თეგი: ილია მეორე

ილია მეორე: დიდია ჩვენი მწუხარება გლდანში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი ოჯახი - მშობლები და სამი მცირეწლოვანი შვილი შეიწირა

საპატრიარქო გლდანში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს. „დიდია ჩვენი მწუხარება გლდანში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი ოჯახი, - მშობლები და სამი მცირეწლოვანი შვილი შეიწირა. აღვავლენთ ლოცვებს ირაკლის, რუსუდანის, დავითის, მარიამისა და დარეჯანისთვის, რათა უფალმან სავანესა მართლათასა დააწესოს მათი უკვდავი სული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

ილია მეორე: სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო, ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ, ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. პატრიარქის სამძიმრის წერილი საზოგადოებას საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთის ტაძარში გააცნო. „სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს. სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია! აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ გარდაცვლილი სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვილი აღავლინა. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დავით რატიანის და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით.. უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს   

ილია მეორე ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მიიღეთ ჩვენი სამძიმარი დავითის გარდაცვალების გამო. ღმერთმა აცხოვნოს და ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და დავითისთვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში დაკრძალეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ილია მეორე: ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი

გილოცავთ დღევანდელ დღეს. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღასრულა. წირვის შემდეგ პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მარიამ მეგვიპტელის კვირა მიულოცა, ამასთან წირვას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. „ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ დღევანდელ დღეს. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენ გულითადად მივესალმებით ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც ესწრებოდა წირვას. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!", - აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გაუწყებთ თქვენ... საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა“ (1 ინ. 1,2). აღსრულდა სამოთხეში ადამისა და ევასთვის მიცემული პირობა უფლისა! სიკვდილი იძლია! ქრისტე აღსდგა! საკვრელი ბნელეთისა დარღვეულია და მართალთა სულნი - გამოხსნილნი! ზეიმობს წიაღი აბრაამისა; ძეს თვისას, ყოველთა მეუფეს, შეჰხარის წინასწარმეტეყველი დავითი, იშვებს ქალწული და ყოველნი ზეციურნი ძალნი! შემოდის დღე ძლევამოსილი და დიადი, დღე სიკვდილის დამთრგუნველი და ათასწლეულების წყევლის განმაქარვებელი. ეშმაკი მოტყუვდა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად მიიღო თავის წიაღში კაცობრივი სულის მქონე უფალი,- ყოვლად უცოდველი, სრული სიყვარული, სიკეთე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, რომელმაც ჯოჯოხეთში შთასვლით შემუსრა ბოროტების, ღვარძლისა და სიცრუის სამეფო. ქრისტე აღსდგა! „სადა არს, სიკვდილო, ნესტარი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“ (1 კორინ. 35.55) მკვდრეთით აღმდგარი და გამარჯვებული იესო გვიხმობს და ყველას უშურველად გვანიჭებს უდიდეს საბოძვარს, - საუფლო დიდებასთან თანაზიარებას, გვანიჭებს მარადიულ სიცოცხლეს და მასთან მყოფობას. ქრისტე მკვდრეთით აღსდგა იმგვარი უხრწნელი სხეულით, ადამს რომ ჰქონდა სამოთხეში და ჩვენც, მეორედ მოსვლის შემდეგ, ამ სულიერი სხეულით შემოსვის შესაძლებლობა მოგვცა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან ხრწნილება, რაც პირველმშობელთა შეცოდების შედეგად ჩვენი დაცემული ბუნების თვისება გახდა, ვერ დაიმკვიდრებდა უკვდავებას. ქრისტესთან ნათლობით დაკავშირებულნი და მისი მცნებისამებრ მცხოვრებნი ყოველნი, ნეტარ უკვდავებასთან თანაზიარნი ხდებიან მასთან ერთობით, რომელიც თავად არის სიცოცხლე და სიცოცხლის მომნიჭებელი. ამიტომაც წერს მოციქული: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე სიცოცხლეს იძენენ ქრისტეში“ (1 კორინ. 15,22); „ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (1 ინ. 5,11). *** ჩვენთვის რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მოეპოვებინა, მაცხოვარმა უდიდესი დამცირება, ცილისწამება და ტანჯვა დაითმინა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან. მართალია, ქრისტეს აღდგომით ბოროტება შეიმუსრა, მაგრამ განწმენდისა და ცოდვის ბიწისაგან გათავისუფლების პროცესი სულიერი ღვაწლითა და მრავალი განსაცდელის ღირსეულად დათმენით ყველამ პიროვნულადაც უნდა აღვასრულოთ, - უნდა ძალისამებრ ჩვენისა განვაახლოთ შემოქმედის ხატება და მსგავსება ჩვენში (ანუ შინაგანად შევძლოთ აღდგენა იმისა, როგორადაც შეგვქმნა უფალმა), რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ბრძოლას ჩვენს ეგოისტურ აზროვნებასთან და ვნებებთან. ეს არის გარდაუვალი ომი საკუთარ თავთან, რაც აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს. ამ ომში გამარჯვება წარმოუდგენელია ღვთის შემწეობის გარეშე, სიკვდილის დამთრგუნველი უფლის რწმენის გარეშე, რადგან საწუთრო და მისი საცდურნი იოლად არ ანებებენ თავს ადამიანს და მრავალგვარ მახეს უგებენ ცრუ თავისუფლების სახელით. წუთისოფელი და მისი წარმავალი სიკეთენი ჩვენს დაცემულ ბუნებას თავისკენ იზიდავს და ცოდვის მორევში ადვილად აქცევს მრავალთ. სულ სხვაა მორწმუნეთა ცხოვრება. ესაა მუდმივი სვლა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რწმენისა და სიმართლის ვიწრო გზით; და ისინი, საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულნი, სძლევენ წუთისოფელს ( 1 ინ. 5,4). მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას. დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის. ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება. უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის. ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა. **** ზოგადად, შიში, როგორც გადარჩენის ინსტიქტი, კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია, ყველაზე ძლიერი კი სიკვდილის შიშია, რაც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან სულისა და ხორცის გაყრასთან არის დაკავშირებული და მათი ერთობის დამრღვევია. თუმცა ქრისტეს მორწმუნეთ იციან, რომ სხეულის დაფვლა მიწაში და სტიქიონებად დაშლა ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს, არამედ ეს პროცესი აუცილებელია, რათა სხეული განახლებული სახით აღდგეს. ზოგიერთ ადამიანს უჭირს ამის დაჯერება, პავლე მოციქული მოკლედ და ნათლად ამბობს, რომ: „რასაც დავთესავთ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა“ (1 კორინ.15, 36). ასევეა მკვდართა აღდგომაც ... „ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1 კორინ.15, 44), ხოლო ვისაც ეს აეჭვებს, ის დაეჭვებულია ქრისტეს აღდგომაშიც, „რადგან თუ მკვდარნი არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა“ (1 კორინ.15,16)! - მართლმორწმუნისათვის ასეთი აზრი კი უდიდესი მკრეხელობაა და სულიერად დამღუპველი. აღდგომილი მაცხოვარი არაერთგზის იხილეს მენელსაცხებლე დედებმა, მოციქულებმა, ხუთასზე მეტმა კაცმა და სხვებმა. იგი ორმოცი დღის მანძილზე არიგებდა და განაბრძნობდა თავის მოწაფეებს, რომელთაც, სულიწმინდის მადლით, მრავალ სასწაულთა აღსრულების უნარი მისცა; შემდეგ კი იესო ქრისტე ყველას თვალწინ ზეცად ამაღლდა და აღგვითქვა: „აჰა, მე თქვენთან ვარ დღენიადაგ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ. 28.20), და კიდევ: „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და ... მირწმუნეს“ (ინ. 20.29) *** ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და, ასევე, სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა. „უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისგან გამომხსნელი" (იგ. 14,27). იგი სულიერი სიბრძნის დასაწყისია, რადგან ამ მადლის მქონეთ ეძლევათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, უნარი გონივრული ნაბიჯების გადადგმისა და მშვიდობისმყოფლობისა, მოყვასის სიყვარულისა და მისთვის თავდადებისა. ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარე, თუმცა მაკურნებელ, წამლად მიიჩნევს და ეშინია მხოლოდ იმისა, რომ არ შეექმნას სულიერი სიკვდილის საფრთხე (შდრ. მთ. 10,18). ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდება, უფრო აღმატებულ სულიერ მდგომარეობაში კი მას სრული სიყვარული ცვლის, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს, ... ხოლო ვისაც შიში აქვს, არასრულქმნილია სიყვარულში" (1 ინ. 4.18). სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა საეკლესიო მსახურება გულისხმობს უფლისადმი ვედრებას: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“ მოციქული გვარიგებს, - ილოცეთ მუდამ (1 თეს. 5,17), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას. ეს არის „უფალო, შეგვიწყალენ.“ თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდა, იმეორეთ იგი გულში ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველია; მისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობას, რომ ცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისა, ვაღიარებთ იმასაც, რომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ. ასე რომ, გამუდმებით ილოცეთ - „უფალო, შეგვიწყალენ“ და მარად გახსოვდეთ, რომ „თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან. ... ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“ (1 კორინ. 6, 19-20); იღვაწეთ, რომ, წუთისოფელში თქვენი დროებითი მყოფობა ზესთასოფელში დაუსრულებელი მყოფობის წინაპირობად იქცეს, იცხოვრეთ მარადიული სიცოცხლისათვის, იცხოვრეთ ქრისტესთვის! ქრისტე აღსდგა! მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენასა და სიყვარულში. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 2022.

ილია მეორე: უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს

უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა“,- ამის შესახებ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის. „ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება. უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის. ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა“,- აღნიშნულია ეპისტოლეში. ასევე წაიკითხეთ  პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს, საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საქართველოს საპატრიარქო: კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს, მიხეილ სააკაშვილზე არ ულაპარაკიათ

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გა დაყვანის საკითხზე არ უსაუბრიათ. „საქართველოს საპატრიარქო მოხარულია, რომ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თუმცა დავძენთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ამ საკითხს არ ეხებოდა და, ამდენად, ეს შეხვედრა არ გამხდარა ზემოაღნიშნულის მიზეზი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. საქართველოს საპატრიარქო, ამ განცხადებით, მიტროპოლიტ მიხეილ ფაჩუაშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „გუშინ, 2022 წლის 15 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის შედეგი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 12 მაისს, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.   შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.

ილია II: გილოცავთ ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, - ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს. ღმერთმა გაგახაროთ და დალოცოს თითოეული თქვენგანი! ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო!“- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს ზეციური მფარველის დღე მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს „მისი ზეციური მფარველის, მოციქულთასწორის წმინდა კირილეს ხსენების დღე"მიულოცა. მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე მილოცვა 24 მაისს გამოქვეყნდა.  „თქვენო უწმინდესობავ! მიიღეთ თქვენი ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი ჩვენი გულითადი მილოცვა. მოციქულთასწორთა წმინდა ​ კირილესა და მეთოდეს ლოცვებით ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელთმთავრულ მსახურებაში", - წერს ილია მეორე კირილს.

ილია მეორე დიასპორის წარმომადგენლებისადმი მიმართვას ავრცელებს

არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ იმასაც,რომ თითოეული თქვენგანი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიასპორის წარმომადგენლებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი, თითოეული მათგანი ბრძანდება ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობენ. „ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს დავიწყებას, არ ნიშნავს დავიწყებას ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციებისა; ამასთან, თქვენ იძენთ გამოცდილებას, ეცნობით ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ხელოვნებაში... და გეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიაროთ იგი თანამემამულეებს; ხოლო ჩვენი ცხოვრების წესი, სულიერი ფასეულობანი, ჩვენი წარსული და აწმყო, ჩვენი ხელოვნება გააცნოთ უცხოელთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რასაც ეწევით, რათა დახმარება გაუწიოთ აქ მყოფ თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს. ბევრჯერ მითქვამს, წყალობის გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს დარჩება და თქვენც, მატერიალურ სიკეთესთან ერთად, ღვთის წყალობაც გექნებათ. არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ იმასაც,რომ თითოეული თქვენგანი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ. ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს ჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს. იყავით ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები და თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ქვეყანაში მისი დროებითი, მაგრამ ღირსეული მოქალაქენი. დროებითს ვამბობ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დაბრუნდებით, მანამდე კი ეცადეთ, აქ შეიძინოთ მიწები და უპატრონოთ მას. სამშობლოს თქვენ უყვარხართ. სამშობლოს თქვენ ძალიან სჭირდებით. ყოვლადწმინდა სამებამ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თვისი შეწევნა და მფარველობა არ მოგაკლოთ, ამინ“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება  

ილია მეორე ბრიტანეთის დედოფალს: ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს.  დიდ ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილეს“ აღნიშნავს „საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს. დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს. შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს,“- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.  დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავად, დიდ ბრიტანეთში ოთხდღიანი სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.  

ილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების – ვიტალი ორბელაძის, ტელმან (ტატო) ბიგვავას, რატი შურღაიას, გიორგი გრიგოლიას, კირილე შანავას და დანიელ გერლიანის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. უკრაინაში რუსეთთან ომში 14 ქართველი დაიღუპა – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია, გიორგი გრიგოლია, კირილ შანავა, დანიელ გერლანია.  

პატრიარქი პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქო პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პრეზიდენტი ვატიკანში, ,,სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება „შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ვისაუბრეთ კონცერტის შესახებ, რომელსაც სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი “სიქსტის კაპელაში” გამართავს. პრეზიდენტი კონცერტს პირადად დაესწრება“, - ნათქვამია პატრიარქის Twitter გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.  

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე „მეგობრობის ორდენით" დააჯილდოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი - „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით "მეგობრობის ორდენზე" გამოსახულია ლოტის მიერ დარგული მამამთავარ აბრაამისთვის ანგელოზისგან მიცემული სამი ხის კვერთხისგან აღმოცენებული სასწაულებრივი ხე - ნიშანი ღვთის შეწყალებისა და მფარველობისა. ამასთან, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას 25-ზე მეტი უმაღლესი ჯილდო და ორდენი აქვს მიღებული და მათ შორის განსაკუთრებულად ძვირფასი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გადაცემული ,,მეგობრობის ორდენია“. „შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ ქართველთა საჭიროებები, ასევე დავით გარეჯის საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ძმური დამოკიდებულებით მშვიდობიანად და წარმატებით გადაილახება ნებისმიერი დაბრკოლება. ღონისძიების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გაიმართა საზეიმო ვახშამი, რომელსაც ჩამოსულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეუფე შიო: გულითადად მივულოცოთ პატრიარქს მისი ანგელოზის დღე, მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის

გულითადად მივულოცოთ პატრიარქს მისი ანგელოზის დღე, მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებული ქადაგებისას განაცხადა. "დღეს აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს. გილოცავთ ამ დღეს ყოველ თქვენგანს. მინდა, სახარებიდან გავიხსენო ერთი-ორი მონაკვეთი, რომლებიც ეხება ილია წინასწარმეტყველს, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი ამბობს წმინდა იოანე ნათლისმცემელზე, რომ იგი მოვა და ივლის წინაშე ღვთისა ილიას სულითა და ძალით. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვები – „ურჩ ადამიანებს მოიყვანს ღმერთისკენ და მრავალ ისრაიტელს მოაქცევს ღმერთისკენ“. ასევე სხვა ადგილას უფალ იესო ქრისტეს ფერისცვალების შემდეგ ჰკითხავენ მოციქულები, როგორღა ამბობენ მწიგნობრები, რომ ჯერ ილია უნდა მოვიდესო? უფალი უპასუხებს, რომ „ილია მოვა და აღადგენს ყოველივეს“. ძველ ქართულად არის „კუალად აგებს“, ანუ აღადგენს, გამართავს, მოაწესრიგებს. ასეთი საოცარი სიტყვებია. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები, რომ ილიას სულითა და ძალით მოვა იოანე ნათლისმცემელი, საკუთრივ წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეხება, მაგრამ ჩვენ გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება განვუკუთვნოთ ეს სიტყვები ყველა დიდ მოღვაწეს, რომლებმაც დიდი კვალი დააჩინეს ქვეყნის, ხალხის, საეკლესიო, სასულიერო და საერო ცხოვრებას. დღეს ჩვენ რომ ვიკითხოთ, ვინ არის ის მოღვაწე, რომელიც დღეს, ამ საუკუნეში, ამჟამად მოღვაწეობს ილიას სულითა და ძალით, ვინ შეძლო, მოექცია განდგომილი ერი ღვთისკენ და ვინ შეძლო, აღედგინა ყოველივე, როგორც სახარებაშია ნათქვამი? ვინ არის ასეთი მოღვაწე? ეს არის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის ანგელოზის დღესაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. რაც მან აღასრულა, ეს მართლაც შეიძლება აიხსნას მხოლოდ აი, ამ სულითა და ძალით, რომელიც ჰქონდა ილია წინასწარმეტყველს, რომელიც ჰქონდათ დიდ მოღვაწეებსა და წმინდანებს. ეს არის მადლი ღვთისა და მადლი სულისა წმინდისა. მართლაც, საოცარი სიტყვებია, ვიმეორებ, რომლებიც შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით აღვიქვათ, რომ მართლაც აღადგინა ყოველივე მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ყველა სფერო საეკლესიო ცხოვრებისა იმ უდიდესი დევნისა და ნგრევის შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ და არა მხოლოდ აღადგინა, ძვირფას ძმებო და დებო, არამედ მრავალი რამ თავიდან აღაშენა კიდეც, რომლის დიდი დასტურიც არის ეს შესანიშნავი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და რომელიც, სხვათა შორის, ელიას მთაზე დგას. ესეც არ არის შემთხვევითი. დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით ყველა იმ დიდ მიღწევას, იმ ნაყოფს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობისა, მაგრამ ყველამ ერთად გულითადად მივულოცოთ მას მისი ანგელოზის დღე, ქედი მოვიხაროთ, მადლობა ვუთხრათ ამ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს მისი მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა და საღვთო სახელის სადიდებლად, ამინ!“ – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.  

ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც დღეს სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია“, -ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

რუსეთის პატრიარქმა წერილში ილია მეორე ბიჭვინთის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით არ მოიხსენია

რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქისთვის, ილია II-სთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში საქართველოს პატრიარქის ტიტული სრულად არ მოიხსენია.  „მის უწმიდესობას და უნეტარესობას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს"- ნათქვამია წერილში.  კირილმა წერილში ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული არ ახსენა.  უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის - ეს არის ილია მეორის სრული ტიტული, რომელიც 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე დაიღუპა

პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა. „პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა და საჩუქრად ვატიკანში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის მიერ გამართული კონცერტის ჩანაწერი და ფოტოალბომი გადასცა“, - ნათქვამია პრეზიდენტის Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილია მეორე მამუკა ონაშვილზე: ბედნიერია ჩვენი ერი, მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი

ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, - ამის შესახებ აღნიშნულია მამუკა ონაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში. მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს „ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, მარადისობას შეერთო და მათი წასვლით ამქვეყნიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა. მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებით... მართლაც რომ, შეუდარებლად დიდი იყო. ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე თვისი დაუმკვიდროს, ხოლო მამუკას ყველა გულშემატკივარს მისთვის ლოცვის ძალა და მის მსგავსად სიკეთის მსახურება შეაძლებინოს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში. სიონის საკათედრო ტაძარში, მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში ავტოავარიის შემდეგ გარდაიცვალა. მამუკა ონაშვილი ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა სიონის საკათედრო ტაძრიდან ტაშით გააცილეს.  

პრემიერ-მინისტრი ილია მორეს შეხვდა

დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Facenook-ზე დაწერა.    „დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პატრიარქი: კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგების დროს განაცხადა, რომ „კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს“. „გილოცავთ მარიამობას, დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას. პატრიარქმა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ მრევლს სიონობაც მიულოცა „დღეს ჩვენ ვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია - ზეციური და ქვეყნიერი. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს. თქვენ ახლა იგალობეთ „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“. კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობლისა. ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, დღეს წაიკითხოთ „ღვთისმშობლის დაუჯდომელი“. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. მე მუდამ თქვენთან ვარ სულით და ხორცით. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა ილია მეორემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ილია მეორე: თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს

თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გაერთიანებულ სამეფოს და თავისი ხალხისადმი თავდადებული მსახურებით არა მარტო მათი, არამედ საყოველთაო  პატივისცემა დაიმსახურა, - ნათქვამია ილია მორის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.  „მე მქონდა ბედნიერება მასთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და მის ოჯახს, ვუსამძიმრებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ და ბრიტანელ ხალხს, საერთოდ ყველას, ვისთვისაც მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის, ხსოვნა ძვირფასია. პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის  მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - ნათქვამია სამძომრის წერილში.  გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს, ბოლო სამ კვირაში მეორედ შეხვდა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ბოლო 3 კვირის განმავლობაში მეორედ შეხვდა. პატრიარქთან ვიზიტის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოც გაავრცელა.  პრემიერ-მინისტრი ილია მორეს შეხვდა „დღეს საღამოს ვესტუმრე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს!“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში.   

ილია მეორე: ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა, ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა

 ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა, ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს. ილია მეორის მიმართვის ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გულითადად მივესალმები ყველა მონაწილეს ამ ყრილობისა, რომელიც განიხილავს მეტად მნიშვნელოვან საკითხს – პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიათა ლიდერების როლს კაცობრიობის სულიერ და სოციალურ განვითარებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა და ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა. სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს, – ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები. ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას, უყალიბებს რა მათ ცრუ ორიენტირებს, ფსევდო ღირებულებებსა და ლოიალურ დამოკიდებულებას უმძიმესი ცოდვებისადმი, რასაც შედეგად მოჰყვება აღქმის დაკარგვა ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის შესახებ. ყოველივე ამას დაემატა პანდემია, რომელმაც მასობრივი შიში დანერგა და ერთმანეთს დააშორა როგორც ქვეყნები, ისე ცალკეული პიროვნებები. მსოფლიო საზოგადოებაში შიშს თესავს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებები, რაც სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. საერთოდაც, განცდაა იმისა, რომ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ. პოსტპანდემიური სიძნელეების დაძლევა, ომში დაზარალებულთა შესაძლებლობისამებრ დახმარება და ლოცვა მშვიდობისათვის, – ჩვენი მოვალეობაა. ამასთან, სასულიერო პირები შესაძლებლობისამებრ უნდა დაეხმარონ ადამიანებს, სხვადასხვა განსაცდელისადმი შიშის დაძლევაში. ჭეშმარიტი ღვთის რწმენა და მისი გზით სვლა ათავისუფლებს პიროვნებას, საზოგადოებას ყოველგვარი ფობიისგან და აღავსებს მათ გულებს მშვიდობით, გამბედაობით, ვაჟკაცობით, სიყვარულით, ერთგულებითა და სხვებისთვის ცხოვრების სურვილით. ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შიშს აღარ ძალუძს, დაგვძლიოს და დაარღვიოს ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი სულიერი სიმშვიდე. ეს რეალობა უნდა იპოვოს ადამიანმა. ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი! ვიმედოვნებთ, სხდომის მუშაობა ხელს შეუწყობს რელიგიათშორის დიალოგსა და მშვიდობას, რელიგიისა და კულტურის ურთიერთპატივისცემით თანაარსებობას და შექმნის პირობებს საერთო ძალისხმევით სულიერი ღირებულებების დაცვისთვის. მადლობას ვუხდი ამ შეხვედრის ორგანიზატორებს და ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს ღვთივსათნო საქმიანობაში!“, – ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.  

კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა შეკრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები. კერძოდ, აღსაყდრებიდან - 45 და დაბადებიდან 90 წელი. მღვდელმთავრებმა სწორედ აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს“, - აცხადებენ საპატრიარქოში.  

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 14 ოქტომბერს, სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე. მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00 საათზე. ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, მოციქულთა მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დკავშირებით, სამძიმრის წერილს ავრცელებს: მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს ბატონო დავით, ქალბატონო ანა, დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, - სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა. ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

საპატრიარქო სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე. მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00 საათზე გავა. „ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო“,- აღნიშნული საპატრიარქოს ინფორმაციაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.  

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დეკემბერში პატრიარქის გადადგომის შესახებ ინფორმაცია, მორიგი ფანტაზია და ტყუილია

რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე დეკემბერში გადადგომას აპირებს. „შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომაზე, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. მღვდელმთავრები ზოგადად ამის წინააღმდეგ არიან, პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, განწყობაც შესაბამისია, პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. ცნობისთვის, გუშინ ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე დეკემბერში გადადგომას აპირებს.  

ილია მეორე: უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას, არ უნდა შეგეშინდეთ

უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას - უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა. საპატრიარქო სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას. გულითადად მივსალმები პრეზიდენტს, პრემიერს, რომლებიც ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა უწმინდესმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.  

ცნობილია, რაზე ისაუბრეს პატრიარქმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი მარკ კლეიტონი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. "საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის უკრაინის თემას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაიხსენა მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან და კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება დედოფლის გარდაცვალების გამო. ბ-ნმა მარკ კლეიტონმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოს ეკლესიისა და პირად კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და ერის განმტკიცებაში. მან ასევე დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი დაახლოებისათვის", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.  

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა

საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმ გუნდს, რომელმაც გიორგი დონაძისა და სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით ვატიკანში, სიკსტის კაპელაში ისტორიული კონცერტი გამართა, სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. "მსურს, განსაკუთრებული სიყვარულით მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც ამ გუნდის, სამების საკათედრო გუნდის დამფუძნებელი, სულისჩამდგმელია. ჩვენმა პატრიარქმა დღემდე მოიყვანა ეს გუნდი და ქართული გალობა, რომლის გარეშეც არ არსებობს ქართული კულტურა და ჩვენი კულტურული იდენტობა. მადლობა პატრიარქს და საპატრიარქოს დღევანდელი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის. გუნდს მომავალშიც საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  

ცნობილია რაზე ისაუბრეს, დიდი ბრიტანეთის ელჩმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე დედოფალ ელიზაბედ II-ის ღვაწლზე, დიდ ბრიტანეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამაზიანებელ შედეგებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. შეხვედრაზე განვიხილეთ მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II-ის ღვაწლი, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირები და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამაზიანებელი შედეგები“, – წერს მარკ კლეიტონი.

IRI: გამოკითხულთა 88%-ს პატრიარქი მოსწონს, კახა კალაძე - 51%-ს, ირაკლი ღარიბაშვილი - 44%-ს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88%-ს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა კახა კალაძე 51%-ით, მესამეზე - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 44 პროცენტით. IRI: გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ პერსონების მოწონების რეიტინგი ასე გამოიყურება: პატრიარქი ილია მეორე - 88 %; კახა კალაძე - 51%; ირაკლი ღარიბაშვილი - 44 %; ანა დოლიძე - 40 %; სალომე ზურაბიშვილი - 38%; დავით უსუფაშვილი - 38%; ნინო ლომჯარია - 38 %; გიორგი გახარია - 37%; გიორგი ვაშაძე - 37%; ბიძინა ივანიშვილი - 36%; ირაკლი კობახიძე - 34%; ელენე ხოშტარია - 33%; მიხეილ სააკაშვილი - 33%; შალვა ნათელაშვილი - 33%; ნიკა მელია - 32%; ხატია დეკანოიძე - 31%; ალეკო ელისაშვილი- 30%; მამუკა ხაზარაძე - 29%; შალვა პაპუაშვილი - 28 %; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26 %; ბადრი ჯაფარიძე - 23%; გიგა ბოკერია - 17 %; ხათუნა სამნიძე - 15 %. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.  

პატრიარქი ნოდარ ნათაძეზე: დიდი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში და ღვთის წინაშეც მაზიარებელ პიროვნებად წარსდგება

პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე დღეს დაკრძალეს. პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილი გაავრცელა პატრიარქმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „დღეს ვემშვიდობებით ბატონ ნოდარ ნათაძეს, - ცნობილ ფილოსოფოსს, პოლიტიკოსს, ეროვნულ მოღვაწეს; პატიოსნებით, გულწრფელობით, პირდაპირობით გამორჩეულს, რომელიც ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში და ღვთის წინაშეც მაზიარებელ პიროვნებად წარსდგება. აღვავლენთ ლოცვებს, რათა მისმა უკვდავმა სულმა სავანე მართალთა დაიმკვიდროს, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვითი შეწევნის ძალა“, - წერია სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, რომ ნოდარ ნათაძე 13 ნოემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   

ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. შესაბამისი ტექსტი ქართული მედიის ცნობით, რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსდა. „მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ! ქრისტეს სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და უფლის წყალობას. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალმა დაგიფაროთ თქვენ და თქვენი სამწყსო! ქრისტესმიერი სიყვარულით", - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.  

მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მედიასთან რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების მილოცვის ფაქტს გამოეხმაურა.   ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა „საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება. როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა? - ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. რაც შეეხება იმას, რომ „პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია", მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეს ტყუილია. „ტყუილია. გაბუქებულია ეს ინფორმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.   

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა. ილია მეორის ნათლული ჯამში 45 000 ბავშვია. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა და ნათლულები დალოცა.  

ილია მეორე: იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას

საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე. „ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დღესასწაულს - ტაძრის დღესასწაული, ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.  ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რა გამოვიარეთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა.  დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ შვილები აზიარონ სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას“, - ნათქვამია ტექსტში.  

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია გააცნო და პროექტზე უწმინდესთან ერთად იმსჯელა. „ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას,“- წერს პრემიერ-მინისტრი.  

მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე - ილია II უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველების – ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ბახმუტთან ბრძოლაში, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.  

მეუფე შიო: პატრიარქის ღვაწლი არის ვახტანგ გორგასლის საქმის გაგრძელება

ვახტანგ გორგასალმა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მოუტანა, უწმინდესობამ კი ავტოკეფალიის აღიარება მოიპოვა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენება. ეს ორი განსაკუთრებული წმინდანია ჩვენთვის, ვინაიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში და დააფუძნა ქრისტეს ეკლესია ჩვენთან,ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე,რომლის ხსენებასაც ასევე დღეს აღვასრულებთ. აი, ამ ორ დიდ წმინდანს რამდენიმე საუკუნე აშორებს ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე მათგანი ერთ დიდ საქმეს ემსახურებოდა - ქრისტეს სახარების ქადაგებისა და ეკლესიის განმტკიცების დიდ საქმეს. ეს აერთიანებთ მათ და ორივე მათგანს კარგად ესმოდა, რა არის მთავარი ადამიანისთვის ამ ცხოვრებაში, რისთვის ღირს სიცოცხლე, რისთვის ღირს თავდადება და სიკვდილი. სწორედ ამაზე გვმოძღვრავს ჩვენ დღეს წაკითხული სახარების მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს პირველი მოწაფეების გამორჩევის შესახებ. წმინდა იოანე ნათლისმცემელი მიუთითებს იესო ქრისტეზე თავის ორ მოწაფეს, ანდრიასა და იოანეს და იტყვის: „აი, ტარიგი ღვთისა“, ე.ი. აი, კრავი ღვთისა. საერთოდ, ეს მონაკვეთი გამოირჩევა თავისი მესიანური შინაარსით. „კრავი ღვთისა“ - ეს მესიანური სახელწოდებაა. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყენებდნენ. მაგალითად, ამ სახელწოდებას იყენებენ წმინდა ისაია წინასწარმეტყველი და იოანე მოციქულიც თავის „გამოცხადებაში“. შემდეგ სახარება არ მოგვითხრობს, რა გრძნობები ჰქონდა ანდრიას, როცა მან შეიტყო იოანესგან, რომ იესო ქრისტე არის მესია, მაგრამ იგი მაშინვე მიდის თავის ძმასთან, სვიმონთან, მომავალ პეტრე მოციქულთან და ეტყვის მას: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“. ამ სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ მისი განწყობის შესახებ, რამდენი ნუგეშია მის სიტყვებში, როგორი დაკმაყოფილებულია იგი, როგორი იმედია ამ სიტყვებში მომავალი ცხოვრებისა, რომელიც იქნება სავსე საღვთო სიმართლითა და ჭეშმარიტებით - „ჩვენ ვიპოვეთ მესია!“ შემდეგ ამავე სახარებაში ფილიპე ეტყვის ნათანაელს: „ჩვენ ვიპოვეთ ის, ვისზეც რჯულში დაწერა მოსემ და წინასწარმეტყველებმა, იესო ნაზარეთიდან“. ნათანაელი ეტყვის მაცხოვარს: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა! შენ ხარ მეფე ისრაელისა!“ ამდენად, მოციქულთათვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მესიის პოვნა, რომ მათ მიატოვეს ყველაფერი, გაჰყვნენ ქრისტეს და შემდგომ ქრისტეს სახარების ქადაგებისთვის თავიც გასწირეს. სახარების ეს მონაკვეთი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მესიის პოვნა არის უმთავრესი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. იპოვო მესია, აღიარო უფალი იესო ქრისტე, როგორც ძე ღვთისა, როგორც მხსნელი სოფლისა და ემსახურო მას სულითა და ჭეშმარიტებით - აი, ეს არის უმთავრესი, ეს არის სულის ცხონება, ეს არის საუკუნო სიცოცხლე. როგორც თავად უფალი იესო ქრისტე ბრძანებს თავის ლოცვაში: „ის არის საუკუნო სიცოცხლე, რომ ადამიანები იცნობდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, ზეციერ მამას და მის მიერ მოვლენილ იესო ქრისტეს“. ვინაიდან ადამიანი არის მარადიული არსება, მარადიული სულის მქონე, მოწოდებული საუკუნო სიცოცხლისა და მარადისობისთვის, შესაბამისად, ვინც რჩება მესიის გარეშე, ის რჩება ამ საუკუნო სიცოცხლის გარეშე. დაბოლოს, ამ სახარებაში არის უფალ იესო ქრისტეს შესანიშნავი სიტყვები: „ამიერითგან თქვენ იხილავთ გახსნილ ზეცას და ანგელოზებს აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე“. ეს „ძე კაცისაც“, როგორც იცით, მესიანური სახელწოდებაა. ამას უფალი თავად ამბობს. რას ნიშნავს - „გახსნილ ზეცას იხილავთ“? ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გვესმოდეს. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში „გახსნილი ზეცა“ ნიშნავდა უფლის განსაკუთრებული წყალობის მოვლინებას. წმინდა დავით მეფსალმუნე ამბობს: „და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და განახვნა ბჭენი ცათანი“. აქაც ასე, გადატანით უნდა გვესმოდეს ეს სიტყვები, რომ მესიის მოსვლის შემდეგ დაიწყება განსაკუთრებული წყალობის მოვლინება ადამიანებზე და ჩვენი შინაგანი, სულიერი თვალით ვიხილავთ განსაკუთრებულ სიახლოვეს ღმერთისა და ანგელოზებისა ადამიანებთან. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ეს გახსნილი ზეცა იხილეს მოციქულებმა, იხილა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა როგორც თავისი სულიერი, ასევე ფიზიკური თვალითაც და ეს დიდება და სიხარული მოიტანა ჩვენამდე. ამიტომ ჩვენ ვმადლობთ დღეს მას. პირველ რიგში, უფალს ვმადლობთ და წმინდა ანდრია პირველწოდებულს ამ დიდი ღვაწლისთვის. რა დიდი ნუგეშია ჩვენთვის, ყველასთვის, ვინაიდან ამიერიდან რაგინდ ცოდვილი იყოს ადამიანი, რაგინდ დაცემულობიდან იწყებდეს ქრისტესკენ სიარულს, მისთვის მაინც შესაძლებელია სინანულიც, გამოსწორებაც და უფალთან მიახლებაც. დღეს მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. თქვენ იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში შესრულდება 45 წელი მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან და 90 წელი დაბადებიდან. ეს ორი დიდი თარიღი გვიახლოვდება. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი - ეს არის ჭეშმარიტად გაგრძელება წმინდა ანდრია პირველწოდებულის ღვაწლისა, ვინაიდან მან ამ ურთულეს ათწლეულებში, რომლებიც ჩვენმა ერმა გამოიარა, შეძლო ეკლესიის აღორძინება. ასევე არის გაგრძელება წმინდა ვახტანგ გორგასლის დიდი საქმისა და ღვაწლისა, ვინაიდან თუ ვახტანგ გორგასალმა ჩვენ, ჩვენს ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია,მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ თავისი ღვაწლით მოიპოვა ჩვენთვის ამ ავტოკეფალიის აღიარება,რაც ასევე უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო, ნაყოფიც არის მისი მსახურებისა სამოციქულო და ჩვენ ვმადლობთ, როგორც შვილები, მას ამისთვის, ვუსურვებთ დღეგრძელობას და სულიერ სიძლიერეს. ღმერთმა გააძლიეროს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, უფალმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ლოცვით, უფალმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ! დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს სასულიერო პირებს: დეკანოზი თეიმურაზ ბარაბაძე ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი თომა შავთვალაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი ანტონ წერეთელი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი გიორგი ხანთიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი დავით ბერაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი გიორგი ჭიაბრიშვილი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი ირაკლი დუმბაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“,- განაცხადა მეუფე შიომ.  

ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა. პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება, ამასთანავე, არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.  

პრემიერი: პატრიარქი მომავლის რწმენას გვინერგავს

საქართვლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ულოცავს. აღნიშნავს, რომ ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა. „მისი უდიდესი პირადი წვლილის დამსახურებით, ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესი ქრისტიანულ ფასეულობებთან ჩვენი დაბრუნებით დაიწყო. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს. ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა - ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის; ამიტომაც, ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ელჩი დეგნანი: აშშ რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო

აშშ-ის საელჩო უაღრესად აფასებს მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში. ამის შესახებ ელჩი კელი დეგნანი აცხადებს. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო. „ჩემთვის დიდი პატივია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მივულოცო და პატივისცემა გამოვხატო მისი უწმინდესობის, ილია მეორის მიმართ, დაბადებიდან 90 წლის იუბილესა და აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით. 1977 წლიდან მისი უწმინდესობა სულიერ მხარდაჭერასა და წინამძღოლობას უწევს ქართველ ერს, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი. მისმა მადლმა, სიბრძნემ და ზნეობრივმა სიცხადემ სასიცოცხლო როლი შეასრულა ქართველი ერის თვითმყოფადობისა და რწმენის შენარჩუნებაში ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ერის ხელახლა დაბადებასა და აღორძინებაში მე წილად მხვდა პატივი, შევხვედროდი მის უწმინდესობას და ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელი იყო მისი სიბრძნე, თანაგრძნობა და ძალა. მას მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ საზოგადოებაში და გასაკვირი არ არის, რომ ის ამდენ ადამიანს ასე უყვარს.  აშშ-ის საელჩო უაღრესად აფასებს მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში. მისმა უწმინდესობამ თავისი ცხოვრება მიუძღვნა მშვიდობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სანუკვარ ფასეულობებს – ღირებულებებს, რომლებიც ამერიკელებისთვისაც ძალიან ძვირფასია. თავისი ხანგრძლივი და გამორჩეული მოღვაწეობის განმავლობაში, პატრიარქი მოუწოდებდა და მოუწოდებს ყველას გამოწვევების მშვიდობიანი გადაჭრისკენ და ის აგრძელებს იყოს ერთიანობის ხმა დღევანდელ პოლარიზებულ სამყაროში. შეერთებული შტატები რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო. მილიონობით ადამიანი საზრდოობს უწმინდესის სულიერი წინამძღოლობით და ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულებით. ვუსურვებთ მას ძალას, ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს მრავალი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია კელი დეგნანის მილოცვის ტექსტში.

მეუფე შიო: დღეს ჩვენი გულები სავსეა სიხარულითა და მადლიერებით

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, (მუჯირმა) ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახლავთ სწორედ აი, ამ მცირერიცხოვან რჩეულთა შორისაც რჩეული ადამიანი, რომელმაც აღაშენა ჩვენი ეკლესია და ყოველი ჩვენგანი მოიყვანა ქრისტეს ნადიმზე.  „დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრებიდან ორმოცდამეხუთე წლისთავი და გადმოგცემთ მის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა. დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ნადიმზე მოწვეულთა შესახებ. მათეს სახარებაში საქორწინო ნადიმი, სიძის ქორწილია მოხსენიებული. აი, ამ იგავით უფალი გადმოგვცემს ჩვენ მის სიყვარულს ჩვენდამი, თუ რაოდენ დიდია მისი სიყვარული და წადილი იმისა, რომ ჩვენთან ერთად იყოს იგი და ჩვენ ვიყოთ მასთან ერთად. ამისთვის უფალი მუდამ აგზავნიდა თავის რჩეულ ადამიანებს - წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მღვდელმთავრებს, ღირს მამებს და ა.შ., ვინც მოუწოდებდა ადამიანებს ამ ნადიმზე. თვითონ უფალი იესო ქრისტეც ამიტომ განკაცდა, ამიტომ მიიღო კაცობრივი ბუნება და ამიტომ მოევლინა კაცობრიობას. მისი ნებაა, რომ ყველა ადამიანი გახდეს წევრი აი, ამ სერობისა, ამ პურობისა, ამ საქორწინო სუფრისა, ყველა, ვისთვისაც უფალმა სისხლი დაღვარა ჯვარზე... მაგრამ ეს იგავი მძიმე სიტყვებით სრულდება: „ბევრნი არიან მოწვეულნი, მაგრამ მცირედნი რჩეულნი“. ე.ი. ყველაა მოწვეული, მაგრამ ყველა არ სცემს პასუხს ამ მოწვევას სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ რომ, როგორც ამბობს თავად უფალი იესო ქრისტე, „ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ საუკუნო სიცოცხლისკენ. ამიტომ მცირედნი პოვებენ მას“, მაგრამ ვინც პოვებს ამ ჭეშმარიტ გზას, ვინც უერთგულებს ეკლესიას, ისინი არიან რჩეულნი, ეკლესიის მუშაკნი და ეკლესიაში უფალი ყველა ასეთ ადამიანს აძლევს თავის მისიას, თავის დავალებას, დანიშნულებას და შესაბამის ნიჭებსა და ტალანტებს, რომ ეს შეასრულოს, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „ერთნი დაადგინა უფალმან ეკლესიაში წინასწარმეტყველებად, სხვანი - მოციქულებად, მოძღვრებად, ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ნიჭი, ზოგს მისცა კურნების ნიჭი, შეწევნის ნიჭი, მმართველობის ნიჭი და ა.შ. აი, ეს „მუშაკნი ეკლესიისანი“ არიან სწორედ ის რჩეულნი, რომლებზეც ამბობს უფალი იესო ქრისტე რომ „მცირედნი არიან“ და მათი საქმეა, დანარჩენი ადამიანები მოიყვანონ ქრისტესთან, ქრისტეს ნადიმზე; მათი საქმე და ღვაწლი არის ის, რომ, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, როგორც მცირედი საფუარი აღაფუებს მთელ ცომს, როგორც მცირე მდოგვის მარცვლიდან აღმოცენდება დიდი ხე, აი, ასეთია მათი ღვაწლი. ჩვენ ბედნიერნი ვართ დღეს, ძვირფასო ძმანო და დანო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახლავთ სწორედ აი, ამ მცირერიცხოვან რჩეულთა შორისაც რჩეული ადამიანი, რომელმაც აღაშენა ჩვენი ეკლესია და ყოველი ჩვენგანი მოიყვანა აი, ამ ქრისტეს ნადიმზე. ჩვენ ვხარობთ, დღეს ჩვენი გულები სავსეა სიხარულითა და მადლიერებით”, - განაცხადა მეუფე შიომ.

პრეზიდენტი პატრიარქს: ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურის განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ილია II-ს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს. საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია, ჩვენი საზოგადოების ხელახალი მოქცევის ეპოქა ვუწოდოთ. დღეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ სამყაროში, რომელსაც საქართველო 45 წლის წინათ ეკუთვნოდა, ქრისტიანული მსოფლმხედველობა იდევნებოდა, ადამიანი, როგორც ფასეულობა, უარყოფილი იყო. სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ერის სულიერი წინამძღოლობის მძიმე ტვირთი გერგოთ და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, თქვენი სამწყსო ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე ატარეთ, ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება. მსოფლიოს, ევროპისა და სრულიად საქრისტიანოსათვის ამ უმძიმეს ჟამს, როდესაც უკრაინაში, ევროპის გულში, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებსა და სოფლებს ანადგურებს, გვახსენდება 2008 წლის ომის დროს თქვენი ღვაწლი, როდესაც უდიდესი დათმენით შეხვდით საქართველოს თავსდამტყდარ განსაცდელს, შებრძანდით საქართველოს ოკუპირებულ ზონებში და ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ცხედრები გადმოასვენეთ. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქართველი ერის, მტერზე სულიერი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. თქვენი მოღვაწეობით არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიების, არამედ სრულიად საქრისტიანოს, მსოფლიოს პოლიტიკური თუ სულიერი ლიდერების პატივისცემა დაიმსახურეთ, რომის პაპის თქვენდამი უდიდესი პატივისცემისა და ძმური სიყვარულის ნიშნად, წელს სიქსტეს კაპელაში უძველეს ქართულ საგალობლებთან ერთად თქვენი შექმნილი საგალობლებიც გაისმა, რაც საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობის ისტორიაში ახალ ოქროს ფურცლად ჩაიწერა. თქვენი მოღვაწეობით დაიმსახურეთ გულწრფელი სიყვარული, როგორც საქართველოში, ისე ქართულ ემიგრაციაში. ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანის სიმრთელეს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

პატრიარქი: ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დაძლევს მშვიდობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას ახალ წელი მიულოცა. პატრიარქმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ადამიანისა და ერის მომავალი მშვიდობიანი უნდა იყოს. „დაგვიდგა ახალი წელი. დღეს, ჩვენ გვესმის დავით მეფის წინასწარმეტყველის სიტყვები „მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე“. ყოველმა ადამიანმა და ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დაძლევს მშვიდობა და მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას. რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს. დიდება მაღალსა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა.

ზურაბიშვილი ილია მეორეს: ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ იუბილეს

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, 90 წლის იუბილეს ულოცავს.  „თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.   

შალვა პაპუაშვილი ილია მეორეს: ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. „ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს! ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი. საქართველოს ეკლესიის მისმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა წინამძღოლობამ განუყოფელი სულიერი კავშირითა და მადლით გადააჯაჭვა ჩვენი ერი ჩვენს დედა ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს. მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლობას“, – აღნიშნულია მილოცვაში.  

იერუსალიმის პატრიარქი ილია მეორეს: ვლოცულობთ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მოგანიჭოთ უხვად მისი მადლი

იერუსალიმის პატრიარქი, თეოფილოს მესამე ილია მეორეს დაბადების დღეს და აღსაყდრების 45 წლისთავს ულოცავს. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება „უნეტარესო, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ჩვენი უმდაბლსობის, ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო, უფალო ილია, თქვენს სასურველ უნეტარესობას, უფლისმიერი ძმობით ვეხვევით და განსაკუთრებული სიხარულით ვესალმებით. ამ ჩვენი საპატრიარქო და ძმური წერილით, თქვენის ფრიად საყვარელი და სასურველი უნეტარესობისადმი გამოვთქვამთ მხურვალე მილოცვებს, დაბადების 90 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საყდარზე თქვენი აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით. ვლოცულობთ, ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელი საფლავის წინაშე, რათა მისგან, მადლთა მომცემელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მოგანიჭოთ უხვად მისი მადლი, რათა გააგრძელოთ თქვენი პატრიარქული სამწყემსო მსახურება, ღვთივსათნო და ქველი საქმეების გამდიდრებით, ქრისტესმოყვარე თქვენი ერის სასიკეთოდ და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის დასაცავად „საკრველითა მით მშვიდობისაჲთა (ეფეს 4.3)“, რათა იგალობებოდეს და იდიდებოდეს “ყოვლად პატიოსანი და დიდადშვენიერი სახელი მისი, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა“ საუკუნოდ. გემშვიდობებით ყოვლადსაკრძალი და ღვთისშემწყნარებელი საფლავის ამბორით“, - აღნიშნულია მილოცვაში.

მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს 90 წლის იუბილე მიულოცა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილესა და აღსაყდრების 45 წლისთავს ულოცავს. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება „უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო და ჩვენთა მდაბალთა თანამწირველო, თქვენსა ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედსა და სიხარულით მივუმძღვარებთ სიტყვასა ჩვენსა! სიხარულითა მოვიკითხავთ თქვენსა ფრიად საყვარელსა და განბრძნობილსა უნეტარესობასა, რაითა თანაზიარ ვიქმნეთ სიხარულითა გულისათა და დაურღვეველითა საკვრელითა გონთ აღმატებულისა მშვიდობისათა, სულიერისა და სიხარულშემოსილისა ლხინისა ამის, მადლითა ღმრთისათა, კურთხეულისა ოთხმოცდაათისა წელიწადისა შობითგან თქვენისა და ორმოცდახუთისა წელიწადისა დღიდან გამორჩევისა თქვენისა! წელი ოთხმოცდაათი ამქვეყნიურისა ცხოვრებისა თქვენისა, რომელთა ნახევარი ჰმსახურეთ ვითარცა მწყემსმთავარმან! ვმადლობთ უფალსა, რომელმან უბოძა საჭე უწმინდესისა და ფრიად საყვარელისა ეკლესიისა საქართველოისა ხელთა თქვენთა და ვითარცა თანამოსახელემ ილია თეზბიტელისა, მიირქუთ იგი მტკიცემან და მედგარმან საჭეთმპყრობელმან ჟამსა ძნელბედობისასა, რაისთვისცა სამწყსო თქვენი უმეტესად ჰსასოებს მწყემსსა თვისსა, დაცვისათვის უქცეველად სჯულისა ქრისტესისა! ამისთვისცა წადიერნი შევიქენით გამოთქმად სიხარულისა საპატრიარქოთა და ძმურთა წერილთა ამათ მიერ, სიხარულისა ქრისტეს დიდისა ეკლესიისა და კერძოდ ჩვენისაცა, თქვენისა დიდებულისა იუბილისდა გამო, მოძღვნად მადლობისა გულთაგან ჩვენთა ყოველთათვის, რაიცა შესწირენით წინასწარმეტყველისებრითა მოშურნეობითა და კუალადცა შესწირავს მეუფება თქვენი, საყვარელსა, ღმრთისმოსავსა, წმინდათმოყვარესა და ღირსებაშემოსილსა ერსა ქართველთასა და რაისაცა ჭეშმარიტნი მოწამენი შევიქენით ჩვენცა, მხილველნი და მცნობელნი პატივისა, რომლითა გმოსავთ სრულიადცა მორწმუნე ერი ესე! უფალმან ღმერთმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და დიდებულისა დედისა თვისისათა და შეწევნითა ზეციურისა მფარველისა თქვენისათა მიჰმადლოს ჯანისა სიმრთელე და სულისა სიმტკიცე და სხეულისა ძალი თქვენსა პატიოსანსა უნეტარესობასა, რომელისაცა მიმგებელნი ძმურისა ამბორისა, მარადის დავიმარხავთ შინაგან ჩვენსა გულითადსა სიყვარულსა უფლისამიერსა და კრძალულებასა და პატივსა ფრიადსა!“, - ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის მისალოც წერილში.  

რომის პაპი პატრიარქს: ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას

„გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე“, - ასე მიულოცა რომის პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილე და აღსაყდრების 45 წლისთავი. წერილში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც პატრიარის მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო ილია მეორის მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა.  ამასთან, რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს განსაკუთრებით აფასებს. „მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად აღსაყდრების ორმოცდამეხუთე წლისთავთან დაკავშირებით და ოთხმოცდამეათე დაბადების დღის აღსანიშნავად, გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე. მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა. ეს მახსენებს მოციქულის სიტყვებს: „მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.“ [ფილიპე 1:6). მაშასადამე, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგმადლოთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, ვინაიდან თქვენ მოწმობთ მის სამყაროსადმი სიყვარულს და იბრძვით სამწყსოს და მთელი ქართველი ხალხის სასიკეთოდ. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება გთხოვთ იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია! ძვირფასო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა დაგიფაროთ თავისი კალთის ქვეშ, გეხვევით და გისურვებთ მშვიდობას, ასევე ვთხოვ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას, რომ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებშიც“, - ნათქვამია რომის პაპის მისალოც წერილში.  

ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა და საქართველოს პატრიარქს შეხვდა.  პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება „დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე. ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე.  4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.  

ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს - პირველ რიგში - ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.  პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება „ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს - პირველ რიგში. „მაუწყე მე, უფალო, გზაი რომელსაცა  ვიდოდე". ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!"- ნათქვამის ილია მეორის სამადლობელ სიტყვაში.  4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.  

პატრიარქის წერილში კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი არაფერი წერია - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში სიტყვა „შეგუება“ არსად წერია და მასში მხოლოდ ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაზეა საუბარი. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს - სააკაშვილი „როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილს ორ კვირაში ერთხელ ვნახულობ. გუშინ დაუკარგავს გონება, ამის შემდეგ, გადასხმები გაუკეთეს და ახლა შედარებით უკეთ იყო, ამიტომ ჩვენი კომუნიკაციაც შედგა. ბოლო შეხვედრის შემდეგ მე ვიმოგზაურე ათონის მთაზე და ძირითადად, ჩემს მოგზაურობაზე ვუყვებოდი. შევეხეთ პატრიარქის წერილის თემასაც. კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი იქ არაფერი ეწერა. სიტყვა შეგუება საერთოდ არ არის ნახსენები. ის რაც წერია, ხალხისთვის სრულიად გაუგებარია. აქ საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე. ეს სიტყვებიც არ იქნებოდა ამ წერილში, რომ არა ერთი გარემოება - წელიწადზე მეტია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიხეილ სააკაშვილი სისტემატურად ეზიარება. მის პირველ ზიარებასა და ბოლო ზიარებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა სწორედ იმიტომ, რომ ამ საიდუმლოებებით ეს ადამიანი რეალობას შეიცნობს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ილია II-ს წერილი მიხეილ სააკაშვილს: გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად  

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა! იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“. როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანაავღდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად? ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია. ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასვე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი. ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს. ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი. სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულვებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს. ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს. „ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, - თითოეულის საქმე გამომჟღავნდება ... ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13). გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფლთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს. გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება. ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: „კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება - კეთილდღეობაზე მეტად მაცხოვნებელი.“ თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. X X X X ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა; კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით... ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, - საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი. უფლის მოწყალებით მან მოიღო მადლი, - ეშვა შემოქმედი, რათა ადამიანის ბუნება განღმრთობილიყო და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი სასწაული აღსრულებულიყო. მოციქული ბრძანებს: „ამიერიდან აღარა ხართ მონა, არამედ შვილი, ხოლო თუკი ძე ხარ, მაშინ ქრისტეს მიერ ღმერთის მემკვიდრეც“ (გალ.4.7). ასეთი განსაცვიფრებელი სიდიადის თანაზიარია ადამიანი; ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი! და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), - მოგვიწოდებს წმინდა წერილი. X X X X მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლას.1,19-20) ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს. ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდით ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“ ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო! ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები: „ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, - მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32.12).   თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, შობა ქრისტესი 2023 წელი

ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი - ილია მეორე

ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე „მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლას.1,19-20) ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს. ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდით ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“ ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო! ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები: „ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, - მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32.12)“, - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.  

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ილია მეორე

„და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა“, - ნათქვამია ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.  ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი - ილია მეორე „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), - მოგვიწოდებს წმინდა წერილი“, - წერს ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე  

ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილი ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო, საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  „დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცა იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი - ,,მიმინოს" გმირები, - მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიჰმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.   

ილია მეორე: ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია „ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები, დავით ნასრაძე,ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი,ზაქრო მათიაშვილი და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს. აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ახლობლებს მიანიჭოს ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე ამ ქვეყნად არ მთავრდება, არამედ გარდაცვალება დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის. ღმერთმა ისინი მალე დაუბრუნოს საკუთარ ოჯახებს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.  

ილია მეორე: ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის

ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის, - ამის შესახებ აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის. დღეს ბევრი დაიწერება და ბევრი ითქმის ამ ღვაწლის შესახებ; მე კი ეკლესიასთან დაკავშირებული მისი ურთიერთობის მრავალთაგან მხოლოდ ორ მოვლენას შეგახსენებთ: ბატონი ზაზა, რამდენიმე სხვა ცნობილ მეცნიერთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიისათვის ისტორიული ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში და ამ საქმის წარმატებით დასრულებაში. ფრიად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენგან მას მიეცა კურთხევა 1989 წელს სინას მთაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე მუშაობისა, რომელთა გამოცემაც ახლახან მოხდა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოს სივრცეში მოწყობილ არაერთ შეხვედრისა და ღონისძიებისა. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზაზას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.  

ილია მეორე ერდოღანს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა ილია მეორე მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5383 დაშავდა.  

მეუფე იაკობი: პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი „აბსოლუტურად არ ყოფილა“. მისივე თქმით, „სინოდის სხდომა მაშინ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო“. „ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია... პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. დღეს სინოდის სხდომა გაიმართა. განჩინება ჯერ არ გასაჯაროებულა. „საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. სხდომა 12:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.  

საპატრიარქო ილია II-ს განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს, საუბარია 9 აპრილის თარიღსა და ბზობის დღესასწაულზე. „9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორე მხრივ კი, - სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა. წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, - იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. უფლის ამქვეყნად მყოფობის პერიოდში ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა იგი ვითარცა მეუფე და მხსნელი და დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეგებებოდნენ, პალმისა და ზეთისხილის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ... ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე. ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.  

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი)ქრისტე აღდგა! დგება ჟამი ახალი პასექისა! დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული. ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე მისამსჭვალად, განდიდების ნაცვლად თავზე ეკლიან გვირგვინს იდგამს და ჩვენი ცხონების სანაცვლოდ, თავის სიცოცხლეს სწირავს. ამ საოცარმა მსხვერპლმა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის საკვრელთაგან იხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულნი, ადამიდან და ევადან ვიდრე ქრისტეს აღდგომამდე შესვენებულნი და ცათა სასუფევლი დაუმკვიდრა მათ. აღდგომის შემდეგ კი, სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ. ამ სიხარულს ათასწლეულთა მანძილზე ელოდნენ თაობები. უფალი მოვიდა, რომ წინაძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს. ამიტომაც, ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც „უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ.“ უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით – მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ. ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი. „სასუფეველი ცათა იძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11, 12), – გვასწავლის მაცხოვარი; ანუ ცათა სასუფეველი დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ვინც ამ ღვაწლს გასწევს, ის დაიმკვიდრებს მასში ადგილს. *****როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის მართალთა სულნი ღვთის საუფლოს მკვიდრნი გახდნენ და ხდებიან, მაგრამ მხოლოდ სულით მყოფობა ცათა შინა ჩვენთვის არ არის სრულყოფილი მდგომარეობა. მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და როგორც ჯვარცმით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა. „მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში“ (ინ.5:28-29). გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15:42-44)და მაინც, რა არის ამის საფუძველი? იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად. როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა (გამოცხ. 1,5). წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც… თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, – სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, – მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც იგი შეიქმნა. ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში. თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, ახლა განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის. ეს რწმენა მოციქულებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს. ყოველივე ეს საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, „რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა“ (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14.23). ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება.მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა. *****სამწუხაროდ, ადრეც და, მით უმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც. რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს დროში; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მრავალ უდიდეს მკვლევარს სწორედ მეცნიერულმა აღმოჩენებმა დაანახა კავშირი ქმნილებასა და ღმერთს შორის, დაანახა რომ სამყარო არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი.მათი საერთო განწყობის გამომხატველია დიდი გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის, ვერნერ ჰაიზენბერგის სიტყვები: „მეცნიერების სასმისის პირველმა ყლუპმა შესაძლოა ათეიზმს გაზიაროს, მაგრამ სასმისის ბოლოს აუცილებლად ღმერთი გელოდება“. ბუნება სიბრძნის მშვენიერების, გონიერების ღვთაებრივი წიგნია, რომლის მართვა უფლისმიერი გონით ხდება და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.დედამიწაზეც და კოსმოსშიც მოქმედებს დიდი კანონები და კანონზომიერებანი, რომლებიც ადამიანს არ დაუწესებია და ეს წესრიგი ჩვენი ნებისა და აზროვნების გარეშე არსებობს; ჩვენ კი მხოლოდ მათი შეცნობა შეგვიძლია და – ისიც ნაწილობრივ. მინდა, გაგახსენოთ იერუსალიმში დიდებით შესვლისას მაცხოვრის სიტყვები: „ესენი (ადამიანები) რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს“ (ლკ. 19,40). და მართლაც, როდესაც ჯვარცმისას თითქმის ყველა განუდგა იესოს, უტყვმა ბუნებამ „ღაღადებით“ ამცნო დიდება ღვთისა, – შეიძრა მიწა, დაბნელდა მზე, თავიდან ბოლომდე დაირღვა ტაძრის კრეტსაბმელი… რის ხილვამაც ყველა გააოგნა. ბუნება კვლავაც „ღაღადებს,“მთავარია, სმენის უნარი გვქონდეს და ვაღიაროთ, რომ ვერანაირი მატერია ვერ გახდება ცოცხალი თავისით, მითუმეტეს, სიცოცხლის გადამცემი შთამომავლობაში, და რომ მხოლოდ სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, რომლის საწყისიც არის მასში, ვინც არის სათავე მარადიული სიცოცხლისა და თავად სიცოცხლე. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ.14.6), – ბრძანებს მაცხოვარი. *****ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, – თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში. თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების…. შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით. ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას. თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მე“-მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12). იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14) ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა. ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან. სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე; წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი.“ *****ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი. „ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს. მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს. ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა. საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის. შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას. ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა. ქრისტე აღდგა! ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, აღდგომა ქრისტესი2023 წ.

ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი – თავისუფალი ნება - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, – თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში. ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი. ეპისტოლეს თანახმად: თავისუფლება ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა, ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების…. შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით. ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას. თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მე“-მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12). იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14) ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა. ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან. სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე; წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი.“

ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია, ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი. ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი. „ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს. მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს. ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა. საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის. შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას. ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა. ქრისტე აღდგა! ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, აღდგომა ქრისტესი2023 წ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.  

ილია II-ის ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არანაირი სასწრაფო არასდროს არ ყოფილა გამოძახებული, ასეთი ფაქტი არ ყოფილა არცერთხელ. არასდროს დაგვჭირვებია სასწრაფოს გამოძახება, რაც მე ვიცი, 23 წლის მანძილზე. სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ცისანა შარტავამ. ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას 22 აპრილს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - დაწერა მანამდე დეკანოზმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.  

ილია II ჩარლზ III-ს მეფედ კურთხევას ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მეფე ჩარლზ III-ს მეფედ კურთხევას ულოცავს. „თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევას. თქვენ ბრძანდებით მე-40 მონარქი, რაც ამ სამეფოს უძველესობასა და მემკვიდრეობის უწყვეტობაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის სიძლიერესა და მნიშვნელობას მსოფლიო მონარქთა შორის. ამიტომაც განსაკუთრებულია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენი ჯვრის ღვთისსათნოდ მტვირთველობა. გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეუღლე, დედოფალი კამილა და მშვიდობით აკურთხოს თქვენი მეფობა”, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მილოცვაში.  

ილია მეორე: გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი - 26 მაისი

„გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, – 26 მაისი, მინდა, დღესვე წინასწარ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა თვისი მოწყალებით დაიცვას სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილშია ნათქვამი. „გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, – 26 მაისი, ეს მოვლენა 1918 წელს მოხდა და მას ერთი წლით უსწრებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება. ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტით საქართველომ 100 წელზე მეტი ხნის წინ გაუქმებული ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიბრუნა და დამოუკიდებელი, თვითმმართველი სახელმწიფო გახდა. ეს იყო ჟამი საერთო-სახალხო დიდი სიხარულისა და ზეიმისა, რომელსაც ჩვენც ამ გრძნობით აღვნიშნავთ, მაგრამ დღეს გვინდა გავიხსენოთ სხვა მოვლენებიც. როგორც ცნობილია, ქვეყნის დამოუკიდებლობამ მხოლოდ 1921 წლამდე გასტანა, თუმცა ხალხს დიდი მუხტი მისცა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალა; ამიტომაც იყო, რომ, როდესაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ჩვენი საზოგადოება, მთელი საქართველო მათ ძალმომრეობით რეჟიმს თავიდანვე დაუპირისპირდა და მისგან გათავისუფლებას მთელი მონდომებით ცდილობდა. ხალხის მხედრულ დარაზმვასა და აჯანყებისათვის მზადებას ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და სხვებთან ერთად უძღვებოდა შესანიშნავი მამულიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტის ავტორი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თანამონაწილე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) დისშვილი, კოტე (კონსტანტინე) აფხაზი (შერვაშიძე). მაგრამ მოღალატემ შეთქმულნი გასცა. ზუსტად 100 წლის წინ თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჩეკისტებმა დახვრიტეს ჩვენი ხალხის საუკეთესო ნაწილის გამორჩეული წარმომადგენლები, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სამხედრო ცენტრის 15-ვე წევრი. ესენი იყვნენ: 1. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, სამხედრო ცენტრების ხელმძღვანელი, გენერალი კოტე აფხაზი; 2. გენერალური შტაბის წევრი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი; 3. გენერალი ვარდენ წულუკიძე; 4. პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი; 5. პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი; 6. პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი; 7. პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი; 8. პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი; 9. როტმისტერი სვიმონ (სიმონიკა) ბარგატიონ-მუხრანელი; 10. როტმისტერი ფარნაოზ ყარალაშვილი; 11. ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი; 12. სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი; 13. იასონ კერესელიძე; 14. სვიმონ ჭიაბრიშვილი; 15. ივანე ქუთათელაძე. კოტე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“. ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ ამ გმირთა სახელები, საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსთვის შეწირულთა ისტორია, რადგან ეს წარსული ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი დღევანდელობის საფუძველია. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს კონსტანტინე შერვაშიძეს (კოტე აფხაზს) და მის თანამებრძოლთა უკვდავ სულებს და საქართველოსთვის თავდადებულ ყველა მამულიშვილს, ხოლო მათი შთამომავალნი მშვიდობით აკურთხოს. მინდა, დღესვე წინასწარ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა თვისი მოწყალებით დაიცვას სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი, – როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ისე, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი. ღმერთმა მშვიდობა და სულიერი სიხარული მოგმადლოთ“, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ - ღარიბაშვილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა - შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა. პრემიერი საქართველოს მშვიდობასა და განვითარებას უსურვებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა - შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ. ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აფხაზეთის დღეს. მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს - საქართველოს,“- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

საპატრიარქოს ინიციატივით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად ტაძარი აშენდება

1991-1993 და 2008 წწ. ომებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. "2011 წელს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იკურთხა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო ტაძარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მშენებლობა შეფერხდა. დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობას“, ხდება ამ ტაძრის საფუძვლის განახლება. ეკლესია ბაზილიკის ტიპისა იქნება ხუთი საკურთხევლით: წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ვასილისკოს, წმ. იოანე ოქროპირის, ქსნის ერისთავთა - შალვას, ელიზბარის და - ბიძინა ჩოლოყაშვილის, ასევე, გაერთიანებული საქართველოს დიდებული მეფის - წმ.თამარის სახელობისა. მათი მეოხებით ღმერთმა სავანესა თვისსა განუსვენოს ძმათა მკვლელი ომის მსხვერპლთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიჰმადლოს მშვიდობა; ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მრავალჭირგამოვლილი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. ღმერთმა დალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველო. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ - პატრიარქი დიასპორის წარმომადგენლებს

თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან, იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია, - ამის შესახებ დიასპორის წარმომადგენლებისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული. როგორც პატრიარქი მიმართვაში ამბობს, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ქართული ენა, ქართული სული, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეუნარჩუნოთ. „ჩვენო სულიერო შვილებო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ! კიდევ ერთი წელი შეემატა ჟამთა სვლას და დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმის ფარგლებში, ყველა კვლავ გამორჩეული სიყვარულით გხვდებათ, რადგან თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან, - იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია. თუმცა, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თქვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ქართული ენა, ქართული სული, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეუნარჩუნოთ. აღვნიშნავ იმასაც, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, შესაძლებლობისამებრ ამ მიზანდასახულობითაც იღვწის, მაგრამ მშობლების როლი არსებითია. მუდამ გახსოვდეთ და პატარებსაც ჩაუნერგეთ, რომ თქვენ ჩვენი ერის სახე ხართ და თქვენი მყოფობის ადგილზე თითოეული თქვენგანი საქართველოს წარმოადგენს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ყველა ის ქვეყანა, სადაც თქვენ და ჩვენი სხვა თანამემამულენი ამჟამად ცხოვრობთ. ინებოს ყოვლადწმინდა სამებამ, რომ სამშობლოში დაბრუნება მალე შეძლოთ. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.  

პატრიარქი: ალექსანდრე ლომთათიძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მომზადებაში

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ალექსანდრე ლომთათიძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო. წერილში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ლომთათიძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მომზადებაში. „სიმბოლურია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნის პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა ნეშტი საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამფუძნებელი კრების აქტიური წევრის, სამშობლოსათვის თავდაუზოგავი მებრძოლის, ალექსანდრე ლომთათიძისა. გვსურს იმ ფაქტის აღნიშვნაც, რომ 1917 წლის 25 მარტს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ნოე ჟორდანიას დავალებით საზეიმო მისასალმებელი სიტყვა სწორედ მან წარმოთქვა. ბატონ ალექსანდრეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მომზადებაში... იყო შესანიშნავი ორატორი, ერთგული მეგობარი და ძლიერი პიროვნება. იგი არ შეუშინდა წითელ ტერორს და ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც პრინციპულად არ დატოვა სამშობლო. ალე ციმბირში გადაასახლეს, სადაც დიდ შეჭირვებაში ცხოვრობდა, მაგრამ აქაც მზრუნველობას შესაძლებლობისამებრ ყველას უწევდა. ტანჯული სიცოცხლე კი 1924 წელს ტაშკენტის ციხეში დაასრულა. და, აი, 99 წლის შემდეგ, ღვთის ნებით და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, მშობლიურ მიწას უბრუნდება მისი ნეშტი; მისი ჩამოსვენება ტკივილთანაც არის დაკავშირებული და სიხარულთანაც. ტკივილთან იმიტომ, რომ გვახსენდება ათეისტური მმართველობის უმძიმესი პერიოდი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გამოიარა; სიხარულთან კი იმიტომ, რომ ბატონი ალექსანდრეს მოღვაწეობა უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას და დამოუკიდებელი საქართველოსთვის საფუძვლის ჩაყრას, რაც საერთო სახალხო ზეიმს წარმოადგენდა. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ალექსანდრეს უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის შთამომავალთ და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა“, - აღნიშნულია წერილში. თითქმის 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს

ილია მეორე: სიხარული შედეგია სიყვარულისა - გიყვარდეთ ერთმანეთი

სიონის საკათედრო ტაძარში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ილიაობა მიულოცა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. „იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი!" - აღნიშნა პატრიარქმა. ცნობისთვის, 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, ილია თეზბიტელის ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში. ილია ჭავჭავაძე (1837-1907წ.წ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.  

ილია მეორე: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს

მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის განცხადებაში. „რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“ ამინ! ასევე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა“, – აღნიშნავს ილია მეორე.

ილია მეორე: რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი: „რაჭაში ახლახან მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი, ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა. ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე. ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს. მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო: „რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა … სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე“. ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!“ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.

პატრიარქი: ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას

„ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას - შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით, ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ,“ ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია ნათქვამი. „15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ. საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია! ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა. შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით... ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ. საქართველოს ეკლესია ყოველ წირვაზე აღავლენს ლოცვებს, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე ერის სულიერი ერთობისათვის; ასევე მუდამ ვიხსენიებთ სამშობლოსათვის თავდადებულთ და ახლაც შევთხოვ ღმერთს, მართალთა თანა განუსვენოს და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ ძმათამკვლელი ომის მსხვრეპლთ, მათ შორის, ოსებსაც და აფხაზებსაც. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მშვიდობით აკურთხოს მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და ინებოს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძველი ურთიერთობების აღდგენა, ამინ. ღმერთმა ერთობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, - წერია ილია მეორის მიმართვაში.

ილია მეორე რომის პაპს: დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რომის პაპს ფრანცისკეს მადლობის წერილს უგზავნის. „თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა. დიდი პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა,“ - ნათქვამია წერილში. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დღეს ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

პატრიარქი გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მწუხარებას გამოხატავს, გურიაში, სტიქიის შედეგად სამი ადამიანის დაღუპვის გამო. „სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა. უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად, შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა. დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური (გიორგი) გუჯაბიძის, ასევე ქალბატონ თინათინ რუხაძის გარდაცვალების გამო, რომელნიც ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა. აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად. ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია, მისი მკვიდრნი და სრულიად საქართველო,” - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ძლიერი წვიმის შედეგად, 8 სექტემბერს, გურიის რეგიონის სოფლები დაიტბორა და დაიმეწყრა. სამი ადამიანი დაიღუპა. სტიქია გურიაში: 35 ოჯახზე გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია გაიცა  

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ სინოდის სხდომის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს საპატრიარქოს თანახმად, პატრიარქმა ილია მეორემ 2 ნოემბერს, წმინდა სინოდის სხდომაზე მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა. ომი უკრაინასა და ღაზის სექტორში - რა წერია სინოდის განჩინებაში „სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს,” - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პატრიარქი: ოკუპანტთა მხრიდან თამაზ გინტურისთვის ზურგში ნასროლი 2 ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის გამო სამძიმარს გამოთქვამს. „კირბალში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია. ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“  

პატრიარქი ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე: „ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ.   საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა.  „საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა განმავლობაში არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის. ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა  და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიისადმი,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე გაეცანით: ომი უკრაინასა და ღაზის სექტორში - რა წერია სინოდის განჩინებაში  

პატრიარქი: დღეს გამორჩეული დღეა - გილოცავთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პატრიარქი საქართველოს ულოცავს „გამორჩეულ დღეს“ და აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული, ამასთან, ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი. „დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა. ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს. კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი. გილოცავთ და გლოცავთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი,” - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.  

პატრიარქი: დიდად ვწუხვართ ჩეხეთში მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩეხეთის პატრიარქს სამძიმას უცხადებს. „დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს, ჩეხეთში მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა.“ ჩეხეთის შს მინისტრი: პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან  

დღეს ილია II-ის აღსაყდრების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს. პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წელი სრულდება. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა. მათივე ცნობით, მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს XX-XXI საუკუნეების გამორჩეულ რელიგიურ ლიდერსა და საზოგადო მოღვაწეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.“ იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 30-მდე სამრევლო-საკვირაო სკოლამ საკუთარი ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. მონაწილეებმა წარადგინეს მუსიკალური ნომრებიც.  

პრემიერი: თითქმის ხუთი ათწლეულია, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს  აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს. „მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს. თითქმის ხუთი ათწლეულია, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს. მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან; დედა-ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებასთან; საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების, სულიერი განათლების აღორძინებასა და მრავალ სხვა სიკეთესთან. ეს უდიდესი ღვაწლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ოჯახთან ერთად შევხვედროდი მის უწმინდესობას და პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  

პატრიარქი: 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო

„ქრისტეს მიერ ჩვენო სულიერო შვილებო, 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო,“ - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღსაყდრების 46-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვაზე ქადაგებისას განაცხადა. „ქრისტეს მიერ ჩვენო სულიერო შვილებო, 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული გვაძლიერებდა ჩვენ. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისათვის. ჩვენთან არს ღმერთი,“ - აღნიშნა ილია მეორემ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს.  

პრეზიდენტი პატრიარქს: ერის თქვენდამი სიყვარული და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს ქვეყნისა და თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში

„დაე, თქვენი ლოცვით, დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელ დედამიწაზე,“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილშია ნათქვამი. „უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს, თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამწყსოს, სრულიად საქართველოს. ეს წლები, რომლებიც თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარეთ, რთული იყო საქართველოსთვის და ასევე, რთული იყო თქვენთვის, საქართველოს სულიერი მამისთვის. თქვენი ლოცვა და თანადგომა აძლიერებდა და განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, გვანუგეშებდა ძნელბედობისას. დღესაც თქვენი მზრუნველობა სწვდება ყველას, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად და შთააგონებს სიკეთისა და სამართლიანობის, მშვიდობისა და პატივისცემის იდეალებს. ერის თქვენდამი სიყვარული, ერთგულება და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში. სულ ახლახან, ჩვენმა სამშობლომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვესწრაფოდით. კვლავ თქვენი ლოცვითა და თანადგომით, ღირსეულად განვაგრძობთ ამ გზას და განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს. სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. დაე, თქვენი ლოცვით დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელ დედამიწაზე. მრავალი ბედნიერი ახალი წელი ეზეიმოს თქვენი ლოცვითა და მზრუნველობით გაძლიერებულ საქართველოს,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი მისალოც წერილში.  

მიტოპოლიტი შიო პატრიარქს: თქვენი განვლილი ცხოვრების გზა ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით, თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ..." - ამბობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 46-ე წლისთავთან დაჯავშირებით. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 46-ე წლისთავს აღნიშნავს. ქართველ ერზე ღმერთმა დიდი წყალობა მოიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში ეკლესიის საჭეთმპყრობლად და სულიერ წინამძღოლად თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა მოავლინა. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელო და სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით, გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. 1977 წლის 25 დეკემბერი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის უდავოდ ეპოქალური მნიშვნელობის თარიღია.   „მახსენდება ის პერიოდი, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამირჩიეს და ის კურთხეული დღე, როცა შედგა ჩემი ინტრონიზაცია სვეტიცხოველში. როცა კათედრაზე მოვიყარე მუხლი და ლოცვებს კითხულობდნენ ჩემს თავზე, კარგად მესმოდა ის პასუხისმგებლობა და სიმძიმე ჯვრისა, რომელიც უფალმა მარგუნა, მაგრამ ვიცოდი და თქვენც უნდა იცოდეთ, რომ როდესაც უფალი ადამიანს ჯვარს ანიჭებს, იგივე უფალი შველის მის ტვირთვაში და მეც მუდამ ვგრძნობდი ღვთის მარჯვენის შემწეობას,“ - იხსენებთ თქვენ და ჩვენც მოწმენი ვართ იმ ხილული საოცრებისა, როდესაც ღვთის შეწევნითა და თქვენი დიდი ღვაწლით საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის ურთულეს პერიოდში ეკლესიისგან დაშორებული ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნება დაიწყო. მას შემდეგ თქვენ დღითიდღე თავდაუზოგავად შრომობთ და ნათელ მაგალითს გვაძლევთ იმისა, „თუ ვითარ იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სვლა, რომელ არს ეკლესია, ღვთისა ცხოველისა, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა.“   თქვენი სულიერი შვილები მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის ნაყოფს, რომელიც ეკლესიის ცხოვრების ყველა სფეროში გამოვლინდა:   სამღვდელო და სამონაზვნო დასის გამრავლება, ეკლესია-მონასტრებში მიმდინარე აღმშენებლობა, საგანმანათლებლო, მისიონერული თუ სოციალური საქმიანობა, ახალგაზრდობასთან მუშაობა და მრავალი სხვა კეთილი საქმე, რაც ეკლესიაში თქვენი ლოცვა-კურთხევით წარიმართება, მოწმობს იმას, რომ თქვენი უპირველესი საზრუნავი ყოველთვის იყო და არის - „სიტყვა იგი ღმრთისა, აღორძინდეს და განმრავლდეს რიცხვი იგი მოწაფეთა.“   თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ აღსაყდრების დღე. გისურვებთ უფლის შემწეობას, სულიერ სიმხნევესა და სიხარულს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებლად ღვთისა და საკეთილდღეოდ ჩვენი ქვეყნისა. ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა მრავალჟამიერ, ისპოლა ეტი დესპოტა!“ მიტროპოლიტ შიოს ამ სიტყვებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.    

პატრიარქი: მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ, სიტყვას აქვს ძალა - იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა თქვენდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოქალაქეებს 2024 წელი მიულოცა. პატრიარქმა საქართველო დალოცა და აღნიშნა, რომ სიტყვას აქვს უდიდესი ძალა. „მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ. სიტყვას აქვს ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი - ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, გიხაროდეს შინ და გარეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. მშვიდობა თქვენდა. ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ!“ - აღნიშნა პატრიარქმა.  

ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა

4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.  

პრემიერი: ილია II-ს ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. „მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91-ე დაბადების დღეს. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობის სიბრძნითა და მოყვასისადმი სიყვარულით გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ქართველთა ერთობის განმტკიცებაში, საზოგადოებაში უზენაეს ფასეულობათა დამკვიდრებაში. ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არამხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის. მისი ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა. დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს,“ - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.  

საპატრიარქო: მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონოზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 91 წელი შეუსრულდა. საპატრიარქოს ცნობით, მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონოზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა. „მათ ჩვენი ეკლესიის მამამთავარს მადლობა გადაუხადეს ათწლეულების მანძილზე ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დალოცა სრულიად საქართველო,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა  

დეკანოზმა განმარტა, რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა პატრიარქმა სამების ტაძარში

დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ უძლურებიდან გამომდინარე, ის ყველა მსახურებაში ვერ მონაწილეობს. „პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო,“ - განაცხადა დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა. ცნობისთვის, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა და წყლის კურთხევის წესი ჩატარდა.  

ილია მეორე: მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აჭარასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების, ასევე სოფელ ასურეთთან დაღუპული სამი ადამიანის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი. სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას,“ - აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.  

პატრიარქი ირაკლი კობახიძეს: ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, წარმატებების მომტანი საქართველოსთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის­ თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს. ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის. გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად,“ - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

პატრიარქი: სოსო ჯაჭვლიანი გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანის გარდაცვალების გამო. „კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს. მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც „ნატვრის ხის“ გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ, - ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ, - მოგმადლოთ მშვიდობა და სოსო-იოსებისთვის ლოცვის ძალა,“ წერია წერილში.

ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ესტუმრა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. პატრიარქი ირაკლი კობახიძეს: ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, წარმატებების მომტანი საქართველოსთვის  

ჩვენმა ერმა გალობაში შეძენილი ცოდნა ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად, ზოგადსაკაცობრიო ფენომენად აქცია - პატრიარქი

„ჩვენმა ერმა მაინც შეძლო, გალობაში შეძენილი ცოდნა თავისი შემოქმედებითი გენიით ისე განევითარებინა, რომ ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად, იგი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენად იქცა.“ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილშია ნათქვამი, რომელიც ქართული გალობის 29 ტომეულის გამოცემას ეძღვნება. „ქართული გალობა დაეფუძნა ქართულ ლიტურგიკულ მწერლობასა და უძველეს ეროვნულ მრავალხმიანობას. ეს საეკლესიო ხელოვნება ჩვენი ერის იდენტობისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია. მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ეს ბუნებრივია, რადგან X ს-ის ბოლომდე ჩვენ ღვთისმსახურების იერუსალიმურ წესს მივდევდით და ლიტურგიკული პრაქტიკაც იერუსალიმური გვქონდა; ხოლო X-XI საუკუნეებში იგი კონსტანტინეპოლურმა შეცვალა და დომინანტის მდგომარეობა მოიპოვა. ახალი წესის ჩვენთან დამკვიდრება ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს უკავშირდება, რომელთა შორის წმ. გიორგი მთაწმინდელის ღვაწლი გამორჩეულად დიდია. რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები შემდგომაც ხდებოდა, მაგრამ სამგალობლო-ლიტურგიკული ტექსტების ცვლილებების ახალი ტალღა XVIII ს-ის შუა წლებისთვის გამოიწვია სლავური საღვთისმსახურო კრებულების მიხედვით განხორციელებულმა ჩასწორებებმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ერმა მაინც შეძლო, გალობაში შეძენილი ცოდნა თავისი შემოქმედებითი გენიით ისე განევითარებინა, რომ ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად, იგი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენად იქცა. XIX საუკუნეში მეფის რუსეთის რეჟიმმა, ქართულ ენასთან ერთად, ქართული გალობის აკრძალვაც მოინდომა, რათა ეროვნული იდენტობის ეს გამოვლინებანი (და სხვანიც) წაეშალა ჩვენში. შეიქმნა უნიკალური მემკვიდრეობის განადგურების საფრთხე, რაც შემდგომ, ათეისტური რეჟიმის პირობებში, კიდევ უფრო გამძაფრდა. სწორედ ამან განაპირობა საგალობლების ნოტებზე ჩაწერის აუცილებლობა. ეს პირველად 1842 წელს განხორციელდა (არქიმანდრიტ სოფრონ ერისთავისა და ანდრია მრევლიშვილის მიერ). საგალობელთა უდიდესი რაოდენობა კი, XIX საუკუნის 80-90-იან წლებში და XX საუკუნის დასაწყისში ჩაიწერეს. ამ საქმეს დიდი ამაგი დასდეს წმინდანად შერაცხულებმა: ილია მართალმა (ჭავჭავაძემ), ალექსანდრე და გაბრიელ ეპისკოპოსებმა, დიმიტრი ყიფიანმა. შეუფასებელი შრომა გასწიეს: წმინდა ფილიმონ ქორიძემ, ძმებმა კარბელაშვილებმა და ექვთიმე კერესელიძემ; ასევე დიდმა მოღვაწეებმა, - რაჟდენ ხუნდაძემ, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა, დავით ჩიჯავაძემ, დავით მოლოდინაშვილმა, მიხეილ ელიზბარაშვილმა, დიმიტრი არაყიშვილმა, ზაქარია ფალიაშვილმა, გრიგოლ ჩხიკვაძემ და სხვებმა. მათი მუშაკობით 10 000-ზე მეტი საგალობელი გადარჩა. XX საუკუნეში კი, ქართველი ფოლკლორისტების მიერ მოხდა შესანიშნავი მასალის ჩაწერა არტემ ერქომაიშვილისა და სხვა ოსტატებისაგან. შემდგომ უკვე საჭირო იყო ყოველივე ამის გაცოცხლება, მსმენელამდე მიტანა. ეს მისია ერის წინაშე ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა და მისმა ანსამბლებმა, - „გორდელამ“ და „რუსთავმა“ იტვირთეს და როგორც ჩვენს ხალხში, ისე მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში დიდი ინტერესი და სიყვარული დაიმსახურეს. საგალობლების ღვთისმსახურებაში გამოყენებით კი ეს მისია გააგრძელა ეკლესიამ. მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ანჩისხატის, სიონის, სვეტიცხოვლის, წმ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდები, ქ-ნი ლია სალაყაია და სხვა ლოტბარნი, რომლებიც ქალაქებსა თუ სოფლებში ერთგულად ემსახურებოდნენ ამ საღვთო საქმეს. მაგრამ ჩვენს დროში ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება-პოპულარიზაციის პროცესმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა და საჭირო გახდა არქივებში დაცული სანოტო ჩანაწერების გამოცემა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა (ხელმძღვანელი გიორგი დონაძე), კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ხელშეწყობით 2014 წლიდან დაიწყო ქართული საგალობლების გაციფრება, 2016 წლიდან კი, - გალობის ანთოლოგიის გამოცემა. და, აი, დღეს თქვენს წინაშეა ამ ანთოლოგიის 29 ტომი, რომელიც 6000-ზე მეტ საგალობელს მოიცავს. მათი უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა და გახდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ეს არის უდიდესი შრომის შედეგი, რაც ძირითადად განხორციელდა წმ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდის ხელმძღვანელის, სვიმონ ჯანგულაშვილის და ჩვენი ცნობილი მგალობლის, ეთნომუსიკოლოგ ლევან ვეშაპიძის ხელმძღვანელობით, გამორჩეული მუსიკოლოგების, - ქ-ნ რუსუდან წურწუმიას, თამარ ჩხეიძის, ნინო რაზმაძის და მათი უცხოელი კოლეგების, - ბ-ნ ჯონ გრემისა და ერიკ ჰალვორსონის თანადგომით. მთელი ამ პროცესის გამორჩეული მონაწილეა, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, რომლის აღზრდილებიც საქართველოს მასშტაბით მოღვაწეობენ. დიდი მნიშვნელობის ფაქტია ისიც, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ბოლო 9 წლის მანძილზე ქვეყნის 32 მუნიციპალიტეტში დაარსდა სალოტბარო სკოლა, სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი უფასოდ სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობას. გამოცემული ტომეულები არამარტო გარანტიაა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა, არამედ, იგი ასევე დიდად შეუწყობს ხელს, როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ისე სალოტბარო სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული გალობის მრავალფეროვნებისა და სიღრმეების გაცნობასა და შესწავლას. მათ გარდა, ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი ხდება ყველა მუსიკოსის, მკვლევარისა თუ მოყვარულისათვის საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. და ბოლოს უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერისა და ფონდ „ქართული გალობის“ გარეშე დღევანდელი შედეგი ვერ მიიღწეოდა, ქართული გალობა ასე ვერ აღორძინდებოდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცულიც ვერ იქნებოდა. გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, რადგან ხელნაწერთა ნახევარზე მეტი დასაბეჭდია და ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენი. ამ ნოტებში მოცემულია ყველა დღესასწაულისა და საღვთისმსახურო განგების საგალობლები - 8 ხმის სისტების თუ სხვა ლიტურგიკული ტრადიციების თანახმად შექმნილი და სისტემატიზირებული ჰიმნები. საჭიროა მათი დაბრუნება ჩვენს ტაძრებში, რაც ქართული ღვთისმსახურების ოდინდელ დიდებულებას აღადგენს. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ქართული გალობის შექმნაში იღებდა მონაწილეობას და ისინიც, ვინც მის გადარჩენას, დაცვასა და გავრცელებას შეუწყვეს ხელი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესიის მგალობლები, ლოტბარები, დირიჟორები, გალობის მკვლევარნი და ამ საეკლესიო ხელოვნების გულშემატკივარნი.“ 14 მარტს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის 29 ტომეულის წარდგენა გაიმართა. წარდგენას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ. მიტროპოლიტმა შიომ დამსწრე საზოგადოებას ამ მოვლენასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო. პატრიარქის წერილში ხაზგასმულია, რომ საეკლესიო გალობა ჩვენი ერის იდენტობისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია და მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული. წერილში საუბარია იმაზე, თუ როგორ გადარჩა და დღემდე მოვიდა ქართული უნიკალური საგალობლები. ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ.  

ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი - პატრიარქი

საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს დალოცვა შენდობის დღეს: „როგორც ცნობილია, ორშაბათიდან იწყება დიდი და წმინდა მარხვა, რომელიც მოიცავს 40 დღესა და ვნების შვიდეულს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომამზადებელ შვიდ შვიდეულს წარმოადგენს. დღეს, კვირა საღამოს, ყველა ტაძარში ტარდება შენდობის მსახურება, რომელიც ყველას შეახსენებს სინანულის მაცხოვნებელ მნიშვნელობას. შემდეგ კი, სასულიერო პირებიც და მორწმუნენიც ერთმანეთს სთხოვენ პატიებას, რათა განწმენდილი სულიერი მდგომარეობით, - ურთიერთ მიმტევებლობით, სინანულითა და თავმდაბლობით შეუდგნენ ყველაზე მნიშვნელოვანი მარხვის პერიოდს. მეც ყველას გთხოვთ პატიებას ჩემს ცოდვათა გამო და, ჩემის მხრიდან, გაძლევთ შენდობას თქვენს შეცოდებათა გამო. გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი და აღსრულდეს მისი სიტყვები: ,,უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მთ.6:14-15). მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა მოგვანიჭოს მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ და მშვიდობით დაგვიცვას. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო!“  

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი - ილია II

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს. „მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული,“  ნათქვამია ილია მეორის მისალოც წერილში.  

ილია მეორე: 33 წლის წინ, საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება - გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს

„დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან 33 წლის წინ, 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმის (მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულის) საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება,“ - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პატრიარქის ილია მეორის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. „საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სწორედ ამ მოვლენებს ეყრდნობა, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. გილოცავთ ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს," - წერია პატრიარქის წერილში.  

პატრიარქი: სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში

სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მორწმუნეებს ხარების დღესასწაული მიულოცა. "გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში. როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით "გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ "გიხაროდენ,“ - ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი,” - ამბობს ილია მეორე.  

პატრიარქი: ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის

საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი.  „ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა!გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს! დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის. ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება. მინდა, შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: - ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ. შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს. ამ ლოცვის ტექსტი ასეთია: ,,კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე; კურთხეულია შენი დიდების სახელი, წმინდა, ქებული და განდიდებულია უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენ დიდების წმინდა ტაძარში; ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენ, უფსკრულთა მხილველი, ქერუბიმებზე მჯდომარე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენს სამეუფო ტახტზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ ცის მყარზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, ცანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! ადიდეთ, წყალნო ცის ზემოთ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მზეო და მთვარეო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცის ვარსკვლავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყოველო წვიმავ და ცვარ-ნამო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყოველნო ქარნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცეცხლო და სიცხევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყინვავ და ხვატო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცვარ-ნამო და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყინვავ და სიცივევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, თრთვილნო და თოვლნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, დღევ და ღამევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ნათელო და ბნელო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ელვავ და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხოს დედამიწამ უფალი, უგალობოს და განადიდოს იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მთანო და ბორცვნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, უფალი, ყოველნო მცენარენო დედამიწაზე, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ წყაროსთვალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ზღვანო და მდინარენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ უფალი, ვეშაპნო და წყალში მცურავნო, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცის ყოველნო ფრინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ოთხფეხნო და მიწის ყოველნო მხეცნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხე, ისრაელ, უფალი, უგალობე და განადიდე იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის მორჩილნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მართალთა სულნო და სამშვინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, წმინდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ უფალი, ანანია, აზარია და მისაელ, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე, რადგან მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან, მან გვიხსნა სიკვდილის ხელიდან, გამოგვტაცა გავარვარებული ღუმლის წიაღს, დაგვიხსნა შუაგულ ცეცხლიდან! აქეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! უფლის თაყვანისმცემელნო, აკურთხეთ ღმერთთა ღმერთი, უგალობეთ და აქეთ იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!” (დან. 3,52-90). ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა. ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!"  

საპატრიარქომ პატრიარქის გუშინდელი მიმართვა განმარტა

საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მრევლისადმი მიმართვა განმარტა. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „პატრიარქის მრევლისადმი მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის.“ „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამა წლის 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო," - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.  

ილია II: მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჩვენი კულტურული საგანძური უმნიშვნელოვანესი ხელნაწერით გაამდიდრა

იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი და პალიმფსესტი საქართველოს უბრუნდება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ს განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს. „დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა. ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ,“ წერია პატრიარქის ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. ამავე ცნობით, ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა. „კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!,” - წერს გრძელიშვილი. აუქციონზე ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე იყო წარმოდგენილი. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი და მისი ფასი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.  

გულითადად ვულოცავთ ნაკრებს, მწვრთნელებსა და სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ გამოსვლას - პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ულოცავს. პატრიარქის წერილს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას. ამ ფაქტმა, შეიძლება, ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ. გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი. ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები,” - ნათქვამია წერილში. საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით ჩამოვიდა. საღამოს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. 22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა.  

პატრიარქი: დადასტურდა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას

„დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას,“ - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. „დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!“ - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა