პოლარიზაციამ და შეშფოთებამ, რომელიც ბოლო დროს მიღებულმა კანონმა და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისმა ზეგავლენამ გამოიწვია, ისევე როგორც განხეთქილების გამომწვევმა რიტორიკამ და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართოდ გავრცელებულმა შეტყობინებებმა,“ - აღნიშნეს დამკვირვებლებმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში. ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა პოლიტიკური განხეთქილების უწყვეტი გაღრმავება, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი უთანასწორობა და მმართველი პარტიის მიერ თავისი უპირატესობებით სარგებლობის ბევრი შემთხვევა, რამაც ისედაც უთანასწორო საასპარეზო ველი კიდევ უფრო უთანასწორო გახადა. „წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების ბევრი ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა მათი საქმიანობის სტიგმატიზება გამოიწვია, რასაც თან ერთვოდა თავდასხმებისა და დაშინების ინციდენტები. აღნიშნული, კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო დაწესებულ პოტენციურ სანქციებთან ერთად ნეგატიურად აისახა მათ შესაძლებლობაზე საქმიანობა ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააგრძელონ.“ „ფინანსურ რესურსებს შორის არსებული დისბალანსი, განხეთქილების გაღრმავებისკენ მიდრეკილი წინასაარჩევნო კამპანიის ატმოსფერო და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი იყო მთელი საარჩევნო პერიოდის განამავლობაში,“ - განაცხადა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიან დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდმა. „თუმცა, ჩართულობა, რომელიც კენჭისყრის დღეს დავინახეთ - ხმათა მდიდარი მრავალფეროვნება, ამომრჩეველთა აქტიურობა და ადგილობრივი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი დამკვირვებლების მძლავრი წარმომადგენლობა - ფარდას ხდის სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ იზრდება და ვითარდება, დემოკრატიული სულისკვეთება მშენებლობის სტადიაზე.“ დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ადეკვატურია და უზუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თუმცა, წარსულში განხორციელებული ზოგიერთი დადებითი ცვლილება ბოლო დროს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შემოაბრუნა და რამდენიმე უცვლელი რეკომენდაცია გაუთვალისწინებელი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ წინა ცვლილებები ინკლუზიური საჯარო დისკუსიების შედეგად მიიღეს, ხშირმა საკანონმდებლო ცვლილებებმა (მათ შორის, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერის გარეშე მიღებულმა რამდენიმე ცვლილებამ), ძირი გამოუთხარა მის სტაბილურობას და პოლიტიკური სარგებლის მისაღებად ამ ცვლილებების ბოროტად გამოყენების თაობაზე შეშფოთების საფუძველი გააჩინა. ამავე დროს, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის ეფექტურობა დაზიანდა აღსრულების შეზღუდული შესაძლებლობისა და ზედამხედველი ორგანოს პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციის გამო. „ეს არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მძაფრი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენითა და პრეზიდენტის აპარატის წინააღმდეგ მიმართული ანტაგონიზმით,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ. „არჩევნების ხარისხი ირეკლავდა წინასაარჩევნო პერიოდის ხარისხს. ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის, ზეწოლის ფართოდგავრცელებული კლიმატისა და პარტიების მიერ ორგანიზებული დაშინება არჩევნებამდე და შემდეგ, განსაკუთრებით პროვინციულ რეგიონებში, სახელმწიფო უწყებების მიუკერძოებლობის გარშემო არსებული კითხვები. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საარჩევნო პირობების, განსაკუთრებით კი უთანასწორო საასპარეზო ველის შესახებ, რაც ძირს უთხრის შედეგის მიმართ ნდობას და გასაგებს ხდის არჩევნების შედეგებით გამოწვეულ რეაქციებს. ეს საკითხები საჭიროებს მთავრობის რეაგირებას.“ გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა კონსტიტუციით აღებული ვალდებულებაა, თუმცა მიმდინარე წელს განხორციელებულმა საკონონმდებლო ცვლილებებმა ამ მიზანს ძირი გამოუთხარეს, რამაც ამ არჩევნებზე ქალ კანდიდატთა რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებში შესამჩნევი იყო კონკრეტულად ქალებისთვის გამიზნული გზავნილების ნაკლებობა; წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებში ცოტა ქალი მონაწილეობდა. გარდა ამისა, საქართველოში ქალი პოლიტიკოსები კვლავაც უპირისპირდებიან ღრმად დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ძალადობისაც კი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეფასებით ეს არჩევნები მეტწილად მშვიდი იყო, ქალ კანდიდატთა რაოდენობის შემცირება გენდერული კვოტირების გაუქმების შემდეგ უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს; საარჩევნო უბნებზე ქალთა აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით უსვამს ხაზს მათი როლის სასიცოცხლო მნიშვნელობას და საჭიროებს უფრო ფართო წარმომადგენლობას,“ - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პია კაუმამ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბოლო დროს მიღებულმა კანონის გათვალისწინებით იმედს ვიტოვებ, რომ მისი ზეგავლენა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ხელახლა იქნება შეფასებული პარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ, რომ ის უმნიშვნელოვანესი საქმე, რასაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ეწევა, დაცული იყოს და არ შეწყდეს, რათა ყველას ხმა ისმოდეს.“ ორგანიზაციების შეფასებით, „საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნები ეფექტურად ჩაატარა, თუმცა საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის აღქმა დააზიანა ბოლო დროს მიღებულმა ცვლილებებმა უწყების წევრთა დასახელებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით; ისევე, როგორც ფორმალურად პოლიტიკურ პარტიებთან არააფილირებული წევრებისა და მმართველ პარტიას შორის სავარაუდო კავშირებმა. ისტორიაში პირველად საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ხმის მიცემა ელექტრონული წესით გაიმართა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო, რათა ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღემდე მიეწოდებინა ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესახებ. კენჭისყრის დღე პროცედურული თვალსაზრისით ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით. ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული და ვრცელდებოდა დაშინებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ცნობები.“ „პიროვნული თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საყოველთაო ღირებულებების პატივისცემა NATO-ში გაწევრიანების წინაპირობაა. ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის კიდევ ერთი კრიტიკული გამოცდა იყო; მისი შედეგი კიდევ ერთი ასეთი გამოცდა იქნება,“ - განაცხადა ფაიკ ოზთრაქმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „ახლა ჩემი მოვალეობაა, ჩემს ანგარიშში ავსახო ამ არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები - არჩევნების ადმინისტრირებიდან ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებამდე, რათა ასამბლეამ შეძლოს გამოიკვლიოს, თუ ყველაზე უკეთ როგორ დაეხმარება ქართველ ხალხს, რომელმაც არაერთხელ დაგვანახა, რომ მას სურს დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში იხილოს.“ დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ „საარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად წარიმართა; წინასაარჩევნო კამპანიის ტონი და ვიზუალური მასალა განხეთქილების გაღრმავებას უწყობდა ხელს. წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს თავისი განზრახვის შესახებ, არჩევნების დასრულების შემდეგ ძირითადი ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად საქმის აღძვრის თაობაზე. დამკვირვებლები ასევე გაეცნენ ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯაროს სექტორში დასაქმებულთა და სხვა ჯგუფების, დაშინების, იძულებისა და ზეწოლის შესახებ ანგარიშებს, რაც შეშფოთებას იწვევს, რადგან ზოგიერთმა ამომრჩეველმა შესაძლოა თავისუფლად ვერ გააკეთოს არჩევანი და შეეშინდეს ხმის დასჯის შიშის გარეშე მიცემა.“ „ჩვენ კვლავაც ძალზედ შეშფოთებული ვართ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. გუშინ ჩატარებული არჩევნები სამწუხაროდ ამ უკუსვლის დადასტურებაა,“ -განაცხადა ანტონიო ლოპეს ისტურის უაითმა, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რათა ვნახოთ შემდგი მთავრობა აირჩევს თუ არა ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან დაახლოების გზას და შეცვლის თუ არა გასული თვის უარყოფით ტენდენციებს.“ დამკვირვებელთა შეფასებით, „საქართველოს მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ მეტისმეტად პოლარიზებულია და დაფინანსების თვალსაზრისით დამოკიდებულია პოლიტიკურ აქტორებზე. სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებულმა მედიამონიტორინგმა ყველა მედიასაშუალების მკვეთრი პოლიტიკური მიკერძოება აჩვენა მაშინ, როცა მიუკერძოებელი გაშუქების ვალდებულება კომერციულ ტელეკომპანიებში უგულვებელყოფილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანდიდატთა გაშუქება მეტწილად პოზიტიური ან ნეიტრალური იყო, მან მმართველ პარტიას, სხვა პარტიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო. დამატებით, ჟურნალისტთა უსაფრთხოება კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია ბოლო დროს დაფიქსირებული თავდასხმების, დაშინებისა და ზეწოლის უწყვეტი ინციდენტების გამო.“ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში წინასარჩევნო კამპანიამ ქართველ ამომრჩეველს ფართო არჩევანი შესთავაზა, რაც დადებითი მოვლენაა, თუმცა არჩევნების მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისად ჩატარება არ არის საკმარისი,“ - აღნიშნა ოუენ მერფიმ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. „ქვეყანაში არსებული მძაფრი პოლარიზაცია, ამომრჩევლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე შეუსაბამო ზეწოლის ფაქტები და დაძაბულობა, რომელიც კეჭისყრის დღეს ვიხილეთ, ნათლად გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.“ 27 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართეს ამერიკულმა ორგანიზაციებმა, „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI), რომელთაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ. განახლება: ანგარიში სრულად წაიკითხეთ აქ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით